ნეტგაზეთი • RU

ბიზნესმენ თენგიზ ბაკურიძის შეუსრულებელი დაპირება სტალინის მუზეუმზე

სამი წლის წინ ბათუმში სტალინის სახლ-მუზეუმი დაანგრიეს. ისტორიული სახლის ნაცვლად ამ ადგილას ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა. სახლის დანგრევამდე, 2011 წელს, ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ მედიასთან განაცხადა, რომ სახლს, სადაც სტალინი ცხოვრობდა, შეაკეთებდა და კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდეგ მუზეუმს ისევ მოაწყობდა. მაშინ სტალინის მუზეუმიდან ექსპონატები დროებით ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანეს.

„საჯარო პირობის გარდა, ჩვენ თენგიზ ბაკურიძემ ხელშეკრულება გაგვიფორმა, სადაც წერია, რომ კორპუსების აშენების შემდეგ სტალინის მუზეუმი ისევ ძველ ადგილზე გაიხსნებოდა. პირობა არ შესრულდა. ბიზნესმენს მივაკითხეთ. გვითხრა, რომ მერიამ არ მისცა ამის უფლება,“ – ამბობს „სტალინის საზოგადოების“ წევრი, ნუგზარ კეკელიძე.

რატომ არ შეასრულა პირობა თენგიზ ბაკურიძემ? – ბიზნესმენმა გვითხრა, რომ სტალინის მუზეუმის მოწყობა ახლაც სურს, მაგრამ მშენებლობის ნებართვა მერიისგან ვერ მიიღო.

„როცა ეკონომიკის სამინისტროსგან ვიყიდე მიწის ნაკვეთი, ოფიციალურად არ მქონია სტალინის სახლ-მუზეუმის შენარჩუნების ან ახლის მოწყობის ვალდებულება. ვადასტურებ, რომ საჯაროდ დავპირდი საზოგადოებას სტალინის მუზეუმის მოწყობა. ძველი სახლი დავანგრიეთ, რადგან რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა, ავარიული იყო, წყალი ჩამოდიოდა, კედლები იქცეოდა… მე ნამდვილად ვთქვი, რომ მუზეუმს ხელახლა მოვაწყობდი იმავე სტილით, რაც მანამდე იყო, პროექტი წარვადგინეთ მერიაში ორი წლის წინ, მაგრამ უარი გვითხრეს. არ ვიცი, რატომ თქვეს უარი. ახალი მერი რომ მოვა, ხელახლა მივმართავ,“ – აღნიშნა თენგიზ ბაკურიძემ.

„მუზეუმს იქ ვეღარ ააშენებს, რადგან მშენებლობის კოეფიციენტი უკვე ათვისებული აქვს, რა ფართობის ათვისებაც შეიძლებოდა, მაქსიმალურად ათვისებულია,“ – გვითხრა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ. მისი თქმით, თენგიზ ბაკურიძეს ახალი მუზეუმის ასაშენებლად პროექტი არ წარმოუდგენია. ახალი კორპუსების მშენებლობის ნებართვა კი თენგიზ ბაკურიძეს 2011 წელს მიუღია.

თენგიზ ბაკურიძე: „რა კოეფიციენტი უნდა მუზეუმის აშენებას. მე იქ დატოვებული მაქვს მუზეუმის ადგილი, ერთი ოთახი მოეწყობა, პროექტზე ველაპარაკე მე მერიას. მთავარია, უფლება დაგვრთონ და პროექტი რა პრობლემაა… კოეფიციენტი რომ იძლეოდეს მაგის საშუალებას, მაშინ კი აღარ დამჭირდებოდა დახმარება. მე ვსაუბრობ ერთსართულიან ბელეტაჟ სახლზე. ამაზე ვითხოვ უფლებას და იმედი მაქვს, მივაღწევ ამას“.


სტალინის სახლ-მუზეუმი პუშკინის #19-ში მდებარეობდა. ამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა. შესაბამისად, არც ერთ ოფიციალურ უწყებას ბიზნესმენი არ დაუვალდებულებია, სტალინის მუზეუმი შეენარჩუნებინა.

ამ შენობაში სტალინის მუზეუმის გახსნა განაპირობა იმან, რომ ეს იყო სახლი, სადაც ცხოვრობდა სტალინი. XIX საუკუნის დამლევს სახლი მესაათე სიმხოვიჩს ეკუთვნოდა. ამ უბანში სახლებს მეტწილად გასაქირავებლად აშენებდნენ. რამდენიმე ერთად ქირაობდა ოთახს. ყოველი მათგანი სახლის პატრონს თვიურად სამ მანეთს უხდიდა ერთი საწოლისათვის. ამ სახლის ერთ ოთახში ცხოვრობდნენ მანთაშევის ქარხნის მუშა კოტე კალანტაროვი და კოწია კანდელაკი.

აქ ცხოვრებისას სტალინმა ჩამოაყალიბა რამდენიმე არალეგალური სოციალ-დემოკრატიული წრე, რომლებსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. აქვე მომზადდა ამ წრის პირველი არალეგალური კონფერენცია. ამ სახლში ინახებოდა სტამბა, რომელიც 1902 წლის დამდეგს გამართა ბათუმის კომიტეტმა. ოთახი, სადაც სტალინი ცხოვრობდა, 14 კვ. მეტრია. ოთახში იდგა ხის სამი საწოლი, ერთი უჯრიანი ძველი მაგიდა, რომლის თავზე, კედელზე თუნუქის პატარა ლამპა ეკიდა. ოთახში იდგა ოთხი ხის სკამი და ნავთქურა. მუზეუმში დაცული იყო 400-მდე ექსპონატი და 2000-მდე წიგნადი ფონდი. ექსპონატები გადატანილია ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში.

მთავარ ფოტოზე: სტალინის სახლ-მუზეუმი ბათუმში / 2014 წლის 09 მარტი / „ბათუმელების“ არქივიდან 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი