მთავარი,სიახლეები

შსს ბათუმში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს

31.10.2017 • 4306
შსს ბათუმში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში საჯარო სკოლის მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს. ინფორმაციას, სავარაუდო სექსუალური შევიწროვების შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე დღეა არკვევს. არც სკოლაში და არც აჭარის განათლების სამინისტროში შემთხვევას არ უარყოფენ, თუმცა კონკრეტულ პასუხებს გაურბიან.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწრეობის მცდელობას. გაქვთ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია?“ – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს დაუსვა, რაზედაც მინისტრმა გვიპასუხა: „მაქვს ინფორმაცია, გიდასტურებთ, მაგრამ არის თემები, რომლის აჟიტირება არ შეიძლება. ეს ძალიან საფრთხილო და სათუთი თემაა, თუმცა უნდა მივყვეთ მოვლენებს და ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტული კომენტარისგან თავს შევიკავებ“.

მინისტრი ამბობს, რომ ეს არის მანდატურის მიერ დაფიქსირებული ფაქტი. „მე ამ დროისთვის მანდატურის ოფიციალური განაცხადი არ მაქვს, მაგრამ მე ვიცი, რომ მანდატურთან დაფიქსირდა ამბავი“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა დააფიქსირა მანდატურმა, იყო თუ არა სექსუალური შევიწროების მცდელობა, ინგა შამილიშვილი ამბობს: „მანდატურთან მოხდა რაღაც დოზით ამ ფაქტის დაფიქსირება მოსწავლის მხრიდან, შედეგებს შემდეგ გავიგებთ“.

აჭარის განათლების მინისტრმა ასევე თქვა, რომ „პროცესში ჩართულია არაერთი სამსახური…“ უშუალოდ განათლების სამინისტრო კი იკვლევს იმას, რატომ ამზადებდა მასწავლებელი თავის მოსწავლეს თანხის სანაცვლოდ.

„სკოლა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვერ გამოიძიებს სექსუალური ძალადობის ფაქტს. ეს არის სხვა ორგანოს პრეროგატივა, ამიტომ, პირველი კვლევის შედეგებით თუ გამომჟღავნდა, რომ არსებობდა ასეთი ფაქტი, მაშინ უკვე შემდგომ ჩაერთვებიან სამართალდამცავები“, – გვეუბნება მინისტრი.

სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ვკითხეთ მოსწავლის კლასის დამრიგებელსაც. ის ამბობს, რომ მოზარდთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია არ აქვს, რადგან ის მათთან ცოტა ხნის წინ გადმოვიდა. იგი გვიყვება, რომ ბავშვი არ ჰქონდა მაღალი აკადემიური მაჩვენებელი და დამატებით მომზადებას საჭიროებდა: „სადღაც ამზადებდა, მაგრამ სად, ინფორმაცია არ  მაქვს. ორი გაკვეთილის შემდეგ აღარ მივიდა მასწავლებელთან, ვერ გადავიხდი ფულსო და როცა შეწყვიტა ბავშვმა მასთან  მომზადება,  ცოტა უფრო გაუხეშდა მასწავლებელი მის მიმართ“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როდის  მიიღო ეს ინფორმაცია მან მოსწავლისგან, კლასის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დეტალებზე არ სურს საუბარი. „მე ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ, ვიკვლევთ.  სხვა ინფორმაცი არ მაქვს“.

თავის მხრივ სკოლის დირექტორიც აზუსტებს, რომ მოსწავლის მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ არც მას აქვს ინფორმაცია: „მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამზადებდა საკუთარ მოსწავლეს და თუკი დადასტურდება ფაქტი, რომ მასწავლებელი მოსწავლეს ფულის სანაცვლოდ ამზადებდა, საქმე განსახილველად სკოლის დისციპლინარულ საბჭოს გადაეცემა. დადასტურების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შევუწყვეტ ხელშეკრულებას“.

სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მოკვლევა 27 ოქტომბერს დაიწყო. 31-ის ოქტომბრის ჩათვლით მასწავლებელი სკოლაში არ გამოცხადებულა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: