მთავარი,სიახლეები

სტუდენტი ადევნებაზე: ოჯახი, ლექტორები მეუბნებიან, რომ პოლიციას არ მივმართო

01.11.2017 • 4057
სტუდენტი ადევნებაზე: ოჯახი, ლექტორები მეუბნებიან, რომ პოლიციას არ მივმართო

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ამავე სასწავლებლის სტუდენტის მხრიდან ადევნებასა და ძალადობაზე საუბრობს. ნინო [სტატიაში სახელები შეცვლილია] გვიყვება, რომ სტუდენტი ბიჭი დაახლოებით 7 თვეა უთვალთვალებს, ხშირად გზაში ხვდება და სიყვარულს სთხოვს.

ნინო ამბობს, რომ გივიმ რამდენჯერმე ქუჩაში სიტყვიერად შეურაცხყო და ხელიც დაარტყა. ნინომ პოლიციას უკვე მიმართა, მაგრამ ამით, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. „საქართველოში ზერელედ უყურებენ გარკვეულ საკითხებს,“ – ასეთი განცდა დაუტოვა მას არა მხოლოდ პოლიციის ქმედებამ, არამედ რეაქციებმა, რასაც ოჯახსა და უნივერსიტეტში ამ პრობლემის მიმართ დამოკიდებულებაში ხედავს.

„ერთხელ ქუჩაში დამხვდა და სახალხოდ ჩხუბი დამიწყო. მითხრა, როგორც მე მიყვარხარ, შენც ისე უნდა შემიყვაროო. მეტს არაფერს ითხოვს ჩემგან, გამუდმებით ამას იმეორებს. ორჯერ ქუჩაში ფიზიკურადაც იძალადა, ხელი დამარტყა…“ – გვიყვება ნინო.

ნინოს და გივის ერთმანეთი დაახლოებით ერთი წლის წინ გაუცნიათ. მეგობრობა აპრილში დასრულდა, როცა გივიმ გოგოს უთხრა, რომ უყვარს. „ამის შემდეგ მითვალთვალებს ქუჩაში, უნივერსიტეტში, გზაში. იცის, სად შევდივარ, გამოვდივარ. ეს ყველაფერი ძალიან შემაწუხებელია… ადევნების შესახებ უნივერსიტეტში უკვე ყველამ გაიგო, მაგრამ ადმინისტრაცია ამაში არ ჩარეულა. როგორც ჩანს, ყველა თვლის, რომ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა. ქუჩაში როცა მეჩხუბებოდა და ხელი დამარტყა, ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი დადიოდა, უბრალოდ, ინტერესით შემოგვხედეს და წავიდნენ. ჩემი მეგობარი შეესწრო ქუჩაში ჩვენს კონფლიქტს და დაურეკა პოლიციას. ეს ორი კვირის წინ მოხდა. მანამდეც მივმართე პოლიციას, მაგრამ არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ. ის ბიჭი ახლა ფეისბუქში მწერს, პოლიციიდან საქმე გამოიტანეო, თვალთვალი გრძელდება, თავს დაცულად არ ვგრძნობ, როდის დამესხმება თავს, არ ვიცი,“ – გვიყვება ნინო.

რა რეაქცია ჰქონდათ ადევნებაზე ნინოს მშობლებს და უნივერისტეტის ლექტორებს? – ნინოს თქმით, მშობლებს არ ჩაუთვლიათ საჭიროდ პოლიციისთვის მიემართათ: „უბრალოდ თავი დაანებე, შეეშვი, პოლიცია არ გინდაო, ეს მითხრეს მშობლებმა, ორივე უნივერსიტეტში მუშაობს. იგივე პოზიცია აქვთ ლექტორებს. მეუბნებიან, რომ არ უნდა მივაქციო ყურადღება და თავი ავარიდო, რანაირად – ამას ვერ მეუბნებიან.  ეს ჩვეულებრივი ამბავია კურსელებისთვისაც.“

რა გააკეთა პოლიციამ მიმართვის შემდეგ – ნინოს ისტორია გამომძიებლებმა უკვე ორჯერ მოისმინეს. პირველად, როცა ნინო საკუთარი ფეხით მისულა პოლიციის მეორე განყოფილებაში. მეორედ ნინო მეექვსე განყოფილებაში გამოკითხეს, როცა მისი მეგობარი ქუჩაში ჩხუბს შეესწრო და პოლიციას დაურეკა.

„მოუსმინეს მოწმეებს. ის ბიჭიც დაკითხეს. გამომძიებელმა მითხრა, ყველაფერი დაადასტურაო. ხელწერილი დაუწერია და წასულა. მეტი ინფორმაცია არ მაქვს, რა გააკეთა პოლიციამ. ფაქტია, რომ ხელწერილმა არაფერი შეცვალა,“ – დასძენს ნინო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის და ადევნების მუხლებით. ადევნება სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის მაისში გაჩნდა და ნიშნავს უკანონო თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, ან სხვა განზრახ ქმედებას, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას.

„ქმედება „ადევნებად“ რომ შეფასდეს, ამისთვის აუცილებელია „ადევნების“ გამო მსხვერპლი იძულებული გახდეს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი, ან შეიქმნას ცხოვრების წესის შეცვლის რეალური საჭიროება,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობაზე ოპერატიული რეაგირებისთვის შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი, ან დამცავი ორდერი.

„შემაკავებელი და დამცავი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რისთვისაც სანქციის სახით გათვალიწინებულია ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღემდე ვადით, ან გამასწორებელ სამუშაოები ერთ თვემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში, იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია, ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180-დან 240 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.

თუკი გივის ადევნება დადასტურდება, სწორედ ეს სანქცია ემუქრება. ადევნება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც – 2 წლამდე ვადით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: