თანამედროვე საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე სკოლა ევრო-2000-ში

როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი დღეები დღესასწაულებად, როგორ შევქნათ ისეთი გარემო, რომელშიც პატარები თავს საინტერესოდ და განსაკუთრებულად იგრძნობენ, რომელი ხერხი გამოვიყენოთ იმასათვის, რომ უცხოურ ლიტერატურას და მუსიკას ჩვენმა შვილებმა ქართული ამჯობინონ-ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად,   ქართული ლიტერატურის კითხვა და ქართველ თანამედროვე საბავშვო მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრები წარმოადგენს.

ამიტომაც, 2017 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა ევრო-2000-ს სტუმრად თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე ეწვია, მესამე ბ კლასის მოსწავლეების და დამრიგებლის ცირა ქობულაძის მოწვევით. (2006 წელს ირმა მალაციძემ პოეტ მარიამ წიკლაურთან ერთად ჩამოაყალიბა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. ფონდის ინიციატივით საქართველოში დაარსდა ქართული საბავშვო წიგნის დღე-27 ოქტომბერი, დაარსდა „საბავშვო ლიტერატურის ალმანახი, ირმა მალაციძე ბევრი ჯილდოს მფლობელია, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიტერატურული პრემია „საბა 2014“ – ნომინანტობა  და 2017 წელს  იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატობა.)

სკოლის ერთ-ერთ დარბაზში ლამაზი დეკორაციებით მოწყობილი ტყე, სავსე ხილით და ბოსტნეულით დახუნძლული კალათები ირმა მალაციძის მოთხრობის „მინი მარკეტის“ ინსცენირება იყო. მოსწავლეები, ცხოველთა ფორმებში გამოწყობილნი, კიდევ უფრო საყვარლები იყვნენ და ძალიან ჭკვიანებიც, ლექსი, სიმღერა და ცეკვა ცვლიდა ერთმანეთს და რაც მთავრია-ამ სპექტაკლიდან ბავშვებმა კარგად დაისწავლეს რა იყო ბიუჯეტი, რეკლამა, დანაზოგი და ვინ იყვნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ირმა მალაციძის „მინი მარკეტი“ ბავშვებმა საოცარი სილაღით, ხალისით და სიყვარულით ლამაზ სპექტაკლად გადააქციეს.

შეხვედრის დასასრულს სკოლის ბიბლიოთეკას მწერალმა რამდენიმე წიგნი აჩუქა, პატარებს კი ავტორის მიერ წაკითხული ზღაპრის დღესასწაული.

სწორედ ასეთი ცოცხალი შეხვედრები ამახსოვრდებათ ბავშვებს და უყვარდებათ მწერალი, რომელსაც შემდეგ უმეგობრდებიან კიდევაც. ჩვენთვის ხომ მაინც მთავარი ის არის, რომ  ასეთი შეხვედრების შემდეგ ლიტერატურა მოსწავლეთა ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი და სულის ნაწილი გახდეს.

„ათთეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი“ – რატომ უნდა აიკრძალოს ასაფეთქებლები

შვიდი წლის ბიჭს, რომელსაც ხელში ე.წ „ხლაპუშკა“ აუფეთქდა, სამი თითის ამპუტაცია დასჭირდა. ბავშვის დედა, ზეინაბ მაკარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითების მიკერება ვეღარ მოხერხდა, რადგან მთლიანად დაფლეთილი იყო.

„სამივე თითი ამპუტირებული აქვს. 10-თეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი. ბავშვს ძალიან უჭირს ამ ყველაფრის შეგუება და ატანა,“ – ამბობს დედა. მისი თქმით, ძმის ამბავს ძალიან განიცდის მისი მეორე შვილიც.

„როგორც ჩანს, უხარისხო ასაფეთქებელი იყო, რადგან ბავშვი ამბობს, რომ ცეცხლი არ გაკიდებია, ისე აფეთქდა. შიშინის ხმა არ ყოფილა, უცებ აფეთქებულა. შუშხუნაზე T1008 აწერია“, – გვეუბნება დედა.

ზეინაბ მაკარაძის აზრით, აუცილებელია სახელმწიფომ კონტროლი დააწესოს ასაფეთქებელ ნივთებზე, რადგან უკონტროლობის გამო ბევრი ბავშვი დასახიჩრდა.

„იმდენად უკონტროლოა სიტუაცია, რომ ლამის აფთიაქებშიც კი იყიდება ეს მაშხალები. სიგარეტი და ალკოჰოლი ხომ არის აკრძალული, ასაფეთქებლების გაყიდვაც უნდა აიკრძალოს არასრულწლოვნებზე და მკაცრი კონტროლი დაწესდეს. რამდენი ბავშვი და მოზარდი დაზარალდა ამის გამო.

პოლიცია მარტო იმას კითხულობს, ყურადღებიანი მშობელი ვარ თუ არა. ის გააკონტროლონ, რატომ არის ასე მასიურად გაყიდვაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში ნივთები.“

დედა ამბობს, რომ იმ დღეს თავად ახლობლის დაკრძალვაზე იყო, ხოლო ბავშვები ბებიასთან ერთად გასართობ ცენტრში წავიდნენ.

„მოგვიანებით დაბადების დღეზე უნდა წასულიყვნენ და ფული დავუტოვეთ. როგორც ჩანს, ამ ფულით იყიდეს. როგორც ყველა მშობელი, მეც ვაფრთხილებ, რომ არ იყიდონ და სხვა დროს არც შემინიშნავს, რომ ეყიდათ.

ბავშვის გაკონტროლება ძალიან რთულია. როცა მუშაობ, გარკვეულ საათებში ბავშვები შეიძლება დარჩნენ მარტო. ყოველთვის შიშის ქვეშ უნდა ვიყო, რომ რაიმე არ დაუშაონ თავს ამ ასაფეთქებლების გამო. აუცილებელია სახელმწიფომ გააკონტროლოს ასაფეთქებლების გაყიდვა ან საერთოდ აიკრძალოს, რა საჭიროა ამდენი მაშხალების გაყიდვა,“ – ამბობს დედა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. შვიდი წლის ბიჭს ე.წ. „ხლაპუშკა“ ხელში აუფეთქდა.

ამჟამად ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში იმყოფება. იმავე დღეს კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. ასაფეთქებელი ბავშვის დედას მოხვდა თვალთან, ბავშვი შედარებით მსუბუქად დაშავდა.

თქვენ ხუთი ათასი ლარი ვალი გაქვთ

საქართველოში ყოველი 1000 მოსახლიდან 710-ს კომერციული ბანკის ვალი აქვს. თუმცა ათასივეს გააჩნია დამატებით „საგარეო ვალი“, ანუ ვალი, რომელსაც სახელმწიფო იღებს. საქართველოს საგარეო ვალი იმაზე მეტია, რაც 2018 წელს ქვეყნის ბიუჯეტი იქნება. ბოლო ხუთ წელში საქართველოს საგარეო ვალი 6,7 მილიარდი ლარითაა გაზრდილი და დღეს არსებული კურსით 13,4 მილიარდია. ამას სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებულ ვალს – 4,6 მილიარდ ლარს (მათ მიერ გამოშვებულ ობლიგაციებსა და ფასიან ქაღალდებს) თუ დავამატებთ, სახელმწიფოს ვალი 18 მილიარდ ლარს აჭარბებს.

სახელმწიფოს საგარეო ვალსა და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას თუ შევადარებთ, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ახალდაბადებული ბავშვების ჩათვლით, 4 845 ლარი „საგარეო ვალი“ აქვს, ვალუტის 21 ნოემბრის კურსით.

მოქალაქისთვის ტვირთი კიდევ უფრო მძიმდება, თუ გავითვალისწინებთ კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებსაც. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ბანკების მიერ მიმდინარე წლის დასაწყისისთვის გაცემულმა სესხებმა, მაგალითად, აჭარაში ერთ სულზე შეადგინა 4 303 ლარი. ამ ციფრს „საგარეო ვალსაც“ თუ დავამატებთ, გამოდის, რომ აჭარაში თითოეულ მოქალაქეს, ჯამში, 10 ათასზე მეტი ლარი ვალი აქვს.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს ვალი, ძირითადად, უცხოურ ვალუტაში გვაქვს აღებული, ლარის გაუფასურების პარალელურად იზრდება ის თანხა, რაც ამ ვალის მომსახურებისთვის უნდა გადავიხადოთ – მთავრობა ბიუჯეტის ფულით ყიდულობს უცხოურ ვალუტას და იხდის ვალს.

„ის, რომ სახელმწიფოს ვალი მე არ მეხება – ასე არ არის. შენ, თითოეულ მოქალაქეს გეხება აუცილებლად, რადგან შენი ჯიბიდან უნდა გადაიხადო ეს ფული. რაც ნაკლები ექნება სახელმწიფოს ვალი, ერთ სულ მოსახლეზე გათვლებით, შენც ნაკლები ტვირთი გექნება. სახელმწიფო ამ ვალს ბიუჯეტიდან იხდის, ბიუჯეტი კი რეალურად შევსებულია ჩვენი გადასახადებით. შესაბამისად, რაც უფრო მეტი იქნება საგარეო ვალი, მით უფრო მეტის გადახდა იქნება საჭირო ჩვენი ჯიბეებიდან და ნაკლები თანხა დაგვრჩება სხვა პროექტების დასაფინანსებლად“, – ამბობს ეკონომისტი ლევან ნატროშვილი.

ლევან ნატროშვილის თქმით, „საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში პრობლემურია და ეს არ უნდა გაგრძელდეს“.

იმ საგარეო ვალით, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე „ნაწილდება“, ქვეყანაში ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება, თუმცა ხშირად სახელმწიფო უწყებები სესხის სახით აღებული თანხის დროულად გახარჯვას ვერ ახერხებენ, ქვეყანა კი ამ აუთვისებელი თანხის ზედმეტ პროცენტებსაც იხდის. მაგალითად, 2010 წლიდან დღემდე ვერ მოხერხდა ბათუმის ნაგავსაყრელის აშენება, რისთვისაც სახელმწიფომ შვიდი წლის წინ 3 მილიონი ევრო ისესხა. ამასობაში კი მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა მოიპარეს: ნაგავსაყრელის ასაშენებლად აჭარის მთავრობამ შექმნა შპს „ჰიგიენა“, რომლის დირექტორმაც ამ მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა – 5 მილიონი ლარი კომპანიის ანგარიშიდან მიითვისა. ცხადია, ახალი ნაგავსაყრელი ამ დრომდე არ აშენებულა, მაგრამ პროცენტის სახით უკვე გადავიხადეთ 114 ათას 678 ლარი. აუდიტის დასკვნით კი, სესხის აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით, გადახდილია 232 ათას 200 ლარი. აუდიტის შეფასებით, ეს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური გამოყენებაა.

საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების, ანუ ვალის დასაფარად თანხა ყოველწლიურად არის ბიუჯეტში გათვალისწინებული. მაგალითად, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 1 მილიარდ 15 მილიონი ლარია გაწერილი. წელს, ამ კუთხით, ბიუჯეტში 685 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სები) მონაცემებით, საგარეო ვალი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ფინანსთა სამინისტროს აქვს დათვლილი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს სამთავრობო საგარეო ვალი 5 მილიარდ 246 მილიონი აშშ დოლარია, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კი, მთავრობის საგარეო ვალი 4,9 მილიარდი აშშ დოლარია.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანამ საგარეო ვალის ძირი თანხა და პროცენტი მომდევნო 15 და მეტი წლის განმავლობაში უნდა იხადოს. რა თქმა უნდა, თუ ახალ ვალს არ აიღებს. ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

სების განცხადებით, სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალის მონაცემების ძირითადი წყარო მათთვის ფინანსთა სამინისტროა. „თუმცა ამ მონაცემების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს, რაც ამ განსხვავების მიზეზია“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

მაგალითად, ვადაგადაცილებული პროცენტის და დარიცხული ჯარიმის დავალიანება, რომელიც არ შედის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებში, ეროვნულ ბანკში აღირიცხება, როგორც ვადაგადაცილებული დავალიანება; ფინანსთა სამინისტროს მონაცემებში არ არის ასევე დარიცხული პროცენტები, რომელთა გადახდის ვადა ჯერ არ დამდგარა, ეროვნული ბანკი კი ანგარიშობს მათ და ამატებს მთლიან საგარეო ვალს.

როგორ ითვლიან საგარეო ვალს? – ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საგარეო სექტორის სტატისტიკის მეთოდოლოგიას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადგენს, რაც დაახლოებით 15 წელიწადში ერთხელ იცვლება. სახელმწიფო ვალი კი მოიცავს როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის ვალებს ერთად.

„ფინანსთა სამინისტრო საგარეო ვალად თვლის მხოლოდ იმას, რაც უცხოურ ვალუტაშია. საგარეო ვალი არ არის აუცილებელი, რომ მაინცადამაინც უცხოურ ვალუტაში იყოს“, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

სახელმწიფოს მთლიან საგარეო ვალში შედის ეროვნული ბანკის ვალიც – 244 მილიონი აშშ დოლარი. ბანკში აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ სავალუტო ფონდის ვალი აქვთ, ძირითადად, რეზერვების შესავსებად: „სებს სხვა არანაირი სესხი არ აქვს“.

მსოფლიო სავალუტო ფონდის მიხედვით, საგარეო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ისეთი განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიც, მაგალითად, საქართველოა, არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს.

„რამდენად გონივრულად მართავს მთავრობა საგარეო ვალს, ამის მთავარი კრიტერიუმია ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში. ჩვენი კანონმდებლობით ეს ზღვარი 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამ მხრივ კრიტიკულ ზღვართან მიახლოებული არ ვართ, მაგრამ პრობლემაა თავად ვალის აღრიცხვა. აღრიცხვის ჩვენი მეთოდოლოგია არ შეესაბამება სტანდარტებს“, – ამბობს ლევან ნატროშვილი.

სავალუტო ფონდი ქვეყნის საგარეო ვალად თვლის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოების საგარეო ვალსაც. ამ საწარმოების ვალები კი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალში გათვალისწინებული არ არის: „სახელმწიფო ვალი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების განმარტებით, მოიცავს სახელმწიფო საწარმოების საკრედიტო ვალდებულებებსაც. ეს ვალდებულებები მთავრობის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო გადახდისუუნარო გახდა, მაშინ ამ ვალების დაფარვა სახელმწიფოს მოუწევს. გასულ წელს სახელმწიფო საწარმოების ვალების გარეშე სახელმწიფო ვალი მშპ-ს 42%, საწარმოების ვალების გათვალისწინებით კი – 54% იყო“.

„თუ სახელმწიფო ვალში სახელმწიფო საწარმოების ვალებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ სახელმწიფო ვალის ინდიკატორები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ამან კი შეიძლება შეამციროს კრედიტორების მიერ ქვეყნისთვის გამოყოფილი სესხების ოდენობა. ეს ფაქტორი შეიძლება მთავარ მიზეზად განვიხილოთ იმისა, თუ რატომ არ სურს მთავრობას სახელმწიფო საწარმოების ვალების სახელმწიფო ვალში გათვალისწინება,“ – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ დროისთვის სახელმწიფო კომპანიებს 885 მილიონ 150 ათასი აშშ დოლარის სესხი და 835 მილიონ 80 ათასი აშშ დოლარის ობლიგაციები აქვთ. ეს ამ კომპანიებისთვის ჯამში 4,6 მილიარდზე მეტი ლარი საგარეო ვალია, რაც ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვალში ასახული არ აქვს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვალის აღების ფორმებია ევრობონდები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გამოშვებული აქვს როგორც სახელმწიფოს, ისე ნავთობის კორპორაციას და სხვა სახელმწიფო კომპანიებს. ბანკის ინფორმაციით, „ფასიანი ქაღალდები ყიდვა-გაყიდვა შეიძლება და ვადის ამოწურვის შემდეგ ფულს ის მოითხოვს, ვის ხელშიც აღმოჩნდება ეს ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულებები, რაც გამოშვებულია ფასიანი ქაღალდების სახით, ჩვენთან ჩართულია საგარეო ვალში – ამ ქაღალდების ნაწილი უცხოელებმა იყიდეს“.

„ვალის მეშვეობით შესაძლებელია დაფინანსდეს ინვესტიციები, თავიდან აცილებულ იქნას გადასახდების ზრდა და ა.შ. რამაც ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს. მაგრამ თუ ვალის მართვა და გამოყენება არაეფექტიანად მოხდება, ამან შესაძლოა ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდეც მიიყვანოს“, – მიიჩნევენ „გამჭვირვალობაში“.

საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ძირითადად, ვალითა და კრედიტებით ხორციელდება. თავისი პროექტები, შესაბამისად, სესხები და ვალები აქვს აჭარის მთავრობასაც. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ავტონომიური რესპუბლიკის სესხების მომსახურებისთვის 356 ათას 900 ლარია გათვალისწინებული.

რაც შეეხება ბათუმის მერიის ვალს, ის ქვეყნის საგარეო ვალში ასახულია.

ბათუმში სესხით ხორციელდება კომუნალური ინფრასტრუქტურის (წყალი და კანალიზაცია) რეაბილიტაციის პროექტი. მარტო მესამე ფაზის სამუშაოებისთვის 27 მილიონამდე ევროს სესხია აღებული KFW-ისგან, მეოთხე ფაზის სამუშაოებისთვის კი – 30 მილიონი ევრო. ბათუმის მერია სესხით აპირებს კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას შემოერთებულ ტერიტორიაზეც, რასაც წინასწარი გათვლებით 80 მილიონი ევროც არ ჰყოფნის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, EBRD-თან 2017 წლის სექტემბერში გაფორმებული ხელშეკრულებით, ბათუმის ავტობუსების პროექტისთვის 5,5 მილიონი ევრო დაიხარჯება. ავტობუსების შეძენაზე ჯერ ტენდერი გამოცხადებული არ არის.

EBRD-ისგან მიღებული სესხით განხორციელდა ქობულეთის წყალარინების პროექტიც, რისთვისაც 3,7 მილიონი ევრო დაიხარჯა.

აჭარის ტერიტორიაზე აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით შენდება ავტობანიც – ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზები.

„არ შეიძლება, მაგალითად, ვალი აიღო და პენსიები გაისტუმრო, ან რაღაც სხვა სოციალური პროექტები დააფინანსო. ვალის აღების მექანიზმი ასეთია: ფინანსთა სამინისტრო, მთავრობაა წამყვანი ამ პროცესში. მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას რისთვის და ვისგან აიღოს ვალი, რამდენი აიღოს, აწარმოებს მოლაპარაკებებს ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შედის კანონპროექტები პარლამენტში და პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს“.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანამ საგარეო ვალის, ძირი თანხა და პროცენტი მომდევნო 15 და მეტი წლის განმავლობაში უნდა იხადოს. რა თქმა უნდა, თუ ახალ ვალს არ აიღებს, რაც გამორიცხულია, ვინაიდან მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში კრედიტის სახით მისაღები თანხა – 1,288 მილიარდი ლარი, უკვე გაწერილია.

ეროვნულ ბანკს სახელმწიფო ვალის გადახდის ბოლო გრაფიკი მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით აქვს შედგენილი.

ამ გრაფიკის მიხედვით, საგარეო ვალი სულ 8,19 მილიარდი აშშ დოლარია, საიდანაც 1,5 მილიარდი აშშ დოლარი არის სესხის პროცენტი.

ეროვნული ბანკის გრაფიკით გადახდას ექვემდებარება:

დაუყოვნებლივ – 33,8 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 32,4 მილიონი აშშ დოლარი მხოლოდ სესხის პროცენტია.

„დაუყოვნებლივ გადასახდელი ძირითადი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს 1996 წელს აღებულ ყაზახეთის ვალს. ყაზახეთთან შეთანხმება შედგა და ახალი პირობებით გადახდა დაიწყო სექტემბრიდან… დანარჩენი თანხა წარმოადგენს თურქმენეთის ვალის გადაუხდელ ნაწილს. ამასთან, ვადაგადაცილებული პროცენტი ძირითადად თურქმენეთის ვალია, რომლის დაფარვის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკება. სავარაუდოდ, დაფარვა მოხდება თანდათან პროდუქციის მიწოდებით“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

გარდა დაუყოვნებლივ გადახდისა, სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს:

2017 წელს – სახელმწიფო და სახელმწიფოს გარანტიით აღებული ვალის მომსახურება, სულ 466,1 მილიონი აშშ დოლარი. აქედან 171,2 მილიონი აშშ დოლარი არის სესხის პროცენტი.
2018-2019 წლებში – გადახდას ექვემდებარება 495,1 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 159,1 მილიონი აშშ დოლარი არის პროცენტი.

