ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა

ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ სიყალბეს გამოძიება ქედის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ომარ ბერიძეს ედავებოდა, ასევე ქედის გამგეობის საფინანსო და ზედამხედველობის სამსახურების ყოფილ უფროსებს.

დავის საგანი 2011 წელს ჩოგბურთის და ფრენბურთის სტადიონების მშენებლობა გახდა, რაზედაც თავის დროზე ტენდერი იყო გამოცხადებული. გამოძიების ვერსიით, ქედის გამგეობის ყოფილმა თანამდებობის პირებმა დაუსრულებელი სამუშაოები ჩაიბარეს. ამ საქმეზე გამოძიება 2016 წელს დაიწყო.

„ბრალი ვერ დადასტურდა. ბრალდების მხარემ მხოლოდ მოწმეები წარმოადგინა, რომელთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

ყოფილი საჯარო მოხელეების მიმართ გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გამოიტანა.

ორი არასრულწლოვანი ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ორ არასრულწლოვანს. 17 წლის არასრულწლოვნებს ჯგუფური ყაჩაღობა ედებათ ბრალად.

გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანმა ბიჭებმა 6 ნოემბრის ღამეს ჩაქვში მოხუც ქალს დანის მუქარით წაართვეს ფული. ერთ-ერთი არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე ნიღბით იმყოფებოდა. ბრალდებულებმა მოხუც ქალს, რომელიც საკუთარ სახლში არაყს ყიდდა, 100 ლარი მოსთხოვეს. მოხუცმა არასრულწლოვნებს 80 ლარი მისცა.

არასრულწლოვნები პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ორივე მათგანმა აღიარა დანაშაულის ჩადენა. არასრულწლოვნებს სასამართლომ უარი უთხრა გირაოს შეფარდებაზე. აღკვეთი ღონისძიების საკითხი მოსამართლეებმა – ვიოლეტა ფორჩხიძემ და თამარ ბეჟანიშვილმა განიხილეს.

„თუკი ვსაუბრობთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე და განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე, მაშინ ცხადია, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების ფორმის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. კანონი ამბობს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს უნდა ემსახურებოდეს აღკვეთის შეფარდება. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ იყო აუცილებელი წინასწარი პატიმრობის შეფარდება,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

წინასწარი პატიმრობის შეფარდება ბრალდებულებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ ინსტანციას ჯერ არ უმსჯელია რამდენად სამართლიანია ყაჩაღობაში ბრალდებული არასრულწლოვნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 17 წლის არასრულწლოვნებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

ახალარჩეული მერების მოადგილეები აჭარაში

შუახევის მერმა, რამინ ფუტკარაძემ, პირველი მოადგილის პოზიციაზე ომარ ტაკიძე დანიშნა, მოადგილის თანამდებობაზე კი – ყოფილი გამგებლის, ტარიელ ებრალიძის მოადგილე რუსუდან შავაძე. ომარ ტაკიძე ბათუმის მერიაში მუშაობდა, ბოლო წლებში კი ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება შუახევის მერმა გუშინ, 16 ნოემბერს, დაწერა.

ამ დროისთვის შუახევის გამგეობაში ვაკანტურია ერთი მოადგილის თანამდებობა.

ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ, პირველ მოადგილედ სულხან მოწყობილი, მოადგილედ კი – დავით ვერულიძე დანიშნა. დავით ვერულიძე 2015 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობდა ქობულეთის ადმინისტრაციული სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებას. სულხან მოწყობილი კი 2016-2017 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი რომანაძის წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობდა.

მოადგილეები არ დაუნიშნიათ ქედისა და ხელვაჩაურის ახალარჩეულ მერებს.

რაც შეეხება ხულოს მერს, გოჩა მელაძემ მხოლოდ პირველი მოადგილე დანიშნა – ლაშა ბოლქვაძე, რომელიც ყოფილი გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დანიშნავს მოადგილეებს ბათუმის, მერი ლაშა კომახიძე.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან, გამოძიების დაწყების მოთხოვნით

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ხელისუფლებას „სამართლიანობის აღდგენის“ დაპირება შეახსენეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ასლან აბაშიძის დროს უკანონოდ გასხვისდა მაღაზია „მაგნოლია“ კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე. მაღაზიის ყოფილმა მფლობელებმა სასამართლოს ყველა ინსტანცია წააგეს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ საქმე ხელახლა უნდა შეისწავლონ სამართალდამცველებმა.

„ჩვენ ვდავობთ 1996 წლიდან, როცა მაღაზიიდან პირდაპირ გამოვყარეს და ქუჩაში დაგვტოვეს,“ – გვიყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გურამ ხიმშიაშვილი. მისი თქმით, ტანსაცმლის მაღაზიაში 30 წლის განმავლობაში მუშაობდა და კიდევ 9 ადამიანთან ერთად იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული მაშინდელ მთავრობას.

„ეს ხელშეკრულება ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ გვქონდა გამოსყიდვის უპირატესობა, მაგრამ ჩაატარეს ფორმალური აუქციონი და ბიზნესმენმა გოგი შევარდნაძემ იყიდა 250 კვადრატული მეტრი ქონება 18 ათას დოლარად. ეს ყველაფერი მოხდა დოკუმენტაციის გაყალბებით. ამის მტკიცებულებები გვაქვს, მაგრამ არავინ გვისმენს. პროკურატურას არაერთხელ მივმართეთ და გამოძიება დაიწყო, მაგრამ არაფერი გარკვეულა. ამ ეტაპზე გამოძიება შეწყვეტილია,“ – აღნიშნავს გურამ ხიმშიაშვილი.

„მართალია, ამ ადამიანებმა სასამართლო პროცესები წააგეს, მაგრამ ვის აქვს განცდა, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული? როცა ხელისუფლება საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე, სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მიაქციონ ყურადღება. ჩვენ მოვითხოვთ გამოძიების ხელახლა დაწყებას,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

 

გიორგი ანწუხელიძის ქუჩა ბათუმში

ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან  აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის ქუჩად გარდაქმნისა და ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტი ბათუმის მოქმედმა საკრებულომ მოამზადა.

ინიციატორი საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე, დიმიტრი დარჩიაა.

ქუჩაზე სახელის მინიჭების შემთხვევაში, კომისიის თანხმობის შემდეგ,  შესაბამის სამთავრობო კომისიას უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც საკრებულო გადაწყვეტილებას კენჭისყრით მიიღებს. საკრებულოს ინფორმაციით, დოკუმენტები შესაბამის უწყებას უკვე გადაეგზავნა.

ორშაბათს, 20 ნოემბერს, ახალარჩეული საკრებულო შეიკრიბება, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებაც ახალ საკრებულოს მოუწევს.

კაპრალი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მოკლეს. მას პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

 

შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – სემინარი ბათუმში [ანონსი]

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 21-ე აუდიტორიაში ჩატარდება სემინარი თემაზე: „საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა.“

მომხსენებელი, გიორგი ახმეტელი ისაუბრებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, სამედიცინო და სოციალურ მიდგომებს შორის განსხვავებებზე და ასევე, მსმენელებს გაუზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მაკკეინის ინსტიტუტში მიღებულ გამოცდილებას.

სემინარის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“.  2010 წლიდან ორგანიზაცია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ლობირებს ახალი პროგრამების და სერვისების შექმნა–განვითარებას.

ახალი მოწვევის საკრებულოები 20 ნოემბერს შეიკრიბებიან

ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ვალერი ბერიძის ინფორმაციით, ორშაბათს, 20 ნოემბერს, აჭარის ექვსივე  მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოები პირველ სხდომას გამართავენ. პირველივე სხდომაზე საკრებულოები აირჩევენ თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი, სულიკო თებიძე განიხილება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება ასევე მმართველი პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი, ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე.

ქედაში საკრებულოს თავმჯდომარედ, სავარაუდოდ, ისევ წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან ცინცაძეს აირჩევენ, ისიც პროპორციულ სიაში პირველ ნომრად ჩაწერეს.

შუახევში სიის პირველინომერი წინა მოწვევის საკრებულოს იურისტი მირიან აბაშიძე იყო, ხულოში კი – თამაზ აბაშიძე, ხულოს გამგებლის ყოფილი მოადგილე.

როგორ შეიძლება გადანაწილდეს თანამდებობები ბათუმის საკრებულოში, იხილეთ აქ.

 

 

ტრენინგი ტოლერანტობაზე მოსწავლეებისთვის ქედაში

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტოლერანტობს თემაზე ტრენინგი ჩატარდა.

ბათუმის მასწავლებელთა სახლის სამოქალაქო განათლების ტრენერმა,  თამარ ჯანელიძემ, ქედელ მოსწავლეებს ტოლერანტობის მნიშვლებობაზე ესაუბრა. ტრენინგი დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

„სწავლებას,  ინფორმირებულობასა და მოსწავლეების ჩართულობას ტრენინგკურსებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ რა არის კარგი, რა არის ზოგადად ტოლერანტობა, როგორები უნდა ვიყოთ. მე არ ვამბობ, რომ ჩვენს წარსულს, კულტურას პატივი არ უნდა ვცეთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ განსხვავებული კულტურის, ეთნიკური ღირებულებებისა თუ რელიგიური უმცირესობების პატივისცემა.  ზოგადად, ჩვენი სამოქალაქო განათლება დაბალია, სამოქალაქო განათლებაში პედაგოგები უფრო მეტად უნდა ჩაერთონ, ტოლერანტობა შეიძლება ვასწავლოთ ბაღის ასაკიდან, ჯერ კიდევ თამაშ-თამაშით. ტრენინგები კი საბაზო საფეხურიდან არაფორმალურ გარემოში შესაძლებელია ჩატარდეს,  საზოგადოება სტერეოტიპებისგან ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გათავისუფლდეს,“ – თქვა თამარ ჯანელიძემ.

ლევან თებიძე, პირველი მაისის საჯარო სკოლის მე – 12 კლასის მოსწავლე:

„საინტერესო ტრენინგი იყო, ვისაუბრეთ განსხვავებულობაზე, ჩემთვის, როგორც დამამთავრებელი კლასის მოსწავლისთვის,  ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს საკითხებზე საჯარო საუბრები, მსგავსი ტრენინგები სკოლაშიც ხშირად ტარდება“.

სემინარი ბათუმში – ,,ტოლერანტობა, როგორც სამოქალაქო ღირებულება”

დღეს, 16 ნოემბერს, 17:30 საათზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ჩატარდება პროფესორ ლევან მეტრეველის სემინარი თემაზე: ,,ტოლერანტობა, როგორც სამოქალაქო ღირებულება“. სემინარზე მსმენელი მიიღებს ინფორმაციას ტოლერანტობის კულტურის ძირითად ასპექტებზე, განიხილება შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხები, ასევე ამ კუთხით არსებული ევროპული სტანდარტები და გარანტიები.

 

ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორი“, ფონდ ,,ღია საზოგადოება -საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს: ,,ტოლერანტობის მისიონერები“, რომლის მიზანია რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის კულტურის შესახებ, ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და ამ კუთხით მათი აქტივობის წახალისება.

 

 

მსურველებს საბრძოლო ხელოვნება „კრავ-მაგას“ შეასწავლიან

მსურველებმა, ვისაც გსურთ შეისწავლოთ ისრაელის საბრძოლო ხელოვნება „კრავ-მაგა“, დაგვიკავშირდით მობილურზე: 555 54 51 65

ართვინის გუბერნატორი: საბაჟოზე ინციდენტის გამო თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებულია თანამდებობებიდან

„მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც, ინციდენტის მონაწილე თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებულია თანამდებობებიდან, ხოლო ნაწილი – სხვა ლოკაციაზეა გადაყვანილი“ – განაცხადა დღეს, 16 ნოემბერს,  ართვინის გუბერნატორმა ომერ დოღანაიმ იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტსა და თურქ მებაჟეებს შორის. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით თურქეთში, ართვინის გუბერნიაში სამუშაო ვიზიტით მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დელეგაციასთან ერთად იმყოფება. აჭარის დელეგაციას ართვინის გუბერნატორი მასპინძლობს.

შეხვედრა ართვინის გუბერნატორთან / აჭარის მთავრობის ფოტო

„სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ორი სასაზღვრო რეგიონის აქტიურ თანამშრომლობას საბაჟო სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს განახლებული „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაც, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ართვინის გუბერნატორთან შეხვედრისას.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ართვინის, რიზესა და ტრაპიზონის რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება ხოფისა და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებში, რიზეს უნივერსიტეტში და საქართველოს გენერალურ საკონსულოში“.


სარფში საზღვრის გადაკვეთაზე მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი უთხრეს. როგორც ისინი ამბობდნენ, მათ მებაჟეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პასპორტისა და მობილური ტელეფონის წართმევაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტიც საუბრობდა.

 

სომხეთის მოქალაქეები მაღალმთიან დასახლებაში სტატუსის მინიჭების წესს აპროტესტებენ

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობენ. ისინი 2005 წლიდან ცხოვრობენ საქართველოში და „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მუშაობენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2015 წელს კანონი მიიღო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, ჯავახეთში მცხოვრებმა სომხეთის მოქალაქეებმა ახალქალაქის გამგეობას მიმართეს –  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად. სტატუსი სხვადასხვა სახის სოციალურ და საგადასახადო შეღავათით სარგებლობას გულისხმობს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყველა დასახლება მოექცა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში, მაგრამ ახალქალაქის გამგებელმა სომხეთის მოქალაქეებს უარი უთხრა სტატუსის მინიჭებაზე იმ მიზეზით, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს მოქალაქეობის ქონა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიიღო.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა და ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლითაც თანასწორობის უფლებაა გარანტირებული. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. 

„გაუგებარია, რა ლეგიტიმური მიზანი შეიძლება ჰქონდეს შეზღუდვას მაღალმთიან რეგიონებში შეღავათებით სარგებლობის უფლება მისცეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და არა საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს. მაშინ, როცა, როგორც უკვე ზემოთაც აღინიშნა, ზოგადად კანონის დეკლარირებული მიზანი არის შეღავათების დაწესება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობისთვის,“ – აღნიშნულია სომხეთის მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელში.

 

 

 

საგამოძიებო სამსახური: ამოღებულია 10 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობები

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ორი პირი ამხილა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სატვირთო ავტომანქანით არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაწარმი შემოიტანეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 10 კგ-მდე ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება  610 000 ლარს აღემატება“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

შსს: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ვ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 191 აბი, 35 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული „სუბოქსინის“ ფხვნილი ამოიღეს“ – აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].

ბათუმში ეროვნული უმცირესობების სკვერი მოეწყობა [ანონსი]

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეგმავს ეროვნული უმცირესობების სკვერის მოწყობას.

ქალაქ ბათუმის მერიამ სკვერის მოსაწყობად ბაგრატიონის და სერგი მესხის ქუჩების კვეთაში  მაგისტრალებს შორის არსებული სივრცე გამოგვიყო. პროექტის ფარგლებში  დაგეგმილი მისი  გამწვანება.

2017 წლის 16 ნოემბერს,  16:00 საათზე იგეგმება ხეების დარგვა. აქტივობაში მონაწილეობა შეუძლია ბათუმში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს.

პროექტი დამტკიცებულია ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ მიერ.

გამწვანებაში მონაწილეობა მიიღო შემდეგმა ორგანიზაციებმა:

  • ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური;
  • ბათუმის ბოტანიკური ბაღი;
  • სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგი“;
  • ბათუმის უმაღლესი საინჟინრო საზღვაო სასწავლებელი „ანრი“.
  • შპს „ლი“

პროექტის მიზანია აჭარაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოტივაციის ამაღლება, მათი წვლილის წარმოჩენა ქალაქის განვითარებაში და აქტიური ჩართვა მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებში.

სკვერის მოწყობა ხორციელდება  პროექტის „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.

პროექტის მედია პარტნიორებია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“  და გაზეთი ბათუმელები.

 

როგორ ისჯება მოქალაქე, როცა სახელმწიფო უწყება შეცდომას უშვებს

მოქალაქე ინეზა ბერიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს შეცდომის გამო ისჯება. რამდენიმე დღის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან წერილი მიუვიდა, სადაც წერია, რომ მისი ანგარიშები დაყადაღდება, თუკი სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხას დროულად არ გადაიხდის. ინეზა ბერიძეს ბანკის ქვითარი აქვს, რითაც დასტურდება, რომ სადავო თანხა გადახდილი აქვს.

ინეზა ბერიძე ქედაში ცხოვრობს. მეორე ბავშვის შეძენის შემდეგ სახელმწიფო მას ყოველ თვეში 100 ლარს ურიცხავდა, როგორც მაღალმთიანეთში მცხოვრებ ოჯახს. 2017 წლის თებერვალში ინეზას სოციალური მომსახურების სააგენტომ შეცდომით ჩაურიცხა 100 ლარი, რადგან მისი შვილი ამ დროს უკვე ერთი წლის გახდა და სახელმწიფოსგან კუთვნილი 100 ლარი აღარ ერგებოდა.

„სააგენტოდან ივნისში მივიღე შეტყობინება, რომ შეცდომით ჩამირიცხეს 100 ლარი და ეს ფული უნდა დავაბრუნო. იმ წუთში ფული არ მქონდა და თანხა 2 აგვისტოს დავაბრუნე. რამდენიმე დღის წინ კი, აღსრულებიდან წერილი მივიღე, რომ 150 ლარი მაქვს დასაბრუნებელი,“ – გვიყვება ინეზა ბერიძე.

აღსრულების ფურცლიდან ირკვევა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე გადაწყვეტილება ხელვაჩაურის სასამართლოს ქედის მაგისტრატ მოსამართლეს მიუღია. მოქალაქე ამბობს, რომ ის სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ მოქალაქეს შეცდომით ჩაურიცხეს 100 ლარი, მაგრამ მოქალაქეს ჯერ მარტში, ხოლო შემდეგ ივნისში გაუგზავნეს შეტყობინება თანხის დაბრუნების აუცილებლობაზე. ხელვაჩაურის სასამართლოს სააგენტომ ივლისში მიმართა, ინეზა ბერიძემ კი 100 ლარი 2 აგვისტოს დააბრუნა.

რატომ არ გამოითხოვა სარჩელი სააგენტომ, როცა სახელმწიფო ხაზინაში ინეზა ბერიძის მიერ დაბრუნებული 100 ლარი გამოჩნდა? – სოციალური მომსახურების საგენტოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სააგენტოს არ აქვს წვდომა ხაზინის ანგარიშზე და თანხის დაბრუნების შესახებ მოქალაქეს პირადად უნდა ეცნობებია სააგენტოსთვის. სააგენტოს განმარტებით, მოქალაქეს 100 ლარი გადახდილად ჩაეთვლება, ხოლო 50 ლარი სასამართლოს ბაჟის ფულია.

ინეზა ბერიძე 50 ლარის გადასახდელად აღსრულების ეროვნულ ბიუროში დღეს, 15 ნოემბერს მივიდა, საიდანაც სოციალური მომსახურების სააგენტოში გააგზავნეს. სააგენტოდან მოქალაქეს ისევ აღსრულების ბიუროში დაბრუნება ურჩიეს, სადაც აღმასრულებელთან – ხატია შანიძესთან ვერც შეხვედრა მოახერხა და ვერც ტელეფონით დაკავშირება. ხატია შანიძემ არც „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს უპასუხა ტელეფონის იმ ნომერზე, რაც აღსრულების ფურცელშია მითითებული, როგორც საკონტაქტო ინფორმაცია.

„აღსრულების ბიუროს ოპერატორმა თავდაპირველად მითხრა, არ ჩანს 100 ლარი რომ გადახდილი გაქვსო, არადა ბანკის ქვითარი ვაჩვენე, სადაც დანიშნულებაში პირდაპირ წერია, რისთვის გადავიხადე თანხა. მითხრა, რომ სააგენტოდან უნდა მივიტანო წერილი. სააგენტოში მივედი, მაგრამ იქ მითხრეს, ჩვენგან არაფერია საჭირო აღმასრულებელთან მიდიო,“ – აღნიშნავს ინეზა ბერიძე.

აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოქალაქეს აღმასრულებელი თავად დაურეკავს. აქ განმარტავენ, რომ პროცედურულად სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა გაუგზავნოს წერილი აღმასრულებელს, რომ ის 100 ლარის გადახდას აღარ ითხოვს.

რატომ არ დაიცვა პროცედურა სოციალური მომსახურების სააგენტომ?

„არაა ეს ვინმეს საქმე, შევატყობინეთ თუ არა. რა იცით თქვენ, შევატყობინეთ თუ არა. მიდით და მოკითხეთ აღსრულებას მაშინ, ჩვენ როგორც კანონი და წესია, ისე ვიქცევი… სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩემთან რატომ ასაჩივრებთ? ეს თითიდან გამოწოვილი საკითხია“, – გვითხრა თემურ ქარცივაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა.

რატომ უნდა ისჯებოდეს მოქალაქე სააგენტოს შეცდომის გამო? – თემურ ქარცივაძე თვლის, რომ შეცდომა არ დაუშვია და სასამართლო გადაწყვეტილებაზე მიგვითითა. თუმცა სასმართლო დავის საგანი არ ყოფილა ის, რომ სააგენტომ შეცდომით ჩაურიცხა მოქალაქეს 100 ლარი.

თემურ ქარცივაძე: „ჩვენ შეცდომა არ დაგვიშვია. შეცდომა რომ გვქონოდა, სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. გაითვალისწინეთ, რომ მოქალაქეს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც.“

მთავარ ფოტოზე: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

ხულოს ყოფილი გამგებლის პირველი მოადგილე მერის მოადგილედ დაინიშნა

 ხულოს მერმა გოჩა მელაძემ, პირველი მოადგილის პოზიციაზე ყოფილი გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე დანიშნა. ლაშა ბოლქვაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება, ხულოს მერმა გუშინ, 14 ნოემბერს დაწერა.

პროფესიით ფინანსისტი ლაშა ბოლქვაძე, ხულოს გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლის 8 აგვისტოს დაინიშნა, 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე კი, წინასაარჩევნო პერიოდში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ამ დროისთვის ხულოს გამგეობაში ვაკანტურია ორი მოადგილის თანამდებობა. მოადგილეები არ დაუნიშნია ქედისა და შუახევის  ახალ არჩეულ მერებს.

186 ათასი ლარი ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების შესაძენად

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები განახლდება.

„ბულვარის მაშტაბით ამორტიზირებული და დაზიანებული სპორტული ტრენაჟორები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სავარიშო ინვენტარით უნდა შეიცვალოს.

გარდა ამისა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარჯიშო ტრენაჟორების ახალი მოედანი, დამატებით კიდევ ორ ლოკაციაზე -ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში მოეწყობა, რომლის მონტაჟის სამუშაოები უკვე დაწყებულია“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში. სამუშაოები შპს „ჯეო პარკმა“ უნდა შეასრულოს.

ოფიციალური ინფორმაციით, განახლებული სავარჯიშო ტრენაჟორების კომპლექსი უკვე ფუნქციონირებს სასტუმო „კემპინსკი“-ს მიმდებებარე ტერიტორიაზე. სამუშაოები ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება. სავარჯიშო სპორტული კომპლექსისა და ტრენაჟორების შეძენისათვის ბულვარის ბიუჯეტიდან 78 700-ლარი გამოიყო.

ბულვარის ადმინისტრაციის თქმით, გარდა ახალი სავარჯიშო მოედნების მოწყობისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ძველ ბულვარში არსებულ ბავშვთა გასართობ მოედანსაც. „ძველი საბავშო ატრაქციონები სხვადასხვა სახეობის ახალი ატრაქციონებით ჩანაცვლდება და განახლდება მოედნის საფარი, რომელიც საბავშვო თემატიკის დეკორაციებით მოიხატება. ამ ეტაპისათვის, ბავშვთა კუთხეში ძველი გასართობი ატრაქციონების დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. საბავშვო ატრაქციონის შეძენა-მონტაჟისთვის ბიუჯეტიდან 108 850-ლარია გამოყოფილი“.

ბათუმის ბულვარში სპორტული კომპლექსები განახლდება

სოფელ წინსვლის მოსახლეობა ახალი სასაფლაოს მოწყობის წინააღმდეგ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში მცხოვრები ექვსი ოჯახი, გამარფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავს. ისინი დასახლებასთან ახლოს, ახალი სასაფლაოს გახსნას ეწინააღმდეგებიან.  მიწა სადაც   ახალი სასაფლაოს გახსნა იგეგმება, კერძო პირს, დარეჯან ცერცვაძეს ეკუთვნის.

სოფელ წინსვლის მცხოვრები მამია ბერიძე, რომელიც ერთ-ერთი მოწინაამდეგეა ახალი სასაფლაოს გახსნის, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ  დავა უკვე ორი წელია გრძელდება.

„ტერიტორია სადაც ახალი სასაფლაოს გახსნა უნდათ, 50 მეტრითაა დაშორებული ჩემი სახლიდან. გამგეობას აქვს დადგენილება, სადაც წერია, რომ  სასაფლაო დასახლებული პუნქტიდან მინიმუმ ასი მეტრით უნდა იყოს დაშორებული. სოფლის სასაფლაო  ამ ნორმებს აკმაყოფილებს. ეს ტერიტორია კი მოსახლეობასთან ძალიან ახლოსაა.

ჩვენ ორი წელია ვდაობთ. ვიყავით გამგეობაში, საკრებულოში, ადმინისტრაციაში, რომელიც ახალი სასაფლაოების გახსნას მეთვალყურეობს და ყველამ უარი უთხრა იმ ადამიანს ნებართვის გაცემაზე, თუმცა ის ამბობს, რომ მაინც გახსნის“-გვეუბნება ის.

ტერიტორია სადაც მიწის მეპატრონეს სასაფალოს მოწყობა სურს, დაახლოებით 4 ათას კვ.მეტრზეა განთავსებული.

ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურის განმარტებით, ახალი სასაფლაოს გახსნაზე გამგეობას ნებართვა არ გაუცია და „სავარაუდოდ ვერც გასცემს“-გვეუბნება პრესსამსახურის ხელმძღვანელი სპფო ბურჭულაძე, რადგან მისისი თქმით, როცა მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა არსებობს, გამგეობას უფლება არ აქვს, სასაფლაოს მოწყობაზე ნებართვა გასცეს.

„თუმცა, გამგეობისთვის პროექტი ჯერ მაინც არ წარმოუდგენია“-გვეუბნება სოფო ბურჭულაძე. ახალი სასაფლაოს მოწყობის მოწინააღმდეგე ოჯახები ამბობენ, რომ თუ დარეჯან ცერცვაძე მშენებლობის ნებართვას მაინც მოიპოვებს, დავას სასამართლოში გააგრძელებენ.

„ბათუმელები“ შეეცადა დარეჯან ცერცვაძესთან დაკავშირებასაც, თუმცა მისი მობილური ამ დროისთვის გამორთულია.

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ბათუმში

ციტრუსის სააკოორდინაციო შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს, 15 ნოემბერს გახსნის. შტაბი ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ოფისში, გოგებაშვილის #46-ში იქნება განთავსებული. შტაბის ხელმძღვანელი გიორგი სირაბიძე იქნება – „აგროსერვის ცენტრის“ თანამშრომელი.

მეციტრუსეების არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო ისევ 10 თეთრს დაუმატებს. ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ინფორმაციით, წელს  არასტანდარტულ მანდარინს მიიღებს და გადაამუშავებს შპს „TCF GEORGIA“ და  შპს „Georgian industrial Asset Management Group“.  „TCF GEORGIA“ გეგმავს 4 000 ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას, რომლისგანაც  დაამზადებს  კონცენტრირებულ წვენს.

შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს ციტრუსის  საწარმო ქობულეთში – შპს „Georgian industrial Asset Management Group“. აგროსერვის ცენტრის ინფორმაციით, ციტრუსის წვენს ექსპორტზე გაიტანენ ევროპის და აზიის ქვეყნებში.

2017  წელს  საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50-55 ათასი  ტონაა.

 

 

 

ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასის სპექტაკლი

ბათუმის № 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიურმა თეატრალურმა დასმა „ცისარტყელამ“ გუშინ, 13 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ სააქტო დარბაზში სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ წარმოადგინა.

საქართველოში ერთადერთი ინკლუზიური თეატრალური დასი „ცისარტყელა“ ბათუმში 2007 წლიდან დგამს სპექტაკლებს. „წუნა და წრუწუნა“ მათი რიგით მეექვსე ნამუშევარია, რომლის პრემიერაც რამდენიმე თვის წინ შედგა ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში. სპექტაკლში 12 ახალგაზრდაა დაკავებული.

28 წლის ანზორ ხიმშიაშვილი დაარსებიდანვე „ცისარტყელას“ წევრია. სპექტაკლში წუნას ბაბუას თამაშობს. სულ იღიმის და ჩვენთან საუბარი ახარებს, კითხვებზეც დაუფარავი სიხარულით, ემოციებისგან ხელების ფშვნეტით გვპასუხობს. თვალებანთებული გვეკითხება როდის გამოვაქვეყნებთ მის ფოტოს ვებ-გვერდზე. ანზორი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს რეპეტიციებზე ატარებს. აქ ყველა მისი მეგობარია, ყველას იცნობს. ცეკვა, მუსიკა და მხიარული გარემო მოწყენის საშუალებას არავის აძლევს. ანზორი აპირებს ყოველთვის ითამაშოს სპექტაკლებში და რეპეტიციების გარეშე უკვე ცხოვრება ვეღარც წარმოუდგენია.

ანზორ ხიმშიაშვილი. ინკლუზიური თეატრალური დასის წევრი

დასის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტუღუში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისთვის საინტერესო პროცესია დააკვირდეს როგორ იზრდებიან და იხვეწებიან დასის წევრები სპექტაკლიდან სპექტაკლამდე.

„სპექტაკლიდან სპექტაკლამდე მსახიობები იზრდებიან პროფესიულად და მათთან ერთად ვიზრდები მეც. თვითმყოფადი დასი ვართ. ჩვენი მსახიობები მანამ არიან ჩვენთან, სანამ სკოლას დაამთავრებენ, მერე ხშირად მიდიან, მაგრამ არის რამდენიმე მსახიობი, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს, თუმცა დასში რჩებიან. ჩვენი სურვილია თითოეული მათგანი შევინარჩუნოთ და მუდმივმოქმედ თეატრალურ დასად ვიქცეთ. უამრავი ადამიანი მუშაობს დასში,  სპექტაკლები კარგი რომ გამოვიდეს. ეს არის ზღვა შრომა, რომელსაც ერთი ადამიანი ვერ გასწევს, ჩვენი წარმატება ბევრი ადამიანის შრომის შედეგია. დასის ყველა წევრი მაქსიმალურად იხარჯება და ეს ადამიანები ჩემთვის გმირები არიან“- ამბობს ნიკოლოზ ტუღუში.

რეპეტიციებისთვის დასი „ცისარტყელა“ 26-ე საჯარო სკოლის მცირე სცენას იყენებს. მხარდაჭერა აქვთ მერიიდან და აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან. სხვადასხვა დროს წარმოდგენებს აჩვენებენ მოზარდმაყურებელთა თეატრსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში. აჭარის განათლების სამინისტრომ დასის გასტროლებიც დააფინანსა სიღნაღსა და თბილისში. „ცისარტყელამ“ სპექტაკლი „პატარა უფლისწული“ სიღნაღის პროფესიულ თეატრსა და თბილისის ილიას უნივერსიტეტის სცენაზე ითამაშა.

ნიკა ტუღუში პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც დასის წევრი შშმ პირები ყოველდღიურად აწყდებიან გარეთ გამოსვლისთანავე.

„ბევრი შენობა არ არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეთათვის. აქ, რედისონში ლიფტით ამოვედით, მაგრამ არის შენობები, სადაც გვიწევს ხელით ავიყვანოთ ხოლმე ბავშვები სართულებზე და სცენამდე. თითქმის ყველგან ასეა. იმედია, ოდესმე ადაპტირებული გახდება სცენაც და ჩვენს დასსაც შეეძლება იქ თავისუფლად ასვლა.

მახსოვს ქალაქში რამდენიმე წლის წინ ეტლით მოსარგებლეს ვერ ნახავდით, თითქოს არ არსებობდნენ. იმედია, შეიცვლება ასეთი დამოკიდებულება და შეიცვლება ქალაქი. საწყენია, რომ პანდუსები ბევრგან არ არის, მაგრამ გასაბრაზებელი ამბავია, როცა არის და ტრამპლინს ჰგავს. გინდ ყოფილა, გინდ არა. ეს არ არის არც უპასუხისმგებლობა, არც დაუდევრობა, ეს, უბრალოდ, არაადამიანობაა, ჩემი აზრით.

არ მომწონს ტერმინი შშმ პირი. მე, მაგალითად, ვერ ვმღერი და ამაში შეზღუდული ვარ, დასის ერთ-ერთი რომელიმე წევრი კი ძალიან კარგად მღერის, ან ის ვერ ცეკვავს და მე შეიძლება ცეკვა გამომდიოდეს კარგად. შეუზღუდავი შესაძლებლობები არ არსებობს. ყველას რაღაც შეგვიძლია, მაგრამ რაღაცის უნარი შეზღუდული გვაქვს. ვიღაცამ არ იცის კარგად მათემატიკა და ესმის ლიტერატურა ან პირიქით და ა.შ.“

ნიკოლოზ ტუღუში პროფესიით ტელე-კინო რეჟისორია და 10 წელია დასის სამხატვრო ხელმძღვანელია. ამ ხნის განმავლობაში ამბობს, რომ დასის თითოეული წევრი უფრო გახსნილი, აქტიური და კომუნიკაბელური გახდა.

„არ ვიცი ასე როგორ მოხდა, ბედისწერით თუ სხვაგვარად, მაგრამ უკვე ათი წელია ერთად ვართ და ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან გამზარდეს ამ ბავშვებმა, ბევრ რამეს მაძლევენ, ძალიან შემცვალეს პიროვნულად, მგონი მე უფრო მეტს ვიღებ მათგან, ვიდრე თვითონ გავცემ დასისთვის“.

ნიკოლოზს სურს „ცისარტყელა“ სამომავლოდ დამოუკიდებელ თეატრალურ დასად ჩამოყალიბდეს. შესაძლებელია დასი მომავალში გაფართოვდეს და მეტი ბავშვი ჩართოს თეატრალურ ცხოვრებაში აჭარის რეგიონიდან.

ზურაბ პატარაძე: გზების მოვლაზე პასუხისმგებელ კომპანიებზე კონტროლი გამკაცრდება

კითხვაზე, რამდენად მომზადებული ხვდება ხელისუფლება მოახლოებულ ზამთარს და უხვი ნალექის შემთხვევაში რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას აჭარის მთაში? იქნება თუ არა ცენტრალური საავტომობილო გზების ჩაკეტვისა თუ შუქის გათიშვის შემთხვევებში? აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს, რომ გზების მოვლა – პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლის მექანიზმი გამკაცრდება:

„წელს მაქიმალურად გამკაცრდება კონტროლის მექანიზმი, აღმასრულებელი ხელისუფლება და საკრებულოების ახალი შემადგენლობა გააკონტროლებს ხარისხს. იყო შემთხვევები, როდესაც უხვი ნალექი მოვიდა, ზვავი ჩამოწვა, რისგან დაცულიც არავინაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც სწორი მენეჯმენტი და  მიდგომა უნდა იყოს, მუნიციპალიტეტმა, ხელისუფლებამ და მათ შორის „ენერგო – პრომ“ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დროულად მოხდეს [დაზიანების] რეაბილიტაცია-აღდგენა“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებთან „ქედელობის“ დღესასწაულზე. 

ბათუმი – ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის 58 -ე კილომეტრიდან 117 – ე კილომეტრამდე მონაკვეთის მოვლა-პატრონობას სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იბერია – ჯ“ უზრუნველყოფს, შესაბამისად, საავტომობილო გზებზე ჩამოსული მიწის მასისა თუ თოვლისგან გაწმენდის ვალდებულება ამ კომპანიას აქვს. ვალდებულების მიუხედავად წინა წლებში აჭარის მაღალმთიანეთში ხშირი იყო გზის ჩაკეტვის შემთხვევები, რადგანაც კომპანია გზებისგან თოვლის გაწმენდას დროულად ვერ ახერხებდა.

პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები დაიწყო

აჭარის ა/რ მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით 2015 წელს პეტრას ციხის რეაბილიტაცია დაიწყო. სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ციხის კედლების რეაბილიტაცია.

2017 წლისათვის სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში დაიწყო პირველი ეტაპის სამუშაოები: ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღობის მოწყობა.

2018 წლისათვის დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობა, ასევე გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები.

აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ მიმდინარე წელს არქეოლოგიური სამუშაოების დროს ციხეზე აღმოჩენილი იქნა ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული უმნიშვნელოვანესი მასალები: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა).

პირველად ციხის შესწავლა 1930-იან წლებში დაიწყო, 1934 წელს ს. ჯანაშიამ სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ციხეზე და გამოვლინდა ტაძრის ნაშთი. ფართო მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები კი დაიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის სახ.ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიციის ძალებით, ამ გათხრების შედეგად გამოვლინდა სამხრეთის კოშკი, სამხრ.კარიბჭე, სამნავიანი ბაზილიკა, აღმ.კარიბჭე და აბანო.

ციხე-ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის-ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანს და სომხეთს. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.

სტაჟირება ბათუმის დემოკრატიის სკოლაში

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის(EECMD) ბათუმში სტაჟირებს აცხადებს. სტაჟიორები უფლებამოსილებას განახორციელებენ რეგიონული კოორდინატორის მეთვალყურეობის ქვეშ და ჩართულნი იქნებიან რეგიონული ოფისებისა და დემოკრატიის სკოლების კოორდინირების პროცესში. ბათუმის გარდა სტაჟირების გავლა მსურველებს შეუძლიათ თელავში, გორსა და ქუთაისში.

EECMD დემოკრატიული პოლიტიკური აქტორების გაძლიერების, დემოკრატიული კულტურის გაჯანსაღებისა და პოლიტიკური სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს საქართველოსა და უკრაინაში. დემოკრატიის განათლების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს დემოკრატიის სკოლები, რომელიც მოიცავს 5-თვიან საგანმანათლებლო პროგრამას დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებზე.ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.eecmd.org

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის ანგარიშების და მოხსენებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საორგანიზაციო და საოფისე საქმიანობაში დახმარება;
  • რეგიონულ ოფისში ტრენინგების, შეხვედრების, ლექციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • რეგიონული აქტივობების კალენდრის მართვა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში დახმარება.

ზემოთგანსაზღვრული მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და კომპეტენციები:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ადგილობრივი პოლიტიკური კონტექსტის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები.

პირობები:

  • სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვე, შესაძლებელია გაგრძელება;
  • გრაფიკი-თავისუფალი/არასრული;
  • სტაჟირება არაანაზღაურებადია;
  • სტაჟირების გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

შერჩევის პროცესი:

  • დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@eecmd.org გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის და ქალაქის დასახელება;
  • აპლიკაციის პროცესი შედგება ორი ეტაპისგან: აპლიკაციების გადარჩევა და გასაუბრება;
  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 18 ნოემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის ანგარიშების და მოხსენებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საორგანიზაციო და საოფისე საქმიანობაში დახმარება;
  • რეგიონულ ოფისში ტრენინგების, შეხვედრების, ლექციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • რეგიონული აქტივობების კალენდრის მართვა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში დახმარება.

ზემოთგანსაზღვრული მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და კომპეტენციები:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ადგილობრივი პოლიტიკური კონტექსტის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები.

პირობები:

  • სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვე, შესაძლებელია გაგრძელება;
  • გრაფიკი-თავისუფალი/არასრული;
  • სტაჟირება არაანაზღაურებადია;
  • სტაჟირების გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

შერჩევის პროცესი:

  • დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@eecmd.org გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის და ქალაქის დასახელება;
  • აპლიკაციის პროცესი შედგება ორი ეტაპისგან: აპლიკაციების გადარჩევა და გასაუბრება;
  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 18 ნოემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ყველა მერი კაცია

წელს თვითმმართველობის არჩევნებზე სხვადასხვა პარტიის მიერ მერობისთვის წარდგენილი 382 კანდიდატიდან სულ 48 კანდიდატი იყო ქალი, ეს მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 12%-ია. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის შეფასებით, ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი. ეს მაჩვენებელი არ აღემატება 12%-ს. გარდა ამისა, საქართველოში არც ერთ თვითმართველ ქალაქს ქალი მერი არ ჰყავს და თუ ისტორიას გადავხედავთ, ასეთი პრეცედენტი არც ყოფილა. არჩევნების შედეგად მერობის 48 ქალი კანდიდატიდან 47 დამარცხდა და ქალი მერი, მხოლოდ ერთ – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ეყოლება.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმარ­თველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. მოქმედი კანონმდებლობით თვითმმართველობებში გამგებლების ნაცვლად მერები აირჩიეს. წელს მერებს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ირჩევდნენ.

მმართველი გუნდის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქარველოს“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატების სიის მიხედვით, ამ პარტიის სახელით ქალი კანდიდატები მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში იბრძოდნენ: ლელა ქიტესაშვილი – თიანეთში და ანივარდ მოსონიანი – ნინოწმინდაში.

არჩევნებამდელი მონაცემებით, საქართველოში 69 გამგებლიდან მხოლოდ ორი იყო ქალი.

საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას და მმართველ პარტიას პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

„პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია და ადასტურებს, რომ უგულებელყოფილია საზოგადოების მოთხოვნა, უზრუნველყოფილ იქნას ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. ამით ასევე არ სრულდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – ასე შეაფასა მერობის ქალი კანდიდატების რაოდენობა არაფორმალურმა გაერთიანებამ – „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი“.

ამ ჯგუფის წევრები საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილებისა და რესურსების მქონე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან.

ქართულ პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას არაერთი პოლიტიკური ფიგურა უჭერს მხარს, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც. თუმცა, როცა სიების შედგენაზე ან კონკრეტული კანონპროექტების მიღებაზე მიდგება ჯერი – შედეგი არ არის. „მმართველი პარტია მუდმივად აცხადებს, რომ ქალთა უფლებები მათთვის პრიორიტეტია, მართავს დიდ შეხვედრებს ტრაფარეტული სიტყვებით, მაგრამ კანონპროექტების მისაღებად სინამდვილეში პულტებს არ აჭერენ ხელს. როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება და მათ უნდა დააყენონ კანდიდატები, ეს ყველაფერი ახლოსაც არ მიდის მათ რეალურ საქმესთან“, – ამბობს ანა არგანაშვილი, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

იდა ბახტურიძე, ორგანიზაცია „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ არიან მზად იმისთვის, რომ მათ პოლიტიკურ კულტურას ვენდოთ, რადგან დაპირებების მიუხედავად, ქართული პარტიები თავიანთი ნებით ქალების პოლიტიკურ გააქტიურებას ხელს არ უწყობენ. „ეს თემა მიშვებულია იმ კონკრეტული ადამიანების ნებაზე, რომლებიც არიან პარტიის ხელმძღვანელები. ბოლო წინასაარჩევნო პროცესიც ამას გვეუბნებოდა – ქალები კრიტიკულ მინიმუმსაც ვერ აღწევდნენ წამოყენებულ კანდიდატურებში. ისევ არ გვეყოლება ქალები, რომლებიც გაიტანენ განსახილველად სოციალურ საკითხებს და დაიცავენ ქალების ინტერესებს, რომლებიც მთლიანი ამომრჩევლების ნახევარზე მეტს წარმოადგენენ საქართველოში“, – ამბობს იდა. იგი მიიჩნევს, რომ საამისოდ საჭიროა რეგულაციების არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ქალების სათანადო რაოდენობით ჩართვას პოლიტიკაში მანამ, სანამ პოლიტიკური პარტიები ამის აუცილებლობას თავისით გაიაზრებენ.

სწორედ ამიტომ სავალდებულო კვოტირების კანონპროექტის მიღების მოთხოვნით, იდეის მომხრეები უკვე მეორედ მიმართავენ პარლამენტს.

სავალდებულო კვოტირების კანონპროექტის მიხედვით, კანონმა პარტიებს უნდა დაავალდებულოს პროპორციული სიების ისე ფორმირება, რომ პროპორციულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის პოლიტიკოსი იყოს, რაც, ჯამში, 150-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში ქალების მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. ეს 38 დეპუტატი ქალია.

საქართველოს პარლამენტში წლების განმავლობაში ქალი დეპუტატების რაოდენობა იზრდება, თუმცა ნელი ტემპით. მაგალითად, 1992 წელს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა 6.22% იყო ქალი, 2015 წელს – 6.64%, 1999 წელს – 7.17%, 2004 წელს – 9.33%, 2008 წელს – 6.00%, 2012 წელს – 12.00%, ხოლო 2016 წელს – 16.00% (150 დეპუტატიდან 24 ქალი).

„ქართულ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ასეთი ნელი ტემპებით ზრდის მიზეზი კაცების მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების სურვილია. იმ კაცებისა, რომლებიც არ თმობენ პრივილეგიას“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

საქართველოში ხშირად კითხულობენ, თუ რა განსაკუთრებული ცვლილებების მოტანა შეუძლიათ ქალებს პოლიტიკაში. „უპირველეს ყოვლისა, ეს ქალების უნიკალური გამოცდილებაა და შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის აღზრდა თუ ჯანდაცვის საკითხები. ეს თემები უფრო ხშირად ხვდება ქალების პოლიტიკური დღის წესრიგში, ვიდრე კაცების,“- ამბობს ანა არგანაშვილი.

ამის პარალელურად ქალაქებმა ევროპაში დიდი ხანია გაიაზრეს, რომ სხვადასხვა სოციალური საკითხის გარდა, გენდერული ასპექტები ინფრასტრუქტურასაც გააჩნია. მეტიც, ისეთ ქალაქებს, როგორიცაა: პარიზი (2,2 მლნ მოსახლე), რომი (2,7 მლნ მოსახლე) და სხვა, სათავეში ქალები ჰყავთ.

ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერდა, რომ 1990 წელს გამოკითხვამ ქალაქ ვენაში აიძულა ურბანისტები, გადაეფასებინათ ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების მიდგომა. ვენის მოქალაქეებს ჰკითხეს, თუ რატომ და როგორ იყენებდნენ ისინი საზოგადოებრივ ტრანსპორტს. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ კაცებსა და ქალებს რადიკალურად განსხვავებული პასუხები ჰქონდათ. ტიპიური მარშრუტი კაცებისთვის იყო მოკლე და მარტივი: სახლიდან სამსახურამდე და სამსახურიდან სახლში. ქალების პასუხები საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რაც რამდენიმე მარშრუტს მოიცავდა, როგორც მეტროთი, ისე ფეხით: ბავშვების წაყვანა სკოლაში, ექიმთან ვიზიტი, პროდუქტების ყიდვა და კვლავ სკოლაში მიბრუნება ბავშვების გამოსაყვანად.

ამან აიძულა ქალაქის ურბანისტები გაეაზრებინათ, რომ ინფრასტრუქტურას გააჩნია გენდერული ასპექტები, რომ ქალებსა და კაცებს გააჩნიათ განსხვავებული საჭიროებები და სხვადასხვაგვარად იყენებენ საჯარო სტრუქტურებსა და სისტემებს. შედეგად არქიტექტორებმა ქალების საჭიროებებს მოარგეს სატრანსპორტო პროექტები, დაამატეს ლამპიონები ქუჩებში, რათა ქალებს საღამოობით უსაფრთხოდ ევლოთ ფეხით და გააფართოვეს ტროტუარები, რათა მარტივი ყოფილიყო საბავშვო და სავარძელი-ეტლებით გადაადგილება.

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

ქალების საჭიროებები ქართული ქალაქების ურბანული განვითარების პოლიტიკაში არ ჩანს, ამბობს იდა ბახტურიძე: „დღეს თბილისში მინიმუმ საფრთხისშემცველია მიწისქვეშა გადასასვლელები გოგოებისთვის, განსაკუთრებით რამდენიმე ასეთი წერტილი არსებობს, მაგალითად, უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტები ყოველდღიურად აწყდებიან სხვადასხვა ტიპის სექსუალურ შევიწროებას. ამ ტიპის გადასასვლელები უნდა მოწესრიგდეს, მინიმუმ დამონტაჟდეს განათება და შეიქმნას უსაფრთხოების გარანტი“.

იდა ამბობს, რომ ასეთი საკითხების ინიციატორები ძალიან იშვიათად შეიძლება გახდნენ კაცები. ამ პრობლემის მოგვარება კაცთა ადვოკატირებით რთულია, რადგან მათ არ ჰქონიათ გამოცდილება, თუ როგორია ღამე, სიბნელეში სიარული და მინიმუმ იმის შიში, რომ ვიღაც შეგავიწროებს ან იძალადებს შენზე.

„ასევე, როცა ვსაუბროთ გზებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, იქ არ არის გათვალისწინებული საბავშვოეტლიანი დედა ან სავარძელი-ეტლით მოსარგებლე ადამიანის ინტერესები, მოუწესრიგებელი და არასწორად დაგეგმილია ტროტუარები. ესეც იმიტომ, რომ ქართველ კაცს თავისი ცხოვრების მანძილზე ალბათ ძალიან ცოტაჯერ გაუტარებია საბავშვო ეტლი ქალაქში“, – ამბობს იდა.

საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამომრჩეველი ადრინდელთან შედარებით უფრო დადებითადაა განწყობილი ქალი პოლიტიკოსების მიმართ, თუმცა ამ მხრივ სტერეოტიპები კვლავ მყარია საზოგადოებაში. იდას თქმით, პოლიტიკური პარტიები სწორედ იმ იდეას ყიდიან, რომ მოსახლეობა არ აირჩევს და არ ენდობა ქალების კომპეტენციას. „თუმცა, ეს არგუმენტი დიდი ხანია გაბათილდა – NDI-ს მიერ გამოკითხული ამომრჩევლის 70%-მდე ამბობს, რომ ქვეყნის პოზიტიური განვითარებისთვის კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, ვიდრე დღეს არის“, – ამბობს იდა.

ანა არგანაშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ სამუშაოა ქალ ამომრჩევლებთან, რათა მათ გააცნობიერონ, ქალი კანდიდატების არჩევის შემთხვევაში რა სხვაობა იქნება: „ამ სხვაობის დანახვა მათ ძალიან უჭირთ, რადგან ქალები ტოტალურად არიან ჩაგვრისა და სტრუქტურული უთანასწორობის მსხვერპლები. ხმის მიცემის დროს მათთვის, სამწუხაროდ, უთანასწორობის კონტექსტი გადამწყვეტია. ისინი თავს არ გრძნობენ თანასწორად, შესაბამისად, ეს მოთხოვნა არც პოლიტიკური პარტიის მიმართ არის“.

ბათუმის საკრებულოს წევრი, ნატალია ზოიძე, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პროპორციული სიით, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატიც იყო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ და საკრებულოში მუშაობის სამწლიანი გამოცდილებაც აქვს, ამბობს, რომ მერობაზე უფიქრია, მაგრამ მიიჩნევს, რომ ჯერ ადრეა ამ პოზიციაზე თავისი კანდიდატურის დაყენება. „ვფიქრობ, მერობის კანდიდატად საკუთარი თავის წამოყენება ცოტა ნაადრევი იქნებოდა, მირჩევნია მაჟორიტარობით გავაკეთო საქმე ისე და დავუმსხვრიო ირგვლივ საზოგადოებას სტერეოტიპები, რათა სამომავლოდ რომ ვიფიქრო მერობა, საქმემან შენმან გამოგაჩინოს – ეს იყო კრიტერიუმი“, – ამბობს ის. მას მერის პოზიციაზე პარტიიდან შეთავაზება არც ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ მაინც უარს იტყოდა: „მე თავიდანვე ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე ისე, რომ მერე ამაზე საუბარი არ ყოფილა“.

„დისნეისა“ და სტუდია Pixar-ის ახალი ანიმაციური ფილმი

კომპანია Walt Disney Pictures-ისა და სტუდია Pixar-ის ახალი ანიმაციური ფილმი „Coco“ 12 წლის მიგელისა და მისი ოჯახის ისტორიაზე მოგვითხრობს. ბიჭი მუსიკოსობაზე ოცნებობს და ამ ოცნების ასასრულებლად გარდაცვლილთა იდუმალ სამყაროში გასამგზავრებლადაც მზადაა. სიუჟეტი ვითარდება მექსიკის ეროვნული დღესასწაულის, მკვდართა დღის მიხედვით, რომელიც 31 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღეს მექსიკელების წარმოდგენით გარდაცვლილთა სულები დედამიწაზე ბრუნდებიან და მათ განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ საზეიმო ცეკვა-სიმღერებითა და ჭრელი სამოსით.

ლათინოამერიკელები მიიჩნევენ, რომ სიკვდილთან თუნდაც წელიწადში ერთხელ, ერთი დღით მიახლოება ადამიანს სიცოცხლის მნიშვნელობას უფრო მძაფრად აგრძნობინებს. ფილმის რეჟისორი ლი უნკრიხია, რომელმაც 2010 წელს „ოსკარი“ მოიპოვა ანიმაციური ფილმისთის „Toy Story 3“.

Walt Disney Pictures-ისა და Pixar-ის ახალ ნამუშევარს სიამოვნებით ნახავს ყველა ქვეყნისა და ასაკის მაყურებელი. ფილმი მსოფლიოს კინოეკრანებზე 22 ნოემბრიდან გავა.

„ეს ზღვისპირა სოფელი ევროპული დონის ქალაქად გადაიქცა“ – ბათუმი 1915 წლის მეგზურში

ავტორი: თამარ ორაგველიძე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის დირექტორი 

შავიზღვისპირეთის მეგზური – „Путеводитель по черноморскому побережью“ – გრეგორი მოსკვიჩის მიერ შედგენილი, ილუსტრირებული და პრაქტიკული მეგზურია,რომელიც, ქ. პეტროგრადში, ტროიცკაიას ქუჩის № 23-ში,1888 წლიდან გამოდიოდა.

ამჟამად განვიხილავთ 1915 წლის აპრილში გამოსულ XXII გამოცემას, რომლის სარეალიზაციო ღირებულებაც 1მ.25 კაპიკი იყო. მისი შეძენა შეიძლებოდა როგორც დედაქალაქში, ისე პროვინციების ნებისმიერ სადგურში, გემებსა და წიგნის ყოველ მაღაზიებში. ავტორი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული გამოცემა სხვებთან შედარებით მნიშვნელოვნად ჩასწორებული და შევსებული იყო. მას თანდართული ჰქონდა 5 გეგმა, 16 ილუსტრაცია და ბროშურები სახელწოდებით: „ექსკურსიები კავკასიასა და ვოლგაზე გრეგორი მოსკვიჩისგან“. იქვე, მოსკვიჩი მკითხველს ატყობინებს, რომ 1916 წლის მეგზურისათვის განცხადებების მიღება უკვე დაწყებული იყო.

ოცდაშვიდი წლის მანძილზე 155 ნომერი გამოიცა, 600 000 ეგზემპლარით. გამომცემელი რედაქციის დამსახურებაზე ამახვილებს ყურადღებას და იმ მიღებულ ზომებზე საუბრობს, რამაც ხელი შეუწყო ყველა მნიშვნელოვანი ადგილის წარმოჩენას.

საინტერესოა ავტორის მიერ პეტროგრადში მომზადებული წინასიტყვაობა, სადაც აღწერს შავიზღვისპირეთის სანაპიროს, როგორც კავკასიის მშვენიერ რივიერას, გამორჩეულად მდიდარი ბუნებით, სილამაზით და საოცარი კლიმატით.
მეგზურში წერია, რომ კავკასიის სქემატური რუქის და მრავალი სხვა ილუსტრირებული ბროშურის გარდა, თანდართული იყო ნოვოროსისკის, ტუაფსეს, სოჩის, სოხუმის და ბათუმის გეგმები.

ძირითადი ცნობები ბათუმის შესახებ მოცემულია ქვეთავებში: „სოხუმიდან ბათუმამდე“ და „ქობულეთიდან ქუთაისამდე“. ავტორი თხოვნით მიმართავს თითოეულ მომხმარებელს, მოურიდებლად მიანიშნოს უზუსტობებზე, რადგან ამით რედაქციას დაეხმარება მსგავს გამოცემათა სრულყოფისათვის.

როდესაც ქალაქის დაგეგმარებაზე საუბრობს, მოსკვიჩი ყურადღებას ამახვილებს მთებით გარშემორტყმულ მომაჯადოებელ ყურეზე. ამბობს, რომ ეს ზღვისპირა სოფელი 37 წელიწადში ევროპული დონის ქალაქად გადაიქცა. სწორად განლაგებული ქუჩები გამოირჩევა ქვაფენილით და ასფალტირებული ტროტუარებით. ცენტრალურ ნაწილში ბევრი ლამაზი სახლია, რომელიც მას ევროპულ ელფერს მატებს. ჩამოსულ სტუმრებს, განსაკუთრებით ავადმყოფებს, ურჩევს სიმშვიდის შეგრძნების, სასიამოვნო ჰაერით და მზის სხივებით ტკბობისათვის ბულვარის, სმეკალოვის, შეპელევის, ბაღის და ზღვის ქუჩებში გასეირნებას.

საინტერესო ცნობებს გვაწვდის ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძრის, ალექსანდროვის ბაღის და ნიკოლაევის ბულვარის შესახებ, რომელსაც კვლევის მომდევნო ეტაპზე ვრცლად შემოგთავაზებთ.

ავტორი საუბრობს ბულვარის ბოლოს განთავსებულ ცნობათა ბიუროს შესახებ, რომლის მომსახურებაც უფასო ყოფილა. რაც შეეხება სასტუმროებსა და რესტორნებს, გვიყვება მათი ევროპული დონის შესახებ და გამოარჩევს „იმპერიალს“, „ორიენტალსა“ და „ფრანციას“.

მრავალგზის უბრუნდება ბათუმის შემოგარენის მცენარეული სამყაროს თემას და მას საოცარს უწოდებს. მწვანე კონცხს კი მოიხსენიებს, როგორც მაღალი კულტურის ნიმუშს და აქვე საუბროს სხვა ბაღების შესახებ (დევისონის, ტრიანტაფილიდესის, ბარიატინსკის, დუკმასოვის, პალმის და ა.შ.). მოსკვიჩი ვრცლად განიხილავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და გვთავაზობს პროფესორ ა. კრასნოვის ნარკვევს, რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ დაბეჭდილა, საუბრობს ბათუმის ნავსადგურის მნიშვნელობის შესახებ და ცნობებს გვაწვდის ნავთისა და მარგანეცის გადაზიდვების თაობაზე. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას,მოსკვიჩი მიიჩნევს, რომ ადგილობივები მშვიდობისმოყვარე ხალხია, საინტერესო წეს-ჩვეულებებით.

სოლვა მომხმარებლებს სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს

გიორგი გორგაძე 24 წლისაა. 2 წლის წინ ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 3 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო. უკვე 1 წელია ვეღარ იხდის, ჯარიმები კი ყოველდღიურად ერიცხება. მისი თქმით, ამის მიზეზი სესხის საპროცენტო განაკვეთი და იმაზე მეტი თანხის აღებაა, ვიდრე გადახდა შეეძლო.

საქართველოში არაერთი ასეთი შემთხვევაა, როცა ფინანსური ინსტიტუტი ყოველგვარი ანალიზის გარეშე გასცემს სესხს. ამას უპასუხისმგებლო დაკრედიტება ეწოდება.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტება კი მოიცავს კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, სეხის რეალური საჭიროების დადგენას და იმ ოდენობით თანხის გაცემას, რომლის გადახდაც მომხმარებელს შეუძლია.

სწორედ პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაა სწრაფი ონლაინ სამომხმარებლო სესხების კომპანიის, “სოლვას” პოლიტიკის ნაწილი. სოლვას სისტემის მიხედვით, სესხი არ გაიცემა:

[checklist]

  • 21 წლამდე პირზე.
  • პირზე, რომელსაც შემოსავალი არ აქვს.
  • პირზე, რომელსაც გადახდის უნარიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს.

[/checklist]

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის ფარგლებში “სოლვამ” “ჯი პი აი ჰოლდინგთან” ხელშეკრულება გააფორმა და   2017 წლის 6 ნოემბრიდან კომპანია საკუთარ მომხმარებელს ახალ პროდუქტს – სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს. მომხმარებელს საშუალება აქვს სესხის მიღებასას შეიძინოს “ჯი პი აი ჰოლდინგის” სიცოცხლის ნებაყოფლობითი დაზღვევა.

შპს “სოლვა” სწრაფი ონლაინ სესხების კომპანიაა, რომელიც ახალ პროდუქტს სთავაზობს ონლაინ სამომხმარებლო სესხების ქართულ ბაზარს.სიცოცხლის დაზღვევის  ღირებულება განისაზღვრება სესხის ოდენობის და ვადის შესაბამისად.

