ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 17 ივლისს, მოინახულა პატიმრობაში მყოფი მასწავლებელი, აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და კვლევები სჭირდება.
„ნინო დათაშვილს შევხვდი დღეს. მხნედ არის, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა და დროულად ჰქონდეს წვდომა შესაბამისი პროფილის ექიმთან.
ნინოს საქმეზე საია ახორციელებს სასამართლო პროცესების მონიტორინგს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა სრულიად დაუსაბუთებელია და გამოყენებულია აქტივისტი ქალის დასასჯელად“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.
საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს. 9 ივნისს ნინო დათაშვილი სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი, რის გამოც პროკურატურა მასწავლებელს, მანდატურზე თავდასხმას ედავება, თუმცა ნინო დათაშვილი თავდაპირველად თავად გახდა მანდატურებისგან ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი.
„ინციდენტს, რაც მოხდა, თავისი საწყისი ისტორია აქვს და დავამტკიცებთ, ვიდეოებით, რა მოხდა და როგორ მოხდა.
რამდენიმე ადამიანის გაკავებული, 150 სანტიმეტრი ვარ სიმაღლეში, როგორ დავესხი თავს მანდატურებს? განმიმარტონ, რას ნიშნავს სიტყვა თავდასხმა?
150-სანტიმეტრიანმა ადამიანმა, გაკავებულმა, რომელსაც მიჭერდა ყველა…. განმიმარტეთ თავდასხმა რას ნიშნავს და 4 კაცის მიერ გაკავებული ქალი, როგორ ესხმის თავს მანდატურებს?“ – დაუსვა კითხვა პროკურორებს ნინო დათაშვილმა სასამართლო პროცესზე.
არც პროკურატურამ და არც მოსამართლემ ნინო დათაშვილის არგუმენტები არ გაიზიარეს. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა.დანაშაული, რომელსაც ნინო დათაშვილს ედავებიან, ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამოქალაქო მასწავლებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 აგვისტოს გაიმართება.






