მთავარი,სიახლეები

რას შეცვლის პროფესიული განათლების რეფორმა

01.11.2017 • 2610
რას შეცვლის პროფესიული განათლების რეფორმა

ახალგაზრდები უნივერსიტეტებში ჩაბარებას იმ შემთხვევაშიც შეძლებენ, თუ მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სწავლას გააგრძელებენ პროფესიულ სასწავლებელში. ეს მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ახალ კანონპროექტს პარლამენტიც დაამტკიცებს. დღეს არსებული კანონით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება მე-12 კლასის დასრულების გარეშე შეუძლებელია.

გია 26 წლისაა, ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა კვების ტექნოლოგიების მიმართულებით. თბილისში სტუდენტი შვილის შენახვა სოფელში მცხოვრები გიას ოჯახისთვის მძიმე ტვირთი იყო. ამას დაემატა ისიც, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან თავის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვერ იშოვა. ბევრი მცდელობის შემდეგ გზების სამშენებლო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, სადაც თავისი უმაღლესი განათლება არაფერში გამოადგა, ფიზიკურად შრომობს და გასამრჯელოს ყოველდღიურად იღებს – თვეში, საშუალოდ, 400 ლარს.

გიას თბილისში სწავლა და ცხოვრება მის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში ათი ათას ლარზე მეტი დაუჯდა. განსხვავებული არჩევანი გააკეთა გიას ძმამ. თემომ საშუალო სკოლა მხოლოდ იმიტომ დაასრულა, რომ ოჯახს არ უნდოდა „სახლში უსაქმოდ მჯდარიყო“. სკოლის დასრულების შემდეგ კი, სწავლა მრავალპროფილურ კოლეჯში მზარეულის პროგრამაზე გააგრძელა. თემო ერთი წლის შემდეგ, პრაქტიკიდან რამდენიმე დღეში, დასაქმდა კიდეც. მისი ხელფასი თვეში 600 ლარია, მომატების პერსპექტივით.

პროფესიული კოლეჯის სტუდენტები.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გია არ არის ერთადერთი, ვინც დიდი დრო და ფინანსები დახარჯა უსარგებლოდ. ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ბერიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს კურსდამთავრებულთა  დასაქმებაზე კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილე 1 341 პირიდან თავისი სპეციალობით მხოლოდ 43 პროცენტი მუშაობს, მომიჯნავე სპეციალობით – 15.4 პროცენტი, თითქმის ამდენივე – 15.7 – სრულიად განსხვავებულ პოზიციაზეა დასაქმებული. 25.9 პროცენტი კი საერთოდაც უმუშევარია.

კვლევის ავტორი ამბობს, რომ კვლევის კომპონენტი არ ითვალისწინებდა იმის დადგენას, 15.7 პროცენტი მომსახურების სფეროშია დასაქმებული, თუ ისეთ სფეროში, რომელსაც უმაღლესი განათლება სჭირდება.

„ეს არის ცალკე კვლევის თემა. თუკი აღმოჩნდება, რომ ამ პოზიციებზე დასაქმებისთვის პროფესიული განათლება საკმარისი იყო, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა გაცილებით მეტი დრო და თანხა დახარჯეს, ვიდრე მათ დასაქმებას სჭირდებოდა“.

ანზორ ბერიძის თქმით, ქვეყანა დიპლომისკენ სწრაფვის საბჭოთა მიდგომებიდან თანამედროვე რეალობაზე რომ გადაერთოს, მენტალური ცვლილებები აუცილებელია. „მენტალური ცვლილებები კი უნდა დაიწყოს დამსაქმებელშიც, რომელიც ყველა პოზიციაზე უმაღლესის დიპლომს ითხოვს და არა კვალიფიციურ სპეციალისტს“, – ამბობს ანზორ ბერიძე.

გარდა მენტალური პრობლემებისა, არსებობს სამართლებრივი ბარიერებიც, მაგალითად, არც საჯარო სამსახურის შესახებ კანონი აძლევს პროფესიული განათლების მქონეს საჯარო სამსახურში დასაქმების საშუალებას. ანზორ ბერიძის აზრით, ეს კანონი გადასახედია:

„ჩვენ გვყავდა ძალიან კარგი ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტი, რომელსაც პროფესიული განათლება ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ სამინისტროში მისი აყვანის სურვილიც არსებობდა, კონკურსში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან უმაღლეს განათლებას ითხოვდნენ. ამ პოზიციას უმაღლესი განათლება არ სჭირდება. აი, ეს არის პრობლემა“.

სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტები.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ანზორ ბერიძე მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულებაც პროფესიული განათლების მიმართ: „ეს უნდა დავიწყოთ ჩვენი ოჯახებიდან. რადგან ჩვენ პროფესიულ განათლებას ვურჩევთ სხვებს, მაგრამ არა საკუთარ შვილებს“.

გელა ლომიაშვილი, რომელიც პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის საკითხებზე მუშაობს, ეთანხმება ანზორ ბერიძეს და ამბობს, რომ ახალგაზრდებს შორის პროფესიული სწავლების არაპოპულარობას ამ საკითხისადმი მშობლების საბჭოთა დამოკიდებულება განაპირობებს. „მაგრამ, როცა ჩვენ მათ ვაცნობთ პროგრამებს და ვუხსნით პროფესიული განათლების მნიშვნელობას, რადიკალურად იცვლება მათი განწყობები. გვეუბნებიან – „ჩვენ არ ვიცოდით ამის შესახებ“. სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს პროფესიული პროგრამების პოპულარიზაციისთვის, ერთი ვიდეორგოლის გადაღება არ არის საკმარისი.“

გელა ლომიაშვილის აზრითაც, ყველაზე დიდი პრობლემა, რამაც მოზარდები პროფესიულ განათლებას დააშორა, არის კანონმდებლობა: „ის, რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეს უმაღლესში სწავლის გაგრძელება არ შეეძლო, იყო მნიშვნელოვანი ჩიხი“.

დაგვიანებით, მაგრამ ამ ბარიერის მოხსნის აუცილებლობა დაინახა სახელმწიფომაც – უკვე მზად არის კანონპროექტი, რომლითაც პროფესიული განათლების პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. „დღემდე ცხრაკლასდამთავრებული ვერ აგრძელებდა სწავლას უმაღლესში, ანუ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპი არ იყო დაცული. რეფორმით ეს ხარვეზი აღმოიფხვრება. კოლეჯებში მოსწავლეები პროფესიულთან ინტეგრირებულ საშუალო განათლების პროგრამებს ისწავლიან და ატესტატთან გათანაბრებულ დოკუმენტს მიიღებენ“, – ამბობს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინა წეროძე.

ფოტო: მანანა ქველიაშვილის

შესაბამისად, თუ მოზარდი მე-9 კლასიდან გადაწყვეტს რომელიმე ხელობის შესწავლას, ხოლო წლების შემდეგ მოინდომებს უმაღლესი განათლების მიღებას, მას უკვე ექნება ამის უფლება.

ირინა წეროძის თქმით, პროფესიული და ზოგადი განათლების ინტეგრირებულ საპილოტე პროგრამებს სოფლის მეურნეობის (მეცხოველეობა, მებაღეობა) მიმართულებით უკვე ახორციელებენ.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ პროფესიული განათლების რეფორმა სწორედ იმ ჩიხის აღმოსაფხვრელად გახდა აუცილებელი, რომელიც განათლების სისტემაში გაჩნდა. ოფიციალური განმარტებით, კანონპროექტის მიხედვით, ფუნდამენტურად იცვლება პროფესიული განათლების სისტემა.

სტუდენტები, რომლებსაც პროფესიულ სასწავლებელში ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ პროფესიული განათლების რეფორმა დაგვიანებულია, თუმცა კარგია, რომ ძვრები დაიწყო.

„ეროვნული გამოცდები ვერ ჩავაბარე, ამიტომ წლების დაკარგვას აქ სწავლა ვარჩიე“, – გვეუბნება მალვინა ზოიძე, რომელიც ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობს.

„კანონს შესაძლებლობა რომ მოეცა, პროფესიულზე უფრო ადრე ჩავაბარებდი, რადგან მეცოდინებოდა, რომ ამით უმაღლესში ჩაბარების პერსპექტივა არ დამეკარგებოდა“, – ამბობს დიანა გულაბერიძეც.

თორნიკე 19 წლისაა, საშუალო სკოლა დაასრულა, თუმცა სწავლა მაინც პროფესიულში გააგრძელა. ელექტროობას სწავლობს და ზაფხულში მუშაობდა კიდეც.

პროფესიულ კოლეჯ „ბლექსის“ ერთ-ერთი მასწავლებელი ოთარ ხაჯიშვილი კი, რეფორმის წარმატებას ხარისხიან სწავლებაში ხედავს და თავის კოლეჯში არსებულ მოძველებულ ტექნიკურ ბაზაზე ამახვილებს ყურადღებას:

„გვჭირდება ახალი ვოლტმეტრი, რაც გვაქვს, ძალიან დაბალი დონისაა. სამფაზა ძრავები გვინდა რამდენიმე და არ გვაქვს, ერთი ცალია და ისიც მოსწავლემ გვაჩუქა. დღეს ელექტროობაში იმდენი სიახლე შემოდის, რომ თუ ტექნიკურად არ ხარ აღჭურვილი, რთულია ფეხი აუწყო.“

ოთარ ხაჯიშვილმა 50-ზე მეტი დასახელების ხელსაწყოს სია დირექციას უკვე  გადასცა და იმედი აქვს, რომ დროულად განახლდება კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ დიზაინერის სპეციალობის სტუდენტები.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

2017 წლის ბიუჯეტში, პროფესიული განათლების მუხლში, 36 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინა წეროძე ამბობს, რომ ეს თანხა გათვალისწინებულია როგორც სტუდენტთა სასწავლო ხარჯების დასაფარავად, ასევე სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული პროფესიული სასწავლებლის ტექნიკურ-მატერიალური ბაზის გასაუმჯობესებლად. „ორი მილიონი ლარი კი სკოლებში შრომის გაკვეთილებისთვის არის გამოყოფილი. თანხის ნაწილი პროფესიული სასწავლებლების ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვაზე იხარჯება, ნაწილიც ახალი ლოკაციების განვითარებაზე.“

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 20 სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი და 50-მდე კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს. ირინა წეროძის თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის სამი ახალი სასწავლებელი ლაგოდეხში, სტეფანწმინდასა და თიანეთშიც გაიხსნება. მომავალი წლიდან კი, ზესტაფონში სამშენებლო მიმართულებით გაიხსნება პროფესიული სასწავლებელი, „რადგან ეს მიმართულება ძალიან ვითარდება ქვეყანაში“. 2018 წლისთვის კოლეჯის გახსნა იმავე მიმართულებით იგეგმება კასპშიც.

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში ამ დროისთვის ორი სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს ქობულეთსა და ბათუმში. სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ამავე ტიპის სასწავლებლის გახსნა სურთ ხულოშიც, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ კონსულტაციები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტთან.

ირინა წეროძის თქმით, რეაბილიტირებულ სასწავლებლებში ზოგგან მთლიანად განახლებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ზოგგან კი – ნაწილობრივ. „ჩვენ დავიწყეთ სასწავლებლებში ახალი პროგრამების დანერგვა. სტანდარტის თანახმად, ამ პროგრამებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სახელოსნო, რომელიც იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით. ამის გარეშე სასწავლებელი უფლებამოსილებას ვერ განახორციელებს“.

პროფესიული განათლების მიმართულებით სახელმწიფო სტუდენტებს 150 პროგრამას სთავაზობს, რომლებიც, წეროძის თქმით, რეგიონების პრიორიტეტული სფეროების მიხედვით შეირჩა. პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების განათლებას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.  ერთი სტუდენტის განათლება სახელმწიფოს, საშუალოდ, 750-800 ლარი უჯდება. „თუმცა ზოგიერთი პროგრამის ფასი შეიძლება იყო 1000 და 2 500-ც კი“.

განათლების სამინისტროს მონაცემებით, პროფესიულ პროგრამებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია ყოველ წელს 10-15 პროცენტით იზრდება. მათივე ინფორმაციით, შარშან პროფესიულ პროგრამებზე 11 ათას 170 ადამიანი ჩაირიცხა.

ფოტო: მანანა ქველიაშვილის

„ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ კურსდამთავრებულთა კვლევას, 2015 წელს 42-პროცენტიანი დასაქმება იყო, მომდევნო წელს – 47%-იანი, შარშანდელი კვლევის მიხედვით კი, დასაქმების მაჩვენებელი 56 %-ით გაიზარდა. ამაში შედის თვითდასაქმების მაჩვენებელიც“, – ამბობს ირინა წეროძე.

კვლევის მიხედვით, ყველაზე ადვილად კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები, ბუღალტრები, ელექტრიკოსები, მზარეულები, კონდიტერები და შემდუღებლები საქმდებიან.

პროფესიული სასწავლებლის – „ბლექსის“ დირექტორის მოადგილის, მაია თოიძის ინფორმაციით, დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა კვალიფიციურ მზარეულებზეა.

„ჩვენი კოლეჯის დამთავრებული არც ერთი მზარეული დაუსაქმებელი არ არის. მოთხოვნა დიდია, მიწოდება კი – ნაკლები. გასულ წელს 11 მიმტანი გამოვუშვით და ყველა დასაქმდა“, – ამბობს თოიძე. – „ჩვენს კოლეჯში მზარეულის პროგრამაზე მხოლოდ 40 ადგილი გვაქვს, მეტის მიღების შესაძლებლობას მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ გვაძლევს“.

გამოსავალი, როგორც ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, ნაკლებადმოთხოვნად პროგრამებზე ადგილების შემცირებაა, მოთხოვნადზე კი – გაზრდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავაც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლება პოპულარული ხდება. ის ცდილობს ამ მიმართულებით ახალგაზრდების წახალისებას, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში თავადვე ეწევა მის დისკრედიტაციას, როცა ამბობს, რომ „უმაღლესში მხოლოდ „ნავაროჩენი“, ყველაზე მცოდნე ხალხი უნდა წავიდეს“.

რას სთავაზობს სახელმწიფო, როგორც ალექსანდრე ჯეჯელავა იტყოდა „გადარჩეულებს“ და როგორი იქნება პროფესიული განათლების პოლიტიკა ქვეყანაში? – ეს უფრო ზუსტად მაშინ გამოჩნდება, როცა სახელმწიფო კანონს შეცვლის. ახალი კანონპროექტი პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს პარლამენტში წლის ბოლომდე იქნება ინიცირებული.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: