ვინ დააკავა მზია ამაღლობელი? – პატიმრობაში ყოფნიდან 6 თვის თავზეც კი ამ კითხვაზე არც სასამართლოს და არც პროკურატურას პასუხი არ აქვს.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება, გამოძიებამ დამალა იმ მეორე პოლიციელის ვინაობა, ვინც 12 იანვრის ღამეს მზია ამაღლობელი რეალურად დააკავა.
მოწმე პოლიციელებმა, რომლებმაც სასამართლოზე ჩვენება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მისცეს, თქვეს, რომ 12 იანვრის ღამეს, სისხლის სამართლის წესით მზია ამაღლობელი ორმა პოლიციელმა, ბერდია ფერაძემ და გიორგი ბჟალავამ დააკავა.
იმავეს ამტკიცებს გიორგი ბჟალავა, რომ ბერდია ფერაძესთან ერთად სწორედ მან დააკავა მზია ამაღლობელი.
ბჟალავა სასამართლოს წინაშე მოწმის სახით 7 აპრილს წარსდგა.
პროცესზე, ფიცის ქვეშ, გიორგი ბჟალავამ თქვა, რომ ის არის მზია ამაღლობელის დამკავებელი.
„12 იანვარს აქციაზე ნიღაბი მეკეთა. აი, ეს ვარ მე (მიუთითა ნიღბიან პირზე ვიდეოში), შიგნითაც, როცა შევედი შენობაში, ნიღაბი მეკეთა,“ – თქვა გიორგი ბჟალავამ და შენობაში ნიღბით ყოფნა სიცივით ახსნა.

სქრინი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი კადრებიდან. წითელი ისრით მონიშნულია გიორგი ბჟალავა. მან სასამართლოზე მიუთითა, რომ ეს პირი, მწვანე ნიღბით და პოლიციის წარწერიანი კეპით თავად იყო.
კადრებში, რომელიც 12 იანვრის ღამესაა გადაღებული და მზია ამაღლობელის საქმეში პროკურატურის მიერ წარდგენილი ერთადერთი მტკიცებულებაა, ჩანს, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აკავებს, არ არის გიორგი ბჟალავა.
იმ დროს, როცა დაკავებული მზია ამაღლობელი ბერდია ფერაძეს და ერთ უცნობ პოლიციელს სამმართველოს ეზოს სიღრმეში მიჰყავთ, გიორგი ბჟალავა პოლიციის შესასვლელ ჭიშკართან დგას.

ისრით შესასვლელ ჭიშკართან მონიშნულია გიორგი ბჟალავა, ხოლო ეზოს სიღრმეში უცნობ პოლიციელს მიჰყავს დაკავებული მზია ამაღლობელი
ადვოკატების თქმით, ყველა იმ მოწმე პოლიციელმა, რომლებმაც თქვეს, რომ მზია ამაღლობელი გიორგი ბჟალავამ დააკავა, ცრუ ჩვენება მისცა.
ეს ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სხვა გარემოებების უტყუარობა, რაც ამ პოლიციელებმა სასამართლოს მზია ამაღლობელის საქმის ირგვლივ გაუზიარეს; ამასთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება.
14 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ სწორედ ის ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლია – დადასტურდა, რომ მზია ამაღლობელის დამკავებელი ორი პოლიციელიდან ერთი არ არის გიორგი ბჟალავა.
„სასამართლოს ვაჩვენეთ, რომ ის პოლიციელი, რომელმაც ვითომდა დააკავა მზია ამაღლობელი, სისხლის სამართლის წესით, გიორგი ბჟალავა, არის ცრუ მოწმე.
ასევე კადრებზე ვაჩვენეთ მოსამართლეს, რომ მზია ამაღლობელს აკავებს სხვა პოლიციელი, რომელიც გამოძიებამ არ გაამხილა ვინ არის. მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ რატომ დამალა გამოძიებამ პოლიციელის ვინაობა.

მარცხნივ გიორგი ბჟალავა, მარჯვნივ რეალური დამკავებელი. სქრინი 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავებისას გადაღებული ვიდეო კადრებიდან
იგივე პოლიციელი, როდესაც მას ერთი ხელით მიჰყავს მზია ამაღლობელი, მეორე ხელით ცდილობს შეაკავოს ირაკლი დგებუაძე, რომელიც უკან მიჰყვება დაკავებულ ქალს, აგინებს და ცდილობს ადგილზევე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ეს კარგად ჩანს ვიდეო კადრებში.
სავარაუდოდ, სწორედ, ამიტომ, ეს პოლიციელი საქმეში არ გამოაჩინეს, რადგან მას მოუწევდა ამ გარემოებაზე საუბარი. თუმცა ეს კადრები ვაჩვენეთ სასამართლოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ეს ის ცნობილი კადრებია, როცა ირაკლი დგებუაძე აგინებს მზია ამაღლობელს და იმუქრება, რომ „სისხლით დაიჭერს“.
ცნობისათვის, ირაკლი დგებუაძემ სასამართლოზე დაკითხვის დროს აღიარა, რომ ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, მას ეკუთვნის.
„შესაბამისად, მხოლოდ ეს ვიდეოც უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, ეს ადამიანი როგორ მოიქცეოდა დახურულ სივრცეში. იქ სადაც არც კადრი იყო, არც კამერა და არც ჟურნალისტი.
ის კადრები [სამმართველოს შენობის ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები] მოგეხსენებათ გამოძიებამ არ გამოაჩინა. დამალა საზოგადოების თვალისა და ყურისგან, მათ შორის დაცვისგანაც. ჩვენ ვითხოვდით ამ კადრებს.
საბოლოოდ, მივიღეთ სურათი, რომ ბატონი დგებუაძის ერთი მოადგილე გოჩა ვანაძე არის ცრუ მოწმე, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე. ამ საქმეში გოჩა ვანაძე იძლევა ცრუ ჩვენებას, რომ თითქოს მან დააკავა მზია და საუბრობს გარემოებებზე, რომელ გარემოებაშიც მზია ამაღლობელი საერთოდ არ ყოფილა.
ხოლო სისხლის საქმეში ჩვენებას იძლევა ბატონი დგებუაძის მეორე მოადგილე გიორგი ბჟალავა, რომელიც ასევე ცრუობს, რომ მან დააკავა მზია ამაღლობელი,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

ვიდეო კადრების თანახმად მზია ამაღლობელი ამ ნიღბიანმა პირმა დააკავა და არა მწვანენიღბიანმა გიორგი ბჟალავამ. რატომ მალავს გამოძიება პოლიციელს, რომელმაც მზია ამაღლობელი დააკავა?