სოლვა – solva.ge

შპს “სოლვა” -მ და კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგმა” ახალ პროდუქტზე მუშაობა აგვისტოს თვეში დაიწყეს და რამოდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქტის შეთავაზების პირველ კვირას მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და პირველივე დღეს შპს “სოლვა” ს 100 მომხმარებელმა შეიძინა “ჯი – პი – აი ჰოლდინგი” ს დაზღვევა.

შპს “სოლვა” წარმოადგენს “აი დი ფაინანსი” – ს ჯგუფის ნაწილს და საქრთველოში ავითარებს გრძელვადიანი სესხების პროდუქტს. შპს “სოლვა” 2016 ივლისიდან მოღვაწეობს და სთავაზობს ბაზარს სტაბილურ ფინანსურ პროდუქტს, რომელიც გადახდისუნარიან მომხმარებელს სწრაფი სამომხმარებლო სესხისმოხერხებულად, სახლიდან გაუსვლელად მიღებას და მათთვის მისაღები გრაფიკით, მცირე შენატანებით დაფარვას გულისხმობს. კომპანიის ახალი აუდიტორია საინტერესოა გადამხდელუნარიანობით და შედარებით დაბალი რისკით.

“აი დი ფაინანსი” არის სწრაფად მზარდი ფინანსური ტექნოლოგიების მქონე კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მონაცემთა დამუშავებაში, საკრედიტო ქულის მინიჭებასა და ონლაინ დაკრედიტებაში განვითარებად და განვითარებულ ბაზრებზე. ახალი ტექნოლოგია უკეთესად აფასებს მომხმარებლების ფინანსურ შესაძლებლობებს და რისკებს.

სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგი”სადაზღვევო ბაზრის ლიდერია. 2006 წლიდან “ჯი პი აი ჰოლდინგი” ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” წევრი გახდა. კომპანიისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი წინსვლა, არამხოლოდ ფინანსური სტაბილურობის, არამედ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც: საქართველოში პირველად მსგავსი დონისა და რეიტინგის უცხოური კომპანია ადგილობრივი კომპანიის აქციონერი გახდა.

ჯი პი აი ჰოლდინგი” ერთ-ერთი ლიდერია სხვადასხვა საფინანსო კომპანიებთან პარტნიორობის კუთხით. კომპანიის პარტნიორები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ინოვატორული მიდგობა, ადგილობრივ მოთხოვნილებაზე მორგებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდი – ეს სწორედ ის ფაქტორებია, რამაც განსაზღვრა და რაც გასაზღვრავს “ჯი პი აი ჰოლდინგი” ს წარმატებას ქართულ ბაზარზე.

„სუფთა” ენერგიის მომხმარებელი სახლები

ნულოვანი ენერგიის სახლები მხოლოდ სუფთა ენერგიას მოიხმარენ ყოველდღიური საჭიროებისთვის. ამგვარი სახლი მფლობელის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზოგავს.

მართალია, ნულოვანი ენერგიის სახლები ჯერჯერობით დიდი იშვიათობაა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ზრდადი ენერგეტიკული ხარჯები ენერგოეფექტურ სახლებსა და შენობა-ნაგებობებზე მოთხოვნილებას მალე გააჩენს.

სახლის მყიდველები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას სამშენებლო მასალების ენერგოეფექტურობაზე და წინასწარ განსაზღვრავენ შესაძლო ენერგეტიკულ ხარჯებს. სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებიც მოთხოვნის შესაბამისად ცდილობენ ამ მხრივ სულ უფრო და უფრო დახვეწონ პროდუქტი.

კომპანიები KB Home და New Town Builders ნულოვანი ენერგიის სახლებს აგებენ, რომლებიც ჩვეულებრივ სახლებთან შედარებით ძვირი ღირს, თუმცა დიდ ენერგეტიკულ ხარჯებს ზოგავს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ენერგოეფექტური სახლის მოდელს, რომელიც მზის ენერგიას იყენებს და სხვა ტიპის ენერგომზოგავი სისტემებითაცაა აღჭურვილი.

E-Cube 

E-Cube ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში შემუშავებული სახლის გეგმა, შედარებით ხელმისაწვდომია ფასის თვალსაზრისითაც ნულოვანი ენერგიის სხვა სახლებთან შედარებით და მზის ბატარეებითაა აღჭურვილი. ნაგებობის აწყობა, მარტივად, დიდი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.

სახლს შეგიძლიათ კუბის გარდა სხვა ფორმაც მისცეთ და ფართობიც თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ საჭიროების, ფინანსური შესაძლებლობების და გემოვნების მიხედვით.

ფოტო: solardecathlon.ugent.be

Yannel Residence

Goldberg General Contract-ის მიერ აშენებული სახლი Farr Associates -ის დიზაინითაა შექმნილი. სახლი ჩიკაგოშია და მაიკლ იანელის ოჯახს ეკუთვნის.

2009 წელს აშენებული სახლის მშენებლობაში 1,6 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მასზე დამონტაჟებული მზის ბატარეები საჭიროზე 40% მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.

ggcinc.net

UC Davis West Village 

კალიფორნიის უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნულოვანი ენერგიის შენობათა ფართომასშტაბიანი პროექტი UC Davis West Village განახორციელა.

პროექტის პირველი ეტაპისთვის 300 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა. აშენდა 315 ბინა, დასასვენებელი კომპლექსი, მოეწყო სოფლის მოედანი და 42 500 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი. ნულოვანი ენერგიის იდეაზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურული სივრცე 130 აკრ ფართობს მოიცავს და დაახლოებით 3000 ადამიანზეა გათვლილი. პროექტით აგებული კორპუსები 662 მცხოვრებს უზრუნველყოფს ბინით და 343 ოჯახს კერძო სახლით.

mashable.com

zHome

ვაშინგტონში, ისაკუა-ჰაილენდზე განთავსებულ ათბინიან საცხოვრებელ კომპლექსს zHome მისია აქვს დაამტკიცოს, რომ მზის ენერგიის ეფექტურად ათვისების გარდა ნულოვანი ენერგიის სახლების მცხოვრებლები წყალსაც 60 %-ით ნაკლებს მოიხმარენ და, შესაბამისად, მათ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანიც მინიმუმამდეა შემცირებული.

სახლებს აქვს კარგად იზოლირებული კედლები, ორმაგშუშიანი ფანჯრები, გარდა მზის ელემენტებისა აღჭურვილია აბაზანისა და საპირფარეშოსთვის წვიმის წყლის შემგროვებელი სისტემით, რომლის საშუალებითაც მტკნარი, სასმელი წყალი იზოგება.

 

ფოტო: kingcounty.gov

Harmony House

ეს სახლი კანადის ერთ-ერთი პროვინციის, ბრიტანეთის კოლუმბიის ყველაზე ენერგოეფექტურ სახლადაა მიჩნეული.

სახლი მეორადი, გადამუშავებული მასალებითაა აგებული და კანადის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია, როგორც მდგრადი, ენერიის დამზოგავი და მინიმალური დანახარჯებით აგებული საცხოვრებელი, რომელიც ახალი თაობის კანადური მწვანე საცხოვრებლის მოდელად შეიძლება იქცეს. საცხოვრებელი Harmony House ლი და ლინდა მონკრიფებს ეკუთვნით და მათი მეგობრის, არქიტექტორ კრის მატოკოს აგებულია.

Technion Cornell Campus

კორნელისა და ისრაელის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტებმა 2011 წელს მოიგეს ტენდერი ნიუ-იორკში, კუნძულ რუზველტიზე ასპირანტურისა და ინჟინერიის კამპუსების ასაშენებლად.

ეს შენობაც ნულოვანი ენერგიის იდეის მიხედვითაა აგებული და ნიუ-იორკის ერტ-ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური შენობაა.

სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სომალის მოქალაქეები დააკავეს

ბათუმში, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფის) დასაცავ მონაკვეთზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სომალის რესპუბლიკის სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ქედის საბავშვო ბაღების პერსონალი შესაძლოა გადაამზადონ

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ქედის მუნიციპალიტეტში არსებულმა საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია გაიარონ, ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა გადამზადებასა თუ სკოლამდელი განათლების დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, საჭირო ფინანსურ რესურს გამგეობა მომავალი წლის ბიუჯეტში ასახავს.

ლევან გორგილაძე ამბობს, რომ თანხების ზუსტი ოდენობა, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა დასჭირდება თანამშრომელთა გადამზადებასა თუ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საკითხის შესწავლის შემდეგ დაზუსტდება.

„ავტორიზაციის პრინციპი ისეთია, რომ  ის, რაც არ აკმაყოფილებს მოთხოვნას, უნდა გამოსწორდეს, თუ სისუსტეები გამოვლინდება  საბავშვო ბაღში დასაქმებულ კადრებთან დაკავშირებით, თანამშრომლებს გადავამზადებთ, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურის კუთხით იქნება ცვლილებები საჭირო, შესაბამისად გატარდება. ჩვენი პირველი ამოცანაა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებმა თანამედროვე სტანდარტები დააკმაყოფილოს,“ – ამბობს ლევან გორგილაძე.

რა სახით მოხდება ბაგა-ბაღის თანამშრომელთა გადამზადება და სწავლების რა ფორმას აირჩევს გამგეობა, ახალარჩეული მერი ამბობს, რომ შესაბამისი პროექტი მომზადდება და კადრების გადამზადებაც პროგრამულად გაიწერება:

„ეს იქნება როგორც საუნივერსიტეტო განათლება, რომელიც ტრადიციულად არსებობს, ასევე იქნება ტრენინგკურსები, მივლინება სამუშაო ადგილებზე… ვფიქრობ, კადრების გადამზადება დიდ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული. გადამზადების საუკეთესო ფორმას ავირჩევთ, შესაბამისი პროექტი დამუშავდება, რომელიც შეიძლება როგორც თანადაფინანსებით, ასევე სრული დაფინანსებით განხორციელდეს“.

საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ქედის საკრებულომ წელს,  29 სექტემბერს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე დამტკიცა. ქედის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგს უმაღლესი განათლება მოეთხოვება, რაც შეეხება აღმზრდელ-ასისტენტს, მას საშუალო განათლება უნდა ჰქონდეს და ამასთან, გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; ჯანდაცვის მიმართულებით უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს მედდას ან პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია. განათლებასთან ერთად მედდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებში, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად სამედიცინო სფეროში არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილებაცაა ჩადებული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვრცელდება ტექნიკურ პერსონალზეც, რომლებსაც დაკავებული პოზიციის შესაბამისი პროფესიული განათლება ან დაწესებულებაში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება დაწესებულების დირექტორს, მთავარი მოთხოვნა უმაღლესი განათლება და მუშაობის ერთწლიანი გამოცდილებაა.

ზვიად ქორიძის საჯარო ლექცია ბათუმსა და თხილნარში

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

14 -15 ნოემბერს თხილნარის #1 საჯარო სკოლასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას თემაზე –  „რატომ მივდივართ დასავლეთში“ , ჟურნალისტი ზვიად ქორიძე წაიკითხავს.

14 ნოემბერი, თხილნარის #1 საჯარო სკოლა, სოფელი თხილნარი

დისკუსიის დაწყების დრო: 14:00

15 ნოემბერი, ბათუმი,  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ), 131 აუდიტორია

დისკუსიის დაწყების დრო: 13:00

პროექტი „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ხოციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი-ს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

 

 

ციტრუსის კრეფის სეზონი დაიწყო

ციტრუსის კრეფის სეზონი დაიწყო. ამ დროისთვის მეციტრუსეებს აჭარაში ადგილზე კილოგრამი მანდარინის გაყიდვა საშუალოდ 60-70 თეთრად შეუძლიათ.

ციტრუსის საპროგნოზო მაჩვენებელი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს 55 ათასი ტონაა.

სახელმწიფო სუბსიდიას წელსაც გადაუხდის მეციტრუსეს არასტანდარტულ მანდარინში.  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული [„ენესი“] მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრია, საიდანაც ღირებულების – 10 თეთრს საწარმო გადაიხდის, დარჩენილი 10 თეთრი კი, სუბსიდირების სახით ანაზღაურდება.

ქობულეთი. ციტრუსის სეზონი / 13.11.2017

ვინ აპირებს საკადრო ცვლილებებს – ახალი მერების პირველი სამუშაო დღე

არჩეული მერები დღეს, 13 ნოემბერს უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენ. ახალ მერებს კაბინეტებში ძველი გამგებლები და მერი დახვდათ. აჭარის რეგიონში არჩეული მერებიდან ჯერ არავინ ამხელს, ვინ იქნებიან ვიცე-მერები. საკადრო ცვლილებებს ღიად მხოლოდ ქობულეთის ახალი მერი აანონსებს.

„ამ ეტაპზე რეორგანიზაცია და ცვლილებები არ იგეგმება. არსებობს რამდენიმე ვაკანსია და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი. დავაკვირდები მუშაობის პროცესს და თუკი საჭიროება იქნება, თანამშრომელს შევთავაზებთ გადამზადებას, ტრენინგს. გათავისუფლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ,“ – ამბობს ხულოს ახალი მერი გოჩა მელაძე.

სამსახურიდან ვინმეს გაშვებას არც ლევან გორგილაძე გეგმავს, ქედის მუნიციპალიტეტის მერი. „ასეთი შეხედულება არ მაქვს, რომ ვინმე უნდა შევცვალო გამგეობაში, ამ მიზნით და მიზეზით არ მოვდივარ,“ – უთხრა მან დღეს „ბათუმელებს“.

„შესაძლებელია რაღაც მონაცვლეობები იყოს. კონსულტაციებს გავდივარ და ჯერ ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა შუახევის ახალმა მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

საკადრო ცვლილებებზე პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა  ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ: „თავის დროზე გაიგებთ ყველაფერს. ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. გამარჯობა ხომ უნდა ვუთხრა თანამშრომლებს?“

„საკადრო ცვლილებები იქნება და ეს პირველი სამუშაო კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი,“ – ამბობს მირიან ქათამაძე, ქობულეთის მერი. მისი თქმით, ცვლილებები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ უწყებებსაც შეეხებათ, თუმცა რა სახით და რა მასშტაბით, ამას მირიან ქათამაძე ამ დროისთვის არ აკონკრეტებს.

„გავდივარ კონსულტაციებს… მოადგილეებს დღეს შეუწყდათ უფლებამოსილება. შესაძლოა ხვალისთვის უკვე ცნობილი იყოს, ვინ იქნებიან მოადგილეები. ამას ჯერ ვერ გეტყვით,“ – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

ვიცე-მერებს არც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ასახელებს. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კი იგი ამბობს, რომ ეს მოსალდენლი იმ შემთხვევაში იქნება, თუკი მის ტემპს მერიაში ვერ აყვებიან.

ხულოს ყოფილი გამგებელი და ახალი მერი გოჩა მელაძე / 13.11.2017 / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე / 13.11.2017/ ფოტო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

 

ქედის ყოფილი გამგებელი და ახალი მერი ლევან გორგილაძე / 13.11.2017 / ეკა ბარამიძის ფოტო

 

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე თანამშრომლებს ხვდება / 13.11.2017 / ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

 

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე / 13.11.2017/ ფოტო მირიან ქათამაძის ფეისბუქ გვერდიდან

 

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე / 13.11.2017/ ფოტო: ბათუმის მერია
მთავარ ფოტოზე: აჭარის რეგიონის ახლადარჩეული მერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად / ფოტო: აჭარის მთავრობა

პოსტიმპერიული, როგორც პოსტკოლონიური

ავტორი: ხათუნა ბერიძე, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მთარგმნელი

მამარდაშვილი ამბობდა, სხვა ადამიანისა თუ მესმის, იმიტომ მესმის, რომ მასთან საერთო ადამიანურ განზომილებაში, ანუ ზომითობაში ვარო. როდესაც ამერიკელი გამომცემელი ჯონ ობრაიენი საქართველოში ჩამოვიყვანე, ძალიან გაიკვირვა, ქართველი მწერლების ნათქვამი, „მწერლის როლი დიდია და ილიაც ერის მამააო“. ობრაიენს მაშინ ავუხსენით, რომ მწერლობა ერისკაცობას ნიშნავდა, რადგან ერის ცნობიერებაზე, ეროვნულ შეგნებაზე, ისტორიულად ჰქონდა გავლენა და ასეთი მისია ამერიკელ მწერლებს არ სჭირდებათ, რომ ჰქონდეთ.

ჩვენი ასიმეტრია დასავლურ სამყაროსთან დრამატულია.  ჩვენ მათთან საერთო ზომითობაში ისტორიული მიზეზების გამო არა ვართ, რადგან, ერთსა და იმავე ისტორიულ წარსულში დასავლეთი იყო იმპერია, ხოლო საქართველო კოლონიზებული ქვეყანა, რუსეთის ორიენტი და ამით რადიკალურად განვსხვავდებით ეროვნული ფსიქოლოგიური პორტრეტით. დღეს კი, როდესაც დასავლეთი, დემოკრატიულ ფასეულობებზეა გადართული, საქართველო საკუთარი პოსტიმპერიული ვითარების სოციო-კულტურულ მდგომარეობას ძალიან ნელა აანალიზებს, გეოპოლიტიკური შიშის ქვეშ ცხოვრობს და ფსიქოლოგიურ ძრწოლას განიცდის, რადგან პირადი თუ ეროვნული გადაშენების, ანუ დემოგრაფიული გაუცნობიერებელი საფრთხე თან სდევს და  საპასუხო თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს.

ხათუნა ბერიძე

როდესაც მსოფლიოს ერთი ნახევარი მეორე ნახევრის მფლობელი იყო და შენ მფლობელთა შორის კი არა, ფლობილთა შორის იყავი, როგორ და საიდან უნდა გქონდეს ყოფილი მფლობელის ანალოგიური, ანუ დასავლეთ ევროპული ფსიქოლოგია?  ყოფილი მფლობელის  ფსიქოლოგია მოიცავს პოლიტიკური ასიმეტრიის უსამართლობის გაცნობიერებას, სოციალური სამართლის დამყარებას, ახალი ფასეულობების მიღებას, რაც დემოკრატიული საზომებით იზომება.

დემოკრატია არის იმ დასავლური საზოგადოების არჩევანი, რომელიც ისტორიულად მდიდარი და  მაღალგანვითარებული იყო და არასოდეს მდგარა ეროვნული თვითგადარჩენის საფრთხის წინაშე, თავად წარმოადგენდა სუსტი სახელმწიფოებისთვის საფრთხეს წინა საუკუნეებში. მათი ეროვნული ფსიქოლოგია, ამ მხრივ, რასაკვირველია, რადიკალურად განსხვავდება.

ამიტომ არ უნდა არსებობდეს დღის წესრიგში მოლოდინი, რომ კულტურულ-სულიერი რევოლუცია ასე სწრაფად, 30 წელიწადში მოხდება ქართველ ერში, რომელმაც ორი სხვადასხვა სახის იმპერიული კოლონიზაცია გადაიტანა გასულ საუკუნეებში ცარიზმისა და კომუნიზმის სახით და ეს ჯერაც არ მიაჩნია კოლონიზაციად. ჩვენ არა ვართ იმ დასავლური გენის მატარებლები, რაც ფსიქიკას აყალიბებს, სწორედ ფსიქიკა გვაქვს განსხვავებული, გამომდინარე ისტორიული წარსულის თავისებურებებისგან. 

კოლონიზების ხუთი ნიშნიდან, ხუთივე სახეზე გვქონდა:

  1. ეროვნული მთავრობის ნაცვლად მარიონეტული გვყავდა და ცენტრი გვაკონტროლებდა;
  2. კოლონიზატორის ენას უპირატესობა აქვს მინიჭებული სახელმწიფო დონეზე, საქმისწარმოებისას;
  3. ეროვნული ისტორია გადაიწერა, ანუ იმ პერსპექტივიდან დაიწერა, რომელიც იმპერიას აძლევდა ხელს;
  4. რელიგიური ტრადიციები იხშობა და ეკლესიები ინგრევა;
  5. ეკონომიკა დანგრეული და განადგურებულია, ან მკვეთრად ჩამორჩება, მას განკარგავს დომინანტური ძალა და მორგებულია არა ადგილობრივების ინტერესებზე, არამედ მაკონტროლებლის.

დასავლეთისგან განსხვავებით, ნახევრად აზიური, ჰიბრიდული რუსეთის იმპერია არასოდეს აღიარებდა საკუთარ თავს კოლონიზატორად. ამდენად, პოსტკოლონიურია, როდესაც ვფიქრობთ, რომ საბჭოთა კავშირში რუსეთის ფავორიტები ვიყავით და ამიტომ გვქონდა ქართულ ენაზე  განათლების უფლება; ყაზახეთში რუსული ენის სწავლების იმპერიული პოლიტიკის თავსმოხვევა ახლაც გრძელდება – პოლიცია ყაზახ მშობლებს გაპროტესტებისთვის დაჭერით ემუქრება https://www.ratel.kz/scandal/v_uralske_sobranie_roditelej_zakonchilos_zaderzhaniem_i_doprosom

თუ შორიდან დავიწყებთ, ევროპისათვის აზია იყო ორიენტალური, უცხო სამყარო, მეფის  რუსეთმა კი კავკასია აღიქვა საკუთარ ორიენტალურ ტერიტორიად… ოღონდ, რუსეთი საკუთარი ერის კოლონიზატორიც იყო, მასაც დაუნდობლად ექცეოდა და საბოლოოდ საკუთარ ერსაც ჩაგრულის ფსიქოლოგია აქვს ჩამოყალიბებული.

და მაშ რატომ არ ვიქნებით აზროვნებით თანზომიერებაში რუს ხალხთან? და თუ არა ვართ თანზომიერებაში, რატომ მოქმედებს მათზეც და ქართველებზეც ერთნაირად ანტიდასავლური, დღეს განსაკუთრებით კარგად მართული და დაფინანსებული რუსული პროპაგანდის „მწვავე პრობლემები“?

ვართ და მოქმედებს კიდეც.

პოსტკოლონიური ვითარების ზეგავლენა იგრძნობა სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ დონეებზე; დღევანდელი საზოგადოების ლგბტ თემისადმი მძაფრი რეაგირება ჩვენს პოსტკოლონიურ ვითარებას ადასტურებს. ეს რეაქცია ბუნებრივია და ის ახასიათებს მსხვერპლს. მსხვერპლის დამახასიათებელი თვისებაა შიში და მოგვიანებით მოძალადედ ქცევა. ჩვენ ის ერი ვართ, რომელზეც იდეოლოგიურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძალადობდნენ და ძალადობენ დღესაც და გასაკვირი არ არის, თუ დღეს გარკვეულწილად, თვითონ ვიქეცით მოძალადედ.

პოსტკოლონიური ვითარების ზეგავლენა იგრძნობა იმ ფაქტითაც, რომ იქ, იმპერიაში ეადვილება ბევრს ურთიერთობები, რადგან არსებობს საერთო-კოგნიტური ველი, ბევრი საერთო ცნება და ლამის საერთო ისტორია.

ხანდახან კლავენ კიდეც კავკასიელობისთვის, გარეგნული პორტრეტის გამო (და კიდევ ვინ იცის, რა მიზეზით) ხშირად ქირდავენ, პირში თუ ზურგსუკან. ამ პორტრეტზე ლოყებღაჟღაჟა, დინჯი, მოქეიფე, მსხვილშავულვაშიანი, აუცილებლად ღიპიანი, დაბალი კაცია. ამ ფსიქოლოგიურ პორტრეტს იმდენად დიდხანს და ისე მონდომებით გვარგებდნენ, რომ დავივიწყეთ, როგორ გამოვიყურებით ლადო გუდიაშვილის ტილოებზე, ისე, რომ არც საკუთარ და არც ეროვნულ ღირსებასა და თავმოყვარეობას არად დაგიდევთ. დღესდღეობით, ისევ ასეთი ქართველების სუვენირები მოგვწონს, რომლებიც ეროვნულად შეურაცხმყოფელ სტერეოტიპების დამკვიდრებას უწყობენ ხელს.

არადა, ეს ის კაცია, რომელიც ქეიფ-ქეიფში დათმობს სამშობლოს და იმპერიასაც მეტი რა უნდა. მას ასეთი ქართველი სჭირდება, უბოროტო და მზაკვრობის ვერ გამგები, ან გამგები და გამორჩენას დახარბებული, ვერცხლისმოყვარე ყვარყვარე.

პოსტკოლონიური აზროვნების შედეგია, რომ ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, როგორ გაანალიზოს პუშკინი და ლერმონტოვი. ამის შესახებ ინგლისელი ლეიტონი გვწერს, რომ ამ პოეტებმა დანერგეს რუსეთში ქართველის მიმართ „უცხოს“ და „ველურის“, „ლაჩრის“, „შურისმაძიებელი, დაუნდობელი ქალისა“, სტერეოტიპები. მათ თუნდაც ამის გამო გუნდრუკი არ უნდა ვუკმიოთ.

პოსტკოლონიური აზროვნების შედეგია, რომ როდესაც ქალბატონი ლუდმილა ულიცკაია [რუსი მწერალი] საქართველოში ჩამოვაბრძანეთ, გვეკითხა მაინც, მისი „მედეა და მისი შვილები“ რამდენად იყო პოლიტიზირებული; რამდენად ჰქონდა მას ეთიკური უფლება მითიური მედეა – ბათუმისა და თბილისის გროტესკი, თავისი  იმპერიის ენაზე ექცია მედეა კოლონიზებულად. ფამუქიც გვყავდა სტუმრად, თუმცა, კრიტიკაც მოჰყვა თან. არადა ფამუქი ჩვენ პოსტკოლონიურ სიტუაციას აღწერს, ულიცკაია კი ეროვნული მითის კოლონიზებას ახდენს.

პოსტკოლონიურია ჩვენი მეტყველებაც – რადგან პოსტკოლონიურია ენა, ინგლისური ბარბარიზმით ცდილობს ერი გადაფაროს რუსული ბარბარიზმებით საუბრის უკვე სამარცხვინო გამოცდილება, რადგან ინგლისურს „ევროპისკენ მივყავართ“; და ეს ის გაგებაა, რომელიც ვიწროა და დღევანდელ მძიმე ეკონომიკურ ჩამორჩენას ვერ გვაძლევინებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ ინგლისური ბარბარიზმებით საუბარი იქნება სათაკილო ტონი საზოგადოებაში.

პოსტკოლონიურია სახელმწიფო პოლიტიკაც, განურჩევლად ყველას ასწავლო ინგლისური და პროფესიონალი მთარგმნელები არ გაზარდო, არ დაასაქმო… ასე მთარგმნელობითი საქმიანობის კოლონიზებას ახდენ და ქართულ ენას ანადგურებ. ყველაზე საშიში მცირედი ცოდნაა – შეიძლება მთარგმნელმა ქირურგიული ოპერაცია ჩაუტაროს ადამიანს? არა? აბა ენის მცირე მცოდნეებს რატომ აძლევენ ქართულ ენაზე ქირურგიული ოპერაციების ჩატარების უფლებას? თუ ის ცოცხალი ორგანიზმი არ არის? დიახ, ენა ცოცხალი ორგანიზმია და თუ გვინდა ხვალ ის უვნებელი და ჯანმრთელი იყოს, ენის სიღრმეებს უნდა დავუბრუნდეთ, პროფესიონალი მთარგმნელები უნდა განვსწავლოთ. დაე, ენათმეცნიერმა და მთარგმნელმა განაგრძონ ენაზე ზრუნვა.

იმპერია და ფული  

რას აკეთებს დღეს რუსი ინტელიგენციის ნაწილი? მსოფლიოს მასშტაბით დღეს რუსული ფულით დაფინანსებულ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებს კურირებს – და განაგრძობს  იმპერიული სულისკვეთების მასაზრდოებელი იდეოლოგიის გავრცელებას.

ასე იყო კომუნისტური რეჟიმის დროსაც: რუსი ავტორების უცხო ენაზე თარგმნის საგარეო პოლიტიკა მარტივად იყო აწყობილი: მახსოვს, რუს მთარგმნელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ლეონიდ გურევიჩის მონაყოლი: საბჭოთა მთავრობა ბევრ ფულს აბანდებდა რუსული ლიტერატურის გავრცელებაში, მთარგმნელები, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ თავმოყრილი მოსკოვში, ცხოვრობდნენ ოჯახებით და იღებდნენ მაღალ გასამრჯელოს, ოღონდ რასაკვირველია, ცენზორთან ერთად მუშაობდნენ. სად გამოიცემოდა მათ მიერ თარგმნილი წიგნები? საზღვარგარეთ. ახლა წარმოიდგინეთ რა თანხები დასჭირდებოდა მათ საზღვარგარეთ დაბეჭდვას?

რუსეთი ისევ აბანდებს თანხებს ამერიკაში გამოცემულ იმ სამეცნიერო ჟურნალებში, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპას შეეხება. ამერიკაში ემიგრირებულმა, ამერიკული მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალის აბ იმპერიოს რედაქტორმა ილია გერასიმოვმა ახლახან (ჟურნალის ბოლო ნომერში) დაწერა, რომ ქართველი  ნაციონალისტებისგან ჩაგრულ უმცირესობებს რუსეთმა ჩამოუყალიბა ეროვნება. თან დასძინა, რომ ყოფილ იმპერიას, ანუ საქართველოს, შეუძლია იქცეს უმცირესობებისთვის ეროვნებად ჩამოყალიბების საშუალებად. არაერთი ასეთი სამეცნიერო ჟურნალი წერდა და ავრცელებდა ინფორმაციას ინგლისურად დასავლეთში, რომ საქართველო არის იმპერია, საიდანაც 90-იანებში თავი დააღწიეს თვითგამორკვევის მოსურნე ერებმა.

პრორუსული სამეცნიერო პროპაგანდის გასავრცელებლად არანაკლებ თანხებს აბანდებენ მოსკოვშიც: სამეცნიერო ჟურნალს https://slovene.ru/ojs/index.php/slovene ერთმორწმუნე სლავი მეზობლები ჰყავს გარს შემოკრებილი სარედაქციო კოლეგიაში და როგორ ფიქრობთ, დაბეჭდავენ კრიტიკას? თუმცა, რუსი ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც გასცდა არამხოლოდ იმპერიის გეოპოლიტიკურ საზღვრებს, არამედ ფსიქოლოგიურსაც, კავკასიის ტრადიციული სტერეოტიპებს აკრიტიკებენ თანამედროვე რუსულ მწერლობაში:  https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/00085006.2017.1308152

(იმპერიული) ჩვეულება, რომლის დავიწყებაც (ეროვნულად) ძნელია

გვინდა თუ არა, ჩვენი დღევანდელი მოცემულობა პოსტიმპერიული ყოფაა. ვაღიარებთ თუ არა, ეს ის სოციალური აზროვნებაა, რაც გვაქვს, სრულიად ქაოსური, ზედაპირულ ცნობიერებას დაჯერებულები და ხავსზე მოჭიდებით აგებული ცხოვრებით.

საქართველო იმდენ ხანს ცხოვრობდა სიდუხჭირეში, იმდენად მიეჩვია მას და ისეა ადაპტირებული, რომ ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობას განიცდის; მხოლოდ ამ განზომილებაში განაგრძობს ცხოვრებას, ამ ორბიტაზე ტრიალებს; უჭირს დაიჯეროს, რომ დამოუკიდებლობა შეუძლია. ჯერ კიდევ ვერ გაუანალიზებია სიავე და სიკარგე, ჯერაც სასწორს ეძებს, რომ გაიგოს, ვნება იყო ის თუ სარგებელი, რაც იმპერიაში ცხოვრებამ მოუტანა.

ასე ვცხოვრობთ პოსტკოლონიურ განზომილებაში, რომელიც ვერ გავაანალიზეთ სათანადოდ, ამიტომ ვერ ვაანალიზებთ ნეოკოლონიურს და ვერ ვარჩევთ მას დემოკრატიულისაგან და ამით ნაციონალიზმის ზღვარზე გავდივართ.

რას ვერჩით ლგბტ-ს?

რას ვერჩით მუსლიმებს?

არაფერს. ვერ ვძლევთ შიშს, განადგურების შიშს, რომელიც საუკუნეებია ერის ფსიქოლოგიის ნაწილად და გენეტიკურ კოდად იქცა; როგორც მამარდაშვილი ამბობდა, ჩვენ ისტორიაში ვცხოვრობთ და არა ბუნებაში, ისტორიაში და არა ეთნოსში; ქართველები, როგორც ქრისტიანი ერი, ერი ვართ მხოლოდ იმის წყალობით, რომ ამ ერის წევრმა პიროვნებებმა, თავიანთ ქართულ ეთნიკურ სხეულში შეასრულეს გარკვეული სულიერი აქტები და ამის შემდეგ იშვნენ როგორც ერი და არა როგორ ეთნოსი.

ეს არის პოსტკოლონიური მოჯადოებული წრე, რომელზეც დიდი ხანია დავდივართ, მაგრამ სანამ საკუთარ თავს არ დავინახავთ იმ ადგილას, სადაც ვდგავართ, წრეს ვერ გავარღვევთ, შიშს ვერ დავძლევთ და  ეროვნულ პრიორიტეტებს ვერ დავსახავთ.

დოჩანაშვილი ცდილობს  თავისი პოსტკოლონიური კომუნისტი გერასიმეს გაადამიანურებას. იმედი ვიქონიოთ, რომ… მიაღწევს მიზანს.

 

 

ქედის პირველი არჩეული მერი: „არ გამოვრიცხავ, მოადგილედ ოპოზიციონერი დაინიშნოს“

ქედის პირველ არჩეულ მერს – ლევან გორგილაძეს უფლებამოსილება ყოფილმა გამგებელმა დღეს, 13 ნოემბერს გადააბარა. გადაბარებას წინ უძღოდა საჯარო მოხელეებთან ყოფილი გამგებლის დავით დუმბაძის და მერის შეხვედრა სააქტო დარბაზში. პირველ შეხვედრაზე ლევან გორგილაძემ თანამშრომლებს უთხრა, რომ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს და მათ თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ლევან გორგილაძე ასევე არ აპირებს თანამშრომლების გათავისუფლებას ქედის გამგეობის ბალანსზე არსებულ ააიპ-ებსა თუ შპს-ებში.  კითხვაზე, ვის დანიშნავს მოადგილეების პოზიციებზე, პასუხობს, რომ ამას გუნდი გადაწყვეტს.

„ასეთი შეხედულება არ მაქვს, რომ ვინმე უნდა შევცვალო გამგეობაში, ამ მიზნით და მიზეზით არ მოვდივარ. მთავარია, პირველ ეტაპზე გავეცნო თანამშრომლებს, მათი მუშაობის სპეციფიკას. რაც შეეხება მოადგილეების სამ შტატს, ამ დროისთვის თავისუფალია, ყველა მიმართულებით გავივლით კონსულტაციას. შევჯერდებით იმ კანდიდატზე, ვინც კომპეტენტურია და ვისაც უკეთესად შეეძლება ამ პოზიციაზე მუშაობა. ამ დროისთვის სავარაუდო კანდიდატებიც არ გვყავს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნიშას, მართალია, ჩემი თანამდებობა პოლიტიკურია, თუმცა მე არ ვარ პოლიტიკური ფიგურა და რომელიმე პოლიტიკური ძალის აქტიური მიმდევარი, მე ხალხს უნდა ვემსახურო და ვფიქრობ, ჩემი მოადგილეც ისეთი უნდა იყოს, ვინც ხალხს სჭირდება, არ გამოვრიცხავ, ის ოპოზიციონერი, ან ჩემსავით პოლიტიკურად თავისუფალი იყოს,“ –  განაცხადა ლევან გორგილაძემ.

ქედის ახალი მერი საშტატო ნუსხის გადახედვას აპირებს. იგი ამბობს, რომ დააკვირდება თანამშრომლების მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში, კადრებს გადაამზადებს: „თუკი სტრუქტურული ცვლილება დარჩება საჭირო, ამაზეც ვიფიქრებთ, დავაკვირდები თანამშრომლების მუშაობას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომლის გადამზადების საჭიროებას დავინახავ, კვალიფიკაციის ამაღლებასა და კადრების გადამზადებაზე ვიზრუნებ. ეტაპობრივად ერთდონიანი მართვის სისტემიდან ორდონიან მართვის სისტემაზე გადასვლა მოგვიწევს. საჭიროა, სათემო საბჭოები შეიქმნას“, – დასძინა ლევან გორგილაძემ.

 

ქედის მერის ლევან გორგილაძის პირველი სამუშაო დღე/ 13.11.2017/ ფოტო: ეკა ბარამიძე
Exit mobile version