მთავარი,სიახლეები

1 ფსიქიატრი 2000 პატიმარს: ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამა ციხეებში 

23.02.2018 • 2270
1 ფსიქიატრი 2000 პატიმარს: ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამა ციხეებში 

პენიტენციურ სისტემაში სოცმუშაკებსა და ფსიქიატრებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა ყოფილი პატიმრების უმრავლესობა კადრების სიმცირესა და სერვისების არახელმისაწვდომობაზე საუბრობს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, თბილისის #2 პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული იყო მხოლოდ 1 ფსიქიატრი, რომელიც თვეში 300 პაციენტს უწევდა კონსულტაციას, #8 დაწესებულების ერთი ფსიქიატრი კი 2000 პატიმარს ემსახურებოდა.

რიგ შემთხვევებში, დამატებით მოწვეული ფსიქიატრები დღეში 25-30 პაციენტს უწევდნენ მომსახურებას. მსგავს პირობებში ვერ იქნება უზრუნველყოფილი ფსიქიატრების მომსახურების სათანადო ხარისხი.

                 1 ფსიქიატრი და 2000 პატიმარი                                                      

პრობლემაზე დავითი, ყოფილი პატიმარი გვესაუბრება, რომელიც საპატიმროდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა და ფსიქიატრის მომსახურება თავადაც ესაჭიროებოდა:

„წარმოიდგინეთ, როცა 2000 პატიმარზე 1 ფსიქიატრი მოდის, გასაუბრებასაც კი ვერ ასწრებს ამ დროს ადამიანი. გარკვეული პერიოდი გერმანიაში ვცხოვრობდი და კვირაში ერთხელ ვხვდებოდი ჩემს ფსიქიატრს, ერთსაათიანი ვიზიტები გვქონდა, მიცნობდა, პრობლემის დაძლევის ეტაპებს აკვირდებოდა და შედეგიც გვქონდა. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა კომუნიკაციისთვის საკმარისი დრო გაქვს“, -ამბობს დავითი.

პენიტენციურ სისტემაში გარდა ფსიქიატრების ნაკლებობისა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, პრობლემაა ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრებისთვის აუცილებელი სერვისების მოუქნელობა და კონსტრუქციული სარეაბილიტაციო პროგრამების არარსებობა: ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრები გადაჰყავთ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო (#18) დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში, რომელიც თბილისში მდებარეობს და გარკვეულ პრობლემებს ქმნის სერვისის გეორგაფიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების მაჩვენებელი 2015 წელს 425-ს, 2016 წელს 592-ს, ხოლო 2017 წლის 6 თვეში 205-ს შეადგენდა.

დაწესებულებას არ გააჩნია მულტიდისციპლინური ფსიქიატრიული დახმარების, ფსიქო-სოციალური ინტერვენციისთვის საჭირო მატერიალური და პროფესიული რესურსები. განყოფილებაში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა.

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში არ არის დანერგილი კონსტრუქციული საქმიანობების არც ერთი პროგრამა, არ იგეგმება დღის განმავლობაში პატიმართა აქტივობები, არ არის მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა, არ აქვთ სპორტული ინვენტარი და არ ხდება სპორტულ აქტივობების ორგანიზება.

საერთო სურათი იძლევა დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ განყოფილებაში არ არის უზრუნველყოფილი პაციენტთა სათანადო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

„ნარკოდამოკიდებული პატიმრებისთვის მთელ მსოფლიოში მეტადონით ჩანაცვლების პრინციპი მოქმედებს”

ყოფილი პატიმარი, დავითი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით პენიტენციურ სისტემაში ნარკოდამოკიდებულთა სირთულეებზე საუბრობს, რომელთა მდგომარეობაც, მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში გაუსაძლისია:

„ციხის ფსიქიატრთან მისული 100 პატიმრიდან 70 ნარკოდამოკიდებულია. ნარკოდამოკიდებულები ძირითადად შფოთვითი აშლილობების, უძილობის გამო მიმართავენ ფსიქიატრს, ფსიქიატრი მათ ფსიქოტროპულ საშუალებებს, მაგალითად, დიაზეპამს უნიშნავს, რისი მოხმარებაც ერთ თვეზე მეტხანს დაუშვებელია. როცა ეს ერთი თვე გადის, ფსიქიატრი ვალდებულია ფსიქოტროპული აბები მოუხსნას პატიმარს და შედეგად მათ ისევ ძველებურად აქვთ უძილობა და აშლილობები, ანუ პრობლემა არ გვარდება.

ციხეებში ახლა დეტოკსიკაციის უსარგებლო თერაპია მოქმედებს. კარგი იქნებოდა ამის ნაცვლად მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა ამოქმედებულიყო: მეტადონის გამოყენება ხანგრძლივი პერიოდით, წლობითაა შესაძლებელი და ნარკოდამოკიდებულ პატიმრებს უძილობა-შფოთვის პრობლემა მოეხსნებოდათ. შესაბამისად, აღარ მიმართვადნენ ფსიქიატრს.

მეტადონით ჩანაცვლების პრინციპი მოქმედებს მთელ მსოფლიოში. ფსიქოტროპული წამლები ბევრად უფრო მავნეა, ვიდრე მეტადონი. მეტადონიც არ არის სასარგებლო, მაგრამ შფოთი და უძილობა, რაც ნარკოდამოკიდებულს აქვს, უფრო სწრაფად კლავს ადამიანს, ვიდრე მეტადონი. შფოთით და უძილობით თუ 10 წელიწადში მოკვდები, მეტადონით სიცოცხლეს 20 წლით გაიხანგრძლივებ. რა თქმა უნდა, სჯობს არაფერზე ვიყოთ დამოკიდებული, მაგრამ როცა გვაქვს სავალალო მოცემულობა, უნდა გავაკეთოთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის“, – გვიყვება დავითი.

მთავარ ფოტოზე: ნარკოლოგიური საავადმყოფო. სერა ძნელაძის ფოტო

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: