სიახლეები

რა აწუხებთ ხელვაჩაურში მოსწავლეებს – შეხვედრა ადგილობრივ მედიასთან

23.02.2018 • 1924
რა აწუხებთ ხელვაჩაურში მოსწავლეებს – შეხვედრა ადგილობრივ მედიასთან

2018 წლის 23 თებერვალს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა. ცენტრის წევრ ახალგაზრდებს შეხვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და ჟურნალ „ბათუმელების“ წარმომადგენლები.

შეხვედრის ფორმატში მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მედიასაშუალებების მიზნები და მუშაობის სპეციფიკა. ახალგაზრდებმა ღიად ისაუბრეს მათი სოფლის, დაბისა თუ სკოლის პრობლემებზე.   

შეხვედრა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში. ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ფონდის -„ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) დაფინანსებით.

თამარ დუმბაძე თხილნარის №1  საჯარო სკოლაში სწავლობს და იქ არსებულ პრობლემებზე საუბრობს, კერძოდ კი სპორტულ დარბაზსა და შესაბამის ინფრასტრუქტურაზე: „ჩემი სკოლის დარბაზში მხოლოდ ბურთები და წვრილმანი აღჭურვილობაა, რაც ძირითადად ბიჭებისთვისაა განკუთვნილი, რომ არ იხმაურონ და რაიმე არ დააშავონ. გოგონებს კი მხოლოდ ბადმინტონი  გვაქვს, ისიც იშვიათად. ხშირად ფიზკულტურის გაკვეთილზე არა სპორტით, არამედ სხვა საქმეებით ვართ დაკავებულები, ან არაფერს ვაკეთებთ, საკლასო ოთახში ვსხედვართ თავისუფლად. ინტერესი არ არის იმისა, რომ ყველა სპორტით დავკავდეთ და ერთად მოვიყაროთ თავი დარბაზში.“

ნუკრი უშარიძე ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლაში სწავლობს,  იგი სკოლის ბიბლიოთეკაზე საუბრობს: „ ჩემს სკოლაში, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე ხელმისაწვდომია ინტერნეტიც და წიგნებიც, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ. გვაქვს ორი კაბინეტი, ერთში დაახლოებით 30 პერსონალური კომპიუტერია, მეორეში კი – 15. როდესაც გვაქვს ინფორმატიკის გაკვეთილი, კომპიუტერების განაწილება თანაბრად ხდება და არავინ რჩება უკმაყოფილო.“

გიორგი ზოიძე: „ჩვენთან ტარდება მარათონი, შვიდი სახის სპორტული შეჯიბრება, არის ინტელექტკლუბი და მთელი რიგი ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას ვიღებთ და გვეძლევა განვითარების შესაძლებლობა. სკოლაში გვაქვს სპორტული დარბაზიც, მაგრამ ახალსოფელში ვცხოვრობ და იქ არ გვაქვს სათამაშო მოედანი. იყო დაპირებები, რომ გააკეთებდნენ, მაგრამ ეს პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა.“

თამარ დუმბაძე, თხილნარის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე: „მაგალითად, ჩემს სკოლაში არ არიან მანდატურები.  ჩემი აზრით, ეს დიდი პრობლემაა. მხოლოდ თბილისში არ ხდება მოსწავლეებს შორის დაპირისპირება, რამდენიმე დღის წინ ჩემს სკოლაშიც მოხდა და მასწავლებლები ვერაფერს გახდნენ, სანამ მთელი სკოლა არ ჩაერია ამ ამბავში. საჭიროა კონტროლის სისტემა, რომელიც მოსწავლეებს თვალყურს ადევნებს“.

რეზი ქორიძე, ხელვაჩაურის №1  საჯარო სკოლა: „ჩემი აზრით, მანდატურები არ უნდა იყვნენ სკოლებში. ჩემი გზებით მოვაგვარებ პირად პრობლემას, ეს მანდატურს არ ეხება.

