მთავარი,სიახლეები

პატარაძე ზონალური საბჭოს შეცვლას აპირებს – როგორ დასრულდა შეხვედრა „ბათომთან“

31.10.2017
პატარაძე ზონალური საბჭოს შეცვლას აპირებს – როგორ დასრულდა შეხვედრა „ბათომთან“

დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა დღეს, 31 ოქტომბერს, შეხვედრა საზოგადოება „ბათომსა“ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის. შეხვედრაზე, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ თხოვნით გაიმართა, ზონალური საბჭოს დაკომპლექტებაზე იყო საუბარი. კულტურული მემკვიდრეობის დამცველები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიცვალოს ზონალური საბჭოს დაკომპლექტების და გადაწყვეტილების მიღების წესი, რადგან ამჟამად საბჭო საჯარო მოხელეებისგანაა დაკომპლექტებული და არა – სპეციალისტებისგან, რაც, არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების გარდა, კორუფციაზეც აჩენს ეჭვებს.

შეხვედრას აჭარის მთავრობაში ზურაბ პატარაძის და საზოგადოება „ბათომის“ წევრების გარდა ბათუმის ახალარჩეული მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლაშა ასლანიშვილი ესწრებოდნენ.

„ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის თქმით, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ მას ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს:

„ზურაბ პატარაძემ თავად დაიწყო ამ საკითხზე საუბარი. თქვა, რომ აპირებს მთლიანად შეცვალოს ზონალური საბჭო და მხოლოდ დარგის სპეციალისტებით დააკომპლექტოს. მან აღნიშნა, რომ აპირებს ეს იყოს როტაციის წესით, რომ გამოირიცხოს პირადი ინტერესები საბჭოსთან დაკავშირებით. მას კონკრეტული სპეციალისტები არ დაუსახელებია. რამდენჯერმე ვთხოვეთ, რომ იქნებ ჩვენც ჩავერთოთ სიის შედგენის პროცესში, თუმცა ამაზე თანხმობა არ ყოფილა.“

კითხვაზე, რამდენად კმაყოფილნი არიან შეხვედრის შედეგით, შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან: „ჩვენ პატარაძეს შევხვდით იანვარში და მაშინაც თანხმობა იყო, მან მაშინ აღნიშნა, რომ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, მაგრამ მას შემდეგ ცხრა თვე გავიდა და არაფერი შეცვლილა.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: