ჰელოუინი დასავლური დღესასწაულია, რომელიც „ყველა წმინდანის” დღის წინა საღამოს, ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება.
“ამერიკის ხმის” მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეოს მიხედვით, ტრადიცია ძველი კელტური საშემოდგომო ფესტივალიდან იღებს სათავეს. ადრე მიიჩნეოდა, რომ ეს წარმართული დღესასწაული იყო, თუმცა მოგვიანებით, ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, მისი შინაარსი შეიცვალა. ევროპაში, ქართული ჭიაკოკონობის მსგავსად, ამ დღეს ტრადიციულად კოცონს ანთებენ ავი სულების განსადევნად.
ამერიკაში ჰელოუინის აღსანიშნავად სხვადასხვა საშიშ კოსტიუმს ირგებენ, სახლებს რთავენ. საშიშ ფორმებში გამოწყობილი ბავშვები სახლებში ტკბილეულის შესაგროვებლად დადიან.
საქართველოში ჰელოუინი მხოლოდ ვიწრო წრეებში, კაფეებში, კოსტიუმირებული წვეულებებით აღინიშნება.
თამუნა ავალიანმა საპატიმროში 6 წელი და 4 თვე გაატარა. 31 წლისაა. 23 წლის იყო, 21 წელი რომ მიუსაჯეს, თავიდან მხოლოდ ექვსი წელი, მაგრამ 2009 წლის ქალთა ციხის ამბოხის დროს 15 წელი დაუმატეს. ის 4 წლის წინ, მამის დაკრძალვის დღეს გაათავისუფლეს ამნისტიით. დაბადებიდან დეიდა ზრდის, ორი პატარა დისშვილი დახვდა გათავისუფლებულს, რომლებმაც სიძნელეები გადაატანინეს.
დასთან ერთად მამაკაცის ჯინსების ბიზნესი აქვს. ციხიდან რომ გამოვიდა, შესაბამის საწარმოებთან თანამშრომლობდა. როცა საქმიანი ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმების დრო დადგა, საბუთები მოსთხოვეს, ნასამართლეობის ცნობამ ეს ურთიერთობა ჩაშალა. პოტენციურმა პარტნიორმა მისგან თავი შორს დაიჭირა. ზრდილობიანად უთხრეს, რომ დაურეკავდნენ, თუმცა აღარავინ გამოჩენილა და თამუნაც მიხვდა – ყოფილი პატიმრის სტატუსი იყო მიზეზი, რამაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველი მარცხი აგემა. თავიდან ძალიან დაითრგუნა, მაგრამ მერე ძალა მოიკრიბა და დაიწყო ფიქრი, როგორ გამკლავებოდა ყველაფერს დამოუკიდებლად.
„ნასამართლობა ცხოვრების თავიდან დაწყებაში ხელს არ უნდა გიშლიდეს. რასაც ციხეში გადის ადამიანი, გათავისუფლების შემდეგ თუ მზად არის პატიოსნად იშრომოს, მხარდაჭერას თუ ვერ ახერხებს სახელმწიფო, ხელს მაინც არ უნდა უშლიდეს. უნდობლობა ყოფილი პატიმრების მიმართ პრობლემაა, როგორც საჯარო სამსახურებში, ასევე კერძო სექტორში.
არ ვიცი, რას შევადარო ახალგათავისუფლებულის შეგრძნებები: ალბათ ასე უმწეოდ გრძნობს თავს ჩვილი, როცა იბადება და არ იცის რა ქნას, რა თქვას, როგორ იმოძრაოს, სად წაიღოს ხელი-ფეხი. რატომღაც ეშინიათ ყოფილი პატიმრების, მაგრამ ახალგათავისუფლებულებს ორჯერ უფრო ეშინიათ გარეთ დამხვდურების. ძალიან გეხმარება ასეთ დროს გონიერი ადამიანის შეგონება: თუ დღეს ვარსებობ, ვმუშაობ და რამის ხალისი მაქვს, ეს ჩემი სოციალური მუშაკების, ინგა იმედაძისა და თამარ ჯოჯუას დამსახურებაა, ამ ორი ადამიანის გარეშე ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია. მათთვის ჩვეულებრივი ადამიანი, მეგობარი ვარ და პატივისცემას, მხარდაჭერას ვგრძნობ. ციხემ ისე გამაცივა, იშვიათად ვარქმევ ვინმეს მეგობარს. ორი საყრდენი მაქვს ცხოვრებაში, ოჯახი, სადაც შემიძლია პრობლემებზე თავისუფლად ვილაპარაკო და ეს ორი ადამიანი, რომლებიც ჩემს სატკივარსა და სირთულეებს საკუთარივით იზიარებენ,’’ – ამბობს თამუნა.
ყოფილი პატიმარი შიშებზე საუბრობს:
,,ციხეში ერთი ან რამდენიმე წელი კი არა, ერთი დღეც რომ გაატარო, ჩაკეტილ გარემოში მყოფ ადამიანებთან ურთიერთობა მაშინვე მოქმედებს ფსიქიკაზე. ციხეში ძალიან ახლობელი ადამიანის ღალატით აღმოვჩნდი, ვერ წარმოვიდგენდი, ისეთი რაღაც გამიკეთა. უახლოესი ადამიანების მიმართაც კი ნდობა მქონდა დაკარგული და ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი. ძალიან რთულია ამ უნდობლობის ჯადოსნური წრიდან თავის დაღწევა. ქუთაისი პატარა ქალაქია და ციხიდან გამოსულ ქალს ისე გიყურებენ, თითქოს საოცრება ნახეს. ქუთაისში ყველამ ყველაფერი იცის სხვებზე და როცა ახალგათავისუფლებული ვიყავი, ყოფილა შემთხვევები, ქუჩაში ისეთი თვალებით შემოუხედავთ, მიტირია. თუმცა მას შემდეგ გავძლიერდი და ახლა ვიცი, რომ მე მე ვარ, არავის შემოხედვა არ მაღელვებს და ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემია.
სანამ ბიზნესს დავიწყებდით, ერთ-ერთ დაწესებულებაში ვმუშაობდი, სადაც არ მითქვამს ნასამართლობის შესახებ. არ ვმალავ ამას, მაგრამ სრულიად უცხო გარემო იყო ჩემთვის და არ ჩავთვალე საჭიროდ ყველასთვის ყველაფერი ამეხსნა. მეგონა, არავინ მიცნობდა… მოულოდნელად მოვიდა ერთ-ერთი უფროსი, თავზე დამადგა და ირონიულად მითხრა ,,ვახ, შენ სტროგაჩი ხარ, არა?’’ დავიბენი, ვერ მივხვდი საიდან გაიგო ყოფილი პატიმარი რომ ვიყავი… ყოველთვის შთავაგონებ თავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად გაატარე წლები და რა გამოიარე, მთავარია, ახლა ვინ ხარ, სად ხარ. წარსული ტვირთად და კომპლექსად არ უნდა გექცეს. ციხე დამნაშავეებისთვისაა, მაგრამ იქ ძალიან ბევრი უდანაშაულოცაა. შეუძლებელია ადამიანმა გამოსცადოს ჯოჯოხეთი და ეს იყოს ციხეზე უარესი. ჩემს დროს ენით აღუწერელი განუკითხაობა იყო. იქ გატარებული ერთი საათიც კი ჯოჯოხეთზე მეტია. 2007 წელს დამაკავეს, 2008 წლის მარტში აღმოვჩნდი თბილისში, მატროსოვზე. ღამის თერთმეტზე, თორმეტზეც შეგეძლო ეზოში გასვლა და მშვიდად განმარტოება, იყო სამლოცველო, აუზი. მაგრამ 2009 წლის აპრილში ქალთა ამბოხის დროს გადაგვიყვანეს მამაკაცების ციხეში – რუსთავის პირველ საპყრობილეში. მერე სოფელ მთისძირში აშენდა ციხე და იქ გაგვგზავნეს. ვიყავით 2000 ქალი და გვქონდა მხოლოდ სამი შხაპი, როგორც არ უნდა მოგენდომებინა, მოწესრიგებას ვერ მოახერხებდი. გარდა ამისა, მრავლად იყვნენ ციხეში შიდსით, ტუბერკულოზითა და სიფილისით დაავადებულები. ჯანმრთელ ადამიანსაც იმავე შხაპით უნდა ესარგებლა, რითაც დაავადებულებს. ექვს თვეში ერთხელ გვირიგდებოდა საპონი, რომელიც წყალთან შეხებისთანავე იფშვნებოდა. ყველა ჩვენგანი იდგა საფრთხის წინაშე, დაავადებების უზარმაზარი თაიგულით გამოსულიყო ციხიდან. სახელებსა და გვარებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრი ქალი უამრავი დაავადებით გათავისუფლდა,’’ – იხსენებს ყოფილი პატიმარი.
თამუნას აზრით, არ ღირს წარსულზე ჩაბღაუჭება და ამ სიმძიმით ცხოვრება. უნდა შეძლო არავის შეედარო და მიხვდე, რომ არც არავისზე ცუდია და არც არავისზე კარგი ხარ.
ფიქრობს, რომ თუ ძალიან მოინდომებ, დაინახავ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ცხოვრებისეულ მოვლენებს შორის – ციხე, რომელიც ჯოჯოხეთია, შეიძლება იქცეს ადამიანის გააქტიურების მიზეზადაც კი – ერთი-ორად დაგანახოს დროის ფასი და მნიშვნელობა.
„არავის ვუსურვებ იქ მოხვედრას, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგიას უკეთ ვერსად ისწავლი და გსურს თუ არა იურიდიულ საკითხებშიც ერკვევი, კანონებს სწავლობ.
2009 წლის ბუნტის დროს ყველას გვყავდა ადვოკატი. თავიდან ისინი გვიწევდნენ კონსულტაციებს, მაგრამ მერე აღარ გვჭირდებოდა მათი დახმარება, ყველაფერში თავად ვერკვეოდით.
დღემდე მაქვს ციხის ბუნტის დროს მოყენებული შრამები… კილო-ნახევარს იწონის ჩემი განაჩენი. 58 სასამართლო პროცესი ჩატარდა, ამაზე ლაპარაკი არ მინდა… მშვიდი ცხოვრება მინდა, არავის რომ არ ვაწუხებდე, ისეთი, მინდა ადამიანებზე ვიზრუნო, რომლებმაც ტკივილები გადამატანინეს.
იყო პერიოდი, როცა საკუთარ თავზე ვერ ვამბობდი ადამიანი ვარ- მეთქი, დაბალი თვითშეფასება მქონდა და არ მეგონა, რამეს თუ ვიმსახურებდი. ოთხი წელი გავიდა, რაც გავთავისუფლდი და ახლა ვიცი, რომ ისეთივე უფლებები მაქვს, როგორც ყველას და ვცხოვრობ ისე, როგორც მომწონს’’.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და პირობით ყიდის. სამინისტრომ აუქციონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაყიდვაზე მეხუთედ გამოაცხადა. ბოლო მცდელობისას სამინისტრო ძეგლს 15 მილიონ ლარად და პირობით ყიდდა, ამჯერად კი ძეგლის საწყისი ფასი 9 მილიონი ლარია.
აუქციონის პირობების მიხედვით, იყიდება ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე #25-სა და გამსახურდიას #12-ში მდებარე 2380, 7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა და დამხმარე ნაგებობები, ჯამში 2 623, 4 კვ.მ. ვაჭრობის ბიჯი 200000 ლარია.
აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 2018 წლის 3 იანვრიდან 31 დეკემბრამდე უნდა დაფაროს. არაუმეტეს ხუთი თვის ვადაში კი, ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გააფორმოს ხელშეკრულება.
მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში ევალება ასევე სამინისტროს წარუდგინოს საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება. საათი ბათუმის მერიის საკუთრებაა.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, მყიდველმა 24 თვის ვადაში ამ შენობაში არანაკლებ ოცნომრიანი სასტუმრო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა გახსნას და არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს;
გარდა ამისა, მყიდველს დაევალება 30 მოქალაქის დასაქმება სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში. დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
ტრანსგენდერი ქალი ეკატერინე გოცაძე ამბობს, რომ გუშინ ღამით რუსთაველის ქუჩაზე პოლიციელმა ხელი დაარტყა, რამდენიმე დღის წინ კი, მეგობარი მამაკაცის ცოლი სახლში შეუვარდა და სცემა.
„გუშინ ჰელოუინზე ვიყავი კლუბში, რუსთაველის ქუჩაზე. სასმელმა ცუდად გამხადა და სასწრაფო გამოვიძახე. ექიმმა ლანძღვა დამიწყო, ფუ, ეს პიდარასტიო და რაღაცას იძახდა, უარესაც გავხდი. იმ ექიმს შევაფურთხე, ექიმი ხარ, არ გრცხვენია-მეთქი? იმან ეგრევე პოლიცია გამოიძახა. პოლიციელმა მითხრა, რასაც იმსახურებ, ის გითხრესო, იმანაც ლანძღვა დამიწყო. აი, ამ ქვას ავიღებ და ჩაგარტყამ-მეთქი. მოვიდა და ხელი რამდენჯერმე დამარტყა. მისი ვინაობა არ ვიცოდი, მაგრამ პოლიციაში წავედი საჩივრის დასაწერად. რუსთაველის ქუჩაზე რომ პოლიციის განყოფილებაა, იქ მივედი, მაგრამ არ შემიშვეს, ჩვენ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრებს არ ვიღებთო, დამცინოდნენ… მერე გენერალურ ინსპექციაში დავრეკე“, – გვიყვება ეკატერინე გოცაძე.
ტრანსგენდერი ქალის ამბავს უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელ ინციდენტზე პოლიციაში ინფორმაცია არ შესულა. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეკატერინე გოცაძის ცემის ფაქტზე გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს. ტრანსგენდერი ქალი გვიყვება, რომ იგი მეგობარი მამაკაცის ცოლმა სცემა და დანით დაჭრა რამდენიმე დღის წინ.
ეკატერინე გოცაძე: „მეგობარი მამაკაცის ცოლი ბინაში შემომივარდა, ამ დროს მისი ქმარი ჩემთან არ იყო. მაგინებდა, მცემდა და პურის საჭრელი დანა ჩამომისვა რამდენჯერმე ხელზე. მერე პოლიციას თვითონ გამოუძახა, ეს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა და მიხედეთ, ოჯახს მინგრევსო. გამომძიებელმა განყოფილებაში დამკითხა, ექსპერტიზაც ჩამიტარეს. მსუბუქი ნაკაწრები აღმოჩნდა, მძიმედ დაჭრილი არ ვყოფილვარ. გამომძიებელმა მითხრა, იმ ქალს დავაჯარიმებთო. მერე რა ქნეს, აღარ ვიცი…“
ცესკოს ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი დაიხარჯა. ცესკოს ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე 9 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიხარჯა.
„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ხდება გამოუყენებელი ან გამოუსადეგარი მასალების მართვა არჩევნების შემდეგ, ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე ამბობს, რომ კონვერტები სადაც ბიულეტენები დევს, ხმების დათვლის შემდეგ, ნაგავში იყრება.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ მორჩენილი ქაღალდის დოკუმენტები ოლქებში ერთი წლის განმავლობაში ინახება, შემდეგ კი ნადგურდება.
„რაც შეეხება განადგურებას, შესაძლებელია ეს ქაღალდები ჩაბარდეს მაკულატურაში, თუმცა ასი პროცენტით ამ ქაღალდების ჩაბარება მაკულატურის მიმღებ პუნქტებში ვერ მოხერხდება, რადგან ამდენი პუნქტი ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ, ამ შემთხვევაში შეიძლება დაიწვას“ – გვეუბნება ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე.
„ბათუმელების“ კითხვაზე, აბარებს თუ არა ცესკო მორჩენილ ქაღალდის მასალებს მაკულატურაში, ანა მიქელაძე ამბობს, რომ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. „მე როგორც ვიცი, როცა ქაღალდები გვიგროვდება ბარდება თბილისში არსებულ მაკულატურის მიმღებ პუნქტებში და როგორც ვიცი ცესკო მაკულატურის საფასურს არ იღებს“ – გვეუბნება ის.
კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა რუხაია ამბობს, რომ სასურველია ქაღალდის ნარჩენების გადამუშავება მოხდეს და არა მისი გადაყრა ან დაწვა.
„ნაგვის ურნებში ქაღალდის ნარჩენების ჩაყრას, კანონმდებლობა არ კრძალავს მაგრამ, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, უმჯობესია ნარჩენები მიდიოდეს გადასამუშავებლად და არა ნაგავსაყრელზე.
რაც შეეხება დაწვას, ნებისმიერი ღია ტიპის წვა არის აკრძალული. ბათუმშიც არის მაკულატურის ჩაბარების საშუალება და თბილისშიც, ამიტომ უმჯობესია საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შემდეგ ეს პუნქტები გამოიყენონ“ – ამბობს კახა რუხაია.
საქართველოში სხვადასხვა დონის არჩევნები ყოველ 3-4 წელიწადში ტარდება. ერთი არჩევნებისთვის კი მილიონამდე ლარის ქაღალდის მასალის შესყიდვა ხდება სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სახელმწიფო ნარჩენების მართვის ეფექტურ პრაქტიკას არჩევნების შემდეგ არ მიმართავს.
მაჰირ ბალაქიშიევი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგია. იგი ჰოსპიტალში გახსნის დღიდან მუშაობს და ამჟამად კარდიოქირურგიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. IUHB-ი წელიწადნახევრის წინ გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში კარდიოქირურგებმა 500 ოპერაცია გააკეთეს გულზე.
ბატონო მაჰირ, როგორ არის დაკომპლექტებული კარდიოქირურგთა გუნდი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში?
ჰოსპიტლის დირექტორის, ისმეთ დინდარ-მიქელაძის დიდი ხნის ოცნება იყო ბათუმში უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტლის ამოქმედება, რომელიც სამედიცინო მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დანერგვაზე იქნებოდა ორიენტირებული.
ჰოსპიტალი წელიწადნახევარზე მეტია რაც გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ასობით პაციენტს გავუწიეთ დახმარება.
ჩვენ თურქეთის წამყვანი სამედიცინო ცენტრების პარტნიორები ვართ. ეს თანამშრომლობა კი, გვეხმარება დროულად დაინერგოს ნოვაციები, მკურნალობის ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. კარდიოქირურგთა გუნდი ქართველი და უცხოელი მედიკოსებითაა დაკომპლექტებული. მიმართულებას ამჟამად მე ვხელმძღვანელობ. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჰოსპიტლის კარდიორეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის სამსახური. ახალგაზრდა ექიმებმა: გიორგი არჯევანიძემ და შალვა ბაშარულმა აშშ-ისა და ისრაელის ცნობილ კლინიკებში გაიარეს სტაჟირება. დღეს ისინი ჩვენ გვერდით წარმატებულად მუშაობენ.
კვირაში საშუალოდ რამდენი კარდიოქირურგიული ოპერაცია ტარდება ჰოსპიტალში? ასევე, დაარსებიდან დღემდე საშუალოდ რამდენი კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩატარდა ჰოსპიტალში და როგორია შედეგები?
500 ოპერაცია ღია გულზე – ასეთია გახსნიდან დღემდე კარდიოქირურგიული მიმართულების საქმიანობის სტატისტიკა. ამ ყველაფრის უკან საოპერაციო მაგიდასთან გატარებული უმძიმესი საათები და ასობით გადარჩენილი სიცოცხლეა.
აღსანიშნავია, რომ IUHB-ის გახსნამდე რეგიონში ურგენტულ რეჟიმში კარდიოქირურგიული ოპერაციები არ ტარდებოდა. პაციენტების უმრავლესობა დედაქალაქში ან უცხოეთში მიემგზავრებოდა შესაბამისი სერვისისათვის. ამჟამად ჰოსპიტლის კარდიოქირურგიული გუნდი დღე-ღამის ნებისმიერ დროს მზადაა, პაციენტს კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაუტაროს.
ჩაგიტარებიათ თუ არა განსაკუთრებით რთული ოპერაციები?
ერთი წლის განმავლობაში არაერთი უნიკალური ოპერაცია გავაკეთეთ, პირველად აჭარაში სწორედ ჩვენ გავაკეთეთ TEVAR-ი (Thoracic Endovascular Aortic Repair). გულის დაღმავალი აორტის განშრევების მქონე პაციენტს სტენტ-გრაფტი ქირურგიული კვეთის გარეშე ჩავუდგით. უნიკალური და ურთულესი ოპერაცია ბათუმში მშენებლობის დროს დაშავებულ მამაკაცს ჩაუტარდა. ის მშენებარე სახლიდან ჩამოვარდა, სამშენებლო ბლოკებში მოექცა და მრავლობითი ტრავმა მიიღო, მათ შორის ყველაზე რთული გულის დაღმავალი აორტის განშრევება იყო – სახეზე გვქონდა სისხლდენა და ნებისმიერ დროს დაღუპვის დიდი რისკი არსებობდა. დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ ოთხი ანალოგიური ოპერაცია გავაკეთეთ.
10 პროცენტი ჩვენ მიერ ჩატარებული ოპერაციებისა იმ პაციენტებზე მოდის, რომლებიც მდგომარეობის სირთულისა და მაღალი რისკის გამო სხვა კლინიკებში არაოპერაბერულად მიიჩნიეს. დახმარება მათ ჩვენმა გუნდმა აღმოუჩინა.
ჩვენს პრაქტიკაში ხშირია აორტის დისექციის ოპერაციები. აორტის განშრევება, სიკვდილიანობის გამო, მსოფლიო მასშტაბის პრობლემადაა მიჩნეული. პაციენტი ტრანსპორტირებისას ნებისმიერ დროს შეიძლება დაიღუპოს. ამ დროს ყოველი წუთი გადამწყვეტია და მხოლოდ დროულ ოპერაციულ ჩარევას შეუძლია მისი გადარჩენა. ჩვენ ურგენტულ რეჟიმში 10-ზე მეტი ასეთი ოპერაცია ჩავატარეთ წარმატებით.
ის, რაც აქამდე გაკეთდა, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ახალი სერვისების, ტექნოლოგიებისა და სხვა სიახლეების დანერგვით გვსურს, რაც შეიძლება მეტმა პაციენტმა მიიღოს თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო მომსახურება.
მთავარ ფოტოზე: ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგთა გუნდი
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ამავე სასწავლებლის სტუდენტის მხრიდან ადევნებასა და ძალადობაზე საუბრობს. ნინო [სტატიაში სახელები შეცვლილია] გვიყვება, რომ სტუდენტი ბიჭი დაახლოებით 7 თვეა უთვალთვალებს, ხშირად გზაში ხვდება და სიყვარულს სთხოვს.
ნინო ამბობს, რომ გივიმ რამდენჯერმე ქუჩაში სიტყვიერად შეურაცხყო და ხელიც დაარტყა. ნინომ პოლიციას უკვე მიმართა, მაგრამ ამით, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. „საქართველოში ზერელედ უყურებენ გარკვეულ საკითხებს,“ – ასეთი განცდა დაუტოვა მას არა მხოლოდ პოლიციის ქმედებამ, არამედ რეაქციებმა, რასაც ოჯახსა და უნივერსიტეტში ამ პრობლემის მიმართ დამოკიდებულებაში ხედავს.
„ერთხელ ქუჩაში დამხვდა და სახალხოდ ჩხუბი დამიწყო. მითხრა, როგორც მე მიყვარხარ, შენც ისე უნდა შემიყვაროო. მეტს არაფერს ითხოვს ჩემგან, გამუდმებით ამას იმეორებს. ორჯერ ქუჩაში ფიზიკურადაც იძალადა, ხელი დამარტყა…“ – გვიყვება ნინო.
ნინოს და გივის ერთმანეთი დაახლოებით ერთი წლის წინ გაუცნიათ. მეგობრობა აპრილში დასრულდა, როცა გივიმ გოგოს უთხრა, რომ უყვარს. „ამის შემდეგ მითვალთვალებს ქუჩაში, უნივერსიტეტში, გზაში. იცის, სად შევდივარ, გამოვდივარ. ეს ყველაფერი ძალიან შემაწუხებელია… ადევნების შესახებ უნივერსიტეტში უკვე ყველამ გაიგო, მაგრამ ადმინისტრაცია ამაში არ ჩარეულა. როგორც ჩანს, ყველა თვლის, რომ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა. ქუჩაში როცა მეჩხუბებოდა და ხელი დამარტყა, ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი დადიოდა, უბრალოდ, ინტერესით შემოგვხედეს და წავიდნენ. ჩემი მეგობარი შეესწრო ქუჩაში ჩვენს კონფლიქტს და დაურეკა პოლიციას. ეს ორი კვირის წინ მოხდა. მანამდეც მივმართე პოლიციას, მაგრამ არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ. ის ბიჭი ახლა ფეისბუქში მწერს, პოლიციიდან საქმე გამოიტანეო, თვალთვალი გრძელდება, თავს დაცულად არ ვგრძნობ, როდის დამესხმება თავს, არ ვიცი,“ – გვიყვება ნინო.
რა რეაქცია ჰქონდათ ადევნებაზე ნინოს მშობლებს და უნივერისტეტის ლექტორებს? – ნინოს თქმით, მშობლებს არ ჩაუთვლიათ საჭიროდ პოლიციისთვის მიემართათ: „უბრალოდ თავი დაანებე, შეეშვი, პოლიცია არ გინდაო, ეს მითხრეს მშობლებმა, ორივე უნივერსიტეტში მუშაობს. იგივე პოზიცია აქვთ ლექტორებს. მეუბნებიან, რომ არ უნდა მივაქციო ყურადღება და თავი ავარიდო, რანაირად – ამას ვერ მეუბნებიან. ეს ჩვეულებრივი ამბავია კურსელებისთვისაც.“
რა გააკეთა პოლიციამ მიმართვის შემდეგ – ნინოს ისტორია გამომძიებლებმა უკვე ორჯერ მოისმინეს. პირველად, როცა ნინო საკუთარი ფეხით მისულა პოლიციის მეორე განყოფილებაში. მეორედ ნინო მეექვსე განყოფილებაში გამოკითხეს, როცა მისი მეგობარი ქუჩაში ჩხუბს შეესწრო და პოლიციას დაურეკა.
„მოუსმინეს მოწმეებს. ის ბიჭიც დაკითხეს. გამომძიებელმა მითხრა, ყველაფერი დაადასტურაო. ხელწერილი დაუწერია და წასულა. მეტი ინფორმაცია არ მაქვს, რა გააკეთა პოლიციამ. ფაქტია, რომ ხელწერილმა არაფერი შეცვალა,“ – დასძენს ნინო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის და ადევნების მუხლებით. ადევნება სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის მაისში გაჩნდა და ნიშნავს უკანონო თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, ან სხვა განზრახ ქმედებას, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას.
„ქმედება „ადევნებად“ რომ შეფასდეს, ამისთვის აუცილებელია „ადევნების“ გამო მსხვერპლი იძულებული გახდეს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი, ან შეიქმნას ცხოვრების წესის შეცვლის რეალური საჭიროება,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობაზე ოპერატიული რეაგირებისთვის შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი, ან დამცავი ორდერი.
„შემაკავებელი და დამცავი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რისთვისაც სანქციის სახით გათვალიწინებულია ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღემდე ვადით, ან გამასწორებელ სამუშაოები ერთ თვემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში, იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია, ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180-დან 240 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.
თუკი გივის ადევნება დადასტურდება, სწორედ ეს სანქცია ემუქრება. ადევნება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც – 2 წლამდე ვადით.
ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ერთ-ერთი ოფისის ეზოში, რამდენიმე ათეული წელია კვარცხლბეკზე დგას ჟანგმოდებული ორთქმავალი, რომელიც, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნეშია აშენებული. „სადგურ ბათუმის“ თანამშრომელი ამბობს, რომ ორთქლმავალი სადგურისთვის ერთ-ერთ იუბილეზე საჩუქრად გადაუციათ, როგორც ისტორიის ნაწილი, მაგრამ არც მას და არც სხვებს არ ახსოვთ, მერამდენე იუბილეზე მიიღო „სადგურმა ბათუმმა“ ეს საჩუქარი.
ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ძველი ორთქმავლის ბედით შეწუხებულია ბათუმელი გულნარა კაკაბაძე. ის ფიქრობს, რომ ამ ორთქმავლის „გადარჩენა“ მისი ვალდებულებაც არის. სწრედ ამიტომ მიმართა სხვადასხვა უწყებას მიექციათ მისთვის ყურადღება, თუნდაც ტურისტული მიზნებიდან გამომდინარე.
„ბათომის“ ხელმძღვანელის, ნინო ინაიშვილის თქმით კი, ეს არის გერმანული წარმოების ორთქლმავალი, რომლითაც დაახლოებით 15 წლის წინ ერთ-ერთი გერმანელი სპეციალისტი იყო დაინტერესებული და სწორედ ამ მიზნით ბათუმშიც იმყოფებოდა. ნინოსთვის უცნობია, რას იკვლევდა გერმანელი სპეციალისტი. ის ფიქრობს, რომ ორთქლმავალი ექსპონატია, რომელსაც უნდა მოვუაროთ.
მაგრამ ორთქლმავალს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ისტორიის ნაწილი, ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ არავინ უვლის, მისი დიდი ნაწილი დაჟანგულია და ირგვლივ ბალახია ამოსული.
მსგავს ექსპონატებს, როგორც წესი, ევროპის ბევრ ქვეყანაში ან ტურისტულ ქალაქში კარგად უვლიან. მაგალითად, მადრიდის რკინიგზის მუზეუმს ყოველწლიურად თითქმის იმდენივე ვიზიტორი ჰყავს, რამდენიც სხვა ტურისტულ სანახაობებს ესპანეთში.
მადრიდში რკინიგზის მუზეუმში დამთვალიერებლებს შემეცნებით აქტივობას სთავაზობენ. წელიწადში ორჯერ კი აწყობენ დროში მოგზაურობას ვინტაჟური მატარებლით. ამ მუზეუმს აქვს ბიბლიოთეკა, საგამოფენო დარბაზები, კაფე და იმდენად ბევრი სანახაობის შემოთავაზება შეუძლია, რომ ხშირად იქ ტურისტები მთელ დღეს ატარებენ.
მადრიდის რკინიგზის მუზეუმი. ფოტო: მუზეუმის ვებგვერდიდან
უცნობია რას უპირებს ორთქმავალს „სადგური ბათუმი“. თანამშრომლებს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ. მათ არ აქვთ პასუხი კითხვებზე, რატომ არ უვლიან ექსპონატს.
საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, „რკინიგზის სადგური“ თბილისში, ვანის ქუჩაზე რკინიგზის მუზეუმის აშენებას გეგმავს, სადაც რკინიგზასთან დაკავშირებულ ნივთებს შეაგროვებენ, სამუზეუმო ექსპონატად შეიძლება იქცეს ბათუმში განთავსებული ორთქლმავალიც.“
დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, რკინიგზის სადგურმა შენობის პროექტის მოსამზადებლად კონკურსი უკვე გამოაცხადა, თუმცა ამ კონკურსის შესახებ „რკინიგზის სადგურის“ ვებგვერდზე ვერ ვიპოვეთ.
საქართველოს რკინიგზის ჩანაწერების მიხედვით, პირველი ორთქლმავალი ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე მოძრაობდა. ეს მონაკვეთი 1902 წელს გაუხსნიათ ბორჯომ-ხარაგაულის უბანზე. ხაზზე დიდი ხნის მანძილზე მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი. ამ სადგურს მეტსახელად „კუკუშკა“ დღემდე შემორჩენია.
ძველი ჭაღი სადგურ ბათუმის შენობაში. ეს ჭაღი აქ ბათუმის რკინიგზის სადგურის ძველი შენობიდან გადაუტანიათ [ახლა „თი ბი სი“ ბანკი].
ახალგაზრდები უნივერსიტეტებში ჩაბარებას იმ შემთხვევაშიც შეძლებენ, თუ მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სწავლას გააგრძელებენ პროფესიულ სასწავლებელში. ეს მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ახალ კანონპროექტს პარლამენტიც დაამტკიცებს. დღეს არსებული კანონით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება მე-12 კლასის დასრულების გარეშე შეუძლებელია.