2020 წელს და შემდეგ პერიოდში – სახელმწიფოს გადასახდელი ექნება ჯამში 7,2 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი, საიდანაც 1,17 მილიარდი აშშ დოლარი იქნება პროცენტი.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

როგორი ამინდი იქნება ბათუმში 31 დეკემბერს

წინასაახალწლო დღეები ბათუმში ღრუბლიანი, თუმცა თბილი და უნალექო იქნება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი.

30 დეკემბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 იქნება, დღისით – 12-17 გრადუსი სითბო. მთაში ღამით მოსალოდნელია  – 0-5 ყინვა, დღისით – 3-8 სითბო.

31 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამით შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. meteo.gov.ge-ს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა დღისით – 16, ღამით კი – 8 გრადუსი იქნება.

2018 წლის პირველ იანვარს აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი – ითოვებს.

 

საქართველოში პირველად ონლაინ არბიტრაჟი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველწლიურად იზრდება კომერციული დავების რიცხვი. დავების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია საარბიტრაჟო განხილვის ეფექტურობის ზრდა, რაც მიიღწევა დავების ონლაინ საარბიტრაჟო განხილვით.

„დავების განმხილველი ცენტრის“ მიერ შემუშავებული ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის სისტემა წარმოადგენს საშუალებას მხარეებისათვის თავიანთი კომფორტული საოფისე გარემოს დატოვების გარეშე მიიღონ მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში. DRC მოახდენს ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ადმინისტრირებას ონლაინ საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, რომელიც ამოქმედდება 2018 წლის პირველი თებერვლიდან.

მხარეებმა, რომელთაც სურთ გამოიყენონ DRC -ის ონლაინ არბიტრაჟი, წინასწარ, საარბიტრაჟო შეთანხმებით, უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერი დავა, წარმოშობილი ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „დავების განმხილველ ცენტრს“, რომელიც დავას განიხილავს ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის წესით.

მხარეებმა შეთანხმებაში ასევე უნდა მიუთითონ თავიანთი ელექტრონული ფოსტა და სკაიპის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც გამოყენებული იქნება ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის მიზნებისათვის.

დავების განმხილველი ცენტრის (DRC )გენერალური დირექტორი, მაკა ნაჭყებია

მაკა ნაჭყებია, „დავების განმხილველი ცენტრის“ დირექტორი: „ელექტრონული კომერციის, ონლაინ ბიზნეს ტრანზაქციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ცხადყოფს, რომ უახლოეს მომავალში ონლაინ არბიტრაჟი გახდება დავების გადაწყვეტის ყველაზე პოპულარული ფორმა. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვა არ საჭიროებს დაინტერესებული მხარის ფიზიკურად წარმოდგენას, რაც ზრდის დავის განხილვის ეფექტურობას, ამცირებს დროისა და ადამიანური რესურსების მნიშვნელოვან ხარჯს. ეს ასევე ქმნის ახალ შესაძლებლობებს იურისტებისა და იურიდიული კომპანიებისათვის, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობენ ისინი თბილისში, ბათუმსა თუ ქუთაისში.“

[red_box]ონლაინ არბიტრაჟის ძირითადი მახასიათებლებია:[/red_box]

[checklist]

  • სარჩელისა და შესაგებლის, ასევე საქმესთ ან დაკავშირებული მტკიცებულებების ონლაინ წარდგენა
  • დავას განიხილავს DRC-ის მიერ დანიშნული არბიტრი მხარეთა მიერ წარდგენილი პოზიციებისა და დოკუმენტების (მტკიცებულებების) საფუძველზე
  • საჭიროებისას, სხდომა ჩატარდება ვიდეო კონფერენციის (მათ შორის, სკაიპის პროგრამით) ან აუდიოკონფერენციის გზით
  • საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს ელექტრონული ფორმით ბიზნესისათვის

[/checklist]

[red_box]ონლაინ არბიტრაჟი ითვალისწინებს მნიშვნელოვან უპირატესობებს:[/red_box]

[checklist]

  • დავის სწრაფი გადაწყვეტა, მაქსიმუმ 60 დღეში.
  • სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, საქმეში არსებულ დოკუმენტებზე ონლაინ წვდომა ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.
  • საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის ტრანსპორტის, სასტუმროს და ა.შ. შემცირება.
  • განხილვაში მონაწილე მხარეების (მათი წარმომადგენლებისა) და არბიტრებისათვის მოხერხებული პროცესი.

[/checklist]

[red_box]

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.drc.ge

ან დაგვიკავშიდით: საქართველო, ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, II სართ. ოფისი 11, ტელ.: 0322 207 327

[/red_box]

 

 

 

“რუსთავი 2”-ის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის და შპს “საქართველოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება პლენუმმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დავის საგანი სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა იყო, რიმლის მიხედვითაც შესაძლებელია ზნეობრივი ნირმების დარღვევის, ასევე შეუსაბამო ფასების გამო გარიგება ბათილად მიიჩნიოს სასამართლომ.

“რუსთავი 2”-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დაბრუნებაზე საჯაროდ განაცხადა და თქვა, რომ თავის დროზე “რუსთავი 2” მას “ამორალური გარიგების” შედეგად დაათმობინეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერი “ამორალურ გარიგებაზე” მხოლოდ ზოგადი საფუძველია სახელშეკრულებო სამართლის. სასამართლოს მთავარი მრჩეველი, სალომე ჯოხაძე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ფასთა შორის შეუსაბამობა გარიგების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება.

„მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ბუნდოვანია ის, რომ ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგობა წარმოადგენს ბათილობის საფუძველს და ეს მოსამართლეს ანიჭებს გაუმართლებლად ფართო დისკრეციას… საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმა მოწესრიგების გარეშე არ დატოვოს ისეთი შემთხვევები, რომლებიც გამომდინარეობს სახელშეკრულებო სამართლის ფუნდამენტური პრინცპციპებიდან, თუმცა არ არის გათვალისწინებული გარიგების ბათილობის სხვა საფუძვლებში,“ – გვითხრა სალომე ჯოხაძემ.

გადაწყვეტილებაზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა პლენუმის ოთხ მოსამართლეს: მაია კოპალეიშვილს, ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თამაზ ცაბუტაშვილს.

 

„ლაშა დეკანაძის საქმეზე განაჩენი დაუსაბუთებელია“

ლაშა დეკანაძე ერთადერთი მსჯავრდებულია „ბათუმის აქციის საქმეზე“, რომელმაც დანაშაული არ აღიარა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა 2 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ შეფასებით, სასამართლოს ეს განაჩენი დაუსაბუთებელია.

ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს და ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს წვრილმანი ხულიგნობისთვის. მას მოსამართლე სალიხ შაინიძემ 5 დღით მიუსაჯა პატიმრობა. პატიმრობიდან გამოსულ დეკანაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის წესით წაუყენა ბრალი – მასობრივ ძალადობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმის მუხლებით.

პოლიციელებზე თავდასხმის ნაწილში მოსამართლემ ლაშა დეკანაძე გაამართლა. მოსამართლისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის – სერგი ბზიშვილის ჩვენება, რომელმაც სასამართლოში თქვა, რომ ლაშა დეკანაძემ ესროლა ქვა და ფეხი დაუზიანა. მოსამართლეს იგივე უთხრა პოლიციელმა მამუკა ბეჟანიძემ.

სასამართლო პროცესებზე პროკურატურამ ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები წარმოადგინა, მაგრამ იქ არ ჩანს ლაშა დეკანაძის მხრიდან ქვის სროლის ფაქტი. ადვოკატი დავით ჯაფარიძე პროცესებზე ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ პოლიციის შენობის შესასვლელთან არავინ იდგა, როცა აქციაზე ლაშა დეკანაძე გამოჩნდა დილის ოთხ საათზე. სამართალდამცველების თქმით კი, მათ ლაშა დეკანაძემ მთავარ შესასვლელთან ესროლა ქვა.

„სასამართლო თვლის, რომ ვიდეოფირებზე ასახული ინფორმაციით არ დასტურდება ლაშა დეკანაძის მხრიდან პოლიციელთა მიმართულებით ქვების სროლისა და მათზე თავდასხმის ფაქტი,“ – ვკითხულობთ სასამართლოს განაჩენში.

კიდევ ერთი მტკიცებულება ტელევიზიების მიერ გადაღებული კადრები იყო, რომლითაც, პროკურატურის მტკიცებით, დასტურდებოდა მასობრივ ძალადობაში მონაწილეობა. ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე ეს კადრებიც აჩვენეს. ვიდეომასალის მიხედვით, ლაშა დეკანაძე დილის ხუთის რვა წუთზე ჩნდება აქციაზე და ავტომანქანით რამდენიმე წრეს აკეთებს.

სასამართლო განაჩენიდან: „…მანქანიდან გადმოდის საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მას აცვია შავი ნაცრისფერი, კაპიშონიანი სპორტული ტანსაცმელი, შავ-თეთრი ბოტასები და ახურავს შავი ნაქსოვი ქუდი. აღნიშნული პიროვნება არის ლაშა დეკანაძე, რომელიც იგინება და გამოხატავს აგრესიას და მუქარას პოლიციის მიმართულებით. ამავე ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ლაშა დეკანაძე აღებს ავტომანქანის უკანა საბარგულს, სადაც ჩანს დიდი ზომის დინამიკი და რთავს მაღალ ხმაზე მუსიკას. ლაშა დეკანაძე ყვირის „გავერთოთ ხალხო“ და შემდეგ უსტვენს. ისმის მომიტინგეთა შეძახილები „ბათუმი, ბათუმი“. ამის შემდეგ ლაშა დეკანაძე რამდენჯერმე ჩნდება ეკრანზე და დგას აქციის მონაწილეებთან.“

ამ კადრებზე დაყრდნობით მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიჩნია, რომ მასობრივ ძალადობაში მონაწილეობასთან არა, მაგრამ ხულიგნობასთან გვაქვს საქმე. ადვოკატი და ასევე „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი მიიჩნევენ, რომ ასე არ არის, რადგან ხულიგნობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ძალადობა, ან ძალადობის მუქარა.

სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით“.

