„ქართულმა ოცნებამ” რუსეთის დუმიდან მორიგი შექება დაიმსახურა.
„საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა, დასავლური არაკომერციული ორგანიზაციების პროვოკაციების მიუხედავად, საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნების სურვილს გამოხატავს“ – თქვა რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვიქტორ ვოდოლაცკიმ.
15 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ წერილში, რომელიც ბრიუსელიდან თბილისს გამოუგზავნეს, საუბარია გარკვეულ პირობებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დროის დათქმულ ვადაში უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დემოკრატიული უკუსვლის გამო”, საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერდება.
„იქ [საქართველოში] არსებობს ჯანსაღად მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოება და ბუნებრივია, დღეს ისინი ცდილობენ მაქსიმალურად შეინარჩუნონ თავიანთი სახელმწიფოს სუვერენიტეტი, არ აჰყვნენ დასავლური არაკომერციული ორგანიზაციების პროვოკაციებს და კიდევ უფრო განავითარონ ურთიერთობები თავიანთი სუვერენიტეტის ფარგლებში“, – განაცხადა ვოდოლაცკიმ.
ვოდოლაცკის თქმით, დასავლეთის პროვოკაციები მიმართულია რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კერების შესაქმნელად, რადგან „დასავლეთში სურს დსთ-ს, ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის დესტაბილიზაცია“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კრემლის პროპაგანდისტები და პუტინის რუსეთის პოლიტიკოსები „ოცნებას“ აქებენ. მეტიც, კრემლის და „ოცნების“ რიტორიკა ხშირად ემთხვევა ერთმანეთს.
ამავე თემაზე:
რუსული პროპაგანდა: ქართველებს უხარიათ, რომ უკრაინასთან „ერთ მატარებელში“ არ არიან






