„ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს, უარი რუსულ სპეცოპერაციას“, – დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა იგეგმება. ბათუმელი აქტივისტების ნაწილი ამ აქციას შეუერთდება, მათგან უმეტესობა უკვე დედაქალაქშია.
პარტია „ახლის“ წევრის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, უკვე თბილისში იმყოფება ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის ყველა წევრი მათი პარტიიდან.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორებმა მიმართვაც გაავრცელეს:
„ვადასტურებთ უპრეცედენტოდ მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა.
მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას.
„ქართული ოცნება” ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბრუნებს.
ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს.
ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეც; სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას.
ამ მიზნით, 19 ივლისს, გავმართავთ საპროტესტო აქციას და მოსვლას გთხოვთ ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის.
ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს! ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიდგეთ მტკიცედ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად!“ – ვკითხულობთ მარშის აღწერაში.






