მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„ქოცებო“, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს რეჟიმი, თქვენ ამ ბანდიტური დაჯგუფების მსახურები იქნებით“ – მოსაზრება

20.07.2025
„ქოცებო“, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს რეჟიმი, თქვენ ამ ბანდიტური დაჯგუფების მსახურები იქნებით“ – მოსაზრება

ავტორი: ციალა ქათამიძე

__

გუშინ მომივიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც მარიანა ფომაევამ ქვაფენილზე სტიკერის დაკვრის გამო დამაჯარიმა 1000 ლარით – იმ მოტივით, რომ თითქოსდა დავამახინჯე ქალაქ ბათუმის იერსახე.

მუხლი, რომლითაც „მოსამართლემ“ იხელმძღვანელა, არ ითვალისწინებს სტიკერის ქვაფენილზე დაკვრის აკრძალვას, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი თინეიჯერობის ასაკს ახლაგადაცილებული მოსამართლისთვის, შეესრულებინა მისივე და მისი კოლეგების მისამართით, რეჟიმისგან გაცემული ზოგადი დირექტივა… „ზოგადი“ – იმიტომ ვამბობ, რომ მეეჭვება ქალბატონ ფომაევასთან კონკრეტული დავალების მისაცემად ვინმეს დრო დაეხარჯა.

მანამდე ანგარიში დამიყადაღეს – ესეც საინტერესო ამბავია: ვიყავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის რეზერვისტი… მიზეზის გარეშე გამომაგდეს და დამაჯარიმეს 2000 ლარით.

მიუხედავად იმისა, რომ „გაგდების“ ბრძანება და ჯარიმა სასამართლოში გავასაჩივრე, რაც, დღეს საქართველოში მოქმედი ყველა სამართლებრივი წესით, დავის განხილვის ვადით აჩერებს ჯარიმასთან დაკავშირებულ პროცესს, თავდაცვის სამინისტრომ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დამიყადაღეს ანგარიშები.

ფინანსური ამბავი გვერდით რომ გადავდოთ, სხვა უფრო მტკივნეული და შეურაცხმყოფელი ამბავია ჩემთვის – ცოტა რამეა ქვეყანაზე იმაზე დამამცირებელი, რომ ირაკლი ჩიქოვანი, საკუთარი პრეტენზიების უკან ჩამყლაპავი ირაკლი ჩიქოვანი, ბედის ირონიით, ჩვენი ქვეყნის  თავდაცვის მინისტრობას რომ იბრალებს, ის ირაკლი ჩიქოვანი… საკუთარი ქვეყნის, საჭიროების შემთხვევაში იარაღით დაცვას, რომ აგიკრძალავს… საკუთარ თავს და წარსულს რომ უღალატა, ეს ის ირაკლი ჩიქოვანია…

უფრო ადრე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე კარგად „ცნობილმა“ მოსამართლემ, სალიხ შაინიძემ „გამოარკვია“, რომ თითქოს 11 იანვრის ღამეს ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან, შეურაცხყოფას ვაყენებდი პოლიციელებს.

ბატონმა სალიხმაც დამაჯარიმა 2000 ლარით. მერე რა, რომ არათუ მტკიცებულებების ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც არ გააჩნდა – მაინც დამაჯარიმა. ბატონ სალიხის „სასახელოდ“ უნდა ითქვას ისიც, რომ მის ადგილას მჯდომი 10-11 წლის საშუალო ინტელექტუალური განვითარების ბავშვიც კი დაინახავდა საქმეში რეალურ სურათს – თუნდაც იმას, რომ ათეულობით სამხრე კამერის, რამდენიმე მედიასაშუალების ლაივტრანსლაციის პირობებში, შსს-მ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი ვიდეომტკიცებულება.

ზედმეტად მონდომებულმა ცრუ მოწმემ, ბატონ სალიხს ცოტათი საქმე გაურთულა – ისეთი ენთუზიაზმით ამტკიცებდა ტყუილს, რომ სულ დაავიწყდა წინა სხდომაზე დაკითხული მის კოლეგასთან (ასევე ცრუ მოწმე) სინქრონში ყოფნა. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა, ბატონი მოსამართლე იმ დღეს, ისევე როგორც სხვა დღეებში, ნაბახუსევი იყო და ეს მნიშვნელოვანი დეტალი უბრალოდ „გამოეპარა“…

ამ ამბებს წინ უსწრებდა დიმიტრი სამხარაძის ეპიზოდი – მისი დავალებით, მისმა ხელქვეითებმა „რეიდი“ მოაწყვეს ბათუმში და მუქარის შემცველი წარწერები დამიტოვეს კედელზე. იმ ღამეს პოლიციაში დავწერე განცხადება და მეორე დღეს მეორე კედელზე გაჩნდა უფრო „საშიში“ წარწერები. :)))

დიმიტრი სამხარაძის ხელის ბიჭებს უფრო დიდი გული მიეცათ! პატრული რომ გამოვიძახე – არავინ მოსულა. გენინსპექციაში დავრეკე და მითხრეს, წყალმოვარდნების გამო ბევრი გამოძახება აქვთ და ვერ მოვლენო… არადა, ერთი კვირა მანამდე და მერეც, მზიანი დღეები იყო ქალაქში:))) ახლა მეცინება, მაგრამ იმ დღეს შემეშინდა… მივხვდი, რომ ამ კრიმინალურ ბანდას არ ეშინოდა არავის.

მათთვის არ არსებობდა არანაირი მორალური თუ სამართლებრივი წესი – სამართალდამცავი ორგანოებიც კი თავიანთ ქვეშევრდომებად აქციეს… თუმცა, ეს მაშინ იყო საშიში და საცნაური ამბავი… მას შემდეგ იმდენმა წყალმა ჩაიარა, თანაც უფრო მღვრიემ და ბინძურმა.

ასე მტკიცებით ფორმაში საუბრის უფლება იცით ჩემს თავს რატომ მივეცი?! – თავად გაავრცელა ამ წარწერების დაწერის თუ დახატვის ვიდეო და ამ წარწერებზე ასახული მუქარების შესრულებას პირადად დაგვპირდა…

მანამდე მირეკავდნენ გინების და მუქარის ტექსტებით – უცხოური, ქართული ნომრებიდანაც. ერთ-ერთმა, რომელმაც სახელით მომმართა, მითხრა: „უნდა გიხ… ო და ვიდეო უნდა გავავრცელო.“ ქართული ნომერი იყო… ერთ ჩემს „მეგობარს“, რომელიც იმ დროისთვის „ოცნების“ მაღალჩინოსანი იყო, მივწერე, აი ამ ნომრიდან დამირეკეს და სხვა თუ არაფერი შეგიძლია, ვიდეოს რომ მოგიტანენ, ერთი თხოვნა მაქვს – მხოლოდ „შინაურებმა“ უყურეთ, უხერხულია-მეთქი….

რა მიპასუხა?! – არაფერი! პასუხი არ ყოფილა არც ერთ კითხვაზე თუ პრეტენზიაზე, რაც მაშინ საზოგადოებას, „ოცნების“ მიმართ გააჩნდა! ახლაც დუმილია… გავიდა თვეები და იცით რა ქნა?! ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან პატარა კაცი აღმოჩნდა. მე მისი კეთილშობილების მთელი ცხოვრება მჯეროდა. მან მხოლოდ ქვეყანას კი არა, საკუთარ თავსაც უღალატა… ვწუხვარ.

ხო, კიდევ რა იყო… ბევრი დღე იყო… ბევრი ღამე… წვიმა, ქარი, თოვლი… სიცხეც… ბევრი შიში, იმედგაცრუება, ნიჰილიზმი… დაღლა…

გარდა ამ ამბებისა, იყო უამრავი პატარ-პატარა ისტორია, რომელმაც ჩემი წინარე ცხოვრება შეცვალა -წელიწად-ნახევარია ჩემი ცხოვრების არც ერთი დღე არ ყოფილა მშვიდი: შფოთი, გაურკვევლობა, არასტაბილურობის განცდა, თავს არ გაცოდებთ, ფაქტად ვყვები მხოლოდ. ამ რუტინულ, სევდიან, ერთი შეხედვით რთულ და გაუსაძლის ყოფას, აქვს მეორე მხარე… რა კანონზომიერებითაც, რა საზომითაც, რა შინაარსითაც არ უნდა შევაფასო და გავაანალიზო,ზუსტად ვიცი ერთი რამ – ჩემი ცხოვრების არც ერთ დღეს არ გავცვლიდი არაფერში; არ არსებობს მოცემულობა და ადგილი, რომელშიც უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, ვიდრე ახლა ვარ. რატომ?! თქვენ გადაწყვიტეთ…

2025 წლის ივლისია, ჩვენს ქვეყანას ივანიშვილის ბანდიტური დაჯგუფება მართავს, სრული სვლით მივექანებით რუსული ორბიტისკენ, ადამიანები ციხეში ჩასვეს. უკვე ვადებსაც უსაზღვრავენ… 4 წელი, 8 თვე… ერთი წელი.. ცხოვრება დღითი დღე გაუსაძლისი ხდება…

ჰოდა, ამ დროს რა შემიძლია მე ერთ მოქალაქეს?! თანამოქალაქეებს რეალური ფაქტები გავაცნო, რათა უფრო მარტივი გახდეს ივანიშვილის რეჟიმის ლუსტრაცია, გამოვხატო წინააღმდეგობა ყველგან და ყველა ფორმით… ვიპოვო მოკავშირეები… უსაზღვრო ძალაუფლების მქონე ბანდიტურ დაჯგუფებას ვებრძვით, 230 დღეზე მეტი გავიდა… მანამდე კიდევ ბევრი ბრძოლა იყო, თითქმის ყველგან გაიმარჯვეს!..

თქვენთან რა ხდება ქოცებო?! მიუხედავად იმისა, რომ გეგონათ უზომო და უსაზღვრო ძალაუფლება გქონდათ, ცა ქუდად რომ არ მიგაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, ეგეც ხომ გახსოვთ?! ზოგიერთი ისევ ისე ხართ, მაგრამ როდემდე?! :))) თქვენს თავს რა უქენით?! რა უქენით თქვენ წარსულს, აწმყოს და მომავალს?! თქვენს შვილებს, თქვენს ქალაქს, თქვენს ქვეყანას?!

იცით როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? – ვერ ხვდებით: ეს ბანდიტური სინდიკატი, რომც დარჩეს ამ ქვეყანაში, თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. არავის არაფერში სჭირდებით… თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი სრულად ივანიშვილის საკუთრებაა და ჩალის ფასიც აღარ აქვს! რაც წლების განმავლობაში გიკეთებიათ, გიშენებიათ, გიშრომიათ, გიწვალიათ, შეგიქმნიათ… ყველაფერი, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა – ერთ დღეს დაგაჯილდოებთ (თუმცა ჯილდოების ხანა, მგონი, უკვე დასრულდა), მეორე დღეს დაგტუქსავთ, მესამე დღეს თქვენს ცხოვრებას გააქრობს… ისე გააქრობს, რომ შეწინააღმდეგებასაც ვერ გაბედავთ… ვერც ვინმეს მოუხმობთ საშველად;

თუ გაგიმართლათ, შესაძლოა ფიზიკური საფრთხე არ დაგემუქროთ, ეგეც გააჩნია, რამდენად კარგად და ოსტატურად იმლიქვნელებთ ან/და აბსურდულ შეთქმულების თეორიებს მოჰყვებით იმათზე, ვინც ბიძინას სძულს… მადლობა აუცილებლად უნდა უთხრათ, საჯაროდა და კერძო საუბრებშიც. მხოლოდ მეუღლეს თუ გაანდობთ თქვენს ზიზღს, შიშს თუ სხვა ემოციას…  შესაძლოა მასთან საუბარშიც არ იყოთ მარტო…

შესაძლოა უფრო დაბალ ქოცურ ფენაში შეინარჩუნოთ ადგილი; თქვენს ადგილს კი, სხვა თქვენნაირი, თქვენი “გუნდის” შედარებით ახალი წევრი დაიკავებს… ისეთი რაღაცები მოხდება თქვენს ცხოვრებაში, კრიმინალურ ფილმში რომ არ გინახავთ.

თუ ფიქრობ, მე ეგ ამბავი არ დამემართება, საიდან მოგაქვს ეს ბოდვაო, რას გირჩევ იცი?! 2012 წლიდან მოყოლებული ბიძინას გარემოცვაში და/თუ მსახურებაში მყოფი ადამიანები გაიხსენე, გვარები და სახელები… გახსოვს?! რაღაც ნაწილმა, ადრიანად “გამოასწრო”, რაღაც ნაწილმა ცოტა გვიან სცადა და მათ განსაკუთრებით ებრძვიან, განსაკუთრებული სისასტიკითა და სიშლეგით;

თქვენს “თანაგუნდელებს” ცხოვრება რომ თავზე ჩამოექცათ, გაიგეთ?! ადრე, დიდების ოლიმპოზე მყოფებს, მათივე ქვეშევრდომები გამარჯობას რომ ვერ ეუბნებით, მილოცვა-მოკითხვებს რომ თავი დავანებოთ.

მაგრამ, ეგ სამყარო თქვენი სამყაროა, თქვენივე ნაშენები და თქვენს ბეჭებზე შემდგარი… რეალურ სამყაროში, ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის მტერია ყველანაირი ლოგიკით და თქვენ ამ მტრის არათუ მოკავშირე, მისი ხუშტურების, სურვილების, ფობიების თუ ბიზნეს ინტერესების უსიტყვო შემსრულებლები ხართ.

როგორც არ უნდა დასრულდეს ეს რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, ყველას ყოველთვის ეცოდინება, რომ თქვენ ამ ბანდიტური დაჯგუფების მსახურები ხართ და ეს თქვენ თვითონ აირჩიეთ! თქვენ უკვე გააკეთეთ არჩევანი. გზა უკან აღარ გაქვთ!

ჰოდა, ქოცებო (საუკეთესო სახელი დაგარქვათ ქართულმა საზოგადოებამ), ბრძოლა ბოლომდე!

___

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: