მთავარი,სიახლეები

რატომ აღარ დაიწერება საატესტატო გამოცდებზე ქულები – ცენტრის განმარტება

24.02.2018
რატომ აღარ დაიწერება საატესტატო გამოცდებზე ქულები – ცენტრის განმარტება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სკოლებში საატესტატო გამოცდების ფორმატი შეცვალა. ცვლილების თანახმად, მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე ვეღარ დაინახავს, რამდენი ქულა მიიღო საგამოცდო საგანში. მოსწავლეთა ჯგუფები ცენტრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში კრიტიკულად ეხმიანებიან – ამბობენ, რომ ქულა მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ასე თავიანთი ცოდნის ხარისხის შემოწმება შეეძლოთ. რა იყო გამოცდების ფორმატის შეცვლის მიზეზი? -„ბათუმელებთან“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე საუბრობს.

ბატონო ივა, რა არის ამ გადაწყვეტილების დადებითი ან უარყოფითი მხარე?

მართალი გითხრათ, გამოცდების ეს ფორმატი თავიდანვე იყო გათვალისწინებული, როცა სქემაზე ვმუშაობდით. არგუმენტი კი იყო ის, რომ რადგან საქმე გვაქვს სასერტიფიკატო ტიპის გამოცდასთან, მთავარია, დადასტურდეს, რომ მოსწავლეს აქვს მინიმალური კომპეტენცია ამა თუ იმ საგანში.

მოსწავლეები წერდნენ სოციალურ ქსელში, რომ აინტერესებდათ რეალურად შეესაბამებოდა თუ არა მათი ცოდნა იმ ნიშანს, რომელსაც აკადემიური წლის ბოლოს იღებდნენ. ამის შესაძლებლობა კი ახლა აღარ მიეცემათ.

გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ თვისობრივად ეს გამოცდები ისედაც გადალახა-ვერგადალახა იყო და ამ ქულას ფუნქციური დატვირთვა არ ჰქონდა.

საატესტატო ნიშნები გავლენას არ ახდენს არც მოსწავლის წლიურ შეფასებაზე, არც ოქროს მედლის კანდიდატს უშლის. გარდა ამისა, მოსწავლის ცოდნის დონეს სკოლა განსაზღვრავს და როცა მოსწავლეს აქვს მაღალი შეფასება, ეს უკვე არის რაღაცის მთქმელი.

მეთოდურად გამართლებულია, რომ სასერტიფიკატო გამოცდებზე სწორედ ჩაეთვალა-არჩაეთვალა ტიპის გამოცდები იყოს და ამით ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რა შეფასებას მიიღებს აბიტურიენტი მისაღებ გამოცდაზე.

სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არის ეგრეთ წოდებული დახურული დავალებები, როცა 4 შესაძლო ვარიანტიდან მოსწავლემ უნდა მონიშნოს სწორი პასუხი. მისაღებ გამოცდებში აქცენტი გადატანილია ღია ტიპის დავალებებზე, სადაც მოსწავლემ უნდა იმსჯელოს და გამოავლინოს შეუძლია თუ არა აზრის ჩამოყალიბება, მსჯელობა, თავისი პოზიციის გამყარება და ა.შ. ანუ სხვა უნარები სჭირდება. სკოლის გამოსაშვები გამოცდების და მისაღების მიზანი არის სხვადასხვა. საატესტატო გამოცდების მიზანია დაადასტუროს მინიმალური კომპეტენცია, ხოლო ეროვნული გამოცდებზე აბიტურიენტმა კონკურენცია უნდა გაუწიოს სხვებს.

მოსწავლეები ასევე წერდნენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, რამდენი ქულა დააკლდათ ბარიერის გადასალახად. ვთქვათ, დააკლდა ნახევარი ქულა, როგორ გაიგოს ამის შესახებ?

ბარიერის ნიშნულზე თუ ვსაუბრობთ, ბარიერი იყო 5.5 და ამითაც შეეძლოთ ბარიერის დაძლევა. არსებითად, გასაჩივრების საკითხიც არ შეცვლილა, მოსწავლეს შეუძლია გაასაჩივროს პროცედურული ნაწილი, თუკი დაირღვა მისი უფლებები, თუკი ვინმემ ხელი შეუშალა პასუხის გაცემისას  და ა.შ. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ეს ნაკლებად შესაძლებელია, რომ გაასაჩივროს.

ეს არის რამდენიმე წლის განმავლობაში შემოწმებული ბაზა, რომელიც მოსწავლეს იმ დავალებას აწვდის, რაც წლების განმავლობაში ისწავლა. მეორე პასუხი დამოკიდებულია წინაზე. თუ მოსწავლე სტაბილურად ვერ პასუხობს, პროგრამა უფრო და უფრო იოლ დავალებებს აწვდის. თუ სტაბილურად პასუხობს, მაშინ დავალებები რთულდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუკი მოსწავლე 40 სუსტ დავალებას მიიღებს და აქედან 15-16-ს უპასუხებს, ბარიერს გადალახავს.

მოსწავლის ცოდნის ბარომეტრი არის სკოლის შემაჯამებელი ნიშანი. სკოლას აქვს უკუკავშირის შესაძლებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი მოსწავლე დაბალ შეფასება იღებს, მასწავლებელმა უნდა მიუთითოს ხარვეზებზე და პრობლემა აღმოფხვრას. ამის დაკავშირება საატესტატო გამოცდებთან თეორიულად არასწორად მიმაჩნია.

საატესტატო გამოცდების ნიშნები არც უცხოურ უნივერსიტეტებში მიღებაზე ახდენს გავლენას. თუკი არც ეროვნულ გამოცდებისთვის აქვს მნიშვნელობა და არც მედლის მიღებას უშლის ხელს, რა დატვირთვა აქვს მაშინ ამ გამოცდებს. რატომ არ შეიძლება მოსწავლემ წლიური შეფასების საფუძველზე აიღოს ატესტატი?

ეს არის მინიმალური კომპეტენციის განმსაზღვრელი ინსტრუმენტი სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა მოსწავლემ, ვისაც აქვს ატესტატის მიღების სურვილი, აქვს მინიმალური ცოდნა და კომპეტენცია. მოსწავლემ უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად დაიმსახურა ის ნიშანი, რასაც უწერდნენ, რადგან შესაძლებელია, ვიღაც დაუმსახურებლადაც იღებდეს ნიშანს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: