კვირის ამბები

რას ითხოვს სახელმწიფოსგან სახარების რწმენის ეკლესია

23.03.2015 • 2407
რას ითხოვს სახელმწიფოსგან სახარების რწმენის ეკლესია

 

საბჭოთა პერიოდში რელიგიური ნიშნით რეპრესირებული ქალი. ფოტო საარქივო დოკუმენტებიდან

 

 

ლელა ხონელიძემ, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მასალები, რომელიც საბჭოთა რეპრესიების დროს რელიგიური გაერთიანების წევრების დევნას ადასტურებს, არქივებში მოიპოვა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა.

„საქართველოში ორმოცდაათიანელთა ეკლესიას ასწლიანი ისტორია აქვს [ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი პროტესტანტული მიმართულება. მას ახლა სახარების რწმენის ეკლესია ეწოდება]. 1914-1915 წლიდან ეკლესია უკვე არსებობდა საქართველოში და, ბუნებრივია, საბჭოთა პერიოდიც გამოიარა. ჯერ კიდევ 1924 წელს სამასი მორწმუნე ფოთის პორტიდან გამოიყვანეს და რა ბედი ეწია მათ, არავინ იცის. ეს ყველაფერი დოკუმენტური მასალებია, არქივებშია დაცული. მე ვიმუშავე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის არქივში, ასევე უშიშროების არქივში, საიდანაც დეტალურად ამოვიღე ყველა დოკუმენტი ამის შესახებ.

 

მაქვს ჩხრეკის ოქმები, დაკითხვის ოქმები, ფოტოები და ყველა ტიპის დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს, რომ ადამიანები იდევნებოდნენ რელიგიური ნიშნით, იმის გამო, რომ ორმოცდაათიანელთა ეკლესიას ეკუთვნოდნენ. ყველა ჩხრეკის ოქმში წერია, რომ ამოღებულ იქნა: პასპორტი და რელიგიური ნიშნის საგანი – ბიბლია, რელიგიური ხელნაწერები და ა.შ. ანუ აშკარად ჩანს, რომ დაპატიმრების მიზანი იყო რელიგიური ნიშანი. 1924 წელს 300 ადამიანი დააპატიმრეს, 1954 წელს – 40-ზე მეტი პატიმარი იყო, 1961 წელს 14 ადამიანი დააპატიმრეს, შემდეგ იყო დაპატიმრებები 1964 წელს. ჯამში, იმ სამასის გარდა, რომელსაც საერთოდ არ ვიცით რა ბედი ეწიათ, ჩვენ კიდევ გვყავდა ასამდე პატიმარი რელიგიური ნიშნით“, – ამბობს ლელა ხონელიძე.

 

საქართველოს ხელისუფლება მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა კიდევ ოთხ რელიგიურ გაერთიანებას: სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას; ისლამურ და იუდეურ თემებს და კათოლიკურ ეკლესიას ცნობს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად. ეს რელიგიური გაერთიანებები საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის „ნაწილობრივ ანაზღაურების“ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
„შარშან, როცა პრემირ-მინისტრმა პირველად გააკეთა განცხადება, რომ ოთხი რელიგიური გაერთიანება დაფინანსდებოდა სახელმწიფოსგან, ჩვენი პირველი რეაქცია დადებითი იყო, მაგრამ როცა კრიტერიუმები გამოიყო და ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანი, ამან უკვე სხვა კითხვები გააჩინა. გამოდის, საბჭოთა პერიოდში ჩვენ ან არ ვარსებობდით, ან საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი არ ვყოფილვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აღიაროს, რომ ორმოცდაათიანელთა ეკლესია არის საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ეკლესია“, – ამბობს ლელა ხონელიძე.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში სახარების რწმენის ეკლესიის ინტერესებს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. სასამართლოში პირველი განმწესრიგებელი სხდომა 11 მარტს გაიმართა. ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ დისკრიმინაციულია სახელმწიფოს პოზიცია, საბჭოთა რეპრესიების დროს დაზარალებულად ცნოს მხოლოდ ოთხი რელიგიური გაერთიანება: „სხვა ეკლესიებსაც, ამ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის გარდა, მიადგა საბჭოთა პერიოდში ზიანი, ამიტომ მხოლოდ ოთხის გამოყოფა და გამოცალკევება სახელმწიფოს მხრიდან იყო დისკრიმინაციული მიდგომა და რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზაციის მცდელობა. ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან არღვევს სეკულარიზმის პრინციპს“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

 

იურისტის განმარტებით, მათ შენიშვნები აქვთ იმ ნაწილშიც, რაც ითვალისწინებს მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივ ან სიმბოლურ ანაზღაურებას: „ჩვენ ვდავობთ იმაზე, რომ ნორმატიულმა აქტმა არ განსაზღვრა ზიანის ოდენობის დაანგარიშების სამართლიანი და გაზომვადი კრიტერიუმები. ეს სახელმწიფოს აძლევს „თვითნებობის“ შესაძლებლობას, განსაზღვროს ზიანის ოდენობა ყოველწლიურად ან მოახდინოს მათი დისტრიბუცია. ასეთი ჩანაწერი არ აკმაყოფილებს სამართლიანი სახელმწიფოს იდეას.

 

ჩვენ წარვადგინეთ იმ ოთხ რელიგიურ ორგანზაციასთან რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც ჩანს, რომ ხარჯვის მიზნობრიობას და ხარჯთაღრიცხვის კონტროლს ახორციელებს სააგენტო, მათ შორის, მაგალითად, მუსლიმ თემთან დაკავშირებით მითითებულია, რომ თემისთვის გადაცემული მილიონ ასი ათასიდან 75 პროცენტი სასულიერი პირების ხელფასებს უნდა მოხმარდეს. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ მიიჩნია, რომ თანხა არამიზნობრივად იხარჯება, სახელმწიფო ითვალისწინებს ზიანის სახით დაფინანსების ანაზღაურების შეწყვეტის შესაძლებლობას. ეს სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, გააკონტროლოს რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა, განსაზღვროს ყოველდღიური თანხის ხარჯვის მიზნობრიობა, რაც კომპენსაციის შემთხვევაში განსაკუთრებით გაუგებარია, რადგან კომპენსაცია არის საკუთრების უფლების ნაწილი და პირს ის თავისუფლად შეუძლია განკარგოს. ჩვენი მხრიდან ის პოლიტიკური განცხადება – სინამდვილეში რელიგიური ორგანიზაციები იმიტომ დააფინანსეს, რომ სახელმწიფომ ეს ორგანიზაციები [განსაკუთრებით მუსლიმი თემი] გააკონტროლოს, ვალიდური [სარწმუნო] ხდება“ – ამბობს თამთა მიქელაძე.

 

თამთა მიქელაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარე, ანუ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურისტები ოთხი რელიგიური ორგანიზაციის გამოყოფის შესახებ ამბობდნენ, რომ „ესენი არიან ტრადიციული ორგანიზაციები“: „ცხადია, თავად ამ ტერმინის გამოყენება და მსგავსი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან არის დისკრიმინაციული – რაიმე ტიპის გრადაციას ეკლესიებს შორის ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს“.

 

რა შედეგის მიღება სურს სახარების რწმენის ეკლესიას ამ სარჩელით? – ეკლესია საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის მატერიალურ ანაზღაურებას არ ითხოვს, პირიქით, ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რელიგიურ გაერთიანებებს არ უნდა აფინანსებდეს. „ჩვენ გვინდა, რომ სახარების რწმენის ეკლესია რეპრესიების მსხვერპლად აღიარონ“, – ამბობს ლელა ხონელიძე.

 

„ამ ეკლესიას განსაკუთრებით მძიმე ისტორია ჰქონდა საბჭოთა პერიოდში, სახელმწიფომ კი არ აღიარა ის დევნა, რაც მან განიცადა, ეს მათთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო. ყველა ქვეყანაში, როცა ტოტალიტარული რეჟიმის დროს ზიანის მიყენების ანაზღაურების საკითხი დგება, პირველ რიგში, ზიანის მასშტაბს აფასებს სახელმწიფო, რაც გულისხმობს საარქივო მასალების გახსნას, დამუშავებას, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას და ასე შემდეგ. სახელმწიფომ ეს ოთხი ორგანიზაცია და ზიანის ანაზღაურების წესი ისე განსაზღვრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები საერთოდ არ ჩაუტარებია, რამაც თავის მხრივ, განაპირობა დისკრიმინაციული მიდგომა“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

 

საქართველოში სახელმწიფოსგან დაფინანსებას ხუთი რელიგიური ორგანიზაცია იღებს. ყველაზე სოლიდური თანხა – 25 მილიონი ლარი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესია შეხვდა, 2014 წელს კონფესიებისთვის სააგენტოს ანგარიშზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონ 750 ათასი ლარი ჩაირიცხა. ისლამურმა თემმა მიიღო ერთი მილიონ ასი ათასი ლარი; საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულმა თემმა – 300 ათასი ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულმა თემმა – 200 ლარი და საქართველოს იუდეურმა თემმა – 150 ლარი.

 

რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მთავრობამ 2014 წელს შექმნა. 2015 წელს ამ სააგენტოს ბიუჯეტი 4 მილიონ 200 ათასი ლარია. „ბათუმელები“ სტატიის მომზადებისას სააგენტოს არაერთხელ დაუკავშირდა კომენტარისთვის, თუმცა სააგენტოში ამბობენ, რომ ამ თემაზე კომენტარს საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი, განმწესრიგებელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. მორიგი სხდომა ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ ჩანიშნული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ამჯერად მოსამართლე თეოლოგებსა და ისტორიკოსებს მოუსმენს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: