მთავარი,სიახლეები

ქალი, რომელსაც 23 წლის ასაკში 21 წელი მიუსაჯეს

01.11.2017 • 2151
ქალი, რომელსაც 23 წლის ასაკში 21 წელი მიუსაჯეს

თამუნა ავალიანმა საპატიმროში 6 წელი და 4 თვე გაატარა. 31 წლისაა. 23 წლის იყო, 21 წელი რომ მიუსაჯეს, თავიდან მხოლოდ ექვსი წელი, მაგრამ 2009 წლის ქალთა ციხის ამბოხის დროს 15 წელი დაუმატეს. ის 4 წლის წინ, მამის დაკრძალვის დღეს გაათავისუფლეს ამნისტიით. დაბადებიდან დეიდა ზრდის, ორი პატარა დისშვილი დახვდა გათავისუფლებულს, რომლებმაც სიძნელეები გადაატანინეს.

დასთან ერთად მამაკაცის ჯინსების ბიზნესი აქვს. ციხიდან რომ გამოვიდა, შესაბამის საწარმოებთან თანამშრომლობდა. როცა საქმიანი ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმების დრო დადგა, საბუთები მოსთხოვეს, ნასამართლეობის ცნობამ ეს ურთიერთობა ჩაშალა. პოტენციურმა პარტნიორმა მისგან თავი შორს დაიჭირა. ზრდილობიანად უთხრეს, რომ დაურეკავდნენ, თუმცა აღარავინ გამოჩენილა და თამუნაც მიხვდა – ყოფილი პატიმრის სტატუსი იყო მიზეზი, რამაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველი მარცხი აგემა. თავიდან ძალიან დაითრგუნა, მაგრამ მერე ძალა მოიკრიბა და დაიწყო ფიქრი, როგორ გამკლავებოდა ყველაფერს დამოუკიდებლად.

„ნასამართლობა ცხოვრების თავიდან დაწყებაში ხელს არ უნდა გიშლიდეს. რასაც ციხეში გადის ადამიანი, გათავისუფლების შემდეგ თუ მზად არის პატიოსნად იშრომოს, მხარდაჭერას თუ ვერ ახერხებს სახელმწიფო, ხელს მაინც არ უნდა უშლიდეს. უნდობლობა ყოფილი პატიმრების მიმართ პრობლემაა, როგორც საჯარო სამსახურებში, ასევე კერძო სექტორში.

არ ვიცი, რას შევადარო ახალგათავისუფლებულის შეგრძნებები: ალბათ ასე უმწეოდ გრძნობს თავს ჩვილი, როცა იბადება და არ იცის რა ქნას, რა თქვას, როგორ იმოძრაოს, სად წაიღოს ხელი-ფეხი. რატომღაც ეშინიათ ყოფილი პატიმრების, მაგრამ ახალგათავისუფლებულებს  ორჯერ უფრო ეშინიათ გარეთ დამხვდურების. ძალიან გეხმარება ასეთ დროს გონიერი ადამიანის შეგონება: თუ დღეს ვარსებობ, ვმუშაობ და რამის ხალისი მაქვს, ეს ჩემი სოციალური მუშაკების, ინგა იმედაძისა და თამარ ჯოჯუას დამსახურებაა, ამ ორი ადამიანის გარეშე ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია. მათთვის ჩვეულებრივი ადამიანი, მეგობარი ვარ და პატივისცემას, მხარდაჭერას ვგრძნობ. ციხემ ისე გამაცივა, იშვიათად ვარქმევ ვინმეს მეგობარს. ორი საყრდენი მაქვს ცხოვრებაში, ოჯახი, სადაც შემიძლია პრობლემებზე თავისუფლად ვილაპარაკო და ეს ორი ადამიანი, რომლებიც ჩემს სატკივარსა და სირთულეებს საკუთარივით იზიარებენ,’’ – ამბობს თამუნა.

ყოფილი პატიმარი შიშებზე საუბრობს:

,,ციხეში ერთი ან რამდენიმე წელი კი არა, ერთი დღეც რომ გაატარო, ჩაკეტილ გარემოში მყოფ ადამიანებთან ურთიერთობა მაშინვე მოქმედებს ფსიქიკაზე. ციხეში ძალიან ახლობელი ადამიანის ღალატით აღმოვჩნდი, ვერ წარმოვიდგენდი, ისეთი რაღაც გამიკეთა. უახლოესი ადამიანების მიმართაც კი ნდობა მქონდა დაკარგული და ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი. ძალიან რთულია ამ უნდობლობის ჯადოსნური წრიდან თავის დაღწევა. ქუთაისი პატარა ქალაქია და ციხიდან გამოსულ ქალს ისე გიყურებენ, თითქოს საოცრება ნახეს. ქუთაისში ყველამ ყველაფერი იცის სხვებზე და როცა ახალგათავისუფლებული ვიყავი, ყოფილა შემთხვევები, ქუჩაში ისეთი თვალებით შემოუხედავთ, მიტირია. თუმცა მას შემდეგ გავძლიერდი და ახლა ვიცი, რომ მე მე ვარ,  არავის შემოხედვა არ მაღელვებს და ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემია.

სანამ ბიზნესს დავიწყებდით, ერთ-ერთ დაწესებულებაში ვმუშაობდი, სადაც არ მითქვამს ნასამართლობის შესახებ. არ ვმალავ ამას, მაგრამ სრულიად უცხო გარემო იყო ჩემთვის და არ ჩავთვალე საჭიროდ ყველასთვის ყველაფერი ამეხსნა. მეგონა, არავინ მიცნობდა… მოულოდნელად მოვიდა ერთ-ერთი უფროსი, თავზე დამადგა და ირონიულად მითხრა ,,ვახ, შენ სტროგაჩი ხარ, არა?’’ დავიბენი, ვერ მივხვდი საიდან გაიგო ყოფილი პატიმარი რომ ვიყავი… ყოველთვის შთავაგონებ თავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად გაატარე წლები და რა გამოიარე, მთავარია, ახლა ვინ ხარ, სად ხარ. წარსული ტვირთად და კომპლექსად არ უნდა გექცეს. ციხე დამნაშავეებისთვისაა, მაგრამ იქ ძალიან ბევრი უდანაშაულოცაა. შეუძლებელია ადამიანმა გამოსცადოს ჯოჯოხეთი და ეს იყოს ციხეზე უარესი. ჩემს დროს ენით აღუწერელი განუკითხაობა იყო. იქ გატარებული ერთი საათიც კი ჯოჯოხეთზე მეტია. 2007 წელს დამაკავეს, 2008 წლის მარტში აღმოვჩნდი თბილისში, მატროსოვზე. ღამის თერთმეტზე, თორმეტზეც შეგეძლო ეზოში გასვლა და მშვიდად განმარტოება, იყო სამლოცველო, აუზი.  მაგრამ 2009 წლის აპრილში ქალთა ამბოხის დროს გადაგვიყვანეს მამაკაცების ციხეში – რუსთავის პირველ საპყრობილეში. მერე სოფელ მთისძირში აშენდა ციხე და იქ გაგვგზავნეს. ვიყავით 2000 ქალი და გვქონდა მხოლოდ სამი შხაპი, როგორც არ უნდა მოგენდომებინა, მოწესრიგებას ვერ მოახერხებდი. გარდა ამისა, მრავლად იყვნენ ციხეში შიდსით, ტუბერკულოზითა და სიფილისით დაავადებულები. ჯანმრთელ ადამიანსაც იმავე შხაპით უნდა ესარგებლა, რითაც დაავადებულებს. ექვს თვეში ერთხელ გვირიგდებოდა საპონი, რომელიც წყალთან შეხებისთანავე იფშვნებოდა. ყველა ჩვენგანი იდგა საფრთხის წინაშე, დაავადებების უზარმაზარი თაიგულით გამოსულიყო ციხიდან. სახელებსა და გვარებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრი ქალი უამრავი დაავადებით გათავისუფლდა,’’ – იხსენებს ყოფილი პატიმარი.

თამუნას აზრით, არ ღირს წარსულზე ჩაბღაუჭება და ამ სიმძიმით ცხოვრება. უნდა შეძლო არავის შეედარო და მიხვდე, რომ არც არავისზე ცუდია და არც არავისზე კარგი ხარ.

ფიქრობს, რომ თუ ძალიან მოინდომებ, დაინახავ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ცხოვრებისეულ მოვლენებს შორის – ციხე, რომელიც ჯოჯოხეთია, შეიძლება იქცეს ადამიანის გააქტიურების მიზეზადაც კი – ერთი-ორად დაგანახოს დროის ფასი და მნიშვნელობა.

„არავის ვუსურვებ იქ მოხვედრას, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგიას უკეთ ვერსად ისწავლი და გსურს თუ არა იურიდიულ საკითხებშიც ერკვევი, კანონებს სწავლობ.

2009 წლის ბუნტის დროს ყველას გვყავდა ადვოკატი. თავიდან ისინი გვიწევდნენ კონსულტაციებს, მაგრამ მერე აღარ გვჭირდებოდა მათი დახმარება, ყველაფერში თავად ვერკვეოდით.

დღემდე მაქვს ციხის ბუნტის დროს მოყენებული შრამები… კილო-ნახევარს იწონის ჩემი განაჩენი. 58 სასამართლო პროცესი ჩატარდა, ამაზე ლაპარაკი არ მინდა… მშვიდი ცხოვრება მინდა, არავის რომ არ ვაწუხებდე, ისეთი, მინდა ადამიანებზე ვიზრუნო, რომლებმაც ტკივილები გადამატანინეს.

იყო პერიოდი, როცა საკუთარ თავზე ვერ ვამბობდი ადამიანი ვარ- მეთქი, დაბალი თვითშეფასება მქონდა და არ მეგონა, რამეს თუ ვიმსახურებდი. ოთხი წელი გავიდა, რაც გავთავისუფლდი და ახლა ვიცი, რომ ისეთივე უფლებები მაქვს, როგორც ყველას და ვცხოვრობ ისე, როგორც მომწონს’’.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: