გაეროს ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ახალგაზრდების უნარებსა და კომპეტენციებს იკვლევდა, ნათქვამია, რომ ქართველი მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში. „განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება“ – ვკითხულობთ კვლევის მთავარ მიგნებებში.
იგივე შეფასებას დებდნენ წლების წინ სხვა, საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციებიც. რა ახდენს გავლენას მოზარდებზე და რა გარემოებები უშლის ხელს მათში თავისუფალი აზროვნების განვითარებას? – „ბათუმელები“ ამ თემაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს, გიორგი ლიპარიშვილს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რატომ აქვთ საქართველოში მცხოვრებ მოზარდებს აზრის თავისუფლად გამოხატვის პრობლემა. ან რატომ ვერ ახერხებენ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, როგორც ეს წერია კვლევაში?
ის, რომ საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, ქართველ ბავშვებს რომ რამდენიმე სახის პრობლემა აქვთ და აქედან ერთ-ერთი კრიტიკული აზროვნების პრობლემაა, ბავშვების ბრალი საერთოდ არ არის. ჩვენ რასაც ვაჩვენებთ ბავშვებს, ისინი არიან ამის გავლენის ქვეშ მერე.
ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ბავშვი გვყავდეს, პირობითად, სასწავლო გარემოში, შენობაში და ყველა ფანჯარა დავუკეტოთ. ის აღმოჩნდება სიბნელეში და მისი განვითარების გზა, რა თქმა უნდა, შეიზღუდება.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კანონების დონეზე კრძალავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ყველა გადაწყვეტილება ფაქტობრივად ადამიანის თავისუფალი აზროვნების წინააღმდეგ არის მიმართული. თქვენ თუ ხედავთ ამ ფაქტებს შორის ურთიერთ კავშირს, ასეთ რეალობაში შეძლებს კი ქვეყანა გააუმჯობესოს ბავშვებში კრიტიკული აზროვნება?
როცა გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, იზღუდება ბავშვისთვის განვითარებაც. და როცა ბავშვი ხედავს ამდენ ძალადობას, ამდენ ტყუილს, ამდენ უსამართლობას, ეს ილექება მასში.
თუ სიტყვის თავისუფლება არ იქნება, აზროვნება საიდან დაიბადება?!
კრიტიკული აზროვნება იბადება ფიქრისგან, სხვადასხვა წყაროსგან, განსხვავებული აზრებისგან და თუ ამ ყველაფერს ჩავახშობთ, ბავშვის განვითარებასაც ჩავახშობთ, ხომ?!
კრიტიკული აზროვნება ხელს უწყობს, რომ ბავშვი სწორად განვითარდეს, სწორი აღქმა და სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს და არ დაიჯეროს, რომ შავი თეთრია. სიბნელეს არ მიეჩვიოს.
მერე შეგუება ხდება ამის, რომ – „ასე უნდა იყოს“.
- თვითცენზურას უნერგავს სისტემა ბავშვს?
თვითცენზურაც არ გამოდის, რადგან ბავშვი ჭყინტია, ახალია, ჩამოყალიბების პროცესი უფრო ნაზია და როცა დიდ ადამიანებს თავზე ვახვევთ ტყუილს, ბავშვიც ხომ ტყუვდება.
ახლა ბავშვის გაფრთხილება არსად არ ჩანს. იმიტომ, რომ ბავშვები არ ახსოვთ ამ ქვეყანაში, ბავშვები არ არიან ამომრჩევლები და შესაბამისად, არ არიან საინტერესოები მთავრობებისთვის, სამწუხაროდ.
როცა პირიქით უნდა იყოს, თუკი გვინდა კრიტიკული აზროვნების განვითარება ბავშვებში.
კვლევაში ისიც წერია, რომ მენტალური პრობლემები აქვთ ბავშვებსო და ამ მენტალურ პრობლემებს იწვევს გაუთავებელი ძალადობა, მშობლის უკანონოდ დაპატიმრება, არაფრისგან გამოწვეული შიშები და გზების ჩაკეტვა.
ევროპის ჩაკეტვა უნდათ ახლა, ხომ?! მაშინ როცა ევროპა იყო განათლების ერთ-ერთი კერა ქვეყანაში და პირველი ქართული წიგნიც ხომ ევროპაში დაიბეჭდა. ამიტომ ეს მრავალწახნაგოვანი პრობლემაა და არ არის მხოლოდ ის, რომ ბავშვს კრიტიკული აზროვნება ჩაუქრა და მერე რა.
ზოგს ჰგონია, რომ კრიტიკა ნიშნავს ცუდის თქმას მხოლოდ. კრიტიკა ნიშნავს, რომ იაზროვნო, ანალიზის უნარი გქონდეს, განსხვავებული არ ნიშნავს ცუდს. და თუ ვინმე იტყვის, რომ „ბოროტი უნდა ვიყო, ცუდი უნდა ვიყო“ და შენ ეტყვი, „კი, კი“ – ამას ეწინააღმდეგება კრიტიკული აზრი და ეს არის განსხვავებული აზრის ქონა.
თუ აღმოვაჩენთ, რომ ეს არის პრობლემა, ახლა რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გამოვასწოროთ?! დავტრიალდით, რამე შევცვალეთ?! ჩვენ გვჭირდება განათლების სპეციალისტები, ვინც მუშაობენ ამ თემაზე და შეგვიძლია ვკითხოთ აზრი, რა გეგმა შეგვიძლია დავსახოთ, რომ შემდეგი თაობისთვის აღარ იდგეს ეს პრობლემა.
- როცა სკოლის მოსწავლეები აქტიურად გამოდიოდნენ საპროტესტო აქციებზე, „ოცნებამ“ შემოიღო კანონი, რომ თუ არასრულწლოვანი აქციაზე 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დამრღვევად მიიჩნიეს, მის მშობელს დააჯარიმებენ. როცა ასე უყურებს ხელისუფლება ბავშვის გამოხატვის უფლებას, რამდენად შესაძლებელია პრობლემის მოგვარება?
ამას შეცვლის სამართლიანობის აღდგენა, მეტი არაფერი.
ეს დაახლოებით იგივეა, ბავშვს უთხრა, რომ ევროპა შენთვის ცუდია, მაგრამ ჩემი შვილი იქ სწავლობს, ევროპაში. ანუ შენი შვილისთვის ცუდი გინდა და სხვისი შვილისთვის კარგი?! – ხომ ატყუებ იმ ბავშვს ამით, როცა ეუბნები რომ ევროპა საშინელია.
ევროპა, რომელიც შენს ჯანმრთელობას თუ რამე პრობლემა შეექნება, ადვილად მიაგნებს; შენი განათლების პრობლემას მიაგნებს და დაგეხმარება, რომ უფრო მეტად განვითარდე, პროფესიონალად ჩამოყალიბდე, წამალს უფრო იაფად და ხარისხიანად შემოგთავაზებს ვიდრე შენი ქვეყანა და შენ, ხელისუფლება ამ ყველაფრის გადაკეტვით უკეტავ განვითარების გზას ქართველ მოზარდებს.
ამათ კი სკოლა მარტო მაშინ ახსენდებათ, როცა არჩევნებია.
- სკოლებში ხომ მიდიან ხოლმე მინისტრები, სხვა მაღალჩინოსნები ფოტოების გადასაღებად, ალბათ არ უნდათ, რომ ბავშვებმა მათ ჰკითხონ – თქვენი შვილები რატომ სწავლობენ კერძო სკოლებში, თუ აქ ყველაფერი რიგზეა? ან რატომ სწავლობენ თქვენი შვილები ევროპულ, ამერიკულ სკოლებში, მაშინ როცა ჩვენ ინტერნეტზეც კი არ მიგვიწვდება ხელი?! ამიტომ არ უწყობენ ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას?
კი, რა თქმა უნდა. კი, არის დღეს კრიტიკული აზროვნების პრობლემა, მაგრამ ჩამქრალი არ არის ბავშვებში. ძალიან ბევრი ბავშვია, რომელიც ჯანსაღად აზროვნებს და მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს სიჯანსაღე იგრძნონ, არ დაკარგონ ეს ძალა და შიშით არ დაიწყონ ცხოვრება.
წარმოიდგინეთ, რომ მცენარეს, რომელიც უნდა გაიზარდოს, მზისკენ წავიდეს, ხედ იქცეს, ჰქონდეს იმის შიში, რომ დაიწვება თუ მზეს დაინახავს, რომ შუქზე არაფერი დაემართოს… ის ხომ ვერ გაიზრდება ისეთი ჯანსაღი, როგორიც უნდა გაიზარდოს.
ბავშვებს მარტო ის კი არ უნდა მოვასმენინოთ, რომ პრობლემა აქვთ კრიტიკულ აზროვნებაში, ისიც უნდა გავაგებინოთ, რომ არ გამქრალა კრიტიკული აზროვნება და ეს მათი ბრალი არ არის.
სამწუხაროდ, როგორც ამბობდა ხოლმე ცნობილი განმანათლებელი კენ რობინსონი, სკოლა ხშირ შემთხვევაში კრეატიულობასაც კლავს.
კამათის გარეშე როგორ მივიდეთ ჭეშმარიტებამდე? და რაში გვჭირდება ეს ჭეშმარიტება, სამართლიანი ადამიანები რომ ვიყოთ, ხომ?! ფორმით კი არ ვიყოთ მხოლოდ ადამიანები, შინაარსითაც ვიყოთ ადამიანები.
რას ვასწავლით ბავშვებს მასწავლებლები, მხოლოდ კონკრეტულ საგანს? არა, ჩვენ ვასწავლით ადამიანად ყოფნას. საგანს თვითონაც ისწავლის, დაათვალიერებს, წაიკითხავს და აღმოაჩენს. თვითონ უნდა დარჩეს საკუთარ თავთან ბავშვი, რომ განვითარდეს. მარტოობაში უფრო მეტს სწავლობს ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ მარტოდ უნდა დავტოვოთ თავის პრობლემებთან.
ამდენ ძალადობას რომ უყურებს ბავშვი, დილით სკოლაში რომ მიდიოდა და ხედავდა სპეცრაზმელები როგორ დასდევდნენ ადამიანებს ქუჩებში, მენტალური პრობლემები იმ ბავშვებს არ შეექმნებოდათ?!
ბავშვი რომ შიშში ცხოვრობს, რომ მისი მშობელი არ დაიჭირონ, ან უკვე დაიჭირეს, იმ ბავშვს ფსიქიკური პრობლემები არ შეექმნებოდა?! განათლების პრობლემა არ ექნებოდა?!
სახელმწიფო, რომელიც მიზერულ დახმარებას აძლევს შშმ ბავშვს ან მის მშობელს და ამავე დროს გამოხატვის თავისუფლების გამო 5 ათასი ლარით აჯარიმებს, რომელიც მისი დახმარების წლიური რაოდენობაც კი არ არის, მის შვილს არ ექნება პრობლემები?!
რა გამოდის, რომ ვითომ გეხმარები, მაგრამ ამ დროს ჯიბიდან გაცლი.
ესეც ხომ დაშინებაა. ეს ხომ ცენზურაა, რომ ხვალ გარეთ აღარ გამოხვიდე.
- კვლევაში ეწერა, რომ ბავშვებს უჭირთ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამის პარალელურად ჩვენ ხშირად გვესმის ფრაზები, რომ „მოსწავლის საქმეა კლასში ყოფნა“, რომ მხოლოდ ეს არის ბავშვის ფუნქცია. მაშინ რისთვის ტარდება ეს გაკვეთილი, თუ ბავშვს ამ ცოდნის რეალიზების შესაძლებლობას არ ვაძლევთ ცხოვრებაში?
ესეც არის ცუდი, ტყუილებით სავსე ზღაპარი, რომ ბავშვი მარტო სკოლაში უნდა იყოს. მაშინ რაღატომ ვაძლევთ სამგზავრო ბარათებს? ესე იგი მოსწავლე ქუჩაშიც არის, ხომ?
ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჰქონდათ მოსწავლეებს ბაღი, სადაც უნდა გასულიყვნენ და პრაქტიკაში გადმოეტანათ თავიანთი ცოდნა და დღეს რა ხდება, გამოკეტილი უნდა იყოს ბავშვი და კლასს არ უნდა გასცდეს?!
მაშინ მუზეუმში რატომ დაგვყავს ბავშვები, არ აღმოაჩინოს, არ გაიგოს რამე? არ გაიგოს, რა ხდება მის გარშემო? სოციალური ქცევა როგორ დააგროვოს მაშინ. ჩვენ აგურებს ხომ არ ვზრდით, რომ შენობაში დარჩნენ. ისინი არიან ადამიანები – მოძრავი, ცოცხალი არსებები, რომლებიც იზრდებიან, ვითარდებიან და სასარგებლონი ხდებიან თავიანთი თავისთვის და გარშემომყოფებისთვისაც.
მე რომ კარგად ვარ, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ გავჩუმდე, თუ სხვა ცუდად არის. ან ჩემი შვილი თუ კარგად არის, გავჩუმდე სხვისი შვილის ცუდად ყოფნაზე.
ერთი ადამიანი მეკამათა იმის გამო, რომ ჩვენ სკოლებში ყველაფერი კარგადაა და მასწავლებელმა ცუდი არ უნდა თქვას, ეს არ არის კარგი მასწავლებლობაო.
მაშინ გამოდის, რომ დავით კლდიაშვილს არ უნდა დაეწერა „დარისპანის გასაჭირზე“, ნიკო ლორთქიფანიძეს გაჭირვებაზე და ეს ხომ განათლებას აცლის კრიტიკული აზროვნების საფუძველს. „თავსაფრიანი დედაკაცის“ მისაღები გამოცდებიდან ამოღება რას უკავშირდება?! რით ჩავანაცვლეთ მაშინ?!
- პრობლემის მიჩქმალვას თავად სისტემა კარნახობს დღეს სკოლას?
ერთი ძველი თქმულება, ზღაპარი გამახსენდა, სადაც მეფე უმალავს თავის შვილს რა ხდება გარე სამყაროში.
რომ არ არსებობს გაჭირვება, სიღარიბე, ავადმყოფობა და ასე შემდეგ. მერე მეგობრები ეტყვიან მეფის შვილს, რომ ასეთი არ არის ცხოვრება, როგორც შენ გგონიაო – უდარდელი და არხეინი.
გადაიცვამს მეფის შვილი, გავა გარეთ და ნახავს, თუ რამდენს ადამიანს უჭირს, რამდენ ბავშვს, თურმე ადამიანები კვდებიან კიდევაც და ამასაც უმალავდნენ. ამიტომ დამალვა გამოსავალი კი არ არის, პრობლემა მაშინ გვარდება, როცა ვიტყვით, რომ აი, ეს არის პრობლემა და დავიწყებთ მის მოგვარებას.
ბავშვში შეიძლება გენიოსიც ცოცხლობდეს და მკვლელიც, მაგრამ მკვლელად კი არ უნდა გავზარდოთ, უნდა დავეხმაროთ, რომ სწორად განვითარდეს. ეს არის მნიშვნელოვანი.
- მინისტრების ხშირი ცვლა, მუხრუჭების მოჭერა სკოლებზე, ევროპისგან დაშორება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რეპრესიები… რა პერსპექტივას უქადის ქართულ საგანმანათლებლო სისტემას?
თუ სადმე ვართ ახლა წინ წაწეული, ამ ყველაფერს კიდევ უფრო უკან წაიღებს, სადღაც სიბნელეში, ორმოსკენ, საიდანაც ამოსვლა მერე ბევრად რთული იქნება.
თუ ჩვენ ევროპას ჩამოვშორდებით, ჩამოვშორდებით განათლებას, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, ოჯახის წევრებს, რადგან ემიგრანტების უმრავლესობა ხომ ვიცით, რომ ევროპაშია.
ჩემმა ერთმა მოსწავლემ 5 უნივერსიტეტიდან მიიღო მიწვევა და ახლა ვიზა რომ ვერ მიიღოს და ვერ წავიდეს, მერე რა ხდება?!
ან ფეხბურთი რომ დავიკერეთ პირზე და ძალიან კარგია, რომ ფეხბურთიც ვითარდება, მაგრამ ჩემი ერთი მოსწავლე ვერ წავიდა უკვე იმის გამო, რომ ნელ-ნელა იქმნება დაბრკოლებები, რადგან ევროკავშირის წევრი რომ არ ვართ, ფეხბურთელების გაყიდვა სხვადასხვა კლუბისთვის ძალიან გართულებულია. ამას თუ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაც დაემატება, მერე რა მოხდება?!
მე დასვენების მრცხვენია ახლა ევროპაში, რადგან ჩემ ქვეყანას ახლა აქ ვჭირდები. ამ დროს, თვითონ ისინი, ვინც იძახიან, რომ ევროპა არ გვინდაო, ევროპაში ისვენებენ. ვინც ჩუმად არის დღეს, ის ისვენებს.
ატყუებენ იმ ადამიანებს, ვისაც ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე და ის უფროსი რასაც დაიჯერებს, იმას დააჯერებს იმ ბავშვსაც.
ეს უნდათ ალბათ, რომ ერთფერიანი იყოს ყველა ადამიანი. აი, წარმოიდგინეთ რომ მწვანე ვიყოთ ყველა, რა ცუდი შესახედი ვიქნებოდით ადამიანები, ხომ?!
- რამდენად შესაძლებელია ციფრულ საუკუნეში ასეთი ერთფეროვნების მიღწევა?
არ უნდა დავუშვათ.
და იმ სტერეოტიპიდანაც უნდა გამოვიდეთ, რომ „ჩვენი შვილები მოესწრონ მაინც კარგ ქვეყანას“. შვილებამდე ჩვენ ვართ და ჩვენს გარეშე როგორ მოესწრებიან. ასე ამბობდნენ ალბათ ჩვენი მშობლებიც, მანამდე მათი მშობლები და ბევრი მარტო ამბობდა და არ მოქმედებდა. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ, მოძრაობაში უნდა ვიყოთ, განათლების მაგალითი ჩვენ თვითონ უნდა მივცეთ.
ვიკითხოთ, ვისწავლოთ, განვვითარდეთ, ახალი უნარები შევიძინოთ და სხვებსაც დავეხმაროთ. ადამიანების გახარება ვისწავლოთ და არა ის, რომ დავამწუხროთ, ბოღმით და შურით გავსკდეთ თუ სხვა წარმატებას მიაღწევს. ოღონდ ეს წარმატება უნდა იყოს შრომისგან და განვითარებისგან მიღწეული.
უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს, რადგან ამდენი დამალვით ვეღარ მიხვდება ბავშვი რა არის სწორი ან არასწორი და არ დავტოვოთ მარტო პრობლემების წინაშე, რომელიც ამ კვლევაშია ასახული. ჩვენც უნდა გამოგვაფხიზლოს ამ კვლევამ.






