მთავარი,სიახლეები

მეხუთე მცდელობა – ბათუმში ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ისევ იყიდება

14.04.2017
მეხუთე მცდელობა – ბათუმში ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ისევ იყიდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ოთხი უშედეგო მცდელობის შემდეგ გასაყიდად ისევ გამოიტანა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ამჯერად სამინისტრო ყოფილი ეროვნული ბანკის შენობას ბათუმში, ასევე მასთან დაკავშირებულ ძირითად საშუალებებსა და მცირეფასიან ინვენტარს ერთ ლოტად, 15 მილიონ ლარად და პირობებით ყიდის.

თავდაპირველად სამინისტროს ეს ქონება 5 მილიონ 850 ათას დოლარად ჰქონდა აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი, შემდეგ  ფასი 4 მილიონ 95 000 დოლარი იყო.

აუქციონის პირობების მიხედვით, მომავალმა მესაკუთრემ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ხუთი თვის ვადაში სამინისტროს საკუთრებაში გადაცემული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა წარუდგინოს.

მყიდველმა იმავე ვადაში, ქონების მესაკუთრესთან, ბათუმის მერიასთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება ეროვნული ბანკის შენობის ფასადზე განთავსებული ასტრონომიული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.

აუქციონის პირობაა, ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდაოთხი თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში არანაკლებ ოცდახუთნომრიანი სასტუმროსა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ამოქმედება; ამ ობიექტების ამოქმედებიდან ორ თვეში კი ინვესტორმა არანაკლებ 50 მოქალაქე უნდა დაასაქმოს, რომელთა  90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

მყიდველმა უნდა აიღოს ასევე სასტუმროსა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის მუდმივად ოცი წლის ვადით შენარჩუნების ვალდებულება.

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ოცდაოთხი თვის ვადაში მყიდველმა არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: