მთავარი,სიახლეები

ოჯახი, რომელსაც „ოცნების ქალაქში“ სახლი დაეწვა: ბავშვებს იატაკზე სძინავთ

31.10.2017 • 2400
ოჯახი, რომელსაც „ოცნების ქალაქში“ სახლი დაეწვა: ბავშვებს იატაკზე სძინავთ

„არ ვიცი, სად წავიდე, ვის მივმართოთ… შვიდი შვილი მყავს, იატაკზე სძინავთ ბავშვებს, სკოლაში არ წასულან, რით უნდა წავიდნენ, რა ჩავაცვა, რა უნდა ვაჭამო? ჩანთებიც დაიწვა,“ – ამბობს ია ბოლქვაძე, რომლის 10-სულიან ოჯახს სახლი „ოცნების ქალაქში“ სამი დღის წინ  დაიწვა.

ია ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხანძარი იმდენად სწრაფად გაჩნდა, ვერაფრის გადარჩენა შეძლო – ავეჯის, ტანსაცმლის, ჭურჭლის… ამბობს, რომ მთავრობიდან დასახმარებლად არავინ მისულა. არც ბავშვების მდგომარეობით დაინტერესებულა ვინმე, რომლებსაც იატაკზე სძინავთ უკვე მესამე ღამე. იასა და შოთა ბოლქვაძის შვილებიდან ყველაზე პატარა 2 წლისაა, უფროსი – 17 წლის.  ბავშვები მამიდას პატარა ქოხში ცხოვრობენ, რომელიც ასევე „ოცნების ქალაქშია“.

„მხოლოდ რამაზ ჯინჭარაძე იყო მოსული ჯანდაცვის სამინისტროდან. გვითხრა, რომ 25 ათას ლარს მოგვცემენ ახალი სახლის შესაძენად, მაგრამ ჩემს ქმარს ორი ძმა ჰყავს, სამივე ერთ ოჯახში ცხოვრობდა ხულოში, სოფელ ირემაძეებში. იქ მეწყერმა წაიღო ჩვენი სახლი. სამზე რომ განაწილდება 25 ათასი, რა მოგვიწევს? ქირის ფულს გადაგიხდიანო, აგიც გვითხრა რამაზ ჯინჭარაძემ. გავიგეთ, რომ 150 ლარია გამოყოფილი თვეში. სად უნდა ვნახო ბინა ამ ფასად, სადაც 7 მცირეწლოვანი ბავშვით შემიშვებენ? მოხუცი დედამთლი მყავს კიდევ, მოძრაობა არ შეუძლია, ნათესავმა წაიყვანა დროებით,“ – გვიყვება ია ბოლქვაძე.

ბოლქვაძეების ოჯახში არავინ მუშაობს. ისინი თვიდან თვემდე სოციალური შემწეობის იმედად არიან. ოჯახი ასევე სარგებლობს უფასო სასადილოს პროგრამით. ია ბოლქვაძე ამბობს, რომ გუშინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, საქველმოქმედო ფონდმა „იალქანმა“ ბავშვებისთვის ტანსაცმელი მიუტანა.

„მეზობლებმა შეგვიგროვეს ფული, რომ მშიერი არ ვიყოთ… მეტი არავინ მომხმარებია,“ – გვითხრა ია ბოლქვაძემ.

საუბარში ბოლქვაძეების მეზობელი თამილა დუმბაძე ჩაერთო. მან გვითხრა, რომ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ ბათუმის მერიის შენობის წინ – ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევის მოთხოვნით.

„ბოლქვაძეების ოჯახი ნამდვილად ეკომიგრანტია და ჩვენ ამ ოჯახს შევთავაზეთ წლების წინ 25-ათასლარიან პროგრამაში ჩართვა, ძმები ვერ თანხმდებიან ამაზე,“ – უთხრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ, 29 ოქტომბერს „ბათუმელებს“.

შოთა ბოლქვაძის ერთი ძმა ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ცხოვრობს, კიდევ ერთი ძმა – ნაქირავებშია.

შოთა ბოლქვაძის დის სახლი „ოცნების ქალაქში“, სადაც ახლა 11 სული ცხოვრობს / როინ გუნდაძის ფოტოები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: