მთავარი,სიახლეები

თუ სწრაფად და იაფად აშენებულ „ხრუშოვკაში“ ცხოვრობთ

24.02.2018 • 5615
თუ სწრაფად და იაფად აშენებულ „ხრუშოვკაში“ ცხოვრობთ

უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის Colliers international-ის კვლევის მიხედვით ხრუშჩოვის პროექტის ბინებს დედაქალაქში 4 % უჭირავს. ასეთი სახლები საქართველოსა და მთელ საბჭოთა კავშირში 1960-80-იან წლებში შენდებოდა მასიურად. ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდის ბინების პროექტი არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნოდა. თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამგვარ სახლებს დღემდე „ხრუშჩოვკებს“ უწოდებენ.

1950 წელს მოსკოვში არქიტექტორთა ყრილობა მოეწყო, რომელზეც სწრაფად და მარტივად ასაშენებელი სახლების საკითხი იყო შეკრების მთავარი მიზეზი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  ქალაქებში მრავალსართულიანი ბინების საჭიროება გაჩნდა. არქიტექტორთა ყრილობაზე უპირატესობა დაბალფასიანი  და სწრაფი ტექნოლოგიებით მშენებარე,  ვიტალი ლაგუტენკოს სახლების პროექტს მიანიჭეს.

ამ ტიპის სახლები ძირითადად 4-5 სართულიანი იყო, სამშენებლო მასალებად ბეტონის პანელებს და იშვიათად აგურსაც იყენებდნენ, რადგან ეს უკანასკნელი საბჭოთა კავშირში უფრო ძვირადღირებულ მასალად ითვლებოდა. შიდა კედლებს ჰქონდა ხმის ძალიან ცუდი იზოლაცია, ჭერის სიმაღლე არ აღემატებოდა 2,5 – 2,6 მეტრს, თითო სართულზე 3 ბინა იყო განთავსებული და კორპუსში არ იყო ლიფტი.

დაბალი თბოიზოლაციის გამო ბეტონის პანელებით აგებულ სახლებს „ხრუშჩოვის მაცივრებსაც“ ეძახდნენ.

მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ააგეს ბეტონის პანელების ჩამომსხმელი ქარხნები, საქართველოში მზა მასალა შემოდიოდა და სახლებს ადგილზე აწყობდნენ, ისე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.

ფოტო: culture.ru

„ხრუშჩოვკების“ პროექტი არ ითვალისწინებდა ბათქაშით ფასადის მოპირკეთებას და დეკორატიულ ელემენტებს, სახლები იყო სტანდარტული და ერთმანეთის მსგავსი. ქალაქის განაშენიანების ასეთი პროექტებით უზრუნველყოფა საბჭოთა კავშირში არ იყო შემთხვევითი: ზოგადი იდეოლოგია, რომელიც ყველა ადამიანს ერთმანეთის მსგავს, არაფრით გამორჩეულ და მუშათა კლასის ნაწილად მიიჩნევდა, უნდა ჰქონოდა სხვისგან არაფრით გამორჩეული და სტანდარტული საცხოვრებელი.


ფოტო: culture.ru

„ხრუშჩოვკების“ ექსპლუატაციის ვადა 25 წელი იყო, არსებობდა ე.წ. მყარი „მყარი ხრუშჩოვკებიც“ რომელსაც 50 წლამდე უნდა გაეძლო, თუმცა გამაგრებითი სამუშაოების დროულად ჩატარების შემთხვევაში ამ ვადის გახანგრძლივება 150 წლამდე იყო შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში „ხრუშჩოვკის“ ტიპის სახლების ექსპლუატაციის  ვადა ამოწურულია,  კვლევის მიხედვით თბილისში, ვაჟა-ფშაველას კვარტლებში გვხვდება ამ ტიპის  ყველზე მყარი სახით შემორჩენილი საცხოვრებელი სახლები. ამავე კვლევაზე დაყრდნობით თბილისში  სულ 508  ხრუშჩოვის პროექტის კორპუსია. მათი უმრავლესობა ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, დიღმისა და ვარკეთილის მასივებში გვხვდება.

1960-1980-იან წლებში ხარისხის რეგულაციების არარსებობამ ხელი შეუწყო მოსახლების თვითნებურ ქმედებებს: „ხრუშჩოვკებზე“ გაჩნდა მიშენებები, ზემოდან დაშენებული სართულები, რამაც საძირკველზე ზეწოლა და შენობების მწყობრიდან გამოსავლა გამოიწვია.

კვლევის მიხედვით კვადრატული მეტრის ფასებიც „ხრუშჩოვის“ პროექტის ბინებში უბნების მიხედვით განსხვავებულია:  საბურთალოზე 1 კვ.მ-ის ფასი – 688 აშშ დოლარია, დიდუბის რ-ში – 1 კვ.მ-ის ფასი – 654 აშშ დოლარი, ხოლო ვარკეთილში კი – 1 კვ.მ-ის ფასი -474 აშშ დოლარს შეადგენს.

შედარებით იაფია „ხრუშჩოვის“ პროექტის ბინები, თემქის, სამგორისა და გლდანულას დასახლებაში, სადაც 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 454 აშშ დოლარია.

მთავარი ფოტო: ლია დარასელია

„მზიანი შაბათი. ფოტოზე გამოსახულია სიძველისგან და მოსახლეების ინდივიდუალური რემონტების შედეგად აჭრელებული “ხრუშოვკა”. მზიან შაბათ დღეს. ზოგმა სარეცხი გამოკიდა გასაშრობად, ზოგმა საბან-ლეიბი გამოფინა გასამზეურებლად, რითაც ეზო კიდევ უფრო აჭრელდა…  უკან მოჩანს ახალი, მაღლივი სახლები, რომლის მსგავსიც ალბათ მალე ჩაანაცვლებს ამ სახლს.”

წყარო: colliers.com 

openleft

cultur.ru

გადაბეჭდვის წესი


ასევე: