სიახლეები

საბავშვო ბაღების დირექტორებს ახალი წესით დანიშნავენ – საკრებულოს გადაწყვეტილება

31.10.2017 • 5056
საბავშვო ბაღების დირექტორებს ახალი წესით დანიშნავენ – საკრებულოს გადაწყვეტილება

ბათუმის მერიის მიერ დადგენილი ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, საბავშვო ბაღის დირექტორობის მსურველს  ევალება საკონკურსო კომისიას წარუდგინოს ცნობა, რომ ის არ არის ნასამართლევი განზრახ დანაშაულისთვის და ასევე არ არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი. მოთხოვნებში არ წერია ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, რამაც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„… თუ ითხოვთ  ნასამართლეობის ცნობას, რატომ არ ჩაწერეთ მოთხოვნებში, რომ პირს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს ფსიქონევროლოგის დასკვნა?- იკითხა საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა კობა ჩხეიძემ.

საკითხის მომხსენებელმა, მერიის განათლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლამზირა ბოლქვაძემ განმარტა, რომ ბაღების გაერთიანებას შეუძლია შინაგანაწესით მოსთხოვოს დირექტორობის მსურველს ე.წ. ფორმა 100.  საკრებულოს დადგენილების პროექტი კი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის შესახებ საქართველოს კანონს ეფუძნება.

საკრებულოს წევრი ომარ ფარტენაძე, ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იმით დაინტერესდა, რატომ არის სავალდებულო ბაღის დირექტორს ჰქონდეს მაგისტრის დიპლომი. გარდა ამისა, მან  ჩამოთვალა ოცდაათამდე დასახელების ნაშრომის შესახებ, რომელთა ცოდნაც, დადგენილების მიხედვით, ბაღის დირექტორს მოეთხოვება:

„თქვენ აქ მეცნიერ თანამშრომელი უნდა აირჩიოთ თუ ბაღის დირექტორი. კომისიის წევრმა, ვინც დირექტორობის მსურველი უნდა შეამოწმოს, ეს ყველაფერი იცის?“ – დაინტერესდა საკრებულოს წევრი. ამის შემდეგ კი მოყვა იმაზე, თუ როგორ ატარებს მერია ბაღის დირექტორების კონკურსს:

„…მეგობრის მეუღლე იღებდა მონაწილეობას, ორი ეტაპი წარმატებით გაიარა, მოვიდა მესამე ეტაპი, კომისიასთან გასაუბრება. სამი კითხვა დაუსვეს, მეუღლე ვინ არისო, რამდენი შვილი გყავსო და რით არიან დაკავებულიო?“

„ჩაიჭრებოდა“ – უპასუხა მას რეპლიკით საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ.

„ჩაიჭრა“ – დაადასტურა საკრებულოს წევრმა და ამით დაასრულა გამოსვლა დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესებაზე დადგენილების პროექტთან დაკავშირებით.

ფსიქოლოგიური ტესტის გავლის დავალდებულების აუცილებლობაზე ისაუბრა საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ჯაბა ბერიძემაც.

საკრებულოს წევრის პაატა მგელაძის აზრით კი, „აუცილებელია დაწესდეს ბაღის დირექტორის ფსიქიკური მდგრადობის სტანდარტი.“  საკრებულოს წევრმა განმარტა, რომ „ფორმა 100“ საკმარისი არ არის, რადგან  საჭიროების შემთხვევაში „დღეს ფორმა 100-ს გიჟიც წარმოადგენს.“

მას საკრებულოს თავმჯდომარე არ დაეთანხმა. „როგორ არა, მე მოტანილი მაქვს“ – უთხრა მან პაატა მგელაძეს.

როგორ, ფსიქიატრმა გნახა?  –  დაინტერესდა საკრებულოს წევრი.

პაატა მგელაძე

ამ საკითხზე საკრებულოს წევრებმა დიდხანს იკამათეს. ნატალია ზოიძე ამტკიცებდა, რომ კანონი ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას ითხოვს და რამდენად რეალურია ეს ცნობა, ამის გარკვევა საკრებულოს ან მერიის კომპეტენცია არ არის, თუმცა ამ განმარტებამ პაატა მგელაძე ვერ დაამშვიდა:

„მომისმინეთ ქალბატონო ნატალია, ამასწინათ ისე ავიღე ცნობა, თვალით არ მინახავს ფსიქიატრი, დამიწერეს, რომ ნორმალური ვარ.“

ამჯერად მას „რესპუბლიკელი“ თემურ ყურაშვილი გამოეხმაურა:
„შენც დასაჭერი ხარ და იგიც“.

„გადავიდეთ პროკურატურაში“, – ინიციატივით გამოვიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მიქელაძე.

ამის შემდეგ პაატა მგელაძეს, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, რომ  დადგენილებაში ფსიქოლოგიური ტესტის გავლის ვალდებულება შეეტანათ, საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ განუმარტეს, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მას მოსთხოვდნენ ცნობას ფსიქოლოგიური ტესტის გავლის შესახებ. ჩანდა, რომ ეს ხუმრობით უთხრეს.

საკრებულოს წევრები საბოლოოდ ნინო ბერაძემ დააშოშმინა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დადგენილების პროექტი კანონმდებლობის მოთხოვნებს პასუხობს, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმაც მის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.

ბათუმის მერიის ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, ბაღის დირექტორობის მსურველს  უნდა ჰქონდეს აკადემიური უმაღლესი ხარისხის განათლება, მაგისტრის დიპლომი. სკოლამდელი აღზრდისა და  განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება, ან დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, დირექტორობის მსურველს ევალება იცნობდეს შესაბამის კანონმდებლობას და ფლობდეს დადგენილებით მოთხოვნის სხვა უნარ-ჩვევებს.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

გადაბეჭდვის წესი