ნინო დიდმანიძე, რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი: „მე, მაგალითად, თქვენს გადაცემაში ვისურვებდი სიუჟეტს, სადაც განხილული იქნებოდა ბათუმში არსებული უნივერსიტეტები რამდენად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.  ჩემს უნივერსიტეტში გაუმართავია ინტერნეტი, ძალიან ნელია და ცუდი სიხშირე აქვს.  სატალეფონო კავშირიც ცუდია და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შესაძლოა არცაა საჭირო უნივერსიტეტში ჩართული მქონდეს ტელეფონი-მეთქი. თუმცა ხშირად მჭირდება ტელეფონის გამოყენება ინტერნეტისთვის, სემინარებისთვის და ა.შ. გარდა ამისა, მაინტერესებს ბათუმში არსებული სასტუმროები რამდენად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს. ასევე, მინდა ვთქვა,რომ ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე და არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ პრაქტიკა გავიაროთ, მაგალითად, გვინდოდა რადიო გვქონოდა, თუმცა ისე გადავალ მეოთხე კურსზე,  ვფიქრობ, კიდევ არ გვექნება.“

შეხვედრა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში. ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

მაგდა კომახიძე, განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე: „ ჩემს სკოლაში მარტივად ფეთქებადი ხასიათის მქონე  ბავშვები არიან. მათ შორის უთანხმოება ერთ-ერთი პრობლემაა, რაც სკოლის გარეთ მყოფ მოსახლეობაზეც გადავიდა და მასწავლებლებმა და ადმინისტრაციამ მოაგვარა. იმდენად დიდი იყო ეს დაპირისპირება, ისინი რომ არა, პოლიცია ჩაერეოდა.“

ნუკრი იაკობაძემ, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტმა, უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა: „დღეს უმრავლესობა აბარებს ისეთ „პრესტიჟულ“ ფაკულტეტებზე, როგორებიცაა: სამართალმცოდნეობა, მეზღვაურობა და ა.შ. ჩემი აზრით, თვითონ ფაკულტეტისთვის ეს დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ერთ კურსზე ბევრი სტუდენტი სწავლობს. ამ დატვირთვის გამო სხვა პროფესიები უგულებელყოფილია. მაგალითად, ჩემი ახლობელი სწავლობს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ ფაკულტეტზე და ამჟამად სულ ოთხი თუ ხუთი სტუდენტია მთელ კურსზე. მინდა, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ფაკულტეტებთან დაკავშირებით  რამენაირად დავამსხვრიოთ. თუნდაც პოპულარიზაცია რომ გავუწიოთ სხვა პროფესიებს, ან პროფესიულ განათლებას.“

ალბინა ბერიძე,  აჭარისწყლის სკოლის მოსწავლე: „სკოლაში გვაქვს საინტერესო და სხვადასხვა თემატიკის წიგნები,თუმცა ბიბლიოთეკა სულ დაკეტილია. მაგალითად, დაგვჭირდა ვეფხისტყაოსანი და როდესაც  გვინდოდა ბიბლიოთეკიდან გამოტანა, გვითხრეს, რომ სკოლაში არ იყო ეს წიგნი, თუმცა დიდი ხვეწნის შემდეგ გავახსნევინეთ ბიბლიოთეკა და აღმოჩნდა, რომ შვიდი ეგზემპლარი იყო. კომპიუტერებს და ინტერნეტს რაც შეეხება, ინვენტარი არის, თუმცა ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ ერთი კომპიუტერითაა შესაძლებელი და ისიც ნელა მუშაობს.“

თამარ დუმბაძემ ტრანსპორტთან დაკავშირებულ  პრობლემებზე ისაუბრა: „ძირითადად რაიონებიდან ვართ მოსწავლეები და ბევრია ისეთი, ვისაც ტრანსპორტის პრობლემა აწუხებს. მე მაგალითად, აბიტურიენტი ვარ და ჩემი სოფლიდან 6 საათზე წასვლა ძალიან რთულია, მეცადინეობა კი 8 საათზე მაქვს. უკან დაბრუნება პრობლემურია. რთულია, დრო შეუწყო რეპეტიტორებს და თან სახლშიც დროზე მიხვიდე. გარდა ამისა, როგორც ვიცით, არსებობს მგზავრობის ბარათები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის, თუმცა ამის შესახებ როდესაც ვიკითხე ბანკში, მითხრეს, რომ რაიონში მცხოვრებ ბავშვებზე არ მოქმედებს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: