რუსთაველის უნივერსიტეტში თეატრალური ფესტივალი „დებიუტი“ გაიხსნა

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი „დებიუტი“ გაიხსნა, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ფესტივალში მონაწილეობენ ბათუმის რუსთაველის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის,  ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტების, ასევე ლატვიისა და ლიტვის უნივერსიტეტების თეატრალური დასები.

„ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს თეატრალური ღირებულებების დამკვიდრებას, კულტურულ-შემეცნებითი პროექტების განხორციელებას და სტუდენტებს შორის  ურთიერთობის გარღმავებას,“-ნათქვამია პრესრელიზში.

ფესტივალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა დასმა „თეატრონმა“ გახსნა პრემიერით – „რომანტიული კომედია“. სპექტაკლის დასრულების შემდეგ გაიმართა უნივერსიტეტის ბენდის კონცერტი და მოეწყო თეატრალური დასის ფოტოგამოფენა.

 

ივანიშვილის ფონდის პარტნიორი მიწას ითხოვს ანბანის კოშკთან, სადაც „სილქ თაუერი“ უნდა აშენდეს

ბათუმში „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად „სილქ თაუერის“ მშენებლობა ყოფილი „რივიერას“ ადგილზეა დაგეგმილი. ახალი პროექტის განხორციელება „სილქ როუდ ჯგუფმა“ გუშინ, 7 ნოემბერს დაანონსა. „სილქ თაუერის“ პროექტის ფინანსური პარტნიორი საქართველოს თანაინვესტირების ფონდია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

ბათუმი. ტერიტორია სადაც „სილქ თაუერი“ უნდა აშენდეს / 8.11.2017

„სილქ თაუერი“ და მიმდებარე ტერიტორია ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება…“ – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, სილქ როუდ ჯგუფის ხელმძღვანელმა.

„პირველ ეტაპზე იგეგმება „სილქ თაუერის“ მშენებლობა და მის მიმდებარედ არსებული იახტკლუბის  კეთილმოწყობა-განვითარება, რაც ასევე გულისხმობს იახტკლუბის გასწვრივ  განლაგებული პრომენადის მოწყობას. პროექტის განვითარების შემდგომი ფაზები მოიცავს: დამატებითი საცხოვრებელი კომპლექსების, მაღალი კლასის სასტუმროს, კაზინოს, გასართობი ცენტრის, მულტიფუნქციური დარბაზის და კონგრესცენტრის მშენებლობას. წინასწარი გათვლებით, მთლიანი პროექტის ღირებულება, ყველა ფაზის გათვალისწინებით, დაახლოებით  250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, – აცხადებს თანაინვესტირების ფონდი.

ამ პროექტის განხორციელებისთვის, როგორც ჩანს, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც აქ „სილქ როუდ ჯგუფის“ [კონკრეტულად შპს „რივიერას“] საკუთრებაშია, საკმარისი არ არის. შესაბამისად, აჭარის მთავრობას მოსთხოვეს დამატებითი ტერიტორიები უსასყიდლოდ, ხოლო „იახტკლუბი“ – იჯარით.

ბათუმი. იახტკლუბი /8.11.2017

აჭარის მთავრობას ბათუმის „იახტკლუბის“ მიმდებარე ტერიტორიას – 1004 კვ.მ მიწის ნაკვეთს ამჯერად შპს „რივიერა ბიჩი“ სთხოვს პირდაპირი წესით და  უსასყიდლოდ, შემდგომში ინვესტიციის განხორციელების მიზნით. ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ამიტომ მისი კომპანიისთვის გადაცემის მოთხოვნით აჭარის მთავრობამ საკრებულოს მიმართა. საკრებულომ ამ თემაზე 29 სექტემბერს იმსჯელა და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

ოფიციალურად სწორედ ეს კომპანია ჰპირდება აჭარის მთავრობას ხელშეკრულების დადებიდან ცხრა თვეში იახტკლუბის განვითარების პროექტის შემუშავებას. კომპანიამ გადაცემულ ტერიტორიაზე 3 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

კომპანია „რივიერა ბიჩი“ იახტკლუბის გადაცემას 25-წლიანი იჯარით სიმბოლურ ფასად [წლიური გადასახადი –  ერთი ლარი] იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კი, საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების უპირატესი უფლების ქონის პირობით ითხოვს. „რივიერა ბიჩის“ მესაკუთრე  „სილქ როუდ გრუპ ლიმიტედია“, რომელიც ოფშორულ ზონაში, მალტაშია დაფუძნებული.

იახტკლუბი და ტერიტორია, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, ჯერ გასხვისებული ან იჯარით გაცემული არ არის.

ბათუმი / 8.11.2017

რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, ამ დროისთვის ბათუმში, ანბანის კოშკსა და „ჭაჭის თაუერს“ შორის შპს „რივიერას“ საკუთრებაშია 59 042 კვ/მ ტერიტორია [2012 წლიდან]; ამ ტერიტორიის მიმდებარედ 30 076 კვ/მ ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია [აქედან 3878 კვ/მ „იახტკლუბი“], 9071 კვ/მ კი ბათუმის მერიის საკუთრებაშია [მათ შორის 1521 კვ/მ, რომელზედაც „ჭაჭის თაუერია“ განთავსებული].

ამ ტერიტორიების მიმდებარედ, უშუალოდ ნავმისადგომი – 9714 კვ/მ სახელმწიფოს საკუთრებაშია, ხოლო შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ საკუთრებაშია ტერიტორია, რომელზედაც ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შენობაა განთავსებული.

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში გადასცა 1736 კვ/მ ტერიტორია, რომელიც იახტკლუბსა და ნავმისადგომს შორის მდებარეობს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ეს ტერიტორიაც ავტონომიის საკუთრებაშია.


2018 წელს დასრულდება ტერიტორიის გენგეგმის შემუშავება, ხოლო უშუალოდ „სილქ თაუერის“ მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.

თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წელს.

ფონდში ინვესტიციების კუთხით, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თანამონაწილეობს „დაბი ჯგუფი“, რაკია (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია – ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited), ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი. 

თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა 2013 წელს განაცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდში ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია ფონდის მთლიანი კაპიტალის  15 პროცენტია, ხოლო დანარჩენი ინვესტორების მიერ  განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა არ ხმაურდება.

ბათუმში, მწვანე კონცხზე, მშენებარე სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექსსაც საპარტნიორო ფონდი აშენებს.

2017 წლის დასაწყისში, „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში „ტრამპ თაუერის“ კომპლექსის მშენებლობის პროექტი ოფიციალურად შეწყდა.

ამავე თემაზე:

ვის მიყიდა საქართველოს მთავრობამ მიწები მახინჯაურში

ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად

შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში

 

 

მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ბათუმში

ბათუმს მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ექნება. რეკრეაციული ზონა შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, სადაც მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოვოლტაიკური სანათების დამონტაჟება უკვე დასრულდა – ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია აქვეყნებს.

მერიის ცნობით, ქსელს მიერთებული განათების სისტემა, მზიდან გენერირებული ელექტროენერგიით, სრულად და გარანტირებულად უზრუნველყოფს შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში განლაგებული ტაძრის ფასადისა და ეზოს განათებას.

პროექტს ბათუმის მერიასთან ერთად დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს, ხოლო დონორ კომპანია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდია (GEF). პროექტის მიზანია შექმნას გარე განათების სისტემაში განახლებადი ენერგიის გამოყენების სადემონსტრაციო პრეცედენტი.

სკვერის მოწყობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 134 000 ლარი გამოიყო.

ფოტო: ბათუმის მერია
ფოტო: ბათუმის მერია

რას უპირებს მერია ქუჩის ძაღლებს

მომავალ წელს ქუჩის ძაღლების რეგულაციასთან დაკავშირებით ბათუმის მერია სიახლეებს გეგმავს. ამის თაობაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მარინე რუხაძემ დღეს, 8 ნოემბერს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 2018 წლის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტის განხილვის დროს ისაუბრა.

მარინე რუხაძის თქმით,  იმ შემთხვევაში, თუკი ქუჩაში მცხოვრები ძაღლი გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მისი ევთანაზია კომისიური წესით მოხდება, 6 თვემდე ძაღლის ლეკვებსა და კატის კნუტებს კი მერია სპეციალურ ვოლიერში გადაიყვანს და ბუნებრივ გარემოში აცრების შემდეგ დააბრუნებს.

„წლების წინ ნამდვილად არაჰუმანური გზებით ხდებოდა ცხოველებზე ზემოქმედება და ეს მიდგომები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩვენ ვაპირებთ მომავალ წელს გამოვყოთ ბიუჯეტი 6 თვემდე ლეკვებისა და კნუტებისთვის, გავაკეთოთ მათთვის პატარა ვოლიერები, სადაც მათთვის კვებაც არის გათვალისწინებული და აცრების  და სხვა ღონისძიებების  ჩატარების შემდეგ ისინი კვლავ ნეიტრალურ ზონაში დავაბრუნოთ,“ – ამბობს მარინე რუხაძე.

პროგრამის განხილვის დროს ქუჩაში მყოფი ცხოველების მისამართით მოქალაქეების მხრიდან პრეტენზიებიც გამოითქვა.  ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, „დევნილთა დასახლებაში იმდენი ქუჩის ძაღლია, რამდენიც მთელ ქალაქში შეიძლება არ იყოს ერთად აღებული“. მისი აზრით, მერიამ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს, „რადგან რაც უნდა ავცრათ ძაღლი და დავბირკოთ, მისი მაინც ეშინიათ ბავშვებს და უბნის სხვა მცხოვრებლებსაც“.

ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემაა ქუჩის ძაღლების გადაადგილება ბულვარში და პარკებში. „ვფიქრობ არ არის ლამაზი, როცა ექვსი უზარმაზარი ძაღლი ერთად დადის ბულვარში, სადაც  ბავშვები და ტურისტები სეირნობენ,“ – ამბობს ის.

ქუჩის ძაღლების პრობლემაზე ისაუბრა კიდევ ერთმა მოქალაქემ. მისი თქმით,  განსაკუთრებით ბევრი ქუჩის ძაღლია ხელვაჩაურში,  მერია კი ყურადღებას არ აქცევს.

„ეს არ არის მარტო სამრეწველო ზონა, ამ ზონაში ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ბავშვები, რომლებიც სკოლაში დადიან და ქუჩაში გადაადგილების დროს, ქუჩის ძაღლები მათ აშინებთ“.

მარინე რუხაძის თქმით, მერიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ დიდი ვოლიერები გააკეთოს და იქ ქუჩის ყველა ძაღლი სტაციონარულად განათავსოს.

„ხშირია შემთხვევა, როცა შინაური ცხოველები სოფლებიდან ჩამოჰყავთ ადამიანებს და ქუჩაში უშვებენ. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები თავიანთ შინაურ ცხოველებს ქუჩაში აგდებენ, ავად გახდომის ან სხვა მიზეზების გამო.  ვფიქრობ, მოსახლეობის პასუხისმგებლობაც უნდა გაიზარდოს და  ასეთ შემთხვევებში მოქალაქეები უნდა დაჯარიმდნენ,“ – განაცხადა მან.

ავარიელების სამი სოფელი საქართველოში

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, გოგონების წინადაცვეთის ტრადიციის არსებობის შესახებ ცნობამ ქართულ საინფორმაციო სივრცეს ერთი წლის წინ ტალღასავით გადაუარა. ერთი წლის შემდეგ ამ თემაზე სოფლებში – ჩანთლისყურში, სარუსოსა და თივში საუბარი აღარ სურთ. ამბობენ, რომ ამბავი ჟურნალისტებმა გააზვიადეს და რეალურად აქ მსგავსი არაფერი ხდება.

ჩანთლისყურში მცხოვრებ ჯავგვარათ გაჯიევს იმ დროს შევხვდი სოფლის ორღობეში, როცა მეზობელ ქალებთან ერთად თავისი შვილის სახლიდან მოდიოდა. ძროხა იყიდა ჩემმა გოგომ და აღვნიშნეთ, ყავა და ჩაი დავლიეთო, მითხრა. როცა სოფელზე ვკითხე, თქვა, რომ ძნელად მოიპოვება კახეთში ისეთი ღარიბი სოფელი, როგორც ჩანთლისყურია.

„სკოლა არის მარტო. ბალღი რომ ავად გახდეს, წიწკაანთსერში ან ყვარელში უნდა ჩავიდეთ. ექიმი არ გვყავს. ყვარელში ბაზარში მივდივართ ყოველ კვირას. მაღაზია არ გვაქვს. არაფერი აქ არაა,“ – ამბობს ჯავგვარათი.

ჩანთლისყურში, სარუსოსა და თივში სოციალური ფონი მართლაც საკმაოდ მძიმეა. სიღარიბე ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალშისაცემია.

ასმათ რამაზანოვას სოფელ ჩანთლისყურში შევხვდი. ერთსართულიანი, ნახევრად დანგრეული სახლის ეზოში ახალმოჭრილი ცოცხის ღეროებს არჩევდა. სოციალური დახმარება რამაზანოვის ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. ასმათს დამატებითი შემოსავალი კი, თავისი ხელით დამზადებული ცოცხიდან აქვს, რომელსაც ყვარლის ბაზარში ყიდის.

ასმათ რამაზანოვა.ფოტო: ბათუმელები/ მანანა ქველიაშვილი
ცოცხის ღერების გადარჩევა. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
ცოცხის ღერების გადარჩევა. ფოტო: ბათუმელები/ მანანა ქველიაშვილი

ჩანთლისყურში სასმელი წყლის პრობლემაა, ზოგიერთ ოჯახს აქვს, ზოგიერთს – არა. ასმათი და მისი შვილიშვილები სასმელ წყალს მეზობლიდან ეზიდებიან.

„გვიჭირს, ღარიბები ვართ, სახლი მენგრევა და არ ვიცი, როგორ შევაჩერო ეს ნგრევა, მაგრამ ყველაზე მეტად უწყლობას განვიცდით. უკვე რამდენი წელია მეზობლიდან ვეზიდებით. ის ფულს არ მახდევინებს და მერიდება უკვე. წყლის არ ქონა სოფლის საერთო პრობლემაა,“ – მიხსნის ასმათ რამაზანოვა თავის გასაჭირს.

ჩანთლისყურში, ისევე როგორც დანარჩენ ორ სოფელში, საბავშვო ბაღი არ აქვთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვები სახლში ავარიულ დიალექტზე საუბრობენ, ქართულ სკოლაში მისვლისას კი ქართულად საუბარი და სასწავლო პროგრამის დაძლევა უჭირთ.

„ბავშვები სკოლაში რომ მიდიან, ვერ ლაპარაკობენ ქართულად, იმიტომ, რომ ბაღი არ არის. მერე სკოლაში ძლივს იდგამენ ენას. მე თვითონ ქისტი ვარ, პანკისელი. მიდით აბა პანკისში და ნახეთ როგორი სიტუაციაა, სადაც კი გაიხედავ, ან ბაღია, ან სკოლა, ან მაღაზია. რა არ გინდა, რომ არ იყოს. ჩვენმა სოფელმა რა დააშავა?“ – კითხულობს ასმათ რამაზანოვა.

ავარიელები დაღესტნიდან საქართველოში საცხოვრებლად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გადმოსახლდნენ. მოგვიანებით, მეოცე საუკუნის შუა ხანებში, კიდევ ერთი გადმოსახლების შედეგად, კახეთში რამდენიმე ავარიული სოფელი გაჩნდა. დღეისათვის ავარიელები სამ სოფელში – ჩანთლისყურში, სარუსოსა და თივში ცხოვრობენ.

ფოტო: ბათუმელები/ მანანა ქველიაშვილი

ავარიელებმა საქართველოში ჩამოსახლებისას თავიანთი ენა და ტრადიციები სრულად შეინარჩუნეს. სარუსოელი რაჟმუდინ მაგამედოვი მიხსნის, რომ კახეთში მცხოვრები ავარიული თემი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს: „თივის ენა სხვაა, ჩანთლისყურისა და სარუსოს ენა – ერთია. აი, როგორც მეგრული, ქართული და სვანურია, ისე“.

რაჟმუდინი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც სოფელს აქვს და ტრადიციებზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. პრობლემებს შორის ერთ-ერთი მთავარი განათლებაა. ავარიელებით დასახლებულ სოფელში ძნელად თუ მოძებნით ვინმეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული.

„სარუსოდან ვერ გავიხსენებ ვერავის, ვინც უნივერსიტეტში წავიდა სასწავლებლად. ამთავრებენ ცხრა კლასს და მერე სახლში არიან. ძირითადად ან ოჯახში ეხმარებიან, ან კერძოდ მუშაობენ. საერთოდ, ჩვენი ხალხის (ავარიელების) ტრადიციაა კერძოდ მუშაობა, მაგალითად, ვიღაცა ფერმერია, მიწა ბევრი აქვს და მარტო ვერ ამუშავებს. მიდიან და ასე კერძოდ მუშაობენ. სწავლას დიდად არ ეტანებიან. ქალები ქალური საქმე რაცაა, ყველაფერს აკეთებენ – თოხნა, ვენახის ფურჩქვნა, დაბარვა, სიმინდის დამტვრევა, ყურძნის დაკრეფა. ახალგაზრდები ცოლს რომ მოიყვანენ, დაღესტანში მიდიან სამუშაოდ,“ – ამბობს რაჟმუდინი.

ჯავგვარათ გაჯიევი. ფოტო: ბათუმელები/ მანანა ქველიაშვილი

ლეკებით (ავარიელებით) დასახლებულ სოფლებში არც საშუალო სკოლა აქვთ. ლეკებს საკუთარ სოფლებში მხოლოდ ცხრა კლასის განათლების მიღება შეუძლიათ. არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ კი, ლეკი ბავშვები სწავლას მეზობელ სოფლებში აგრძელებენ.

სოფელ თივში მცხოვრები ხალიბეგ მაგამედოვი იქნება ალბათ პირველი თიველი, ვინც ქართულ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლის. 14 წლის ხალიბეგი, ჯერჯერობით, სოფელ თივის ცხრაწლიან სკოლაში სწავლობს, რომლის დამთავრების შემდეგ აპირებს სწავლა ახალსოფლის სკოლაში გააგრძელოს, საშუალო განათლება მიიღოს და თბილისში, რომელიმე უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკა ისწავლოს.

„ბევრი ოცნება მქონდა, ადვოკატობა მინდოდა, მერე მსახიობობა, ბოლოს ჟურნალისტიკამ დამაინტერესა. მინდა სკოლა დავამთავრო და სტუდენტი გავხდე. ავარიელები ძირითადად არ აგრძელებენ სწავლას, ცხრა კლასს დაამთავრებენ და მორჩა. ისეთი გარემოა, რომ ბიჭებს უფრო თავისუფლება უნდათ. ჩემს კლასში რვა ვართ და ყველა ვაპირებთ საშუალო სკოლის დამთავრებას, მერე რას იზამენ, არ ვიცი,“ – ამბობს ხალიბეგი. ის იმ სირთულეებზეც საუბრობს, რა სირთულეების შესახებაც ხშირად მიუთითებენ და ეუბნებიან, რომ წარმატების მიღწევა რთული იქნება:

ხალიბეგ მაგამედოვი. ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

„ბევრჯერ, როცა რამეზე ვოცნებობდი, მაგალითად, როცა ვინმეს ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი მინდა გამოვიდე, მუდმივად მიმწარებდნენ ჩემს ოცნებას, მეუბნებოდნენ: „შენ საქართველოში ვინ დაგასაქმებს, ტყუილად ისწავლი, ჯობია წახვიდე რუსეთში, იქ ხელფასიც კარგი გექნება და სამუშაოსაც მალე იპოვი“… მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ასე არ არის – იმის გამო, რომ არ ვარ ქართველი, საქართველოში არ გამრიყავენ. ამაში დარწმუნებული ვარ“.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ქეთევან ჭიპაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ყველანაირად უწყობს ხელს განათლების მიღების მსურველ ავარიელ მოსწავლეებს.

„ერთი ბავშვი დადის სოფელ ჩანთლისყურიდან ახალსოფლის სკოლაში. ყოველდღე აკითხავს მარშუტკა, მიჰყავს სკოლაში და მერე უკან აბრუნებს. სამივე სკოლაში (თივი, ჩანთლისყური, სარუსო) ერთად აღებული, ჯამში, ასი ბავშვიც არ სწავლობს. ძალიან მცირე კონტინგენტია. ცხრა კლასს რომ ამთავრებენ, ოჯახები გოგონებს სასწავლებლად მე-10-12 კლასებში აღარ უშვებენ. შეიძლება წავიდეს სასწავლებლად ბიჭი, ისიც ასიდან – ორი,“ – ამბობს ქეთევან ჭიპაშვილი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვები სკოლას ამთავრებენ, ოჯახების მასობრივი მიგრაცია ხდება დაღესტანში, მახაჩკალაში. ვისაც სწავლის გაგრძელება სურს, იქ აგრძელებს სწავლას, უმეტესად კი მაინც პროფესიულ სასწავლებელში მიდიან და პროფესიულ განათლებას იღებენ.

ფოტო: ბათუმელები/ მანანა ქველიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორი საუკუნეა ავარიელები საქართველოში ცხოვრობენ, თავიანთი წეს-ჩვეულებები მაინც შეინარჩუნეს. პირველ რიგში, ეს ჩაცმულობას ეხება. ავარიელ ქალს ტრადიციულად გრძელი კაბა აცვია და თავზე თავსაფარი ახურავს, რომელსაც სახვევს ეძახიან. ადრე ავარიელები წელზე შემოხვეულ გრძელ სახვევსაც ატარებდნენ, რომელსაც სარტყელი ჰქვია, მაგრამ დღეს სახვევით მხოლოდ ხანდაზმულები დადიან.

„18 წელი გურჯაანში ვცხოვრობდი, მაგრამ მოსახვევის გარეშე არასდროს მივლია. ქორწილში, გასვენებაში რომ მივდიოდი, მეზობლები წამართმევდნენ (სახვევს), ჩვენთანა ხარ, ჩვენებურად იარეო. ვეტყოდი, ასე ვარ დაჩვეული და ასე უნდა ვიარო-მეთქი. თუმცა სახლში უმოსახვევოდ ვარ ყოველთვის,“ – მეუბნება თივში მცხოვრები ეთერ ალიევი და თავსაფარს ისწორებს.

არც ეთერს და არც სხვებს ავარიელებით დასახლებულ სოფელში, არ სურთ გოგონათა წინადაცვეთაზე საუბარი. საქართველოში მცხოვრებ ავარიელ თემს შორის, როგორც თავად უწოდებენ, ე.წ. „ნათლობის“ პრაქტიკის ანუ გოგონათა წინადაცვეთის შესახებ გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი. მოგვიანებით საკითხი საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობა დაადასტურა.

ეთერ ალიევი იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც არსებული პრაქტიკის შესახებ გახდა ცნობილი, თივში პოლიცია და ჟურნალისტები ავიდნენ. მაგამედოვასა და მისი მეზობლების მტკიცებით, ავარიელთა ძველი ტრადიცია დღეს სრულადაა დავიწყებული და გოგონებს წინადაცვეთას არავინ აღარ უკეთებს.

სახალხო დამცველის მოკვლევის მიხედვით, რომელმაც დაადასტურა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, „გოგონების წინადაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში“.

ჩანთლისყურში მცხოვრები ჯავგვარათ გაჯიევი, მისი სხვა მეზობლების მსგავსად, სასტიკად უარყოფს სოფელში გოგონათა წინადაცვეთის ტრადიციის არსებობას. ამბობს, რომ იყო, მაგრამ ადრე, დიდი ხნის წინ და ახლა ეს ტრადიცია „გადავარდა“:

„64 წელია ამ სოფელში ვცხოვრობ. ჩემ დროს იყო ეგ, ბავშვი რომ ვიყავი. მე გამიკეთეს. არც მე მახსოვს, ჩემი როდის და როგორ გააკეთეს. არაა მტკივნეული, პატარაობისას ჭრიან და რა მეხსომება. ადრე ბებრები აკეთებდნენ, ახლა ყველა მკვდარია, ვინც მაგის გაკეთება იცოდა. ტყუილებს ლაპარაკობენ. მოშორდა ეგ წესი აქედან. ბიჭებში კი დარჩა, მაგრამ გოგოებს აღარავინ უკეთებს წინადაცვეთას“.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“.

საგამოძიებო: ყალბი დიპლომისა და ატესტატის დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით, ერთ-ერთი ყოფილი კომერციული სასწავლო დაწესებულების  ხელმძღვანელი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, დაამზადა და გაასაღა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი.  აღნიშნული ყალბი დოკუმენტების სანაცვლოდ, ბრალდებულმა  ერთ-ერთი მოქალაქისგან 1 000 აშშ დოლარი და 3 000 ლარი აიღო,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

სამსახურის ინფორმაციით, „დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები“.

მოუვლელი „ჭაჭის თაუერი“ ბათუმში [ფოტო]

„ჭაჭის თაუერი“ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ნავსადგურის მიმდებარედ, 2012 წელს გაიხსნა. ტურისტულ სეზონზე ჭაჭის ჩამოსხმის პრობლემა მომდევნო წელსვე შეიქმნა. მაშინ მერიამ ჭაჭა, რომლის დაგემოვნებაც სეზონზე ტურისტებს, და არა მხოლოდ მათ, შეეძლოთ, გურჯაანიდან ჩამოიტანა, რაც ჯამში ქალაქის ბიუჯეტს  28 ათასამდე ლარი დაუჯდა. თაუერის ავზში თითო ჯერზე 200 ლიტრი ჭაჭა თავსდებოდა.

„ჭაჭის თაუერში“ ჭაჭის დაგემოვნება რამდენიმე სეზონზე იყო შესაძლებელი. თაუერი დღეს უფუნქციოდაა. დაზიანებულია შადრევნის დეტალები, არ მუშაობს კოშკზე განთავსებული საათი. კოშკზე ასასვლელი კარი ჩაკეტილია, ქვევით კი პოლიეთილინის ბოთლები და სხვადასხვა ნარჩენი ყრია. დაზიანებულია შენობაც.

„ჭაჭის თაუერი“ ბათუმში / 8.11.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

„ჭაჭის თაუერის“ მთავარი გუმბათი  25 მეტრის სიმაღლისაა,  დანარჩენი 4 გუმბათი კი – 5 მეტრი სიმაღლის. კოშკს გარს აკრავს ოთხი  შადრევანი. თითოეულ მათგანზე დამონტაჟებულია ჭაჭის ჩამოსასხმელი, სადაც ჭაჭა, განსაზღვრულ საათებში, სპეციალური სენსორული მოწყობილობის საშუალებით მოედინებოდა.

„ჭაჭის თაუერის“ მშენებლობაში ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან თავის დროზე 810 055 ლარი დაიხარჯა.

უსახლკარო ოჯახებისთვის განკუთვნილ სოციალურ სახლში ერთი ბინა სარეზერვო იქნება

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში უსახლკარო ოჯახებს შეასახლებენ.  12-ბინიან კორპუსში ერთი ბინა „სამანევრო“ დანიშნულებისა იქნება და მუნიციპალიტეტი ბინას სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული ოჯახის დროებით განსათავსებლად გამოიყენებს.

„ყოფილი კომბინატის შენობაში, რომელსაც ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება, უსახლკარო და მარტოხელა სტატუსის მქონე ოჯახებს შევასახლებთ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განსაზღვრული იყო სოციალურ სახლში რა სტატუსის ოჯახები შეგვესახლებინა, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ბინების მიღების მოთხოვნით ეკომიგრანტებიც მოგვმართავენ, საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოვიდა, მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმედი კომისია ოჯახების მდგომარეობას სწავლობს,“ – ამბობს დავით დუმბაძე.

ყოფილი კომბინატის ორსართულიანი შენობის 12-ბინიან სოციალურ სახლად გადასაკეთებლად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 545 070 ლარი გამოყო. შენობის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა. ვინ მიიღებს ბინას სოციალურ სახლში, გამგებლის თქმით, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს, კომისიის შემადგენლობას კი ქედის ახალი არჩეული მერი, ლევან გორგილაძე დააკომპლექტებს.

„ჩემი გამგებლობის ვადა იწურება, შესაბამისად, კომისიის შემადგენლობაზე, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ახალარჩეული მერი იმსჯელებს და კომისიის თავმჯდომარესაც ის დანიშნავს,“ – ამბობს დავით დუმბაძე.

ქედა. შენობა, რომელიც სოციალურ სახლად უნდა გადაკეთდეს / სოფო ხაბაძის ფოტო

საზღვაო აკადემიის სტუდენტები პრაქტიკას კორეული კომპანიის გემებზე გაივლიან

7 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და კორეულ სატრანსპორტო კომპანია Hyundai Glovis-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები Hyundai Glovis-ის გემებზე საზღვაო სასწავლო პრაქტიკას გაივლიან.

Hyundai Glovis-ი  მსხვილი კორეული სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო-ლოგისტიკურ მომსახურებას ოკეანეებსა და ზღვებში, ასევე შიდა და საჰაერო ტრანსპორტირების, ტვირთის შენახვისა და შეფუთვის მენეჯმენტს. კომპანიის პრეზიდენტი კუნგბაე კიმი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფებოდა.

რამდენი სტუდენტი გაივლის პრაქტიკას კორეული კომპანიის გემებზე, ჯერჯერობით უცნობია. აკადემიაში ამბობენ, რომ ეს სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

„საუბარია სასწავლო პრაქტიკაზე, რომელიც სტუდენტებმა მესამე კურსზე უნდა გაიარონ. ამ დროისათვის პრაქტიკას სტუდენტები ფოთსა და ყულევში გადიან. კორეული კომპანიის გემებზე პრაქტიკის გასავლელად სტუდენტებს ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე,  კონკურსით შეარჩევენ“ – ამბობენ საზღვაო აკადემიაში.

ფოტო: ბათუმის საზღვაო აკადემია

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე ესწრებოდნენ. კორეული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ Hyundai Glovis-ის პრეზიდენტი კუნგბაე კიმი და Hyundai Glovis Europe-ის პრეზიდენტი სოჩულ კიმი.

მთავარ ფოტოზე: მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი.

მეთევზე ბათუმის პორტიდან

ბათუმელი მეთევზეებისთვის მზეს, წვიმას და ქარს მნიშვნელობა არ აქვს. პორტში ან ტბაზე სეირნობისას, მოქუფრულ ამინდშიც შეხვდებით საწვიმრით, ველოსიპედებით და პატარა სკამებით აღჭურვილ მეთევზეებს.

თევზაობა ზოგიერთისთვის გართობა და დასვენების ფორმაა, ზოგიერთისთვის კი – შემოსავლის წყარო. თუმცა, როგორც ბათუმელი მეთევზეები ამბობენ, თევზი წლების განმავლობაში შესამჩნევად შემცირდა და დღეში კილოგრამ, კილოგრამ-ნახევარს თუ დაიჭერ.

მეთევზე გიორგი დოხნაძე 82 წლისაა და მეზობლებთან ერთად ბენზედან დადის ყოველდღე პორტში სათევზაოდ. სხვებთან შედარებით მისი ანკესი პატარაა და ძუასაც ზღვაში შორს ვერ ისვრის, მაგრამ თუ ბევრს ვერ დაიჭერს, თევზს მეგობრები გაუნაწილებენ.

„იმდენი თევზი მოდის, ძლივს მივეზიდები სახლში ტომრით საღამოს, აგერ ეს კაცებიც მეხმარებიან ხანდახან, თუ ვერ ვზიდავ. დაიჯერეთ? ვხუმრობ, სადღაა თევზი. ბოლო დროს ყველაზე ბევრი კილო, კილო-ნახევარი დამიჭერია. ხანდახან თურქები მოდიან და მეკითხებიან:

– ბალიქ ვარმი?

-იოქ, იოქ-მეთქი, ვეუბნები.

(თევზი არის? არა.)

თურქეთში ბევრი თევზია და ჩვენთანაც ასე ჰგონიათ. სადღაა თევზი.

მეთევზე გიორგი დოხნაძე ბათუმის პორტიდან. თამარ ნერგაძის ფოტო

შინ არავინ მყავს და ვის დავუჯდე, რა ვაკეთო. გამოვდივარ, ვთევზაობ და დრო გამყავს. 82 წლის ვარ, თევზაობით თავს ვიქცევ. როცა სახლში ვარ, ეზოში ვჯდები, დომინოს ვთამაშობ მეზობლებთან ერთად. კარგ ამინდში ყოველდღე აქ ვარ, პორტში. ამ დროს, შემოდგომაზე ბარაბულს, სტავრიდას, ღორჯოს და პატარა კეფალს ვიჭერთ. ნახე, რა პატარა სტავრიდებია, ერთი ციცქნა, ესენი ვეღარ გაიზრდებიან, რაღა გაზრდით, იცი რატომ? დავყრი ტაფაზე და შევწვავ!“

მონადირეებისგან განსხვავებით მეთევზეები ვერ იტყუებიან, ერთმანეთის გვერდით ვსხედვართ და ვხედავთ ვინ რას იჭერსო, – ამბობს 82 წლის მეთევზე და თავს გადამხდარ ამბავს ჰყვება:

„ერთხელ უზარმაზარი სტავრიდა დავიჭირე, ყველას ვაჩვენებდი, ნახეთ რა ამოყვა ანკესს-მეთქი, ვიწონებდი თავს და სანამ ძუიდან მოვხსნიდი, აფართხალდა თევზი, გადაეშვა ზღვაში. ასეა, არ უნდა დაიკვეხო“.

გიორგი დოხნაძე მახინჯაურის ბავშვთა სახლში გაიზარდა. მამა ბავშვობაში გარდაეცვალა, დედამ ბიძასთან დატოვა გასაზრდელად, მარტოხელა ბიძამ  ბავშვის მოვლა ვერ შეძლო და მახინჯაურის მიუსაფარ ბავშვთა სახლს მიაბარა გიორგი. ხანდახან ბიძას რაჭაში დაჰყავდა, ბებიასთან. იქაურობა ზღაპარივით ახსოვს, მაგრამ ბებიასა და ბიძას გარდაცვალების შემდეგ აღარავინ დარჩა და რაჭაშიც აღარ ჩასულა, მოგვიანებით მანქანის მართვა ისწავლა და რაჭაზე შორსაც დაიწყო სიარული.

„ბავშვთა სახლიდან წამოსვლის შემდეგ ზეინკლობა ვისწავლე, მერე – მძღოლობა და შორეულ მოგზაურობაში დავდიოდი რუსეთში, უკრაინაში, ციმბირში. მოვდიოდი, მანქანები მომყავდა. ქალაქებს, სოფლებს ვათვალიერებდი გზადაგზა.

შვილი პეტერბურგში ცხოვრობს, ბოლოს შარშან ვნახე. ცოტა ხნით იყო ჩამოსული. ცოლი იტალიაში წავიდა, 25 წელია მარტო ვარ. პენსია იმდენი მაქვს, დათვლას ვერ ვახერხებ, ერთხელ სამჯერ გადავთვალე, ხან თხუთმეტი ლარი აკლდა და ხან თხუთმეტით ზედმეტი იყო.

ბათუმის პორტი. თამარ ნერგაძის ფოტო

ყოველდღე პორტში ვარ, მაგრამ ქოხებიანი პორტი მენატრება. ისეთი ბათუმი მახსოვს, რომ ვერ წარმოიდგენთ. ადრე აქ მეტი ბერძენი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქურთი ცხოვრობდა. მრავალფეროვანი და საინტერესო ქალაქი იყო ბათუმი, ყველაზე დიდ შენობებად ჩაის სახლი და მეზღვაურთა კლუბი ითვლებოდა, ახლა რა ხდება ირგვლივ, მიმოიხედეთ.

სხვა რა გითხრათ, უპატრონო კაცი ვარ და საიდან მექნება თავგადასავლები,“ – ამბობს დარცხვენით, მაგრამ ამბები არ ელევა.

„ჩემს ბიჭობაში თეატრში, კინოში, ზღვაზე და ბოტანიკურ ბაღში დავდიოდით გოგოების გასაცნობად. კინოთეატრი „ბათუმი“ და „კამსამოლეცი“ იყო მაშინ, 30-40 კაპიკი ღირდა ბილეთები. ცირკიც გვიყვარდა, დღეში ორი სეანსი იყო. ზეინკლობას რომ ვსწავლობდი, სამი საათის მერე თავისუფალი დრო მქონდა და ცირკში ვმუშაობდი, პონპონებიანი ფორმები გვეცვა. არენას ცხენები რომ შემოირბენდნენ ან დათვების წარმოდგენა რომ დამთავრდებოდა, ნახერხი იფანტებოდა და ვალაგებდით, ვასუფთავებდით იქაურობას, 60 მანეთს მიხდიდნენ და 17-18 წლის ბიჭისთვის მშვენიერი ხელფასი იყო მაშინ.

დამთავრდებოდა ცირკის სეზონი და თეატრში გადავდიოდი.  ცეცხლფარეშად ვმუშაობდი. მთელი თეატრის გათბობა მევალებოდა, შევყრიდი უამრავ ნახშირს ღუმელში და ტრიალებდა სითბო დარბაზში, საგრიმიოროებში. კარგად ვერთობოდი, მომწონდა თეატრის ცხოვრება, დეკორაციები, რეპეტიციების ყურება. განსაკუთრებით სცენის თავზე აძრომა მიყვარდა, მაღლიდან მსახიობების თამაშს ვაკვირდებოდი და თვითონ შეუმჩნეველი ვრჩებოდი.

ერთხელაც „ოტელოს“ თამაშობდნენ ბათუმის თეატრში, დარბაზი ხალხით იყო სავსე, როცა ოტელომ დაიძახა: სად ხარ დეზდემონაო, აქ ვარ-მეთქი ჩამოვძახე მაღლიდან მთელი ხმით.  გაოცდა ოტელო და განაგრძო ,,სად ხარ დეზდემონა, სად, სად?’’ აქ ვარ კაცო, რით ვერ გაიგე-მეთქი – ავუწიე მეც ხმას და სულ ავრიე ყველაფერი.

თეატრის დირექტორმა დამიბარა და გამაფრთხილა, მოეშვი დეზდემონობანას თამაშსო და რაღას ვიზამდი, დავუბრუნდი ცეცხლფარეშობას“.

მარტოხელა, მოხუცი მეთევზე ყველაფერზე ხუმრობით ყვება, ლაპარაკისას საქმეს არ სცდება და ჩაკიდებულ ანკესს ამოწმებს დროდადრო. პატარა თევზებს იქვე ჩაცუცქულ კატას აჭმევს, მოზრდილებს კი, თავისთვის ინახავს.

მეთევზე ბათუმის პორტიდან. თამარ ნერგაძის ფოტო

 

ბათუმის პორტი. თამარ ნერგაძის ფოტო

ედუარდ კაკაბაძე გარდაიცვალა

გუშინ, 7 ნოემბერს, მოულოდნელად გარდაიცვალა ედუარდ კაკაბაძე. ედუარდ კაკაბაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ის 1998-2003 წლებში იყო აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

ედუარდ კაკაბაძეს დაკრძალავენ შაბათს, 11 ნოემბერს, 15:00 საათზე.

აჭარაში ღვიძლის გადანერგვა ათ პაციენტს დაუფინანსდება

2018 წლისთვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 10 პაციენტს დაუფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით,  წლის განმავლობაში ერთ პაციენტზე, ერთჯერადად გაიცემა 50 000 ლარი. დაფინანსება ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მოხდება.

გასულ წელს ბათუმში ღვიძლი სულ 17 ადამიანს გადაუნერგეს. აქედან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 4 პაციენტი 10-10 ათასი ლარით დააფინანსა. მიმდინარე წელს, დაფინანსების თანხა 50 ათას ლარამდე გაიზარდა და როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2017 წელსაც 4-მა პაციენტმა მიიღო დაფინანსება.

 

 

 

 

საჭიროზე მეტი ექიმი ექთნების დეფიციტის ფონზე

საქართველოში 1192 უმცროსი ექიმია. 25 წლის დათო ერთ-ერთია მათ შორის. მან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ჯერ მხოლოდ უმცროს ექიმად შეუძლია მუშაობა, სერტიფიცირებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დათო უკვე ორი წელია ამაოდ ცდილობს კარდიოქირურგიაში რეზიდენტურის გავლას, რის შემდეგაც საექიმო საქმიანობის უფლება ექნება. იგი ამბობს, რომ იგივე პრობლემა აქვს ბევრ მის თანაკურსელს, მათ შორის წარმატებულ სტუდენტებსაც.

დათოსა და უმაღლესი სამედიცინო პროგრამების სხვა კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც ექიმობა სურთ, დასაქმება იოლი არ არის.

საქართველოში უკვე საჭიროზე მეტი ექიმია – ამას მოწმობს ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკა: ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 26 552 ექიმია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ 1000 მოსახლეზე საშუალოდ 7 ექიმი მოდის, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სამედიცინო მომსახურების დონე მაღალია, ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. მაგალითად, გერმანიაში ყოველ 1000 მოსახლეზე 4,1 ექიმი მოდის, საფრანგეთში – 3.3, ბელგიაში – 3, შვეიცარიაში – 4, 2.

ექიმების ჭარბი რაოდენობის ფონზე, საქართველოში საჭიროზე ნაკლებია ექთნების რაოდენობა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 17 582 ექთანია. გამოდის, რომ ერთ ექიმზე საქართველოში ერთი ექთანიც კი არ მოდის, მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში ერთ ექიმზე სამი, ოთხი და ზოგგან ექვსი ექთანიც მოდის.

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ შემაშფოთებელია ეს ტენდენცია, რომელიც 20 წელზე მეტია არ იცვლება.

„ჩვენ ვერ ვთავსდებით ვერანაირ სტანდარტში. სულ მცირე – ერთ ექიმზე ორი მედდა მაინც უნდა მოდიოდეს, თორემ ერთ ექიმზე ექვსი, შვიდი მედდა მოდის სკანდინავიაში, გერმანიაში უკვე მიიჩნევენ, რომ ერთ ექიმზე ოთხი მედდაც არასაკმარისია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია დრამატულია.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ერთ ექიმზე უნდა მოდიოდეს ოთხი ექთანი და ეს არის იდეალური შემთხვევა. ჩვენთან ექთნების უზრუნველყოფილის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე არის დაბალი და ექიმები, პირიქით, მაღალი. ეს შეფარდება დრამატულია განა იმიტომ, რომ ცოტა ექთანია ბაზარზე, არამედ იმიტომ, რომ ექიმია ძალიან ბევრი. ის, რომ ექთნების რაოდენობა მცირეა, არ არის დღევანდელი და გუშინდელი ამბავი და თუნდაც სამი წლის წინანდელი. ეს პროცესი ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. 2000 წელს საქართველოში 1,2 ექთანზე მოდიოდა 1 ექიმი. კლების ტენდენცია დაიწყო 90-იანი წლებიდან, ექიმებისა და ექთნების რაოდენობა ერთმანეთს გაუთანაბრდა 2006-2007 წლებში, ანუ ათი წელია ეს ტენდენციაა ქვეყანაში“, – ამბობს ნათია ნოღაიდელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი.

ექიმებსა და ექთნებს შორის დისბალანსი ჯერ კიდევ განათლების სისტემიდან იწყება.

იმისთვის, რომ ექიმი გახდეს, სტუდენტმა საქართველოში ჯერ ექვსწლიანი ბაკალავრიატი უნდა გაიაროს, შემდეგ რეზიდენტურის გამოცდა უნდა ჩააბაროს და რამდენიმე წელი ისწავლოს (რეზიდენტურაში სწავლების ხანგრძლივობა, საშუალოდ, 3-5 წელია და არჩეულ სპეციალობაზეა დამოკიდებული), რისთვისაც თვეში 150 ლარის გადახდა მოუწევს. მხოლოდ ამ საფეხურების და კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს რეზიდენტი ექიმის სერტიფიკატის მიღებას. თუმცა 11-წლიანი სწავლაც არ არის იმის გარანტია, რომ ექიმი დასაქმდება.

ექიმებისგან განსხვავებით, დიდია მოთხოვნა ექთნებზე. ბევრ საავადმყოფოში, განსაკუთრებით იმ სამედიცინო რგოლებში, სადაც ექთნების დიდი რაოდენობაა საჭირო, საკადრო დეფიციტის გამო ექთნების დატვირთვა მაღალია, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხზეც აისახება, თუ კი, მაგალითად, ერთ ექთანს დასაშვებზე მეტ პაციენტზე მოუწევს ზრუნვა.

საქართველოში ექთანი შეიძლება გახდე ბაკალავრიატის ან პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ. ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ არაერთი სტუდენტი, რომელიც თავიდან საექთნო საქმის ბაკალავრიატს ირჩევს, შემდგომში მობილობით გადადის საექთნო საქმეზე, თუმცა სამინისტროში ვერ საუბრობენ ზუსტ ციფრებზე.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ექთნის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება 50-ზე მეტ პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებაში, ხოლო პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – 30-ზე მეტში, თუმცა სახელმწიგო გრანტს სასწავლებლად მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები იღებენ, მათ კი, ვინც კერძო პროფესიულ სასწავლებლებში სურთ ექთნის პროფესიის დაუფლება, საკუთარი ჯიბიდან უწევთ თანხის გადახდა. საქართველოში 20 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლიდან/კოლეჯიდან მხოლოდ რამდენიმეში ისწავლება საექთნო საქმე.

აჭარაში ორი პროფესიული სახელმწიფო სასწავლებელია. საექთნო საქმე მხოლოდ ერთ მათგანში, ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ისწავლება. წელს ეს პროგრამა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ამოქმედდა. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, მარინა ქორიძე ამბობს, რომ ავტორიზაცია გაიარეს და ოცი ადგილი დაუშვეს, რადგან პროფესია დეფიციტურია და ბათუმის უნივერსიტეტსაც კი გაუჭირდა კვალიფიციური ექთნის ნახვა საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში დასასაქმებლად.

აქვს თუ არა კონკრეტული გეგმა საქართველოს განათლების სამინისტროს პრობლემის გადასაჭრელად? მათ შორის, აპირებს თუ არა ზრუნვას ექთნის პროფესიის პოპულარიზაციაზე? ამ კითხვაზე საქართველოს განათლების სამინისტროდან მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამსაქმებელთა ჩართულობით განხორციელდა პრაქტიკოსი ექთნისა და ექთნის თანაშემწის სტანდარტებისა და პროგრამების განახლება და დამტკიცება. ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანოში („საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო“), რომლის ძირითადი საქმიანობა საექთნო საქმის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაა.

განათლების სამინისტრო ყოველწლიურად ახალისებს სტუდენტებს სწავლის საფასურის სრულად დაფარვით ისეთ პროგრამულ მიმართულებებზე, როგორიცაა: ჰუმანიტარული, ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და აგრარული სპეციალობები, თუმცა ამ ჩამონათვალში არ არის ექთნის სპეციალობა.

ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი უმაღლეს განათლებაში „თამასის აწევა“ შეიძლება აღმოჩნდეს.

„ადვილი არ უნდა იყოს უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება. თუ თამასა მაღლა აიწევს, ეს შეამცირებს რაოდენობას, გაზრდის ექიმების მომზადების დონეს და სხვა სურათი შეიქმნება. ასევე აუცილებელია კონტროლი, როგორ ისწავლება სხვადასხვა სამედიცინო დისციპლინა, როგორია პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლის პროცესი, რამდენად აქვთ წვდომა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს პაციენტებთან…“

ირაკლი სასანია უწყვეტი სამედიცინო განათლების აუცილებლობაზეც საუბრობს: „ადრე იყო კანონი, რომელიც ექიმებს ავალდებულებდა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გაევლოთ რესერტიფიცირება ან დაეგროვებიდნათ შესაბამისი რაოდენობის კრედიტქულები, რათა მათი კომპეტენციის დონე შენარჩუნებულიყო. ახლა ასე აღარ არის და ეს ძალიან სახიფათოა. ამ კანონის შეჩერება თავის დროზე იყო პოპულისტური, პოლიტიკური დემარში. კარგად მახსოვს, როგორ დახია ყოფილმა მინისტრმა ეს კანონი ექიმების თვალწინ და თქვა, რომ ქართველმა ექიმებმა ისედაც ყველაფერი კარგად იციანო. ასეთი მიდგომით შორს ვერ წავალთ“.

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა ამბობს, რომ ექთნის პროფესიის პრესტიჟულობაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რაც არ ხდება:

„პრესტიჟულობამ უნდა მოიმატოს, ანაზღაურება უნდა იყოს მეტი და რაც არ გაკეთებულა 25 წელი, ის უნდა გაკეთდეს. ზოგიერთმა საავადმყოფომ, როცა ნახეს, რომ დიდი ჩავარდნებია ამ მიმართულებით, დაიწყო მედდების გადამზადება, პროგრამა, ტრენინგები, მაგრამ ეს არ კმარა, სახელმწიფო ხელშეწყობა უნდა იყოს. როგორც გარკვეულ მიმართულებებზე შემოიღეს შეღავათები, მათემატიკაზე, ფიზიკაზე, ისევე უნდა მოხდეს ამ პროფესიის წახალისება, ეს ძალიან საჭირო პროფესიაა და მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ეს წლობით გასაკეთებელი საქმეა, მაგრამ უნდა დაიწყოს, რომ რაიმე შედეგი გვქონდეს“.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ პრობლემას მხოლოდ მათი სამინისტრო ვერ მოაგვარებს:

„ექთნების რაოდენობა რომ გაიზარდოს, ამ მიმართულებით აქტიურობა საჭიროა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროსგანაც. ჩვენ არ ვეხებით ექიმების და ექთნების დიპლომამდელ განათლებას, ჩვენთან მოდის ადამიანი, რომელსაც უკვე მიღებული აქვს განათლება. სამედიცინო დაწესებულებები საქმიანობას ახორციელებენ გარკვეულ მარეგულირებელ ჩარჩოში. სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა და როდესაც მოვახდენთ ტექნიკური რეგლამენტის განახლებას, ჩაიდება მოთხოვნები ადამიანურ რესურსთან, მათ შორის ექთნებთან დაკავშირებით. ასეთი რამ უკვე გაჩნდა წელს პერინატალურ სერვისში, სადაც გაწერილია რამდენ საწოლზე რამდენი ექთანი უნდა იყოს. რაც უფრო მეტი რისკია, რა თქმა უნდა, მეტი ექთანია საჭირო“, – ამბობს ნათია ნოღაიდელი.

საქართველოში ექიმების ჭარბი რაოდენობის საკითხი ივლისში ბათუმში გამართულ კარდიოქირურგთა ასოციაციის შეხვედრაზეც განიხილეს. ზვიად ბახუტაშვილმა, ჩაფიძის ცენტრის გულის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაშინ აღნიშნა, რომ პრობლება ძალიან მწვავეა და „ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაატაროს არაპოპულარული რეფორმები და უნდა დაიდოს მაქსიმალური კვოტა.“

შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული კვოტა უკვე არსებობს რეზიდენტურაში ჩასარიცხი სტუდენტების რაოდენობის სახით.

რეზიდენტურას სტუდენტები სხვადასხვა, სარეზიდენტო პროგრამის მქონე, საუნივერსიტეტო კლინიკებში გადიან მათთვის საინტერესო მიმართულებით. თუმცა რეზიდენტთა რაოდენობას, საექიმო სპეციალობების მიხედვით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს შრომის ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით. ეს ერთგვარი საშუალებაა სახელმწიფოს მხრიდან, დაარეგულიროს ქვეყანაში ექიმთა რაოდენობა სპეციალობების მიხედვით.

თუმცა სტუდენტებმა, რომლებიც საქართველოში ვერ ახერხებენ რეზიდენტურაში სწავლას, გამოსავალი უკვე იპოვეს. ზოგიერთი მათგანი რეზიდენტურაში სასწავლებლად უცხოეთში მიდის, განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია, სადაც რეზიდენტურა ორწლიანია.

„რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი ვარ და უშუალოდ მაქვს ამ საკითხთან შეხება. პრობლემა არის ის, რომ როცა ჩვენ ჩავკეტეთ კარდიოქირურგიის რეზიდენტურა, ხალხი წავიდა დსთ-ეს ქვეყნებში. მათ ჰქონდათ უფლება ორწლიანი სწავლის შემდეგ პირდაპირ ჩაებარებინათ გამოცდა. ანუ, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა, რომელიც საქართველოში აბარებს რეზიდენტურაში, უნდა ისწავლოს ხუთი წელი, დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი მიდის და ხშირად საეჭვო პირობებში, ორ წელში ჩამოაქვს დიპლომი. გუშინ გამომიგზავნეს მინსკის ორდინატურადამთავრებული ექიმის „მონაგარი“ – მე და ჩემს კოლეგას ერთად არა გვაქვს იმდენი ნამუშევარი წელიწადში. ანუ სტუდენტი, რომელსაც გამოცდილება არ აქვს, ჯერ ექიმიც არ არის, ჩავიდა და 480 თუ 380 ოპერაცია გააკეთა წელიწადში. იმასაც არ ფიქრობენ, რომ ამას დახედავს ვინმე და გაუკვირდება. ჭარბწარმოება არ ქმნის ჯანსაღ კონკურენციას ექიმებში, ჩვენ ვაძლევთ ადამიანებს საშუალებას, მოკლე და მანკიერი გზით მიიღონ ლიცენზია. სამინისტროს წარმომადგენელს ვკითხე კიდეც: თქვენ წახვიდოდით ასეთ ექიმთან?!“ – აღნიშნა ბათუმში გამართულ კარდიოქირურგთა ასოციაციის შეხვედრაზე ზვიად ბახუტაშვილმა.

დათო ამბობს, რომ მიუხედავად დიდი მონდომებისა, საქართველოში რეზიდენტურის გავლას ვერ ახერხებს და ამიტომ სასწავლებლად რუსეთში აპირებს წასვლას. იგი საქართველოში რეზიდენტურის უარყოფით მხარეებზეც საუბრობს:

„ბევრ კლინიკასთან მქონია შეხება, მიმაგრებულიც ვიყავი ექიმთან, მაგრამ დამოკიდებულება არის ცუდი სტუდენტსა და ექიმს შორის, უნივერსიტეტი არ ავალდებულებს კლინიკას, ექიმს, სტუდენტის დახელოვნებას. ან შეიძლება გხედავენ როგორც კონკურენტს და ამიტომაც გარიდებენ თავს. ასეთი შემთხვევაც იყო, მივედი კარდიოქირურგთან და ვუთხარი, რომ მინდა სწავლა, მაგრამ მითხრა, ოპერაციებზე არ ვასწრებთო და ამის გარეშე აზრი არ ჰქონდა, ვეღარ დავრჩებოდი. შემდეგ ვმორიგეობდი კარდიორეანიმაციაში, ოპერაციაზე ვერ შევდიოდი, მაგრამ ვცდილობდი ელემენტარული მესწავლა. ისე გამოდის, რომ ექიმი უნდა იყოს ახლობელი, ნათესავი, რომ მოგაქციოს ყურადღება“, – ამბობს დათო.

რეზიდენტებს, რომლებმაც დსთ-ეს ქვეყნებში გააგრძელეს სამედიცინო განათლების მიღება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დამატებითი კურსის გავლა სჭირდებათ. შესაბამის ბრძანებაზე ხელი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ივნისის ბოლოს მოაწერა. ცნობილია ექიმების სასერტიფიკატო გამოცდების შედეგების ანალიზიც: დსთ-ეს ქვეყნებში კლინიკურ ორდინატურაგავლილი 137 კურსდამთავრებულიდან, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი აჩვენა 56%-მა, საქართველოში რეზიდენტურადამთავრებული 142 სტუდენტიდან კი – 80%-მა.

გზას სტუდენტობიდან ექიმის თეთრ ხალათამდე ყველა ვერ გადის. არ არსებობს კვლევა, რომელიც აჩვენებდა, მომავალი ექიმების რამდენი პროცენტი ახერხებს დასაქმებას თავისი პროფესიით. თუმცა სტუდენტები და დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ არაერთი სტუდენტი, ვისაც ექიმობა სურდა, სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული პროფესიით იწყებს მუშაობას, მაგალითად, ფარმაციის სფეროში და წამლების გაყიდვით არის დაკავებული.

დათო დარწმუნებულია, რომ ამ გზას ის არ გაივლის. „ვფიქრობ, არასწორია ეს გზა“ – ამბობს ის.

ამავე თემაზე: 

რა ღირს ექთნის შრომა

პორტთან ესტაკადის მშენებლობის ზედამხედველობას სამინისტროს 137 000 ლარად სთავაზობენ

ბათუმის პორტთან დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობას კომპანია „ოიკო ჯგუფი“ 137 ათას ლარად გაუწევს ზედამხედველობას იმ შემთხვევაში, თუ მას შესაბამის ტენდერში გამარჯვებულად გამოავლენს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.  ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში ესტაკადის მშენებლობის ზედამხედველობისთვის ბიუჯეტში 140 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადას მოაწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამარჯვებული კომპანია ესტაკადის აშენებას 14 370 000 ლარად აპირებს. გამარჯვებული „კავკასუს როუდ პროჯექტია“, რომელმაც ესტაკადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 320 დღეში უნდა ააშენოს.

შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით ხელშეკრულება ჯერ არც „კავკასუს როუდ პროჯექტისთანაა“ გაფორმებული.


საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ესტაკადა უნდა აშენდეს, შპს „აიდიემის“ მიერაა მომზადებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერი არ გამოუცხადებიათ და მათ პროექტი „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს“ შეუკვეთეს. სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში თანხა – 100 ათასი ლარი, სწორედ „სამხარაულის ბიუროს“ გადაუხადეს.

კომპანია „აიდიემში“ დაგვიდასტურეს, რომ დოკუმენტაციის მომზადება მათ „სამხარაულის ბიურომ“ შეუკვეთა.

„ბათუმის პორტთან, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით შეისყიდა,“ – ეს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მიმდინარე წლის მაისში გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ხელშეკრულებას ხელი დახურულ შეხვედრაზე „ანბანის კოშკში“ მოაწერა. დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია და არსებობდა შეთანხმება, რომ ის ყაზახურ კომპანიას უნდა აეშენებინა.

იმავე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტთან გადასასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ზურაბ პატარაძემ მაშინ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობას ესტაკადის მშენებლობის სამუშაოს პირდაპირი წესით შესყიდვაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

რკინიგზაზე [რომელიც ბათუმის პორტს და საქართველოს რკინიგზის ქსელს ერთმანეთთან აკავშირებს] გადასასვლელი ხიდი ასლან აბაშიძის დროს დაანგრიეს, რასაც აქ თევზისა და ხის გადამამუშავებელი კომბინატების ნგრევაც მოჰყვა, თუმცა ესტაკადის პროექტი მოგვიანებით, 2012 წელს მზად იყო. ესტაკადა ყაზახური ინვესტიციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ უნდა აშენებულიყო.

რატომ თქვა უარი ამ პროექტზე აჭარის მთავრობამ, გაურკვეველია. ბათუმის მერიაში გასულ წელს „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ პროექტი მათთან შესულია, თუმცა, მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო. კონკრეტულად როდის შევიდა ეს პროექტი და რატომ ამბობდა მერია ნებართვის გაცემაზე უარს – ეს კითხვა მერიამაც უპასუხოდ დატოვა.

მთავარი ფოტო: საინფორმაციო ბანერი, ბაქოს ქუჩა / მანანა ქველიაშვილის ფოტო

რას სთხოვს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა პედაგოგებს და ესტონური მოდელი

საქართველოს განათლების სამინისტრო 15 საჯარო სკოლაში ესტონური საგანმანათლებლო მოდელის პილოტირებას გეგმავს. რითი განსხვავდება ესტონური მოდელი ქართული საგანმანათლებლო მოდელისგან და რა მოხდება მაშინ, თუკი  პედაგოგი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგს ვერ მიაღწევს?  „ბათუმელებს“ ამ თემაზე ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა ესაუბრა.

ქალბატონო მარიამ, რა სტანდარტებს მოიცავს ესტონური განათლების მოდელი, რას ავალდებულებს ის პედაგოგებს, სკოლას და რატომ გახდა მისი პილოტირება აუცილებელი?

ესტონური მოდელი გულისხმობს მასწავლებლის გადამზადებას, სასწავლო პროგრამაში ცვლილებას და ტექნოლოგიების გამოყენებას. ჩვენ შევარჩიეთ 15 საჯარო სკოლა და  სკოლის დირექტორები წავიყვანეთ ტალინში, ადგილზე რომ ჰქონოდათ პროცესებთან შეხება. რადგან მომავალი წლიდან სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება, მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებაც, შესაბამისად, გადავამზადეთ პედაგოგებიც – ამაზე გაკეთდა დიდი აქცენტი. ზოგადად, ეროვნული სასწავლო გეგმა რომ დაინერგოს ერთობლივად მოვამზადეთ დირექტორი, მოადგილე და დაწყებითი საფეხურის პედაგოგი – დირექტორმა უნდა იცოდეს რა მოსთხოვოს მასწავლებელს, მასწავლებელმა იცოდეს რაზე იმუშაოს და ა.შ.

წლებია უკვე გვესმის, რომ მიმდინარეობს პედაგოგების, დირექტორების გადამზადება, მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებითაც. კიდევ რატომ არის საჭირო მათი გადამზადება – რასაც ესტონური მოდელი ითვალისწინებს, არ გამოიყენება დღეს სასწავლო პროცესში?

აქამდე მეთოდოლოგიაში, საგნობრივ უნარებში ვამზადებდით, ახლა უნდა დაიწყოს კურიკულუმზე დაფუძნებული გადამზადება. იმისათვის, რომ  სკოლებში შევიტანოთ ინტერაქტიული მეთოდები. ვთქვათ, ტესტური დავალებები კი არ მივცეთ მხოლოდ, სადაც, უბრალოდ, შემოხაზავს ოთხ სავარაუდო პასუხს მოსწავლე, არამედ გვინდა შევცვალოთ ისეთი დავალებებით, რაც ცხოვრებასთან არის კავშირში. ეფექტური, კომპლექსური ტიპის დავალებებია საჭირო და ამაზე კეთდება აქცენტი და ამას ვნერგავთ ამ 15 სკოლაში.

ესტონური მოდელი, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმისგან რითი განსხვავდება, აქვს რაიმე განსაკუთრებული კომპონენტი?

ეს არის უფრო მეტად ჩარჩო დოკუმენტი, პედაგოგთა კორპუსი არის ძალიან ძლიერი. მათ იციან, რომ სახელმწიფოს დაწესებულ სტანდარტზე უნდა გავიდნენ. ჩვენ დამატებით ვთავაზობთ მასწავლებლებს გზას და ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ამ სტანდარტის დაკმაყოფილება, რაც არ არის ესტონურ მოდელში, რადგან მათ ამის საჭიროება არ უდგათ.

სწორედ ამიტომ ჩავრთეთ ესტონელი ექსპერტები. პირველი,  ეს არის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, რაშიც ესტონური მოდელი კარგად ზის, მეორეა ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინება. სხვანაირად ფასი არ აქვს ამის დანერგვას, რადგან კარგი სასწავლო გეგმა ის არის, რომელიც ადგილობრივ საჭიროებებს ითვალისწინებს. ამიტომ, რომ ჩახედოთ ეროვნულ კურიკულუმს, გარეგნულ მსგავსებას ვერ დაინახავთ, რადგან აქ პედაგოგებს სხვა საჭიროება აქვთ და იმის შესაბამისად არის მეტი სარეკომენდაციო მასალა მიცემული. ძირითადი პრინციპები – ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა, ის რაც არის ესტონურ მოდელში, ჩვენთანაც არის.

თუ ქართულ მოდელში ეს გზებიც არის ნაჩვენები და მეთოდოლოგიურადაც ახლოს დგას ახალ სასწავლო გეგმასთან, რატომ გახდა აუცილებელი ესტონური მოდელის პილოტირება?

ჩვენ უფრო მეტად ვაკვალიანებთ პედაგოგებს. მაგალითად, კერძო სკოლები მხოლოდ სტანდარტს აიღებენ და არ დასჭირდებათ წლიური გეგმა, თვითონ დაგეგმავენ, თუ როგორ გავიდნენ სტანდარტზე, მაგრამ საჯარო სკოლები, ვისაც უფრო მეტი დაკვალიანება სჭირდება, შეუძლიათ ჩვენი შეთავაზებული წლიური პროგრამები აიღონ.

პილოტი რამდენი ხანი გრძელდება და როდის უნდა გამოჩნდეს შედეგი?

ალბათ ორი წლის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებას. რადგან პედაგოგებს ვამზადებთ და  პერმანენტული შეხვედრები გვექნება, შემდეგ მიცემული დავალებების მონიტორინგი იგეგმება. მომავალი წლიდან ისედაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება და ორი წლის შემდეგ, როცა პროექტი დასრულდება, შეფასებას გავაკეთებთ.

ითქვა, რომ ესტონური მოდელი გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებასაც, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა თუ ითვალისწინებს იგივეს?

რასაკვირველია ითვალისწინებს. ის, რომ პრეზენტაცია გავაკეთე, რაღაც ფილმი ვნახე და რაღაც ვიდეორესურსი გამოვიყენე, არ არის მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარია, რომ მიზნობრივად გამოვიყენოთ ეს რესურსი. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ეს ვერ გავაკეთეთ.

თუ ამ ხნის განმავლობაში ამას ვერ მიაღწიეს პედაგოგებმა, მომავალში რა გზით აპირებთ ამის მიღწევას? 

მაგალითად, მუსიკაში არის ძალიან ბევრი კომპიუტერული პროგრამა და იმ სკოლებში, სადაც ინსტრუმენტები არ აქვთ, ტექნოლოგიური რესურსების გამოყენება კარგი საშუალება იქნება, რათა მოსწავლეებმა თვითონ შექმნან პატარა მუსიკალური ნაწარმოებები. დაინახონ მასწავლებლებმა, რომ მეტი შესაძლებლობები არსებობს.

ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლება ხომ სავალდებულოა. იმ შემთხვევაში თუკი სკოლა, პედაგოგი ორი-სამი წლის განმავლობაში ვერ აღწევს სასწავლო გეგმით გათვლისწინებულ მიზნებს, რა ხდება მაშინ?

რადგან სამინისტრო აყენებს თავის მოთხოვნებს და რადგან ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს, არ უნდა ვიფიქროთ დასჯა-წახალისების მეთოდზე, არამედ მაქსიმალურ მხარდაჭერაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რესურსცენტრები ჩავრთოთ ამ პროცესში, რადგან სამინისტრო ყველა სკოლას ცენტრალიზებულად ვერ მიწვდება. უნდა ვნახოთ, სად და რა უჭირთ მასწავლებლებს. ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროს მიმართ ნდობის გაჩენა, – როცა დაინახავს სამინისტრო, რომ რომელიღაც სკოლაში ვერ აღწევს პედაგოგი ეროვნულ მიზნებს, იქ მოახდინოს ინტერვენცია.

ორი წლის შემდეგ, როცა გაანალიზებთ ესტონურ მოდელს, დადებითი შეფასების შემთხვევაში გაგრძელდება ამ მეთოდების გამოყენება, თუ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ერთად იარსებებს?

ეს შეფასება, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ დავინახოთ, სად გვაქვს ხარვეზი. შემდგომში კი დავინახოთ, რის მიხედვით უნდა დაიგეგმოს ტრენინგი, მხოლოდ ამაზეა საუბარი. ამ პილოტის განხორციელებაც იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებამდე ერთი წლით ადრე დავინახოთ, სად შეიძლება გაჩნდეს პრობლემა. მასწავლებლის, სკოლის თუ მოსწავლის დონეზეა ეს პრობლემა.

სკოლების ჩამონათვალს რომ გადავხედეთ, აღმოჩნდა, რომ დასავლეთ საქართველოს სკოლები არ არის ჩართული ესტონური მოდელის პილოტირებაში. რატომ?

მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ სკოლები ტერიტორიულად ახლოს ყოფილიყო, რადგან ჩვენ უნდა გვედოს სკოლების მაჯაზე ხელი და ძალიან ინტენსიური უნდა იყოს ეს კავშირი პროექტის განხორციელების პროცესში. არ გვინდოდა მხოლოდ თბილისი ყოფილიყო ჩართული, ამიტომ მაქსიმალურად შევეცადეთ სხვა რეგიონებიც მოგვეცვა.

 

 

საახალწლოდ კურორტ „გოდერძის“ ყველა სასტუმრო ნომერი დაჯავშნილია

აჭარის მთავრობამ კურორტ „გოდერძიზე“ დაწყებული პროექტების გასაგრძელებლად 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში 5 მილიონი ლარი გაითვალისწინა.

მომავალ წელს კურორტის ადმინისტრაცია გეგმავს შეისყიდოს დარჩენილი 1 300 მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი და დაიწყოს გზის მშენებლობა:

„ამით დასრულდება კურორტის შიდა გზის პროექტი. ჩვენ არ ვაპირებთ ბეტონის გზის დაგებას, რომ მომავალში კურორტზე დაგეგმილმა მშენებლობამ არ დააზიანოს ეს ინფრასტრუქტურა. ამიტომ სადღაც მილიონ 200 000 ლარამდე ვგეგმავთ გავითვალისწინოთ,  შესაძლოა ეს იყოს საკმარისი. თუმცა, ჯერ პროექტი უნდა შევისყიდოთ, სადაც გამოჩნდება სავარაუდო ღირებულება“, – აცხადებს კურორტ გოდერძის დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე.

მომავალ წელს გოდერძის ადმინისტრაცია გეგმავს ასევე 112-ის მშენებლობისთვის პროექტის შესყიდვასა და მშენებლობის დაწყებას, ამ შენობაშივე განთავსდება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები. ამ დროისთვის ეს სერვისები „მთის კურორტების“ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. იგეგმება ასევე თხილამურების გაქირავება და კოტეჯების მართვის ადმინისტრაციის შენობის აშენებას.

„…იმ შენობაში კი, სადაც ადმინისტრაცია განთავსდება რესტორანი მოეწყობა. ვგეგმავთ ასევე გარკვეული თანხები მივმართოთ რეკლამისთვის, ფესტივალებისა და შეჯიბრებების გამართვის ორგანიზებისთვის“, – აცხადებს ზურაბ ჭურკვეიძე.

კურორტ გოდერძის დირექტორის ინფორმაციით, კურორტზე დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ბევრ დამსვენებელს ელიან: „ჯავშნები გვაქვს ბევრი, საახალწლოდ კი  კურორტის სასტუმრო ნომრები მთლიანად დაჯავშნულია“.

ამ დროისთვის სათხილამურო ტრასაზე თოვლი არ არის. სეზონის გახსნა იგეგმება დეკემბრის დასაწყისში. კურორტის ადმინისტრაცია მომავალში კურორტის  ე.წ. ლაივ კამერების დამონტაჟებას გეგმავს. ამ კამერების საშუალებით ტურისტი ადმინისტრაციის ვებგვერდზე შეძლებს ნებისმიერ დროს ნახოს რა ხდება კურორტზე.

 

უმაღლესმა საბჭომ ბოლო სამ თვეში 17 ათასი ლიტრი საწვავი დახარჯა

აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში აჭარის უმაღლესმა საბჭომ სულ 17 154 ლიტრი საწვავი დახარჯა. ამ სამი თვიდან ყველაზე მეტი – 6115 ლიტრი საწვავი დეპუტატებმა ზაფხულში, აგვისტოს თვეში მოიხმარეს. უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს ივნისის მესამე კვირიდან სექტემბრის პირველ კვირამდე არასასესიო პერიოდი ჰქონდათ.

დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს ისევ დავით გაბაიძე იყენებს – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ბოლო სამი თვიდან დავით გაბაიძემ ყველაზე მეტი – 799 ლიტრი სექტემბერში დახარჯა. ეს 218 ლიტრით მეტია ოქტომბრის მაჩვენებელზე. ოქტომბერში დავით გაბაიძეს 581 ლიტრი საწვავი დასჭირდა დეპუტატის მოვალეობის შესასრულებლად.

თავმჯდომარის შემდეგ საწვავის ხარჯვის ოდენობით ისევ სიის სათავეში არიან: მერაბ კარანაძე, დავით ბაციკაძე, გიორგი რომანაძე, ელგუჯა ბაგრატიონი. დეპუტატისთვის საწვავის ლიმიტი 400 ლიტრია. მაგალითად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები – დავით ბაციკაძე და მერაბ კარანაძე სამივე თვეში სტაბილურად 400-400 ლიტრი საწვავის  დახარჯვას ახერხებენ.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის გახარჯული ჰქონდა დავით ბაციკაძეს. „გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – უთხრა მაშინ „ბათუმელებს“ დავით ბაციკაძემ.  თუმცა, იმავე ავტომანქანამ, რომელიც დავით ბაციკაძეს ემსახურება, 399.93 ლიტრი აპრილის თვეში, 399,98 ლიტრი მაისის თვეში გახარჯა. ბაციკაძემ განაცხადა, რომ ავტომანქანა, რომელიც მას ემსახურება შეკეთდა, მაისში საწვავის ხარჯის ოდენობა კი იმით ახსნა, რომ იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში:  „მიმდინარე თვის ბოლოს მოიკითხეთ და ნახეთ რამდენი იქნება ხარჯი“. „მიმდინარე თვის“, ანუ ივნისის ბოლოს კი, დავით ბაციკაძის სახელზე უმაღლეს საბჭოში ზუსტად იმდენივე საწვავია გაცემული, რამდენიც მაისის თვეში -399,98 ლიტრი.

ყველაზე ნაკლებ საწვავს ისევ დეპუტატი ნინო ჩხეტია ხარჯავს. აგვისტოში მან 144 ლიტრი საწვავი დახარჯა, სექტემბერში – 169, ხოლო ოქტომბერში – 115.

რატომ არ ამონტაჟებს მერია ბათუმში მოსაცდელებს

მაშინ, როცა მერიას  ბიუჯეტში წლიდან წლამდე მილიონობით ნაშთი რჩება, ბათუმის ქუჩებში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე მოსაცდელები არ არის.  ამ ადგილებში მოქალაქეები მუნიციპალურ ტრანსპორტს ცუდ ამინდშიც ღია ცის ქვეშ ელოდებიან.

ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა

მერიის „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელის, ბადრი ფარტენაძის ინფორმაციით, მოსაცდელებს მერია ეტაპობრივად ამონტაჟებს.

კითხვაზე, რატომ ვერ უზრუნველყო მერიამ ბათუმის ქუჩებზე მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების ადგილები მოსაცდელებით, ბათუმის მერიაში უპასუხეს: „ბევრ ადგილზე ვერ ხერხდება მოსაცდელის გაკეთება, ზოგან კერძო საკუთრებაა, კომერციული ფართობია, ან სხვა რაიმე ხელშემშლელი მიზეზი“.

თუმცა, ავტობუსების გაჩერებები, რომლებიც „ბათუმელებმა“ გადაიღო, ყველგან, ქალაქის ტერიტორიაზე, ტროტუარებზეა განთავსებული.

ფოტო: თედო ჯორბენაძე
ფოტო: თედო ჯორბენაძე

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, წელს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე თექვსმეტი მოსაცდელის დამონტაჟება  დაიწყეს, შესყიდვის ღირებულება 65 000 ლარია, ერთი მოსაცდელის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 4 114 ლარი იხარჯება.

მოსაცდელების მოწყობა დაწყებულია:

1. აფსაროსის გზატკეცილზე, III შესახვევი [გონიოს ციხესთან]

2. ანდრია პირველწოდებულის ქ. # VI შესახვევი

3. ურეხი,  ზედა ღელეს ასახვევი

4. ურეხი, ზედა ღელე [ სკოლასთან]

5. აეროპორტის გზატკეცილი # 198 ის მოპირდაპირე მხარეს

6. აეროპორტის გზატკეცილი # 198

7. აეროპორტის გზატკეცილი 258 მოპირდაპირე მხარეს #209

8. აეროპორტის გზატკეცილი [ივანე მესხის კვეთა] სტადიონი – მეორე საწყობის გადასახვევი

9. აეროპორტის გზატკეცილი „ნოვას“ საწყობი

10. მეჯინისწყლის სკოლა # 25

11. ფრიდონ ხალვაშის 71   [25 სკოლის მოპირდაპირე მხარე]

12. გვირაბთან, მარცხენა მხარეს.

13. ადლიის ქუჩის 1 შესახვევი [სასაფლაოებთან ]

14. ადლია, # 27 საშუალო სკოლა

15. ს.მესხისა და დადიანის ქუჩების კვეთა [სკვერთან]

16. ფერიის ქუჩა.

 

ივანიშვილმა ხეების გატანა ბათუმიდანაც დაიწყო – ამჯერად მაგნოლია

ბათუმში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, მრავალწლოვან ხეებს თხრიან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად.

ხეების გადატანაზე, როგორც ადგილზე გვითხრეს, თბილისური კომპანია მუშაობს: „ეს ერთი მაგნოლიის ხე გადაგვაქვს კერძო საკუთრებიდან. ჩვენ მხოლოდ გადატანაზე ვმუშაობთ და სამუშაოები როცა დავიწყეთ, ხე უკვე შესყიდული იყო. დენდროლოგიურ პარკში გადაგვაქვს“.

ბათუმი / 7.11.2017 / გურამ მურვანიძის ფოტო

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით კი, ამ ადგილიდან სამი ძირი ხე გააქვთ: „სამი ძირი ხე მიაქვთ. ვისაც ნაკვეთი საკუთრებაში არ ჰქონდა დარეგისტრირებული, მგონი 5 000-ს უხდიან, ლარს თუ დოლარს არ ვიცი. ვისაც საკუთრებაში ჰქონდა, იმას უფრო მეტს. ადრე ეს ტერიტორია, სადაც ხეებს თხრიან, ყოფილ მეურნეობას ეკუთვნოდა.“

ბათუმი / 7.11.2017 / გურამ მურვანიძის ფოტო

მაგნოლიის მრავალწლოვანი ხე გადასატანად თითქმის მზადაა. მუშების თქმით, ხეს დაახლოებით 10 დღეში გაიტანენ.

მაგნოლიიდან რამდენიმე მეტრში კი, გზა სხვა სახეობის ხეებთანაც არის მიყვანილი. ხეებს გაშიშვლებული ფესვები შეხვეული აქვს.

ბათუმი / 7.11.2017 / გურამ მურვანიძის ფოტო
ბათუმი / 7.11.2017 / გურამ მურვანიძის ფოტო

ხეს ამჯერადაც ზღვით გაიტანენ, რისთვისაც პლაჟზე აკეთებენ დროებით ნავმისადგომს. დროებით გადასასვლელს აწყობენ  რკინიგზაზეც.

ბათუმი / 7.11.2017 / გურამ მურვანიძის ფოტო

აჭარიდან ხეების გადატანა სოფელ შეკვეთილში, სადაც ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პარკს აშენებს, 2016 წელს დაიწყეს. ეს პარკი ივანიშვილის საკუთრებაა.

ამავე თემაზე:

ივანიშვილის დანატოვარი

ტიტას ხე ივანიშვილის პარკში იქ აღარ დგას, სადაც დარგეს

ბოლო ორი მაგნოლია, რომელიც ივანიშვილს ციხისძირიდან მიაქვს

შემოდგომა ქედაში – სახალხო ზეიმი 11 ნოემბერს ჩატარდება

სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ შაბათს, 11 ნოემბერს ქედის ცენტრალურ პარკში ჩატარდება. ზეიმი 12 საათზე დაიწყება და რამდენიმე საათს გაგრძელდება.

ქედის გამგეობის ინფორმაციით, სადღესასწაულოდ ღია ცის ქვეშ ტრადიციული კერძებისა და ეთნოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, მნახველს ასევე შესაძლებლობა ექნება  გაეცნოს თამბაქოს დაჭრის პროცესს, ნახოს ქედის ისტორიულ მუზეუმში დაცული უძველესი ექსპონატებიც.

გამოფენის პარალელურად გაიმართება სპორტულ-კულტურული ღონისძიებები. ასევე, დაასახელებენ სამ საპატიო ქედელს.

ქედის გამგეობას, სახალხო დღესასწაულის გამართვასთან დაკავშირებით, კომერციულ მომსახურებაზე ტენდერი 9 984 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული,  ხელშეკრულება კი შპს „ჯიჯო 13“ – სთან 7 984.98 ლარზეა გაფორმებული.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღია სივრცის გარდა, 40 კაცზე გათვლილი ცალკე სუფრაც მოეწყობა.

 

 

ზემო აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბების გამოფენა ბათუმში

10 ნოემბერს ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, პანკისისა და ზემო აჭარის შესახებ ფოტოები გამოიფინება. ფოტოები გადაღებულია ფოტოკლუბების მიერ, რომლებიც დაარსდა 2015-2017 წლებში პანკისისა და ღორჯომის ხეობის სოფლებში, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივითა და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით.

„ეს ფოტოკლუბები გაგრძელებაა სოფლის ფოტოკლუბების იმ პროექტისა, რომელიც ნათელა გრიგალაშვილმა პირველად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში წამოიწყო.

კლუბების წევრები რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდნენ ფოტოგრაფიას, კამერასთან მუშაობას, გადაღებას, თეორიულ თუ ტექნიკურ დეტალებს. ამ ხნის მანძილზე მათ ობიექტივში მოექცა მთელი ზემო აჭარა და პანკისის ხეობა – ადამიანები და წეს-ჩვეულებები, ბუნება, გარემო და უამრავი საინტერესო კადრი ყოველდღიური ცხოვრებიდან,“-ნათქვამია პრესრელიზში.

გამოფენის ორგანიზატორთა ინფორმაციით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი იდეა, როგორც „გორელოვკის“ შემთხვევაში, აქაც ისაა, რომ კლუბებმა მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად არსებობა და მუშაობა; რომ კლუბების ახლანდელმა წევრებმა ფოტოგადაღება ასწავლონ მომავალ წევრებს და ეს იყოს ადგილი, სადაც ყველას შეეძლება მისვლა.

„აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბები ქმნიან განსხვავებულ, საინტერესო და შემოქმედებით გარემოს, და რაც მთავარია, აინტერესებს და აერთიანებს პანკისელ და აჭარელ ახალგაზრდებს“.

გამოფენა 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ალტერნატიული ჯგუფების საუკეთესო სიმღერები

იქნებ ხატავ, წერ ან უკრავ და გგონია, ისე ვერ გამოგდის ყველაფერი, როგორც გინდა, ვერ გამოგყავს ზუსტი ფორმები, ვერ აზავებ საღებავებს ან ისე ჟღრიალებს შენი გიტარა, ლამის მარტო შენ გესმის მელოდია, რომლის დაკვრასაც ცდილობ. არაფერია. გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ ჯგუფები, რომელთა მოსმენისას ღამეები გითენებია და დაკვრაც არაერთხელ გიცდია, სინამდვილეში თავიდან ზუსტად შენსავით აჟღრიალებდნენ გიტარებს, არ ჰქონდა სუფთა ხმა მათ პირველ სატელევიზიო ჩანაწერებს და ჩამოუყალიბებელი, ყმაწვილურად ხრიწიანი ვოკალიც ვერ ჰქონდათ ისეთი მომხიბვლელი, როგორც მოგვიანებით, სერიოზულ ჯგუფებად ქცევის შემდეგ. აქ რამდენიმე ალტერნატიული ჯგუფის საუკეთესო სიმღერას შეგიძლია მოუსმინო და უბრალოდ გაერთო ან დააკვირდე სიმღერის ტექსტებს, მუსიკას და დასკვნები თავად გამოიტანო, რა სურდათ ამ მუსიკოსებს,რატომ მიიჩნეოდნენ ანდერგრაუნდულ ჯგუფებად ან როგორ მოახერხეს ანდერგრაუნდიდან მეინსტრიმში გადასულიყვნენ.

NIRVANA

ამერიკულმა როკ-ჯგუფმა, სიეტლური გრანჟის სიმბოლოდ ქცეულმა „Nirvana“-მ პირველი ალბომი „Bleach“-ი 1989 წელს გამოუშვა, თუმცა მოულოდნელი პოპულარობა 1991 წელს ჩაწერილმა მეორე ალბომმა „Nevermind“-მა მოუტანა. ჯგუფმა სულ სამი სტუდიური ალბომი ჩაწერა, თუმცა „Nirvana”-მ ხანმოკლე არსებობითაც შეძლო  სამუდამოდ დარჩენილიყო ყველას ცნობიერებაში 90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკის მთავარ ხმად. 1994 წლის 5 აპრილს კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფი დაიშალა.

ალბომ „Nevermind“-ში შესული პირველი, ყველაზე ცნობილი სიმღერა „Smells Like Teen Spirit“-ი 90-იანი წლების თინეიჯერებისა და ახალგაზრდების  საკულტო სიმღერად იქცა.

CURE

ახალი ტალღის, პოსტ-პანკის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრიტანული ჯგუფი „The Cure“ 1976 წელს შეიქმნა და პირველი ალბომი „Three Imaginary Boys“-ი 1979 წელს სამ დღეში ჩაიწერა ლონდონის „Morgan Studios“-ში. ჯგუფში სხვადასხვა დროს სხვადასხვა მუსიკოსი უკრავდა ბას-გიტარაზე, კლავიშსა და დრამზე. „Cure“-ს უცვლელი წევრი, ვოკალისტი, გიტარისტი და ტექსტების ავტორი, რობერტ სმიტია. გოთიკური ელემენტები, სმიტის არც ისე ძლიერი, მაგრამ მელანქოლიური, მგრძნობიარე ხმა და ალტერნატიული ჟღერადობა პოპ-როკის ელემენტებით – ჯგუფს ამ პერიოდის სხვა ჯგუფებისგან გამოარჩევდა.

„Cure“-ს სულ 13 სტუდიური ალბომი და 39 სინგლი აქვს ჩაწერილი. 1980-იანი წლების ბოლოს ჯგუფი პოპულარული გახდა ევროპასა და ამერიკაში, რაც ნიშნავდა, რომ ეს იყო ახალი ტალღის პირველი ალტერნატიული ბენდი, რომელმაც ანდერგრაუნდიდან მეინსტრიმულ სივრცეში გადაინაცვლა.

სინგლები „Lovesong“, ,,Just Like Heaven“, ,,Friday I’m in love“ ამერიკის ყველაზე დიდ, ოფიციალურ ჰიტპარად „Billboard Hot“ 100-ში ყოველთვის საწყის პოზიციებზე ხვდებოდა.

მოვუსმინოთ ,,Just Like Heaven“-

THE VELVET UNDERGROUND

1960 -1970-იანი წლების ამერიკულ ჯგუფს, რომელიც ავანგარდულ, ექსპერიმენტულ მუსიკას უკრავდა, შემოკლებითაც მოიხსენიებენ:  The Velvets-ი ან უბრალოდ V.U.

ჯგუფის მთავარი წევრები თავიდან ლუ რიდი და ჯონ კეილი იყვნენ. ლუ რიდის რეალისტურმა ტექსტებმა და მუსიკის რთულმა, ექსპერიმენტულმა ჟღერადობამ დიდი გავლენა მოახდინა პანკ-როკისა და ალტერნატიული ტალღის შემდგომ განვითარებაზე.

The Velvets-ი არასდროს გამოირჩეოდა გაყიდული ალბომების შესამჩნევი რაოდენობით და თავიდან საკლუბო კონცერტებით მხოლოდ ვიწრო წრეებისთვის იყო ცნობილი, თუმცა უდიდეს გავლენას ახდენდა იმ პერიოდის ალტერნატიულ  ჯგუფებზე.

ჯგუფს სხვა მიმართულება მისცა ჯონ კეილის წასვლის შემდეგ მოსულმა ბოსტონური ჯგუფის „The Glass Managerie“-ს ყოფილმა მუსიკოსმა დუგ იულმა, რომელმაც ველვეტებთან ერთად ალბომი „The Velvet Underground“-ი ჩაწერა. ალბომის საუნდი ჯგუფის პირველ ორ ალბომთან შედარებით მშვიდი, ნაკლებად ექსპერიმენტულია და გაჯერებულია ფოლკის ელემენტებით. სწორედ დუგ იულთან ერთად ჩაწერილი ეს ალბომი მოექცა პირველად მსოფლიოს ყურადრების ცენტრში – ჯგუფის სიმღერები 1968 წელს ამერიკული ჰიტპარადების პირველ ადგილს იკავებდა დიდ ხანს.

„Pale Blue Eyes“-ი ამ ალბომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმღერაა, მარტივი ტექსტით, მელოდიით, ლუ რიდის ყველასგან გამორჩეული ვოკალით.

R.E.M.

1980 წელს ჯორჯიის შტატში დაარსებული, ოთხი წევრისგან შემდგარი ალტერნატიული როკ-ჯგუფი ვოკალისტ მაიკლ სტაიპის ვოკალითა და გიტარისტ პიტერ ბაკის გამორჩეული დაკვრის მანერით გახდა მსოფლიოს მსმენელებისთვის შესამჩნევი.

ჯგუფს 15 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული და მუსიკოსები 2011 წლამდე უკრავდნენ ერთად.

„The Automatic for the People“ 1992 წელს ჩაწერილი მერვე სტუდიური ალბომია, რომელიც აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში მეორე პოზიციას იკავებდა. „Everybody Hurts“-ი ამ ალბომში შესული, R.E.M.-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა.

DEPECHE MODE

1980 წელს ჩამოყალიბებული ინგლისური ელექტრონული ჯგუფის დამაარსებელი მთავარი ვოკალისტი დეივ გეენია. 1986-1987 წლებში ალბომების „Black Celebration”-ისა და „Music for the Masses”-ს  გამოსვლის შემდეგ ჯგუფი ელექტრონული მუსიკის მნიშვნელოვან ძალად იქცა. ამ პერიოდში ჯგუფის მიერ კალიფორნიის ქალაქ პასადენაში ჩატარებულ კონცერტს 70 000-ზე  მეტი ადამიანი დაესწრო. „Depeche Mode” არაერთხელ დადგა დაშლის საშიშროების წინაშე. პირველად 1981 წელს გიტარისტმა და სიმღერების თანაავტორმა ვინს კლარკმა დატოვა ჯგუფი, შემდეგ ბას-გიტარისტმა ალან უაილდერმა და მერე კი დარჩენილი მუსიკოსების დეპრესია, ალკოჰოლიზმი და ნარკოდამოკიდებულება ყველას აფიქრებინებდა, რომ ბენდი აღარ იარსებებდა, თუმცა „Depeche Mode”-მ 2017 წლის მარტშიც გამოსცა ალბომი, სახელწოდებით  „Spirit”-ი.

მოვუსმინოთ 1987 წლის სინგლს – „Where’s the Revolution“, რომლის გარეკანზეც სსრკ-ს რუკაა გამოსახული.

RADIOHEAD

ოკაისტმა, ტომ იორკმა და ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა ერთმანეთი ოქსფორდში მდებარე ებინგდონის სკოლაში გაიცნეს. ბიჭები პარასკეობით იკრიბებოდნენ და ჯგუფსაც On a Friday ერქვა. 1992 წელს ჩაწერილი ცნობილი სინგლი – „Creep“ BBC Radio 1-მა ეთერიდან ამოიღო ზედმეტი დეპრესიულობის გამო. ტომ იორკის დეპრესიული ვოკალი და ჯგუფის სასოწარმკვეთი, ლამის ტკივილის გამომწვევი მელოდიები უცხო იყო მსმენელისთვის, ამიტომაც პირველი სინგლები: „Anyone Can Play Guitar“-ი , Stop „Whispering“-ი  და „Creep“-ი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, თან ჯგუფის პირველ ალბომს -„Pablo Honey“ – კრიტიკოსები ნირვანას გავლენას მიაწერდნენ, არც თუ ისე უსაფუძვლოდ.

პირველი დიდი აღიარება და კომერციული წარმატება Radiohead-ს ალბომმა „OK Computer“-მა მოუტანა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. ჯგუფს გრემის ჯილდოც გადაეცა საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის. ალბომის სინგლების სახით გამოცემული „Paranoid Android“-ი, „Karma Polis“-ი და „No Surprises“-ი  Radiohead-ის მსოფლიო ჰიტებად იქცა.

BLUR

მიიჩნევა, რომ 1989 წელს ჩამოყალიბებულმა როკ-ჯგუფმა  ბრიტპოპის ჟანრს დაუდო სათავე. თავიდანვე პოპულარობით სარგებლობდა ბრიტანეთში და ჯგუფ „Oasis“-ს უწევდა კონკურენციას. „Blur”-ის პირველ ალბომს „Pink Floyd“-ის, „The Kinks“-ის „The Who“-ის და „The Beatles“-ის გავლენა ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით, ინდი როკისა და ელექტრონული ელემენტების გამოყენებამ, ჯგუფის ვოკალისტის დეიმონ ოლბარნის ექსპრესიულმა ხმამ და ტექსტებმა „Blur“-ის ინდივიდუალურობა წარმოაჩინა. სინგლმა „Song 2“-მა 1997 წლის ალბომიდან – „Blur“-ი ჯგუფს დიდი აღიარება მოუტანა აშშ-ში.

 JOY DIVISION

ჯგუფს თავიდან „Warsaw“-ი ერქვა და პანკ როკს უკრავდა. 1976 წელს ჩამოყალიბებულმა „Joy Division“-მა პირველი ალბომი „Unknown Pleasures”-ი 1979 წელს ჩაწერა და გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა წარმატება და პოპულარობა ვერ შველიდა ჯგუფის ვოკალისტსა და გიტარისტს იან კერტისს, რომელიც უიღბლო ქორწინებამ, დეპრესიამ და ეპილეფსიამ შეიწირა. კერტისმა 1980 წელს ჯგუფის პირველი დიდი ტურნეს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოიკლა თავი. ჯგუფმა სულ ორი ალბომი გამოსცა: „Unknown Pleasures”-ი – კერტისთან ერთად და „Closer”-ი მისი სიკვდილის შემდეგ.

„Love Will Tear Us Apart“-ი ჯგუფ Joy Division-ის ყველაზე პოპულარული სიმღერა იყო იმ პერიოდის მუსიკალური ჩარტების მიხედვით.

ძალადობაში ბრალდებული ყოფილ ცოლს ადანაშაულებს

„ქალის ლურჯ მაისურს სისხლის ლაქები ეტყობოდა…“ – უთხრა მოსამართლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტმა ჯამბულ კაკაბაძემ. ის დეტალურად მოუყვა მოსამართლეს, რა ნახა 2 ივნისის დილას ქობულეთში  ერთ-ერთ სახლში, სადაც გამოძიების ვერსიით, ოჯახში ძალადობის შემთხვევა განმეორდა.

„მე ფოტოებს ვიღებდი იმ ადგილების, რომლებზეც დაზარალებული ქალი ამბობდა, რომ სცემეს… გვითხრა, რომ მოულოდნელად შევარდა იქ ყოფილი ქმარი და ცემა დაუწყო. საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა. ქალმა გვაჩვენა, სად იძალადა ფიზიკურად ყოფილმა ქმარმა მასზე. მერე ლოგინის ქვეშ როგორ ცდილობდა დამალვას, მაგრამ გამომათრია იქედან და ისევ მცემა, ფეხებს მირტყამდაო, ეზოში გავიქეცი და პალმასთან დამეწია, წავიქეცი და წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდიო… ქალს ჩაშავებული ჰქონდა სახე, თვალები…“ – თხრობა ექსპერტს ბრალდებულმა ტარიელ წ.-მ გისოსებიდან შეაწყვეტინა. ბრალდებულმა მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულ ექსპერტს მოულოდნელად ჰკითხა: „თქვენ ექსპერტიზა გაქვთ ნამდვილად დამთავრებული თუ რეჟისურა?“

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს შენიშვნა მისცა და შეახსენა, რომ ის სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა.

„თქვენ აუცილებლად დაიკითხებით, მოვა ამის დრო,“ – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.

„დავიკითხე უკვე მე და გასამართლებულიც ვარ… ამათი ტყუილები კისერშია უკვე ამოსული. რატომ ვერ ამოიღეს დნმ-ის კვალი, თუკი მე დავარტყი?“ – იკითხა ბრალდებულმა ტარიელ წ.-მ.

მანამდე ექსპერტმა აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე მათ ძალადობის კვალი ვერ იპოვეს და არც სისხლის კვალი დაფიქსირდა ოთახში.

ტარიელ წ.-ს ოჯახში არაერთგზის ძალადობა ედება ბრალად. 2015 წელს მან ცოლზე ძალადობა აღიარა და ერთი წელი ციხეში გაატარა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. ყოფილი ქმარი ძალადობის გამეორებას უარყოფს და პირიქით, ყოფილ მეუღლეს თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს – მიმდინარე წლის 2 ივნისს ტარიელ წ.-ს მუცელში დანით შემავალი სამი ჭრილობა მიუყენებია საკუთარი თავისთვის.

„ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, როცა ბრალდებული 2011 წელს ავტოავარიაში მოყვა და ამ დროს 4 წლის შვილი დაიღუპა. მაშინ ტარიელი, როგორც ყოფილი ნარკომომხმარებელი, „მეტადონის“ პროგრამაში იყო ჩართული. ამ შემთხვევის გამო მას ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს,“ – გვიყვება ტარიელ წ.-ს ადვოკატი თეიმურაზ ქავშბაია. -„ერთი წლის შემდეგ ტარიელი პრეზიდენტმა შეიწყალა და ციხიდან გამოვიდა. მან კერძო სახლი ქობულეთში თავის უფროს ვაჟს გადაუფორმა, რომელმაც ქონება დედას გადასცა. შვილის სურვილი იყო, რომ მამას რამდენიმე ოთახი ჰქონოდა საერთო სახლში, მაგრამ ყოფილი ცოლი ამის წინააღმდეგი იყო.

ამის გამო ჰქონდა სიტყვიერი კონფლიქტი ტარიელს ყოფილ ცოლთან. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, რომ ტარიელმა იძალადა ყოფილ მეუღლეზე. პირიქით, ყოფილმა ცოლმა თვითდაზიანებები მიიყენა, კედელს მიახეთქა თავი. ტარიელი მიხვდა, რომ ისევ მას მიედავებოდნენ და დანა თავისით დაირტყა მუცელში. მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, თუმცა ბრალი წარდგენილი არ აქვს ყოფილ ცოლს,“ – დასძინა ადვოკატმა „ბათუმელებთან“.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ მოწმეების მოსმენის გარდა, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, რადგან მას სხვადასხვა მძიმე დაავადება აქვს და მისი ციხეში ყოფნის საჭიროება არ არის.

„მედიკოსთა დასკვნაა საჭირო, მისი ციხეში ყოფნა საფრთხის შემცველი რომ არის… მხოლოდ დიაგნოზის მიხედვით რთული იქნება მსჯელობა სასამართლოსთვის,“ – მიმართა ადვოკატს მოსამართლემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბრალდებულს არაერთგზის ჩადენილი დანაშაულისთვის ედავებიან და ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ტარიელ წ. ერთხელ უკვე გაასამართლა ოჯახში ძალადობისთვის.

 

 

 

 

ძველ ბათუმში ავტომანქანებს სამშენებლო ნარჩენები დაეყარა

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, კომპანია „არისტოკრატის“ მშენებარე კორპუსიდან ავტომანქანებს სამშენებლო ნარჩენები  დაეყარა. მშენებარე კორპუსს სპეციალური დამცავი ბადე არ აქვს. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ფოტო თვითმხილველმა მოგვაწოდა.

„ბათუმელები“ კომპანია „არისტოკრატის“ წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ამ პრობლემის შესახებ არაფერი იცის და კომპანიის დირექტორს უნდა დავუკავშირდეთ, თუმცა დირექტორის საკონტაქტო ინფორმაციის მოცემაზე უარი გვითხრა.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტეს, რომ მშენებლობიდან საღებავი გადმოვარდა და ავტომანქანა დააზიანა. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე კომპანიამ უნდა იზრუნოს.

ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია „არისტოკრატი“ ამ შემთხვევისა და ასევე დამცავი ბადის არარსებობის გამო გააფრთხილა.

„არისტოკრატის“ მშენებარე სახლი მაზნიაშვილის # 14 / 2017 წელი

 

აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ

მზე, ზღვა და ბათუმი – აჭარაში კარგი დასვენებისთვის თითქოს მეტი არც არაფერი გჭირდება, მაგრამ ეს სტატია იმათთვისაა, ვისთვისაც აჭარა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზღვა. სად წავიდეთ, რა ვნახოთ განსხვავებული? – ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებსაც მთიანი აჭარა აინტერესებთ. შევეცდები, ვიყო მეგზური.

მოკლედ, დავიწყოთ.

ბათუმიდან ხელვაჩაურისკენ რომ წახვალთ და ქალაქს გასცდებით, ასარჩევი ნამდვილად გაქვთ. ყველაზე სწრაფი, მარტივი და მრავალტურისტნაცადი მახუნცეთის ჩანჩქერია, იქვე, თავისთვის მშვიდად მომავალ აჭარისწყალზე გადებული ძველისძველი თამარ მეფის ხიდით და მეტ-ნაკლებად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით.

მახუნცეთის ჩანჩქერი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თუ აჭარის მთის ნახვა გინდათ, მაგრამ ცოტა დრო გაქვთ, გირჩევთ მაჭახლის ხეობას აუყვეთ. სამანქანე გზა ხეობის ბოლო სოფლამდე ადის. ამ გზას „მაჭახელას თოფის“ გზასაც უწოდებენ.

თაღოვანი ხიდები, მაჭახელას თოფის მონუმენტი და ზემო ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი – ერთ დღეში მოსასწრები, მარტივი ტურია.

მაგრამ თუ ეთნოგრაფიული ტურიზმი გაინტერესებთ, გირჩევთ ქვედა მახუნცეთში ზუნდაგას გადასახვევი იკითხოთ და მთაზე შეფენილ ულამაზეს სოფელს ეწვიოთ.

იმის გამო, რომ სოფელი ზუნდაგა არც ერთ ტურისტულ მარშრუტში არ არის მონიშნული, მოგიწევთ გზა თავად გაიკვლიოთ. სოფელში ასულებს ადგილობრივები დაუზარლად გაგიწევენ მეგზურობას. „სტუმარი რომ ღვთისაა“, ამ ფრთიანი ფრაზის არქიტექტურულ გადაწყვეტას ზუნდაგაში იპოვით. სოფლის ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილას ორას წელზე მეტი წლის სახლი დგას, ამ სახლს ზუნდაგელები „მეიდან ოდას“, ანუ სასტუმრო სახლს ეძახიან. ზუნდაგაში „მეიდან ოდის“ არსებობა საქარავნე გზას უკავშირდება. შორი გზიდან მომავალი მექარავნეები შავშეთის ქედს რომ გადმოივლიდნენ, მერისის ხეობას გადმოკვეთდნენ და ქედაში ჩამოვიდოდნენ, ბათუმში ჩასვლის ნაცვლად სოფელ ზუნდაგის გავლით იმოკლებდნენ გზას გურიისკენ. სოფელი მტირალას მთას ესაზღვრება, სწორედ ამ მთაზე გადადიოდა საქარავნე გზა.

მეიდან ოდა, სასტუმრო სახლი, სადაც ოდესღაც მექარავნეები ჩერდებოდნენ, დღეს ცოტა მოუვლელია, თუმცა სიძველეებისა და ეთნოგრაფიული მასალების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხე. მეიდან ოდას მოპირდაპირედ დგას ულამაზესი, ლაზური სტილით ნაშენი სახლები. ლაზი ოსტატების ჯადოქრობას წლებმა ვერაფერი დააკლო – ნაკვეთ ხეში ჩასმული ქვების სიმეტრია დღესაც შთამბეჭდავად გამოიყურება.

ძველი მეჩეთი ზუნდაგაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ლაზური სახლი ზუნდაგაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ხომ გინახავთ სოფლის მთავარი შარაგზები, ზუნდაგას შარაგზა ყველა სხვა აქამდე ნანახისგან განსხვავებულია. გზის ორივე მხარეს ხავსმოდებული ყორეა აშენებული, რომელიც, როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, სამას წელზე მეტის მაინც იქნება. სოფლის თავზე, მთაში, ქვაში ნაკვეთი უძველესი საწნახელია. იქვე ახლოსაა ქვევრები, სადაც, სავარაუდოდ, დიდი ხნის წინ ის ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობდნენ, ღვინოს ინახავდნენ. სოფლიდან მდინარე აჭარისწყლის ხეობა ხელისგულივით ჩანს. როცა ხედებით დატკბებით, მერე შეგიძლიათ ბათუმში დაბრუნდეთ.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მაგრამ თუ ბათუმში არ დაბრუნდებით და გზას ზემოთ, ხულო-შუახევისკენ გააგრძელებთ, ნამდვილად არ ინანებთ. ზაფხული მთიან აჭარაში სამოგზაუროდ საუკეთესო დროა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს აჭარის სოფლებიდან მოსახლეობა ალპურ საძოვრებზეა წასული. აჭარის თითქმის ყველა ხეობას თავისი იალაღი აქვს – ყველა თავისებურად გამორჩეული და ლამაზი. არ დავმალავ, მე, პირადად, ყველაზე მეტად ჩირუხი მომწონს. ჩირუხიდან გოდერძის უღელტეხილზე გადასვლაა შესაძლებელი, ისე, რომ წრეს უვლი ნახევარ მთიან აჭარას. ტური საფეხმავლოა და ჩირუხიდან იწყება. ბილიკი ჯერ მარკირებული არ არის, მაგრამ გზად შემხვედრი მემთეურების წყალობით, არ დაიკარგებით და ბეშუმში ნამდვილად ჩააღწევთ. თუმცა სასურველია თან გიდი გახლდეთ.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ჩირუხი-სარიჩაირი-ხიხანის ციხე/სოფელი ბაკო-თხილვანის იალაღები -გველების ტბა-შუამთის იალაღები-თეთრობის უღელტეხილი-ბეშუმი-გოდერძის უღელტეხილი – ეს არის დაახლოებით 36-კილომეტრიანი მარშრუტი, რომლის გავლას 3-4 დღე სჭირდება.

გირჩევთ, სამოგზაუროდ წასვლამდე კარგად მოემზადოთ და ყველაფერი დაგეგმოთ. პირველ დღეს ჩირუხში ადით და დაბანაკდით. სარიჩაირში გადასვლა კი დილით ადრე დაიწყეთ. როცა სარიჩაირის იალაღს გადაივლით, არჩევანის წინაშე დადგებით – გზა შეიმოკლოთ და სულ რაღაც ორი კილომეტრის გავლით ხიხანის ციხის ძირას მიხვიდეთ, თუ სოფელ ბაკი-ბაკოში ჩახვიდეთ და სოფლიდან ახვიდეთ. თუ გამოცდილი გამყოლი გახლავთ, მაშინ, რა თქმა უნდა, სჯობს მოკლე გზით გადასვლა, სხვა შემთხვევაში კი უმჯობესია სოფელში ჩასვლა. ხიხანის ციხესთან ღამისთევის შემდეგ, დილით ხიხანზე ახვალთ, შემდეგ კი გზას თხილვანას იალაღებისკენ განაგრძობთ. თხილვანადან შუამთაში გადახვალთ, შუამთის იალაღებიდან კი მთა თეთრობზე ახვალთ.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თეთრობიდან ბეშუმი უკვე ახლოსაა. იმის მიხედვით, თუ რა ტემპით ივლით, შეიძლება ხიხანიდან ბეშუმში ერთ დღეში გადახვიდეთ, მაგრამ თუ სიარულის ნელ ტემპს აირჩევთ, მაშინ გირჩევთ შუამთაში დაბანაკდეთ, ღამე გაათიოთ და შემდგომ განაგრძოთ გზა ბეშუმისკენ. ბეშუმიდან გოდერძის უღელტეხილი სულ რაღაც 5 კილომეტრშია. უღელტეხილიდან წასასვლელ მარშრუტს კი უკვე თავად აირჩევთ.

მაღალმთიანი აჭარა, მიუხედავად მისი მრავალფეროვნებისა და პატარ-პატარა საიდუმლო მარშრუტებისა, მაინც უფრო მწვანე ტბასთან, გოდერძის უღელტეხილთან და კურორტ ბეშუმთან ასოცირდება. თუ ამ მრავალჯერ განვლილი და ტურისტებისთვის კარგად ნაცნობი ადგილების ნახვაც გინდათ და თან სიახლეების ძიების სურვილიც გაქვთ, არც ეგაა რთული.

როცა სოფელ დანისპარაულში ახვალთ, გზას გოდერძის უღელტეხილისკენ ნუ გააგრძელებთ, დიდაჭარის იაილებისკენ გადაუხვიეთ. სოფლის გრუნტის გზაზე სიარულის შემდეგ ალმის მთებისკენ წადით, ალმის მთებიდან კი ერთ კილომეტრზე ცოტა მეტი გზა ტყეზე გადის, რომელსაც ადგილობრივებისთვის კარგად ნაცნობ, მაგრამ ტურისტულად უცნობ ადგილამდე, შავ ტბამდე მიჰყავხარ.

ხელშეუხებელი, ველური ბუნება, ალპური ტყის მასივი და სრულ სიმწვანეში ჩაძირული შავი ტბა – აი, რა დაგხვდებათ იქ მისულებს. უკან დაბრუნებისას, როდესაც ალმეს იაილებთან დაბრუნდებით, დანისპარაულის ნაცვლად გეზი მწვანე ტბისკენ აიღეთ, მწვანე ტბიდან კი გოდერძის უღელტეხილზე გადახვალთ.

„ულამაზესი წრიული მარშრუტია. ოღონდ მთლიანი მარშრუტის გავლა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ან ფეხით. ამასთან, გიდის გარეშე არ ვურჩევდი ტურისტებს შავ ტბაზე ასვლას,“ – მირჩია ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ, როდესაც შავ ტბამდე მისასვლელ მარშრუტზე ვკითხე. იმის გამო, რომ სააგენტო ახლა მუშაობს ბილიკის მარკირებაზე, ტბამდე მისასვლელი გზის მაჩვენებელი ნიშნულები ჯერ დადგმული არ არის.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

როცა მწვანე ტბასაც ნახავთ და გოდერძის უღელტეხილზე მდგარ პატარა თონე-საცხობში გამომცხვარ უგემრიელეს ქართულ ლავაშსაც წაატეხავთ ყუას, შეგიძლიათ გაქვავებული ტყეც მოინახულოთ. გაქვავებული ტყე, იგივე გოდერძის ნამარხი ტყე, უღელტეხილიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ადიგენისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. თუ ადგილობრივებს ჰკითხავთ, დიდი შანსია, რომ გზას ვერ მიგასწავლიან, რადგან ტყის შესახებ არაფერი სმენიათ, ამიტომ ორიენტირად ადიგენის გზაზე მდებარე ე.წ. ცივწყარო აიღეთ. ცივწყარო დაახლოებით ისეთი ადგილია, როგორიც რიკოთი, გზაზე მიმავალ-მომავალი მანქანები ჩერდებიან, მგზავრები წყალს სვამენ და წაიხემსებენ ხოლმე.

ცივწყაროსთან მთელს ჩაყოლებაზეა მწვანე ტყის საფარში შემალული გაქვავებული ტყე. იმისთვის, რომ ტყის ნაშთები შეამჩნიოთ, ფხიზელი თვალი და ორასიოდე მეტრი ფეხით გავლა მოგიწევთ. საავტომობილო გზის გასწვრივ აღმართულ უზარმაზარ კლდის გულში ადვილად შესამჩნევია გაქვავებული ხის ნაშთი.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ფუტკრის ენაზე მოლაპარაკე

ზაფხულის პაპანაქება დღეა. ქედაში, სოფელ კუჭულაში, 64 წლის დავითი სახლიდან გასასვლელად ემზადება. სახლთან ახლოს, ფერდობზე, მწვანე ფერად შეღებილი ათობით სკაა ჩამწკრივებული. დავითმა ფუტკარს უნდა მიხედოს, სკას გადახედოს.

გორგაძეები მეფუტკრეები არიან. უკვე წლებია თაფლია მათი ოჯახის მთავარი შემოსავალი. ამ ოჯახის მეურნეობა იმით გამოირჩევა, რომ ადგილზე გამოჰყავთ „დედო“, იგივე დედა ფუტკარი და ფიჭასა და სკას თავადვე ამზადებენ. გორგაძეები წლის განმავლობაში ტონამდე თაფლს ყიდიან.

დავით გორგაძე პირველ კლასში იყო, როცა ფუტკრის მოვლა ისწავლა. ძველი მეფუტკრეების ოჯახში ამ საქმეს ყველა ძალდაუტანებლად სწავლობდა, ასეც უნდა ყოფილიყო, ფუტკარზე ყველას უნდა ეზრუნა, საქმე გაენაწილებინათ.

„მაშინ ბავშვი ვიყავი და მხოლოდ ოჯახს ვეხმარებოდი. მახსოვს, ოცი სკა ფუტკარი გვყავდა. იმ დროს სოფელში ერთი-ორი სკა ფუტკარი თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა, გამოცდილსა თუ გამოუცდელ მეფუტკრეს, მაგრამ ოცი უკვე ბევრი იყო. სკოლიდან რომ მოვდიოდი, ფუტკართან გავიქცეოდი, ბაბუას მარჯვენა ხელი ვიყავი,“ – იხსენებს დავითი.

საკუთარ მეურნეობაში გატარებულმა წლებმა დავითს „ფუტკრის ენა“ ასწავლა. სკას ისე უახლოვდება და მუშაობს, რომ არც პირბადეს იკეთებს და არც – ხელთათმანებს.

დავით გორგაძე. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

„მეუბნებიან, ფუტკრის ენა იციო. ფუტკარმა დამახსოვრება იცის, თუ ცუდად მოექცევი, დაგიმახსოვრებს და დაგკბენს. მე მათთან მუშაობის, მოქცევის წესი ვიცი. ვიცი და ვხედავ როგორ შრომობენ. მეც საკუთარი შრომით ავაწყე ცხოვრება, ჩემი ცხოვრება შრომაა, ვშრომობ და ცხოვრების არც ერთ ეტაპზე სიდუხჭირე არ განმიცდია, დახმარება თითქმის არასდროს მითხოვია სახელმწიფოსგან. ერთადერთი, რაც ვითხოვე, ეს თაფლოვანი მცენარეები იყო და ისიც არ მხვდა წილად,“ – ამბობს დავითი.

გორგაძეები, ძირითადად, წაბლის თაფლს ამზადებენ.

„მინდვრის თაფლის დამზადება თუ გინდა, ფუტკარი მთაში უნდა გადაიყვანო, შარშან წავიყვანე, იწვიმა და არ გაამართლა. თუ ამინდი არ შეგხვდა, შრომა შეგრჩება ხელებში, მაგრამ წაყვანა იმით არის კარგი, რომ მთაში ორჯერ ამოგაქვს თაფლი, ისე – მხოლოდ ერთხელ. პრობლემა წაბლის ხეების ხმობაა, ხეებთან ერთად თაფლიც იკლებს,“ – ყვება დავითი.

დავითმა ფუტკრის მეურნეობა ორჯერ, სულ რამდენიმე სკა ფუტკრიდან ააწყო. პირველად მაშინ, როდესაც ბაბუას ოჯახიდან მამასთან ერთად ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა მამის ოჯახი დატოვა და საკუთარი სახლის აშენება დაიწყო.

„ცარიელ სკებს ტყეში ხეებზე დავდებდით და ტყიდან ფუტკრით სავსე სკა მოგვქონდა. როცა ბაბუას ოჯახიდან გავნაწილდით, ერთი სკა ფუტკარი მოგვცა, იმ ერთი სკიდან 50-მდე სკა გავამრავლე, ცოლი მოვიყვანე, შვილები გაგვიჩნდა და მამაჩემის ოჯახიდან წამოვედი, იმავე სოფელში სახლი ავიშენე და გადმოვედი საცხოვრებლად, ფუტკრის მეურნეობა ძმას დავუტოვე, მხოლოდ ათი სკა წამოვიღე, ახლა 200 სკა ფუტკარი გვყავს,“ – ამბობს დავითი.

სკა. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

გორგაძეების ოჯახი ფუტკრის მეურნეობაში მთლიანადაა ჩართული. კაცები, ძირითადად, სკისა და ფიჭის დამზადებით, სკის დათბუნვით, თაფლის ამოღებით და სკის გადატანით არიან დაკავებული. ქალების საქმე, კაცების დახმარებასთან ერთად, გაზაფხულზე ფუტკრის დაცვაა, მაშინ როცა სკიდან ფუტკრის ნაყარი, მართვე, გამოსვლას იწყებს.

„ასეთ დროს დილიდან საღამომდე უნდა იყო სკასთან. თითქოს მარტივია ეს საქმე, მაგრამ დრო არ გადის. უნდა იჯდე და უდარაჯო, ფუტკარი არ გაგექცეს. კითხვა მიყვარს, მიმაქვს წიგნი და კითხვით გამყავს დრო,“ – ამბობს მერიკო, დავითის მეუღლე.

მერიკო

დავითსა და მერიკოს სამი შვილი ჰყავთ, მათთან მხოლოდ გოჩა ცხოვრობს. გოჩა მამის მარჯვენა ხელია. ამბობს, რომ სხვა საქმე არასდროს უკეთებია. ყვება, რომ როგორც ახალგაზრდა ფერმერს, არაერთი შემოთავაზება ჰქონია საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად წასულიყო, სწავლის, გზისა თუ სხვა ხარჯებსაც უფინანსებდნენ, თუმცა ოჯახში საქმე ბევრია და, ჯერჯერობით, წასვლა ვერ შეძლო.

„პატარა რომ ვიყავი, მამას ვეხმარებოდი. შემოსავალი გვქონდა და სხვა საქმის კეთებაზე აღარ მიფიქრია. რაც შეეხება სწავლის შემოთავაზებას, კარგი იყო წავსულიყავი, მაგრამ იმდენ საქმეს მამას როგორ დავუტოვებდი,“ – მიყვება გოჩა.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მერიკოსა და დავითის კიდევ ერთი ვაჟი, თემური, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მეზღვაურია, მეფუტრეობითაა დაკავებული. იგი ხელვაჩაურში ცხოვრობს და უკვე ხუთი წელია მეფუტკრეა. ზაფხულობით სოფელში რჩება, ხოლო ზამთარში, როდესაც სოფელი თოვლით იფარება, ყოველკვირეულად ამოდის, რომ სკებს მიხედოს.

დავითი ახლა ფუტკრის მასიურ დაავადებებზე წუხს. ამბობს, რომ რაც დრო გადის, ფუტკრის მოვლა რთულდება:

„ახალი წამალი რომ შემოდის, ვერ ვრისკავ მთლიან მეურნეობაში გამოვიყენო, მხოლოდ რამდენიმე სკაზე ვიყენებ, ვაკვირდები შედეგებს. არ მქონია დაზარალების შემთხვევა, რადგან ასეთ საკითხში ფრთხილი ვარ. ისე, ყველა თანამედროვე ტექნოლოგიას ვცდი საკუთარ მეურნეობაში. თერმული სკა რომ შემოვიდა, გამოვცადე, მაგრამ ჩვენს პირობებში, ვფიქრობ, ჩვეულებრივი სკა უფრო კარგია. დედოც (დედა ფუტკარი) გამომყავს, ამას ცოდნა სჭირდება, ადრე ვყიდდი კიდეც, თუმცა არ გაამართლა. ფიჭას მე ვამზადებ, ხელის სპეციალური დაზგა მაქვს ფირფიტების დასამზადებლად,“ – ყვება დავითი.

გორგაძეებს სკა მეზობელ სოფელშიც აქვთ განთავსებული, სახლიდან ოთხ კილომეტრში, სადაც მანქანით მიდიან ფუტკრის მოსავლელად.

თაფლის გაყიდვა ბოლო 3-4 წელია არ უჭირთ, მეფუტკრეების ოჯახს იცნობენ და ხშირად აკითხავენ თაფლის საყიდლად, ქართველებიცა და უცხოელებიც. ევროპაში თაფლის გატანაზეც უფიქრიათ, მაგრამ თაფლის ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებიათ, ფიქრობენ, რომ ეს უკვე მომავლის საქმეა.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მერიის შენობაში ადაპტირებულ ლიფტს ამონტაჟებენ

ლუკა ასათიანის ქუჩის 25-ში მდებარე ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულ ლიფტს ამონტაჟებენ. სამუშაოების ღირებულება, ქალაქის მერიის ინფორმაციით, ჯამში 42 ათას ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოეწყო პანდუსი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შესასვლელშიც.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიფტის მონტაჟი უახლოეს მომავალში დასრულდება, რითაც ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობა მთლიანად ადაპტირებული გახდება.

ნაწილობრივ ადაპტირებულია ბათუმის მერიის შენობა ორბელიანის ქუჩაზე. „აქ პირველი სართულია ადაპტირებული. ამასთან მოწყობილია სპეციალური შეხვედრის ოთახი, სადაც შშმ პირს შეუძლია შეხვდეს მერიის თანამშრომლებს,“ – აცხადებენ მერიაში.

რაც შეეხება ქალაქის მერიის მესამე ადმინისტრაციულ შენობას ლერმონტოვის ქუჩაზე – არაადაპტირებულია. მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შესწავლა და საპროექტო სამუშაოები იმისთვის, რომ ეს შენობაც ადაპტირებული იყოს.

ბათუმის მერიისა და საკრებულოს შენობა ლუკა ასათიანის ქუჩაზე ადაპტირებული იქნება / 6.11.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

დაობებული კედლები და საკლასო ოთახები სოფლის სკოლებში (ფოტო)

აჭარის განათლების სამინისტრო 2018 წელს 23 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს. ბათუმში მხოლოდ ერთი, მე-20 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, დანარჩენი სკოლები მუნიციპალიტეტებშია.

მე-20 სკოლის დირექტორის, თეა დავითაძის თქმით, უნდა გარემონტდეს  შენობის ფასადი, საკლასო ოთახები, ფოიე, კიბეები და მოაჯირები. დირექტორის თქმით, საჯარო სკოლა წლების წინ გარემონტდა.

რეაბილიტაციას ექვემდებარება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარას საჯარო სკოლაც. სკოლაში გასარემონტებელია სველი წერტილები, სახურავი, რომელსაც, დირექტორის თქმით, გადაუდებელი სამუშაოებს სჭირდება, ასევე მოსაწესრიგებელია ეზო, სპორტული მოედანი და სკოლის ღობე. მოსაასფალტებელია სკოლის ეზო, შესაკეთებელია აუზი.

გვარას საჯარო სკოლის ფასადი.
სოფელ გვარას საჯარო სკოლა

სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში მხოლოდ გათბობის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. დირექტორის, ბადრი ირემაძის თქმით, შესაცვლელია საქვაბე. „უფრო მძლავრი საქვაბე უნდა გაკეთდეს. ჯერ პროექტი არ მომზადებულა, მაგრამ გვითხრეს, რომ მომავალ წელს გაკეთდება,“-ამბობს დირექტორი.

2018 წლისთვის იგეგემება ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც. დირექტორის, ნატო შამილიშვილის თქმით, შესაკეთებელია როგორც სკოლის წინა ფასადი, ასევე სპორტდარბაზი. მოსაწესრიგებელია სკოლის ეზოც.

ქობულეთის მე-6 სკოლის ინტერიერი
ასე გამოიყურება სკოლის ინტერიერი წყალდიდობის შემდეგ
ძლიერი წვიმის დროს წყალი სკოლის შენობაშიც აღწევს
ქობულეთის მე-6 სკოლის სასპორტო დარბაზი

რეაბილიტაცია სჭირდება ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლასაც. სკოლის დირექტორის, ნარგიზ ჯინჭარაძის თქმით, სკოლას მთლიანად ესაჭიროება რეაბილიტაცია.

დაობებული კედლები ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლაში

ასე გამოყურება სკოლის ფასადი

მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის სკოლის რეაბილიტაციაც. ქვედა მახუნცეთის სკოლის დირტექტორი, ჯემალ ბეჟანიძე ამბობს, რომ რეაბილიტაცია მათ სკოლასაც სჭირდება. თუმცა მომდევნო წელს აღნიშნული სკოლა სარეაბილიტაციო სკოლების ნუსხაში შეტანილი არ არის. „სკოლაში მოძველებულია ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია სჭირდება საკლასო ოთახებს,“-ამბობს დირექტორი.

მომავალ წელს ბათუმში მხოლოდ ერთი, მე-20 სკოლის  რეაბილიტაციაა დაგეგმილი. სკოლის დირექტორი, თეა დავითაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ  დაგეგმილია შიდა კედლების რეაბილიტაცია, გასარემონტებელია საკლასო ოთახები, ფოიე, კიბეები და მოაჯირები. დირექტორის თქმით, საჯარო სკოლა წლების წინ გარემონტდა.

 

 

 

 

მუნიციპალური ავტობუსი დამტვრეული სკამებით – ტენდერი მერიას ისევ არ გამოუცხადებია

ახალი ავტობუსების შესაძენად ბათუმის მერიას ტენდერი ისევ არ გამოუცხადებია. „დღე-დღეზე ველოდებით საბოლოო ტექნიკურ დოკუმენტაციას,“ – ამბობს ბადრი ფარტენაძე, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელი. ანალოგიური პასუხი გასცა მან „ბათუმელებს“ დაახლოებით ერთი თვის წინ, 13 ოქტომბერს. მაშინ ბადრი ფარტენაძემ თქვა, რომ ერთ კვირაში გამოცხადდებოდა ტენდერი. ახალი ავტობუსების შეძენას ბათუმის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] სესხით აპირებს.

ერთი თვის წინანდელი კომენტარის გახსენების შემდეგ „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ უფროსმა გვითხრა, რომ პროექტში ცვლილებები შევიდა და დიზელის ტიპის ავტობუსების შესაძენად საბოლოო დოკუმენტაციას ელიან.

„ცვლილებები უკავშირდებოდა გადაცემათა კოლოფს, ავტობუსების ზომებს და ასე შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევიძინოთ ქალაქისთვის მომგებიანი მუნიციპალური ტრანსპორტი. ვგულისხმობ იმას, რომ მორგებული იყოს ქალაქს, ნაკლები ჰქონდეს წვა… უცხოელი კონსულტანტები თავად EBRD-ს ჰყავს დაქირავებული და მათი რჩევების შესაბამისად იცვლება პროექტი. დღე-დღეზე მივიღებთ დასკვნას და გამოვაცხადებთ ტენდერს. ამის პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ელექტროავტობუსების ტექნიკურ დოკუმენტაციაზე. ამ კუთხით მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის და მუშაობენ სპეციალისტები,“ – ამბობს ბადრი ფარტენაძე.

ბათუმის ავტოპარკში ამ დროისთვის 140 ავტობუსია. მოქალაქემ „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის – #8 ავტობუსში დამტვრეული სკამების ფოტოები გამოუგზავნა. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ იციან, მაგრამ ქსელში არის დაახლოებით 15 ავტობუსი, რომლებსაც ახლი ავტობუსების შეძენის შემდეგ ჩამოწერენ.

„ჩვენ ვაპირებდით 25 ახალი ავტობუსის შეძენას, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტის შეძენას მოვახერხებთ. ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ 35-40 ახალი ავტობუსი გვექნება დიზელზე მომუშავე. ვიცი, რომ ძალიან დაზიანებულია ზოგიერთი ავტობუსი, მაგრამ პარკს ჩვენ ვერ გავაჩერებთ. რისი შეკეთებაც შეიძლება, ვარემონტებთ, ზოგიერთი კი, რემონტს არ ექვემდებარება საერთოდ,“ – დასძენს ბადრი ფარტენაძე.

წელს სატრანსპორტო სერვისი განვითარებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 800 ათასი დაიხარჯა. გრძელვადიანი პროგრამის მიხედვით, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარებაზე 5 მილიონ 900 ათასი ლარი გამოიყოფა 2018 წლისთვის.

 

 

ავარია ბათუმში

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში, მოპედი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

 

მითები და რეალობა „თურქულ უბანზე“

„ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, საშინელება ხდება“, „გადაკეტილი აქვთ თურქებს“, „წაგვლეკეს ამ თურქებმა“ – მსგავს ქსენოფობიურ მოსაზრებებს ხშირად ვისმენთ. ამ განწყობებს, ძირითადად, ის პოლიტიკოსები თუ მედია ასაზრდოებს, რომელთაც ღიად აქვთ გაცხადებული, რომ „თურქეთი მტერია“, ხოლო „რუსეთი ერთმორწმუნე მეგობარი“. სისტემური და თანმიმდევრული პროპაგანდის შედეგად, დღეს უკვე ბევრ ადამიანს სჯერა მითის, რომლის მიხედვითაც ბათუმის „ერთი კვარტალი თურქებმა ჩაიგდეს ხელში“. ზოგ შემთხვევაში ამის სჯერათ ბათუმის მცხოვრებთაც კი. დაახლოებით იგივე ვითარებაა თბილისში, აღმაშენებლის გამზირთან მიმართებაშიც. „ბათუმელებმა“ შეისწავლა, ვინ ფლობს თითოეულ კვადრატულ მეტრს ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე. ამ მონაცემების შესწავლას ერთი თვე მოვანდომეთ, თუმცა იმავე მონაცემების მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა თბილისში, აღმაშენებლის გამზირთან მიმართებაში, ამ ქუჩის ზომებიდან გამომდინარე.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მითი პირველი:

ბათუმში ქუთაისის ქუჩა თურქებმა იყიდეს.

რეალობა:

ქუთაისის ქუჩაზე კერძო საკუთრებას ეროვნებით თურქი მხოლოდ 5 მოქალაქე ფლობს, მთლიანობაში 280 კვადრატულ მეტრ ფართობს. საქართველოს საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, ქუთაისის ქუჩაზე, გარდა ამ 280 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობისა, ყველა კვადრატული მეტრის მფლობელი საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის არც ერთი არ არის ეთნიკური თურქი.

მითი მეორე:

ქუთაისის ქუჩაზე მხოლოდ თურქული რესტორნები მუშაობს, სადაც ქართველებს არ უშვებენ.


რეალობა:

ქუთაისის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 23 კომერციული ობიექტია, მაღაზიები და რესტორნები, რომელთა მფლობელები ეროვნებით თურქები არიან. რესტორანში ნებისმიერი ეროვნების ადამიანს უმასპინძლდებიან. ამის გადამოწმება დიდი ძალისხმევის გარეშე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

მითი მესამე:

თურქებს ქუთაისის ქუჩაზე ბორდელები აქვთ გახსნილი.

რეალობა:

დაწესებულებები, სადაც არაოფიციალური ინფორმაციით, კლიენტს სხვა სერვისთან ერთად სექსმომსახურებასაც სთავაზობენ, ძირითადად ეკუთვნით არა თურქეთის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ამ დაწესებულების კლიენტები არიან როგორც ეროვნებით თურქები, ისე ქართველი და ასევე, სხვა ეროვნების მამაკაცები.

მითი მეოთხე:

ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს, მალე ისინი რეფერენდუმს ჩაატარებენ და აჭარის თურქეთზე მიერთებას მოითხოვენ.

რეალობა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველო-თურქეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2196 პირიდან უშუალოდ ბათუმში 1252 პირია რეგისტრირებული. ცხადია, ამ მონაცემებს ცალკეული ჯგუფები უნდობლობას უცხადებენ, ხოლო მოქალაქეებში შიშის დასაძლევად თავად იუსტიციის სამინისტრო არაფერს აკეთებს. სტატისტიკას თავი რომც დავანებოთ, 40 ათასი ეროვნებით თურქი მოქალაქე ცხოვრობს თუ არა ბათუმში, მარტივად გასარკვევია – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ბათუმში სულ 154 600 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, ბათუმში 40 ათასი ეთნიკური თურქი რომ ცხოვრობდეს, გამოდის, ყოველი მეოთხე (თითოეული ჩვენგანის მეზობლების ჩათვლით) ეთნიკური თურქი უნდა იყოს. ფაქტია, რომ ეს ასე არ არის.

რაც შეეხება რეფერენდუმის ჩატარებას, საქართველოს კონსტიტუციით, რეფერენდუმის დანიშვნის უფლება-მოვალეობა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაა და სხვისი არავისი.

მითი მეხუთე:

ქუთაისის ქუჩაზე თურქეთის დროშები არის გამოფენილი.

რეალობა:

ქუთაისის ქუჩაზე არც ერთი თურქული დროშა არ არის გამოფენილი. თუმცა, 2017 წლის 21 ივნისს ნამდვილად იყო ქუთაისის ქუჩაზე თურქეთის ეროვნული დროშები გამოფენილი – ეს დასტურდება ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებითაც. ვიდეოში მოქალაქე განმარტავს, რომ თურქული რესტორნები თურქეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით რამაზნის (მარხვა) თვეში მუსლიმ მრევლს უფასოდ ავახშმებდა და ამ ამბის გასაშუქებლად ჩამოვიდა თურქული მედია.

გასულ კვირას ბათუმში, კაფე „ვინილში“, ერთ-ერთი ტურისტი ნაცნობების წრეში იჯდა და ირწმუნებოდა, რომ „ქუთაისის ქუჩა თურქებს აქვთ გადაკეტილი“ და რომ „ქართველებს ამ ქუჩაზე შესვლის უფლებასაც კი აღარ აძლევენ“. ქუთაისის ქუჩა „ვინილიდან“ ფეხით ხუთი წუთის სავალზეა. ამის მიუხედავად, ტურისტმა არ ისურვა თავისი შიშისგან გათავისუფლება, როცა მას შესთავაზეს გაყოლა ამ ქუჩაზე სასეირნოდ. აღმოჩნდა, რომ მისთვის უფრო კომფორტულია დაიჯეროს მითი „თურქების მიერ ქუთაისის ქუჩის ოკუპაციაზე“, ვიდრე იმაზე, რომ შეიძლება ის დეზინფორმაციის მსხვერპლია.

მათთვის, ვინც ქუთაისის ქუჩაზე არასდროს ყოფილა: ეს არის დაახლოებით ნახევარი კილომეტრი სიგრძის ვიწრო ქუჩა, სადაც ბათუმის მეჩეთია განთავსებული. ე.წ. „თურქული უბანი“ ანუ ყველაზე მეტი თურქული რესტორანი სწორედ მეჩეთის მიმდებარედ ფუნქციონირებს. google-ის მონაცემებით, თურქულ რესტორნებს ქუთაისის ქუჩაზე 180 მეტრი უკავია სიგრძეში, რასაც ხულოს ქუჩის ერთი მონაკვეთიც ემატება – ზვიად გამსახურდიასა (ყოფილი ორჯონიკიძის) და ჭაბუა ამირეჯიბის (ყოფილი ჩკალოვის) ქუჩებს შორის. მათი ძირითადი მომხმარებელი, ყოველ შემთხვევაში სეზონზე, თურქი ტურისტები არიან, რომლებიც მოდიან ჯგუფებად და ასევე ჯგუფებად ბრუნდებიან მოშორებით გაჩერებული ავტობუსებისკენ. ცხადია, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქუჩაზე არც ქართველებისა თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტების ნაკლებობა არ იგრძნობა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თურქეთის მოქალაქეები ქუთაისის ქუჩაზე (სასტუმრო „ვორლდ პალასის“ ჩათვლით) მხოლოდ 5 მისამართზე ფლობენ ქონებას. ერთ მათგანში ხორცის მაღაზიაა გახსნილი, სამში კი – კვების ობიექტები. ქონების ოთხ მეპატრონეს ქუთაისის ქუჩაზე („ვორლდ პალასის“ გამოკლებით) ჯამში 280 კვ/მეტრი ფართობი აქვს საკუთრებაში.

საჯარო რეესტრში დეტალურად გადავამოწმეთ ის საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართობები, რაც ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. მონაცემების შესწავლის გზით დადგინდა, რომ უშუალოდ მეჩეთისა და ორთა ჯამეს მიმდებარედ არც ერთი შენობა არ აქვს საკუთრებაში თურქეთის არც ერთ მოქალაქეს. მეტიც, ეს შენობები, მეჩეთის ჩათვლით, ისე როგორც მის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა. სახელმწიფომ ეს ქონება სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ 2011 წლის აგვისტოდან გადასცა ოფიციალურად, ისიც მხოლოდ სარგებლობის უფლებით. მეჩეთისა და მისი მიმდებარე შენობების საერთო ფართობი 1056 კვადრატული მეტრია, ხოლო მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის – 1789 კვადრატული მეტრი.

მუსლიმთა სამმართველოსთვის სარგებლობაში გადაცემულ შენობებში (მეჩეთთან) თურქული კვების ობიექტი, საკონდიტრო და ორი მაღაზიაა გახსნილი. სამმართველოში ვერ გვითხრეს, რის საფუძველზე და რა ფორმით არის გაცემული ეს ფართობები: „რაღაც შემოსავალი მეჩეთს ამ ობიექტებიდან აქვს, მაგრამ იურიდიულად ყველაფერი ზაფხულის ბოლომდე უნდა მოწესრიგდეს. ქონების (მეჩეთის, ორთა ჯამეს) მმართველობაში გადმოცემის შემდეგ რაღაცები შეიცვალა“.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ქუთაისის ქუჩა ყველაზე ინტერნაციონალური ქუჩაა მთელს ქალაქში. ის სასტუმრო „ვორლდ პალასით“, სილამაზისა და ტაილანდური მასაჟის სალონებით იწყება. შემდეგ რესტორანი „მიუნჰენია“, სადაც ბავარიულ-ქართული კერძების დაგემოვნება შეიძლება. იქვეა რესტორანი „HB“, რომელსაც ქართული „შემოიხედე გენაცვალე“ მოსდევს. ქუთაისისა და ნოე ჟორდანიას ქუჩების კვეთაში კი არის ჩინური კაფე „UNCLE FENG’S“-ი. „შემოიხედე გენაცვალეს“ გვერდით კიდევ ერთი ტაილანდური მასაჟის სალონია, ცოტა ქვემოთ კი – კაფე „აჭარა“.

ქუთაისის ქუჩას თუ მეჩეთის მიმართულებით ჩაუყვები, შეგხვდება „ლიბერთი ბანკი“, კაზინო „სენატორი“, სასტუმროები – „ვანილლა“, „მირეოსი“, „პორტო ფრანკო“, „ძველი ქალაქი“, ჩილიმ ბარი, სლოტ კლუბი [აქ თურქეთის მოქალაქეს იმ შენობის ნაწილი აქვს იჯარით, რომელშიც „ძველი ქალაქია“]. გაგრძელებაზე ასევე არის თურქული რესტორნები (მათ შორის თევზის) და საჩაიები. ალკოჰოლური სასმელების მაღაზია და ვალუტის გადასაცვლელი პუნქტები. ყველა შენობა, რომლებშიც ეს სავაჭრო ობიექტებია გახსნილი, საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაა.

ქუთაისის ქუჩაზე, მეჩეთთან ახლოს, წლების განმავლობაში მუშაობდა კაფე „ბათუმი“. დღეს ამ კაფისა და გვერდით არსებული საცხობის ადგილზე თურქული „ისტანბულ რესტორანია“ გახსნილი.

„ქართველმა მეპატრონემ კაფე და საცხობი ვერ ამუშავა და ასე ამჯობინა ეტყობა – გააქირავა და იღებს შემოსავალს… თურქულ რესტორნებში ქართველები არიან დასაქმებული, დღეში მინიმუმ 20 ლარიდან და ზემოთ უხდიან. თავად თურქები მშრომელი ხალხია, დღე და ღამე მუშაობენ… ხმაურს რაც შეეხება, ქუჩის მხარეს არაფერი ხდება ისეთი. სადაც სამზარეულოა, ეზოს მხარეს, იქ შეიძლება აწუხებდეს რომელიმე მცხოვრებს…“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი შუახნის ქალი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, 40 წელია ქუთაისის ქუჩაზე ცხოვრობს.

ქუთაისის ქუჩაზე, თურქეთის მოქალაქეებისა თუ სხვების მიერ გახსნილ თითქმის ყველა დაწესებულებაში, იქნება ეს ბარი, რესტორანი, სასტუმრო თუ გასართობი ცენტრი, დასაქმებულთა უმრავლესობა ასევე ქართველია (გამონაკლისი მხოლოდ ტაი-მასაჟის სალონებია, სადაც, ძირითადად, ტაილანდიდან ჩამოსული მოქალაქეები მუშაობენ). „ბათუმელები“ თითოეულ მათგანში იმყოფებოდა და შესაბამისი ინფორმაციაც ამ ადამიანებთან ინტერვიუს გზით მოაგროვა.

„უკვე მეოთხე წელია აქ ვმუშაობ. ანაზღაურებით კმაყოფილი ვარ. თურქული კერძები გვაქვს და მომხმარებლებიც თურქები არიან. ფართობი ქართველებისგან აქვთ ნაქირავები. ეს შენობაც ქართველისაა… ჩვენთან მხოლოდ შეფ-მზარეულია თურქეთიდან, დანარჩენი პერსონალი ქართველები ვართ“, – გვეუბნება ერთ-ერთი თურქული რესტორნის თანამშრომელი.

ქუთაისის ქუჩაზე ქართულ-არაბული რესტორანიცაა გახსნილი – „მექა“. რესტორნის მფლობელი ბადრი ვანაძეა თავის არაბ მეუღლესთან ერთად. პერსონალი ქართველია, მენიუ – ოთხენოვანი, კერძები კი შერეული – ქართულ-არაბული.

„ორი-სამი კერძი მაქვს მენიუში ქართული. სახელიც ქართულ-არაბული იმიტომ დავტოვე, რომ ამ ქუჩაზე რაღაც ქართული მინდოდა ყოფილიყო. თავიდან მხოლოდ ქართული კერძები მქონდა. არ გაამართლა. უცხოელები ვერ მოვიზიდეთ და ვერც ქართველები დავაინტერესეთ – ჩვენთან ალკოჰოლური სასმელები არ არის, ქართულმა სამზარეულომ კი სასმელების გარეშე არ იმუშავა“, – ამბობს ბადრი ვანაძე, რომელიც აქ რესტორანს 2013 წლიდან ამუშავებს.

რესტორანში ადგილები ყოველთვის შევსებულია, ძირითადად არაბული ქვეყნების მოქალაქეებით, რომლებიც, რესტორნის მეპატრონის თქმით, ბათუმში ტურისტებად იმყოფებიან.

ბადრი ვანაძის თქმით, რესტორნის ხშირი სტუმრები არიან ირანელები და ის ქართველებიც, „რომლებიც თბილისიდან ჩამოდიან დასასვენებლად და არაბული კერძების გემო იციან… მეჩეთის არსებობამ გაააქტიურა ეს ქუჩა. თუმცა, კლიენტების მოზიდვის კუთხით მეჩეთი გადამწყვეტ როლს თამაშობს თურქული რესტორნებისთვის, ჩემთვის – არა. მე სხვა უბანშიც მექნება მუშაობა, უბრალოდ, რახან ტურისტები აქ დადიოდნენ ხშირად, აქ ვიქირავე ადგილი და გავხსენი. ივლისსა და აგვისტოში დღე და ღამე ვამუშავებ რესტორანს, ოქტომბრიდან კი ვკეტავ და შემდეგ გაზაფხულზე ვხსნი. თურქული რესტორნები ზამთარშიც მუშაობენ, მაგრამ მათ თავიანთი კლიენტურა ჰყავთ. თურქეთი ახლოსაა და ვინც გადმოდის აქ, მიდის ნაცნობის რესტორანში, ან სხვას აგზავნის, ერთმანეთს ამუშავებენ. ნაციონალური მიდგომა აქვთ“, – ამბობს ბადრი ვანაძე.

თუ ქუთაისის ქუჩაზე და მის მიმდებარედ გაივლით, აუცილებლად ნახავთ ტაილანდური მასაჟის სალონებს. მათი რაოდენობა ამ მონაკვეთში უკვე ოცს აღწევს. სალონებს ადგილობრივებიც აკითხავენ და ტურისტებიც.

განსხვავებით თურქული ობიექტებისგან, ტაი-მასაჟის სალონებში მხოლოდ უცხოელი ქალები არიან დასაქმებული. უმრავლესობა აზიური წარმოშობისაა, რამდენადაც გავარკვიეთ, ძირითადად ტაილანდელები.

სალონები საღამოს იხსნება და მთელი ღამე მუშაობენ. აქ ენის ბარიერი არ არსებობს. სალონის პერსონალი „მარტივად“ გაგებინებს რა მომსახურებას და რა ფასად გთავაზობს. ტაი-მასაჟის ფასი 40 ლარიდან იწყება. ოფიციალურ მომსახურებაში მხოლოდ მასაჟი შედის, თუმცა სალონებში სექსუალურ მომსახურებასაც გთავაზობენ – 60-80-100 ლარად. ფასების „ტაბლო“ ჩვეულებრივი კალკულატორია.

„მომრავლდა ამ უბანში სალონები. ქირით აქვთ ეს ოთახები აღებული ადგილობრივებისგან. ჩინელები არიან, მგონი. თურქები და სხვები კი სტუმრობენ… თვრებიან, არის მთელი ამბავი ღამით – ხმაური, ყვირილი, ჩხუბი… პატრონი არ ჰყავს აჭარას, ამას უნდა მიხედონ… ქართველი კიდე ქართველს არ უწყობს ხელს, ურჩევნია უცხოს მიაქირაოს და გაცილებით ძვირად“, – გვეუბნება ქალი, რომელსაც მის გვერდით მყოფი მამაკაცი აჩერებს – „გეყოფა ახლა. სხვას კითხოს, რაღა შენგან და ჩემგან უნდა გაიგოს ყველაფერი“.

ტაი-მასაჟის სალონების მომრავლებით ამ უბანში ბევრია უკმაყოფილო – „ყველა სალონი და პატარა კაფეც კი, ფაქტობრივად, ბორდელია. აქ თუ ვინმე დადის, ან ქალს ეძებს, ან თავისი უნდა, რომ გაასაღოს“, – გვითხრა კიდევ ერთმა მოქალაქემ.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ქვეყანაში, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, სამართალდამცავები „პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის“ მუხლით, ძირითადად, სასტუმროების მეპატრონეებს აკავებენ თუ აჯარიმებენ.

შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ მასაჟის სალონების მეპატრონეები არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები, თუმცა ინფორმაცია მათი ეროვნების შესახებ, არ აქვთ.

„ეროვნული ნიშნით ვერც დავყოფთ და არც დავყოფთ სალონის მესაკუთრეებს… რა ინფორმაციაც გვაქვს საჯარო, შეგიძლიათ მოგვმართოთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მეპატრონეები არიან ქართველებიც და უცხოელებიც. ამასთან, ადრე უცხოელი უფრო მეტი იყო. ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, შესაძლოა სადღაც რაღაც იყოს, მაგრამ 2012-2017 წლებს თუ შევადარებთ, კლება არის – ნაკლებად იხსნება (სალონები), ნაკლებად საქმიანობს და თავად არაქართველების რაოდენობაც ნაკლებია შედარებით“, – გვითხრა სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

სხვა თანამშრომლის თქმით კი, სალონების რაოდენობამ იმატა, თუმცა „რეგისტრაცია აქვს ყველას, შპს იქნება თუ ინდმეწარმე და ყველა გადასახადის გადამხდელია“. მისივე თქმით, თუკი ბინადრობის მოწმობა აქვს უცხოელს, შეუძლია ინდმეწარმეც გახდეს და სალონიც გახსნას: „თუმცა, რა სტატუსი აქვთ, კანონმდებლობით როგორ და რა ვადით შემოდიან, ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს.“

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა აქვს 13 ტაილანდელს და 1991 ჩინელს. ხოლო შრომითი ნებართვა აქვს 144 ტაილანდელს და 2752 ჩინელს. აქედან უშუალოდ ბათუმში დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვთ მხოლოდ 12 ტაილანდელსა და 21 ჩინელს. დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვს ბათუმში მცხოვრებ 52 ირანელს, 26 ერაყელს, 4 ეგვიპტელს, საუდის არაბეთის ორ მოქალაქეს, სირიის 15 მოქალაქეს, ყაზახეთის 94 მოქალაქეს.

რაც შეეხება ეროვნებით თურქებს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაცული ინფორმაციის თანახმად, რომელიც „ბათუმელებმა“ 2016 წლის ოქტომბრის თვეში გამოითხოვა, საქართველოს მოქალაქეობა 2005 წლიდან დღემდე, მთლიანობაში, თურქეთის 5 802 მოქალაქეს მიენიჭა. მათგან ორმაგი მოქალაქეობის მქონეა (საქართველო – თურქეთი) 2196 პირი, რომელთაგან უშუალოდ ბათუმში რეგისტრირებულია – 1252.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე სულ 3245 პირი ცხოვრობს ბათუმში, ძირითადად საქართველო-რუსეთისა და საქართველო-თურქეთის მოქალაქეები, რაც ქალაქის მთლიანი მოსახლეობის 2 პროცენტია.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ყოფნისა თუ მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ხშირად საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ.

ბათუმის მოსახლეობას კი ხშირად იმით აშინებენ, რომ „ამ ქალაქში 40 ათასი თურქი ცხოვრობს, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ“. ეს ციფრები განსაკუთრებით აქტუალურია იმ პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც როგორც აგვისტოს ომში, ასევე რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაში დამნაშავედ საქართველს მაშინდელ ხელისუფლებას აცხადებენ და მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების ინიციატივით გამოდიან.

აღმაშენებლის გამზირი თბილისში

მითი, რომ მთელი კვარტალი „იყიდეს“ თურქებმა და არაბებმა, უკვე თბილისშიც მუშაობს. მაგალითად, „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები და მონაწილეები ფიქრობენ, რომ დედაქალაში აღმაშენებლის გამზირი „მიიტაცეს თურქებმა და ყველა ჯურის უცხოელებმა“.

„ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა დეტალურად გადაემოწმებინა რამდენი უცხოელი ფლობს აღმაშენებლის გამზირზე ქონებას, თუმცა ზაარბრუკენის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე მონაკვეთი სრულად გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ აღმაშენებლის გამზირის ამ მონაკვეთშიც იდენტური ვითარებაა, რაც ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე – რეესტრის მიხედვით, უცხოელები საკუთრებაში აქაც მხოლოდ რამდენიმე ბინას ფლობენ და ესენიც უფრო სხვა ეროვნების მოქალაქეები არიან, ვიდრე თურქები.

კომერციული ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის თურქული რესტორნები აღმაშენებელზე, ადგილობრივი მოსახლეობისგან ქირით ან იჯარით აღებულ ფართობებშია განთავსებული. აქ დასაქმებული სრული უმრავლესობაც საქართველოს მოქალაქეა.

„ანკარასა“ და „ანკარა სთაილის“ – რესტორნებს, რომლებიც თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, ერთი მეპატრონე ჰყავს. ამ რესტორნების წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ფართობები, მათ შორის „ანკარა ქეთრინი“, ანუ ადგილი, სადაც რესტორნებისთვის საკვებს ამზადებენ, იჯარით აქვთ აღებული.

„ანკარას“ წარმომადგენლის თქმით, მათ 300-მდე თანამშრომელი ჰყავთ, რომელთა 80% საქართველოს მოქალაქეა.

აღმაშენებლის გამზირზეა თურქული რესტორანი „ნასიმიც“. მენეჯერი ამბობს, რომ სამი წელია ამუშავებენ ორ რესტორანს (მეორე საბურთალოზეა) და ორივე შენობა იჯარით აქვთ აღებული. დასაქმებული ჰყავთ 30 თანამშრომელი – 2 თურქი, 2 აზერბაიჯანელი და 26 ქართველი. თურქულ რესტორან „სუფრას“ მენეჯერი კი ამბობს, რომ აღმაშენებელზე ფართობი 2000 წელს აიღეს იჯარით და მას შემდეგ მუშაობენ, მათთანაც 30-მდე თანამშრომლიდან მხოლოდ შეფ-მზარეული და ბუღალტერია ეროვნებით თურქი.

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“. 

ბათუმის მერიამ ბარცხანაში ჭადრისა და კაკლის ხეები გაჩეხა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ჭადრისა და კაკლის ხეები გაჩეხა.

„სამი ჭადარი და ხუთი კაკლის ხე მოიჭრა, როგორც კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს. ფილების დაგება და ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს და ამის გამო ხდება ხეების მოჭრა. რადგან ხეები დიდი ზომისაა, გადარგვა არ მოხერხდება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში.

გამწვანების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ ტერიტორიაზე ახალი ნარგავები დაირგვება: „თუმცა ჯერ არ ვიცით, გამწვანების სამუშაოები როდის დაიწყება“.

ბათუმი/ნონეშვილის ქუჩა/ 6.11.2017 / გურამ მურვანიძის ფოტოები

ქეთევან დედოფლის ნეშტს ბათუმში 8 ნოემბრამდე დატოვებენ

ქეთევან დედოფლის ნეშტი ბათუმის საკათედრო ტაძარშია და მას აქ 8 ნოემბრამდე დატოვებენ. დედოფლის სხეულის ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 2017 წლის 23 სექტემბერს ჩამოიტანეს და თბილისში, სამებაში განათავსეს.

ნეშტს 6 თვის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეპარქიაში მიიტანენ, რის შემდეგაც კვლავ ინდოეთში დააბრუნებენ.

დედოფლის ნეშტის 6 თვით დაბრუნება საქართველოში მთავრობას 343 310 ლარი დაუჯდა. ფაქტს კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების ნაწილის მხიდან.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი / 5.11.2017 / თამარ ნერგაძის ფოტო

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი [დაახლოებით 1570-1624], რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე.

ისტორიული წყაროების მიხედვით, დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში წაიღეს დასაკრძალად. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოიტანეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY–მ გაავრცელა განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო

ამავე თემაზე:

ქეთევან დედოფლის ნეშტის დროებითი და ძვირი მოგზაურობა სამშობლოში

ბსუ მეორად მიკროავტობუსს და ჰიბრიდულ ავტომობილს ყიდულობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] მეორად მიკროავტობუსს და სედანის ტიპის [ჰიბრიდი] ასევე მეორად ავტომობილს შეიძენს. ბსუ-ს ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად ერთიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული თანხით – 75 ათასი ლარი, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. არშემდგარი ტენდერის შემდეგ კი, უნივერსიტეტმა მიკროავტობუსისა და ავტომობილის ცალ-ცალკე შესაძენად გამოაცხადა ტენდერები. ამ შემთხვევაში საერთო სატენდერო თანხა 5 ათასი ლარითაა გაზრდილი და ჯამში 80 ათასი ლარია.

ქარხნულად დამზადებული მეორადი სამგზავრო მიკროავტობუსის შესაძენად უნივერსიტეტს საკუთარი შემოსავლებიდან 55 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტობუსში დასაჯდომი ადგილების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 21, მძღოლის ადგილის ჩათვლით; მიკროავტობუსის გამოშვების წელი კი – არაუადრეს 2011 წლისა. მიკროავტობუსი უნივერსიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა ჩაბარდეს.

ბსუ-ს ერთი ერთეული სედანის ტიპის [ჰიბრიდი] მეორადი ავტომობილის შესაძენად კი 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. გამოშვების წელი ამ შემთხვევაშიც არის  არაუადრეს 2011 წლისა და ასევე 15 დღეში უნდა ჩაბარდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან.

ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 13 ნოემბერს დასრულდება. ერთიანი ტენდერი კი, რომელიც არ შედგა, ბსუ-ს ოქტომბერში ჰქონდა გამოცხადებული.

სამაშველო: ამობრუნებულ დელტაპლანზე ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ

ბათუმში დელტაპლანის სავარაუდო ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. „დელტაპლანის მეპატრონე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

დელტაპლანი ზღვაში, ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 5 ნოემბერს, სავარაუდოდ ჩამოვარდა.

„სამაშველო სამსახურში შემოვიდა ზარი და მაშველები იყვნენ გასულები. დელტაპლანზე ერთი ირანელი ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ. მეპატრონე აცხადებს, რომ დელტაპლანი წყალში ამობრუნდა“, – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში.

„ჩამოვარდნაზე ინფორმაციას არ ვფლობთ. რაც შეეხება დელტაპლანების მესაკუთრეებს, მათ „იახტკლუბთან“ გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება მხოლოდ განთავსებაზე“, – გვითხრეს „იახტკლუბში“.

წელს, ზღვის სეზონზე, ბათუმში 7 დელტაპლანი იყო.

100 წლის იუბილარი

ბათუმში მცხოვრებ ქსენია გოგოძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქსენია გოგოძე, პროფესიით პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ბათუმის N16 საჯარო სკოლაში 47 წლის განმავლობაში საქმიანობდა.

ქალს 100 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიულოცეს. ქსენია გოგოძეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადაეცა, განათლების მინისტრმა კი ის  სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 35 მოქალაქე ცხოვრობს, ერთ ხანდაზმულს კი 100 წელი მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში შეუსრულდება. თითოეული მათგანი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან 1000-1000 ლარს ღებულობს.

ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო
Exit mobile version