მთავარი,სიახლეები

ბაბუა 20 წლის შვილიშვილი გოგოს ცემისთვის გაასამართლეს

01.11.2017 • 2764
ბაბუა 20 წლის შვილიშვილი გოგოს ცემისთვის გაასამართლეს

65 წლის ა.ფ. ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს.  შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

განაჩენში, რომელსაც ხელვაჩაურის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი აწერს ხელს, აღნიშნულია: „დაახლოებით 20:30 საათზე, ა. ფ-მ ჩაცმულობასთან და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოჯახის წევრს, შვილიშვილს, ნ. ფ.-ს სხეულზე ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი…“

ბაბუა იმავე დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მან წარდგენილი ბრალი აღიარა და პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მას 9 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

„ბათუმელებს“ ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებულმა ა. ფ.-მ უთხრა, რომ შვილიშვილი აღელვების გამო სცემა.

„ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ მინდა… დავარტყი იმიტომ, რომ საეჭვოდ იცვამდა. სასტუმროში ვმუშაობო, ასე ამბობს, მაგრამ სად მუშაობს სინამდვილეში არ ვიცი. ჩვენ უკვე შევრიგდით, სალაპარაკო აღარაფერია,“ – გვითხრა მან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: