„ქოცებო“, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს რეჟიმი, თქვენ ამ ბანდიტური დაჯგუფების მსახურები იქნებით“ – მოსაზრება

ავტორი: ციალა ქათამიძე

__

გუშინ მომივიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც მარიანა ფომაევამ ქვაფენილზე სტიკერის დაკვრის გამო დამაჯარიმა 1000 ლარით – იმ მოტივით, რომ თითქოსდა დავამახინჯე ქალაქ ბათუმის იერსახე.

მუხლი, რომლითაც „მოსამართლემ“ იხელმძღვანელა, არ ითვალისწინებს სტიკერის ქვაფენილზე დაკვრის აკრძალვას, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი თინეიჯერობის ასაკს ახლაგადაცილებული მოსამართლისთვის, შეესრულებინა მისივე და მისი კოლეგების მისამართით, რეჟიმისგან გაცემული ზოგადი დირექტივა… „ზოგადი“ – იმიტომ ვამბობ, რომ მეეჭვება ქალბატონ ფომაევასთან კონკრეტული დავალების მისაცემად ვინმეს დრო დაეხარჯა.

მანამდე ანგარიში დამიყადაღეს – ესეც საინტერესო ამბავია: ვიყავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის რეზერვისტი… მიზეზის გარეშე გამომაგდეს და დამაჯარიმეს 2000 ლარით.

მიუხედავად იმისა, რომ „გაგდების“ ბრძანება და ჯარიმა სასამართლოში გავასაჩივრე, რაც, დღეს საქართველოში მოქმედი ყველა სამართლებრივი წესით, დავის განხილვის ვადით აჩერებს ჯარიმასთან დაკავშირებულ პროცესს, თავდაცვის სამინისტრომ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დამიყადაღეს ანგარიშები.

ფინანსური ამბავი გვერდით რომ გადავდოთ, სხვა უფრო მტკივნეული და შეურაცხმყოფელი ამბავია ჩემთვის – ცოტა რამეა ქვეყანაზე იმაზე დამამცირებელი, რომ ირაკლი ჩიქოვანი, საკუთარი პრეტენზიების უკან ჩამყლაპავი ირაკლი ჩიქოვანი, ბედის ირონიით, ჩვენი ქვეყნის  თავდაცვის მინისტრობას რომ იბრალებს, ის ირაკლი ჩიქოვანი… საკუთარი ქვეყნის, საჭიროების შემთხვევაში იარაღით დაცვას, რომ აგიკრძალავს… საკუთარ თავს და წარსულს რომ უღალატა, ეს ის ირაკლი ჩიქოვანია…

უფრო ადრე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე კარგად „ცნობილმა“ მოსამართლემ, სალიხ შაინიძემ „გამოარკვია“, რომ თითქოს 11 იანვრის ღამეს ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან, შეურაცხყოფას ვაყენებდი პოლიციელებს.

ბატონმა სალიხმაც დამაჯარიმა 2000 ლარით. მერე რა, რომ არათუ მტკიცებულებების ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც არ გააჩნდა – მაინც დამაჯარიმა. ბატონ სალიხის „სასახელოდ“ უნდა ითქვას ისიც, რომ მის ადგილას მჯდომი 10-11 წლის საშუალო ინტელექტუალური განვითარების ბავშვიც კი დაინახავდა საქმეში რეალურ სურათს – თუნდაც იმას, რომ ათეულობით სამხრე კამერის, რამდენიმე მედიასაშუალების ლაივტრანსლაციის პირობებში, შსს-მ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი ვიდეომტკიცებულება.

ზედმეტად მონდომებულმა ცრუ მოწმემ, ბატონ სალიხს ცოტათი საქმე გაურთულა – ისეთი ენთუზიაზმით ამტკიცებდა ტყუილს, რომ სულ დაავიწყდა წინა სხდომაზე დაკითხული მის კოლეგასთან (ასევე ცრუ მოწმე) სინქრონში ყოფნა. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა, ბატონი მოსამართლე იმ დღეს, ისევე როგორც სხვა დღეებში, ნაბახუსევი იყო და ეს მნიშვნელოვანი დეტალი უბრალოდ „გამოეპარა“…

ამ ამბებს წინ უსწრებდა დიმიტრი სამხარაძის ეპიზოდი – მისი დავალებით, მისმა ხელქვეითებმა „რეიდი“ მოაწყვეს ბათუმში და მუქარის შემცველი წარწერები დამიტოვეს კედელზე. იმ ღამეს პოლიციაში დავწერე განცხადება და მეორე დღეს მეორე კედელზე გაჩნდა უფრო „საშიში“ წარწერები. :)))

დიმიტრი სამხარაძის ხელის ბიჭებს უფრო დიდი გული მიეცათ! პატრული რომ გამოვიძახე – არავინ მოსულა. გენინსპექციაში დავრეკე და მითხრეს, წყალმოვარდნების გამო ბევრი გამოძახება აქვთ და ვერ მოვლენო… არადა, ერთი კვირა მანამდე და მერეც, მზიანი დღეები იყო ქალაქში:))) ახლა მეცინება, მაგრამ იმ დღეს შემეშინდა… მივხვდი, რომ ამ კრიმინალურ ბანდას არ ეშინოდა არავის.

მათთვის არ არსებობდა არანაირი მორალური თუ სამართლებრივი წესი – სამართალდამცავი ორგანოებიც კი თავიანთ ქვეშევრდომებად აქციეს… თუმცა, ეს მაშინ იყო საშიში და საცნაური ამბავი… მას შემდეგ იმდენმა წყალმა ჩაიარა, თანაც უფრო მღვრიემ და ბინძურმა.

ასე მტკიცებით ფორმაში საუბრის უფლება იცით ჩემს თავს რატომ მივეცი?! – თავად გაავრცელა ამ წარწერების დაწერის თუ დახატვის ვიდეო და ამ წარწერებზე ასახული მუქარების შესრულებას პირადად დაგვპირდა…

მანამდე მირეკავდნენ გინების და მუქარის ტექსტებით – უცხოური, ქართული ნომრებიდანაც. ერთ-ერთმა, რომელმაც სახელით მომმართა, მითხრა: „უნდა გიხ… ო და ვიდეო უნდა გავავრცელო.“ ქართული ნომერი იყო… ერთ ჩემს „მეგობარს“, რომელიც იმ დროისთვის „ოცნების“ მაღალჩინოსანი იყო, მივწერე, აი ამ ნომრიდან დამირეკეს და სხვა თუ არაფერი შეგიძლია, ვიდეოს რომ მოგიტანენ, ერთი თხოვნა მაქვს – მხოლოდ „შინაურებმა“ უყურეთ, უხერხულია-მეთქი….

რა მიპასუხა?! – არაფერი! პასუხი არ ყოფილა არც ერთ კითხვაზე თუ პრეტენზიაზე, რაც მაშინ საზოგადოებას, „ოცნების“ მიმართ გააჩნდა! ახლაც დუმილია… გავიდა თვეები და იცით რა ქნა?! ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან პატარა კაცი აღმოჩნდა. მე მისი კეთილშობილების მთელი ცხოვრება მჯეროდა. მან მხოლოდ ქვეყანას კი არა, საკუთარ თავსაც უღალატა… ვწუხვარ.

ხო, კიდევ რა იყო… ბევრი დღე იყო… ბევრი ღამე… წვიმა, ქარი, თოვლი… სიცხეც… ბევრი შიში, იმედგაცრუება, ნიჰილიზმი… დაღლა…

გარდა ამ ამბებისა, იყო უამრავი პატარ-პატარა ისტორია, რომელმაც ჩემი წინარე ცხოვრება შეცვალა -წელიწად-ნახევარია ჩემი ცხოვრების არც ერთი დღე არ ყოფილა მშვიდი: შფოთი, გაურკვევლობა, არასტაბილურობის განცდა, თავს არ გაცოდებთ, ფაქტად ვყვები მხოლოდ. ამ რუტინულ, სევდიან, ერთი შეხედვით რთულ და გაუსაძლის ყოფას, აქვს მეორე მხარე… რა კანონზომიერებითაც, რა საზომითაც, რა შინაარსითაც არ უნდა შევაფასო და გავაანალიზო,ზუსტად ვიცი ერთი რამ – ჩემი ცხოვრების არც ერთ დღეს არ გავცვლიდი არაფერში; არ არსებობს მოცემულობა და ადგილი, რომელშიც უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, ვიდრე ახლა ვარ. რატომ?! თქვენ გადაწყვიტეთ…

2025 წლის ივლისია, ჩვენს ქვეყანას ივანიშვილის ბანდიტური დაჯგუფება მართავს, სრული სვლით მივექანებით რუსული ორბიტისკენ, ადამიანები ციხეში ჩასვეს. უკვე ვადებსაც უსაზღვრავენ… 4 წელი, 8 თვე… ერთი წელი.. ცხოვრება დღითი დღე გაუსაძლისი ხდება…

ჰოდა, ამ დროს რა შემიძლია მე ერთ მოქალაქეს?! თანამოქალაქეებს რეალური ფაქტები გავაცნო, რათა უფრო მარტივი გახდეს ივანიშვილის რეჟიმის ლუსტრაცია, გამოვხატო წინააღმდეგობა ყველგან და ყველა ფორმით… ვიპოვო მოკავშირეები… უსაზღვრო ძალაუფლების მქონე ბანდიტურ დაჯგუფებას ვებრძვით, 230 დღეზე მეტი გავიდა… მანამდე კიდევ ბევრი ბრძოლა იყო, თითქმის ყველგან გაიმარჯვეს!..

თქვენთან რა ხდება ქოცებო?! მიუხედავად იმისა, რომ გეგონათ უზომო და უსაზღვრო ძალაუფლება გქონდათ, ცა ქუდად რომ არ მიგაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, ეგეც ხომ გახსოვთ?! ზოგიერთი ისევ ისე ხართ, მაგრამ როდემდე?! :))) თქვენს თავს რა უქენით?! რა უქენით თქვენ წარსულს, აწმყოს და მომავალს?! თქვენს შვილებს, თქვენს ქალაქს, თქვენს ქვეყანას?!

იცით როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? – ვერ ხვდებით: ეს ბანდიტური სინდიკატი, რომც დარჩეს ამ ქვეყანაში, თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. არავის არაფერში სჭირდებით… თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი სრულად ივანიშვილის საკუთრებაა და ჩალის ფასიც აღარ აქვს! რაც წლების განმავლობაში გიკეთებიათ, გიშენებიათ, გიშრომიათ, გიწვალიათ, შეგიქმნიათ… ყველაფერი, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა – ერთ დღეს დაგაჯილდოებთ (თუმცა ჯილდოების ხანა, მგონი, უკვე დასრულდა), მეორე დღეს დაგტუქსავთ, მესამე დღეს თქვენს ცხოვრებას გააქრობს… ისე გააქრობს, რომ შეწინააღმდეგებასაც ვერ გაბედავთ… ვერც ვინმეს მოუხმობთ საშველად;

თუ გაგიმართლათ, შესაძლოა ფიზიკური საფრთხე არ დაგემუქროთ, ეგეც გააჩნია, რამდენად კარგად და ოსტატურად იმლიქვნელებთ ან/და აბსურდულ შეთქმულების თეორიებს მოჰყვებით იმათზე, ვინც ბიძინას სძულს… მადლობა აუცილებლად უნდა უთხრათ, საჯაროდა და კერძო საუბრებშიც. მხოლოდ მეუღლეს თუ გაანდობთ თქვენს ზიზღს, შიშს თუ სხვა ემოციას…  შესაძლოა მასთან საუბარშიც არ იყოთ მარტო…

შესაძლოა უფრო დაბალ ქოცურ ფენაში შეინარჩუნოთ ადგილი; თქვენს ადგილს კი, სხვა თქვენნაირი, თქვენი “გუნდის” შედარებით ახალი წევრი დაიკავებს… ისეთი რაღაცები მოხდება თქვენს ცხოვრებაში, კრიმინალურ ფილმში რომ არ გინახავთ.

თუ ფიქრობ, მე ეგ ამბავი არ დამემართება, საიდან მოგაქვს ეს ბოდვაო, რას გირჩევ იცი?! 2012 წლიდან მოყოლებული ბიძინას გარემოცვაში და/თუ მსახურებაში მყოფი ადამიანები გაიხსენე, გვარები და სახელები… გახსოვს?! რაღაც ნაწილმა, ადრიანად “გამოასწრო”, რაღაც ნაწილმა ცოტა გვიან სცადა და მათ განსაკუთრებით ებრძვიან, განსაკუთრებული სისასტიკითა და სიშლეგით;

თქვენს “თანაგუნდელებს” ცხოვრება რომ თავზე ჩამოექცათ, გაიგეთ?! ადრე, დიდების ოლიმპოზე მყოფებს, მათივე ქვეშევრდომები გამარჯობას რომ ვერ ეუბნებით, მილოცვა-მოკითხვებს რომ თავი დავანებოთ.

მაგრამ, ეგ სამყარო თქვენი სამყაროა, თქვენივე ნაშენები და თქვენს ბეჭებზე შემდგარი… რეალურ სამყაროში, ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის მტერია ყველანაირი ლოგიკით და თქვენ ამ მტრის არათუ მოკავშირე, მისი ხუშტურების, სურვილების, ფობიების თუ ბიზნეს ინტერესების უსიტყვო შემსრულებლები ხართ.

როგორც არ უნდა დასრულდეს ეს რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, ყველას ყოველთვის ეცოდინება, რომ თქვენ ამ ბანდიტური დაჯგუფების მსახურები ხართ და ეს თქვენ თვითონ აირჩიეთ! თქვენ უკვე გააკეთეთ არჩევანი. გზა უკან აღარ გაქვთ!

ჰოდა, ქოცებო (საუკეთესო სახელი დაგარქვათ ქართულმა საზოგადოებამ), ბრძოლა ბოლომდე!

___

რას წერს „ვაშინგტონ პოსტი“ ნიუსლეთერში მზია ამაღლობელზე – „მისი საქმე იქცა სიმბოლოდ“

„ვაშინგტონ პოსტის“ პრესის თავისუფლების ინიციატივების დირექტორმა, ჯეისონ რეზაიანმა გამოცემის „ნიუსლეთერში“ გამოაქვეყნა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შესახებ ინტერვიუ. 14 ივლისის პროცესს ბათუმში ესწრებოდა კილან გალაჰერი, რომელიც მზია ამაღლობელის სამართლებრივი გუნდის წევრია და ასევე ნობელის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტის, მარია რესას ადვოკატი. ჯეისონ რეზაიანი, რომელიც „ვაშინგტონ პოსტის“ ავტორი და თავადაც ყოფილი პოლიტპატიმარია, სწორედ კილან გალაჰერს ესაუბრა. 

„ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულ თარგმანს. 

ავტორი: ჯეისონ რეზაიანი, „ვაშინგტონ პოსტის“ პრესის თავისუფლების ინიციატივების დირექტორი

______________________

პროტესტის ხმა ძლიერად ისმოდა ბათუმში, საქართველოში, სასამართლოს იმ შენობასთან, სადაც ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა ორშაბათს ჩვენება მისცა.

„ისინი ქუჩაში იდგნენ და მზიას მხარდამჭერ გზავნილებს სკანდირებდნენ – სურდათ, რომ ეს მასაც გაეგო“, – ამბობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ადვოკატი კილან გალაჰერი, რომელიც მზია ამაღლობელის სამართლებრივი გუნდის წევრია. გალაჰერი ასევე იცავს ნობელის ლაურეატ მარია რესას, ჰონკონგში დაპატიმრებულ გამომცემელს ჯიმი ლაის და მოკლული მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას ოჯახს.

პროტესტის გზავნილების ნაწილი კრიტიკული იყოს მოსამართლის მიმართ, რომელმაც დღის ბოლოს სხდომა უფრო პატარა დარბაზში გადაიტანა, აქციის ხმაურისგან შორს.

გალაჰერისთვის, ლონდონში მცხოვრები ადვოკატისთვის პროტესტი მოწმობს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს მზია ამაღლობელს, რომელიც იანვრის შემდეგ პატიმრობაშია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

იანვარში, შავიზღვისპირა ქალაქ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ცნობილმა ჟურნალისტმა სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს, რომელმაც ის შეურაცხყო და ემუქრებოდა.

საქართველოში პოლიციელზე თავდასხმა მძიმე ბრალდებაა და სულ მცირე ოთხწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამაღლობელის სამართლებრივი დაცვის გუნდი ამბობს, რომ სილა არ შეიძლება გახდეს ასეთი მკაცრი მუხლით დევნის საფუძველი. პრესის თავისუფლების ორგანიზაციებიც აცხადებენ, რომ ბრალდება ჩადენილი ქმედების არაპროპორციულია და ერთგვარი შურისძიებაა ამაღლობელის საქმიანობის გამო, საქართველოში კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მხილებისთვის.

ამაღლობელი, რომელიც ონლაინ გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია, პირველი ქალი ჟურნალისტია საქართველოში, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც კავკასიის ამ ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

მისი საქმე იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ როგორ უარესდება პრესის თავისუფლება საქართველოში, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უფრო და უფრო მეტად უახლოვდება მოსკოვს და იღებს უცხოური აგენტების კანონს, რომელიც მიზანში იღებს უცხოური დაფინანსებით მომუშავე მედია ორგანიზაციებს.

ჩვენ გალაჰერს ორშაბათის სასამართლო სხდომის შემდეგ ვესაუბრეთ.

  • რატომაა ეს საქმე ასე მნიშვნელოვანი საქართველოში მედიის თავისუფლებისთვის?

მნიშვნელოვანია თვითონ მზიას პიროვნების გამო. მზია ძალიან პატივსაცემი პროფესიონალია, ორი მედიაორგანიზაციის დამფუძნებელი და ვეტერანი ჟურნალისტი. ის ორი ათეული წლის განმავლობაში გამოირჩეოდა იმით, რომ ძალაუფლებაში მყოფთ ღიად ეუბნებოდა სიმართლეს. სწორედ ამიტომაც, მისი ასეთი ფორმით მიზანში ამოღებამ მთელ საქართველოში მღელვარება გამოიწვია.

ეს არის საქმე, რომელიც თავიდანვე შექმნილია სამაგალითოდ, იმისთვის, რომ შეაშინოს და დააფრთხოს ყველა, ვინც საქართველოში ჟურნალისტობას ან აქტივისტობას მოინდომებს.

და მეორეც, ეს საქმე მნიშვნელოვანია, რადგან ის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. რასაც ჩვენს ახლა ვხედავთ საქართველოში, არის უზომოდ არაპროპორციული და დრაკონული სამართლებრივი პროცესები, გამამტყუნებელი განაჩენები და სასჯელები ისეთ ქმედებებზე, რომლებიც რეალურად მშვიდობიანი პროტესტია.

გასული შემოდგომის შემდეგ ვაკვირდებით მსგავს დრაკონულ ბრალდებებს ადამიანების მიმართ, რომლებიც უბრალოდ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ხელისუფლებას. მზიას საქმეც ამ ტენდენციის ნაწილია.

  • როგორ ეპყრობიან მას საპატიმროში?

სამწუხაროდ, მისი მხედველობა ძალიან სწრაფად უარესდება. არსებობს საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც დაკავებულს უნდა შეეძლოს მიიღოს ისეთი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, როგორიც თავისუფალ გარემოში ექნებოდა. სერიოზულად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეს პრინციპი არ სრულდება, მხედველობის მკვეთრი გაუარესება ამის აშკარა მაჩვენებელია.

ასევე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მზია გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიმშილობდა პროტესტის ნიშნად. ის ძალიან გამხდარია და სრულიად განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე შვიდი, რვა თვის წინ გადაღებულ ფოტოებში.

  • როგორ პასუხობს ხალხი საქართველოში მზიას დაკავებას?

მისი დაკავება ბევრმა დამოუკიდებელი მედიისთვის გამაფრთხილებელ გასროლად შეაფასა. ეს სიმბოლური საქმეა, რომელიც ასახავს, როგორ ირღვევა საქართველოში მედიის თავისუფლება, განსაკუთრებით კი „აგენტების კანონის“ ფონზე.

მზიას წარმოაჩენენ (მმართველი პარტია), როგორც უცხო ქვეყნის აგენტს, მაშინ როდესაც სინამდვილეში ის ძალიან ამაყი ქართველია. როცა ბათუმში სეირნობ, კედლებზე აუცილებლად შეგხვდება გრაფიტი – „თავისუფლება მზიას!“.

ეს საქმე ბევრ ადამიანს აღელვებს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მზიამ დააარსა ორი მნიშვნელოვანი მედია პლატფორმა – „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. მის საქმეს იცნობენ და ის ადგილობრივებისთვის მართლაც ბევრს ნიშნავს. საქართველო ძალიან სწრაფად ემსგავსება რუსეთს, მაგრამ აქ სერიოზული წინააღმდეგობაც არსებობს.

  • რა მოხდა ორშაბათს სასამართლოში?

არაერთი სასამართლო სხდომა გაიმართა უკვე, თუმცა მზიამ პირველად მისცა ჩვენება.

საქართველოში მხოლოდ ერთი ქალთა სპეციალური პენიტენციური დაწესებულებაა, ამიტომ იმისთვის, რომ ბათუმში სხდომას დაესწროს, მას დაახლოებით ექვსი საათი მგზავრობა უწევს ციხის მინივენით. სხდომა, როგორც წესი, პირველ საათზე იწყება და 6-ზე სრულდება. დასრულების შემდეგ, მას კვლავ 6 საათი სჭირდება უკან დასაბრუნებლად. წარმოიდგინეთ, რამდენად დამღლელია ეს ყველაფერი – ეს არის 18-საათიანი დღე და წარმოუდგენლად მძიმეა.

მე დღეს ვუყურებდი მტკიცე, პრინციპულ და ძლიერ ადამიანს, რომელიც მკაფიოდ და შთამბეჭდავად აღწერდა, რამდენად აბსურდულია ეს მთელი პროცესი. მან სიტყვით გამოსვლა საკუთარი საქმიანობის აღწერით დაიწყო – რატომ არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგება მათ, ვინც ძალაუფლებას ბოროტად და უსამართლოდ იყენებს.

ამ პროცესზე ასევე ძალიან ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი საელჩოები – ნორვეგია, დანია, ესტონეთი, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, შვედეთი, ევროკავშირი. როდესაც სასამართლო პროცესზე შევდიოდი, ხალხში, არაერთ ადამიანს ეჭირა ხელში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, მარია რესას წიგნის „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“, ქართულენოვანი გამოცემა.

სასამართლოს დარბაზში, ჩემგან რამდენიმე რიგის მოშორებით მჯდომ ქალს მთელის სხდომის განმავლობაში წიგნი მაღლა ჰქონდა აწეული. ეს ბევრს ამბობს.

_____________

ფოტოზე: კილან გალაჰერი ბათუმში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე. ფოტო: „ბათუმელები“

რა ელით ქართველ მეზღვაურებს, თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება

„ევროპაში ვიზით წახვალ თუ უვიზოდ, არ არის ეგზისტენციალური საკითხი“ – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 ივლისს.

ირაკლი  კობახიძის განცხადებას საზღვაო სფერო წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და არგუმენტები მოიყვანეს, თუ რამდენად გაართულებს მათ დასაქმებას უვიზო რეჟიმის გაუქმება.

ქართველ მეზღვაურთა თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დრამატულად აისახება, სწორედ საზღვაო სფეროა. მეზღვაურები ღიად ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მათ მინიმუმ ერთი ათწლეულით დახევთ უკან, ამასთან გაუარესდება, გართულდება გემებზე დასაქმება.

საქართველოში დაახლოებით 20 ათასი მეზღვაურია. უვიზო მიმოსვლის სიკეთით მათი უმრავლესობა სარგებლობს.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ქართულ პასპორტს ერთ-ერთ ძლიერ პასპორტად აქცევს და ქართველ მეზღვაურებს სხვა ქვეყნის მოქალაქე მეზღვაურებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

„საქართველოს მეზღვაურთა გაერთიანებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ რეალურად სწორედ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე

„იქნებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აუხსნას მთავრობის მეთაურს, რომ რაც უვიზო მიმოსვლა დავიწყეთ ევროპაში, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე. დასაქმდა უფრო მეტი მეზღვაური და უფრო ხელსაყრელი პირობებით.

ქართველ მეზღვაურებს თუ შენგენი დასჭირდა, ისევ ფილიპინელები და ინდოელები ჩაგვანაცვლებენ. გაქრება ის პრიორიტეტი რაც გვქონდა, სხვა ქვეყნის მეზღვაურებთან შედარებით.

ყველამ კარგად იცის, რომ დღეს საზღვაო კომპანიები ყველა შაურს ითვლიან რაც მეზღვაურის გემზე აყვანას და დასაქმებას უკავშირდება. კომპანიები კონკურენციის დროს იმ მეზღვაურს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც უფრო ნაკლებ ხარჯს მოითხოვს.

ამიტომ ქართველ მეზღვაურებს უარს ეტყვიან ხშირად, ან აიძულებენ დაბალ ხელფასზე დათანხმდენ მუშაობას, როგორც ფილიპინელები და ინდოელები თანხმდებიან. უბრალოდ  ტეხავს რა როცა ჩვენი ქვეყანა ისევ მეორე მეორე ქვეყნების სიაში მოხვდება დამსაქმებლების თვალში.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეგრე არ მოხდება, მაგრამ დღეს პრემიერმა ისე თქვა – „მაგით არავის არაფერი დიდად არ დააკლდებაო“, მგონი მეზღვაურები დავავიწყდით. ჩვენ ნამდვილად დაგვეტყობა ეგ ცვლილებები, მითუმეტეს რეიტინგებს,“ – ნათქვამია „საქართველოს მეზღვაურთა გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის გემზე დასაქმებულ  მეზღვაურს. სულო ჩებინოვი ამბობს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება, მთლიანად დარგს დაარტყამს.

„ჩემი დაკვირვებით, წლიდან წლამდე ქართველ მეზღვაურებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. მოთხოვნა ისედაც რამდენიმე ფაქტორის გამო არსებობს, პროფესიონალიზმი, ენების ცოდნა, პასუხისმგებლობა, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც დღეს გვაქვს, არის შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა.

ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობის გამარტივება. ეს საშუალებას მაძლევს, რომ როგორც მეზღვაური, დავსაქმდე იმ გემებზე, რომლებიც ოპერირებენ ევროპულ პორტებში ხშირად ისე, რომ არც კომპანია და არც გემი არ აწყდება ბიუროკრატიულ სირთულეებს.

მე თავად ვმუშაობ გერმანულ გემთმფლობელ კომპანიაში, სადაც პრიორიტეტულ კადრად იმ შემთხვევაში ითვლები როცა ისეთი ქვეყნიდან ხარ, რომელსაც შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი აქვს ან გამარტივებული პროცედურებით სარგებლობს,“ – ამბობს სულო ჩებინოვი „ბათუმელებთან“ საუბრისას.

სულო ჩებინოვი

მეზღვაურის თქმით, უვიზო რეჟიმის არსებობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  მაშინ, როცა ხდება ე.წ. „early joining“, ანუ კომპანია მეზღვაურს სთხოვს გემზე ასვლას კონტრაქტით დათქმულ ვადაზე ადრე.

„ასეთ შემთხვევებში დრო გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს, შენგენის ვიზის მიღებას კი მინიმუმ 15 დღე მაინც სჭირდება და უამრავი დოკუმენტის შეგროვებაა საჭირო.

ვიზალიბერალიზაცია პირდაპირ მაძლევს შესაძლებლობას, ასეთი შანსები გამოვიყენო, დროულად ავიდე გემზე, დავიწყო კონტრაქტი და არც კომპანია დავაყოვნო და არც ჩემი კარიერა დავაზიანო.

საკუთარი მაგალითითაც დავადასტურებ: ექვსთვიანი კონტრაქტის შემდეგ გემი შევიდა გერმანიის პორტში და უვიზო მიმოსვლის წყალობით ჩემი ჩანაცვლება უპრობლემოდ მოხდა, სწრაფად და მარტივად. ჩემ გვერდით კი იყვნენ სხვა ქვეყნის მეზღვაურები მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან, და რუსეთიდან, რომლებსაც შენგენის ვიზა არ ჰქონდათ. მათი ჩანაცვლება ვერ მოხდა და იძულებული გახდნენ, დარჩენილიყვნენ გემზე კონტრაქტის დასრულების შემდეგაც. ზოგჯერ ასეთ შემთხვევებში მეზღვაურები თვეების განმავლობაში ელიან სხვა ქვეყანას, რომლიდანაც შეძლებენ სახლში დაბრუნებას.

აქ ჩანს, რატომ არის ასეთი ღირებული ჩვენი პასპორტი ამ ეტაპზე. როცა გემთმფლობელი ირჩევს, რომელ ქვეყნიდან აიყვანოს მეზღვაური, უყურებს არა მხოლოდ გამოცდილებას, არამედ იმასაც, ვინ ქმნის ნაკლებ სირთულეს მისთვის.

ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ვიზა ლიბერალიზაცია ჩემი პროფესიის სტაბილურობის ნაწილია. თუ ეს ბერკეტი დაგვეკარგა, ეს პირდაპირ იმოქმედებს ჩვენზე, როგორც მეზღვაურებზე და როგორც ქვეყანაზე, რომელსაც ეს სექტორი განსაკუთრებულად სჭირდება,“ – ამბობს სულო ჩებინოვი.

———————-

ვიზალიბერალიზაციის 2024 წლის დეკემბრის ანგარიშის შესაბამისად, ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს 8 რეკომენდაციის შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, დაიწყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი.

რეკომენდაციები ითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლების დაცვასა და დისკრიმინაციის აკრძალვას. ასევე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“  შესახებ კანონის გაუქმებას, სავიზო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობას და სხვა.

ამავე თემაზე:

კობახიძე: ევროპაში ვიზით წახვალ თუ უვიზოდ, არ არის ეგზისტენციალური საკითხი

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ივლისის 21 საათიდან 21 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 ივლისს აჭარაში მოსალოდნელია ზოგან ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა.

„ქალის დამცირების მიზნით სოციალურ ქსელში ვებგვერდი შექმნა“ -პოლიციამ აჭარაში 1 პირი დააკავა

პოლიციამ აჭარაში ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, მუქარის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული ბრალდებული დაზარალებულ ქალს, სისტემატურად უთვალთვალებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიებით ,ასევე, დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ქალის დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით, მისივე პერსონალური მონაცემების გამოყენებით სოციალურ ქსელში ვებ-გვერდები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოსდა დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა.

ბრალდებული ემუქრებოდა ქალის ოჯახის წევრსაც.

პოლიციამ რ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა.“ – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით, 157-ე მუხლითა და 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 041 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
  • ტანკი – 11 035 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 021 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 30 583 ერთეული [+52]
  • MLRS – 1 443 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 198 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 46 982 ერთეული [+270]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 515 ერთეული [+23]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 55 727 ერთეული [+121]
  • სპეცტექნიკა – 3 932 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 664 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 70 702 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 619 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 249 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 576 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 38 402 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პოლიციელმა ბათუმში ცოლს თავში ჩაარტყა, ის არ დააკავეს – მზია ამაღლობელს 7 წლამდე სჯიან?

დაცვის პოლიციელმა ბათუმში ცოლს თავში მუშტი ჩაარტყა, თმა მოქაჩა და მარჯვენა ყური დაუზიანა, მაგრამ იგი ციხეში არ გაუშვიათ. მას სასამართლომ მხოლოდ ერთი წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

საქმე, რომელზეც გიყვებით, ბათუმში 2023 წელს მოხდა. ამ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2025 წელს მიიღო.

განჩინების მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაცვის უმცროსმა ინსპექტორმა, ნუგზარ სამნიძემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალზე ფიზიკურად იძალადა:

„კერძოდ, თავისა და მარჯვენა მკლავის არეში ჩაარტყა მუშტი, მოქაჩა თმა, მარჯვენა ყურზე ძლიერად ჩამოქაჩა საყურე და დაუზიანა ყური, ასევე – ფრჩხილებით დაუკაწრა სახე. ნუგზარ სამნიძის ფიზიკური ძალადობის შედეგად, ნ.ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი…“ – აღნიშნული იყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

პოლიციელმა ქალზე ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გაჩერებულ ავტომანქანაში იძალადა, თანაც „გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით…“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი პროკურორ აკაკი მოქერიას გაუსაჩივრებია ამ მოტივით:

„….საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ნათლად გამოკვეთს ქალის მიმართ ნუგზარ სამნიძის მესკუთრულ დამოკიდებულებას. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ნუგზარ სამნიძე ეჭვიანობის გამო უკრძალავდა მუშაობას, ეუბნებოდა, რომ სამსახური არ სჭირდებოდა, ქალი უნდა ყოფილიყო სახლში. მსჯავრდებულს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, უპირველესად, თავად ევალებოდა კანონის პატივისცემა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და სხეულის სხვადასხვა არეებში მიაყენა დაზიანებები.“

პოლიციელს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დროც: ცოლის ცემაში ბრალდებული პოლიციელი მხოლოდ 2 დღე დარჩენილა იზოლატორში, ვიდრე იგი აღკვეთი ღონისძიების ეტაპიდან არ გაათავისუფლეს.

ამ საქმეზე ზემდგომ ინსტანციებში არაფერი შეცვლილა.

„უარი რუსულ სპეცოპერაციას!“ – დღეს თბილისში აქციას ბათუმიდანაც შეუერთდებიან

„ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს, უარი რუსულ სპეცოპერაციას“, –  დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა იგეგმება. ბათუმელი აქტივისტების ნაწილი ამ აქციას შეუერთდება, მათგან უმეტესობა უკვე დედაქალაქშია.

პარტია „ახლის“ წევრის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, უკვე თბილისში იმყოფება ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის ყველა წევრი მათი პარტიიდან.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორებმა მიმართვაც გაავრცელეს:

„ვადასტურებთ უპრეცედენტოდ მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა.

მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას.

„ქართული ოცნება” ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბრუნებს.

ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს.

ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეც; სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას.

ამ მიზნით, 19 ივლისს, გავმართავთ საპროტესტო აქციას და მოსვლას გთხოვთ ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის.

ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს! ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიდგეთ მტკიცედ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად!“ – ვკითხულობთ მარშის აღწერაში.

„ოცნების“ ყულაბა კვლავაც აჭარიდან ივსება – მეორე ნაწილი

2025 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისამდე, 6 თვეში, „ოცნების“ ანგარიშზე ბიზნესმენებმა 7 მილიონამდე ლარი ჩარიცხეს. მათგან ბევრი აჭარიდან არის, ან ბათუმში აქვს ბიზნესი. ვინ არიან და რას საქმიანობენ მმართველი პარტიის მხარდამჭერები და რამდენად უპირობოა ეს მხარდაჭერა, ამაზე რამდენიმე კვირის წინაც დავწერეთ. ამჯერად გიყვებით იმ შემწირველებზე, რომლებიც წინა სტატიაში ვერ მოხვდნენ.

„ოცნების“ ყულაბა ისევ აჭარიდან ივსება – ვინ არიან შემწირველები?

2025 წლის აპრილში ვლადიმერ და ბექა გასიტაშვილებმა „ქართულ ოცნებას“  110 000 ლარი შესწირეს. ისინი რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მფლობელები ან თანამფლობელები არიან, მათ შორის ერთ-ერთი, შპს „ტემპო ჰოლდინგი“,  ბათუმში ადლიის დასახლებაში მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. ბათუმის მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით ამ პროექტის განაშენიანების გეგმა 2023 წელს დაამტკიცა.

პროექტის რენდერი

შპს „ტემპო ჰოლდინგის“ წილებს ხუთი თანამესაკუთრე ინაწილებს, მათ შორის არის გიორგი დავითაძე, ისიც „ოცნების“ შემწირველია, 2025 წლის 25 აპრილს მან ოცნებას 50 000 ლარი შესწირა, კომპანიაში ის 26.26 პროცენტს ფლობს.

„ტემფო ჰოლდინგში“ ბექა გასიტაშვილი 9,9 პროცენტი, ვლადიმერ გასიტაშვილს კი 19,19 პროცენტი ეკუთვნის. მან „ოცნებას“ გასული წლის სექტემბერშიც შესწირა 50 000 ლარი.

შპს „ტემპო ჰოლდინგის“ 26 პროცენტის მფლობელია თორნიკე ფაღავა, ისიც „ოცნების“ შემწირველია. 2025 წლის 25 აპრილს მან მმართველი პარტიის ანგარიშზე 50 000 ლარი შეიტანა. თორნიკე ფაღავა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში 103-ე ნომრად ჩაწერეს, თუმცა ის პარლამენტში ვერ შევიდა, კომპანიის 20 პროცენტს კი ბონდო კონცელიძე ფლობს.

საჯარო რეესტრის მონაცმებით, ბექა გასიტაშვილი ფლობს ასევე შპს „ცენტრალს“, შპს „იჰოტელსფეისი“, შპს „ტემპო აა“ – ს 11 პროცენტს.

2025 წლის 26 ივნისს „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა ვადიმ კოროლევმა, ის 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა საკრუინგო კომპანია „ქვინსვეი სერვისიზს“. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანია საბერძნეთში დაფუძნებულ „კონსტანტინოს ტერზის“- ს ეკუთვნის.

27 ივნისს ჯემალ ჩურუკბამ „ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა, ის შპს „პრემიუმ პლაზას“ 100 პროცენტის მფლობელია. რეესტრის მონაცემებით, ჯემალ ჩურუკბა ფლობს ასევე შპს „არედოს“ , შპს „თი ეს ჯორჯია“-ს და შპს „ეიმ  & პრემიუმ ჯგუფის“ წილებს, ის არის კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელი ან თანამფლობელი.

ლაშა წულუკიძე შპს „ჩაქვი ინვესტ გრუპ“-ის 30 პროცენტის მფლობელია. 2025 წლის 23 ივნისს მან „ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა. მმართველ პარტიას ფინანსურად ის პირველად დაეხმარა. ის შპს „გაზის სახლის“ და შპს „პროექტსერვისის“ დამფუძნებელი და 100 პროცენტის მფლობელია. ის ფლობს „ლბ ჯგუფის“ 50 პროცენტს, არის  შპს „ნიუნეტის“ თანამესაკუთრე. ფლობს შპს „აჯარათრეველის“ 25 პროცენტს.

სერგო სურმანიძემ „ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა, ის შპს „გ და მ ლოჯისტიკის“ თანამესაკუთრეა.

20 ივნისს როლანდ დევაძემ „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა. რეესტრის მონაცემებით, ის 2016 წელს დაფუძნებული კომპანიის შპს „მეგა მორ სერვის“-ის დირექტორად ფიქსირდება. ეს მისი პირველი ფინანსური შეწირულობაა.

„ოცნებას“ 45 000 ლარი შესწირა თეიმურაზ სურმანიძემ. ის ფლობს შპს „Poti Ferry Agancy“-ის 50 პროცენტს. ის არის „საზღვაო სააგენტოებისა და ბროკერების ასოციაციის“ მმართველობის ორგანოს წევრი, შპს „სითი ბილდერის“ თანამესაკუთრე, შპს „მოკონზი“, „შიფინგ ენდ ფორვარდინგ ეიჯენსი“-ის 50 პროცენტის მფლობელი. ის ფლობს ასევე შპს „ეკოსტიმ“-ის 100 პროცენტს. მან „ოცნებას“ პირველად შესწირა.

„ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა ვლადიმერ შელიამ – ის შპს „საზღვაო საკრუინგოს“ დირექტორი და 26 პროცენტის მფლობელია. ის არის ასევე შპს „საოკეანო საკრუინგო კომპანიის“ ხელმძღვანელი, რომელსაც მარშალის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია ფლობს.

ვლადიმერ შელია არის ასევე შპს „ქოლუმბია შიფმენეჯმენტთის“ დირექტორი, ამ კომპანიას კვიპროსზე დაფუძნებული კომპანია ფლობს. 50 000 ლარი ვლადიმერ შელიამ „ოცნებას“ 2021 წელსაც შესწირა.

18 ივნისს გრიგოლ ჩახვაძემ „ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა, ის შპს „მედ ემერჯენსის“ 7 პროცენტის მფლობელია.

გოჩა ჯორბენაძემ „ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა, ის შპს „ასტრო ლაუნჯის“ 100 პროცენტის მფლობელია. შპს „ჯეო ლოჯისტიკ“ – ის დირექტორმა როინ მიქელაძემ „ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა. ის ფლობს ასვე შპს docker’s power – ის 100 პროცენტს. მისმა პარტნიორმა გიორგი მოწყობიმა კი მმართველ პარტიას 50 000 ლარი ჩაურიცხა.

გიორგი მოწყობილი არის ასევე შპს „ბეგინ ენერჯის“  დირექტორი, ამ კომპანიის 100 პროცენტს გიბრალტარში დაფუძნებული კომპანია ფლობს. ის არის ასვე შპს „ჯეო ტრეიდინგის“ თანამესაკუთრე და დირექტორი.

____

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 040 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
  • ტანკი – 11 032 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 012 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 30 531ერთეული [+46]
  • MLRS – 1 442 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 198 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 46 712ერთეული [+163]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 492 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 55 606 ერთეული [+112]
  • სპეცტექნიკა – 3 932 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 664 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 70 702 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 619 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 249 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 576 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 38 402 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

თუ ასეთი უშიშარია რუსეთი, ამერიკის არ ეშინია, ახლა რატომ არ ურტყამს კიევს? – ინტერვიუ 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციამ ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა.

დღეს, 18 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბათუმში, ბულვარში, კაფეში კაცი ჩაცხრილეს.

ვიდეოკადრების მიხედვით, კაცს ზურგის არეში 5 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის ორი მოქალაქე: 2003 წელს დაბადებული ა.ე. და 1998 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

ა.ე.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება. ხოლო მ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ა.ე.-მ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 1976 წელს დაბადებულ ჰ.თ.-ს თურქეთში, დანაშაულებრივ მხარეებს შორის დაწყებული შესაძლო დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ე.-ს თანხმლები მ.ჯ., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს.

რატომ იბრალებს მზია ამაღლობელის დაკავებას ცრუმოწმე ბჟალავა და ვინ დააკავა ის რეალურად

ვინ დააკავა მზია ამაღლობელი? – პატიმრობაში ყოფნიდან 6 თვის თავზეც კი ამ კითხვაზე არც სასამართლოს და არც პროკურატურას პასუხი არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება, გამოძიებამ დამალა იმ მეორე პოლიციელის ვინაობა, ვინც 12 იანვრის ღამეს მზია ამაღლობელი რეალურად დააკავა.

მოწმე პოლიციელებმა, რომლებმაც სასამართლოზე ჩვენება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მისცეს, თქვეს, რომ 12 იანვრის ღამეს, სისხლის სამართლის წესით მზია ამაღლობელი ორმა პოლიციელმა, ბერდია ფერაძემ და გიორგი ბჟალავამ დააკავა.

იმავეს ამტკიცებს გიორგი ბჟალავა, რომ ბერდია ფერაძესთან ერთად სწორედ მან დააკავა მზია ამაღლობელი.

ბჟალავა სასამართლოს წინაშე მოწმის სახით 7 აპრილს წარსდგა.

პროცესზე, ფიცის ქვეშ, გიორგი ბჟალავამ თქვა, რომ ის არის მზია ამაღლობელის დამკავებელი.

„12 იანვარს აქციაზე ნიღაბი მეკეთა. აი, ეს ვარ მე (მიუთითა ნიღბიან პირზე ვიდეოში), შიგნითაც, როცა შევედი შენობაში, ნიღაბი მეკეთა,“ – თქვა გიორგი ბჟალავამ და შენობაში ნიღბით ყოფნა სიცივით ახსნა.

სქრინი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი კადრებიდან. წითელი ისრით მონიშნულია გიორგი ბჟალავა. მან სასამართლოზე მიუთითა, რომ ეს პირი, მწვანე ნიღბით და პოლიციის წარწერიანი კეპით თავად იყო.

კადრებში, რომელიც 12 იანვრის ღამესაა გადაღებული და მზია ამაღლობელის საქმეში პროკურატურის მიერ წარდგენილი ერთადერთი მტკიცებულებაა, ჩანს, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აკავებს, არ არის გიორგი ბჟალავა.

იმ დროს, როცა დაკავებული მზია ამაღლობელი ბერდია ფერაძეს და ერთ უცნობ პოლიციელს სამმართველოს ეზოს სიღრმეში მიჰყავთ, გიორგი ბჟალავა პოლიციის შესასვლელ ჭიშკართან დგას.

ისრით შესასვლელ ჭიშკართან მონიშნულია გიორგი ბჟალავა, ხოლო ეზოს სიღრმეში უცნობ პოლიციელს მიჰყავს დაკავებული მზია ამაღლობელი

ადვოკატების თქმით, ყველა იმ მოწმე პოლიციელმა, რომლებმაც თქვეს, რომ მზია ამაღლობელი გიორგი ბჟალავამ დააკავა, ცრუ ჩვენება მისცა.

ეს ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სხვა გარემოებების უტყუარობა, რაც ამ პოლიციელებმა სასამართლოს მზია ამაღლობელის საქმის ირგვლივ გაუზიარეს; ამასთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება.

14 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ სწორედ ის ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლია – დადასტურდა, რომ მზია ამაღლობელის დამკავებელი ორი პოლიციელიდან ერთი არ არის გიორგი ბჟალავა.

„სასამართლოს ვაჩვენეთ, რომ ის პოლიციელი, რომელმაც ვითომდა დააკავა მზია ამაღლობელი, სისხლის სამართლის წესით, გიორგი ბჟალავა, არის ცრუ მოწმე.

ასევე კადრებზე ვაჩვენეთ მოსამართლეს, რომ მზია ამაღლობელს აკავებს სხვა პოლიციელი, რომელიც გამოძიებამ არ გაამხილა ვინ არის. მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ რატომ დამალა გამოძიებამ პოლიციელის ვინაობა.

მარცხნივ გიორგი ბჟალავა, მარჯვნივ რეალური დამკავებელი. სქრინი 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავებისას გადაღებული ვიდეო კადრებიდან

იგივე პოლიციელი, როდესაც მას ერთი ხელით მიჰყავს მზია ამაღლობელი, მეორე ხელით ცდილობს შეაკავოს ირაკლი დგებუაძე, რომელიც უკან მიჰყვება დაკავებულ ქალს, აგინებს და ცდილობს ადგილზევე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ეს კარგად ჩანს ვიდეო კადრებში.

სავარაუდოდ, სწორედ, ამიტომ, ეს პოლიციელი საქმეში არ გამოაჩინეს, რადგან მას მოუწევდა ამ გარემოებაზე საუბარი. თუმცა ეს კადრები ვაჩვენეთ სასამართლოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“  მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ეს ის ცნობილი კადრებია, როცა ირაკლი დგებუაძე აგინებს მზია ამაღლობელს და იმუქრება, რომ „სისხლით დაიჭერს“.

ცნობისათვის, ირაკლი დგებუაძემ სასამართლოზე დაკითხვის დროს აღიარა, რომ ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, მას ეკუთვნის.

„სისხლით დავიჭერ“ - დგებუაძის მუქარა მზია ამაღლობელის მისამართით

„შესაბამისად, მხოლოდ ეს ვიდეოც უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, ეს ადამიანი როგორ მოიქცეოდა დახურულ სივრცეში. იქ სადაც არც კადრი იყო, არც კამერა და არც ჟურნალისტი.

ის კადრები [სამმართველოს შენობის ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები] მოგეხსენებათ გამოძიებამ არ გამოაჩინა. დამალა საზოგადოების თვალისა და ყურისგან, მათ შორის დაცვისგანაც. ჩვენ ვითხოვდით ამ კადრებს.

საბოლოოდ, მივიღეთ სურათი, რომ ბატონი დგებუაძის ერთი მოადგილე გოჩა ვანაძე არის ცრუ მოწმე, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე. ამ საქმეში გოჩა ვანაძე იძლევა ცრუ ჩვენებას, რომ თითქოს მან დააკავა მზია და საუბრობს გარემოებებზე, რომელ გარემოებაშიც მზია ამაღლობელი საერთოდ არ ყოფილა.

ხოლო სისხლის საქმეში ჩვენებას იძლევა ბატონი დგებუაძის მეორე მოადგილე გიორგი ბჟალავა, რომელიც ასევე ცრუობს, რომ მან დააკავა მზია ამაღლობელი,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

ვიდეო კადრების თანახმად მზია ამაღლობელი ამ ნიღბიანმა პირმა დააკავა და არა მწვანენიღბიანმა გიორგი ბჟალავამ. რატომ მალავს გამოძიება პოლიციელს, რომელმაც მზია ამაღლობელი დააკავა?

„თუ სიტყვის თავისუფლება შეწყდება, აზროვნება საიდან დაიბადება?“ – მასწავლებელი

გაეროს ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ახალგაზრდების უნარებსა და კომპეტენციებს იკვლევდა, ნათქვამია, რომ ქართველი მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში. „განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება“ – ვკითხულობთ კვლევის მთავარ მიგნებებში.

იგივე შეფასებას დებდნენ წლების წინ სხვა, საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციებიც. რა ახდენს გავლენას მოზარდებზე და რა გარემოებები უშლის ხელს მათში თავისუფალი აზროვნების განვითარებას? – „ბათუმელები“ ამ თემაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს, გიორგი ლიპარიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რატომ აქვთ საქართველოში მცხოვრებ მოზარდებს აზრის თავისუფლად გამოხატვის პრობლემა. ან რატომ ვერ ახერხებენ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, როგორც ეს წერია კვლევაში?

ის, რომ საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, ქართველ ბავშვებს რომ რამდენიმე სახის პრობლემა აქვთ და აქედან ერთ-ერთი კრიტიკული აზროვნების პრობლემაა, ბავშვების ბრალი საერთოდ არ არის. ჩვენ რასაც ვაჩვენებთ ბავშვებს, ისინი არიან ამის გავლენის ქვეშ მერე.

ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ბავშვი გვყავდეს, პირობითად, სასწავლო გარემოში, შენობაში და ყველა ფანჯარა დავუკეტოთ. ის აღმოჩნდება სიბნელეში და მისი განვითარების გზა, რა თქმა უნდა, შეიზღუდება.

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კანონების დონეზე კრძალავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ყველა გადაწყვეტილება ფაქტობრივად ადამიანის თავისუფალი აზროვნების წინააღმდეგ არის მიმართული. თქვენ თუ ხედავთ ამ ფაქტებს შორის ურთიერთ კავშირს, ასეთ რეალობაში შეძლებს კი ქვეყანა გააუმჯობესოს ბავშვებში კრიტიკული აზროვნება?

როცა გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, იზღუდება ბავშვისთვის განვითარებაც. და როცა ბავშვი ხედავს ამდენ ძალადობას, ამდენ ტყუილს, ამდენ უსამართლობას, ეს ილექება მასში.

თუ სიტყვის თავისუფლება არ იქნება, აზროვნება საიდან დაიბადება?!

კრიტიკული აზროვნება იბადება ფიქრისგან, სხვადასხვა წყაროსგან, განსხვავებული აზრებისგან და თუ ამ ყველაფერს ჩავახშობთ, ბავშვის განვითარებასაც ჩავახშობთ, ხომ?!

კრიტიკული აზროვნება ხელს უწყობს, რომ ბავშვი სწორად განვითარდეს, სწორი აღქმა და სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს და არ დაიჯეროს, რომ შავი თეთრია. სიბნელეს არ მიეჩვიოს.

მერე შეგუება ხდება ამის, რომ – „ასე უნდა იყოს“.

  • თვითცენზურას უნერგავს სისტემა ბავშვს?

თვითცენზურაც არ გამოდის, რადგან ბავშვი ჭყინტია, ახალია, ჩამოყალიბების პროცესი უფრო ნაზია და როცა დიდ ადამიანებს თავზე ვახვევთ ტყუილს, ბავშვიც ხომ ტყუვდება.

ახლა ბავშვის გაფრთხილება არსად არ ჩანს. იმიტომ, რომ ბავშვები არ ახსოვთ ამ ქვეყანაში, ბავშვები არ არიან ამომრჩევლები და შესაბამისად, არ არიან საინტერესოები მთავრობებისთვის, სამწუხაროდ.

როცა პირიქით უნდა იყოს, თუკი გვინდა კრიტიკული აზროვნების განვითარება ბავშვებში.

კვლევაში ისიც წერია, რომ მენტალური პრობლემები აქვთ ბავშვებსო და ამ მენტალურ პრობლემებს იწვევს გაუთავებელი ძალადობა, მშობლის უკანონოდ დაპატიმრება, არაფრისგან გამოწვეული შიშები და გზების ჩაკეტვა.

ევროპის ჩაკეტვა უნდათ ახლა, ხომ?! მაშინ როცა ევროპა იყო განათლების ერთ-ერთი კერა ქვეყანაში და პირველი ქართული წიგნიც ხომ ევროპაში დაიბეჭდა. ამიტომ ეს მრავალწახნაგოვანი პრობლემაა და არ არის მხოლოდ ის, რომ ბავშვს კრიტიკული აზროვნება ჩაუქრა და მერე რა.

ზოგს ჰგონია, რომ კრიტიკა ნიშნავს ცუდის თქმას მხოლოდ. კრიტიკა ნიშნავს, რომ იაზროვნო, ანალიზის უნარი გქონდეს, განსხვავებული არ ნიშნავს ცუდს. და თუ ვინმე იტყვის, რომ „ბოროტი უნდა ვიყო, ცუდი უნდა ვიყო“ და შენ ეტყვი, „კი, კი“ – ამას ეწინააღმდეგება კრიტიკული აზრი და ეს არის განსხვავებული აზრის ქონა.

თუ აღმოვაჩენთ, რომ ეს არის პრობლემა, ახლა რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გამოვასწოროთ?! დავტრიალდით, რამე შევცვალეთ?! ჩვენ გვჭირდება განათლების სპეციალისტები, ვინც მუშაობენ ამ თემაზე და შეგვიძლია ვკითხოთ აზრი, რა გეგმა შეგვიძლია დავსახოთ, რომ შემდეგი თაობისთვის აღარ იდგეს ეს პრობლემა.

  • როცა სკოლის მოსწავლეები აქტიურად გამოდიოდნენ საპროტესტო აქციებზე, „ოცნებამ“ შემოიღო კანონი, რომ თუ არასრულწლოვანი აქციაზე 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დამრღვევად მიიჩნიეს, მის მშობელს დააჯარიმებენ. როცა ასე უყურებს ხელისუფლება ბავშვის გამოხატვის უფლებას, რამდენად შესაძლებელია პრობლემის მოგვარება?

ამას შეცვლის სამართლიანობის აღდგენა, მეტი არაფერი.

ეს დაახლოებით იგივეა, ბავშვს უთხრა, რომ ევროპა შენთვის ცუდია, მაგრამ ჩემი შვილი იქ სწავლობს, ევროპაში. ანუ შენი შვილისთვის ცუდი გინდა და სხვისი შვილისთვის კარგი?! – ხომ ატყუებ იმ ბავშვს ამით, როცა ეუბნები რომ ევროპა საშინელია.

ევროპა, რომელიც შენს ჯანმრთელობას თუ რამე პრობლემა შეექნება, ადვილად მიაგნებს; შენი განათლების პრობლემას მიაგნებს და დაგეხმარება, რომ უფრო მეტად განვითარდე, პროფესიონალად ჩამოყალიბდე, წამალს უფრო იაფად და ხარისხიანად შემოგთავაზებს ვიდრე შენი ქვეყანა და შენ, ხელისუფლება ამ ყველაფრის გადაკეტვით უკეტავ განვითარების გზას ქართველ მოზარდებს.

ამათ კი სკოლა მარტო მაშინ ახსენდებათ, როცა არჩევნებია.

  • სკოლებში ხომ მიდიან ხოლმე მინისტრები, სხვა მაღალჩინოსნები ფოტოების გადასაღებად, ალბათ არ უნდათ, რომ ბავშვებმა მათ ჰკითხონ – თქვენი შვილები რატომ სწავლობენ კერძო სკოლებში, თუ აქ ყველაფერი რიგზეა? ან რატომ სწავლობენ თქვენი შვილები ევროპულ, ამერიკულ სკოლებში, მაშინ როცა ჩვენ ინტერნეტზეც კი არ მიგვიწვდება ხელი?! ამიტომ არ უწყობენ ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას?

კი, რა თქმა უნდა. კი, არის დღეს კრიტიკული აზროვნების პრობლემა, მაგრამ ჩამქრალი არ არის ბავშვებში. ძალიან ბევრი ბავშვია, რომელიც ჯანსაღად აზროვნებს და მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს სიჯანსაღე იგრძნონ, არ დაკარგონ ეს ძალა და შიშით არ დაიწყონ ცხოვრება.

წარმოიდგინეთ, რომ მცენარეს, რომელიც უნდა გაიზარდოს, მზისკენ წავიდეს, ხედ იქცეს, ჰქონდეს იმის შიში, რომ დაიწვება თუ მზეს დაინახავს, რომ შუქზე არაფერი დაემართოს… ის ხომ ვერ გაიზრდება ისეთი ჯანსაღი, როგორიც უნდა გაიზარდოს.

ბავშვებს მარტო ის კი არ უნდა მოვასმენინოთ, რომ პრობლემა აქვთ კრიტიკულ აზროვნებაში, ისიც უნდა გავაგებინოთ, რომ არ გამქრალა კრიტიკული აზროვნება და ეს მათი ბრალი არ არის.

სამწუხაროდ, როგორც ამბობდა ხოლმე ცნობილი განმანათლებელი კენ რობინსონი, სკოლა ხშირ შემთხვევაში კრეატიულობასაც კლავს.

კამათის გარეშე როგორ მივიდეთ ჭეშმარიტებამდე? და რაში გვჭირდება ეს ჭეშმარიტება, სამართლიანი ადამიანები რომ ვიყოთ, ხომ?! ფორმით კი არ ვიყოთ მხოლოდ ადამიანები, შინაარსითაც ვიყოთ ადამიანები.

რას ვასწავლით ბავშვებს მასწავლებლები, მხოლოდ კონკრეტულ საგანს? არა, ჩვენ ვასწავლით ადამიანად ყოფნას. საგანს თვითონაც ისწავლის, დაათვალიერებს, წაიკითხავს და აღმოაჩენს. თვითონ უნდა დარჩეს საკუთარ თავთან ბავშვი, რომ განვითარდეს. მარტოობაში უფრო მეტს სწავლობს ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ მარტოდ უნდა დავტოვოთ თავის პრობლემებთან.

ამდენ ძალადობას რომ უყურებს ბავშვი, დილით სკოლაში რომ მიდიოდა და ხედავდა სპეცრაზმელები როგორ დასდევდნენ ადამიანებს ქუჩებში, მენტალური პრობლემები იმ ბავშვებს არ შეექმნებოდათ?!

ბავშვი რომ შიშში ცხოვრობს, რომ მისი მშობელი არ დაიჭირონ, ან უკვე დაიჭირეს, იმ ბავშვს ფსიქიკური პრობლემები არ შეექმნებოდა?! განათლების პრობლემა არ ექნებოდა?!

სახელმწიფო, რომელიც მიზერულ დახმარებას აძლევს შშმ ბავშვს ან მის მშობელს და ამავე დროს გამოხატვის თავისუფლების გამო 5 ათასი ლარით აჯარიმებს, რომელიც მისი დახმარების წლიური რაოდენობაც კი არ არის, მის შვილს არ ექნება პრობლემები?!

რა გამოდის, რომ ვითომ გეხმარები, მაგრამ ამ დროს ჯიბიდან გაცლი.

ესეც ხომ დაშინებაა. ეს ხომ ცენზურაა, რომ ხვალ გარეთ აღარ გამოხვიდე.

  • კვლევაში ეწერა, რომ ბავშვებს უჭირთ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამის პარალელურად ჩვენ ხშირად გვესმის ფრაზები, რომ „მოსწავლის საქმეა კლასში ყოფნა“, რომ მხოლოდ ეს არის ბავშვის ფუნქცია. მაშინ რისთვის ტარდება ეს გაკვეთილი, თუ ბავშვს ამ ცოდნის რეალიზების შესაძლებლობას არ ვაძლევთ ცხოვრებაში?

ესეც არის ცუდი, ტყუილებით სავსე ზღაპარი, რომ ბავშვი მარტო სკოლაში უნდა იყოს. მაშინ რაღატომ ვაძლევთ სამგზავრო ბარათებს? ესე იგი მოსწავლე ქუჩაშიც არის, ხომ?

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჰქონდათ მოსწავლეებს ბაღი, სადაც უნდა გასულიყვნენ და პრაქტიკაში გადმოეტანათ თავიანთი ცოდნა და დღეს რა ხდება, გამოკეტილი უნდა იყოს ბავშვი და კლასს არ უნდა გასცდეს?!

მაშინ მუზეუმში რატომ დაგვყავს ბავშვები, არ აღმოაჩინოს, არ გაიგოს რამე? არ გაიგოს, რა ხდება მის გარშემო? სოციალური ქცევა როგორ დააგროვოს მაშინ. ჩვენ აგურებს ხომ არ ვზრდით, რომ შენობაში დარჩნენ. ისინი არიან ადამიანები – მოძრავი, ცოცხალი არსებები, რომლებიც იზრდებიან, ვითარდებიან და სასარგებლონი ხდებიან თავიანთი თავისთვის და გარშემომყოფებისთვისაც.

მე რომ კარგად ვარ, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ გავჩუმდე, თუ სხვა ცუდად არის. ან ჩემი შვილი თუ კარგად არის, გავჩუმდე სხვისი შვილის ცუდად ყოფნაზე.

ერთი ადამიანი მეკამათა იმის გამო, რომ ჩვენ სკოლებში ყველაფერი კარგადაა და მასწავლებელმა ცუდი არ უნდა თქვას, ეს არ არის კარგი მასწავლებლობაო.

მაშინ გამოდის, რომ დავით კლდიაშვილს არ უნდა დაეწერა „დარისპანის გასაჭირზე“, ნიკო ლორთქიფანიძეს გაჭირვებაზე და ეს ხომ განათლებას აცლის კრიტიკული აზროვნების საფუძველს. „თავსაფრიანი დედაკაცის“ მისაღები გამოცდებიდან ამოღება რას უკავშირდება?! რით ჩავანაცვლეთ მაშინ?!

  • პრობლემის მიჩქმალვას თავად სისტემა კარნახობს დღეს სკოლას?

ერთი ძველი თქმულება, ზღაპარი გამახსენდა, სადაც მეფე უმალავს თავის შვილს რა ხდება გარე სამყაროში.

რომ არ არსებობს გაჭირვება, სიღარიბე, ავადმყოფობა და ასე შემდეგ. მერე მეგობრები ეტყვიან მეფის შვილს, რომ ასეთი არ არის ცხოვრება, როგორც შენ გგონიაო – უდარდელი და არხეინი.

გადაიცვამს მეფის შვილი, გავა გარეთ და ნახავს, თუ რამდენს ადამიანს უჭირს, რამდენ ბავშვს, თურმე ადამიანები კვდებიან კიდევაც და ამასაც უმალავდნენ. ამიტომ დამალვა გამოსავალი კი არ არის, პრობლემა მაშინ გვარდება, როცა ვიტყვით, რომ აი, ეს არის პრობლემა და დავიწყებთ მის მოგვარებას.

ბავშვში შეიძლება გენიოსიც ცოცხლობდეს და მკვლელიც, მაგრამ მკვლელად კი არ უნდა გავზარდოთ, უნდა დავეხმაროთ, რომ სწორად განვითარდეს. ეს არის მნიშვნელოვანი.

  • მინისტრების ხშირი ცვლა, მუხრუჭების მოჭერა სკოლებზე, ევროპისგან დაშორება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რეპრესიები… რა პერსპექტივას უქადის ქართულ საგანმანათლებლო სისტემას?

თუ სადმე ვართ ახლა წინ წაწეული, ამ ყველაფერს კიდევ უფრო უკან წაიღებს, სადღაც სიბნელეში, ორმოსკენ, საიდანაც ამოსვლა მერე ბევრად რთული იქნება.

თუ ჩვენ ევროპას ჩამოვშორდებით, ჩამოვშორდებით განათლებას, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, ოჯახის წევრებს, რადგან ემიგრანტების უმრავლესობა ხომ ვიცით, რომ ევროპაშია.

ჩემმა ერთმა მოსწავლემ 5 უნივერსიტეტიდან მიიღო მიწვევა და ახლა ვიზა რომ ვერ მიიღოს და ვერ წავიდეს, მერე რა ხდება?!

ან ფეხბურთი რომ დავიკერეთ პირზე და ძალიან კარგია, რომ ფეხბურთიც ვითარდება, მაგრამ ჩემი ერთი მოსწავლე ვერ წავიდა უკვე იმის გამო, რომ ნელ-ნელა იქმნება დაბრკოლებები, რადგან ევროკავშირის წევრი რომ არ ვართ, ფეხბურთელების გაყიდვა სხვადასხვა კლუბისთვის ძალიან გართულებულია. ამას თუ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაც დაემატება, მერე რა მოხდება?!

მე დასვენების მრცხვენია ახლა ევროპაში, რადგან ჩემ ქვეყანას ახლა აქ ვჭირდები. ამ დროს, თვითონ ისინი, ვინც იძახიან, რომ ევროპა არ გვინდაო, ევროპაში ისვენებენ. ვინც ჩუმად არის დღეს, ის ისვენებს.

ატყუებენ იმ ადამიანებს, ვისაც ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე და ის უფროსი რასაც დაიჯერებს, იმას დააჯერებს იმ ბავშვსაც.

ეს უნდათ ალბათ, რომ ერთფერიანი იყოს ყველა ადამიანი. აი, წარმოიდგინეთ რომ მწვანე ვიყოთ ყველა, რა ცუდი შესახედი ვიქნებოდით ადამიანები, ხომ?!

  • რამდენად შესაძლებელია ციფრულ საუკუნეში ასეთი ერთფეროვნების მიღწევა?

არ უნდა დავუშვათ.

და იმ სტერეოტიპიდანაც უნდა გამოვიდეთ, რომ „ჩვენი შვილები მოესწრონ მაინც კარგ ქვეყანას“. შვილებამდე ჩვენ ვართ და ჩვენს გარეშე როგორ მოესწრებიან. ასე ამბობდნენ ალბათ ჩვენი მშობლებიც, მანამდე მათი მშობლები და ბევრი მარტო ამბობდა და არ მოქმედებდა. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ, მოძრაობაში უნდა ვიყოთ, განათლების მაგალითი ჩვენ თვითონ უნდა მივცეთ.

ვიკითხოთ, ვისწავლოთ, განვვითარდეთ, ახალი უნარები შევიძინოთ და სხვებსაც დავეხმაროთ. ადამიანების გახარება ვისწავლოთ და არა ის, რომ დავამწუხროთ, ბოღმით და შურით გავსკდეთ თუ სხვა წარმატებას მიაღწევს. ოღონდ ეს წარმატება უნდა იყოს შრომისგან და განვითარებისგან მიღწეული.

უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს, რადგან ამდენი დამალვით ვეღარ მიხვდება ბავშვი რა არის სწორი ან არასწორი და არ დავტოვოთ მარტო პრობლემების წინაშე, რომელიც ამ კვლევაშია ასახული. ჩვენც უნდა გამოგვაფხიზლოს ამ კვლევამ.

ლევან ხაბეიშვილს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ

დღეს, 18 ივლისს,  „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, „ტვ პირველზე“ ჩართვის დროს, პირდაპირ ეთერის მსვლელობისას, უცნობმა პირებმა ჯერ კვერცხები ესროლეს, შემდეგ კი შეაგინეს.

ლევან ხაბეიშვილი გაეკიდა თავდამსხმელებს და მათი ვინაობის გარკვევა სცადა.

კადრებში რამდენიმე ადამიანი ჩანს.

„ეს იქნებოდა დაორგანიზებული, იცოდნენ სადაც ვიყავი და ამას გააკეთებდნენ, რომ დღეს კვერცხი ისროლეს და ხვალ იარაღს გესვრით. ოღონდ პასუხი მიიღო უკვე ამან, ვინც დღეს გამოიარა. თქვენი არავის არ ეშინია ბიჭო.

ეს არის ის რეალობა, რაზეც მე ვსაუბრობდი – დახვედრა, სროლა, მოვკლავთ, ამას ვიზამთ… დედას გიტირებ კობახიძე შე ზღმურტლიანო და მდინარაძე, კიდევ. და ბიძინა ივანიშვილს თუ არ დავამხობთ, მაგასაც ვნახავთ“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა თავდასხმის შემდეგ.

ლევან ხაბეიშვილს პირდაპირი ჩართვისას თავს დაესხნენ. სქრინი ვიდეოდან.

თუ ასეთი უშიშარია რუსეთი, ამერიკის არ ეშინია, ახლა რატომ არ ურტყამს კიევს? – ინტერვიუ 

„კიევს ჯერ კიდევ სტუმრობს აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი. ამ პერიოდში კიევში დარტყმა არ ყოფილა. თუ ასეთი უშიშარია რუსეთი და ამერიკის არ ეშინია, მაშინ რატომ არ ახორციელებს დარტყმებს?“ – კითხვა უჩნდება გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, რომელიც ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს.

გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება, თუმცა რუსების ისედაც მდორე ტემპი კიდევ უფრო შენელდა, უკრაინელები კი, თავის დაცვას ისევ მედგრად ახერხებენ:

„წინა კვირას თუ რუსებმა დაიკავეს 200 კვადრატული კილომეტრი, ამ კვირაში 120-130 კვადრატულ კილომეტრამდე აქვთ წინსვლა. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 2 ათას კილომეტრიან ფრონტის ხაზზე….

ჩრდილოეთ კორეის დასახმარებელი რომ გახდება რუსეთი, გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი და ყურადღებას დაზვერვის მონაცემზე ამახვილებს – რუსეთის საბრძოლო მარაგის 40% უკვე ჩრდილოეთ კორეიდან მიღებულიაო.

რუსების სისუსტის ხაზგასასმელად გადამდგარი გენერალი წინა ინტერვიუს გვახსენებს და ეცინება, მაშინ თუ მოტიციკლებით გადაადგილდებოდნენ რუსი ჯარისკაცები, ახლა უკვე ხოხვაზე არიან გადასულებიო: „…საგანგებო მასკ-ხალათებს იყენებენ, რომ შეუმჩნეველი იყვნენ და ასევე სითბოს არ ამჟღავნებს. დრონებმა ვერ უნდა დაადგინოს მათი მდებარეობა, შეუმჩნევლები არიან, მაგრამ ხოხვით რამდენს ივლი?“

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, ტრამპის შესახებ მინდა გკითხოთ – მან 50-დღიანი ვადა მისცა პუტინს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის. რა იცვლება ამით რუსეთ-უკრაინის ომში? 

50 დღე ის პერიოდია, რაც პრაქტიკულად დარჩენილიa ამინდის გაფუჭებამდე, ანუ შემოდგომამდე. ფაქტობრივად, ტრამპმა რუსებს დრო მისცა: თუ რამე შეგიძლიათ, გააკეთეთ და თუ ვერაფერს შეძლებთ, ვისაუბროთ ცეცხლის შეწყვეტაზეო. ჩემი გადასახედიდან ასეა.

  • აშშ-ს რატომ შეიძლება აწყობდეს ეს: რუსეთს კიდევ მისცეს შანსი უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებისთვის? 

აქ ტრამპზეა საუბარი, ამერიკაზე – ნაკლებად, ტრამპი კი, ბოლომდე არ წირავს პუტინს. როგორც ჩანს, თავისი განცხადებების მიუხედავად, ტრამპი გარკვეულ გზას მაინც იტოვებს პუტინთან.

ფაქტობრივად, ტრამპის ყველა მოქმედება მიმართულია პუტინის „გასათეთრებლად“, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა დაინახა – პუტინი ეთამაშება და ეს მის ეგოზე მოქმედებს. ზოგადად, გარკვეული სიმპატიები, ჩემი აზრით, ტრამპს ჯერ კიდევ გააჩნია პუტინის მიმართ და ეს იგრძნობა.

50 დღე ის დროა, რომლის შემდეგაც საომარი მოქმედების ინტენსივობა ისედაც შემცირდება დიდი ალბათობით: დაიწყება წვიმები, „რასპუტიცა“, ისევ ის მდგომარეობა შეიქმნება, რაც იყო წინა წლების ანალოგიურ პერიოდში.

  • ცნობილია, რომ უკრაინა მიიღებს შორეული მოქმედების რაკეტებს, რომლითაც მას შეუძლია დაარტყას რუსეთს ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის, მოსკოვს. მედიის ცნობით, ტრამპმა ჰკითხა ზელენსკის, შეეძლო თუ არა დაერტყა მოსკოვისთვის… რისკენ იყო მიმართული ეს აქცენტი? 

გაზვიადებულია ეს და კონტექსტიდან ამოგლეჯილი. გააჩნია, რა კონტექსტით იკითხა, რა დატვირთვით?

ფაქტი ისაა, რომ ტრამპი რასაც აძლევს უკრაინას, ყველაფერი ნაყიდია და ამით ფული შედის ამერიკაში. ამას არც მალავს ტრამპი. კარგად ჩანს ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომლექსის ზეწოლა ტრამპზე, როცა მან გადაწყვიტა, საერთოდ აღარ მიეწოდებია იარაღი უკრაინისთვის. ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის, რომელიც ძალიან დიდ თანხას შოულობს.

ამჯერად ტრამპი არც მწვადს წვავს და არც შამფურს: ამერიკა მოგებას ნახულობს, უკრაინა – იარაღს იღებს.

რაც შეეხება იმას, თუ რას აწვდიან უკრაინას: საუბარია JASS რაკეტების მიცემაზე. ეს არის ჰაერი-ხმელეთის ფრთოსანი რაკეტები, რომლის გაშვებაც შეიძლება F 16-დან, რომელსაც ზოგადად დაახლოებით 300 კილომეტრამდე დაფარვა შეუძლია. თუმცა გააჩნია, რომელ მოდიფიკაციას მისცემენ – ეს დაახლოებით იგივეა, რაც ფრანგული „სკალპი“ და ინგლისური „შტორმ შედოუ“ – თუმცა მათ ზოგიერთ მოდიფიკაციას 900 კილომეტრამდე შეუძლია ფრენა.

მნიშვნელოვანია, ასევე რაოდენობა.

ასევე, ცხადია, რომ „პატრიოტის“ მიცემით ომი არ მოიგება, მაგრამ ამით გაიზრდება დაცულობა. გაურკვევლად გაჟღერდა, რამდენ ერთეულ „პატრიოტს“ აძლევენ უკრაინას: ტრამპმა თქვა 17, თუმცა ალბათ საუბარია 3 კომპლექსზე, სადაც რამდენიმე გამშვებია თავისი მართვის და კონტროლის სისტემებით. ეს არის სავარაუდოდ 3 ბატარეა.

გერმანია და ნორვეგია აპირებდა ამის ყიდვას უკრაინისთვის, უფრო სწორად, ახლის ყიდვას თავისთვის და რაც ამჟამად აქვთ, იმის გადაცემას უკრაინისთვის. ეს ძალიან გაზრდის უკრაინის დაცულობას განსაკუთრებით კი დასახლებული პუნქტების, რასაც რუსები ასე აქტიურად უტევენ.

ასევე, გაჟღერდა, რომ შვეიცარიას მოუწევს თავისი რიგის დათმობა [2022 წლიდან ელოდება].

აშშ-ზე თუ ვსაუბრობთ, საუბარია „ატაკამსების“ მიწოდებაზეც, [გერმანული „ტაურუსის“ მიწოდებას კი არ დაადგა საშველი]. რა თქმა უნდა, რაკეტების მიწოდება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს მეორე ოპერატიულ ეშელონს ურტყამს და ზურგის კომუნიკაციებზე დარტყმის საშუალებასაც იძლევა. ეს საკმაოდ დაასუსტებს ფრონტის წინა ხაზზე მყოფ რუსეთის ძალებს.

„ტომაჰაუკებზეა“ თითქოსდა ასევე საუბარი, მაგრამ, როგორც ვიცი, „ტომაჰაუკის“ გამშვები სისტემა არ გააჩნია უკრაინას.

ფაქტია, რომ ტენდენცია არის შეიარაღების მიწოდების. უნდა დაველოდოთ მოქმედებებს. ამოცანა არის ის, რომ უკრაინა არ უნდა დამარცხდეს და რუსეთმა არ უნდა მოიგოს. ყველაფერი დანარჩენი მიდის იქეთკენ, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები შედეგზე გავიდეს.

  • თქვენი აზრით, ტრამპს ისევ სჯერა, რომ მიღწევადია ცეცხლის შეწყვეტა? 

მე აქამდე ხაზს ვუსვამდი თქვენთან ინტერვიუში და ახლაც მგონია, რომ წლის ბოლომდე იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა. ეს არ არის მშვიდობის დამყარება, ან ომის დამთავრება, მაგრამ რაც უფრო ხანგრძლივვადიანი იქნება ეს მშვიდობა, მით უფრო კარგია, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის.

მშვიდობის პერიოდში შეჯიბრის პირობებში ევროპას უფრო მეტად შეუძლია დაეხმაროს უკრაინას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა – რუსეთს.

  • მოსკოვისთვის მუქარები მიუღებელიაო, მარია ზახაროვა ამბობს. თქვენთვის რას აჩვენებს მოსკოვის რეაქცია, როცა დასავლეთი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებასა და სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს? 

კიევს სტუმრობს ჯერ კიდევ აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი. ამ პერიოდში კიევზე დარტყმა არ ყოფილა. თუ ასეთი უშიშარია რუსეთი და ამერიკის არ ეშინია, მაშინ რატომ არ ახორციელებს დარტყმებს?

ასევე, კელოგი როცა ჩავიდა კიევში, ზელესკი ხუმრობდა კიდეც CNN-თან ინტერვიუში, მოქალაქეობა უნდა მივცეთ კელოგს, კიევზე დარტყმები რომ აღარ იყოსო.

ასე რომ, ისე არაა, რომ წარბშეუხრული სახით გამოვიდეს ნაბახუსევზე მედვედევი და დაემუქროს ევროპას და სამყაროს განადგურებით, ან კიდევ სალავიოვმა თავის სტუდიაში რაღაცები ილაპარაკოს: რა თქმა უნდა, რუსეთი ანგარიშს უწევს ამ ძალას. საკმაოდ შეშფოთებული არიან ამ დახმარებით, რასაც უკრაინა მიიღებს.

  • რაც შეეხება ევროკავშირის ახალ სანქციებს რუსეთის მიმართ – ეს როგორ აისახება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე?

რუსეთის პოტენციალი ისეთია, რომ მან შეძლო გადაეწყო თავისი მრეწველობა სამხედრო ყაიდაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სანქციები არ მოქმედებს. ამ ვითარებაში სხვა სფეროები სუსტდება – რუსეთის ეკონომიკა სუსტდება, მისი ფინანსური მდგომარეობა, მარაგები იცლება. მაგალითად, მათი ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ნავთობისა და გაზის პროდუქტების გაყიდვიდან მოგება შემცირებულია 17%-ით. ბოლო 6 თვეში ექვსჯერ გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი. ბარელი ნავთობი წლის დასაწყისში 70 $ რომ ღირდა, ახლა 58 $ ღირს და ა.შ.

ჩრდილოეთ კორეის დასახმარებელი რომ გახდება რუსეთი, გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე. საუბარია არამარტო 152-მილიმეტრიან ჭურვებზე, რომელიც 12 მილიონი მიაწოდა რუსეთს ჩრდილოეთ კორეამ, ასევე ბალისტიკური რაკეტები NK-23 მიაწოდა ჩრდილოეთ კორემ რუსეთს. როგორც სადაზვერვო წყაროებიდან გამოდის ინფორმაცია, დაახლოებით 40 % საბრძოლო მარაგების, რუსეთისთვის ჩრდილო კორეიდან არის მიწოდებული.

ამას ემატება 30 ათასამდე კაცი ჩრდილოეთ კორეიდან, რომელიც იგზავნება რუსეთში, როგორც მუშახელი – სხვადასხვა ინფორმაციით, თითქოსდა დრონებზე მომუშავე ქარხნებში ასაქმებენ. სანქციები, ცხადია, მოქმედებს, მაგრამ ამ ტემპით და ინტენსივობით – თუ რამე მნიშვნელოვანი არ შეიცვალა – რუსეთს შეუძლია აი, ასეთი მდორედ მიმდინარე საომარი მოქმედებები კიდევ რამდენიმე წელი აწარმოოს.

  • ფრონტის ხაზზე რა ცვლილებებია? 

ჩამოყალიბებულია სტრატეგიული ჩიხი: რუსებს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გარღვევის განხორციელება, უკრაინელები კი, მნიშვნელოვნად ვერ ამცირებენ რუსების სამხედრო პოტენციალს; პუტინს ომის დასრულება არ შეუძლია, ვინაიდან არ უნდა, რომ უმართავი მასა მოუტრიალდეს ფრონტის წინა ხაზიდან და დაბრუნდეს რუსეთის სიღრმეში.

ეს სამხედრო მოსამსახურეები ხელფასს იღებენ ფრონტის წინა ხაზზე ყოფნის დროს და როცა დაბრუნდებიან, მათ შემოსავალი არ ექნებათ. ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, ეს მასა იძულებული იქნება დარჩეს ფრონტის ხაზზე, რაც წესით უნდა აწყობდეს პუტინს.

ოპერატიულ დონეზეც პრინციპულ ცვლილებებს არ აქვს ადგილი: ისევ გრძელდება 5 მიმართულებაზე რუსების შეტევა, თუმცა ისევ ვერ ახერხებენ რომელიმე მიმართულებაზე გარღვევას და კონცენტრირებას.

სუმის, ლიმანის, კუპიანსკის, პოკროვსკის და კონსტანტინოვკის მიმართულებებზე რუსების გაზრდილი აქტიურობა შეინიშნება, რუსები გააქტიურდნენ ხერსონის მიმართულებაზეც – აქ მდინარის დელტაში პატარ-პატარა კუნძულებია და ამ კუნძულების დაკავებას ცდილობენ რუსები საკმაოდ წარუმატებლად: თითოეული კუნძული შემდგომ აღმოჩნდება ხოლმე „სიკვდილის ზონა“, სადაც უკრაინელები არტილერიის ცეცხლით და დრონებით ანადგურებენ იქ შესულ მცირე ჯგუფებს.

რუსების შეტევების მცდელობა გააქტიურებულია პოკროვსკის სამხრეთით – დონეცკის და დნეტროპეტროვსკის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მახლობლად, პაკროვკსის ჩრდილოეთით რუსებმა დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი.

უკრაინელები რუსების სრულად შეჩერებას ვერ ახერხებენ, თუმცა ვერც რუსები მიდიან აქტიურად წინ. წინა კვირასთან შედარებით შეტევის ტემპი შემცირებულია ორჯერ. მაგალითად, წინა კვირას თუ რუსებმა დაიკავეს 200 კვადრატული კილომეტრი, ამ კვირაში სადღაც 120-130 კვადრატულ კილომეტრამდე აქვთ წინსვლა.

გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 2 ათას კილომეტრიან ფრონტის ხაზზე. ეს ციფრებია მხოლოდ და არაფრის მანიშნებელი არაა. ეს ციფრები მხოლოდ აჩვენებს იმ დაბალ ტემპს, რომელიც რუსებს გააჩნიათ.

სხვა რომ არაფერი, ტორეცკს უტევენ რუსები უკვე ერთი წელია, რაზეა ლაპარაკი? ტორეცკის „აზოვი“ იცავს და მიუხედავად დასახლებულ პუნქტში მიმდინარე ბრძოლებისა, წარმატება არ აქვთ რუსებს.

  • უკრაინელებს არ აქვთ შეტევა რომელიმე მიმართულებით? 

უკრაინელები აქტიურობენ ბრიანსკის ოლქში. საუბარია უკრაინელების შეჭრაზე – სადაზვერვო ჯგუფების მოქმედება გააქტიურებულია.

სუმშიც შეაჩერეს უკრაინელებმა რუსების წინსვლა, სადაც 2 კილომეტრით იყვნენ შესული და შეაჩერეს.

კურსკში უკრაინელები ინარჩუნებენ დაკავებულ ტერიტორიას, ბელგოროდშიც ინარჩუნებენ და გარკვეულწილად კონტრშეტევასაც ახორციელებენ – აქვთ მცირე წინსვლა.

მეტრებზეა ძირითადად საუბარი: შეტევა – კონტრშეტევა. პრინციპულ ცვლილებებს ადგილი არ აქვს.

წინა ინტერვიუში მოტოციკლეტებზე ვსაუბრობდით, როცა რუსები მოტიციკლეტებით გადაადგილდებოდნენ, ახლა ისინი უკვე ხოხვით გადაადგილდებიან. საგანგებო მასკ-ხალათებს იყენებენ, რომ შეუმჩნეველი იყვნენ და ასევე სითბოს არ ამჟღავნებს. დრონებმა ვერ უნდა დაადგინოს მათი მდებარეობა, შეუმჩნევლები არიან, მაგრამ ხოხვით რამდენს ივლი?

ადრეც გამოიყენებოდა ეს მეთოდი, მაგრამ ამხელა ფრონტზე ამ ძალისხმევით ეს არ გამოუყენებია არავის. რუსები ცდილობენ, როგორმე ჯავშანტექნიკის ნაკლებობა შეავსონ ხალხის ხორცის ე.წ. შტურმებით, თუმცა სამი და ხუთი კაცით შეიძლება რაღაც პოზიცია დაიკავო, მაგრამ გარღვევას ვერ მოახდენ.

  • ვიდრე უკრაინა შეიარაღების ახალ მარაგს მიიღებს და კარგი ამინდია, რა შესაძლებლობა აქვს რუსეთს იმ ჩიხიდან გამოვიდეს, რაც თქვენ ახსენეთ? 

კარგ ჯარზე ამინდი არ მოქმედებს, როგორც წესი. ვნახოთ, 50 დღე ზუსტად ამისთვის მისცეს რუსეთს, რომ ჩიხიდან გამოვიდეს.

რუსები თითქოს ემზადებიან 16o-ათასიანი დაჯგუფების შექმნაზე, რათა გარდატეხა შეიტანონ დაპირისპირებაში, რაშიც ეჭვი მეპარება. ეს უფრო ან შემოგდებული ინფორმაციაა, რომ მოლოდინი გააჩინონ, ან ჩაანაცვლონ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი არაქათგამოცლილი ნაწილები. ყოველ შემთხვევაში, რომელიმე მიმართულებაზე კონცენტრირება არ ჩანს.

რუსებს, ჩემი აზრით, კიდევ შეუძლიათ წინ წაიწიონ, კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღონ [ან ის, რაც მათგან დარჩა], მაგრამ ეჭვი მეპარება დონბასის საზღვარზეც რომ გავიდნენ.

სავარაუდოდ, დაახლოებით იგივე ვითარება იქნება 50 დღის შემდეგაც. ყოველ შემთხვევაში ტრამპმა უკვე მისცა ფორა რუსებს და ვნახოთ.

სარფის საბაჟოზე საზღვრის კვეთა შეფერხებულია – განმარტება არ კეთდება

თურქეთ-საქართველოს საზღვარი დროებით ჩაკეტილია. საზღვრის ორივე მხარეს მოქალაქეები არიან და ამ დროისათვის [18:30 საათი]საზღვრის კვეთას ვერ ახერხებენ.

“ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია რის გამოა შეფერხებული საზღვრის კვეთა და საპატრულო პოლიციასთან გადაგვამისამართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რის გამოა საზღვარი ჩაკეტილი.

ინფორმაციას მიღებისთანავე განვაახლებთ.

სროლა ბათუმში – შსს-ს ცნობით, მოკლულია ერთი ადამიანი

ბათუმის ბულვარში კაცი ჩაცხრილეს

როგორც „ბათუმელებს“ შსს-ში უთხრეს, მოკლული კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“-ამბობს შსს.

შემთხვევა დღეს, 18 ივლისს, მოხდა ბათუმში.

______________

ამ თემაზე:

ბათუმის ბულვარში კაცი ჩაცხრილეს

ბათუმის ბულვარში კაცი ჩაცხრილეს

დღეს, 18 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბათუმში, ბულვარში, კაფეში კაცი ჩაცხრილეს.

ვიდეოკადრების მიხედვით, კაცს ზურგის არეში 5 ტყვია აქვს მოხვედრილი.

სროლა მოხდა ერთ-ერთ რესტორანში.

ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო.

პოლიციის ინფორმაციით, მოკლული კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ვიდეო:

აჭარაში გდდ-ის პირადი შემადგენლობა გაზარდეს – შსს სამუშაო ოთახებს აწყობს

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის [გდდ] აჭარის სამმართველოში საშტატო ცვლილებების გამო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, „დღის წესრიგში დადგა პირადი შემადგენლობისთვის შესაბამისი სამუშაო სივრცეების მოწყობა“.

გდდ-ს აჭარის სამმართველო დაბა ჩაქვში, ზღვის პირას, სასტუმრო „ოაზისთან“ ახლოს არის განთავსებული. პირადი შემადგენლობისთვის „სამუშაო სივრცეების მოწყობა“ კი, შსს-მ იმ შენობებში გადაწყვიტა, რომლებსაც აქადე აჭარაში დამატებითი ძალების მობილიზებისას დროებით საცხოვრებლად იყენებდნენ.

ახალი სამუშაო სივრცეებისთვის საჭირო 51 ცალ კონდიციონერს კი შსს ჯამში 48 960 ლარად ტენდერის გარეშე [გადაუდებელი აუცილებლობით] იყიდის. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

კონდიციონერების შეძენის აუცილებლობას შსს იმით ხსნის, რომ „ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, შესაბამისი დანაყოფი არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი მინიმალური სამუშაო პირობებით, რაც ართულებს მათზე დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობების შესრულებას. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ მოცემული ობიექტი განთავსებულია აჭარის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა მაღალი ტენიანობით, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სამუშაო პირობებს“.

წყარო: შესყიდვების პორტალი

შსს შესყიდვების სააგენტოს იმასაც წერს, რომ „როგორც წესი, საშტატო ცვლილებები იგეგმება წინსწრებით, ხდება შესაბამისი კაპიტალური ან დროებითი შენობა ნაგებობის აშენება/გარემონტება, შესაბამისად აღნიშნული სამუშაოების პარალელურად ხდება სხვადასხვა ტექნიკის მათ შორის კონდიციონერების შესყიდვა სატენდერო პროცედურების მეშვეობით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა შესაბამისი პროცედურების დაჩქარება, რის გამოც არსებული ვადა არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების განსახორციელებლად“.

რაც შეეხება „გამოწვევებს“, შსს ირწმუნება, რომ „უკანასკნელ პერიოდში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ განვითარებული მოვლენების გამო, იქნება ეს ტურისტების რაოდენობის ზრდა, თუ მიგრანტების ნაკადის გაზრდა, დღის წესრიგში დადგა აჭარის რეგიონში საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებების განხორციელება. ამასთან მოხდა არსებული შტატების დაკომპლექტება, რის გამოც საჭირო გახდა პირადი შემადგენლობისთვის დამატებითი სამუშაო სივრცეების მოწყობა.“

შსს ასევე წერს, რომ „საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით“ ჩათვალეს, რომ ახალი კაპიტალური ან დროებითი ადმინისტრაციული შენობის აშენების ნაცვლად თავისუფალი სივრცეები აეთვისებინათ.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, სამუშაო სივრცეები მოწყობილიყო იმ ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც მოცემული მომენტისთვის ნაკლებად გამოიყენებოდა, შენობა ძირითადად გამოიყენებოდა აჭარის რეგიონში დამატებითი ძალების მივლენის დროს პირადი შემადგენლობის დროებით საცხოვრებლად.

მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს საკუთარი ძალებით აღნიშნული საცხოვრებელი სივრცეების სამუშაო ოთახებად [საოფისე ფართებად] გადაკეთება. ასევე არსებული რესურსით ხდება საჭირო საოფისე ავეჯისა და კომპიუტერული ტექნიკის მობილიზება. რაც შეეხება კონდიციონერებს, მისი მარაგი შს სამინისტროში არ არსებობს… შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოება ვერ იქნებოდა წინსწრებით გათვალისწინებული“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ბათუმის ქუჩა N20-ში მდებარე 34 627 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 17 შენობა-ნაგებობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და ის 2019 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროზეა გადაცემული სარგებლობაში [შსს-ს არსებობის ვადით].

გდდ-ს ბაზა ჩაქვში

რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საშტატო ნუსხას, როგორც ადრე შსს-მ „ბათუმელებს“ მოგვწერა, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას წარმოადგენს.

„ბათუმელებმა“ მაშინ ისიც გაარკვია, რომ სამინისტრომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების [2023 წლის 7-8 მარტის მოვლენების] შემდეგ დაიწყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შემადგენლობის [სპეცრაზმელთა რაოდენობის] გაზრდაც.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

დაიღუპა კაცი, რომელიც გონიოში სამშენებლო ობიექტიდან ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად დაშავდა

გონიოში მშენებარე ობიექტიდან ხარაჩოს ჩამოვარდნის გამო დაშავებული ახალგაზრდა კაცი, კლინიკაში გარდაიცვალა. 30 წლის კაცი ამ ობიექტზე მუშაობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულ კაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

შემთხვევა გუშინ, 17 ივლისს მოხდა გონიოში, კომპანია „ნექსთის“ ობიექტზე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანიას და ჰკითხა, რამ გამოიწვია რკინის კონსტრუქციის ჩამოშლა, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა?

„ობიექტზე მშენებლობა არის დასრულებული, 26 სართული აშენებულია. ამჟამად მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სარემონტო სამუშაოები. ამ მიზნით 17 ივნისიდან ობიექტზე დაწყებული იყო ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები. გუშინ მოხდა ამ ხარაჩოს ჩამოშლა. რამ გამოიწვია ხარაჩოს გაშლა და ჩამოშლა, ამას არკვევს გამოძიება“, – ამბობს კომპანიის იურისტი ვახო გედენიძე.

ამ ხარაჩოების მოწყობას არ ამოწმებს შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტი? – ვკითხეთ იურისტს.

მისი თქმით, სამუშაოებს კონტრაქტორი პირი ასრულებდა.

„ჩვენ დავიქირავეთ კონტრაქტორი პირი, რომელიც აწყობდა ხარაჩოებს. ასევე დავიქირავეთ პირი, რომელიც იყო პასუხისმგებელი ამ სამუშაოების განხორციელებაზე, უსაფრთხოდ და დადგენილი სტანდარტებით. სამუშაოებს ასრულებდა ფიზიკური პირი, კახა ბერიძე და მის მიერ დასაქმებული პირები, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებდა გიორგი კუპრაძე“, – გვეუბნება იურისტი.

კომპანია არ გრძნობს პასუხისმგებლობას? – ვკითხეთ იურისტს. მისი თქმით, ყველა პირს, რომელიც ობიექტზე შემოდის, ინსტრუქტაჟი უტარდება.

„კონტრაქტორი გვაწვდის სიას და მე მევალება წარვადგინო ამ პიროვნებების „ფორმა 100“, ანუ ჯანმრთელობის ცნობა. ობიექტზე ისე სხვა პირი ვერ შემოვა. სამუშაოების დაწყებამდე ყველა პირს უტარდება ინსტრუქტაჟი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყველას გადავეცით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ღვედები და ყველა სწავლება ჩაუტარდათ.

მაგრამ კონკრეტულად ხარაჩოს ჩამოშლა რამ გამოიწვია, ჩვენ ამის მიზეზი არ ვიცით. ჯერჯერობით, არავინ არ იცის. ჩვენი მხრიდან რაც გვევალებოდა, ყველაფერი შესრულებული გვაქვს“, – ამბობს იურისტი ვახო გედენიძე.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ივლისის 21 საათიდან 19 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 20-21 ივლისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 039 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
  • ტანკი – 11 032 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 005 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 30 485 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 441 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 197 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 46 549 ერთეული [+135]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 491 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 55 494 ერთეული [+111]
  • სპეცტექნიკა – 3 932 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 664 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 70 079 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 619 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 240 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 480 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 38 290 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა მოსკოვის და პეტერბურგის დაბომბვა – მედია

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ავხედე. მივხვდი, რომ უნდა დამარტყას. გაჩერდა და სახეში შემაფურთხა“ – მზია ამაღლობელი დგებუაძეზე

 14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა მისცა ჩვენება. „ბათუმელები“ გთავაზობთ მზია ამაღლობელის სასამართლოში მიცემული ჩვენების სტენოგრამას, მცირე შემოკლებით.

„ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის ჩვენების პირველი ნაწილიც, სადაც მზია ამაღლობელმა სასამართლოს უამბო, რა გარემოებებში დააკავეს პოლიციის შენობასთან სტიკერის გაკვრისთვის 11 იანვარს. გათავისუფლებიდან მოკლე ხანში მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნისთვის. სწორედ ამ ეპიზოდზე ისაუბრა მზია ამაღლობელმა სასამართლოში და მოსამართლეს მოუყვა იმის შესახებაც, რა ხდებოდა მისი დაკავების შემდეგ – როგორ შეაფურთხა მას პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ. 

ამავე თემაზე: მზია ამაღლობელის ჩვენება I ნაწილი – „ათამდე გამომძიებელი ჰყავს ამ საქმეს. არც ერთს უცდია ფორმალურად მაინც ემუშავა გამოძიებაზე“

მზია ამაღლობელი: განაპირას ვიყავი აქციის მონაწილეებისგან… ზოგადად, ჩემი მხედველობის გამო, განაპირას დავდივარ, რომ არ მოვექცე, ასე ვთქვათ, შუა ნაწილში.

ახლობლებთან ვსაუბრობდი, როცა რაღაცნაირი ხმაური ატყდა. „აკავებენ“ – ოღონდ ამას მერე მოვკარი ყური.

არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ მარჯვენა განაპირა მხარეს ვიდექი და უცებ, როცა მიმოვიხედე, აღმოჩნდა, რომ მარცხენა მხარეს ვარ, სადღაც ჭიშკართან ახლოს, პოლიციელების და ნიღბიანების გარემოცვაში.

გეფიცებით, ვერაფრით ვერ ვხვდები, რამდენჯერაც არ დავუბრუნდი ამ მომენტს, როგორ აღმოვჩნდი იქ. თქვენ რომ შემომიტანეთ ვიდეოები, მერე აღვიდგინე, რომ როგორც ჩანს, პოლიციური მანევრირება ჰქონდათ ასეთი.

მანამდე პოლიციის შენობის გარეთ აქციის მონაწილეების გათავისუფლებას ელოდებოდნენ სრულიად მშვიდ გარემოში.

უკვე მოკითხვის პროცესი იყო ერთმანეთის და წასვლას ვაპირებდით.

ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემს ძმისშვილს ვთხოვე, იქნებ გამაყუჩებელი გქონდეს-მეთქი. შიგნით [პოლიციის შენობაში] არ ჰქონდათ გამაყუჩებელი და ფეხზე ძლივს ვიდექი.

  • ადვოკატი: გაბაიძეების დაკავება როგორ იწყება, ცოტა უკან მიგაბრუნებთ ისევ, რომ ცხადად დავინახოთ და მერე რა ხდება თქვენ დაკავებამდე…

მზია ამაღლობელი: გაბაიძეების დაკავება არ დამინახავს. გიგი იყო ჩემ გვერდით, ასევე, ჩემი ძმისშვილები, ახლობლები…

ადამიანები, აქციის სხვადასხვა მონაწილეები იყვნენ, მაგრამ ვხედავდი ციალას და მინდოდა, როგორც კი გათავისუფლდებოდა, დავლაპარაკებოდი და წავსულიყავი.

თან ადვოკატს მინდოდა დავლაპარაკებოდი, სხვა დაკავებულების შესახებ მინდოდა გამეგო და წავსულიყავი.

… [ჩოჩქოლის ატეხის შემდეგ] ტელერეპორტაცია რომ მოხდება, ისე, მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარეს როგორ აღმოვჩნდი არ ვიცი, მაგრამ როცა მიმოვიხედე, მართლა მარტო მე ვიყავი. პოლიციელები იყვნენ ირგვლივ, თან ნიღბიანი პოლიციელები და მესმოდა ხმები: „არ დააკავოთ“ „რატომ დააკავეთ“…

მზია ამაღლობელის სასამართლო. ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები“
  • ადვოკატი: თქვენ აღწერთ სიტუაციას მას შემდეგ, რაც პოლიცია ერთბაშად გამოვარდა?

მზია ამაღლობელი: კი, ზუსტად მაგას ვამბობ. ეს გამოვარდნა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გამოვარდნა კი ვერ დავინახე, არამედ მათ ალყაში აღმოვჩნდი.

დააკავესო როცა ამბობდნენ, ბუნებრივია, თვალი წამივიდა ჭიშკრისკენ, დავინახე, გიგის [გიორგი გაბაიძის] ყვითელი ქურთუკი როგორ ჩაიკარგა ჭიშკრის მიღმა და მივხვდი, რომ გიგი დააკავეს.

  • ადვოკატი: თქვენ აღწერეთ – გარეთ სიმშვიდეა, პოლიციელები არ დგანან. ერთბაშად აღმოჩნდით მათ ალყაში. მინდა დამიზუსტოთ მაინც, ხომ არ გაგიგონიათ ამ დროს, რომ ვინმე იგინებოდა პოლიციის მისამართით და განსაკუთრებით გიგი გაბაიძე თუ იგინებოდა ან რაიმეს თუ გამოხატავდა ვინმე პოლიციელის მისამართით…

მზია ამაღლობელი: ისეთივე მტკიცებით ფორმაში შემიძლია ვთქვა, გიგი რომ არ იგინებოდა, როცა ვამბობ, რომ ვანაძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ მე ვიგინებოდი.

არ გამიგია გიგის გინება. ჩემ გვერდით იყო და რა ვიცი, ჩემთვის უნდა შეეგინებინა მაშინ, ვისთვის უნდა შეეგინებინა, აქციის მონაწილეები იყვნენ მარტო იქ.

  • ადვოკატი: განაგრძეთ. მე გაგაწყვეტინეთ, პოლიციელების გარემოცვაში აღმოვჩნდი მოულოდნელადო…

მზია ამაღლობელი: როგორც გითხარით, პოლიციელების და შავნიღბიანი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი – არ ვიცი, ისინი რამდენად იყვნენ პოლიციელები.

ეს იყო ძალის დემონსტრირება, ჭყლეტა შექმნეს.

წინ და უკან რაღაც მასა მიდიოდა, აწვებოდნენ ხალხს. მეც ტალღისებურად ვმოძრაობდი, ვერ ვიკავებდი თავს. ვცდილობდი ვინმეს ჩავჭიდებოდი, იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო იქ ფეხზე მყარად მდგარიყავი, ისეთი მოცემულობა ჰქონდათ შექმნილი.

ზურგიდან ძლიერი ბიძგი და დარტყმა ვიგრძენი. მარცხენა მხარეს ძლიერი დარტყმის შედეგად ჩავვარდი. დროის გარკვეულ მონაკვეთში მგონი გონება მქონდა დაკარგული, იმიტომ, რომ როცა გონზე მოვედი, ფეხებით გადამთელეს, ასე ვთქვათ.

აი, ტალღა პოლიციის, გადამივლიდა – გადმომივლიდა. ვიღაც შეიძლება ფეხს მარიდებდა. გადამთელეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მე მგონი ორ მომენტში მოკლე დროით გონება დავკარგე. არ ვიცი ვინ გამომიყვანა იქიდან, ან კიდევ ვინ წამომაყენა ფეხზე. მართლა არ ვიცი.

ერთადერთი ვიცი ის, რომ ეზოს შენობას რაღაც გალავანივით ჰქონდა, გაზონივით ჰქონდა და იქ ვიღაც მეკითხებოდა, როგორ ვარ.

გონზე რომ მოვედი, ჩემი ძმისშვილი მოვიდა, როგორ ხარო და შემდეგ ცოტა მოვფხიზლდი. არ მინდოდა, რომ ასე დავენახე და შევეცადე ძალა მომეკრიბა. კარგად ვარ-მეთქი ვუთხარი, რაღაც დრო მჭირდება, გავიდეთ შორს-მეთქი. წავედი იქეთ და ამ დროს ფეხი რომ გადავადგი, აღმოვაჩინე, რომ ცალ ფეხზე უკვე ფეხსაცმელი არ მეცვა. კედი მეცვა, თასმებით შეკრული. არ ვიცი როდის დამეკარგა. ჩემს ძმისშვილს ვთხოვე, რომ იქნებ ფეხსაცმელი დამიძებნო, მე აქ ვიქნები-მეთქი. თან მინდოდა ჩემგან მოშორებით ყოფილიყო, რომ არ დაენახა, როგორ ცუდად ვიყავი.

იქვე რაღაცას მივეყრდენი და რომ გავიხედე ჭიშკრისკენ, ჩემი მეგობრის, „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის წითელ ქურთუკს მოვკარი თვალი ჭიშკართან შავი, ნიღბიანი ადამიანების გარემოცვაში თვალი და…

ადვოკატი მაია მწარიაშვილი – მზია ამაღლობელის სასამართლო. ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები“
  • ადვოკატი: თუ შეძლებთ ამ გარემოებებზე საუბარს, თქვენ როგორც სასამართლოს მოუყევით, როდესაც დაგაკავეს ადმინისტრაციული წესით, ცუდად იყავით და ტკივილგამაყუჩებელი გჭირდებოდათ. ანუ ვერ ხართ კარგად ისედაც. გარეთ გამოსვლის შემდეგ ძალიან მოკლე დროში მოყევით საპოლიციო ჭეჭყვაში, დავარდით, გადაგიარეს, ცალი ფეხსაცმელი დაკარგეთ, ძალიან ცუდად ხართ, შეუძლოდ ხართ, ცოტა გონების კარგვა მქონდაო – თქვით. მაინტერესებს, ასეთ მდგომარეობაში მყოფი რატომ დარჩით?

მზია ამაღლობელი: თქვენ რომ ხედავდეთ, რომ მე ცუდად ვარ, სადმე წახვალთ?! ან რომ ხედავდეთ, საფრთხე მელის, წახვალთ?! როგორ ცუდადაც არ უნდა იყოთ…

ეთერი როცა დავინახე პოლიციელების გარემოცვაში და როცა იცი, რომ აკავებენ… როცა ვიცი, რომ მე სტიკერის გამო დამაკავეს, როცა ვიცი, რომ გიორგი გაბაიძე დააკავეს, ვხედავ, რომ ეთერი არის პოლიციელების გარემოცვაში და ვიცი, რომ ეთერის დააკავებენ… აი, სად წავალ?! როგორ ცუდად უნდა ვიყო… ფეხზე კი არა, საერთოდ ტანზე რომ არ მცმოდა, მაინც მივიდოდი.

ჩემს ძმისშვილს ვუთხარი, იქნებ ფეხსაცმელი დამიძებნო-მეთქი. როგორც კი მომშორდა, შევეცადე განაპირა-განაპირა შემომევლო და მივსულიყავი ჭიშკართან. მარჯვენა მხრიდან მივედი ჭიშკართან.

როგორ გავიკვლიე გზა იქამდე, რომ ეთერთან მივსულიყავი, არ ვიცი.

ეთერთან მივედი, მინდოდა, რომ მარტო არ ყოფილიყო და იქიდან გამომეყვანა.

  • ადვოკატი: ჩვენ აქ წინა პროცესზე დეტალურად გავიარეთ ზუსტად ის ვიდეოკადრი, ბოლო წუთს რომ ჩანხართ, დგახართ ჭიშკართან და ეთერის გვერდით. ეს პროცესი თუ გახსოვთ? აქ თქვენ ეთერის გვერდით დგახართ იმიტომ, რომ მარტო არ დატოვეთ. ასე გავიგო?

მზია ამაღლობელი: სიმართლე გითხრათ, ეთერმა დამინახა თუ არა… კი, მხედავდა, მაგრამ რაღაცნაირი პროვოკაციული გარემო იყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, წარმოიდგინეთ, პოლიციასთან ძალიან ახლოს რომ ხარ…

მე ყოველთვის ვცდილობდი და თანამშრომლებსაც იმავეს ვეუბნებოდი, დისტანცირდით… მხოლოდ ინტერვიუები და სხვა კომუნიკაციაში არასდროს არ შეხვიდეთ.

ამ დროს რამდენიმე წუთით ადრე პოლიციელების გარემოცვაში რომ ვიყავი, რა მომივიდა – გადამიარეს. ოღონდ „გადამიარეს“, ძალიან მსუბუქი ნათქვამია.

როცა მივედი ეთერთან ახლოს, ეთერი ვიღაცას ეკითხებოდა – „რატომ დააკავეთ?“ შევეცადე, მეც ჩავრთულიყავი ამ საუბარში – „რატომ დააკავეთ ჩემი ოჯახის წევრი“…

ვცდილობდი გამეგო, რატომ დააკავეს ეს ადამიანი. მე სხვა ინტერესი არ მქონდა. პასუხი იყო ძალიან აგდებული, ისეთი რა, რომ მოგიგდებენ პასუხს – „ვინ? აი, მთვრალი რომ იყო? რომ იგინებოდა?“

მაშინ როცა ვიცი, შენ რომ დაგაკავეს, იმის გამო მოვიდა იქ [გიორგი გაბაიძე]… თან ეს მინდა ვუთხრა, რომ რა მთვრალი, რას იგინებოდა, ადამიანი მე რომ დამაკავეს, იმის შემდეგ მოვიდა აქ და რა სისულელეს ამბობ…. ეს მინდა ვუთხრა…

მაგრამ ის, ვინც საუბრობდა [დგებუაძე] დაკავებულზე, გიგიზე, მისი მხრიდან იყო ძალიან უპასუხისმგებლო და აგდებული, დამამცირებელი საუბარი.

რაღაცნაირი მოქცევა იყო…. ვიღაც გეუბნება: „მიდი, რა, გაიარე…“ თან ისე, რომ – „ვისაც მინდა, რატომაც მინდა, დავაკავებ…“

ასეთი განცდა დამრჩა და რაღაცნაირად, ბრაზის და უმწეობის ზღვარი მქონდა, როგორც ჩანს.

სიმართლე გითხრათ, ის კადრი, სილის გაწვნის კადრი, საპატიმროში ვიდეო რომ ვნახე, მკაფიოდ მაშინ აღვიდგინე.

შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ თუ გქონიათ ან ამ დარბაზში თუ გქონიათ ვინმეს ისეთი ქცევა, შემდეგ რომ გაოცებულხართ… ჩემთვის ეს სილა იყო.

ოღონდ ძალიან მინდა გთხოვოთ, არ ჩათვალოთ ისე, რომ თითქოს სინანულში ჩავვარდი.

არა, არანაირი სინანული. უბრალოდ რადგანაც ეს მოხდა, ეს ფაქტი მოხდა, ე.ი. გარდაუვალი იყო. სხვანაირად არ შემეძლო მოვქცეულიყავი.

ეს არ იყო დაგეგმილი და გააზრებული ქცევა.

ეს იყო იმპულსური რეაქცია შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, უპასუხისმგებლო, თავკერძა, ყეყეჩ კომუნიკაციაზე.

  • ადვოკატი: ამ საკითხზე ე.წ. დაზარალებულიც საუბრობდა. საერთოდ თუ იცნობდით ბატონ დგებუაძეს, ოდესმე თუ გქონიათ მასთან რაიმე კომუნიკაცია ან თუ გქონიათ, რა კომუნიკაცია შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? იქვე ბესელია გამოდის, თქვენ სადაც დგახართ და შემდეგ გამოდის დგებუაძე. ანუ თქვენთვის იქ ეს ამბავი ცხადი იყო? იცოდით ვინ იყო დგებუაძე? ნანახი გყავდათ? ამ საკითხზე თუ შეგიძლიათ განმარტება მისცეთ სასამართლოს. 

მზია ამაღლობელი: არა და არ ვიცი თავად ე.წ. დაზარალებულ დგებუაძეს რაში დასჭირდა, როცა ჩვენებაში ჩაწერა, რომ ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს და ვსაუბრობდით.

მე არც ბესელიას და არც დგებუაძეს არ ვიცნობდი. არ ვიცი, არ ყოფილან ესენი ისეთი პირები…

ვიცი, პასუხისმგებლობიანი პირები როგორ იქცევიან, როცა ბრიფინგებს აწყობენ რაღაც თემებზე, ქალაქს რა აწუხებს… პირიქით, სულ ყველასგან ის მესმოდა, რომ დასდევდნენ მიკროფონით არამხოლოდ ამათ, ამ პოლიციელებს, რომ კომენტარი მიეღოთ.

  • ადვოკატი: იმ დღეს დგებუაძე პირველად როდის ნახეთ? სად ნახეთ?

მზია ამაღლობელი: სილის გარტყმის დროს ვერ აღვიქვი ვინ იყო. დგებუაძეს სახეში რომ შევხედე, ძალიან ცუდი ვითარება იყო. ძალიან ცუდ ვითარებაში შევხედე სახეში.

როგორ გითხრათ, როცა დამაკავეს და სამმართველოს შენობაში როცა შემიყვანეს…

  • ადვოკატი: მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად. დაკავების მომენტი თუ გახსოვთ ამ ინციდენტის შემდეგ?

მზია ამაღლობელი: როცა გავიაზრე, რომ დამაკავეს, უკვე ჭიშკრის მიღმა ვიყავი. რამდენიმე ადამიანი მიჭერდა მკლავებზე ხელს და ძალიან სწრაფად მივყავდი.

მესმოდა გინების ხმა და მესმოდა სწრაფი ნაბიჯების ხმა ზურგს უკან. აი, სულ ის განცდა მქონდა ოღონდ, რომ ვიღაც ახლა კეფაში ჩამარტყამს.

არ ვიცი, ამაზე რატომ მეცინება, მაგრამ ვბრაზობ ხოლმე, როცა მახსენდება, როგორ აღმოვჩნდი ამ მოცემულობაში.

სამმართველოს შენობაში რომ შემიყვანეს, პირველივე სართულზე, პირველივე ოთახი რაც იყო, ისე შემაგდეს, რომ კარები ჩემი შეგდებით გაიღო, ასე ვთქვათ.

მითხრეს, რომ დივანი იყო და იქ დავმჯდარიყავი. ფეხზე ვერ ვიდექი და დავჯექი.

მიჭირდა დგომა და ამიტომ დავჯექი.

როცა ცოტა გავიაზრე რა ხდებოდა და მიმოვიხედე, ოთახში დამხვდა ახალგაზრდა ქალი პოლიციელი და ერთი მამაკაცი. ზოგადად, ძალიან ვიწრო ოთახი იყო, ერთი მაგიდა მისადგამი და ამ დივნის წინ იყო რაღაცა პატარა კარადა.

რამდენიმე წუთში, ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, 5-10 წუთი ალბათ, ვიღაც ახალგაზრდა შემოვარდა ყვირილით, გინებით. აი, ის ხმა იყო, ზურგს უკან რაც მესმოდა.

რაღაცნაირი ტონი ჰქონდა, იმპერატიული, ამით დამამახსოვრდა ხმა.

ეს ახალგაზრდა შემოვარდა ისევ გინებით.

  • ადვოკატი: იგინებოდა, თუ თქვენ გაგინებდათ?

მზია ამაღლობელი: მაგინებდა. ზოგადად არ იგინებოდა.

მოიწევდა ჩემკენ დედის გინებით.

მეორე-მესამე შემოსვლაზე უფრო შემოქმედებითად მიუდგა ამ გინებას და რა ვიცი, ძალიან შეურაცხმყოფელია ყოველ ჯერზე როცა ვიხსენებ, განსაკუთრებით გენდერულ ნიშანს უსვამდა ხოლმე ხაზს ამ გინების დროს.

როგორც ქალს, რომ მეგრძნო თავი დამცირებულად, განსაკუთრებით ამას უსვამდა ხაზს გინების დროს.

ეს რომ შემოვარდა, იმდენად ვიწრო ოთახი იყო, განცდა მქონდა, რომ თავზე მადგა.

ვცდილობდი არ შემეხედა. ის მაინც – „როგორ დამარტყი, რატომ“ და უსასრულოდ იგინებოდა.

მოიწევდა ყოველ ჯერზე ჩემკენ.

  • ადვოკატი: ჩვენ ბატონი დგებუაძის გინება მოსმენილი გვაქვს, მაგრამ შეგიძლიათ სასამართლომ რომ წარმოიდგინოს.. იმ მომენტში, თქვენ ახლა რაზეც ჰყვებით [გინება იყო გენდერული ნიშნითო] შეგიძლიათ გაიხსენოთ სიტყვები?

მზია ამაღლობელი: ერთადერთი ეს შემიძლია ვუთხრა ბატონ პროკურორებს, წარმოიდგინონ მათი ოჯახის წევრი ქალები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყვნენ შეურაცხყოფილი დგებუაძეს რომ ეგინებინა, რა სიტყვები უნდა გამოეყენებინა მას.

მოსამართლეს შემიძლია ციხიდან წერილობით გამოვუგზავნო დგებუაძის ყველა ის სიტყვა, რა სიტყვებითაც მაგინებდა.

მზია ამაღლობელის სასამართლო. ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები

არ მინდა ამ დარბაზში საუბარი და უბრალოდ გახსენებაც, ძალიან მძიმეა ჩემთვის. ასეთ მოცემულობაში პირველად ვიყავი, თან იმდენად გაოგნებული ვიყავი, რომ პირველი გინების შემდეგ როცა გაიყვანეს, ჩემკენ როცა მოიწევდა, იქვე მყოფ მამაკაცს ვუთხარი – ვინ არის ეს კაცი, სულ ამ ლექსიკით საუბრობს-მეთქი.

როგორ, არ იცნობო? ეს ირაკლი დგებუაძეაო. სახელი და გვარი ვიცოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცოდი იქ ბესელია იყო უფროსი რეგიონის თუ ბათუმის. დეტალურად ვერ აღვიქვი, რომელი რომელი იყო.

რა პოზიციაზეა-მეთქი და ბათუმის პოლიციის უფროსიაო.

იქ, ოთახში, როცა დგებუაძე, ე.წ. დაზარალებული, შემოდიოდა და მაგინებდა, სხვებიც შემოდიოდნენ…

შემოყვებოდნენ, რომ გაეყვანათ, იმიტომ, რომ ჩემკენ მოიწევდა.

ისინი არ ვიცი ვინ იყვნენ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ორი პოლიციელი ქალი, ერთი ცირა ჩოგაძე იყო, ერთი ნანა მახარაძე ან ანა მახარაძე.

არ ვიცი… ცირა ჩოგაძე ნამდვილად ვიცი, აქ ჩვენების დროს ვიღაცას [გულისხმობს მოწმე პოლიციელებს] დავაზუსტებინე. მინდოდა მცოდნოდა, ვინ ისმენდა ამ ყველაფერს.

იმიტომ, რომ ჩვენება ამ ხალხს არ მიუცია.

  • ადვოკატი: თუ შეგიძლიათ აღიდგინოთ, რა ინტენსივობით იყო, რამდენჯერ შემოვარდა დგებუაძე, ამ დროს სხვა თანამშრომლები რას შვრებოდნენ? ეს გინება იყო, მუქარა იყო ამავდროულად თუ რა იყო?

მზია ამაღლობელი: მუქარის აღქმა არ მქონდა. სიტყვიერი მუქარის აღქმა, რადგანაც ფიზიკურად მოიწევდა და სულ მქონდა განცდა, რომ უნდა დაერტყა. მართლა არ ვიცი, სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინათ, წიხლებით გადამივლიდა კი არა, გამლახავდა, რასაც ჰქვია.

  • ადვოკატი: ფიზიკურად რომ მოიწევდა, ხელს უშლიდნენ სხვა პოლიციელები?

მზია ამაღლობელი: სხვა პოლიციელებს გაჰყავდათ, კი.

მოიწევდა-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ვცდილობდი, როცა მაგინებდა, გონებაში სულ იმას ვამბობდი, რომ ეს ჩემს თავს არ ხდება. მინდოდა, რომ ჩამეკეტა.

ახალ პროვოკაციაზე არ მინდოდა წამოვგებულიყავი. დივანზე რომ ვიჯექი, ისე ახლოს მოვიდა ფეხები, ავხედე. მივხვდი, რომ უნდა დამარტყას და როცა ავხედე, აი, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა.

  • ადვოკატი: რა ტიპის ვერბალურ შეურაცხყოფას გაყენებდათ და პირველად მაშინ ახედეთ, როცა შეგაფურთხათ?

მზია ამაღლობელი: შიში არ ვიცი… უფრო განრიდება, არიდება იყო. მინდოდა ამერიდებინა, არ გინდა, რომ ეს შუახნის ადამიანი ვიღაცამ ასე მიზანმიმართულად გაგლახოს… ხომ ხვდებით, არა.

არ ვიცი, როგორ გითხრათ, დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს ზუსტად იმ ჩემს სიჩუმეს.

ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ არ დავლეწე იქაურობა, ოღონდ მართლა. როგორ არ ვიყვირე, აი, არ ვიცი.

  • ადვოკატი: ალბათ შეურაცხყოფისგან და უსუსურობისგან. ახლა რაზეც საუბრობთ, რადგანაც მარტო ხართ პოლიციის შენობაში, სრულიად დაუცველი და ერთადერთი, დგებუაძემ რომ არ გაგლახოთ სხვა პოლიციელები გშველიან. ეს სიჩუმე როგორ შეძელით? მაგრამ ესეც შიშის იყო ალბათ?

მზია ამაღლობელი: არ ვიცი რა იყო. ვერ ვარქმევ ამას სახელს დღემდე და ალბათ ვერასდროს ვერ ვაპატიებ ჩემს თავს ამას.

ბოდიში, მართლა ვბრაზობ ახლა ჩემს თავზე.

  • ადვოკატი: უნდა დავუბრუნდე იმ მომენტს, ბატონმა დგებუაძემ რომ შეგაფურთხათ. ბოლო შემოვარდნაზე შეგაფურთხათ ხომ ალბათ?! შემდეგ რა ხდება, როგორ გააკავეს?

მზია ამაღლობელი: როცა შემაფურთხა… იმდენად ცუდად ვიყავი, ერთადერთი, რაც მოვახერხე, იყო ის, რომ წამოვვარდი – წყალი მომიტანეთ და საპირფარეშოში გამიყვანეთ-მეთქი.

მინდოდა, რომ სახე დამებანა… არ ვიცი რა იყო ეს.

ერთ-ერთი ქალი პოლიციელი, ვიწრო ოთახი იყო, ჩემი ცოტა გაწევა მოუწია იქით, რომ კარადამდე მისულიყო და ჭიქა აეღო და ალბათ წყალი მოეტანა.

კარებისკენ მიდიოდა, როცა ხმამ შეაჩერა… „არა, არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანთ. ჩაიფსას“.

დერეფანში მარტო არ იყო.

მე ხომ არ მაყენებდა მარტო შეურაცხყოფას. საკუთარი თანამშრომლების თანდასწრებით, ძალიან ბევრი ადამიანის თანდასწრებით ასე იქცეოდა.

მახსოვს, რომ უბრალოდ დავჯექი და გონება გავთიშე.

რომ არ მეტირა. არ ვიცი. ხომ გითხარით.

იმ დღეს პოლიციის სამმართველოს შენობაში ყველა იყო მომართული იმისთვის, რომ არაადამიანურად მეგრძნო თავი.

განსაკუთრებით მამაკაცები. ქალები სრულიად უხმოდ იდგნენ.

ქალი პოლიციელები სრულიად უხმოდ იყვნენ.

ხელბორკილის დასადებად რომ შემოვიდნენ, ვიღაც მამაკაცი შემოვიდა და „ამას ხელბორკილი რატომ არ ადევსო“.

ეს კაცი მერე „ტვ პირველის“ კადრებიდან აღვიქვი. ნატო გოგელია [ტვ „პირველის ჟურნალისტი] ეუბნებოდა „კასკაო…“ „კასკა არ გქვია შენო“ და როგორც აღმოჩნდა, ათაბეგაშვილი იყო. „ამას ხელბორკილი რატომ არ უკეთიაო“…

ხელბორკილი რომ გამიკეთეს, მეორედ შემოვიდა და „წინ რატომ უკეთია ხელბორკილი, ახლავე უკან შეუკარით ხელებიო“ და ნიშნისმოგებით… ისე რომ შემოგხედავენ, ყოველი შემოხედვისას ფეხქვეშ რომ გაგიგდებს… ესეთი დამოკიდებულება ჰქონდათ.

….მეორედ როცა მოვიდნენ, ნივთმტკიცება, ქურთუკი ამოიღეს და ეს სვიტერი, რომ ეს ფურთხი [დგებუაძის] მოეკვლიათ.

სახალხო დამცველი როცა შემოდის და მეკითხება რა გინდა, სულ იმას ვეუბნები, რომ იქნებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოკითხოთ ეს საქმე.

ყოველ ჯერზე ოფიციალურ პასუხს მიგზავნიან – მოვიკითხეთ, მაგრამ არაფერი არ არის, მოვიკითხეთ, მაგრამ არაფერი არ არის…

  • ადვოკატი: იძულებული ვარ.. მზია ეს ჩვენება თქვენ ხომ მიეცით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს? იქ იყო ერთხელ კომუნიკაცია გამომძიებელთან, ხომ?

მზია ამაღლობელი: როცა ამ დეტალებს ვიხსენებდი, იმდენად ახლოს მოვიდა, რაღაც [ნერწყვი] შეიძლება სვიტერზეც მოხვედრილიყო, კი.

სვიტერის [გამოკვლევა] ჩემი ინიციატივა იყო. სადაც ვიდეო არ არის, ე.ი. იქ არაფერი არ ხდება…

ხომ ხვდებით.

____________________

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება.

აჭარის და ბათუმის პროკურორები შეცვალეს – ვინ არიან ახალი პროკურორები

აჭარის პროკურორი ზაზა მეტონიძე აღარ არის. იგი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურის პრესცენტრში დღეს, 17 ივლისს, ვერ გვითხრეს, ვინ დაინიშნა აჭარის პროკურორად.

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, რომელსაც რამდენიმე ინფორმირებული წყარო ადასტურებს, აჭარის ახალი პროკურორი გიორგი ცხოვრებაძეა.

გიორგი ცხოვრებაძე აქამდე ზესტაფონის რაიონულ პროკურორად მუშაობდა.

ბათუმის პროკურორად კი, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი გაჩეჩილაძე დანიშნეს. ირაკლი გაჩეჩილაძე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო.

ირაკლი გაჩეჩილაძემ ბათუმის პროკურორის პოსტზე გიორგი ბახტაძე ჩაანაცვლა.

____________________

მთავარ ფოტოზე: საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და აჭარის ყოფილი პროკურორი ზაზა მეტონიძე. ფოტო: საქართველოს პროკურატურა

რას კარგავს საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერებით? – „აღმოვჩნდებით ბევრად მძიმე ეკონომიკურ გასაჭირში“

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე რეალური გახდა „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკის გამო. რა ელოდება საქართველოს ევროპისგან დაშორებით და რას კარგავს ქართველი ხალხი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გიორგი ბადრიძეს ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, დღეს უკვე დაიწყო მორიგი პროპაგანდა ირაკლი კობახიძემ ვიზალიბერალიზაციაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის საპირწონედ ითხოვს სუვერენიტეტის დათმობას და „ქართული ოცნება“ აირჩევს სტაბილურობასო. როგორ ფიქრობთ, ისევ იმუშავებს მსგავსი პროპაგანდა ხალხზე? და რას კარგავს ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით?

მე კარგად მახსოვს, 2017 წელს, ზუსტად იგივე კობახიძე ამბობდა, რომ ეს იყო დიდი მიღწევა, როდესაც ევროკავშირმა მისცა საქართველოს უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. ის ამტკიცებდა, – სიტყვა-სიტყვით ვიმეორებ, რომ „ეს იყო დიდი პრივილეგია და ასევე პასუხისმგებლობა“.

ან მაშინ გვატყუებდა კობახიძე, ან ახლა ტყუის, რადგან ზუსტად ამის საპირისპიროს ამბობს.

ვიზალიბერალიზაცია და უვიზო მიმოსვლა ტექნიკური საკითხი არ არის, ეს არის ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობის ხარისხის საკითხი.

ევროკავშირს მხოლოდ იმ ქვეყნებთან აქვს უვიზო მიმოსვლა, რომლებსაც მიიჩნევს ახლობლად, მოკავშირედ და რომლის მოქალაქეებიც, სულ მცირე, არ წარმოადგენენ უკანონოდ, ვადაზე მეტხანს დარჩენის, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის რისკს მის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ.

საქართველო მდიდარ ქვეყნებს შორის რომ არ იყო, ეს 2017 წელსაც იცოდნენ, მაგრამ მაინც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რისკის ზონაში შედიოდა თავისი ეკონომიკური ვითარების გამო. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის წასახალისებლად, რასაც ქართველი ხალხისგან აღიქვამდნენ, რომ ხალხს ჰქონდა გამოხატული სურვილი გამხდარიყვნენ ევროპის ნაწილი.

და ასეც იყო.

გიორგი ბადრიძე

ევროკავშირს აქვს თავისი კონკრეტული სტანდარტები, რომელიც ყოველთვის იყო ცნობილი. ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტები, ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს არის ადამიანის უფლებები და ქვეყანა, რომელიც ამ პრინციპებს შეგნებულად, სისტემატურად არღვევს, ბუნებრივია, აღარ განიხილება ისეთივე მოკავშირედ, როგორადაც განიხილებოდა საქართველო მანამდე, სანამ ჰქონდა მას პრეტენზია, რომ სურდა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო.

შესაბამისად, შესაძლო გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ, იქნება ევროკავშირის მიერ იმის აღიარება, რომ ივანიშვილის ხელისუფლება იმის საპირისპიროს აკეთებს, რასაც ევროკავშირი ელის კანდიდატი ქვეყნისგან.

დღეს სრულიად აშკარად გამოიხატა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმის საპირისპიროდ, რაც არის მოთხოვნილი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. მაშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს ვეღარ აუხსნიან, თუ რატომ არის უვიზო მიმოსვლა ღარიბ ქვეყანასთან, სადაც დემოკრატიის ნაცვლად ააშენეს რუსული პოლიტიკური სისტემა.

  • დღეს მდინარაძემაც წამოსწია პროპაგანდის ის ხაზი, სადაც იმეორებენ, რომ თითქოს ოჯახების სიწმინდეს და ქართულ ღირებულებებს იცავენ ამით. „ოცნების“ მომხრეებს ახლა მაინც ხომ უნდა გაუჩნდეთ კითხვა, 2017 წელს არ ზრუნავდა კობახიძე ოჯახის სიწმინდეზე? მაშინ ხომ ამბობდა, რომ ვიზალიბერალიზაცია პრივილეგია იყო?

მამუკა მდინარაძე რას წარმოადგენს, მე აღარ შევალ ამის განხილვაში, მაგრამ სრულიად ბუნებრივია, რომ ის ღიად არ ეუბნება თავის მომხრეებს: ჩვენ იმიტომ ვამბობთ უარს ევროკავშირზე, რომ თქვენ, ჩემო ამომრჩეველო, არ გქონდეთ უფლებები, არ შეგეძლოთ თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობა, რომ თქვენ არ შეგეძლოთ სარგებლობა დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოთი და ამაზე უარს რომ გეუბნებით, ამიტომ გვაქვს დაპირისპირება ევროკავშირთანო.

ამას ვერ ეტყვიან.

ამიტომ უნდა გამოიგონონ რაღაც აბსურდული ბრალდება ევროკავშირის მიმართ.

ევროკავშირი, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა და ადამიანის უფლებების დაცვა იქ ყოველთვის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენდა. ოღონდ ამ ლგბტქ საკითხზე რომ აქვთ ხოლმე ასეთი გართულება „ოცნების“ წარმომადგენლებს, მათ მომხრეებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ევროკავშირში ყველას უფლებაა დაცული, ყველა მოქალაქის და ქვეყნები, რომლებიც ღიად არღვევენ უმცირესობების უფლებებს, არასდროს არ იცავენ უმრავლესობის უფლებებსაც და ასევე ღიად არღვევენ მათ უფლებებსაც.

რუსეთის მოდელზე რახან გადადის ივანიშვილის ხელისუფლება, ძალიან მარტივად შემიძლია გაჩვენოთ, რომ რუსეთში ღიად და კანონით არის შემოღებული უმცირესობების დისკრიმინაცია, მაგრამ აბა გაბედოს სლავმა, ეთნიკურმა რუსმა, მართლმადიდებელმა და ხმა ამოიღოს მაგალითად კორუფციაზე, როგორც ეს გააკეთა რუსმა ნაციონალისტმა ალექსეი ნავალნიმ და ყველამ ნახა, რა დღე დააყენა შემდეგ ვითომ ტრადიციული ფასეულობების დამცველმა რუსულმა ხელისუფლებამ.

ეს უნდა მიიღონ მხედველობაში იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე მიამიტურად უსმენენ ამ სულელურ და უწესო პროპაგანდას.

  • კობახიძემ თავის პროპაგანდაში კვლავ ჩართო ასეთი ნარატივი, რომ აი, რით განსხვავდება ბრიუსელი და მოსკოვი? საბჭოთა კავშირიც გვკარნახობდა და თუ არ შეასრულებდი, გსჯიდნენო. ამ კრემლისტურ პროპაგანდას როგორ შეგიძლიათ უპასუხოთ?

ბრიუსელი არის მიზიდულობის ძალა, თავისი განვითარებით, თავისი ეკონომიკური კეთილდღეობით, თავისი კულტურული, სამეცნიერო და სხვა უამრავი მიღწევებით, რის გამოც შევიდნენ ევროკავშირში ის ქვეყნები, რომლებიც შევიდნენ.

არცერთ ამ ქვეყანას ევროკავშირი არ გაჰკიდებია და ძალით არ შეუყვანიათ. პირიქით, უამრავი წინაპირობაა შესასრულებელი იმისთვის, რომ მიგიღონ ევროკავშირში.

რუსული სისტემა გულისხმობს, გინდა თუ არ გინდა, ძალით, მის დაქვემდებარებაში ყოფნას. და თუ შენ არ გაქვს სურვილი, რომ იყო მოსკოვის ყმა, ის ომით და ძალმომრეობით გიზიდავს მასში.

ზოგადად, დასავლური და რუსული სისტემა კიდევ იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ დასავლური სისტემა დაფუძნებულია დემოკრატიის პრინციპზე, ადამიანის უფლებების და ადამიანის კეთილდღეობის პრინციპზე და რუსული სისტემა დამოკიდებულია ძალმომრეობაზე, ადამიანის უუფლებობაზე და როგორც ვთქვი, ეს ასევე გულისხმობს უმრავლესობის წარმომადგენლების უუფლებობასაც.

აი, ეს არის განსხვავება და ამათი გაიგივება შეუძლია მხოლოდ სრულიად უცოდინარ ან სრულიად უსინდისო ადამიანს, რომელიც ასე ღიად თვალში ნაცარს აყრის ჩვენს მოქალაქეებს.

  • ვიზალიბერალიზაციის საკითხს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ფეისბუქზე. ბევრი წერდა, რომ უვიზო მიმოსვლამ ძალიან ბევრი ოჯახი გადაარჩინა შიმშილს და სიკვდილს, რადგან ვიცით, რომ თავისუფალი მიმოსვლა არ არის მხოლოდ ევროპაში მოგზაურობა და ეს დაკავშირებულია სამუშაო ადგილებთან, მკურნალობასთან, განათლების მიღებასთან და ასე შემდეგ. იქნებ კიდევ შევახსენოთ ადამიანებს, რა შეიძლება დაკარგონ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლით?

არა მგონია არ იცოდნენ ამის შესახებ ადამიანებმა, არ იღებდნენ ამ სიკეთეებს ან არ იცნობდნენ ისეთ ოჯახებს, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებული არიან ევროპიდან მათი ახლობლების მხრიდან ფულის გადმორიცხვაზე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც ძალიან უყვართ იქ სიარული გასართობად, შოპინგისთვის და შემდეგ გვეტრაბახებიან ამ ყველაფრით, თუ როგორ დადიან და ძალიან ხშირად ჩვენ ხარჯზე ევროპის დედაქალაქებში. მათთვის ჯერ არ შემიმჩნევია, რომ სასწავლებლად, საცხოვრებლად ან სამუშაოდ თავიანთი შვილები გაეგზავნოთ სადმე რუსულ პროვინციაში.

ასე, რომ ამ პრივილეგიის დაკარგვა, ყველას შეეხება, მაგრამ მთავარი აქ არის არა მხოლოდ ის დანაკარგი, რომელიც ფიზიკურად შეუზღუდავს ადამიანს უვიზოდ, ბილეთის აღების შესაძლებლობას, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმების გარეშე, არამედ ეს იქნება სიმბოლო საქართველოს დაშორებისა იმ საერთო ცივილიზაციური და პოლიტიკური სფეროდან, რომელსაც ის თავისად განიხილავდა მრავალი თაობის და საუკუნის განმავლობაში.

ამით მამუკა მდინარაძეები გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვართ დასავლური, ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი, არამედ ვართ აი, ამ მონღოლური ურდოს ნაწილი, რომელიც არის რუსეთი.

რაც არ უნდა დიდი ჯვარი დაიჭიროს ამ ხალხმა ხელში, სინამდვილეში ლაპარაკია სწორედ ამ მონღოლურ კაბალაში და მონღოლების ყმობაში დაბრუნებაზე.

  • თუკი მოხდება ისე, რომ მართლა შეგვიჩერდება უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, შეძლებს კი საქართველო ოდესმე ამ პრივილეგიის დაბრუნებას თუ სამუდამოდ დავკარგავთ ამ სიკეთეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდის და მავნე პოლიტიკის გამო?

როგორც კი საქართველო მოიპოვებს ნორმალურ ხელისუფლებას, პირველივე დღიდან, ბუნებრივია, აღდგება მუშაობა ევროკავშირთან ამ ურთიერთობების, ამ ინტეგრაციის აღდგენაზე, ოღონდ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უფრო მეტი ეჭვით და სკეპტიციზმით შეიძლება მოეკიდონ საქართველოს, რადგან ფაქტია, რომ აგერ უკვე 12 წელია მას მართავს რუსული ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც მათ მიიღეს პარტნიორად, მაგრამ მათ ძალაუფლების და დიდი კორუფციული ქონების შენარჩუნება ამჯობინეს დემოკრატიულ პრინციპებს და ევროპაში ინტეგრაციას და ევროპის ქვეყნებს ყოველდღე სასწაულ ბრალდებებს უყენებენ. ხან გარყვნილებას აბრალებენ და ხან ომში ჩვენი ჩათრევის სურვილს.

მე ხაზს გავუსვამ, რომ ევროკავშირი არის მსოფლიოში უნიკალური გაერთიანება, რომელმაც უზრუნველჰყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, დაწყებული მისი შექმნიდან გაგრძელებული დღემდე.

მსოფლიოში არცერთ რეგიონში 80 წლის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობა და კეთილდღეობა არ ყოფილა. ასე რომ, ევროკავშირი არის მშვიდობის პროექტი და სწორედ მას აბრალებენ ომის გაჩაღების სურვილს, რაც არის გათვლილი სრულიად ბრიყვი, უმეცარი, უცოდინარი ადამიანებისთვის.

  • ვიცით, რომ ძალიან აქტიურად ალაპარაკდა სომხეთი ევროინტეგრაციაზე. რამდენად არის შესაძლებელი, რომ სომხეთმა შეძლოს ევროინტეგრაცია, აზერბაიჯანმა და ამ დროს, საქართველო ჩარჩეს რუსულ ჭაობში? გეოპოლიტიკურად თუ არსებობს ამის შანსები?

მთავარი პრობლემა, ჩვენი კუთხიდან თუ შევხედავთ, არის ის, რომ რუსეთი დღეს უკვე ცდილობს სომხეთის ევროპისკენ მიმავალი გზის გადაჭრას საქართველოს მეშვეობით.

ზუსტად ისე, როგორც აზერბაიჯანს შეიძლება შეუქმნას პრობლემები თურქეთთან და საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირებით საქართველოს მეშვეობით და ეს წარმოქმნის რეალურ შესაძლებლობას, რომ რუსეთმა შესაძლოა გააჩაღოს კონფლიქტი საქართველოსა და სომხეთს ან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

კონფლიქტი იყო ყოველთვის საფუძველი სამხრეთ კავკასიაზე რუსეთის კონტროლის. და თუ დავაკვირდებით, აზერბაიჯანი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სომხეთთან, რათა პრაქტიკულად გახსნას საქართველოს ალტერნატიული დერეფანი, რომელიც მას დააკავშირებს თურქეთთან და ამაში დამნაშავე არის პირადად „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, რადგან მან პრაქტიკულად წაართვა საქართველოს მისი ბუნებრივი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური ფუნქცია დამაკავშირებლის კასპიის რეგიონისა შავ ზღვასთან.

იმიტომ, რომ მას დღეს აღიქვამენ უკვე არასანდო პარტნიორად არა მარტო ევროკავშირში, არამედ ჩვენს უშუალო სამეზობლოშიც.

მე არ ვიცი შეძლებს თუ არა სომხეთი საქართველოს გარეშე ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან მას ფიზიკურად არ ექნება დამაკავშირებელი, მაგრამ, ის, რომ სომხეთს შეუძლია დღეს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ აქტიურად ჩაანაცვლოს საქართველო, როგორც სატრანზიტო ელემენტმა, ეს რეალურად შესაძლებელია.

  • დღეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეხვდა ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის ხელმძღვანელს და როგორ ფიქრობთ, ელოდება ივანიშვილი, რომ, შესაძლოა SWIFT-იდანაც გაითიშოს საქართველო? ასეთ შემთხვევაში ჩინეთი რას მისცემს საქართველოს, იქნება კი დასავლეთის ალტერნატივა ჩვენთვის?

ჯერ ერთი, ჩინეთი ევროკავშირს და დასავლეთს საქართველოში ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ, რომ ამის არც სურვილი აქვს და არც ინტერესი. ჩინეთი დიდი ხანია ძალიან კონკრეტული პრინციპებით მოქმედებს და ეს პრინციპი გულისხმობს, რომ ის არასდროს კავკასიაში რუსეთის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებს.

ყველაფერი, რასაც ჩინეთი გააკეთებს, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან კოორდინაციაში. ჩინეთი კავკასიას და საქართველოს თვლის რუსეთის ვასალად და სხვანაირად ის, დამოუკიდებლად, საქართველოში არ მოიქცევა და არც ჩინური საბანკო სისტემა შემოვა საქართველოში ძალიან მარტივი მიზეზით, რადგან მას არ აქვს საქართველოში საკმარისი პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესი.

ასეთი ინტერესი რომ ჰქონდეს, მაშინ საქართველოში დიდი ხნის წინ გვექნებოდა ნანახი ჩინური ინვესტიციები, რომლებიც მოახდენდნენ სერიოზულ გავლენას ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე.

იმ ჩინელი მშენებლების გარდა, რომელიც შეიძლება პერიოდულად ნახოთ ჩვენს გზებზე და რომლებიც ევროპული ფულით აშენებენ ჩვენს ინფრასტრუქტურას, სხვა არანაირი განსაკუთრებული ჩინური აქტივობა საქართველოში არ არსებობს.

  • ამ შეხვედრების მიზანი რა არის მაშინ?

ვერ გეტყვით, რადგან მათი განცხადებები ჩემთვის დიდი ხანია სანდო აღარ არის და არც ჩინეთი არ არის საქართველოში სტრატეგიული მოთამაშე და ვერც გახდება, რადგან სულ მცირე, ის რუსეთთან კოორდინაციაში მოქმედებს.

  • როგორ ფიქრობთ, შეძლებს „ოცნება“, რომ ხალხი შეაგუოს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას თუ ექნება ამას წინააღმდეგობა?

თუ „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი მიაღწევს ამ მიზანს, რომ შეაგუოს ამას ხალხი, ეს ნიშნავს, რომ ხალხი აღმოჩნდება არა მარტო პოლიტიკურად იზოლირებულ ქვეყანაში, არამედ ბევრად უფრო ძლიერ ეკონომიკურ გასაჭირში.

და ამას თავისთავზე იგრძნობს ყველა. მე მეშინია, რომ მერე უფრო ძნელი არ აღმოჩნდეს ამ ორმოდან ამოსვლა, რომელშიც ჩვენ პრაქტიკულად შევყავართ ბიძინა ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ თავისი პირადი ძალაუფლების და ფინანსური ინტერესების უზრუნველსაყოფად.

რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში და საითკენ? – „ასე ჩვენი ცნობილი სატრანზიტო დერეფანიც დაკარგავს ფუნქციას“

აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურიძე არ გამორიცხავს, სომხეთი და აზერბაიჯანი მართლაც გამოვიდნენ რუსეთის ჩრდილიდან, განვითარების გზას დაადგნენ, საქართველო კი, პრორუსული და არალეგიტიმური მთავრობის წყალობით, რუსეთის სატელიტად იქცეს.

„ჩვენთან კი უყვართ იმის თქმა, რომ შავი ზღვის პორტები მნიშვნელოვანია ბაქოსთვის და ასე შემდეგ, მაგრამ თუ დაიძაბა სიტუაცია საქართველოში, მაშინ სომხეთის და თურქეთის გავლით, ხმელთაშუა ზღვის პორტებით განხორციელდება ეს ყველაფერი, ხარჯის გაზრდის მიუხედავად,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი.

აღმოსავლეთმცოდნე ნაკლებად ელის, თუმცა იგი ახალი ომის საფრთხესაც არ გამორიცხავს, თუ რუსეთი სომხეთში, მაგალითად, ფაშინიანის ჩამოშორებას გადაწყვეტს, „აბა, ომი გინდას“ ძახილით დაკავებული „ოცნება“ კი რუსეთის ღია მოკავშირედ შეიძლება ვიხილოთ.

„თუ რუსები სომხეთში რამეს შეეცდებიან, ის კონტინგენტი, რაც გიუმრის ბაზაზე ჰყავთ, არ იქნება საკმარისი – მათ დასჭირდებათ არმიის დახმარება, რომელიც აუცილებლად საქართველოს ტერიტორიიდან გაივლის. დარუბანდის და აზერბაიჯან-დაღესტნის საზღვარი რელიეფის მხრივ ძალიან პრობლემურია, გარდა ამისა, აზერბაიჯანის ტერიტორია ექნება ამ არმიას გასავლელი, რაც გამორიცხულია. ამიტომაც, რჩება საქართველოს გავლით სომხეთში შეჭრა… მე ამ სცენარს ყოველ შემთხვევაში უკრაინაში ომის დასრულებამდე ნაკლებად სავარაუდოდ მივიჩნევ,“ – გვიყვება სანდრო ბაკურაძე.

რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში და საითკენ? – „ბათუმელებმა“ აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო სანდრო, თქვენი დაკვირვებით, რა იცვლება არსებითად სამხრეთ კავკასიაში? შეიძლება შედგეს სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება? აშშ-ს ელჩმა თურქეთში ტომ ბარაკმა განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის აიღოს ზანგეზურის დერეფნის მართვაზე პასუხისმგებლობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუ ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ჩიხში შესული მოლაპარაკებების წინ წაწევას“.

მსგავსი ტიპის შეთანხმება მართლაც შეიძლება გახდეს ორ ქვეყანას შორის ეფექტური, გრძელვადიანი ხელშეკრულების დადების ერთგვარი გარანტია. ტომ ბარაკის განცხადებებიდან ჩანს, მაგალითად, თურქეთთან, ან სირიასთან დაკავშირებით, რომ ის ამ რეგიონს მაინცადამაინც კარგად არ იცნობს. ვგულისხმობ იმას, რომ ამ დინამიკაში ამის მიღწევა საკმაოდ რთული იქნება.

რამდენად მოახერხებს ამას ამერიკა – ჯერ აზერბაიჯანის დათანხმებას, შემდეგ თურქეთის, რთული სათქმელია. აშშ-ს ბერკეტები გააჩნია, მაგრამ მისი გამოყენებას რამდენად ისურვებს, სხვა თემაა.

სანდრო ბაკურაძე

საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანში ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ საკმაოდ სერიოზული იდეოლოგიური კრიზისია: როგორც აღმოჩნდა, აქ არმენოფობიასა და ყარაბაღზე ბევრი რამ ჰქონდათ აწყობილი. აზერბაიჯანს სჭირდება ახალი ნარატივის შექმნა და ყარაბაღის ნარატივის ჩანაცვლება, რომ ამ ახალმა საკითხმა გააერთიანოს აზერბაიჯანის მოსახლეობა ალიევის ხელისუფლების გარშემო, თანაც ისე, რომ საკუთარი პრობლემები აიტანოს.

როგორც ჩანს, ალიევს ეს საკითხი ბოლომდე გამოგონებული არ აქვს. თუ ალიევმა იგივე ანტირუსულ და ანტიტირანულ განწყობებზე ააგო რაღაც, რაც დღეს აქტუალურია, მაშინ სომხეთთან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაც რეალისტური გახდება.

  • რუსეთის ორბიტას დაშორებულ სამხრეთ კავკასიაში თურქეთი ირგებს რეგიონული ლიდერის როლს? 

არა. თურქეთს შესაძლოა ბევრი რამის სურვილი ჰქონდეს, მაგრამ ეკონომიკური პრობლემებიდან დაწყებული, თავდაცვის საკითხებიც რომ ავიღოთ – F16-ის გარეშე დარჩა ავიაცია და ასე შემდეგ – მეეჭვება, თურქეთს ლიდერის რესურსი ჰქონდეს იგივე რუსეთის ან ირანის წინააღმდეგ. ის ვერ გახდება უსაფრთხოების გარანტი, მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკის დონეზე თურქეთს სწორედ ეს უნდა. სამხედრო ძალის არსებობის მიუხედავად, მას გარანტორების რესურსი არ აქვს.

ამის ნათელია მაგალითია სირიაც – მიუხედავად იმისა, რომ თურქებმა იქ წარმატებით შეძლეს ანკლავის შენარჩუნება, შესაბამისი ნიადაგიც შეამზადეს, რომ შემდეგ იქ ბაზირებულ ფორმირებას სირიის ცენტრალური ხელისუფლება დაეკავებინა, მაინც ვერ შეძლეს სირიის პოლიტიკაში საკუთარი დომინაციის შენარჩუნება – ყურის [სპარსეთის ყურის] ქვეყნებმა ამ შემთხვევაში ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იოლად გაზარდეს გავლენა სირიის ახალ მთავრობაზე, თურქეთი კი, საკუთარი ეკონომიკური პრობლემების გამო, ყურის ქვეყნების ინვესტიციებზე ძლიერად არის დამოკიდებული. თურქეთს არ აქვს რესურსი ამ ქვეყნებს დაუპირისპირდეს.

ეს ეხება კავკასიასაც. აქ თურქეთის როლი საბოლოო ჯამში იმაზე უფრო შეზღუდული იქნება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

  • ერდოღანმა 20 ივნისს უმასპინძლა ფაშინიანს და განაცხადა, ერევანი ახლა უფრო ღიაა აზერბაიჯანის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადო. როგორ ხედავს სამხრეთ კავკასიის რეგიონი თურქეთის როლს და როგორ ხედავს თურქეთი საკუთარ ფუნქციას? 

თურქეთი საკუთარ როლს ხედავს, როგორც წამყვან, ძლიერ, დომინანტ ძალად, მაგრამ რეალურად, თავადვე ყველაზე კარგად იციან, რა რესურსიც აქვთ. მათთვის მთავარია იმიჯი, რომ რეგიონში ძლიერები არიან. რა იქნება ფაქტობრივად და რეალურად, ეს მათთვის მეორეხარისხოვანია.

თურქეთისთვის მთავარია ისეთი რამ, რაც შიდაპოლიტიკურად კარგად გაიყიდება, განსაკუთრებით ახლა, როცა ერდოღანს შიდა არენაზე უჭირს.

შესაბამისად, ბევრი განცხადება იქნება რიტორიკის დონეზე, იქნება გარკვეული ეკონომიკური თანამშრომლობა, ხმაურიანი ვიზიტები, მაგრამ რაიმე ფუნდამენტურს და რადიკალურს თურქეთისგან არ უნდა ველოდოთ.

  • დასუსტებული რუსეთის ფონზე თურქეთის ნატოს წევრობა ვერ შექმნის უსაფრთხოების ერთგვარ გარანტიას? 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატოში თურქეთი ყოველთვის მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი მოთამაშე იყო და მისი ნატოს წევრობა უფრო კონიუნქტურის ნაწილი იყო.

თურქეთი ინარჩუნებს ნატოს ქოლგას და რეალურად თავს იცავს იგივე ირანის, ან სხვა ქვეყნის სამხედრო ინტერვენციისგან, მაგრამ ნატოს შიგნით მისი გავლენა ყოველთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს სხვაგვარად შეიძლება ყოფილიყო.

  • თურქეთის ამ ფაქტორის გათვალისწინებით და იმ ფონზე, როცა საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის გავლენას ინარჩუნებს, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სომხეთის და აზერბაიჯანის ჩრდილიდან გასვლას? 

პირველ რიგში, სომხეთს ევროპის ბაზარი გაეხსნება თურქეთის გავლით და ეს იქნება შესაძლებლობა, საკმაოდ ბევრი პროდუქტი ევროპაში გაიტანოს, ასევე თურქეთის გავლით – ახლო აღმოსავლეთში. ეს საშუალებას მისცემს სომხეთს რუსეთისგან ეკონომიკური დისტანცირება შეძლოს.

ამავე დროს, საქართველოს ენერგო ინფრასტრუქტურაში თურქეთის და აზერბაიჯანის საკმაოდ დიდი ინვესტიციებია. თუ ასე გაგრძელდება სიტუაცია, არაა გამორიცხული, ამ ინვესტიციების ნაწილი გადავიდეს სომხეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ჩვენი ცნობილი სატრანზიტო დერეფანი ნელ-ნელა დაკარგავს ფუნქციას.

ჩვენთან კი უყვართ იმის თქმა, რომ შავი ზღვის პორტები მნიშვნელოვანია ბაქოსთვის და ასე შემდეგ, მაგრამ თუ დაიძაბა სიტუაცია საქართველოში, მაშინ სომხეთის და თურქეთის გავლით, ხმელთაშუა ზღვის პორტებით განხორციელდება ეს ყველაფერი – ხარჯის გაზრდის მიუხედავად.

  • ანუ შესაძლებელია, რომ საქართველო დარჩეს რუსეთის სატელიტად ამ რეგიონში, სომხეთი და აზერბაიჯანი კი, განვითარების გზას დაადგნენ? 

დიახ, ეს სრულად შესაძლებელია.

შესაძლოა, მოკლე ვადაში არა, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზების შემთხვევაში, ასევე თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის შემთხვევაში, ეს სრულიად შესაძლებელია. ამას შესაძლოა მოჰყვეს ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ერთიანი სარკინიგზო ხაზი და ასე შემდეგ.

  • აქეთკენ მიდის პროცესი ახლა

ვფიქრობ, რომ ნორმალიზება შესაძლებელია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში ყარსის და არდაჰანის სასაზღვრო რეგიონის მოსახლეობა კარგა ხანია სომხეთთან საზღვრის გახსნის მომხრეა. თურქეთის შიდა პოლიტიკაში რეგიონული ლობირება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

თუ თურქეთში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა ისეთი ძალა, რომელსაც დასავლეთთან ნაკლებად კონფრონტაციული პოლიტიკა ექნება, ასევე თუ თურქეთი დაიწყებს განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, წარმატებით მოახერხებს იგივე კორუფციის შეზღუდვას და ასე შემდეგ, მაშინ სამხრეთ კავკასიის რეგიონში თურქეთის როლი მართლაც გაიზრდება – მას მართლა რეალური დომინაცია ექნება.

  • დასავლეთში რამდენად არის თურქეთის რეგიონული ლიდერობისთვის მზაობა განსაკუთრებით ერდოღანის ბოლო ნაბიჯების შემდეგ? – ვგულისხმობ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებებს, დემოკრატიის დაჩქარებულ უკუსვლას.

დასავლეთს თურქეთის დემოკრატია დიდად არასდროს არ ედარდებოდა. ასე იყო 70-იან თუ 90-იან წლებში, ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევების დროსაც და სამხედრო გადატრიალების დროსაც, მაშინაც, როცა დევნილების შესახებ ევროკავშირის ლიდერმა ქვეყნებმა თურქეთთან ხელშეკრულება გააფორმეს.

შესაბამისად, ევროკავშირისგან აღშფოთების გამომხატველი განცხადებების იქეთ არაფერს არ უნდა ველოდოთ. იგივე დამოკიდებულებაა აშშ-დან თურქეთის მიმართ.

  • ამ მოცემულობაში ალიევი რამდენად შეიძლება გახდეს იძულებული, ნაბიჯები დემოკრატიისკენ გადადგას? 

ეს რთული სათქმელია, პროგნოზს ვერ გავაკეთებდი.

თუ ალიევმა ვერ შეძლო ახალი ნარატივის წარმატებით აწყობა და საბოლოოდ მის რეჟიმს კრიზისი შეექმნა, მას შეიძლება მოუწიოს დემოკრატიისკენ ნაბიჯების გადადგმა. ამის ალბათობა მაინცადამაინც მაღალი არა მგონია, რომ იყოს.

  • სომხეთისგან განსხვავებით? 

დიახ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხური დიასპორა – მაგალითად, ჩვენი დიასპორისგან განსხვავებით – ძალიან რუსოფილი, რადიკალი ნაციონალისტია. დასავლეთთან ბოლო პერიოდში ურთიერთობების გააქტიურების მიუხედავად, დიასპორის როლის გარკვეული შეკვეცის გარეშე რეალურად ძალიან რთული იქნება არსებული პოლიტიკური კურსის შენარჩუნება და სომხეთში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პროდასავლურ კურსზე გადაწყობა.

აქ მნიშვნელოვანია ეკლესიის საკითხიც, მათ შორის, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც თურქეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალურია და ამ მხრივ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დალაგების პირობებში მისი გამოყენება შეიძლება… მიუხედავად იმისა, რომ სომხური და თურქული წყაროები უარყოფენ, ვფიქრობ, ერდოღანის და ფაშინიანის მოლაპარაკების თემა ეს საკითხიც იყო.

  • ამასობაში, პუტინის პრესმდივანი, პესკოვი მიესალმება სომხეთ-ზერბაიჯანის პირისპირ დიალოგს. რას აჩვენებს თქვენთვის რუსეთის რეაქცია? 

რუსეთის დამოკიდებულება ისაა, რომ უკრაინას თუ მივხედავთ, მერე დომინოს პრინციპით წავალთ პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსები ამ ცვლილებებს უყურებენ ისე, რომ ხვალ უნდა იფიქრონ ხვალისაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგიონში მათი ამბიცია შემცირდა. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ კიდეც რამე გეგმა იგივე გიუმრის ბაზის [სომხეთი] გამოყენებით ფაშინიანის დამხობის, ან რამე მსგავსი.

აქ კიდევ ერთი დეტალია: თუ რუსები სომხეთში რამეს შეეცდებიან, ის კონტინგენტი, რაც გიუმრის ბაზაზე ჰყავთ, არ იქნება საკმარისი – მათ დასჭირდებათ არმიის დახმარება, რომელიც აუცილებლად საქართველოს ტერიტორიიდან გაივლის. დარუბანდის და აზერბაიჯან-დაღესტნის საზღვარი რელიეფის მხრივ ძალიან პრობლემურია, გარდა ამისა, აზერბაიჯანის ტერიტორია ექნება ამ არმიას გასავლელი, რაც გამორიცხულია. ამიტომაც, რჩება საქართველოს გავლით სომხეთში შეჭრა.

  • უშვებთ, რომ „ოცნების“ პრორუსული მთავრობა ამასაც შეიძლება დათანხმდეს და „აბა, ომი გინდას“ ძახილში მართლაც ომში ჩართოს ქვეყანა რუსეთის მხარეს? 

და ვინ გაუწევს წინააღმდეგობას? დიდი შანსია, რომ ის ომი, რომლითაც აშინებს „ოცნება“ ქართველ ამომრჩეველს, სწორედაც რომ რეალობად იქცეს. ამჯერად, დასავლეთიც არ მოიკლავს თავს ხმის ამოღებით.

მე ამ სცენარს, ყოველ შემთხვევაში უკრაინაში ომის დასრულებამდე, ნაკლებად სავარაუდოდ მივიჩნევ.

  • გამოდის, რომ უკრაინის ომზეა დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის და საქართველოს ბედი? 

ასეა. საქართველოს რეგიონის დანარჩენ ქვეყნებთან სინქრონული პოზიცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტები ამ ეტაპზე სხვა არის – სკამის შენარჩუნების გამო სხვა ნაბიჯების გადასადგმელად არიან მზად.

რუსეთში დასჯადი ხდება ინტერნეტში „ექსტრემისტული მასალების“ ძებნა

დღეს, 17 ივლისს, რუსეთის დუმამ მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აწესებს ჯარიმებს ინტერნეტში აკრძალული მასალების მოძიებაზე, მათ შორის VPN-ის გამოყენებით.

საუბარია ექსტრემისტულად აღიარებულ და რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ სიაში შეტანილ მასალებზე, მათ შორის  მუსიკალური კომპოზიციებზე, ილუსტრაციებზე, ვიდეოებზე, სტატიებზე, წიგნებზე და სხვა ტექსტებზე. სიაშია ათასობით მასალა.

ცვლილებების მიხედვით, რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ორი ახალი მუხლი ემატება.

პირველი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.52-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას VPN სერვისების „გამოყენების პროცედურის დარღვევისთვის“. იგი ითვალისწინებს ჯარიმას 50-დან 200 ათას რუბლამდე ფიზიკური პირებისთვის, 80-დან 300 ათას რუბლამდე თანამდებობის პირებისთვის და 200 ათასიდან 1 მილიონ რუბლამდე – იურიდიული პირებისთვის.

მეორე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.53-ე მუხლი კი აწესებს პასუხისმგებლობას „აშკარად ექსტრემისტული მასალების მოძიებაზე და მათზე წვდომის მოპოვებისთვის“, მათ შორის VPN-ის გამოყენებით. მეორე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას სამიდან ხუთი ათას რუბლამდე.

რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი, განმარტავს რომ კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილ პირებს შეიძლება მოსთხოვონ თავიანთი მოწყობილობების წარდგენა.

„დიდი ალბათობით, პირი შეიძლება იქნეს ეჭვმიტანილი ექსტრემისტული ინფორმაციის მოძიებაში„ როსკომნადზორისა“ და მობილური ოპერატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ოპერატიული ინფორმაციისა და სხვა მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე“ – წერს „ტასი“.

ასევე, „ტასის“ ცნობით, ჟურნალისტებს, მეცნიერებს და სხვა მოქალაქეებს არ შეეძლებათ ინტერნეტში ასეთი მასალების თავისუფლად მოძიება. მათი შესწავლისთვის გათვალისწინებულია სპეციალური პროცედურა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიბლიოთეკის ფონდებში მუშაობასთან.

რუსეთში „ექსტრემისტული მასალების“ სია წლებია არსებობს და პერიოდულად ახლდება.

სახელმწიფო გრანტის გაცემაზე კონკურსს გამოაცხადებენ – სააგენტოს დაფინანსება 304 ათასი ლარით გაუზარდეს

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 21 ივლისს გეგმავს საჯარო კონკურსის გამოცხადებას სახელმწიფო გრანტის გაცემის მიზნით.

30 ივნისს  „ოცნების“ მთავრობამ სააგენტოს დაფინანსება 304 ათასი ლარით გაუზარდა. უშუალოდ გრანტების გასაცემად კი, 2025 წელს ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის 20 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

სააგენტო აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაფინანსების გაზრდის შედეგად „გაუჩნდა შესაძლებლობა, გამოყოს ფინანსური რესურსი სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობადობისა და ინფორმირების გაზრდის მიზნით.“

ამ „მიზნის“ მისაღწევად სააგენტო სოციალური მედიის [Facebook, Instagram პლატფორმაზე] შექმნისა და მართვის მომსახურებას, ასევე ამ გვერდებზე განსათავსებელი დიზაინერული შინაარსის პროდუქტებს ტენდერის გარეშე შეისყიდის – ჯამში 24 ათას 68 ლარად.

თუმცა მომსახურების ვადა სულ 2 თვე და 10 დღე იქნება [2025 წლის 22 ივლისი – 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი].

„მომსახურების დეტალური აღწერა: სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმითა და შინაარსით პოსტების გამოქვეყნება საჭიროებისამებრ, თვეში არაუმეტეს 10 პოსტი; ვიზუალური კონტენტის დამზადება, კერძოდ ფოტოები, ბანერი, ინფოგრაფიკა – თვეში არაუმეტეს 10 ვიზუალური კონტენტი [საჭიროებისამებრ]; ვიზუალური კონტენტის მოკლე ვიდეო რგოლის მონტაჟი [≤ 1 წუთი] – თვეში არაუმეტეს 5 ვიდეო რგოლი; სტატისტიკის დეტალური ანგარიშის მომზადება – ყოველთვიურად.“

„ამჟამად სააგენტოს არ გააჩნია ოფიციალური ვებგვერდი და ასევე არ ფლობს სოციალური მედიის პლატფორმას. სააგენტო საბიუჯეტო შუა წელს შეიქმნა და ამდენად მას არ გააჩნია სრული საშტატო/ორგანიზაციული მხარდაჭერა და ამჟამად იმყოფება ჩამოყალიბების ეტაპზე. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივნისის განკარგულებით სააგენტოს დამატებით გამოეყო თანხა – საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველსაყოფად.

მიმდინარე წლის 21 ივლისს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გეგმავს სახელმწიფო გრანტის გაცემის მიზნით საჯარო კონკურსის გამოცხადებას, რაც წარმოადგენს მის ძირითად ფუნქციას. ამდენად საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროული და კვალიფიციური მიწოდება უმნიშვნელოვანესია“ – წერს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შესყიდვების სააგენტოს, რომლისგანაც გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ელოდება.

„ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და ხელფასები 2025 წლის მაისში დაამტკიცა. სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 10 ათას 585 ლარი იქნება; მოადგილის – 8 ათას 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 ათას 300 ლარი.

„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 30 ივნისის განკარგულებით კი, სააგენტოს დაფინანსება გაიზარდა და 510 ათას 200 ლარის ნაცვლად 814 ათას 472 ლარი გახდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აკრძალა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება.

ფოტოზე: გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა.

ამავე თემაზე:

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს უფროსის ხელფასი 10 585 ლარი იქნება

 

 

 

გონიოში მშენებარე კორპუსის ხარაჩო ჩამოინგრა, დაშავდა 1 ადამიანი

გონიოში მშენებარე კორპუსის ხარაჩო ჩამოიგრა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული კაცი გადაყვანილია კლინიკაში.

შემთხვევა დღეს, 17 ივლისს მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

„აუცილებელია ნინო დათაშვილს ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა“ – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 17 ივლისს, მოინახულა პატიმრობაში მყოფი მასწავლებელი, აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და კვლევები სჭირდება.

„ნინო დათაშვილს შევხვდი დღეს. მხნედ არის, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა და დროულად ჰქონდეს წვდომა შესაბამისი პროფილის ექიმთან.

ნინოს საქმეზე საია ახორციელებს სასამართლო პროცესების მონიტორინგს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა სრულიად დაუსაბუთებელია და გამოყენებულია აქტივისტი ქალის დასასჯელად“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს. 9 ივნისს ნინო დათაშვილი  სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი, რის გამოც პროკურატურა მასწავლებელს, მანდატურზე თავდასხმას ედავება, თუმცა ნინო დათაშვილი თავდაპირველად თავად გახდა მანდატურებისგან ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი.

„ინციდენტს, რაც მოხდა, თავისი საწყისი ისტორია აქვს და დავამტკიცებთ, ვიდეოებით, რა მოხდა და როგორ მოხდა.

რამდენიმე ადამიანის გაკავებული, 150 სანტიმეტრი ვარ სიმაღლეში, როგორ დავესხი თავს მანდატურებს? განმიმარტონ, რას ნიშნავს სიტყვა თავდასხმა?

150-სანტიმეტრიანმა ადამიანმა, გაკავებულმა, რომელსაც მიჭერდა ყველა…. განმიმარტეთ თავდასხმა რას ნიშნავს და 4 კაცის მიერ გაკავებული ქალი, როგორ ესხმის თავს მანდატურებს?“ – დაუსვა კითხვა პროკურორებს ნინო დათაშვილმა სასამართლო პროცესზე.

არც პროკურატურამ და არც მოსამართლემ ნინო დათაშვილის არგუმენტები არ გაიზიარეს. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა.დანაშაული, რომელსაც ნინო დათაშვილს ედავებიან, ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამოქალაქო მასწავლებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 აგვისტოს გაიმართება.

რუსეთის დუმის კომიტეტში „ოცნებას“ კვლავ აქებენ

„ქართულმა ოცნებამ” რუსეთის დუმიდან მორიგი შექება დაიმსახურა.

„საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა, დასავლური არაკომერციული ორგანიზაციების პროვოკაციების მიუხედავად, საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნების სურვილს გამოხატავს“ – თქვა რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვიქტორ ვოდოლაცკიმ.

15 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ წერილში, რომელიც ბრიუსელიდან თბილისს გამოუგზავნეს, საუბარია გარკვეულ პირობებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დროის დათქმულ ვადაში უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დემოკრატიული უკუსვლის გამო”, საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერდება.

„იქ [საქართველოში] არსებობს ჯანსაღად მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოება და ბუნებრივია, დღეს ისინი ცდილობენ მაქსიმალურად შეინარჩუნონ თავიანთი სახელმწიფოს სუვერენიტეტი, არ აჰყვნენ დასავლური არაკომერციული ორგანიზაციების პროვოკაციებს და კიდევ უფრო განავითარონ ურთიერთობები თავიანთი სუვერენიტეტის ფარგლებში“, – განაცხადა ვოდოლაცკიმ.

ვოდოლაცკის თქმით, დასავლეთის პროვოკაციები მიმართულია რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კერების შესაქმნელად, რადგან „დასავლეთში სურს დსთ-ს, ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის დესტაბილიზაცია“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კრემლის პროპაგანდისტები და პუტინის რუსეთის პოლიტიკოსები „ოცნებას“ აქებენ. მეტიც, კრემლის და „ოცნების“ რიტორიკა ხშირად ემთხვევა ერთმანეთს.

ამავე თემაზე: 

რუსული პროპაგანდა: ქართველებს უხარიათ, რომ უკრაინასთან „ერთ მატარებელში“ არ არიან

ქურდული გარჩევები საქართველოსა და თურქეთში – შსს-ს ცნობით დაკავებულია 20 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში 20 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“.

„ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულნი არიან:

1984 წელს დაბადებული გ.დ. მეტსახელად „კოკოშკა“; 1984 წელს დაბადებული გ.მ. მეტსახელად „ფარეხელა“; 1973 წელს დაბადებული გ.ღ. მეტსახელად „უწყლო“; 1997 წელს დაბადებული თ.გ. მეტსახელად „ბელეშა“; 1968 წელს დაბადებული გ.ქ. მეტსახელად „ჯაგა“; 1998 წელს დაბადებული გ.ზ. მეტსახელად „ჩინელა“; 1985 წელს დაბადებული ი.დ. მეტსახელად „სტალინა“; 2006 წელს დაბადებული ლ.კ. მეტსახელად „ფოხრე“; 1998 წელს დაბადებული მ.მ.; 1984 წელს დაბადებული ნ.ი.; 1999 წელს დაბადებული თ.მ.; 2000 წელს დაბადებული გ.ღ.; 1995 წელს დაბადებული ი.ბ.; 1972 წელს დაბადებული ა.რ.; 1966 წელს დაბადებული მ.ზ.; 1969 წელს დაბადებული ზ.ზ.; 1959 წელს დაბადებული მ.ჩ.; 1980 წელს დაბადებული ი.კ.; 1982 წელს დაბადებული მ.მ. და 1974 წელს დაბადებული ვ.ლ.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, 1970 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად „ჭინკას“ და ირაკლი ლეჟავას, მეტსახელად „ლაზარეს“, მათ ბრალი „კანონიერი ქურდობისთვის“ დაუსწრებლად წარედგინათ, ხოლო, 1981 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს – „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“.

ინტერპოლის მიერ ძებნილ 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და გამოძალვის ფაქტებზე წარედგინა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ.

გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ და ირაკლი ლეჟავა მეტსახელად „ლაზარე“ მონაწილეობდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„არ გვინდა კოლოფში ცხოვრება“ – 2 მლნ ბათუმის გენგეგმისთვის, რომლის განხორციელებაც უკვე სათუოა

ბათუმის გენგეგმის კონცეფცია მერიას თამარის დასახლების განვითარების გეგმას სთავაზობს და განმარტავს, რომ ეს გეგმა მოსახლეობის გამოკითხვისა და საჭიროებების კვლევის საფუძველზე შემუშავდა.

თუმცა სამსჯელოა, რამდენად შესაძლებელია ამ გეგმის განხორციელება, რადგან დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად მერია თამარის დასახლებაში ცათამბჯენების პროექტებს განიხილავს და საკრებულოსთან შეთანხმებით ამტკიცებს, რაც რადიკალურად ცვლის იმ გარემოს, რომლის შენარჩუნების მოთხოვნაზეც კონცეფციის ავტორები წერენ.

საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ბათუმის ყოფილმა მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ყველა პროექტი, რომლებსაც მერია საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს და შემდეგ ნებართვებს გასცემენ, შეთანხმებულია შპს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ სპეციალისტებთან, კომპანიასთან, რომელიც ბათუმის გენგეგმას ამზადებს.

შპს „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ბათუმის გენგეგმაზე მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს. ბათუმის გენგეგმის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი იხარჯება.

საინტერესოა, რა აზრი აქვს კონკრეტული უბნის განვითარების ხედვის მომზადებას, თუ საბოლოო დოკუმენტის დამტკიცებამდე მერიის გადაწყვეტილებები ამ უბნებში გარემოს რადიკალურად შეცვლის?!

მეორე მხრივ, საინტერესოა, რატომ არ იმჩნევს „სითი ინსტიტუტი საქართველო“ აქ უკვე დაწყებულ მშენებლობებს და ახალი ნებართვების გაცემის ტენდენციას, როცა მერიას კონკრეტული უბნისთვის განვითარების გეგმას სთავაზობს.

თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები

ვრცლად ამ თემაზე: თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები

თამარის დასახლება – რუკაზე მონიშნულია ორი მიწის ნაკვეთი, სადაც 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ.

ბათუმის განაშენიანების კონცეფციაში, რომელიც „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბათუმის მერიას უკვე ჩააბარა, ცალკე თავი ეთმობა თამარის დასახლების განვითარების ხედვას, რომელიც, მეტწილად, უბნის მცხოვრებების გამოკითხვას და მათ მოსაზრებებს ეყრდნობა.

კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ დოკუმენტის ამ ნაწილის შინაარსი ეფუძნება მონაწილეობითი ურბანული შეხვედრების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს და არ ასახავს ერთმნიშვნელოვნად „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შეხედულებებს.

კომპანიის განმარტებით, ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, სხვა დოკუმენტების წარმოებასა და შექმნასთან ერთად, ბათუმის მერიისთვის ქალაქის რამდენიმე უბნის განვითარების ხედვის შეთავაზებას მოიაზრებს. ამ უბნებს შორის ერთ-ერთია თამარის დასახლება და იმისათვის, რომ ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფციაში ამ უბნის მცხოვრებების საჭიროებები და პერსპექტივები სრულად ყოფილიყო ასახული, თამარის დასახლებაში ორდღიანი მოხალისებრივი ხასიათის შეხვედრები გამართეს:

ავტორების განმარტებით, შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით დასახლების გამოწვევების, საჭიროებებისა და უნიკალური მახასიათებლების იდენტიფიცირება, დასახლებაში არსებული კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ინფრასტრუქტურული საკითხების გაცნობა.

გარდა ამისა, შეხვედრა დაგეგმილი იყო იმგვარად, რომ გამოვლენილიყო შერჩეული ტერიტორიის უნიკალური კულტურული, ისტორიული და დემოგრაფიული მახასიათებლები, რომლებიც აყალიბებენ ადგილობრივი სამეზობლოს იდენტობას.

ავტორები სამუშაო პროცესს ასე აღწერენ:

გენერალური გეგმის ჯგუფმა გაუზიარა ადგილობრივ მოსახლეობას თამარის დასახლების განვითარების ხედვის პირველადი ვერსია შემდგომი განხილვისათვის, შეხვედრების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ღია დისკუსიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან განეხილათ განვითარების ხედვის კონკრეტული ასპექტები და მიმართულებები, შეხვედრებზე ადგილობრივებმა იმუშავეს მცირე თემატურ ჯგუფებში და წარმოადგინეს მათი ხედვა დასახლების არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

კონცეფციის ავტორების ინფორმაციით, მონაწილეების ნაწილმა აღნიშნა, რომ თამარის დასახლება ქალაქის დანარჩენ ნაწილთან შედარებით გამოირჩევა სუფთა ჰაერით, გამწვანებული სივრცეებით, ბუნებით და ხედებით [თამარის გორისა და ზღვის დანახვის ერთდროული პერსპექტივა], რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. როგორც აღინიშნა, დასახლება ქალაქისგან მოშორებულია, რაც ამცირებს ხმაურს და ქმნის მშვიდ გარემოს მაცხოვრებლებისათვის. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ საცხოვრებელ შენობებს შორის არის სივრცეები, ეზოები, რასაც ადგილობრივი მაცხოვრებლები სოციალიზაციისათვის იყენებენ:

„ბენზე [თამარის დასახლება] გამწვანებული უბანია და ამის გამო აქ შედარებით სუფთა ჰაერია. აუცილებლად შევინარჩუნებდი გამწვანებას და დაბალ სართულიანობას…ჩვენს უბანში ყოველთვის სიმშვიდეა…მთისა და ზღვის ჰაერი ერწყმის ერთმანეთს… ეს არის სწორი დაგეგმარების წყალობით“ – ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული.

შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნეს, რომ დასახლებაში ჩამოყალიბებულია მჭიდრო სამეზობლო ურთიერთობები და ინტერნაციონალიზმი:

„ეს უკანასკნელი გამოიხატება სხვადასხვა კუთხისა და ეთნოსის წარმომადგენლების ერთ სივრცეში მშვიდ თანაცხოვრებაში. თამარის დასახლების იდენტობის განსაზღვრაში ასევე ფიგურირებდა კულტურული ძეგლებისა და ისტორიული სახლების არსებობა. ასევე აღინიშნა დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობების დადებითი როლი, ახალაშენებული სახლების რაოდენობის სიმცირე, ეზოიანი სახლები და მათი გზის სავალი ნაწილიდან დაშორება“.

„რკინიგზას რომ გადმოვკვეთ და ამ უბანში შემოვდივარ, სულიერად ვისვენებ. ეს ჩვენი უბანია, აქ მცხოვრებების, მრავალი წელია ვცხოვრობთ რამდენიმე თაობა. არ მივდივართ აქედან. საინტერესო დასახლებაა და განსხვავდება ბათუმის სხვა უბნებისგან. არ არის მჭიდრო მშენებლობები, როგორც ქალაქშია …. ეს უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის აქ განსაკუთრებული“ – ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული. 

კონცეფციის მიხედვით შეხვედრების განმავლობაში, მონაწილეებმა სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში იმსჯელეს თამარის დასახლებაში არსებულ პრობლემატურ საკითხებსა და გამოწვევებზეც. გამოიკვეთა შვიდი ძირითადი მიმართულება, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის აზრით არსებული დასახლების მთავარ გამოწვევებს აერთიანებს.

თამარის დასახლება

კერძოდ, ადგილობრივმა მცხოვრებებმა აღნიშნეს, რომ თამარის დასახლებას სჭირდება დამატებით სკოლა და საბავშვო ბაღი. ამასთან, დასახელდა სპორტული კომპლექსის არსებობის საჭიროებაც, რაც ამჟამად მიუწვდომელია ადგილობრივი მოსახლეობისათვის. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობას ასევე გაუსვეს ხაზი სანაპიროს არეალში.

„ბავშვებს თუ არ ექნებათ ჟანგბადი და სათამაშო სივრცეები, სპორტული განვითარების საშუალება, არაფერი გამოვა… საჯარო სკოლის ტერიტორია უნდა მოეწყოს, უზარმაზარი სივრცეა ბალახით დაფარული. სპორტული კომპლექსი გვინდა აშენდეს“ – ციტატა კონცეფციიდან. 

დისკუსიის პროცესში გამოიკვეთა, რომ შეხვედრის მონაწილეებისათვის გამოწვევას წარმოადგენს დასახლებაში არსებული ისტორიული შენობები. კერძოდ, მათთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ზონის დაცვა, რეაბილიტაცია და მსგავსი ისტორიული შენობებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება.

კონცეფციის მიხედვით, დისკუსიებისა თუ მონაწილეობითი კარტირების პროცესში გამოიკვეთა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევები. პირველ რიგში, აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ავტობუსის გაჩერებების მოწესრიგება, ტროტუარების საკითხის მოგვარება, მეორე – გადასასვლელი ხიდის დამატება, ველობილიკების შექმნა, საჯარო ტრანსპორტის ხაზების დაგეგმვა და საფეხმავლო ხიდების მოწესრიგება:

„ქალაქს უნდა დაემატოს მეორე გასასვლელი ხიდი, ბათუმს ძალიან დიდ პრობლემას უქმნის ტრანსპორტის მხრივ, თუ აღდგება ეს ხიდი, საცობი აღარ გვექნება და ვფიქრობთ, რომ ტრანსპორტის პრობლემა ამით მოგვარდება“.

არანაკლებ მნიშვნელოვან გამოწვევად და მოსაგვარებელ საკითხად დასახელდა ლიანდაგის, როგორც მობილობის შემაფერხებელი საკითხის გადაჭრა.

„ლიანდაგზე გვჭირდება ადაპტირებული გადასასვლელი.“

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ექმნებათ რკინიგზაზე გადასვლის პრობლემები და ასევე, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას.

ასევე, აღინიშნა მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების გადაუდებელი საჭიროება.

„თუ ერთხელ გაწვიმდა, ბენზეში [თამარის დასახლება] ქუჩაში ვეღარ გაივლი, ფაქტობრივად, მოწყვეტილი ხარ გარე სამყაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია სანიაღვრე არხების მოწესრიგება, სხვა რამეზე მსჯელობას, გამწვანება იქნება, თუ რა, აზრი აღარ აქვს“ – ციტატა დოკუმენტიდან. 

თამარის დასახლების არაერთმა მცხოვრებმა გამოთქვა მოსაზრება გარე განათებების დამატების საჭიროებასთან დაკავშირებით.

შეხვედრებზე უკანონო მშენებლობებისა და მიშენებების პრობლემაზეც უსაუბრიათ:

„ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად ადგილობრივმა მცხოვრებებმა დაასახელეს საცხოვრისთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, დასახელდა, რომ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს თამარის დასახლებაში არსებული დაბალსართულიანი შენობები და რესტავრაცია ჩაუტარდეს ე.წ. ბარაკის ტიპის შენობებს.

„უნდა აიკრძალოს მაღალი შენობები, არ შეესაბამება ბათუმს ზოგადად და ბენზეს განსაკუთრებით, იფარება ჰაერის მიმოსვლა, იფარება ხედები და არ გვინდა, რომ აღმოვჩნდეთ კოლოფში. ვცხოვრობთ იმისთვის, რომ მოგვწონდეს ჩვენი ტერიტორია“. 

აგრეთვე, აღინიშნა უკანონო მიშენებების საკითხი, როგორც დიდი პრობლემა, რომელიც ამახინჯებს შენობების ფასადს და უკარგავს მას პირვანდელ სახეს:

„რაც ძალიან მაწუხებს, კორპუსებზე გაუთავებლად მიმდინარეობს მიშენებები, დაშენებებები, არც ერთი სახლს არ აქვს თავისი პირვანდელი სახე. გარდაქმნეს სრულიად ეს კორპუსები“

შეხვედრების მონაწილეები თამარის უბნის ერთ-ერთ გამორჩეულ მახასიათებლად არსებულ მწვანე სივრცეებს ასახელებენ: „მწვანე უბანია და ეს უნდა შევინარჩუნოთ“.

თუმცა, ასევე აღნიშნავენ, რომ საჭიროა ახალი რეკრეაციული ზონების დამატება. შესაბამისად, ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას აღნიშნული არეალების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე: „რას ვისურვებდი? უფრო მეტ სიმწვანეს! მცენარეების განახლება არ ხდება“.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჯარო ტრანსპორტი, არსებული ლიანდაგის, როგორც ზღვის მიმართულებით დაბრკოლების საკითხი და ბათუმის ცენტრთან კავშირი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მათთვის. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, თამარის დასახლებას მჭიდრო სატრანსპორტო კავშირი უნდა ჰქონდეს მიმდებარე სოფლებთან. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სალიბაურის და ორთაბათუმის მაგისტრალთან კავშირის საჭიროებაზე.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა ასევე გამოთქვეს მოსაზრებები დასახლებაში საზღვაო ტრანსპორტის, როგორც ტურისტული ატრაქციის განვითარებაზე. მათი აზრით, აღნიშნული კიდევ ერთ გამორჩეულ და უნიკალურ თავისებურებას შესძენდა თამარის დასახლებას.

ამ კონკრეტული უბნის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ჩნდება კითხვა – ბათუმის გენგეგმა, რომლის მომზადებაშიც 2 მილიონს ვიხდით ქალაქის ბიუჯეტიდან, გვთავაზობს ხედვას, რომელსაც თავიდანვე ვიცით, რომ განხორციელება არ უწერია?

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ კომპანია მერიის არქიტექტურის სამსახურის ფუნქციას ვერ შეითავსებს და კონკრეტული უბნის განვითარების გეგმა სარეკომენდაციოა:

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე ყველა პროექტს ჩავუჯდები და შევისწავლი… ჩვენ ვაკეთებთ ზონირების დოკუმენტს“ – გვითხრა მან.

ნინო დათაშვილის საქმეზე რეაგირებისთვის პროკურატურას მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო დათაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს.

სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.

15 ივნისს აქტივისტმა ნინო კალანდიამ ნინო დათაშვილისთვის შექმნილ ფეისბუქჯგუფში დაწერა, რომ მას ხერხემალთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა აქვს, თუმცა ექიმი მასთან არ შესულა. მან ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესება სახალხო დამცველს მოსთხოვა.

სახალხო დამცველის მიერ დღეს, 17 ივლისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც ომბუდსმენის აპარატმა რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა:

„ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო. შესაბამისად, აპარატს არ გაუსაჯაროებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.

სახალხო დამცველი ასევე ეხმაურება და დეზინფორმაციას უწოდებს მის მიმართ გაჟღერებულ პრეტენზიებს პატიმრების უფლებების დარღვევებზე დროულ რეაგირებებთან დაკავშირებით.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნულზე გვსურს განვმარტოთ შემდეგი: აპარატის რეაგირების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებსა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან განსაკუთრებულ ზიანს აყენებს თითოეული პატიმრის უფლებების დაცვის პროცესს.

სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში. ნებისმიერ დროს დახურული ტიპის დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ასევე ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, ხდება დაუყოვნებელი რეაგირება. სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე ახორციელებენ ვიზიტს და ახდენენ პირველად რეაგირებას. ამასთან, განისაზღვრება შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, იგეგმება აპარატში დასაქმებული ექიმის ჩართულობა.

სახალხო დამცველი, როგორც წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი, უპირველესად მოქმედებს დაკავებულ პირთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მათი მოთხოვნის შესაბამისად, იცავს მათ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის თანხმობის შემთხვევაში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება – თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში“.

„ეს არის არაადამიანური კანონი“ – იურისტი ფინანსური დანაშაულის შესახებ კანონში ცვლილებაზე

„ეს არის ბოროტი კანონი, რომელიც მისი კიდევ უფრო ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

შუა საუკუნეების თემური წყობილების დროს თუ შეიძლება ასეთი კანონმდებლობა დავუკავშიროთ. არაადამიანური და ღირსების შემლახავია, გაიძულებს ოჯახის წევრს არ დაეხმარო, მეგობარს არ დაეხმარო“ – განმარტავს იურისტი ნიკა სიმონიშვილი ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელსაც „ოცნებამ“ ორი მოსმენით მხარი დაუჭირა და მესამე მოსმენას საშემოდგომო სესიებზე გეგმავენ.

ცვლილება მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს, რაც, იურისტის განმარტებით, ფაქტობრივად ფინანასურ დანაშაულში მხილებული პირს საზოგადოებისგან გარიყავს და ქუჩაში, დახმარების გარეშე დატოვებს.

კიდევ რას ითვალისწინებს ცვლილებების პაკეტი და როგორ შეიძლება მოხდეს მისი აღსრულება, როცა კანონი ოჯახის წევრისთვის ღამის გათევის შესაძლებლობის მიცემას აგიკრძალავს? – ამ თემაზე ჩვენს კითხვებს იურისტი ნიკა სიმონიშვილი პასუხობს.

  • ბატონო ნიკა, საზოგადოებისთვის ისევ ბუნდოვანია, ზუსტად რას გულისხმობს და როგორ შეიძლება შეეხოს ფინანსურ დანაშაულში მხილებულის ოჯახის წევრს ცვლილებები კანონში, როგორ მოხდება აღსრულება. მართალია „ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ბაჩიაშვილის საქმით არის პროექტი ინსპირირებული, თუმცა როგორ შეეხება ეს მთელ ქვეყანას, როცა კანონად იქცევა? – მარტივად, რომ აგვიხსნათ, ბევრი დეტალია, რაც დაბნეულობას და კითხვებს იწვევს.

პირველი, რაც უნდა ვთქვათ, არის ის, რომ შეიძლება „ქართული ოცნება“ ამას იღებს კონკრეტული პირების წინააღმდეგ და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ შეეხება უამრავ ჩვეულებრივ შემთხვევას და ჩვეულებრივ ადამიანს. მე შემიძლია დავასახელო კონკრეტული მაგალითებიც კი, როდესაც ეს საკანონმდებლო ცვლილება შეეხება არამარტო გიორგი ბაჩიაშვილს და სხვა ადამიანებს, რომელთა მიმართაც ივანიშვილს აქვს კონკრეტული მოთხოვნები [რამდენად სამართლიანია, ეს მეორე საკითხია], მაგრამ შეეხება ჩვეულებრივ ადამიანებსაც, რიგით შემთხვევებს, რიგით საქმეებს, თან არაერთს.

შეეხება ისეთ საქმეებს, სადაც, მაგალითად, თუ ჩემი ოჯახის წევრი არის მსჯავრდებული მძიმე ფინანსურ დანაშაულში, როდესაც ის ციხიდან გამოვა, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მას თუ ჩემთან სახლში ვაცხოვრებ, ამის გამო მეც დამიჭერენ და ჩემს ოჯახის წევრსაც.

მოვიკითხოთ, თუნდაც სანაცნობოში, სამეზობლოში, სანათესავოში შემთხვევები, როდესაც პირები არიან მძიმე ფინანსურ დანაშაულებში მხილებული, სადაც 100 ათას ლარს აღემატება ზიანი. თუ თქვენ ნახავთ თქვენს გარშემო ასეთ შემთხვევებს, ყველა ამ შემთხვევას შეეხება.

ცხადია, მარტო გიორგი ბაჩიაშვილის საქმესა და ბიძინა ივანიშვილის „მოვალეებს“ არ შეხება ეს კანონი. შეიძლება პირველადი მიზანი არის ეს და არ იღებენ ცვლილებებს სხვა ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ შეეხება ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც არიან იმ მუხლებით მსჯავრდებულები, რაც ფინანსურ დანაშაულებს ითვალისწინებს და ასევე, მათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს.  იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და დაეხმარებიან მათ ფინანსურად იქნება ეს, საცხოვრებლით, მანქანით, ფულით, საკვებით თუ სხვადასხვა პროდუქტით.

  • და ეს „გაბედვა“ როგორ უნდა აკონტროლონ, აღსრულება როგორ მოხდება? ვთქვათ, სტუმრად მივიღე ყოფილი მსჯავრდებული, როგორ შემამოწმებს ღამე გავათევინე თუ არა, რა წერია ამაზე პროექტში?

არაფერი არ წერია. ახალი საკანონმდებლო ცვლილება ორი მოსმენით არის მიღებული და მესამე მოსმენა ჯერჯერობით არ ყოფილა, მაგრამ არ გაუჭირდებათ, რომ მიიღონ.

კანონპროექტი გვეუბნება, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მსჯავდებულ პირს პირდაპირ ჩამოერთმევა დანაშაულის შედეგად შეძენილი ქონება და გადაეცემა დაზარალებულს. მეორე არის ის, რომ თუ ეს ქონება არ ჰყოფნის ზიანის ანაზღაურებას, რაც აქვს ზოგადად მსჯავრდებულს, ის გაიყიდება. ნებისმიერი ქონება: ეს შეიძლება იყოს ფული, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა, მოძრავი თუ უძრავი ნებისმიერი ქონება აღსრულებას დაექვემდებარება.

ანუ, დავრჩები სრულიად უქონელი, არც ფული მექნება, არც სახლი არც კარი, არანაირი ქონება არ მექნება. როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს მსჯავრდებული, მას შეიძლება საქართველოდან გასვლაც შეეზღუდოს. გამოდის ციხიდან და საქართველოს ვერ ტოვებს, უნდა დარჩეს ყველა შემთხვევაში.

  • და პირდაპირ ქუჩაში რჩება?

პირდაპირ ქუჩაში რჩება. მას ზიანის ასანაზღაურებლად გაუყიდიან ქონებას. ასევე, თუ ჩათვალეს, რომ დანაშაულის შედეგად არის მოპოვებული ეს ქონება, ის პირდაპირ გადაეცემა დაზარალებულს. თუ ფულის გათეთრების დანაშაულია, ოჯახის წევრისგან, ან ახლო ნათესავისგან შეიძლება ამოიღონ ეს ქონება. ესეც არის შესაძლებელი, თუ ფულის გათეთრების დანაშაულს შეეხება და ის არის სრულიად უსახლკარო და უქონელი.

ყოველგვარი ქონების გარეშე რჩები ასე გარეთ, ვერსად ვერ მიდიხარ, სამაგიეროდ გრჩება შესაძლებლობა, რომ თუ რაიმე თანხა ჩაგერიცხება ანგარიშზე, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი რაც იქნება, დაახლოებით 520 ლარზე არის ბოლო მდგომარეობით საუბარი, ავტომატურად მოგეჭრება და წავა დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად.

თუ „ქეშად“, ანუ ნაღდი ფულის სახით იღებ თანხას, ასეთ შემთხვევაში ეს არის დანაშაული იმ პირის მხრიდან, ვინც ამ თანხას გაძლევს „ქეშად“. შენი მხრიდანაც ასევე ეს იქნება დანაშაული, თუ ამ თანხას მიიღებ.

520 ლარს ზემოთ თანხა თუ ჩამერიცხება, მაგალითად, ავტომატურად ინკასო იქნება დადებული ამ ანგარიშზე და 520 ლარს ზემოთ მოიჭრება თანხა და გადაეცემა დაზარალებულს; ამავდროულად, თუ მივიღებ სარგებელს 520 ლარზე ზემოთ, სხვადასხვა ფორმით, ეს იქნება საკვები თუნდაც, ან სხვადასხვა ნივთები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო პროდუქტი, ტექნიკა, მობილური ტელეფონი ან არ ვიცი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავტომობილი, ასევე საცხოვრებელი, გარეთ როცა დავრჩები თუ ვინმე მაცხოვრებს და ეს აღემატება 520 ლარს, ანუ ორმაგ საარსებო მინიმუმს. [

ქუჩაში ხომ ვრჩები, მაგრამ ამავდროულად ვინმე თუ შემიფარებს და თვიური ღირებულება აი ამ ცხოვრების აღემატება 520 ლარს, მეც დამიჭერენ და ვინც მეხმარება იმასაც დაიჭერენ, მსჯავრდებულის შემთხვევაში ეს არის თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე, მაგრამ ვინც ეხმარება მისთვის უფრო მეტი სასჯელი არის გათვალისწინებული კანონით.

  • ესე იგი სასჯელის მოხდის შემდეგ განდეგილივით უნდა იცხოვროს სადღაც მთის წვერზე ამ ადამიანმა?

კი, თან აღსრულებაზე ხანდაზმულობის ვადა ამას არ აქვს, ანუ ასეთ შემთხვევებზე, სანამ ამ ვალს არ დაფარავს, მანამდე ფაქტობრივად გარიყულია საზოგადოებიდან.

ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეს არის ცალსახად სადამსჯელო ღონისძიება ადამიანის სიცოცხლის, მისი ღირსების შეურაცხმყოფელი რეგულაციები, რომლითაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრები, ადამიანის ღირსებას ურტყამ პირდაპირ. ცხოვრების შესაძლებლობას აძლევ, თან ამავდროულად ერევი ოჯახური ცხოვრების ისეთ დაცულ სფეროში, სადაც სახელმწიფოს ჩარევის უფლება არ გააჩნია.

ოჯახის წევრი თუ დაეხმარება – დაიჭერენ, ფაქტობრივად კრძალავ იმას, რომ მაგალითად ცოლმა-ქმარი, ან დედა-შვილი, ოჯახის წევრები ერთმანეთს დაეხმარონ.

ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებით გვაიძულებს ადამიანობაზე უარი ვთქვათ. სამართალს, რომ თავი დავანებოთ, ადამიანობაზე უარის თქმას გვაიძულებს ამით „ოცნება“.

„მეგობარს არ უნდა დაეხმარო“ – ასეთი კანონი მე პირადად შევეცადე მომეძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე იმ ქვეყნების მაგალითზე, რომელთა კანონმდებლობაც ჩემთვის მეტ-ნაკლებად იძებნება. არ ვიცი, სადმე, აფრიკის რომელიმე ტომში თუ აქვთ ასეთი წესი ან რომელიმე განუვითარებელ ქვეყანაში, სადაც ცივილიზაციას არ შეუღწევია. განვითარებულ, ცივილიზებულ სახელმწიფოებში ასეთი წესი მე არსად მეგულება.

„ქართულ ოცნებას“ არადემოკრატიული კანონის მიღება როცა უნდა ხოლმე, ცდილობს ეს ყველაფერი დაასაბუთოს იმით, რომ თურმე რომელიღაც ქვეყანაში, სადღაც არის ასეთი კანონი. მე მგონი ასეთი რეგულაცია რუსეთში და ბელარუსშიც არ მოიძებნება, ეს არის რაღაც შუა საუკუნეების კანონმდებლობა.

  • გორდულაძის მოფიქრებულია? [არჩილ გორდულაძე – „ოცნების“ პარლამენტარი, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია]

მეეჭვება.

უფრო სხვისი მოფიქრებულია, გორდულაძემ ეს ალბათ ტექნიკურად დაწერა, მაგრამ მოფიქრებით სად მოიფიქრეს, არ ვიცი.

მეც მაინტერესებს ვინ მოიფიქრა ასეთი არაადამიანური კანონმდებლობა, მართლა მაინტერესებს, როგორც ადამიანს, ამ ქვეყნის მოქალაქეს.

ასეთი რეგულაციები ალბათ ბოლოს საბჭოთა პერიოდის დროს თუ იყო, რომ ადამიანების დახმარება ან თანამშრომლობა იყო დასჯადი.

ეს არის ყველაზე არაცივილიზებული, არაადამიანური კანონი, ეს თამამად შემიძლია ვთქვა.

ასეთი არაადამიანური კანონი „ოცნებას“ ჯერ არ მიუღია. ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ მიიღებენ.

  • დავუბრუნდეთ ოჯახის წევრისგან ქონების ამოღების ამბავს, რამე დათქმები ახლავს ამას?

ოჯახის წევრიდან ქონების ამოღებაზე არის ორი დათქმა. პირველი არის ის, რომ ეს არის შესაძლებელი მხოლოდ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულზე, ანუ, სისხლის სამართლის 194-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულზე და მეორე – ეს უნდა იყოს დანაშაულის საგანი, ანუ, ფულის გათეთრების შედეგად უნდა იყოს ეს ქონება მოპოვებული.

ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი მოხდეს ამ ქონების პირდაპირ ჩამორთმევა და ამოღება, მაგრამ აქ ერთი რაღაც არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ ეს მოქმედი რეგულაციითაც არის შესაძლებელი.

  • ასევე, დაუსაბუთებელი ქონების შემთხვევაში?

დაუსაბუთებელი ქონების ამოღება ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით არის შესაძლებელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ეს ერთი და მეორე, მე თუ ვარ, მაგალითად, მსჯავრდებული რაიმე ფინანსურ დანაშაულში, ანუ არ აქვს ამას მნიშვნელობა.

მაგალითად, მე შევიძინე რაღაც ქონება და გადავუფორმე ოჯახის წევრს, ასევე არის შესაძლებელი, რომ ამ მოჩვენებითი გარიგების გამო, დამატებით სამართალწარმოება წარიმართოს ჩემი და ოჯახის წევრის ან მეგობრის, ან ჩემთან დაკავშირებული პირის მიმართ, რომ ქონების გადაფორმება მოხდა ფიქტიურად, ანუ მოჩვენებით, ფორმალურად გადავაფორმე მესამე პირზე. ასეთ შემთხვევაში არის ასევ შესაძლებელი, რომ დავა წარიმართოს მოქმედი კანონმდებლობის პირობებით და ასეთი საქმეები სასამართლოებში რეალურად არის.

მთელი ამბავი იმაშია, რომ ამ ყველაფერს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ვერავის ვერაფრით ვერ ვუკავშირებ.

საქმე იმაშია, რომ ეს პროცედურები, რაც კანონმდებლობით აქამდე არსებობდა გაუმარტივეს, მოუწმინდეს, მოუსუფთავეს და ეს მთელი ბიუროკრატიული სირთულეები ბიძინა ივანიშვილს „ოცნების“ პარლამენტში თავიდან აარიდეს – მარტივი წესით არის შესაძლებელი, რომ სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში, ეს ყველაფერი ერთიანად, ერთბაშად გადაწყდეს და დასრულდეს.

  • ფულის გათეთრების თემას მინდა დავუბრუნდეთ. როცა ოჯახის წევრზე შეხების შესაძლებლობას გაძლევს კანონი, მას მხოლოდ ქონებას ართმევენ თუ დანაშაულის თანამონაწილედ თვლიან? ხომ შეიძლება ის არც იყოს ზოგ შემთხვევაში თანამონაწილე, თუმცა მაინც გამოიყენონ ეს კანონი და მას სხვა ქონებებიც ჩამოართვან?

მოდი ვთქვათ ფულის გათეთრება საერთოდ რა არის და რა შემთხვევებს უნდა შეეხოს ცვლილებები. შემდეგ როგორ აღსრულდება – ეს მეორე საკითხია.

ფულის გათეთრება უფრო ყოფითი ტერმინია, სამართლებრივად ეს არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. უკანონოდ უნდა მივიღო რაღაც შემოსავალი და ამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, უნდა განვახორციელო მთელი რიგი სამართლებრივი მოქმედებები, რომ რამენაირად გავათეთრო.

აი, მაგალითად, კორუფციული გარიგებით მაქვს თანხა მიღებული, ქრთამი და იმისთვის, რომ ეს თანხა რაღაცნაირად სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციო, მჭირდება, რომ ეს ფული სწორად დავხარჯო, რომ ქონება გათეთრდეს. თუ უკანონოდ მივიღე შემოსავალი და ამით შევიძინე ბინა ჩემი ოჯახის წევრის სახელზე, ეს ფულის გათეთრების შედეგად შეძენილი ქონება დანაშაულის საგანია და შეიძლება ჩამორთმევას დაექვემდებაროს ახალი რეგულაციების მიხედვით.

თუმცა, სად არის ზღვარი, არის ძალიან კარგი კითხვა.

როცა ვამბობ, რომ მხოლოდ დანაშაულის საგანი ექვემდებარება ჩამორთმევას, დანაშაულის საგანი რა შეიძლება იყოს და რა არ შეიძლება იყოს, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი.

პრაქტიკულად ეს როგორ გადაწყდება და აღსრულდება, ამაზე ერთი დიდი წითელი კითხვითი ნიშანი უნდა დავსვათ აუცილებლად, იმიტომ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, არ არის მოუკერძოებელი, გარკვეული პირების ინტერესებით მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს ბოროტად იყოს გამოყენებული და ისეთი ქონებაც ჩაითვალოს დანაშაულის საგნად, რომელიც დანაშაულის შედეგად არ არის შეძენილი.

  • როგორ უნდა შეისწავლონ მოქალაქეებმა ეს ყველაფერი? მაგალითად პენსიონერ დედას რომ გაუფორმებს მინისტრი ქონებას, გვიხსნიან, რომ მინისტრის დედა ან მამა გამდიდრდა. ამავე დროს, რომელიმე რეგიონში ოჯახის წევრის დანაშაულის გამო შეიძლება ლეგალური ქონების დაკარგვის რისკის ქვეშაც დადგე. არა?! 

როცა დავიწყე საუბარი, ვთქვი, რომ ეს არის ყველაზე არაადამიანური კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს.

ისევ ვამბობ, რომ ეს არის არასამართლებრივი, არაადამიანური, არაქართველური, არაქრისტიანული, არანორმალური კანონი, ამიტომ აქ „წესით“ რა მოხდება და როგორ მოხდება, ამაზე ვერ ვილაპარაკებთ.

მითუმეტეს, პოლიტიკური ინტერესი სადაც შეიძლება იყოს, თუ პირმა იცის და აქვს განზარახვა, რომ ეხმარება დანაშაულში მხილებულ ფულის გამთეთრებელს, შესაძლოა, მისი ქმედებაც დანაშაულად დაკვალიფიცირდეს. თუ არ იცის – მაშინ ჩამოერთმევა ქონება და დანაშაულად ვერ დაკვალიფიცირედება, მაგრამ თუ მოუნდებათ, შეიძლება „აღმოჩნდეს“, რომ კარგად სცოდნია ყველაფერი და რამე მტკიცებულებას მოუძებნიან.

როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკურ ინტერესზე, ყველაფერი შესაძლებელია. ამ არაადამიანური კანონის აღსრულება კიდევ უფრო არაადამიანურადაც არის შესაძლებელი. ერთია რა დაწერე და მეორეა ის, რომ გასაქანი ძალიან დიდი აქვთ, შეიძლება გაზრახვის ელემენტები დაინახონ, ამას ვერ გამოვრიცხავთ.

ეს ხალხი არასამართლებრივი ჩარჩოების ისეთ მასშტაბებშია გადასული, როგორ ვთქვა ამას არ გააკეთებენ მეთქი. როცა სამართლებრივ სივრცეში შემოდის კრიმინალური წესები, ეს პრაქტიკაში რანაირად იმუშავებს, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 038 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
  • ტანკი – 11 029 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 996 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 30 438 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 440 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 197 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 46 414 ერთეული [+250]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 491 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 55 383 ერთეული [+154]
  • სპეცტექნიკა – 3 932 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 664 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 69 771 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 619 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 226 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 406 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 38 241 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა მოსკოვის და პეტერბურგის დაბომბვა – მედია

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version