გია 26 წლისაა, ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა კვების ტექნოლოგიების მიმართულებით. თბილისში სტუდენტი შვილის შენახვა სოფელში მცხოვრები გიას ოჯახისთვის მძიმე ტვირთი იყო. ამას დაემატა ისიც, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან თავის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვერ იშოვა. ბევრი მცდელობის შემდეგ გზების სამშენებლო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, სადაც თავისი უმაღლესი განათლება არაფერში გამოადგა, ფიზიკურად შრომობს და გასამრჯელოს ყოველდღიურად იღებს – თვეში, საშუალოდ, 400 ლარს.
გიას თბილისში სწავლა და ცხოვრება მის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში ათი ათას ლარზე მეტი დაუჯდა. განსხვავებული არჩევანი გააკეთა გიას ძმამ. თემომ საშუალო სკოლა მხოლოდ იმიტომ დაასრულა, რომ ოჯახს არ უნდოდა „სახლში უსაქმოდ მჯდარიყო“. სკოლის დასრულების შემდეგ კი, სწავლა მრავალპროფილურ კოლეჯში მზარეულის პროგრამაზე გააგრძელა. თემო ერთი წლის შემდეგ, პრაქტიკიდან რამდენიმე დღეში, დასაქმდა კიდეც. მისი ხელფასი თვეში 600 ლარია, მომატების პერსპექტივით.
პროფესიული კოლეჯის სტუდენტები. ფოტო: მანანა ქველიაშვილი
გია არ არის ერთადერთი, ვინც დიდი დრო და ფინანსები დახარჯა უსარგებლოდ. ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ბერიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილე 1 341 პირიდან თავისი სპეციალობით მხოლოდ 43 პროცენტი მუშაობს, მომიჯნავე სპეციალობით – 15.4 პროცენტი, თითქმის ამდენივე – 15.7 – სრულიად განსხვავებულ პოზიციაზეა დასაქმებული. 25.9 პროცენტი კი საერთოდაც უმუშევარია.
კვლევის ავტორი ამბობს, რომ კვლევის კომპონენტი არ ითვალისწინებდა იმის დადგენას, 15.7 პროცენტი მომსახურების სფეროშია დასაქმებული, თუ ისეთ სფეროში, რომელსაც უმაღლესი განათლება სჭირდება.
„ეს არის ცალკე კვლევის თემა. თუკი აღმოჩნდება, რომ ამ პოზიციებზე დასაქმებისთვის პროფესიული განათლება საკმარისი იყო, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა გაცილებით მეტი დრო და თანხა დახარჯეს, ვიდრე მათ დასაქმებას სჭირდებოდა“.
ანზორ ბერიძის თქმით, ქვეყანა დიპლომისკენ სწრაფვის საბჭოთა მიდგომებიდან თანამედროვე რეალობაზე რომ გადაერთოს, მენტალური ცვლილებები აუცილებელია. „მენტალური ცვლილებები კი უნდა დაიწყოს დამსაქმებელშიც, რომელიც ყველა პოზიციაზე უმაღლესის დიპლომს ითხოვს და არა კვალიფიციურ სპეციალისტს“, – ამბობს ანზორ ბერიძე.
გარდა მენტალური პრობლემებისა, არსებობს სამართლებრივი ბარიერებიც, მაგალითად, არც საჯარო სამსახურის შესახებ კანონი აძლევს პროფესიული განათლების მქონეს საჯარო სამსახურში დასაქმების საშუალებას. ანზორ ბერიძის აზრით, ეს კანონი გადასახედია:
„ჩვენ გვყავდა ძალიან კარგი ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტი, რომელსაც პროფესიული განათლება ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ სამინისტროში მისი აყვანის სურვილიც არსებობდა, კონკურსში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან უმაღლეს განათლებას ითხოვდნენ. ამ პოზიციას უმაღლესი განათლება არ სჭირდება. აი, ეს არის პრობლემა“.
ანზორ ბერიძე მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულებაც პროფესიული განათლების მიმართ: „ეს უნდა დავიწყოთ ჩვენი ოჯახებიდან. რადგან ჩვენ პროფესიულ განათლებას ვურჩევთ სხვებს, მაგრამ არა საკუთარ შვილებს“.
გელა ლომიაშვილი, რომელიც პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის საკითხებზე მუშაობს, ეთანხმება ანზორ ბერიძეს და ამბობს, რომ ახალგაზრდებს შორის პროფესიული სწავლების არაპოპულარობას ამ საკითხისადმი მშობლების საბჭოთა დამოკიდებულება განაპირობებს. „მაგრამ, როცა ჩვენ მათ ვაცნობთ პროგრამებს და ვუხსნით პროფესიული განათლების მნიშვნელობას, რადიკალურად იცვლება მათი განწყობები. გვეუბნებიან – „ჩვენ არ ვიცოდით ამის შესახებ“. სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს პროფესიული პროგრამების პოპულარიზაციისთვის, ერთი ვიდეორგოლის გადაღება არ არის საკმარისი.“
გელა ლომიაშვილის აზრითაც, ყველაზე დიდი პრობლემა, რამაც მოზარდები პროფესიულ განათლებას დააშორა, არის კანონმდებლობა: „ის, რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეს უმაღლესში სწავლის გაგრძელება არ შეეძლო, იყო მნიშვნელოვანი ჩიხი“.
დაგვიანებით, მაგრამ ამ ბარიერის მოხსნის აუცილებლობა დაინახა სახელმწიფომაც – უკვე მზად არის კანონპროექტი, რომლითაც პროფესიული განათლების პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. „დღემდე ცხრაკლასდამთავრებული ვერ აგრძელებდა სწავლას უმაღლესში, ანუ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპი არ იყო დაცული. რეფორმით ეს ხარვეზი აღმოიფხვრება. კოლეჯებში მოსწავლეები პროფესიულთან ინტეგრირებულ საშუალო განათლების პროგრამებს ისწავლიან და ატესტატთან გათანაბრებულ დოკუმენტს მიიღებენ“, – ამბობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინა წეროძე.
ფოტო: მანანა ქველიაშვილის
შესაბამისად, თუ მოზარდი მე-9 კლასიდან გადაწყვეტს რომელიმე ხელობის შესწავლას, ხოლო წლების შემდეგ მოინდომებს უმაღლესი განათლების მიღებას, მას უკვე ექნება ამის უფლება.
ირინა წეროძის თქმით, პროფესიული და ზოგადი განათლების ინტეგრირებულ საპილოტე პროგრამებს სოფლის მეურნეობის (მეცხოველეობა, მებაღეობა) მიმართულებით უკვე ახორციელებენ.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ პროფესიული განათლების რეფორმა სწორედ იმ ჩიხის აღმოსაფხვრელად გახდა აუცილებელი, რომელიც განათლების სისტემაში გაჩნდა. ოფიციალური განმარტებით, კანონპროექტის მიხედვით, ფუნდამენტურად იცვლება პროფესიული განათლების სისტემა.
სტუდენტები, რომლებსაც პროფესიულ სასწავლებელში ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ პროფესიული განათლების რეფორმა დაგვიანებულია, თუმცა კარგია, რომ ძვრები დაიწყო.
„ეროვნული გამოცდები ვერ ჩავაბარე, ამიტომ წლების დაკარგვას აქ სწავლა ვარჩიე“, – გვეუბნება მალვინა ზოიძე, რომელიც ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობს.
„კანონს შესაძლებლობა რომ მოეცა, პროფესიულზე უფრო ადრე ჩავაბარებდი, რადგან მეცოდინებოდა, რომ ამით უმაღლესში ჩაბარების პერსპექტივა არ დამეკარგებოდა“, – ამბობს დიანა გულაბერიძეც.
თორნიკე 19 წლისაა, საშუალო სკოლა დაასრულა, თუმცა სწავლა მაინც პროფესიულში გააგრძელა. ელექტროობას სწავლობს და ზაფხულში მუშაობდა კიდეც.
პროფესიულ კოლეჯ „ბლექსის“ ერთ-ერთი მასწავლებელი ოთარ ხაჯიშვილი კი, რეფორმის წარმატებას ხარისხიან სწავლებაში ხედავს და თავის კოლეჯში არსებულ მოძველებულ ტექნიკურ ბაზაზე ამახვილებს ყურადღებას:
„გვჭირდება ახალი ვოლტმეტრი, რაც გვაქვს, ძალიან დაბალი დონისაა. სამფაზა ძრავები გვინდა რამდენიმე და არ გვაქვს, ერთი ცალია და ისიც მოსწავლემ გვაჩუქა. დღეს ელექტროობაში იმდენი სიახლე შემოდის, რომ თუ ტექნიკურად არ ხარ აღჭურვილი, რთულია ფეხი აუწყო.“
ოთარ ხაჯიშვილმა 50-ზე მეტი დასახელების ხელსაწყოს სია დირექციას უკვე გადასცა და იმედი აქვს, რომ დროულად განახლდება კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ დიზაინერის სპეციალობის სტუდენტები. ფოტო: მანანა ქველიაშვილი
2017 წლის ბიუჯეტში, პროფესიული განათლების მუხლში, 36 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინა წეროძე ამბობს, რომ ეს თანხა გათვალისწინებულია როგორც სტუდენტთა სასწავლო ხარჯების დასაფარავად, ასევე სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული პროფესიული სასწავლებლის ტექნიკურ-მატერიალური ბაზის გასაუმჯობესებლად. „ორი მილიონი ლარი კი სკოლებში შრომის გაკვეთილებისთვის არის გამოყოფილი. თანხის ნაწილი პროფესიული სასწავლებლების ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვაზე იხარჯება, ნაწილიც ახალი ლოკაციების განვითარებაზე.“
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 20 სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი და 50-მდე კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს. ირინა წეროძის თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის სამი ახალი სასწავლებელი ლაგოდეხში, სტეფანწმინდასა და თიანეთშიც გაიხსნება. მომავალი წლიდან კი, ზესტაფონში სამშენებლო მიმართულებით გაიხსნება პროფესიული სასწავლებელი, „რადგან ეს მიმართულება ძალიან ვითარდება ქვეყანაში“. 2018 წლისთვის კოლეჯის გახსნა იმავე მიმართულებით იგეგმება კასპშიც.
რაც შეეხება აჭარას, რეგიონში ამ დროისთვის ორი სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს ქობულეთსა და ბათუმში. სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ამავე ტიპის სასწავლებლის გახსნა სურთ ხულოშიც, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ კონსულტაციები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტთან.
ირინა წეროძის თქმით, რეაბილიტირებულ სასწავლებლებში ზოგგან მთლიანად განახლებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ზოგგან კი – ნაწილობრივ. „ჩვენ დავიწყეთ სასწავლებლებში ახალი პროგრამების დანერგვა. სტანდარტის თანახმად, ამ პროგრამებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სახელოსნო, რომელიც იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით. ამის გარეშე სასწავლებელი უფლებამოსილებას ვერ განახორციელებს“.
პროფესიული განათლების მიმართულებით სახელმწიფო სტუდენტებს 150 პროგრამას სთავაზობს, რომლებიც, წეროძის თქმით, რეგიონების პრიორიტეტული სფეროების მიხედვით შეირჩა. პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების განათლებას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. ერთი სტუდენტის განათლება სახელმწიფოს, საშუალოდ, 750-800 ლარი უჯდება. „თუმცა ზოგიერთი პროგრამის ფასი შეიძლება იყო 1000 და 2 500-ც კი“.
განათლების სამინისტროს მონაცემებით, პროფესიულ პროგრამებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია ყოველ წელს 10-15 პროცენტით იზრდება. მათივე ინფორმაციით, შარშან პროფესიულ პროგრამებზე 11 ათას 170 ადამიანი ჩაირიცხა.
ფოტო: მანანა ქველიაშვილის
„ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ კურსდამთავრებულთა კვლევას, 2015 წელს 42-პროცენტიანი დასაქმება იყო, მომდევნო წელს – 47%-იანი, შარშანდელი კვლევის მიხედვით კი, დასაქმების მაჩვენებელი 56 %-ით გაიზარდა. ამაში შედის თვითდასაქმების მაჩვენებელიც“, – ამბობს ირინა წეროძე.
კვლევის მიხედვით, ყველაზე ადვილად კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები, ბუღალტრები, ელექტრიკოსები, მზარეულები, კონდიტერები და შემდუღებლები საქმდებიან.
პროფესიული სასწავლებლის – „ბლექსის“ დირექტორის მოადგილის, მაია თოიძის ინფორმაციით, დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა კვალიფიციურ მზარეულებზეა.
„ჩვენი კოლეჯის დამთავრებული არც ერთი მზარეული დაუსაქმებელი არ არის. მოთხოვნა დიდია, მიწოდება კი – ნაკლები. გასულ წელს 11 მიმტანი გამოვუშვით და ყველა დასაქმდა“, – ამბობს თოიძე. – „ჩვენს კოლეჯში მზარეულის პროგრამაზე მხოლოდ 40 ადგილი გვაქვს, მეტის მიღების შესაძლებლობას მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ გვაძლევს“.
გამოსავალი, როგორც ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, ნაკლებადმოთხოვნად პროგრამებზე ადგილების შემცირებაა, მოთხოვნადზე კი – გაზრდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავაც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლება პოპულარული ხდება. ის ცდილობს ამ მიმართულებით ახალგაზრდების წახალისებას, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში თავადვე ეწევა მის დისკრედიტაციას, როცა ამბობს, რომ „უმაღლესში მხოლოდ „ნავაროჩენი“, ყველაზე მცოდნე ხალხი უნდა წავიდეს“.
რას სთავაზობს სახელმწიფო, როგორც ალექსანდრე ჯეჯელავა იტყოდა „გადარჩეულებს“ და როგორი იქნება პროფესიული განათლების პოლიტიკა ქვეყანაში? – ეს უფრო ზუსტად მაშინ გამოჩნდება, როცა სახელმწიფო კანონს შეცვლის. ახალი კანონპროექტი პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს პარლამენტში წლის ბოლომდე იქნება ინიცირებული.
სექტემბრის ბოლოს ბათუმში საავტორო კინოს XII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. ცნობილი ირანელი რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო. მახმალბაფი ირანული კინოს „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. მან ირანი 2005 წელს დატოვა და ამჟამად ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ მახმალბაფის მასტერკლასის მოკლე, სტენოგრაფიულ ვერსიას.
დავიბადე ოჯახში, სადაც ბებია მეუბნებოდა, რომ თუ მუსიკას მოვუსმენდი, გოგოებს დავუწყებდი ყურებას ან კინოში წავიდოდი – ღმერთი დამსჯიდა და ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი. მეც მუსიკის გაგონებისას ხელებით ყურებს ვიხშობდი, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ მთელი ჩემი ოჯახი: მეც, ცოლიც და შვილებიც კინოში ჩავებით. გამოდის, რომ ჯოჯოხეთში ერთად ვიქნებით. ფინანსურად გვიჭირდა და 12-13 წლიდან ფიზიკურად ვშრომობდი. ამ პერიოდმა დიდი გამოცდილება შემძინა. ცოცხლად ვეხებოდი სიღატაკეს. იმ პერიოდის ირანის ხელისუფლება იყო სეკულარული, მაგრამ გარკვეულწილად დიქტატორულიც. ირანში იყო რამდენიმე ათასი ოჯახი, რომლებიც აკონტროლებდნენ მთელ ქვეყანას, დანარჩენი კი – სიღარიბეში ცხოვრობდა, ხალხს მაშინ ძირითადად სამართლიანობა და თავისუფლება სურდა.
17 წლის ასაკში დავიწყე ბრძოლა ჩემს მეგობრებთან ერთად რეჟიმის წინააღმდეგ და პოლიციელსაც კი დავესხი თავს, რომ განმეიარაღებინა. დამჭრეს და ციხეშიც აღმოვჩნდი. ცხადია, ციხეში არ მქონდა ტელევიზორი, რადიო და გაზეთები, ამიტომ სრულიად თავისუფალი იყო ჩემი გონება და გათავისუფლების შემდეგ მზად ვიყავი, კინო შემექმნა.
რევოლუციისას 6 თვე ვიყავი ჩართული პროცესებში, მაგრამ ბავშვობიდანვე შრომამ, ციხეში გატარებულმა ხუთმა წელმა ბევრი ტკივილი და გამოცდილება მომცა. ციხეში წაკითხულმა წიგნებმა დამანახა, რომ მკვლელი იარაღის ნაცვლად კულტურული იარაღი უნდა ამეღო ხელში და კინემატოგრაფი სწორედ ამგვარ იარაღად იქცა ჩემთვის. ციხიდან გამოსული ხარბად ვისრუტავდი ყველაფერს: ვუსმენდი მუსიკას, კინოთეატრებში დავდიოდი და ვგრძნობდი, რომ ჩემი მოწოდება კინო იყო, მით უფრო, რომ იმ პერიოდში უკვე საკმარისი ტკივილი, გამოცდილება და სათქმელი დამიგროვდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეჟისორისთვის.
ნუ დაკარგავთ დროს უნივერსიტეტებში! თუ ფილმების გადაღება გსურთ, უბრალოდ, დააგროვეთ ტკივილი, სათქმელი და გამოცდილება. კინოგადაღების ტექნიკური მხარის ათვისება ერთთვიანი კარგი ვორქშოპითაც შეიძლება. ლუმიერებს, აბას კიაროსტამს, დარიუს მერჯუისა და ამირ ნადერს კინემატოგრაფიული განათლება არ მიუღიათ. თუ თქვენ მხოლოდ ფილმებს უყურებთ და კინოს ტექნიკურ მხარეებს სწავლობთ, შეძლებთ მხოლოდ ასლების დამზადებას. მოეშვით ამას, დააგროვეთ მხოლოდ საკუთარი ტკივილები, გამოცდილება, თვალგახელილებმა, ფხიზლად იცხოვრეთ და ფილმების ნაცვლად უყურეთ, დააკვირდით თავად ცხოვრებას, მხოლოდ ასე გადაიღებთ საკუთარ კინოს.
იმ პერიოდში ფუნდამენტალისტები ხურავდნენ, წვავდნენ კინოთეატრებს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას 200 ადამიანი დაიღუპა. თავიდან ჩემი მიზანი იყო შემერიგებინა რელიგია და კინემატოგრაფი, ამიტომ პირველი ფილმი მეჩეთში ვაჩვენე, რომ დისკუსიის, დიალოგის სივრცე გაჩენილიყო. ირანის რევოლუციის შემდეგ ბევრმა ხელოვანმა დატოვა ქვეყანა. ჩვენთან აიკრძალა დასავლური კინო, არ არსებობდა კინოგადაღებებისთვის აუცილებელი, ძვირადღირებული ტექნიკა და ასე წარმოიშვა აბას კიაროსტამის, ამირ ნადერისა და ჩემი ფილმებისგან ირანული კინოს „ახალი ტალღა“.
იმ პერიოდის ირანი ციხეს ჰგავდა. „ახალი ტალღის“ რეჟისორები ფილმებს საერთაშორისო ფესტივალებზე ვგზავნიდით და ეს იყო ერთადერთი ფანჯარა გარესამყაროსთან, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის ჩვენი ყოფა გვეჩვენებინა. ირანის კინოთეატრებში აჩვენებდნენ ე.წ. სატელევიზიო ფილმებს, მაგრამ ეს იყო რელიგიურ-ჰეროიკული ხასიათის კინო, რომელიც არ ასახავდა რეალობას.
„ახალი ტალღის“ რეჟისორებმა უარვყავით სტუდიები, დავდიოდით ქალაქებში, სოფლებში, ვიღებდით არაპროფესიონალებს, განვიხილავდით სოციალურ პრობლემებს, შეგრძნებებს და ასე ვცდილობდით შეულამაზებელი სინამდვილის ჩვენებას.
მოჰსენ მახმალბაფი. ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/ JACEK BEDNARCZYK
„ახალი ტალღის“ კინო პოეტურია და ამას თავისი მიზეზები აქვს: ირანს არ აქვს მხატვრობის ტრადიცია, რადგან მიიჩნევა, რომ ხატვით ადამიანი ღმერთს უწევს კონკურენციას. ევროპა სხვანაირად განვითარდა: ჰქონდათ მხატვრობა, ფოტოგრაფია და მერე კინო. ირანს მდიდარი პოეტური მემკვიდრეობა აქვს და კინემატოგრაფიაც პოეზიას დაეფუძნა.
ვცდილობ, ჩემი ფილმები ფანჯარა იყოს დასავლეთისთვის, რომ მსოფლიომ ნამდვილი ირანი ნახოს, მინდა ფილმების საშუალებით ჩემს ქვეყანას მანკიერ მხარეებზე მივანიშნო, რადგან ირანის საზოგადოების დიდი ნაწილი დასავლეთს მტრად აღიქვამს, იდეალურ ქვეყნად კი ირანს წარმოაჩენს.
კინემატოგრაფის სწავლების ჩემეული მეთოდი მაქვს, რთული, მაგრამ ეფექტური – ფოკუსირების მეთოდი. მაგალითად, უნივერსიტეტებში თქვენ გაქვთ ხუთი სხვადასხვა საგნის ლექცია, ორ-ორსაათიანი. ეს ნიშნავს, რომ გონება სხვადასხვა საგანზე ფოკუსირდება და სიღრმისეულად კი – არც ერთზე. მაგრამ თუ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში შეძლებთ დღეში რვა საათით კონცენტრირდეთ ერთ რომელიმე საგანზე, მიხვდებით, რომ ამ საგნის წარმოუდგენელ სიღრმეებში აღწევთ. მე ვატარებდი კინემატოგრაფიის მასტერკლასებს იტალიაში ოცი სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდა კინორეჟისორთან და რამდენიმე თვეში ყველა მათგანმა მხატვრული ფილმი გადაიღო.
კარგი ფილმის გადასაღებად არ კმარა რეჟისურის, გადაღების ტექნიკის და მონტაჟის სწავლა, ეს ბოლო საფეხურია. აქამდე რეჟისორს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიაზე, ფილოსოფიასა თუ ლიტერატურაზე.
მაგრამ რად გვინდა საერთოდ რაიმეს შექმნა? ინდოელი ფილოსოფოსი, ჯიდუ კრიშნამურტი ამბობდა, რომ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ჯანმრთელობა და ბედნიერება. თუ ჯანმრთელები არ ვიქნებით, დავიხოცებით და სიცოცხლეც დასრულდება დედამიწაზე. თუ ბედნიერები არ ვიქნებით, დეპრესიისგან შეიძლება თავიც მოვიკლათ. მე დავამატებდი, რომ ადამიანს აუცილებლად სჭირდება მეგობრობა, რადგან თუ ადამიანებს არ ეყვარებათ ერთმანეთი და არ იმეგობრებენ – ერთმანეთს დავხოცავთ. ყველაზე დიდი ღირებულება სიცოცხლეა.
კინო, უბრალოდ, საშუალებაა დედამიწის სხვადასხვა წერტილში მცხოვრებმა ადამიანებმა ერთმანეთის ცხოვრება ნახონ და ამიტომ ის სიცოცხლეს ამრავალფეროვნებს, სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ ჩვენს პლანეტაზეა მილიონ სხვა პლანეტას შორის. კინოსთვის ჩემი სიკვდილი რომ გახდეს საჭირო, არ მოვკვდებოდი, მაგრამ მოვკვდებოდი სიცოცხლის დასაცავად.
მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან ამოქმედდა სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს უსაფრთხოების მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე.
მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „ტექნიკური რეგლამენტი აწესებს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან“.
ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა განახორციელონ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისმა ორგანოებმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა.
ამასთან, სამშენებლო მოედნებზე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევას. სამშენებლო მოედნებზე სამშენებელო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი ხშირად ირღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს, მოთხოვნებს დამცავი მოაჯირების, ხარაჩოების მოწყობისა და ექსპლუატაციის, ასევე ხარაჩოს ტვირთამწეობისა და შემოწმების მიმართ; უსაფრთხოების ბადეების განთავსებას და სხვ.
რეგლამენტით განსაზღვრულია, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, დამჭერი მოწყობილობები, მაფრთხილებელი ბარიერები, გადასატანი კიბეები.
ამავე რეგლამენტით ღიობები [ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა] დაფარული უნდა იყოს სპეციალური ხუფებით ან/და ფენილებით. ხუფები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
[checklist]
ყველა ხუფი უნდა უძლებდეს მასზე მდგარი დასაქმებულის და განთავსებული ხელსაწყოსა და ნივთის გაორმაგებულ წონას;
ხუფები უნდა დამონტაჟდეს ისე მყარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი შემთხვევითი გადაადგილება;
ხუფებს უნდა ჰქონდეს გამაფრთხილებელი წარწერა − „ორმო“ [„HOLE“] და „ხუფი“ [„COVER“].
[/checklist]
მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნაა სიმაღლეზე მომუშავე ყველა თანამშრომელს ჰქონდეს გავლილი შესაბამისი სწავლება, „რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მოდულებს“, თუმცა, სწავლების ის მუხლი რეგლამენტში, რომელშიც ეს მოთხოვნაა, 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
„სწავლა საზღვარგარეთ“ – ასე ეწოდება პროგრამას, რომლის ფარგლებში აჭარის განათლების სამინისტრო წარმატებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს უცხოეთში განათლების მიღებაში ეხმარება. 2017 – 2018 სასწავლო წლისათვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება ცხრა სტუდენტმა მოიპოვა. სტუდენტები სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების (სწავლის საფასური, ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებენ ფინანსურ დახმარებას საშუალოდ 12500 ლარის ოდენობით.
2017 – 2018 სასწავლო წლისათვის სამინისტრო ამ სტუდენტებს დააფინანსებს:
გიორგი მელიქაძე, უფსალას უნივერსიტეტი, შვედეთი, განათლების სოციოლოგია, მაგისტრატურა.
შორენა დოლაბერიძე, სენთ ქლაუდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ, განათლების ადმინისტრირება და ლიდერობა, დოქტორანტურა.
გიორგი სიხარულიძე, ტარტუს უნივერსიტეტი, იოჰან სკაიტეს პოლიტიკის ინსტიტუტი, ესტონეთი, სოციალური მეცნიერებები (დემოკრატია და მმართველობა), მაგისტრატურა.
კახა ფუტკარაძე, ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღაში, ჩეხეთი, საერთაშორისო უსაფრთხოება, მაგისტრატურა.
არჩილ ჯაიანი, ბერნის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, შვეიცარია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, გამოყენებითი სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მეცნიერებები, ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვი და სოფლის მეურნეობის განვითარება, მაგისტრატურა.
ლევან თურმანიძე, როტერდამის ერასმუს უნივერსიტეტი, ჰოლანდია, ეკონომიკა და სამართალი, მაგისტრატურა.
ნათია ბეჟანიძე, ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია, ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი, მაგისტრატურა.
ნონა მარკარიანი, ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია, ინოვაციები და მენეჯმენტი კულტურისა და ხელოვნების სფეროში, მაგისტრატურა.
ნიკა მალაზონია, მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, იტალია, შენობათა არქიტექტურა, მაგისტრატურა.
აჭარის განათლების სამინისტრო პროგრამას – „სწავლა საზღვარგარეთ“ 2014 წლიდან ახორციელებს.
ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
პირველი ნოემბრიდან ვიდეოჯარიმებზე ახალი წესი ამოქმედდა. „ჭკივიანი კამერებით“ სხვადასხვა სამართალდარღვევის ავტომატურად დაფიქსირდება. დღეიდან ასევე ამოქმედდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, თუკი პირი საჯარიმო ქვითარს არ ჩაიბარებს, ან ჯარიმას დროულად არ გადაიხდის, სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეო ან ფოტომასალა საჯაროდ გამოქვეყნდება.
ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება. სამართალდამრღვევს ქვითარს ისევ ფოსტით გაუგზავნიან. თუ ქვითრის ჩაბარება ვერ ხერხდება, დაბრუნებიდან ერთ თვეში ქვითარს ხელახლა გაუგზავნიან.
„პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.police.ge-ზე „საჭირო ინფორმაციის“ ველში. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით,“ – ვკითხულობთ შს მინისტრის ბრძანებაში.
დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე, ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითართან ერთად ნახავთ ასევე კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერს. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.
ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი.
მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია ისიც, რომ სამინისტრო უფლებამოსილია ვიდეოჩანაწერი ან ფოტომასალა მიაწოდოს კომერციულ ბანკებსა და საგადასახადო მომსახურების სხვა პროვაიდერებს პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობის დაცვით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმააცით, დამრღვევი მძღოლი ვიდეოჯარიმით შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:
• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
• სიჩქარის გადაჭარბება;
• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:
საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სენი“ (CENN) აცხადებს კონკურსს „მე ლიდერი“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას ქედის მუნიციპალიტეტში და რეგიონის ახალგაზრდა ინოვატორთა ქსელის ჩამოყალიბებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (IX, X, XI, XII კლასები).
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
1. მოამზადე ესეი (1 000 – 1 500 სიტყვა) თემაზე „მე ლიდერი“. მიუთითე სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; ესეიში დაწერე მოკლედ შენ შესახებ; რატომ ხარ ლიდერი შენს სკოლაში, სოფელში, ქალაქში, რეგიონში ან ქვეყანაში; შენი სამომავლო გეგმების ან იდეების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც ისურვებდი; იმ შედეგის შესახებ, რომელსაც შენი მიზნების განხორციელება მოუტანდა სკოლას, სოფელს, ქალაქს, რეგიონს ან ქვეყანას.
2. გადაიღე ფოტო, რომელიც ასახავს შენი ცხოვრების წესს ან შენს პიროვნებას (ფოტოს ხარისხი შეზღუდული არ არის).
3. გამოგვიგზავნე ესეი და ფოტო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: nata.davlianidze@cenn.org ან მოიტანე ჩვენთან ოფისში, მისამართზე: ტბელ აბუსერიძის ქუჩა 10, დაბა ქედა (დემოკრატიის ინსტიტუტში მდებარე CENN-ის ოფისი). ელექტრონული ვერსიის გამოგზავნის შემთხვევაში დოკუმენტებს უნდა დაარქვა შენი სახელი და გვარი; ელექტრონული ფოსტის გამოგზავნამდე სათაურის ველში მიუთითე- კონკურსი მე ლიდერი – სახელი და გვარი.
საკონკურსო განაცხადის ოფისში მოტანის შემთხვევაში გაითვალისწინეთ სამუშაო საათები – 09:00 – 18:00.
საუკეთესო განაცხადის ავტორები გაემგზავრებიან ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალგაზრდა ლიდერთა მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.
შემოსული განაცხადების რაოდენობისა და ხარისხის გათვალისწინებით, შესაძლებელია ბანაკი რამდენიმე ნაკადად ჩატარდეს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.
საკონკურსო განაცხადები მიიღება პირველი ნოემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო განაცხადების განხილვის პერიოდია 2018 წლის იანვარი. ორგანიზაცია შერჩეულ ახალგაზრდა ლიდერებს 2018 წლის თებერვალში დაუკავშირდება.
65 წლის ა.ფ. ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს. შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
განაჩენში, რომელსაც ხელვაჩაურის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი აწერს ხელს, აღნიშნულია: „დაახლოებით 20:30 საათზე, ა. ფ-მ ჩაცმულობასთან და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოჯახის წევრს, შვილიშვილს, ნ. ფ.-ს სხეულზე ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი…“
ბაბუა იმავე დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მან წარდგენილი ბრალი აღიარა და პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მას 9 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
„ბათუმელებს“ ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებულმა ა. ფ.-მ უთხრა, რომ შვილიშვილი აღელვების გამო სცემა.
„ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ მინდა… დავარტყი იმიტომ, რომ საეჭვოდ იცვამდა. სასტუმროში ვმუშაობო, ასე ამბობს, მაგრამ სად მუშაობს სინამდვილეში არ ვიცი. ჩვენ უკვე შევრიგდით, სალაპარაკო აღარაფერია,“ – გვითხრა მან.
შსს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული რ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 8,30052 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი და ტრამადოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 8 აბი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – ნათქვამია შსს განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].
ჯუმბერი 19 წლისაა. ის მეათე კლასში სწავლობს და თავის კლასელებზე რამდენიმე წლით უფროსია. ჯუმბერი პატარა სენსაციაა იმ თემში, სადაც ის ცხოვრობს. ქობულეთში, ლიანდაგს გადაღმა დასახლებაში იგი პირველი ადამიანია, რომელიც ქართულ სკოლას დაამთავრებს. ჯუმბერი ბოშაა.
ბოშების პატარა თემში ყველა მოზარდს არ გაუმართლა. ზოგიერთს სკოლაში არ უშვებენ და ბავშვები იძულებულნი ხდებიან, საოჯახო საქმეში ჩაერთონ, უმცროს და-ძმაზე და შემოსავალზე იზრუნონ და დილას სახლიდან აყოლებენ თვალს, როგორ მიდიან მათი თანატოლები სკოლაში.
ეს მათი ცხოვრების წესიაო – ასე ამბობენ მთავრობაში, ელენეს კი, რომელიც თვითონაც ბოშაა და წლებია ბოშათა უფლებების დაცვაზე მუშაობს, მიაჩნია, რომ სახელმწიფო, უბრალოდ, ხელებს იბანს.
განათლების ხელმისაწვდომობა „ბათუმელების“ ამ ნომრის მთავარი ფოკუსია. კარგი განათლების მიღების უფლება და პირობები ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასე არ არის.
ამჯერად დავინტერესდით, სად სწავლობენ ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების შვილები. აღმოჩნდა, რომ მათი შვილების უმრავლესობა კერძო სკოლაში იღებს განათლებას, რისთვისაც მშობლები ათასობით ლარს იხდიან. ლელა დუმბაძის სტატია „ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს შვილები“ ამის შესახებ მოგითხრობთ და პარალელურად 2017 წელს ქვეყნის საუკეთესო მასწავლებელსაც გაგაცნობთ, რომელიც ნაგვის ყუთიდანაც კი იღებს ძველი თაბახის ფურცლებს, რომ ბავშვების განათლებისთვის გამოიყენოს.
ქვეყნის ეკონომიკა კი, სერიოზული გამოწვევის წინაშეა. ბოლო წლებია საქართველოს პორტებსა და რკინიგზაზე ტვირთები მცირდება. საკითხი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ეკონომიკას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ხელისუფლების მხრიდან არც სათანადოდაა შესწავლილი და არც შეფასებული, ყოველ შემთხვევაში სტატიის მომზადებისას ამ თემასთან დაკავშირებულ ბევრ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. თუ ტვირთების კლება გაგრძელდება, საქართველო, რომელსაც სატრანზიტო დერეფნის ამბიცია აქვს, ჩიხად შეიძლება იქცეს.
ოქტომბერში საქართველო შვილთან ერთად დატოვა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ლეილა მუსტაფაევამ. ლეილა ამბობდა, რომ მას თბილისში უთვალთვალებდნენ და ჩვენს ქვეყანაში ყოფნა მისთვის აღარ იყო უსაფრთხო. აფგანი და ლეილა წლებია აზერბაიჯანელი ოლიგარქების ქონებასა და ბიზნესკავშირებს იძიებდნენ აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასეთები კი ცოტანი არ არიან. „ბათუმელები“ ამ ნომერში გიამბობთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მამიდის ოჯახის მშენებარე აგარაკზე მწვანე კონცხზე და ალიევის შვილის მეგობრის ბიზნესინტერესებზე ბათუმში.
და, რა თქმა უნდა, არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა რა ზედაპირულია პოლიტიკური განცხადებები ქალების პოლიტიკაში ყოფნის აუცილებლობაზე. აქაც, ისევე, როგორც განათლების ხელმისაწვდომობაზე, ყველა თანხმდება, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ ზეპირი შეთანხმებებით არაფერი იცვლება და ამის შედეგია ის, რომ ამჯერადაც „ყველა მერი კაცია“.
სხდომის დაწყებამდე ბათუმის საკრებულოს წევრებმა რამდენიმე წუთი მოანდომეს იმის გარკვევას, იყო თუ არა დღეს 2014-2017 წლების მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა. საბოლოოდ საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ განმარტა, რომ „სავარაუდოდ, სხდომა კიდევ იქნება და შესაძლოა იყოს სიურპრიზებიც“. რა შეიძლება იყოს სიურპრიზი, ამით არც საკრებულოს წევრები დაინტერესებულან და არც თავმჯდომარეს დაუკონკრეტებია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე სიტყვით გამოსვლის სურვილი საკრებულოს რამდენიმე წევრმა გამოთქვა, მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც მანამდე აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ, ასეთი იყო, მაგალითად, თემურ ორაგველიძე. გამომსვლელებმა საკრებულოს მუშაობა მოკლედ შეაჯამეს და მადლობა უთხრეს კოლეგებს. შემდეგ კი თავადვე აღნიშნეს, რომ გამოსვლები სევდიანი იყო: „ნეკროლოგს ჰგავდა“
ბათუმის საკრებულოს სხდომა
საკრებულოს წევრმა თამაზ თურმანიძემ ჯერ მოქმედი საკრებულოს იმ წევრებს მიულოცა, რომლებიც შემდგომი მოწვევის საკრებულოშიც აირჩიეს – „ქართული ოცნებიდან“ ნატალია ზოიძეს, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძეს, მისი მოადგილე ირაკლი მიქელაძეს და ნოდარ დუმბაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
შემდეგ კი საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ, თამაზ თურმანიძემ საკრებულოს მუშაობა არც თუ ისე დადებითად შეაფასა:
„შეიძლება ბევრი პირობა გვქონდა დადებული და ვერ შევასრულეთ, მაგრამ ყველა ჩვენთაგანმა რაღაც წვლილი შევიტანეთ ბათუმის განვითარებაში, განსაკუთრებული წარმატება მინდა ვუსურვო ქალბატონ ნატალიას.“
ნატალიამ მოლოცვისთვის მადლობა გადაიხადა, თუმცა იქვე დააკონკრეტა, რომ კოლეგის მოსაზრებას არ ეთანხმება: „ვერ ვიტყვი, რომ ცოტა გავაკეთეთ, პირიქით. ვფიქრობ, ლუკა ასათიანის სტიპენდიის დაწესება ეს იყო ძალიან კარგი ინიციატივა.“
საკრებულოს წევრმა კობა ჩხეიძემ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც, მისი აზრით, ბათუმში მოქმედი საკრებულოს უფლებამოსილების ვადაში უნდა განხორციელებულიყო და არ განხორციელდა.
„ჰეფი ენდი გვაქვს, ესე იგი. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ცხრა პარტიისგან შემდგარი საკრებულო გვქონდა და არ იყო უგემური საკრებულოს სხდომები. იმედს ვიტოვებ, რომ ახალი საკრებულოს წევრები მოახერხებენ იმ იდეების განხორციელებას, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით. გულის ტკივილით მინდა აღვნიშნო პროექტებზე, რომლებიც არ განხორციელდა, ეს არის იაფი სახლი. ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ პროექტთან მიმართებაში გადაიდგა იყო მიმართული მის საზიანოდ და არა მისი განხორციელებისთვის. ურეხის მოხუცებულთა სახლის რეაბილიტაცია, სამწუხაროდ, დღემდე არ დაწყებულა. ასევე სამწუხაროდ იზრდება იმ მოხუცების რაოდენობაც, რომლებზეც სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვაა საჭირო. ჩვენი ფრაქცია გამუდმებით ითხოვდა, რომ ექვსშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე მიგვეცა დახმარება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამოვიდა. მიუხედავად ჩვენი და „რესპუბლიკელების“ მოთხოვნისა, მერია მაინც არ გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა სამშენებლო რეგულაციები ქალაქში, რომელიც მინიმუმ მოაწესრიგებდა ქაოტური მშენებლობების პრობლემას“, – განაცხადა კობა ჩხეიძემ სხდომაზე.
დღეს სხდომაზე განცხადება გააკეთა თემურ ორაგველიძემაც, უმრავლესობის წევრმა „ქართული ოცნებიდან“. მან თქვა ის, რაც მთელი სამი წლის განმავლობაში სხდომაზე არასდროს უთქვამს, რომ საკრებულო მერიის მიმართ უფრო კრიტიკული უნდა იყოს და ის, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური ცუდად მუშაობს. საკრებულოს უფლებამოსილების მიწურულს გავიგეთ ისიც, რომ თემურ ორაგველიძე ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ ბევრი ფული ბიუჯეტიდან უშედეგოდ იხარჯება:
„ამ მასშტაბის რეაბილიტაცია არ მომხდარა ჭაობის უბანში, რაც ახლა მიმდინარეობს, მაგრამ გისურვებთ, რომ უკეთესად ჩატარდეს მომავალში, რატომ იცით? – როგორც პრაქტიკამ დაგვანახა, ჯერ უნდა განხორციელებულიყო ეზოების რეაბილიტაცია და შემდეგ დაწყებულიყო საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. გამოვიდა, რომ ხდება უამრავი ფულის ხარჯვა უმიზნოდ. ეზოები იტბორება, დღეში რამდეჯერმე მოდის წყალკანალი წვიმის განმავლობაში, მაგრამ ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული, თავშივე რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი გათვალისწინებული, ამდენი უაზრო ხარჯის გაწევა ქალაქის ბიუჯეტიდან არ მოგვიწევდა.“
თემურ ორაგველიძე
სიტყვით გამოსვლა სხვებსაც უნდოდათ, თუმცა საკრებულოს რამდენიმე წევრმა საკითხებზე გადასვლა ითხოვა: „საკითხებს დავუბრუნდეთ ნეკროლოგის კითხვას დაემსგავსა, პოლიტიკურ ნეკროლოგზე ვლაპარაკობთ.“
საკითხების განხილვის შემდეგ კი ყველაფერი უფრო მხიარულ ნოტაზე დამთავრდა – საკრებულოს წევრმა თეიმურაზ ბასილაძემ კოლეგები შვილის ქორწილში დაპატიჟა, მოსაწვევებიც იქვე სხდომაზე დაარიგეს.
დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა დღეს, 31 ოქტომბერს, შეხვედრა საზოგადოება „ბათომსა“ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის. შეხვედრაზე, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ თხოვნით გაიმართა,ზონალური საბჭოს დაკომპლექტებაზე იყო საუბარი. კულტურული მემკვიდრეობის დამცველები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიცვალოს ზონალური საბჭოს დაკომპლექტების და გადაწყვეტილების მიღების წესი, რადგან ამჟამად საბჭო საჯარო მოხელეებისგანაა დაკომპლექტებული და არა – სპეციალისტებისგან, რაც, არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების გარდა, კორუფციაზეც აჩენს ეჭვებს.
შეხვედრას აჭარის მთავრობაში ზურაბ პატარაძის და საზოგადოება „ბათომის“ წევრების გარდა ბათუმის ახალარჩეული მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლაშა ასლანიშვილი ესწრებოდნენ.
„ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის თქმით, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ მას ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს:
„ზურაბ პატარაძემ თავად დაიწყო ამ საკითხზე საუბარი. თქვა, რომ აპირებს მთლიანად შეცვალოს ზონალური საბჭო და მხოლოდ დარგის სპეციალისტებით დააკომპლექტოს. მან აღნიშნა, რომ აპირებს ეს იყოს როტაციის წესით, რომ გამოირიცხოს პირადი ინტერესები საბჭოსთან დაკავშირებით. მას კონკრეტული სპეციალისტები არ დაუსახელებია. რამდენჯერმე ვთხოვეთ, რომ იქნებ ჩვენც ჩავერთოთ სიის შედგენის პროცესში, თუმცა ამაზე თანხმობა არ ყოფილა.“
კითხვაზე, რამდენად კმაყოფილნი არიან შეხვედრის შედეგით, შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან: „ჩვენ პატარაძეს შევხვდით იანვარში და მაშინაც თანხმობა იყო, მან მაშინ აღნიშნა, რომ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, მაგრამ მას შემდეგ ცხრა თვე გავიდა და არაფერი შეცვლილა.“
გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ ოქტომბრის ნომერი. თბილისში ჟურნალის დარიგება ხელმომწერებთან თბილისსა და ბათუმში ხვალ, პირველ ნოემბერს დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ „ბათუმელები“ თბილისსა და ბათუმში უკვე თავად უზრუნველჰყოფს ჟურნალის მიტანას ხელმომწერებთან და ჟურნალს ხელმომწერები მიიღებენ მაქსიმუმ სამი დღის ვადაში.
„ბათუმელების“ ოქტომბრის ნომერში კი წაიკითხავთ:
ფოკუსი თემაზე:ყველა მერი კაცია
ავტორი: ია ფრანგიშვილი
ეკონომიკა:პორტებიდან დაკარგული ტვირთის ფასი
ავტორი: თედო ჯორბენაძე
თემა: მაღალი თანამდებობის პირის დედის ბიზნესი
ავტორი: ცაგო კახაბერიძე
პოლიტიკა: თურქეთის გეოპოლიტიკური პაზლი
ავტორი: დათო ქოქოშვილი
თემა: აზერბაიჯანის პრეზიდენტის მამიდის ოჯახის ვილა მწვანე კონცხზე ავტორი: თედო ჯორბენაძე
განათლება: ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები ავტორი: ლელა დუმბაძე
საზოგადოება: ბოშები სკოლაში და სკოლის გარეშე ავტორი: ჯაბა ანანიძე
უცხოეთი: ვაიმარის აჩრდილი გერმანიაში ავტორი: ჰაროლდ ჯეიმსი
საზოგადოება: ბოშები სკოლაში და სკოლის გარეშე ავტორი: ჯაბა ანანიძე
კავკასია: რუსეთი – საიმედო პარტნიორი? ავტორი: მიკაელ ზოლიანი
მოგზაურობა: სანამ დაზამთრდება ავტორი: მანანა ქველიაშვილი
წიგნები: როცა წერა ნევროზს ემსგავსება ავტორი: ზურა აბაშიძე
სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება ყველა მოსწავლემ თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. 2017 წლის 26 თებერვალს სოფელ კაპრეშუმში სკოლის მშენებლობის კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ჩააგდეს. თანამედროვე სტანდარტების ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება მალე უმასპინძლებს პატარებს. სკოლა 300 ბავშვზეა გათვლილი. მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საკლასო ოთახებში. სკოლაში იფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტი.
კაპრეშუმის სკოლის სპორტ დარბაზი
წლების განმავლობაში კაპრეშუმის საჯარო სკოლაში შეუსაბამო გარემოში ტარდებოდა სასწავლო პროცესი. პროექტის მიხედვით სოფელ კაპრეშუმში აშენდა ორსართულიანი სკოლა, რომელსაც აქვს ცენტრალიზებული გათბობა, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 911 002 ლარს. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
ამ პერიოდისთვის მიმდინარეობს სკოლის შიდა და გარე ფასადის სამღებრო და ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოების დასკვნითი ეტაპი. სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით.
აგარის საჯარო სკოლა
მიმდინარე წელს დასრულდა ხულოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელ აგარაში ახალი სკოლის მშენებლობა, სადაც აშენდა 4-სართულიანი შენობა სპორტული დარბაზით. შენობა გათვლილია 200 მოსწავლეზე. შენობაში მოეწყო საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული კაბინეტები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი და სპორტდარბაზი, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. შენობა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. მალე შუახევის მუნიციპალიტეტში გაიხსნება ახალაშენებული ფურტიოს საჯარო სკოლა. სკოლა გამოირჩევა არასტანდარტული, თანამედროვე არქიტექტურით.
სარფის სკოლა, მაკეტი
2017 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დასრულდა 3 საჯარო სკოლისა და დაიწყო სარფის საჯარო სკოლის მშენებლობა. სარფში სამსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა 250 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის მშენებლობას 2017 წლის 1 სექტემბერს ჩაეყარა საფუძველი. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ახალი სკოლის გახსნას მთელი სოფელი ელოდება. პედაგოგები მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეთა კონტინგენტის გაზრდასაც ელოდებიან.
სარფის საჯარო სკოლის კაფსულის ჩაგდება
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აჭარის მთავრობის დაფინანსებით ხუთივე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარა 37 საჯარო სკოლას. რეგიონში გრძელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
[highlight color=”red”]2018 წელს იგეგმება 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 25 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია[/highlight]
ბათუმის საკრებულო 6 მაისის პარკისთვის სახელის გადარქმევის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, პარკს შესაძლოა ბათუმის ცენტრალური პარკი ეწოდოს.
საკრებულოს ინფორმაციით, პარკზე სახელის გადარქმევის იდეა ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს დირექტორს ალექსანდრე თევზაძეს ეკუთვნის, რასაც საკრებულოს განათლების კომისიის ყველა წევრი უჭერს მხარს. თუმცა, საკითხი ჯერ სხდომაზე განსახილველად არ გაუტანიათ.
6 მაისის პარკს დიდი ხნის ისტორია აქვს – 1932 წლამდე ამ პარკს რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად „ალექსანდრეს ბაღი“ უწოდეს, 1931 წელს კულტურისა და დასვენების პარკი ერქვა, 1933 წელს – ბავშვთა პარკი, შემდგომ – პიონერთა პარკი, 2006 წლიდან კი მას “6 მაისის პარკი” ჰქვია. 6 მაისს „აჭარის ვარდების რევოლუცია“ მოხდა, ანუ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ასლან აბაშიძე გადადგა და მოსკოვში წავიდა.
ბათუმი, აჭარა, საქართველო. 6 მაისის პარკი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 24.10.2017
სამი წლის წინ ბათუმში სტალინის სახლ-მუზეუმი დაანგრიეს. ისტორიული სახლის ნაცვლად ამ ადგილას ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა. სახლის დანგრევამდე, 2011 წელს, ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ მედიასთან განაცხადა, რომ სახლს, სადაც სტალინი ცხოვრობდა, შეაკეთებდა და კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდეგ მუზეუმს ისევ მოაწყობდა. მაშინ სტალინის მუზეუმიდან ექსპონატები დროებით ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანეს.
„საჯარო პირობის გარდა, ჩვენ თენგიზ ბაკურიძემ ხელშეკრულება გაგვიფორმა, სადაც წერია, რომ კორპუსების აშენების შემდეგ სტალინის მუზეუმი ისევ ძველ ადგილზე გაიხსნებოდა. პირობა არ შესრულდა. ბიზნესმენს მივაკითხეთ. გვითხრა, რომ მერიამ არ მისცა ამის უფლება,“ – ამბობს „სტალინის საზოგადოების“ წევრი, ნუგზარ კეკელიძე.
რატომ არ შეასრულა პირობა თენგიზ ბაკურიძემ? – ბიზნესმენმა გვითხრა, რომ სტალინის მუზეუმის მოწყობა ახლაც სურს, მაგრამ მშენებლობის ნებართვა მერიისგან ვერ მიიღო.
„როცა ეკონომიკის სამინისტროსგან ვიყიდე მიწის ნაკვეთი, ოფიციალურად არ მქონია სტალინის სახლ-მუზეუმის შენარჩუნების ან ახლის მოწყობის ვალდებულება. ვადასტურებ, რომ საჯაროდ დავპირდი საზოგადოებას სტალინის მუზეუმის მოწყობა. ძველი სახლი დავანგრიეთ, რადგან რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა, ავარიული იყო, წყალი ჩამოდიოდა, კედლები იქცეოდა… მე ნამდვილად ვთქვი, რომ მუზეუმს ხელახლა მოვაწყობდი იმავე სტილით, რაც მანამდე იყო, პროექტი წარვადგინეთ მერიაში ორი წლის წინ, მაგრამ უარი გვითხრეს. არ ვიცი, რატომ თქვეს უარი. ახალი მერი რომ მოვა, ხელახლა მივმართავ,“ – აღნიშნა თენგიზ ბაკურიძემ.
„მუზეუმს იქ ვეღარ ააშენებს, რადგან მშენებლობის კოეფიციენტი უკვე ათვისებული აქვს, რა ფართობის ათვისებაც შეიძლებოდა, მაქსიმალურად ათვისებულია,“ – გვითხრა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ. მისი თქმით, თენგიზ ბაკურიძეს ახალი მუზეუმის ასაშენებლად პროექტი არ წარმოუდგენია. ახალი კორპუსების მშენებლობის ნებართვა კი თენგიზ ბაკურიძეს 2011 წელს მიუღია.
თენგიზ ბაკურიძე: „რა კოეფიციენტი უნდა მუზეუმის აშენებას. მე იქ დატოვებული მაქვს მუზეუმის ადგილი, ერთი ოთახი მოეწყობა, პროექტზე ველაპარაკე მე მერიას. მთავარია, უფლება დაგვრთონ და პროექტი რა პრობლემაა… კოეფიციენტი რომ იძლეოდეს მაგის საშუალებას, მაშინ კი აღარ დამჭირდებოდა დახმარება. მე ვსაუბრობ ერთსართულიან ბელეტაჟ სახლზე. ამაზე ვითხოვ უფლებას და იმედი მაქვს, მივაღწევ ამას“.
სტალინის სახლ-მუზეუმი პუშკინის #19-ში მდებარეობდა. ამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა. შესაბამისად, არც ერთ ოფიციალურ უწყებას ბიზნესმენი არ დაუვალდებულებია, სტალინის მუზეუმი შეენარჩუნებინა.
ამ შენობაში სტალინის მუზეუმის გახსნა განაპირობა იმან, რომ ეს იყო სახლი, სადაც ცხოვრობდა სტალინი. XIX საუკუნის დამლევს სახლი მესაათე სიმხოვიჩს ეკუთვნოდა. ამ უბანში სახლებს მეტწილად გასაქირავებლად აშენებდნენ. რამდენიმე ერთად ქირაობდა ოთახს. ყოველი მათგანი სახლის პატრონს თვიურად სამ მანეთს უხდიდა ერთი საწოლისათვის. ამ სახლის ერთ ოთახში ცხოვრობდნენ მანთაშევის ქარხნის მუშა კოტე კალანტაროვი და კოწია კანდელაკი.
აქ ცხოვრებისას სტალინმა ჩამოაყალიბა რამდენიმე არალეგალური სოციალ-დემოკრატიული წრე, რომლებსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. აქვე მომზადდა ამ წრის პირველი არალეგალური კონფერენცია. ამ სახლში ინახებოდა სტამბა, რომელიც 1902 წლის დამდეგს გამართა ბათუმის კომიტეტმა. ოთახი, სადაც სტალინი ცხოვრობდა, 14 კვ. მეტრია. ოთახში იდგა ხის სამი საწოლი, ერთი უჯრიანი ძველი მაგიდა, რომლის თავზე, კედელზე თუნუქის პატარა ლამპა ეკიდა. ოთახში იდგა ოთხი ხის სკამი და ნავთქურა. მუზეუმში დაცული იყო 400-მდე ექსპონატი და 2000-მდე წიგნადი ფონდი. ექსპონატები გადატანილია ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში.
მთავარ ფოტოზე: სტალინის სახლ-მუზეუმი ბათუმში / 2014 წლის 09 მარტი / „ბათუმელების“ არქივიდან
აზიურ ფაროსანას საქართველოში 2015 წლიდან ებრძვიან. ამჯერად, როგორც ფერმერების, ისე სურსათის უვნებლობის სამსახურის ყურადღება ციტრუსის კულტურაზეა გამახვილებული.
“ნარინჯისფერი რთველის” მოახლოებასთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური და ქიმიური საშუალებებით ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდა.
აჭარის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მცხოვრებ ღოღობერიძეების ოჯახს უკვე წლებია ციტრუსის პლანტაციები აქვს. გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ მანდარინის რეალიზაციისგან მიღებული თანხა მისი ოჯახის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალია. სწორედ ამიტომ, მან კულტურა რამდენჯერმა შეწამლა, შედეგად კი მისი მოსავალი დაუმუშავებელი ფართობებისგან განსხვავებით უკეთესი ხარისხისაა.
ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ აზიურმა ფაროსანამ მათი მოსავალი ნაწილობრივ მაინც დააზიანა.
ფაროსანა ხორთუმით ხვრეტს ნაყოფს, ათხელებს შიგთავსს და წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. დაზიანებული ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამგერლოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტებში 230 ათას ოჯახს მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატები, ფერომონი – მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი, მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცა.
სახელმწიფოს მხრიდან პრეპარატები აჭარაში – 13 000-მა ოჯახმა მიიღო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქიმიური საშუალება მაღალეფექტური, ფართო სპექტრის ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება აზიური ფაროსანას, ფოთლის მავნებლების, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატარის, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ხეხილში, ბოსტნეულში, ვაზში, მარცვლეულსა და პარკოსნებში.
რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. ეს ნორმა კი 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს შეადგენდეს.
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდის დაცვა: ციტრუსების შემთხვევაში ეს ვადა 21 დღე გრძელდება. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შეწამლული ნაყოფი უვნებელია.
მართალია ფერმერებს ბაღლინჯოს საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატი შემოდგომაზე გადაეცათ, თუმცა დროულ შეწამვლას ხელი უამინდობამ შეუშალა. რაც მათი მოსავალის ხარისხზე უარყოფითად აისახა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგინული სამმართველოს სპეცილისტის თენგიზ კუტუბიძის თქმით, მავნებელი ციტრუსის კულტურებისთვის ამ ეტაპზე უკვე ნაკლებად სახიფათოა. მისი განმარტებით, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება ამიტომ ის პლანტაციებიდან საცხოვრებელ სახლებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში შედის. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარისა და ფანჯრის ნაპრალებში, ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მათ რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლაში პრეპარატის შესაშხურებელი მოწყობილობით აღჭურვილი დაახლოებით 25 ტრაქტორი აქტიურად არის ჩართული.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განვითარების სამსახურის თანამშრომელის, ავთანდილ ვაშაყმაძის თქმით, მათ ადმინისტრაციულ ერთეულში 4200 ლიტრი ქიმიური პრეპარატი უკვე გაიცა, დამატებით კიდევ 1200 ლიტრის მარაგი აქვთ.
მოსახლეობა სახლების გარე პერიმეტრზე და პლანტაციებში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლას სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით თავად ახორციელებს, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით, რომლებიც რეგიონში თითქმის ყველა ოჯახშია. ქიმიური საშუალების გამოყენებისას მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. საჭიროა სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი. რაც მთავარია შესხურების დროს არ შეიძლება თამბაქოს მოწევა და პროცედურის დაწყებმადე მიმდიბარე ტერიტორიაზე დახურული უნდა იყოს სასმელი წყლის ჭები, ხოლო შინაური ფრინველი და ცხოველი დამწყვდეული. კიდევ ერთი რეკომენდაცია რისი დაცვისკენაც სპეციალისტები მოგვიწოდებენ, არის ის, რომ შეწამვლა განხორციელდეს უქარო ამინდში, რადგან თავიდან ავიცილოთ პრეპარატის სხვა ტერიტორიევბზე გავრცელება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულო სამმართველოში ამბობენ, რომ მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული ღონისძიბებისა, აუცილებელია მოსახლეობის აქტიურობა. უწყებაში აცხადებენ, რომ მავნებელი უკვე გამოსაზამთრებლად ემზადება და ადგილობრივებს მოუწოდებენ, სახლში შესულ ბაღლინჯოს მათ ხელს არსებული ყველანაირი საშულებით ებრძოლონ, შეაგროვონ რაც შეიძლება ბევრი მავნებელი და გაანადგურონ.
გახსოვდეთ, ზამთარში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პროგნოზით მიმდინარე წელს 60 ათასა ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ფორუმზე “ციტრუსის ექსპორტი 2017-ზე” განაცხადა.
ეკატერინე მამამთავრიშვილი
სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მხარდაჭერით.
სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) მხარდაჭერით.
წინამდებარე სტატია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს
ბათუმის მერიის მიერ დადგენილი ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, საბავშვო ბაღის დირექტორობის მსურველს ევალება საკონკურსო კომისიას წარუდგინოს ცნობა, რომ ის არ არის ნასამართლევი განზრახ დანაშაულისთვის და ასევე არ არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი. მოთხოვნებში არ წერია ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, რამაც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„… თუ ითხოვთ ნასამართლეობის ცნობას, რატომ არ ჩაწერეთ მოთხოვნებში, რომ პირს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს ფსიქონევროლოგის დასკვნა?- იკითხა საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა კობა ჩხეიძემ.
საკითხის მომხსენებელმა, მერიის განათლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლამზირა ბოლქვაძემ განმარტა, რომ ბაღების გაერთიანებას შეუძლია შინაგანაწესით მოსთხოვოს დირექტორობის მსურველს ე.წ. ფორმა 100. საკრებულოს დადგენილების პროექტი კი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის შესახებ საქართველოს კანონს ეფუძნება.
საკრებულოს წევრი ომარ ფარტენაძე, ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იმით დაინტერესდა, რატომ არის სავალდებულო ბაღის დირექტორს ჰქონდეს მაგისტრის დიპლომი. გარდა ამისა, მან ჩამოთვალა ოცდაათამდე დასახელების ნაშრომის შესახებ, რომელთა ცოდნაც, დადგენილების მიხედვით, ბაღის დირექტორს მოეთხოვება:
„თქვენ აქ მეცნიერ თანამშრომელი უნდა აირჩიოთ თუ ბაღის დირექტორი. კომისიის წევრმა, ვინც დირექტორობის მსურველი უნდა შეამოწმოს, ეს ყველაფერი იცის?“ – დაინტერესდა საკრებულოს წევრი. ამის შემდეგ კი მოყვა იმაზე, თუ როგორ ატარებს მერია ბაღის დირექტორების კონკურსს:
„…მეგობრის მეუღლე იღებდა მონაწილეობას, ორი ეტაპი წარმატებით გაიარა, მოვიდა მესამე ეტაპი, კომისიასთან გასაუბრება. სამი კითხვა დაუსვეს, მეუღლე ვინ არისო, რამდენი შვილი გყავსო და რით არიან დაკავებულიო?“
„ჩაიჭრებოდა“ – უპასუხა მას რეპლიკით საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ.
„ჩაიჭრა“ – დაადასტურა საკრებულოს წევრმა და ამით დაასრულა გამოსვლა დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესებაზე დადგენილების პროექტთან დაკავშირებით.
ფსიქოლოგიური ტესტის გავლის დავალდებულების აუცილებლობაზე ისაუბრა საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ჯაბა ბერიძემაც.
საკრებულოს წევრის პაატა მგელაძის აზრით კი, „აუცილებელია დაწესდეს ბაღის დირექტორის ფსიქიკური მდგრადობის სტანდარტი.“ საკრებულოს წევრმა განმარტა, რომ „ფორმა 100“ საკმარისი არ არის, რადგან საჭიროების შემთხვევაში „დღეს ფორმა 100-ს გიჟიც წარმოადგენს.“
მას საკრებულოს თავმჯდომარე არ დაეთანხმა. „როგორ არა, მე მოტანილი მაქვს“ – უთხრა მან პაატა მგელაძეს.
როგორ, ფსიქიატრმა გნახა? – დაინტერესდა საკრებულოს წევრი.
პაატა მგელაძე
ამ საკითხზე საკრებულოს წევრებმა დიდხანს იკამათეს. ნატალია ზოიძე ამტკიცებდა, რომ კანონი ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას ითხოვს და რამდენად რეალურია ეს ცნობა, ამის გარკვევა საკრებულოს ან მერიის კომპეტენცია არ არის, თუმცა ამ განმარტებამ პაატა მგელაძე ვერ დაამშვიდა:
„მომისმინეთ ქალბატონო ნატალია, ამასწინათ ისე ავიღე ცნობა, თვალით არ მინახავს ფსიქიატრი, დამიწერეს, რომ ნორმალური ვარ.“
ამჯერად მას „რესპუბლიკელი“ თემურ ყურაშვილი გამოეხმაურა:
„შენც დასაჭერი ხარ და იგიც“.
„გადავიდეთ პროკურატურაში“, – ინიციატივით გამოვიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მიქელაძე.
ამის შემდეგ პაატა მგელაძეს, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, რომ დადგენილებაში ფსიქოლოგიური ტესტის გავლის ვალდებულება შეეტანათ, საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ განუმარტეს, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მას მოსთხოვდნენ ცნობას ფსიქოლოგიური ტესტის გავლის შესახებ. ჩანდა, რომ ეს ხუმრობით უთხრეს.
საკრებულოს წევრები საბოლოოდ ნინო ბერაძემ დააშოშმინა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დადგენილების პროექტი კანონმდებლობის მოთხოვნებს პასუხობს, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმაც მის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.
ბათუმის მერიის ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, ბაღის დირექტორობის მსურველს უნდა ჰქონდეს აკადემიური უმაღლესი ხარისხის განათლება, მაგისტრის დიპლომი. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება, ან დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, დირექტორობის მსურველს ევალება იცნობდეს შესაბამის კანონმდებლობას და ფლობდეს დადგენილებით მოთხოვნის სხვა უნარ-ჩვევებს.
დაჯილდოვების ოფიციალური ღონისძიება 26 ოქტომბერს ლონდონში სასტუმრო Royal Lancaster-ში გაიმართა. კომპანიებს გადაეცათ ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიებში: უძრავი ქონების სექტორის განვითარება, ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა. 200 წარმომადგენელს შორის ევროპის რეგიონის მასშტაბით, “ალიანს ჯგუფმა” დაამტკიცა, რომ საუკეთესოა არქიტექტურის სექტორში. European Property Awards-ი International Property Awards-ის ნაწილია და მოიცავს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს, აფრიკასა და არაბეთს, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს. ღონისძიებაზე აჯილდოვებენ დარგის საუკეთესო პროექტებსა და პროფესიონალებს.
Alliance Highline-ი, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში, პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსია. სამკოშკიანი ცათამბჯენი მოიცავს 40-სართულიან საცხოვრებელ შენობას და ორ შედარებით დაბალსართულიან შერეული ტიპის ცათამბჯენს, სადაც Wyndham Garden-ის სასტუმრო და აპარტამენტები განთავსდება. Wyndham Hotel Group-ი მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო ქსელია. ის მსოფლიოს 67 ქვეყანაში 7200 სასტუმროთია წარმოდგენლი. Alliance Highline-ის პროექტში “ალიანს ჯგუფი” ჯამში $75 მილიონზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. კომპლექსის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.
Alliance Pallace-ი საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში მდებარეობს, რომელსაც შავი ზღვისპირეთის დედაქალაქსაც უწოდებენ. ეს არის 41-სართულიანი, პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსი. ცათამბჯენის პირველ ხუთ სართულზე განთავსდება სასტუმრო Courtyard by Marriott-ი, ხოლო ზედა სართულებს პრემიუმ კლასის აპარტამენტები დაიკავებს. Marriott International-ის ეს კლასიკური ბრენდი სასტუმრო სექტორში წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, ის 6,000 სასტუმროს მართავს მსოფლიოს 120 ქვეყანაში. “ალიანს ჯგუფი” Alliance Palace-ის პროექტში $45 მილიონ ინვესტიციას ახორციელებს. აპარტამენტების მშენებლობა 2018 წლის ივნისისთვის დასრულდება, სასტუმრო Courtyard by Marriott-ი კი ოფიციალურად 2019 წლის აპრილში გაიხსნება.
“ალიანს ჯგუფი” საქართველოში ავითარებს კიდევ ორ მიმდინარე პროექტს: მარიოტის ბრენდის მეორე სასტუმროს ბათუმში და Alliance Resort-ს გოდერძის უღელტეხილზე, ახალ ოთხსეზონიან სათხილამურო კურორტზე. კომპლექსში განთავსდება სასტუმრო Ramada Hotel-ი, რომელიც ზემოთხსენებული სასტუმროების ჯგუფის Wyndham Hotel Group-ის ბრენდია.
“ალიანს ჯგუფი” ოთხ მიმდინარე ინოვაციურ პროექტში მთლიანობაში $210 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. გასული 12 წლის განმავლობაში, საერთაშორისოდ აღიარებულმა წამყვანმა ქართულმა სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ $200 მილიონიანი დოლარის ინვესტიცია დახარჯა აჭარის რეგიონის პრემიუმ კლასის ინოვაციურ დეველოპერულ პროექტებში.
26 ოქტომბრის დაჯილდოვებამ ასევე უმასპინძლა IPAX UK & Europe exhibition-ს, სადაც დარგის წამყვანმა მიმწოდებლებმა წარმოადგინეს თავიანთი პროდუქტები და სერვისები, ამავდროულად, დელეგატებს საშუალება ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ დარგის წამყვან აღმასრულებელ დირექტორებს, მმართველ დირექტორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რეგიონში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში საჯარო სკოლის მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს. ინფორმაციას, სავარაუდო სექსუალური შევიწროვების შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე დღეა არკვევს. არც სკოლაში და არც აჭარის განათლების სამინისტროში შემთხვევას არ უარყოფენ, თუმცა კონკრეტულ პასუხებს გაურბიან.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწრეობის მცდელობას. გაქვთ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია?“ – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს დაუსვა, რაზედაც მინისტრმა გვიპასუხა: „მაქვს ინფორმაცია, გიდასტურებთ, მაგრამ არის თემები, რომლის აჟიტირება არ შეიძლება. ეს ძალიან საფრთხილო და სათუთი თემაა, თუმცა უნდა მივყვეთ მოვლენებს და ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტული კომენტარისგან თავს შევიკავებ“.
მინისტრი ამბობს, რომ ეს არის მანდატურის მიერ დაფიქსირებული ფაქტი. „მე ამ დროისთვის მანდატურის ოფიციალური განაცხადი არ მაქვს, მაგრამ მე ვიცი, რომ მანდატურთან დაფიქსირდა ამბავი“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რა დააფიქსირა მანდატურმა, იყო თუ არა სექსუალური შევიწროების მცდელობა, ინგა შამილიშვილი ამბობს: „მანდატურთან მოხდა რაღაც დოზით ამ ფაქტის დაფიქსირება მოსწავლის მხრიდან, შედეგებს შემდეგ გავიგებთ“.
აჭარის განათლების მინისტრმა ასევე თქვა, რომ „პროცესში ჩართულია არაერთი სამსახური…“ უშუალოდ განათლების სამინისტრო კი იკვლევს იმას, რატომ ამზადებდა მასწავლებელი თავის მოსწავლეს თანხის სანაცვლოდ.
„სკოლა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვერ გამოიძიებს სექსუალური ძალადობის ფაქტს. ეს არის სხვა ორგანოს პრეროგატივა, ამიტომ, პირველი კვლევის შედეგებით თუ გამომჟღავნდა, რომ არსებობდა ასეთი ფაქტი, მაშინ უკვე შემდგომ ჩაერთვებიან სამართალდამცავები“, – გვეუბნება მინისტრი.
სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ვკითხეთ მოსწავლის კლასის დამრიგებელსაც. ის ამბობს, რომ მოზარდთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია არ აქვს, რადგან ის მათთან ცოტა ხნის წინ გადმოვიდა. იგი გვიყვება, რომ ბავშვი არ ჰქონდა მაღალი აკადემიური მაჩვენებელი და დამატებით მომზადებას საჭიროებდა: „სადღაც ამზადებდა, მაგრამ სად, ინფორმაცია არ მაქვს. ორი გაკვეთილის შემდეგ აღარ მივიდა მასწავლებელთან, ვერ გადავიხდი ფულსო და როცა შეწყვიტა ბავშვმა მასთან მომზადება, ცოტა უფრო გაუხეშდა მასწავლებელი მის მიმართ“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, როდის მიიღო ეს ინფორმაცია მან მოსწავლისგან, კლასის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დეტალებზე არ სურს საუბარი. „მე ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ, ვიკვლევთ. სხვა ინფორმაცი არ მაქვს“.
თავის მხრივ სკოლის დირექტორიც აზუსტებს, რომ მოსწავლის მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ არც მას აქვს ინფორმაცია: „მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამზადებდა საკუთარ მოსწავლეს და თუკი დადასტურდება ფაქტი, რომ მასწავლებელი მოსწავლეს ფულის სანაცვლოდ ამზადებდა, საქმე განსახილველად სკოლის დისციპლინარულ საბჭოს გადაეცემა. დადასტურების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შევუწყვეტ ხელშეკრულებას“.
სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მოკვლევა 27 ოქტომბერს დაიწყო. 31-ის ოქტომბრის ჩათვლით მასწავლებელი სკოლაში არ გამოცხადებულა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს.
„არ ვიცი, სად წავიდე, ვის მივმართოთ… შვიდი შვილი მყავს, იატაკზე სძინავთ ბავშვებს, სკოლაში არ წასულან, რით უნდა წავიდნენ, რა ჩავაცვა, რა უნდა ვაჭამო? ჩანთებიც დაიწვა,“ – ამბობს ია ბოლქვაძე, რომლის 10-სულიან ოჯახს სახლი „ოცნების ქალაქში“ სამი დღის წინ დაიწვა.
ია ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხანძარი იმდენად სწრაფად გაჩნდა, ვერაფრის გადარჩენა შეძლო – ავეჯის, ტანსაცმლის, ჭურჭლის… ამბობს, რომ მთავრობიდან დასახმარებლად არავინ მისულა. არც ბავშვების მდგომარეობით დაინტერესებულა ვინმე, რომლებსაც იატაკზე სძინავთ უკვე მესამე ღამე. იასა და შოთა ბოლქვაძის შვილებიდან ყველაზე პატარა 2 წლისაა, უფროსი – 17 წლის. ბავშვები მამიდას პატარა ქოხში ცხოვრობენ, რომელიც ასევე „ოცნების ქალაქშია“.
„მხოლოდ რამაზ ჯინჭარაძე იყო მოსული ჯანდაცვის სამინისტროდან. გვითხრა, რომ 25 ათას ლარს მოგვცემენ ახალი სახლის შესაძენად, მაგრამ ჩემს ქმარს ორი ძმა ჰყავს, სამივე ერთ ოჯახში ცხოვრობდა ხულოში, სოფელ ირემაძეებში. იქ მეწყერმა წაიღო ჩვენი სახლი. სამზე რომ განაწილდება 25 ათასი, რა მოგვიწევს? ქირის ფულს გადაგიხდიანო, აგიც გვითხრა რამაზ ჯინჭარაძემ. გავიგეთ, რომ 150 ლარია გამოყოფილი თვეში. სად უნდა ვნახო ბინა ამ ფასად, სადაც 7 მცირეწლოვანი ბავშვით შემიშვებენ? მოხუცი დედამთლი მყავს კიდევ, მოძრაობა არ შეუძლია, ნათესავმა წაიყვანა დროებით,“ – გვიყვება ია ბოლქვაძე.
ბოლქვაძეების ოჯახში არავინ მუშაობს. ისინი თვიდან თვემდე სოციალური შემწეობის იმედად არიან. ოჯახი ასევე სარგებლობს უფასო სასადილოს პროგრამით. ია ბოლქვაძე ამბობს, რომ გუშინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, საქველმოქმედო ფონდმა „იალქანმა“ ბავშვებისთვის ტანსაცმელი მიუტანა.
„მეზობლებმა შეგვიგროვეს ფული, რომ მშიერი არ ვიყოთ… მეტი არავინ მომხმარებია,“ – გვითხრა ია ბოლქვაძემ.
საუბარში ბოლქვაძეების მეზობელი თამილა დუმბაძე ჩაერთო. მან გვითხრა, რომ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ ბათუმის მერიის შენობის წინ – ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევის მოთხოვნით.
„ბოლქვაძეების ოჯახი ნამდვილად ეკომიგრანტია და ჩვენ ამ ოჯახს შევთავაზეთ წლების წინ 25-ათასლარიან პროგრამაში ჩართვა, ძმები ვერ თანხმდებიან ამაზე,“ – უთხრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ, 29 ოქტომბერს „ბათუმელებს“.
შოთა ბოლქვაძის ერთი ძმა ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ცხოვრობს, კიდევ ერთი ძმა – ნაქირავებშია.
შოთა ბოლქვაძის დის სახლი „ოცნების ქალაქში“, სადაც ახლა 11 სული ცხოვრობს / როინ გუნდაძის ფოტოები
როგორია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამოკიდებულება ფეხბურთელ გურამ კაშიას ქმედებაზე, როცა მან ლგბტ თემის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და არაძალადობრივ კამპანიაში ჩაერთო – ზურაბ პატარაძეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ მთავრობის სხდომის შემდეგ დაუსვა.
ჰომოფობიაზე საუბრის ნაცვლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აქცენტის გაკეთება ახალ სტადიონზე ამჯობინა.
„მე, ზოგადად, მიყვარს სპორტი. ბათუმში აშენდება არაჩვეულებრივი სტადიონი და იქ ძალიან კარგი თამაშები ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ სპორტსმენები და დანარჩენ კითხვებს მე არ ვპასუხობ“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შევახსენეთ, რომ შეკითხვა კონკრეტულ სპორტსმენს – გურამ კაშიას და ჰომოფობიას ეხებოდა. ზურაბ პატარაძემ დასმულ კითხვაზე ასე გვიპასუხა:
„მე არ ვიცნობ გურამ კაშიას და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ… ამ საკითხზე მე უკვე გაგეცით პასუხი“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:
“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.
საზოგადოების ნაწილმა ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.
ბერაძეების ოჯახში სულ ექვსნი არიან, მათგან ორი მოზარდია, ორი პენსიონერი და ორიც დასაქმებული. ნატო კონცელიძე, რომელიც ოჯახთან ერთად ქობულეთში ცხოვრობს და სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, ამბობს, რომ მისი და მისი ქმრის ხელფასი ჯამში თვეში მაქსიმუმ 1000 ლარს აღწევს და ეს თანხა იმაში ჰყოფნით, რომ, „უბრალოდ, ცხოვრობენ“. 2015 წელთან შედარებით, საერთო შემოსავლების უთანასწოროდ განაწილების კოეფიციენტი საქართველოში გაზრდილია.
საერთო შემოსავლების უთანასწოროდ გადანაწილების თვალსაზრისით საქართველო ამიერკავკასიის ქვეყნებს შორისაც კი ლიდერია. ამ მონაცემის შესახებ ნატო კონცელიძისთვის არაფერია ცნობილი, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ზოგიერთი საჯარო მოხელე მისი ოჯახის წლიურ შემოსავალზე ორჯერ მეტ თანხას ერთ თვეში იღებს.
„ჩემი მეუღლე მძღოლია და სულ მოძრაობს, ხან ოზურგეთშია, ხან ჟინვალში, ხან ქობულეთში. ხშირად სადაც არის, ღამის გათევაც იქ უწევს“, – ამბობს ნატო.
მაგალითად, კახა ბექაურის წლიური შემოსავალი რომ მიიღონ ნატომ და მისმა მეუღლემ, სრული 20 წელი უნდა იმუშაონ. მეტიც, კახა ბექაურისა და ეკა ბერიძის წლიური შემოსავალი 248 პენსიონერის ერთი წლის საპენსიო ფონდს შეავსებდა.
კახა ბექაური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო მისი მეუღლე, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ (თბილისის წყალი) პიარს ხელმძღვანელობს. კახა ბექაურმა გასულ წელს ხელფასის სახით 233 988 ლარი მიიღო, რაც თვეში 19 499 ლარია. ეკა ბერიძემ კი, იმავე პერიოდში ხელფასის სახით 303 575 ლარი მიიღო, რაც თვეში 25 300 ლარია.
კახა ბექაური ერთადერთი არ არის, ვინც ბიუჯეტიდან დიდ სარგებელს იღებს. მას ამის შესაძლებლობა კანონმა მისცა.
ქართულ მედიასა და საზოგადოებაში ჩინოვნიკების მაღალი თანამდებობრივი სარგო, შესაძლოა დაუმსახურებელი, მაგრამ კანონიერი (პრემიები და დანამატები), ხშირად ხდება საჯარო განხილვის საგანი. მოქალაქეების შეფასება ძირითადად ნეგატიურია, ზოგჯერ ამის მიზეზი საჯარო მოხელის კომპეტენტურობაზე ეჭვია, ზოგჯერ კი, მის ანაზღაურებასა და ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობას შორის რადიკალური სხვაობა.
სოციოლოგი ქეთი სართანია ამ რეაქციის მთავარ ფაქტორად იმ უსამართლობის შეგრძნებას მიიჩნევს, რაც ყრუდ, მდუმარედ, მაგრამ მაინც არსებობს მოქალაქეებში და რასაც რესურსების უთანასწორო გადანაწილება ჰქვია.
PMCG კვლევითი ცენტრის ეკონომისტი, მიხეილ კუკავა ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირების ხელფასებზე გაწეული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკას ნამდვილად ტვირთად აწვება, რადგან მხოლოდ ცენტრალურ აპარატს (ადგილობრივი თვითმმართველობების გარეშე) 116 700-ზე მეტი საჯარო მოხელე ჰყავს. „2012 წლის შემდეგ მათი სახელფასო დანამატებისა და პრემიების ხარჯები იზრდებოდა, მაგრამ ბოლო წელში შემცირების ტენდენცია გვაქვს, რაც, იმედია, გაგრძელდება“, – ამბობს მიხეილ კუკავა.
ფინანსური რესურსები არასწორად მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში არ ნაწილდება. ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ რესურსი უთანასწოროდ ნაწილდება კერძო სექტორსა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში.
„მაგალითად, საქართველოს საბანკო სისტემაში დაახლოებით 15 ათასი ადამიანი მუშაობს, აქედან 99%-ის ხელფასი არის 1000 ლარი, დანარჩენი 1%-ის კი – მილიონები. სისტემა და გადანაწილება უსამართლოა ყველგან. ასეთი გადანაწილებები ქმნის პრობლემებს.“
მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანასწორობა ჯინის კოეფიციენტით (სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი) იზომება. თუ საზოგადოებაში მთელ შემოსავალს ერთი ადამიანი მიიღებს და ყველა დანარჩენი არაფერს, ჯინის კოეფიციენტი 1-ის ტოლი იქნება. მთლიანი შემოსავალი თუ თანაბრად გადანაწილდება და თითოეული ადამიანი მიიღებს ერთნაირ წილს, ჯინის კოეფიციენტი იქნება 0. რაც უფრო დაბალია ჯინის კოეფიციენტი, მით უფრო თანაბარია საზოგადოება.
საქართველოს სტატისტიკური დეპარტამენტის ბოლო მონაცემით, საქართველოში 2016 წელს ჯინის კოეფიციენტი, მთლიანი შემოსავლების მიხედვით, 0.40 ნიშნულზეა. 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,1-ით არის გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლების მიხედვით სოციალური უთანასწორობა საქართველოში იზრდება. ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველო უთანასწორობის მხრივ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა რეგიონში. სომხეთში ბოლო მონაცემებით ჯინის ინდექსი 0.31-ია (2014 წლის მონაცემები), აზერბაიჯანში კი – 0.33 (2008 წელი).
სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ევროკავშირის ჯინის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 0.31-ია. ბოლო მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, ანუ საუკეთესო მაჩვენებელი – 0.24 აქვს ისლანდიასა და სლოვაკეთს, ჯინის ინდექსი 0.25-ის ტოლია სლოვენიაში, ფინეთსა და ნორვეგიაში. საქართველოს მსგავსი ჯინის კოეფიციენტია თურქეთში, სენეგალში, ტუნისისა და მალის რესპუბლიკებში.
მიხეილ კუკავას თქმით, „იმისთვის, რომ ჯინის კოეფიციენტი ასახავდეს რეალობას, უნდა გვქონდეს დეტალური ინფორმაცია. ჩემთვის ბევრი ქვეყნის მონაცემი საეჭვოა და გარკვეული პრობლემები საჭირო ინფორმაციის მოპოვების კუთხით საქართველოშიც გვაქვს – არის ზოგიერთი ინფორმაცია, რასაც მაშინაც კი ვერ ვიღებ, როცა საპარლამენტო კომიტეტის საშუალებით ვითხოვ“.
2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 11.8% შეადგინა. ამავე წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებული იყო ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 88.27%. საქართველოში დასაქმებულებში ტრადიციულად ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი – 57.6% თვითდასაქმებულია, 42.4% კი – დაქირავებული. ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის (3 720 400) 21.3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა იმყოფება. ამავდროულად მსოფლიოს ბანკის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა.
რატომ არ აისახა მსოფლიო ბანკის ეს მონაცემები ჯინის კოეფიციენტზე? ზურაბ კუკულაძე განმარტავს, რომ „სახეზე გვაქვს ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა, რაც მოსახლეობის ყველა ფენას უნდა ეტყობოდეს, მაგრამ მოსახლეობის ცხოვრების დონე არ უმჯობესდება“.
რა განაპირობებს ამას? – ამ კითხვაზე პასუხს ზურაბ კუკულაძე ქართულ ბანკებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებში პოულობს. „ჩახედეთ კომერციული ბანკების მოგებას, ის (მოგება) ყოველწლიურად დაახლოებით სამნიშნა ციფრით იზრდება. როდესაც ეკონომიკის გარკვეული სექტორი იზრდება ასი და მეტი პროცენტით, ხოლო ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით, ეს არის დისბალანსი. ეს ნიშნავს, რომ ზრდა სხვა სექტორების ხარჯზე ხდება.“ – ამბობს ის. – „ზოგადად, საფინანსო სისტემა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ ჩვენთან პირიქით ხდება – მთელი ფული იქაჩება საფინანსო სექტორში და არა იმ სექტორში, რომელიც რეალურად ქმნის დოვლათს და ასაქმებს ადამიანებს“.
ეკონომიკური ზრდა ნიშნავს საქონლის, წარმოებისა და მომსახურების ზრდას, რასაც ქვეყნის მთლიან სტატისტიკურ მონაცემზე პოზიტიური გავლენა აქვს. გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2.7% შეადგინა, ეკონომიკური ზრდის პოტენციური დონე კი 5%-ია – ეს 2018 წლის პროგნოზია.
და რა ხდება ამ ციფრების მიღმა? „ეკონომიკური ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს საზოგადოების მხოლოდ რამდენიმე ჯგუფთან, სადაც მაქსიმალური რესურსია მობილიზებული და ეს რესურსი არ ნაწილდება თანაბრად საზოგადოების სხვა ჯგუფებზე. ეს უთანასწორობის გაღრმავებას კიდევ უფრო უწყობს ხელს“, – ამბობს სოციოლოგი ქეთი სართანია.
რაც შეეხება სოციალური უთანასწორობის შედეგების გავლენას საზოგადოებაზე – სპეციალისტების განმარტებით, სიღარიბე იკარგება ისეთ ტერმინში, როგორიც არის „ეკონომიკური ზრდა“.
ზურაბ კუკულაძე:„ევროპაში გადანაწილების სისტემა ბევრად სამართლიანია, იმის გამო, რომ არსებობს კანონი პროგრესული გადასახადების შესახებ (მეტი შემოსავლის მქონე ადამიანები ბიუჯეტში მეტ გადასახადს იხდიან) და მეორე იმიტომ, რომ ამ კანონს იცავენ. ჩვენთან კანონი არ ირღვევა, მაგრამ იგი შორსაა სოციალური თანასწორობისგან“.
სოციალური უფლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა ბათუმში რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა, სალომე ასათიანმა, საჯარო შეხვედრაზე – „დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“ – როგორ გავიგოთ კრიზისი“.
მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც იმის პრობლემა აქვს, თუ რა აჭამოს ხვალ შვილს, ვერ მიიღებს მონაწილეობას ვერც დემოკრატიულ პროცესებში და ვერც ქვეყნის განვითარებაში, რადგან დემოკრატია უთანასწორობის პირობებში არ ვითარდება.
„თავისუფალი ბაზარი“ სხვაგვარად ესმით… თავისუფლების ცნებაა ცოტა გახუნებული და რეალურ შინაარსს გამოცლილი, როგორც სიტყვა „თავისუფლება“… ბაზარზე თუ დომინანტურ ძალას წარმოადგენენ კორპორაციები და ოლიგარქები, თავისუფლება მაშინ ნიშნავს თავისუფლებას სოციალური თანასწორობისგან, თავისუფლებას სოლიდარობისგან, გარემოს დაცვისგან… და ეს უკვე ნიშნავს დემოკრატიისგან თავისუფლებას. როცა ხალხის უმეტესობას ეზღუდება უფლება, რომ თავისუფალი იყოს შიმშილისგან და სიღარიბისგან, სამუშაო ადგილებზე ხიფათისგან და სიკვდილისგან, რა თქმა უნდა, იქ მატულობს ნიჰილიზმი“, – აღნიშნა სალომე ასათიანმა.
“მთავრობა იხსნის პასუხისმგებლობას და ამბობს, რომ ყველაფერი ბაზარმა დაარეგულიროს, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა გადაწყვიტონ, რომელი სექტორი უნდა დაფინანსდეს ეკონომიკაში და რომელი არა, რა უნდა განვითარდეს და როგორ. მსხვილი ბიზნესი კი გადასულია საკუთარი შემოსავლების ზრდაზე. სახელმწიფომ რომ დააწესოს მეტი რეგულაცია ბაზარზე, ეს არ უნდა მიიჩნეოდეს ბოროტებად“, – ამბობს ზურაბ კუკულაძე. ამის მაგალითად მას ევროპა მოჰყავს, სადაც ერთმნიშვნელოვნად არსებობს უფრო სამართლიანი გადანაწილების სისტემა და ამას სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. კუკულაძის თქმით, ევროპაში ეკონომიკა ვითარდება სწორედ იმის ხარჯზე, რომ იქ ეკონომიკას სწორი რეგულაციებით მართავენ.
მსოფლიო ფინანსური წიგნიერების დონის კვლევის მიხედვით, – საქართველოში მოსახლეობის 30 % ფლობს ფინანსურ ცოდნას. სომხეთს – 18 % – აქვს, აზერბაიჯანს – 36, თურქეთს – 24 %, რუსეთს – 38%.
საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა აქვს კოტ დიუარის რესპუბლიკას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, განას, ეთიოპიას, იტალიას, ლიტვას და სხვა ქვეყნებს. სტატისტიკას სათავეში დანია უდგას – 71 %, მას მოსდევს კანადა და ისრაელი 68-68 %-ით. ბოლო ადგილზე იემენის რესპუბლიკაა – 13 %-ით.
ამ სურათის შეცვლის მიზნით, განათლების სამინისტრო 2019 წლიდან სკოლებში „ფინანსური წიგნიერების“ სწავლების დაწყებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, „ფინანსური წიგნიერება“ ახალი საგანი არ იქნება და ის უკვე არსებულ საგნებთან ინტეგრირდება.
ფინანსური წიგნიერება გულისხმობს ისეთ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას, რომლის საშუალებითაც ადამიანს ინფორმირებული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.
სწორედ დაბალი წიგნიერებაა არაერთი წამგებიანი გადაწყვეტილების მიღების და ფულად პროდუქტებთან დაკავშირებული მითების გავრცელების საფუძველი. მაგალითად, ჩვენთან ხშირად მოისმენთ, რომ ონლაინ სესხებს და სწრაფ ონლაინ სამომხმარებლო სესხებს მხოლოდ დაბალშემოსავლიანი, ან უმუშევარი ადამიანები იღებენ. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ბოლო კვლევა აჩვენებს, ეს წარმოდგენა რეალობას არ შეესაბამება. ონლაინ სესხებით საქართველოს ეკონომიკის წამყვან დარგებში დასაქმებული ადამიანებიც ისევე სარგებლობენ, როგორც სხვა სექტორში დასაქმებულები.
სწრაფი ონლაინ სამომხმარებლო სესხების კომპანიის, “სოლვას” შიდა კვლევის მიხედვით, მათი კლიენტების დიდი ნაწილი – 29% გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროშია დასაქმებული. მომდევნო ადგილზეა საჯარო სექტორი – 28 %. ხოლო მესამე ადგილზე – განათლების სფეროში, მომსახურების სფეროში და ფინანსურ სექტორში დასაქმებული ადამიანები არიან 13-13 %-ით.
ამავე კვლევით, კომპანიის მომხმარებლების 49 % – 20დან 35 წლამდე ასაკის არის. 36-დან 50 წლამდე ადამიანები მათი მომხმარებლების 38 %-ს შეადგენს, ხოლო 55 + ასაკის ადამიანები – 13 %-ს.
Solva.ge საერთაშორისო სწრაფად მზარდი ჰოლდინგის, ID Finance-ის წევრი კომპანიაა. ID Finance გასცემს ონლაინ სესხებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესპანეთში, რუსეთში, პოლონეთში, ბელორუსში, ყაზახეთსა და ბრაზილიაში.
Solva-ში თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ 3000 ლარამდე ონლაინ სამომხმარებლო სესხი სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.
Solva.ge-ს სერვისით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ 20 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირიდით სოლვას ქოლცენტრს: +995 322 50 00 22, მიწერეთ Facebook-ზე: www.facebook.com/SolvaGeo, ან ესტუმრეთ მის ვებ–გვერდს: www.solva.ge
ბათუმის მერიამ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფების ფასდაკლების სისტემა დააზუსტა. ამ დრომდე ბათუმის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, შეღავათებით სარგებლობდნენ: მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ ბათუმში არსებულ სკოლებში და პედაგოგები, რომლებიც ასწავლიდნენ ბათუმში არსებულ სკოლებში, მიუხედავად მათი რეგისტრაციის ადგილისა.
ცვლილების მიხედვით, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა, მოსწავლეები და პედაგოგები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი რეგისტრირებულნი არიან ბათუმში და სწავლობენ ან ასწავლიან სხვა მუნიციპალიტეტში.
საკითხის მომხსენებლის, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის განმარტებით, ცვლილება დადგენილებაში დამატებითი ხარჯების გაწევას ბიუჯეტიდან არ გამოიწვევს.
საკრებულოს დადგენილება ბათუმში რეგისტრირებული მოსწავლეების უფასოდ მგზავრობას, ხოლო პედაგოგების 15 თეთრად მგზავრობას ითვალისწინებს.
აზიური ფაროსანასგან ციტრუსის დასაცავად სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მცენარის დროული შეწამვლისაკენ მოუწოდებს.
უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია აცხადებს, რომ მავნებლის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით ტარდება. მისი განმარტებით, პრეპარატის კონცენტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს. ლიპარტიას თქმით, რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია ლოდინის პერიოდის დაცვა მოსავლის აღებამდე: 21 დღე – ციტრუსოვან კულტურებზე, 30 – დღე სხვა მრავალწლიან კულტურებზე, 20 – დღე მარცვლეულზე, 15 დღე კი ბოსტნეულსა და პარკოსნებზე.
კამპანიას ,,ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას“ ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
მთავრობის სხდომაზე 2018 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. 2017 წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტი თითქმის 45 მილიონით იზრდება.
ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მთავრობისთვის ისევ პრიორიტეტია. აჭარის მთავრობა ბათუმი-ქედა-ხიჭაურის დასახლების გაზსადენის, ასევე ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ესტაკადის მშენებლობას აანონსებს.
ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ “ამ მეგა პროექტების განხორციელება საზოგადოების დაკვეთაა”.
მომავალ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შუახევში, ღომას მთის ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტირების დაფინანსებასაც აპირებს.
ჯამში ამ უწყების ბიუჯეტი 19 მილიონ 455 ათასი ლარით იზრდება.
3 მილიონ 708 ათასით იზრდება აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. სამინისტრო 14 სკოლის მშენებლობას, 23 სკოლის რეაბილიტაციას, 27 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვას გეგმავს.
განათლების სამინისტრო მომავალ წელს მხოლოდ 8 საჯარო სკოლის აღჭურვას მოახერხებს თანამედროვე ინვენტარით და 3 სკოლაში ლაბორატორიის კომპლექტის შეტანას.
რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პრიორიტეტი ისევ ხიხანის, პეტრას და გონიოს ციხეებია.
სამინისტროს ბიუჯეტში ისევ იქნება თანხა გათვალისწინებული “ბათუმის ისტორიის მუზეუმის” მოწყობისთვის. ამ მუზეუმის მოსაწყობად თანხა რამდენიმე წლის წინ იყო გამოყოფილი, მუზეუმი მოეწყო, მაგრამ შენობაში წყალი ჩადის და მისი გახსნა განათლების სამინისტრომ დღემდე ვერ მოახერხა.
მხოლოდ 856 ათასი ლარით იზრდება რეგიონში სოფლის მეურნეობის დაფინანსება. ამ მიმართულებით სამინისტრო ნედლი რძის რეალიზაციის ხელშეწყობას აპირებს, ასევე 20 ჰექტარზე ჩაის ახალი პლანტაციის გაშენებას.
აჭარის მთავრობის სხდომაზე თითოეული მინისტრი ცალ-ცალკე საუბრობს იმ პროგრამებზე, რომელთაც 2018 წლის ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.
ბიუჯეტის პროექტი განხილვის შემდეგ აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.