არჩილ ჩოფიკაშვილი, კონსტიტუციის 42-ე მუხლის გამგეობის თავმჯდომარე: „განაჩენში მითითებულია, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობის მუქარას, მაგრამ რაში გამოიხატა მუქარა განმარტებული არ არის. განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს და იგი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ განაჩენის მიხედვით გაურკვეველია, რაში გამოიხატა ძალადობა, ან ძალადობის მუქარა. რაც შეეხება ზოგად მითითებას, რომ მანქანით მიიჭრა ეს პიროვნება ამ ადგილას, ჩართო ხმამაღალი მუსიკა, აგინებდა პოლიციელებს, აღნიშნული არ მიუთითებს ძალადობაზე, ან ძალადობის მუქარაზე. სავარაუდოდ, სწორედ ეს გარემოება გახდა იმის საფუძველი, რომ იგი დასაჯეს ადმინისტრაციული წესით. წყალგამყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის გადის ძალადობაზე, ან ძალადობის მუქარაზე. შესაბამისად, როცა ლაშა დეკანაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი, მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ მაშინ კონკრეტული საქმის განხილვის დროს ვერ დაინახა ძალადობის ფაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლეს უნდა შეეწყვიტა ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მასალები გადაეცა პროკურატურისთვის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით. განაჩენიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი დასაბუთებული არ არის“.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე: თუ ძალადობა ან ძალადობის მუქარა არ არსებობს, მაშინ გამოდის წვრილმანი ხულიგნობა, რის გამოც ის უკვე დასაჯა მოსამართლე სალიხ შაინიძემ. ის იმ დღეს იყო იუბილარი, აქციაზე მივიდა ნასვამი, წრე დაარტყა მანქანით, ხალხს გართობისკენ მოუწოდა და წავიდა. მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როცა მან განაჩენში ჩაწერა, რომ თურმე პოლიციისკენ ხელების გაშვერა არის ხულიგნობის მაკვალიფიცირებელი გარემოება. თუ სააპელაციო სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა, აუცილებლად მივმართავთ ევროპის სასამართლოს“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ გამამართლებელ გადაწყვეტილებას ზემდგომი ინსტანცია მიიღებს. თვლის, რომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სერიოზული საფრთხეა მთლიანად ქვეყნის დემოკრატიისთვის.

„დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო კონტროლი არ ხორციელდება ჯეროვნად და ეს არის საფრთხე ადამიანის უფლებებისთვის, პირველ რიგში და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის,“ – გვითხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ხულიგნობისთვის საჭირო ძალადობის ფაქტის არსებობა განაჩენში ასე დაასაბუთა:

„გინების ფაქტი დაადასტურა ბრალდებულმა ლაშა დეკანაძემ, თუმცა მიუთითა, რომ იგინებოდა უმისამართოდ, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან იგი იდგა პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და გინების თანმხლები ძალადობის მუქარის ჟესტი უშუალოდ მიმართული იყო პოლიციის შენობისკენ, რის შემდეგაც გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულო დამოკიდებულებას, იგნორირებას უკეთებს იმას, რომ იმყოფება საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობასთან, ასევე არსებულ დროს და შექმნილ ვითარებას – გარშემო იწვის მანქანები – და მაღალ ხმაზე რთავს მუსიკას, აქციის მონაწილეების გართობისკენ მოუწოდებს და გარკვეული პერიოდი რჩება მათ გვერდით.“

თუკი ლაშა დეკანაძე მასობრივ ძალადობის მონაწილეობისთვის გასამართლდებოდა, მას 4-დან 6-წლამდე ელოდა თავისუფლების აღკვეთა.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ პროკურატურამ სულ 21 პირი დააკავა სისხლის სამართლის წესით. აქედან 18-მა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ლაშა დეკანაძის საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს.

რამდენიმე დღეში მოსამართლე დავით მამისეიშვილი მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეზე გამოაცხადებს განაჩენს. მათ ამ აქციის ორგანიზებას ედავებიან.

 

ჩაბუქის „ღია წერილი ქართველ ქალებს“ – წულუკიანს, ჩიჩუას, ლომჯარიას, ბესელიას, ჯაშს, გვენეტაძეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი განცხადებას ავრცელებს – მისი ადრესატები სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი გადაწყვეტილების მიმღები ქალები არიან. ჩაბუქი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, სამართალდამცავებმა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი ფეთულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია „ფეტოსთან“ თანამშრომლობს, თურქეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაციაა და ჩაბუქის ექსტრადირებას ითხოვს.ჩაბუქი საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი მეუღლის თუბა ჩაბუქის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგმართავთ საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე, პედაგოგი თუღბა ჩაბუქი. ამჟამად წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე. ჩვენ უკვე 15 წელია საქართველოში ვცხოვრობთ და გვყავს ორი არასრულწლოვანი ვაჟი. წლების მანძილზე ჩემი მეუღლე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბოლო პერიოდში იგი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დამფუძნებელთა საბჭოს მინდობილი პირი საქართველოში. 2002 წლიდან მუსტაფა ემრე ჩაბუქი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტებში, მათ შორისაა საქართველოში ყველაზე გახმაურებული საგანმანათლებლო პროექტი IYIPO (ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა), რომლის ფარგლებშიც 10 წლის მანძილზე 50-ზე მეტი ქვეყნის ასობით ახალგაზრდა მეცნიერი სტუმრობდა საქართველოს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ხელმძღვანელობით 2007 წლიდან დღემდე  ტარდება  ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს  მოსწავლეებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია. იგი აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაშიც, 13 ივნისის ტრაგედიისას ყველაფერს აკეთებდა, რომ მოსახლეობას დახმარებოდა, უფრო მეტიც… ფიზიკურად იყო ჩართული ფიზიკურ საქმიანობაში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იგი სტამბოლში იმყოფებოდა. 7 აგვისტოს მან შეწყვიტა შვებულება და საქართველოში დაბრუნდა. დედას კი ასე დაუბარა: „მე ასეთ რთულ დღეებში ქართველი ხალხის გვერდით უნდა ვიდგე! ჩემი ადგილი საქართველოშია!“  24 მაისის დილასაც მარნეულის ქართულ სკოლაში მიიჩქაროდა, თუმცა იგი სახლთან დააკავეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებითა  და თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნით.

„15 წელია საქართველოში ვარ და ერთგულად ვეწევი საგანმანათლებლო საქმიანობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია, ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა… განაცხადა სასამართლოზე თვალებზე ცრემლმომდგარმა ჩემმა მეუღლემ და თან დასძინა: – ეს ცრემლები შიშის კი არაა,  არამედ სირცხვილის… მე მრცხვენია, რომ დღეს აქ მიწევს ჯდომა!“- განაცხადა ჩემმა მეუღლემ სასამართლოზე.

საქართველო ჩვენი მეორე სამშობლოა, აქ დაიბადნენ და იზრდებიან ჩვენი შვილები… ისინი ქართულ სკოლაში ქართველი ბავშვების გვერდით ქართულ ენაზე იღებენ ცოდნას, სწავლობენ წუთისოფლის ავსა და კარგს, ერთმანეთის სიყვარულს, მეგობრობას, ჭირში თანადგომას, ტოლერანტობას… ჩვენ გულით შევიყვარეთ საქართველო… ჰუმანურობითა და ადამიანური ღირებულებებით   მდიდარი  ქართველი  ხალხი. მე  და  ჩემი  მეუღლე  საქართველოში  ჩამოსვლის  პირველი  დღიდანვე  მხოლოდ  და  მხოლოდ  მოქმედი  კანონის  ფარგლებში  ვასრულებდით  ჩვენს  პროფესიულ  მოვალეობას  ამ  ქვეყნის  საკეთილდღეოდ, რაც მთავრობისა და საზოგადების მიერ ყოველთვის დადებითად  ფასდებოდა.   განსაკუთრებით კი  ჩემი მეუღლის მოღვაწეობა.   სამწუხაროდ, ამჟამად  ის   ბრალდებულია  იმ  დანაშაულის  გამო, რომელიც  არ  ჩაუდენია. ეს  ბრალდებები ძალიან  მძიმე  სატარებელია, რადგანაც  ჩვენი  ცხოვრებისეული  ფილოსოფია  სიყვარულს,  მშვიდობასა  და   ტოლერანტობას  ეფუძნება. უზომოდ  განვიცდით  ყველანი,  მაგრამ  ამ მდგომარეობამ  ყველაზე  მეტად  ბავშვებზე იმოქმედა.  როგორც  დედა, ვწუხვარ  შვილების  გამო.   მათ  ყოველ დღე ვასწავლი,  რომ   ჭეშმარიტება  და  სამართალი  ყოველთვის  იმარჯვებს. მიუხედავად  იმისა,  რომ ეს ბავშვებისათვის  საკმაოდ  მძიმე  თემაა, ისინი  ცდილობენ  გამიგონ  და  ყოველ საღამოს,  დაძინებამდე  გეგმავენ,  თუ  როგორ  დახვდებიან მამას  დაბრუნების  შემდეგ  და ამ ოცნებებით იძინებენ.    ჩვენი  უმცროსი  ვაჟი,  რომელსაც  აქამდე  სიზმრებს არასდროს ყვებოდა,  ცნობილი ფაქტების შემდეგ  ყოველ ღამე მამასა და სათამაშოებს ხედავს სიზმრად.

ახლა კი ახალი წელი დგება… სრულიად საქართველო ზეიმობს,  ყველგან  სინათლე და მხიარულებაა… მე და ჩემს შვილებს კი (პირველად ჩვენი ოჯახის არსებობის მანძილზე) მარტო მოგვიწევს ახალი წლის შეხვედრა. ჩვენთვის ეს დღე დღესასწაული არ იქნება, რადგან ჩვენი ოჯახის მამა, უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის უმძიმესი ბრალდებით და მსოფლიო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება… როცა 2017 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის შემობრძანებას მთელი ქალაქი ბედნიერი შეძახილებითა და ფეიერვერკებით  შეხვდება, როცა ყველა  ბედნიერების მეცხრე ცაზე იქნება, მე არ მექნება პასუხი ჩემი შვილების შეკითხვაზე, თუ რატომ  არ არის მათი მამა ჩვენს გვერდით, რატომ არ განვიცდით იმავეს, რასაც დიდი თუ პატარა…

მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ საქართველოს დემოკრატიისა  და სამართლიანობის  მიმართ ჩემი რწმენა და  მსოფლმხედველობა  დავიცვა  ისევე,  როგორც  ვიცავდი  თავიდან. სავსებით დარწმუნებული  ვარ იმაში,  რომ  ევროკავშირის  გზაზე მყარი  ნაბიჯებით მიმავალი  კავკასიის  ულამაზესი  ქვეყანა  არასოდეს დაიხევს  უკან,  არ  შეცვლის  არჩეულ კურსს და არ მიაყენებს  ჩრდილს ჭეშმარიტ და სამართლებლივ  შეხედულებებს. მე  მინდა უდიდესი  მადლიერება  გამოვხატო  ამ რთული  პროცესების  ქარცეცხლში სიყვარულითა  და  სითბოთი  ჩვენს  გვერდით  მდგომი ქართველი  ხალხისა  და  ჩვენი  მფარველი  საქართველოს  მთავრობის  მიმართ. მაგრამ წინ ჯერ კიდევ რთული გზაა… ჩვენთვის ერთ გამამხნევებელ სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს… ამიტომ მოგმართავთ როგორც ქალი ქალს,  დედა დედას,  გამოიჩინოთ გულისხმიერება და  მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად თქვენთან შეხვედრის საშუალება მოგვცეთ. ამქვეყნად ადამიანების შექმნილი კანონების გარდა, არსებობს მორალური და ზნეობრივი კანონებიც.. მინდა თვალებში ჩაგვხედოთ,  დარწმუნდეთ ჩვენს სიმართლეში, გაგვამხნევოთ, გვითხრათ, რომ სიმართლე ძლიერია ტყუილზე, რომ სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე და ჩვენც შევძლებთ მის დამარცხებას. არ მინდა უსამართლობამ იზეიმოს, არ მინდა ჩემმა შვილებმა რწმენა დაკარგონ… მათ დღეს ძალიან უჭირთ და მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ…. მჯერა, რომ როდესაც ჩემი  შვილები  მამასთან  შეხვედრას   იდღესასწაულებენ,  საქართველო   დემოკრატიისა  და  სამართლიანობის გამარჯვებას იზეიმებს.

გისურვებთ,  რომ ახალ წელს  ჩვენი დემოკრატიული  და სამართლიანი ქვეყნისათვის

სიყვარული, მშვიდობა  და წარმატებები მოეტანოს!

მრავალი  ბედნიერი  წელი დაგბედებოდეს,  ჩემო  საქართველო.

პატივისცემით, თუბა ჩაბუქი“.

 

წინასაახალწლო ღონისძიებები ბათუმში

წინასაახალწლო ღონისძიებები ბათუმში, ევროპის მოედანზე მოეწყობა. აქ ხვალ, 12:00-დან 17:00 საათამდე საბავშვო-გასართობი კონცერტი გაიმართება. 18:00 საათზე წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება ბათუმის ბულვარშიც. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, გიორგი ბერიძე, ირაკლი გოგიტიძე და ადგილობრივი ბენდები. კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

დღის ბოლოს, ევროპის მოედანზე ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი გაიმართება.

ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები მოეწყობა 30 დეკემბერსაც. საღამოს 20:00 საათზე დაიწყება კონცერტი ბათუმელი ბენდების მონაწილეობით: ლურჯი იალქანი, Black sea, School Band და GeoPlanet.

31 დეკემბერს. 21:00 საათიდან ევროპის მოედანზე მოეწყობა საცირკო წარმოდგენა აკრობატი სანტების მონაწილეობით, მოეწყობა ცეცხლის შოუ. 23:00 საათზე დაიწყება საახალწლო გალა-კონცერტი ვაჟა ტუღუშის, სოფო ხალვაშის, ნიკო ბერიძის, გიორგი ბერიძის, ანსამბლი „ბათუმის“, სულხან დევაძის და ლადო ყატაშვილის მონაწილეობით.

საახალწლო პროგრამა 00:30 სთ-ზე ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტით გაგრძელდება.

 

ამაე თემაზე: რას სთავაზობს მერია საახალწლოდ ბათუმელებს 258 ათას ლარად

რუსეთი 2046 წელს

ზუსტად არავინ იცის რა იქნება, მაგრამ ყველას შეუძლია დაახლოებით წარმოიდგინოს მომავალი. MXD-ი რუსი მხატვრების ციფრული პროექტია. ანდრეი კოჩერგინი, ევგენი ზუბკოვი, ვიქტორ მოგილატი და ლევ პერულკოვი 2046 წლის რუსეთს წარმოსახავენ.

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.

წყარო: boredpanda.com

 

82 წლის ალექსანდრას სახლში არ უშვებენ

„აქ ვიჯდები, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, წასასვლელი არსად მაქვს,“ – გვითხრა 82 წლის ალექსანდრა ტერუნმა, რომელიც ორ მეგობართან ერთად სასამართლოს შესასვლელში დაგვხვდა. მას სახლი საიათნოვას 4-ში [ჩაის სახლის შენობა] მეზობელმა აუჭედა. ალექსანდრას ბინა უკვე მეზობელს ეკუთვნის, თუმცა აღსრულების ეროვნულ სამსახურს გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაუწყია. ალექსანდრა ამბობს, რომ მეზობელმა მას სცემა კიდეც.

„ბინა თაღლითური გზით წამართვეს 300 დოლარად. შვილიშვილმა აიღო სესხი 2003 წელს და დავკარგე ბინა, სადაც 1983 წლიდან ვცხოვრობ, არასწორად მომექცა ყველა… ბინა ჩემმა მეზობელმა იყიდა, გიორგი გეგუჩაძემ, სპეცრაზმელია. რამდენჯერმე ჩამიკეტეს ჭიშკრის კარი, ტუალეტი და მცემეს, მაგრამ გუშინ აჭედილი დამხვდა კარი. ვიცი, რომ გამომასახლებენ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები მე… ამჯერად გიორგის დამ, სოფომ დამარტყა ხელი და სახლიდან გამომაგდო, ჩემი კატა შიგნითაა ახლაც,“ – ყვება მოხუცი.

ალექსანდრა ტერუნის საქმეზე დღეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა იმსჯელა. პროკურატურა ძალადობაში ალექსანდრას მეზობელს და სახლის მესაკუთრის დას – სოფო გეგუჩაძეს ადანაშაულებს. სასამართლო პროცესს ბრალდებული საკუთარი სურვილით არ დაესწრო, ალექსანდრას კი არავინ უთხრა, რომ პროცესი დაიწყო.

„რატომ არ მითხარით, თუ პროცესი დაიწყო? აბა, აქ რისთვის ვარ?“ – ჰკითხა მოხუცმა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს, როცა გაიგო, რომ სასამართლო პროცესი მის გარეშე უკვე სრულდებოდა. მანდატურებმა ალექსანდრას უთხრეს, რომ მათ ბრალდებულის სახელი ხმამაღლა ამოიძახეს და დაინტერესებულ პირს მისი გაგონება მარტივად შეეძლო. რამდენიმე წუთში პროცესზე შესვენება გამოცხადდა და ალექსანდრას სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება მისცეს.

„რატომ არ შეატყობინეთ ხანდაზმულს სასამართლო პროცესის შესახებ, რომელიც დაზარალებულია?“ – შეკითხვა სხდომათა დარბაზში პროკურორ ზურაბ კონცელიძეს დავუსვით. გვითხრა, რომ მანდატურის თანამშრომლებმა შეატყობინეს ქალბატონ ალექსანდრას სასამართლო პროცესის დაწყების შესახებ. პროკურატურა სასამართლოში კანონით დაზარალებულის ინტერესებს იცავს.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სოფიო გეგუჩაძეს 1000 ლარი გირაო შეუფარდა. საქმეზე ასევე ჩაინიშნა წინასასამართლო პროცესი. სოფიო გეგუჩაძის ადვოკატმა კომენტარზე უარი გვითხრა.

„მე რა გავაკეთო დღეს, ვისთან წავიდე? გუშინ გვიან ღამემდე პოლიციაში ვიყავი. მითხრეს, რომ ვერაფერით დამეხმარებიან, ხვალ დილიდან პროკურატურაში შიმშილს დავიწყებ,“ – გვითხრა ალექსანდრა ტერუნმა და მეგობარს გაჰყვა, რომელმაც საკუთარი ბინა შესთავაზა ღამის გასათევად.

ალექსანდრას შესახებ „ბათუმელები“ 2017 წლის მაისში წერდა. მაშინ ალექსანდრა საუბრობდა იმაზე, რომ გიორგის ბავშვობიდან იცნობს და მის გაზრდაშიც მონაწილეობდა. მაშინ „ბათუმელებს“ გიორგი გეგუჩავამ უთხრა: „მე შევიძინე ეს ბინა გასული წლის ბოლოს. მთხოვა, ახალი წელი მოდის, მადროვე და მერე წავალო. ახლა აღარ მიდის და იგონებს, თითქოს რაღაცას ვუშავებ და ვავიწროვებ“.

ალექსანდრა ტერუნის გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს სასამართლოს და გადაწყვეტილება აღსრულების პროცესშია. აღსრულების ეროვნულ ბიუროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ალექსანდრა ტერუნს შეტყობინება ნოემბერში გაუგზავნეს, თუმცა „გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაწყებულა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ როცა საქმე აღსრულების ეტაპზეა, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ხანდაზმულის დაბრუნებას მის ყოფილ საკუთრებაში.

ვინ უნდა დაიცვას მოქალაქე მსგავს სიტუაციაში – სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ალექსანდრა ტერუნის შესახებ არ აქვთ და მას ვერც ვერაფრით დაეხმარებიან. „უნდა მიმართოს მერიას, სადაც არსებობს სოციალური სამსახური და თავშესაფარი,“ – გვითხრა თემურ ქარცივაძემ, სააგენტოს დირექტორმა.

ალექსანდრა ტურინი მეგობრებთან ერთად სასამართლოს ფოიეში, პროცესის დაწყებამდე

„ბათუმელების“ ათი სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

„ბათუმელები“ ვებგვერდის – batumelebi.ge-ს წლის სტატისტიკურ მონაცემებს წარმოგიდგენთ. 2017 წელს ყველაზე ხშირად მკითხველებმა ეს სტატიები წაიკითხეს:

ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს: თუ არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე

საწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის

„გოდერძიზე“ მიღებული ტრავმის შედეგად აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარდაიცვალა

ვინ არის „გორელი პატრულის უფროსი“ კახა ბუხრაძე

საჯარო მოხელის კლასების მინიჭება და საკლასო დანამატები პირველი ივლისიდან

პირველი დღეები საბავშვო ბაღში – რა შეცდომას უშვებენ მშობლები

რაზეა დამოკიდებული კარგი მეხსიერება

შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ თვითნებურად აიღო

მინისტრ ჯეჯელავას „მართვის აკადემიამ“ სახელმწიფოსგან 300 000 ლარის დაკვეთა მიიღო

შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან

რას სთავაზობს მერია საახალწლოდ ბათუმელებს 258 ათას ლარად

ბათუმის მერია საახალწლო გართობაზე 258 ათას 400 ლარს ხარჯავს. საახალწლო გართობაზე პასუხისმგებელია აიპი „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი,“ რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.  სატენდერო ვალდებულებები სხვადასხვა სახის აქტივობას მოიცავს. მათ შორისაა აქტივობა – „ახალი წელი შენს ეზოში“.

პროექტის ფარგლებში განათებული სატვირთო მანქანა დღის განმავლობაში სამ ეზოში შედის და უბნის ბავშვებისთვის ანიმატორები წარმოდგენებს მართავენ. თითოეულ ბავშვს ერთ ჰელიუმის ბუშტსა და „მამალოს“ ჩუქნიან. ტენდერის მიხედვით, სულ 2100 „მამალო“ და ამდენივე ჰელიუმის ბუშტია შეძენილი.

ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ამბობს, რომ საჩუქარი ყველა ბავშვს ხვდება, თუმცა გარკვეულ უბნებში გასართობად მისულ ბავშვებს მხოლოდ ჰელიუმის ბუშტი შეხვდათ, ზოგიერთს კი –  მხოლოდ „მამალო“.

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საახალწლო განწყობას ანიმატორებიანი მანქანა მხოლოდ იმ უბნებში შექმნის, სადაც საახალწლო განათებები არ დამონტაჟებულა და არც ნაძვის ხეები დგას.

სატენდერო პირობების მიხედვით, 2 იანვრის ჩათვლით, 21-ჯერ უნდა გაიმართოს მიმებისა და ზღაპრის გმირების წარმოდგენა, ასევე, თოჯინებისა და მარიონეტების თეატრალური წარმოდგენა.

ხუთი საცირკო შოუ, 4-4-ჯერ უნდა დაიდგას ცეცხლოვანი შოუ და თევზების კარნავალი. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული წარმოდგენები საღამოს  ხუთი საათიდან დაიწყება ევროპის მოედანზე.

უფრო მოგვიანებით კი, საბავშვო კონცერტები გაიმართება.

აკრობატი სანტაკლაუსები ევროპის მოედანზე

ყოფილი პატიმარი სამუშაო შეკვეთებს ელოდება

36 წლის ოგანეს კირბაშიანი  მშენებელია. თუმცა ოზურგეთში, სადაც ის ცხოვრობს, ახალ სახლს იშვიათად აშენებენ. ხანდახან თუ დასჭირდება ვინმეს რემონტი: შელესვა, შპალერის გაკვრა ან მეტლახის დაგება.

„ეს საუკეთესო შემთხვევაა, 100-200 ლარის საქმე რომ გამოჩნდეს ხანდახან, მაგრამ ოზურგეთი პატარა რაიონია, ყველა ყველას იცნობს, ყველა ახლობელია. თითქმის არასდროს აქვთ ხოლმე კლიენტებს სრული თანხა და ნაწილ-ნაწილ მიხდიან, ან ნახევარს დასაწყისში და ნახევარს – რამდენიმე თვის შემდეგ. ხელობაზე დამოკიდებული ვერ იქნები, არადა, სხვა არაფერი ვიცი, საპატიმროში მოხვედრამდე და მას მერეც მეტი არაფერი მიკეთებია,“ – გვიყვება ყოფილი პატიმარი, რომელმაც ჩაკეტილ სისტემაში 4 წელი გაატარა და 2010 წელს გაათავისუფლეს.

„იცი, რა გრძნობაა ციხიდან გამოსვლა? თითქოს თავიდან დაიბადე, ჩვილივით პირველად აახილე თვალი და დაინახე სამყარო. თავისუფლების ფასს და მნიშვნელობას ამ დროს ყველაზე მძაფრად გრძნობ,“ – ამბობს ოგანეს კირბაშიანი.

ნანატრ თავისუფლებამდე იყო ციხის მძიმე პირობებში გატარებული წლები და ტუბერკულოზი. დაავადება საპყრობილეში სხვისგან გადაედო. საერთო სისუსტეს და სხეულის მუდმივად მაღალ ტემპერატურას ვერ გაუძლო და ციხის ექიმებს მიმართა დასახმარებლად, რის შემდეგაც მალევე გადაიყვანეს ტუბერკულოზის ცენტრში და სასწრაფო მკურნალობის კურსი ჩაუტარეს. საბოლოოდ ოგანესი სრულად გამოჯანმრთელდა.

2017 წლის ზაფხულში თურქეთში გადაწყვიტა წასვლა ჩაის პლანტაციაში სამუშაოდ, მაგრამ იქ ჩასულს რთული პირობები დახვდა: იმაზე ბევრად მძიმე ტომრები უნდა ეზიდა, ვიდრე თავად იწონის. 8 დღე გაძლო. მერე გაუჭირდა და უკან დაბრუნდა.

ხელსაწყოები, რითაც ოგანესი სარემონტო სამუშაოებს ატარებდა, გაცვდა და დაძველდა. შესაბამისად, აღარ შეეძლო შეკვეთების მიღება და მცირე თანხის გამომუშავება.

ოგანესის დედა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ორგანიზაციის, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში დამლაგებლად მუშაობს. მას ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის შესახებ შეიტყო და ოგანესმაც ბიზნესპროექტი შეადგინა ხელსაწყოების შესაძენად. ახლა მას უკვე შეუძლია კერძო შეკვეთების მიღება და ოჯახის მარჩენალ დედასაც ტვირთი შედარებით შეუმსუბუქდება.

ოგანეს კირბაშიანს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და დედ-მამა ჰყავს.

ოჯახის მთავარი შემოსავალი დედის ხელფასი და ოგანესის არარეგულარული, სარემონტო შეკვეთებიდან შემოსული თანხაა, რაც იშვიათად ჰყოფნით თვიდან თვემდე.

„არც მიწის ნაკვეთი გვაქვს“, – ამბობს ყოფილი პატიმარი. – „ოზურგეთში, ბინაში ვცხოვრობთ, ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული რომ მოგვყავდეს, შეღავათი იქნებოდა, მაგრამ აბა სად? მიწა არ გვაქვს. მწვანილიდან დაწყებული ყველაფერს ვყიდულობ.“

ოგანესი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამაშიცაა ჩართული, რომლის ფარგლებშიც პერიოდულად გამოკვლევები უტარდება და საჭირო მედიკამენტებსაც უფასოდ იღებს.

ახალი წელი მოდის. გურიის ახალგაზრდული ცენტრი ყოფილი პატიმრების ოჯახებზეც ზრუნავს და ოგანესი ამბობს, რომ დიდი სიხარული იყო მათთვის, როცა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საახალწლო ზეიმზე მიიწვიეს.

„გაერთნენ ბავშვები, საჩუქრები მიიღეს თოვლის ბაბუისგან, დღესასწაული მოუწყო ჩემს შვილებს რესურსცენტრმა, ლამაზი დღე იყო,“ – ამბობს ის და ახალ შეკვეთებს ელოდება, რომ ბავშვებს არაფერი მოაკლოს, დედის ხელფასის მომლოდინე არ იყოს, მხოლოდ სიტყვა „თავისუფლების“ ამარა არ დარჩეს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მოსაცდელი სამშენებლო მოედანზე

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული მოსაცდელი თითქმის ერთი თვეა სამშენებლო მოედნის ღობის შიგნითაა მოქცეული. სამშენებლო ტერიტორიაზე აღმოჩნდა ტროტუარის ნაწილი, რომელიც მოსაცდელთან მთლიანადაა გადაკეტილი და ქვეითებს ავტომობილების სავალ ნაწილზე მოუწევთ გადაადგილება.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ მათ კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“-მა მიმართა გაჩერების ადგილმონაცვლეობაზე წერილით. „გაჩერებების ადგილებს აღნიშნულ მონაკვეთში მერია ადგენს, მოსაცდელის კონსტრუქციაც არ არის ჩვენს საკუთრებაში, ამიტომ, ვინაიდან საკითხი არ შედიოდა ჩვენს კომპეტენციაში, კომპანიის წერილი ქალაქის მერიაში გადავამისამართეთ,“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით: „აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილება არ შეიზღუდება. საფეხმავლო ბილიკი მშენებლობის პერიოდში და მშენებლობის დასრულების შემდეგ – დარჩება. რაც შეეხება მოსაცდელს, ვინაიდან ტერიტორიის ირგვლივ დასახლებული პუნქტი არ არის და გაჩერებები დაახლოებით 50 მეტრში არის ერთმანეთისგან იქეთ-აქეთ [უნივერსიტეტთან და საზღვაო აკადემიასთან] სავარაუდოდ, შესაძლებელია ადგილმონაცვლეობაც და აღნიშნულ გაჩერებას გადაიტანენ სხვა ადგილზე“.

რატომ ვერ მოახერხა ბათუმის მერიამ მოსაცდელის [გაჩერების ადგილის] გადატანა, ვიდრე კომპანია შემოღობვას დაიწყებდა, ამაზე კონკრეტული პასუხი მერიისგან ვერ მივიღეთ. ბათუმში კი არაერთი გაჩერებაა, სადაც მოსაცდელები არ არის.

„ბათუმელებს“ კომპანია „ალმა“-ში [მოსაცდელის კონსტრუქცია მას ეკუთვნის] განუცხადეს, რომ 2-3 დღის წინ მიიღეს წერილი მერიისგან, რომლის საფუძველზეც მოსაცდელი ლერმონტოვის ქუჩაზე უნდა გადაიტანონ: „ველოდებით სპეციალურ მანქანას, რომლითაც უნდა მოხდეს კონსტრუქციის აღება და გადატანა. კონსტრუქციას უახლოეს დღეებში გადავიტანთ“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე კერძო კომპანია სასტუმროს ააშენებს.


საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორია [შოთა რუსთაველის N42 / ნინოშვილის N 39] კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ საკუთრებაშია. ამ ტერიტორიაზე კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე იყო აკაკი სონგულია.

მოგვიანებით კომპანიის საფირმო სახელწოდებაც შეიცვალა ახლით – „ალიანსი ფრივილიჯით“. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, ამ კომპანიაში აკაკი სონგულია უკვე წილის 13%-ს ფლობს. ის ამ კომპანიის დირექტორიცაა. კომპანიის დანარჩენ წილებს ფლობენ: თემურ ბიწაძე, ავთანდილ გორგილაძე და ბესიკ ჟღენტი.

კომპანიაში გვითხრეს, რომ გაჩერების/მოსაცდელის საკითხი მერიის კომპეტენციაა, ხოლო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ბრენდი გაუწევს სასტუმროს ოპერირებას, ასევე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, მოგვიანებით გაავრცელებენ.

ბათუმი, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მოსაცდელი სამშენებლო მოედნის შიგნით მოექცა / 7.12.2017 / როინ გუნდაძის ფოტო
ბათუმი, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მოსაცდელი სამშენებლო მოედნის შიგნით მოექცა / 7.12.2017 / როინ გუნდაძის ფოტო
ბათუმი, მოსაცდელი რუსთაველის ქუჩაზე / 28.12.2017 /

 

გეოლოგიური დასკვნით წონიარისში ბარამიძეების ოჯახის სახლი სიცოცხლისთვის სახიფათოა

გეოლოგებმა, საცხოვრებელი სახლებისა თუ მიმდებარე ტერიტორიების მდგომარეობა ქედის  მუნიციპალიტეტში ბოლოს, დეკემბრის თვეში შეისწავლეს. დასკვნებით, რომელიც 18 დეკემბერს გასაჯაროვდა, შესწავლილი 12 ოჯახიდან განსახლებას საჭიროებს თემურ ბარამიძის ოჯახი, დანარჩენი 11 ოჯახის საცხოვრებელი სახლები კი სიცოცხლისთვის უსაფრთხოა. თუმცა, გეოლოგებმა ამ ეტაპზე 11 ოჯახთან დაკავშირებით საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ფერდსამაგრი კედლების მოწყობისა და ჩამონადენი წყლების უსაფრთხო ადგილზე გადატანის რეკომენდაცია გასცეს.

ქედის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით თედორაძე ამბობს, რომ სოფელ წონიარისში მცხოვრები ბარამიძეების ოჯახი, განსახლების პროგრამაში დარეგისტრირდა და ოჯახი საცხოვრებელი სახლის შესაძენად, პროგრამით გათვალისწინებულ 25 000 ლარს მიიღებს, მანამდე კი ბარამიძეებს საცხოვრებელი სახლის ქირას მერია დაფარავს. რაც შეეხება ფერდსამაგრი კედლების მოწყობის რეკომენდაციებს, დავით თედორაძე ამბობს, რომ მერია გეოლოგიური დასკვნის შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

„თემურ ბარამიძის ოჯახს მერიამ დაბა ქედაში საცხოვრებელი ფართი სტიქიის პირველივე დღეს დაუქირავა და ოჯახი უსაფრთხოდ იმყოფება, ჩვენი რეკომენდაციით ბარამიძეები განსახლების პროგრამაში დარეგისტრიდა, ფართი ექვსი თვით დავუქირავეთ, თუმცა თუ საჭირო დარჩება მერია ქირას ექვსი თვის გასვლის შემდეგაც გადაიხდის. რაც შეეხება დანარჩენ 11 ოჯახს, მერიას „ფერდსამაგრი სამუშაოების“ პროგრამა აქვს, ამ პროგრამის ფარგლებში კი ეკონომიკის სამსახური საცხოვრებელ სახლებთან შესაბამის ღონისძიებებს გააატარებს“ – ამბობს დავით თედორაძე.

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს აღენიშნება ზოგადი დაჟეჟილობა, „შესაძლოა იყოს მოტეხილობაც.“

ავტოავარიის შედეგად ერთმანეთს მოპედი და Subaru-ს მარკის ჯიპი შეეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი მოპედს მართავდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედაში ცხოვრობს

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეტყეში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს ესტუმრა, ხასან და ზექიე თურმანიძეების უხუცეს წყვილს  დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

,,დღეს თურმანიძეების ოჯახს ვსტუმრობდით და საქართველოში ყველაზე ხანდაზმულ წყვილს დამდეგი შობა–ახალი წელი მივულოცეთ. თურმანიძეების ოჯახი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახების ნათელი მაგალითია, რომლებმაც ერს 8 შვილი გაუზარდეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ტრადიციული ოჯახების შენარჩუნებაში. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეების ოჯახს უნიკალურობას მათი 77 წლიანი თანაცხოვრება სძენს. წყვილმა 1941 წლის 20 მაისს იქორწინა და ქვეყანას 162 შთამომავალი გაუზარდა: 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი. ისინი ქორწინებაში მყოფი ყველაზე ხანდაზმული წყვილია არამარტო საქართველოში, არამედ დასავლეთ ევროპაში. მიმდინარე წლის მაისის თვეში გინესის რეკორდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ისინი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს. თურმანიძეების ოჯახის შთამომავლობა ძირითადად ხელოვნების მიმდევრები არიან. განსაკუთრებით, სასიმღერო ტრადიციის. ოჯახმა შემოინახა მერისის ხეობისთვის დამახასიათებელი არაერთი ფოლკლორული სიმღერა.

ზურაბ პატარაძესთან ერთად, თურმანიძეების ოჯახში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

მაღალი თანამდებობის პირის დედის ბიზნესი

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, რამდენჯერმე შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა. სამაგიეროდ, ბიზნესი აქვს მის 70 წლის დედას, რომლის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან რამდენიმე მილიონი ლარის დაკვეთა მიიღო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ წლების განმავლობაში ზედელაშვილების ოჯახმა უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა, შვილებისთვის ძვირადღირებული განათლების მიცემა და გარკვეული დანაზოგის გაკეთებაც შეძლო, ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში გიორგი ზედელაშვილისა და მისი მეუღლის – ნატო ჩიქოვანის ხარჯები შემოსავლებს აჭარბებდა. მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გიორგი ზედელაშვილის დედის საკუთრებაშია საგზაო სამშენებლო კომპანია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისგან მრავალმილიონიან დაკვეთებს წინა მთავრობის პირობებშიც იღებდა და ახლა უფრო ინტენსიურად იღებს, შეიძლება ასეთმა ვარაუდმა საფუძველი დაკარგოს.

გიორგი ზედელაშვილი მაღალ თანამდებობაზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორად 2013 წლის თებერვალში დაინიშნა. ის და მისი მეუღლე ნატო ჩიქოვანი, რომელიც სსიპ სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობს, წილებს ოფიციალურად არც ერთ კერძო კომპანიაში არ ფლობენ.

გიორგი ზედელაშვილი

ვის ეკუთვნის „სერპანტინი“

საგზაო სამშენებლო კომპანია „სერპანტინი“, რომლის 51%-ს გიორგი ზედელაშვილის დედა, თამარ ჯანყარაშვილი ფლობს, 2012 წლიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფავორიტებს შორისაა. „სერპანტინმა“ ამ უწყებიდან რამდენიმემილიონიანი დაკვეთა მიიღო, როგორც პირდაპირი წესით, ასევე ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შედეგად. კომპანია ასევე ხშირად იღებს თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების დაკვეთებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2000 წელს თელავის რაიონშია დარეგისტრირებული.

2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით „სერპანტინი“ იღებდა სახელმწიფო დაკვეთებს როგორც პირდაპირი წესით, ასევე ინტენსიურად იგებდა ტენდერებსაც. ხშირად იყო შემთხვევა, როცა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ „სერპანტინი“ დარეგისტრირდა და ელექტრონული ვაჭრობისას ის უკონკურენტო იყო. საერთო ჯამში, 2012 წლიდან დღემდე ამ კომპანიამ, პირდაპირი წესით, ექვს მილიონზე მეტი ლარის დაკვეთა მიიღო, მთლიანობაში კი, 70 მილიონამდე ლარი შეადგინა იმ კონტრაქტების ღირებულებამ, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ გაუფორმეს. მაგალითად, მიმდინარე წელს, იანვარში და მაისში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიასთან ორი ხელშეკრულება გააფორმა – 2 434 347 ლარსა და 2 649 976 ლარზე. პირველი მდინარე დურუჯზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ხოლო მეორე – ქალაქ ყვარელში, ასევე მდინარე დურუჯზე გადაუდებელი ნაპირსამაგრი ნაგებობის და არსებული ნაპირდამცავი კედლის აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე.

დეპარტამენტმა 2016 წლის თებერვალში „სერპანტინთან“ 2 600 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა გუმბათი-საბათლოს საავტომობილო გზის (6 კმ-იანი მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

2 698 999 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასა და დეპარტამენტს შორის 2015 წლის ივლისში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე (11 კმ-იანი მონაკვეთის) პერიოდული შეკეთებისთვის. 2014 წელს კი ახმეტა-თელავი-ბაკურციხის (13 კმ სიგრძის მონაკვეთი) გზის პერიოდული შეკეთებისთვის (8 აგვისტოდან 15 დეკემბრამდე პერიოდში), დეპარტამენტს კომპანიასთან ხელშეკრულება 5 444 870 ლარზე ჰქონდა გაფორმებული.

კითხვები, რომლებიც ამ კომპანიის წარმატებას მაღალჩინოსან ლობთან კავშირს ეხება, კომპანიის დირექტორს, ზურაბ ფეიქრიშვილს უჩენს მოსაზრებას, რომ „შეკვეთილია“, ვინ შეიძლება იყოს კითხვების შემკვეთი, ამაზე ის არ საუბრობს.

„…შეცდომაში შეგიყვანეს, ჩვენ ვმონაწილეობთ ელექტრონულ ტენდერებში და პირდაპირი წესით მხოლოდ ერთხელ მივიღეთ დაკვეთა. თუ სტიქია არ არის, პირდაპირი წესით დაკვეთას არავინ გვაძლევს. ამიტომ, თქვენი კითხვა, ხომ არ უკავშირდება კომპანიის წარმატება გიორგი ზედელაშვილს, შეკვეთილს ჰგავს“, – გვითხრა კომპანიის დირექტორმა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, „სერპანტინს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სააგენტომ მაღალბიუჯეტიანი დაკვეთა ტენდერის გარეშე ორჯერ გაუფორმა, ჯამში მილიონ 800 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. შედარებით დაბალბიუჯეტიან დაკვეთებს კი „სერპანტინს“ პირდაპირი წესით ინტენსიურად უფორმებენ თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, ასევე წყალმომარაგების კომპანია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

მინისტრის მოადგილის კომპანია

„სერპანტინი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაშია. სააგენტოს თეთრ სიაში მხოლოდ ის კომპანიები ხვდებიან, რომლებიც ზედმიწევნით კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს და თითქმის არასდროს დაურღვევიათ ხელშეკრულების პირობები.

ვინ ამოწმებს კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს? – 2016 წლამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გზებზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს უკვეთავდა „საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის დირექციას“. თავის მხრივ, ამ კომპანიის ქვეკონტრაქტორი იყო საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას კომპანია „ვილსფორტ მენეჯმენტი“.

ამ საკონსულტაციო კომპანიას საქართველოს გზების დეპარტამენტმა 2015-2016 წლებში ხუთ მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოები დაუკვეთა. 2016 წლის შემოდგომიდან კი ამ სამუშაოს ასრულებს 2016 წლის სექტემბერში შექმნილი „ინსტიტუტი იგჰ“.

რეესტრის მონაცემებით, კომპანიის ხელმძღვანელი ხორვატიის მოქალაქე სტიეპან კენშტეკია. ამ კომპანიამ საქართველოში დაფუძნებიდან ერთი თვის შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ელექტრონული ტენდერი ექვსჯერ მოიგო და ჯამში, 52 მილიონი ლარის დაკვეთა მიიღო. 2016 წელს კი კომპანიამ იმავე უწყებასთან კიდევ ექვსიმილიონ-ნახევარი ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.

„სერპანტინის“ დამფუძნებლები

საჯარო რეესტრში კომპანია „სერპანტინი“ 2000 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1957 წლიდან „ეს იყო ხიდების სარემონტო სამმართველო, ყოფილი ხიდმშენი.“ 1986 წელს სამმართველოს უფროსად გიორგი ზედელაშვილის მამა, გივი ზედელაშვილი დაუნიშნავთ. კომპანიის დირექტორის, ზურაბ ფეიქრიშვილის თქმით, 2000 წელს, როცა კომპანიის პრივატიზების პროცესი უკვე დაწყებული იყო, გივი ზედელაშვილი გარდაიცვალა, ამიტომაც „მისი წილი“ მეუღლემ, თამარ ჯანყარაშვილმა დაირეგისტრირა.

კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე არც თამარ ჯანყარაშვილი და არც გიორგი ზედელაშვილი კომპანიის მართვაში არ მონაწილეობენ და მხოლოდ ის არის უფლებამოსილი პირი, მართოს კომპანია.

„სერპანტინში“ თამარ ჯანყარაშვილს ჰყავს მეწილეები – 31%-ს ნუგზარ ხუცაიძე, 13%-ს – მამუკა ამირანაშვილი, 5 პროცენტს კი ბადური შიუკაშვილი ფლობენ. კომპანიის ოთხივე მეწილე მანამდე ამ კომპანიაში იყო დასაქმებული.
„ოცნების შემთხვევაში ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით, ზედმეტი კითხვები რომ არ გამოვიწვიოთ. „ოცნების“ შემწირველები არ ვართ“, – ამბობს ზურაბ ფეიქრიშვილი.

რა ჩაწერა და რა არ ჩაწერა გიორგი ზედელაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში

საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებში გიორგი ზედელაშვილის ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლიდან იძებნება. ამ წელს ის ჯერ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამმართველოს უფროსად, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ პერიოდში ორივე სამსახურიდან მისი შემოსავალი, ჯამში, 6 985 ლარი ყოფილა. დეკლარაციის მიხედვით, ზედელაშვილის მეუღლე ამ დროისთვის უმუშევარია.

გიორგი ზედელაშვილის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით კი, ის ფლობს საცხოვრებელ სახლს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე (140 კვ); ეს სახლი მას 2001 წელს 27 000 აშშ დოლარად შეუძენია. ამავე წელს მას შეძენილი აქვს ავტოფარეხი 3000 აშშ დოლარად. დეკლარაციაში მითითებულია ასევე მიწის ნაკვეთი (928.00 კვ.მ) თბილისში, ინტენსიფიკაციის გზის მიმდებარედ, რომელიც გიორგი ზედელაშვილისთვის უჩუქებიათ. დეკლარაციაში მჩუქებლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

დეკლარაციაში გიორგი ზედელაშვილს დაფიქსირებული არ აქვს ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში იძებნება, როგორც მისი საკუთრება. რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის ნოემბერში, თბილისში, ახალშენის ქუჩაზე, დედასთან, თამარ ჯანყარაშვილთან ერთად, ზედელაშვილმა თანასაკუთრებაში დაირეგისტრირა 122,93 კვ.მეტრი საცხოვრებელი ბინა.

სხვა შენაძენი, თუ არ ჩავთვლით 2008 წელს ნაყიდ ავტომანქანა NISSAN QASHQAI-ს, რომელშიც 28 000 აშშ დოლარი გადაიხადა, გიორგი ზედელაშვილს ამ წლების განმავლობაში არ ჰქონია.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ნატო ჩიქოვანი მხოლოდ ერთი უძრავი ქონების მესაკუთრეა – მას მიწის ნაკვეთი ბეთანიაზე (1 340 კვ.მეტრი) 2005 წელს შეუძენია 5000 აშშ დოლარად (ერთ კვადრატულ მეტრში გადახდილია 3,7 ამერიკული დოლარი).

2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ზედელაშვილს ხელფასის სახით, „წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით“, 72 000 ლარი აუღია, მისი მეუღლის ხელფასი კი 50 643 ლარი ყოფილა. ნატო ჩიქოვანი ბოლო ორი წელია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გენერალური დირექტორის მოადგილეა.

შარშან ზედელაშვილს ორი შვილის განათლების მიზნით 51 000 ლარი აქვს დახარჯული.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ზედელაშვილს სახელფასო ანგარიშზე 74 950 ლარი აქვს დარიცხული, ხოლო მისი მეუღლის შემოსავალი 43 078 ლარია. სწორედ ამ წელს აწინაურებენ ნატო ჩიქოვანს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გენერალური დირექტორის მოადგილედ.

ამ პერიოდში ორი შვილის სწავლის გადასახადში ზედელაშვილი 45 000 ლარს ხარჯავს.

ყველაზე მაღალი შემოსავლები გიორგი ზედელაშვილს 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში აქვს დაფიქსირებული, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის რანგში 154 300 ლარი აქვს აღებული, რაც თვეში 12 858 ლარია. დეკლარაციაში მითითებულ პერიოდში გიორგი ზედელაშვილისა და მისი მეუღლის საერთო შემოსავალი, ჯამში, 191 800 ლარს აღწევს. ამ პერიოდისთვის ნატო ჩიქოვანი სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორია. აღსანიშნავია, რომ ნატო ჩიქოვანი სავაჭრო პალატაში მეუღლის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელში ინიშნება.

მაღალი შემოსავლების მიუხედავად, გიორგი ზედელაშვილი 2015 წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სახელმწიფოს მიმართავს დასახმარებლად და იღებს კიდეც ამ მხარდაჭერას: ზედელაშვილს, სოციალური დახმარების სახით, სახელმწიფო 25 000 ლარს უხდის.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეს ამავე წელს 21 000 ლარი ორი შვილის სწავლის გადასახადში აქვს დახარჯული. იმ დროისთვის ზედელაშვილის უფროსი ქალიშვილი 18-ის, ხოლო უმცროსი 10 წლის არის.

2014 წლის დეკლარაციით, როცა გიორგი ზედელაშვილი ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორად, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა, მისი სახელფასო შემოსავალი 85 429 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ თუ წინა წლის დეკლარაციით ნატო ჩიქოვანს არავითარი შემოსავალი არ გააჩნდა, 2014 წლის დეკლარაციით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის რანგში, ანაზღაურების სახით, 22 500 ლარი აქვს მიღებული. მომდევნო წელს ნატო ჩიქოვანი 15 ათასი ლარით მეტ ხელფასს აიღებს. გაუგებარია, რის საფუძველზე უზრდიან მას ხელფასს, მით უფრო, რომ მაშინ მას სამუშაო პოზიცია არ შეუცვლია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თანამდებობაზე დანიშვნიდან პირველი ორი წლის განმავლობაში, გიორგი ზედელაშვილს შვილების განათლებაში თანხის ხარჯვა დაფიქსირებული არ აქვს.

სტატიის მომზადებისას „ბათუმელები“ გიორგი ზედელაშვილს არაერთხელ დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

29 უნივერსიტეტს ავტორიზაციის ვადა ეწურება

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ სამინისტრო ყველა უნივერსიტეტის არაგეგმიურ შემოწმებას დაიწყებს. მინისტრმა არაგეგმიური შემოწმების მიზნად უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა დაასახელა.

მინისტრის თქმით, ის უნივერსიტეტები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტებს, სტუდენტებს  ვეღარ მიიღებენ.

2018 წელს ავტორიზაციის ვადა 29 უნივერსიტეტს ეწურება. შესაბამისად, მათ ავტორიზაციის გავლა ისევ მოუწევთ.  ჩამონათვალშია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტები. ამიტომ, რა იგულისხმა მინისტრმა არაგეგმიურ შემოწმებაში, როგორც ხარისხის მართვის ეროვნულ სამსახურში გვეუბნებიან, მათთვის უცნობია.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები სამიდან შვიდ პუნქტამდეა გაზრდილი. ახალი მოთხოვნების მიხედვით,  თუკი აქამდე უნივერსიტეტები ვალდებულნი იყვნენ მხოლოდ სამი – საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსები და ადამიანური რესურსების – სტანდარტი დაეკმაყოფილებინათ, ახალი სტანდარტის მიხედვით, მათ დამატებით კიდევ ოთხი სტანდარტის დაკმაყოფილებაც მოუწევთ.

ეს სტანდარტებია: მისია და სტრატეგიული განვითარება;  ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;  სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები;  კვლევა, განვითარება ან სხვა შემოქმედებითი მუშაობა.

„უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ სტანდარტები კი არ დაემატა, არამედ მთლიანად შეიცვალა მიდგომა, რადგან თუ აქამდე სტანდარტები ორიენტირებული იყო მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებელზე, დღეს თვისობრივ, შინაარსობრივ მაჩვენებელზეა ორიენტირებული“-გვეუბნება ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დათო კობახიძე.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა

თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, სარჩელის არსებით განხილვაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა. დავის საგანს წარმოადგინდა საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვით სასამართლო სასჯელში არ ითვლის ვადას, რაც პირმა სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაატარა უკანონო პატიმრობაში ან წინასწარ პატიმრობაში იყო იმ საქმეზე, რომელშიც გამართლდა.

გიგი უგულავას აზრით, სადავო სამართლებრივი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს, რაც ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებას უზრუნველყოფს.

„მე-18 მუხლი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პირის თავისუფლების უფლებას. აღნიშნული ძირითადი უფლება იმდენად დიდი მნიშვნელობის მქონეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირის მიმართ ხორციელდება აღნიშნული უფლების შეზღუდვა კანონიერი საფუძვლის გარეშე. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან თვითნებურად უფლების შეზღუდვის საპირწონეს სწორედ ის გარემოება წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც უკანონო პატიმრობაში ყოფნის ვადა გათვალისწინებული უნდა იქნეს მათ შორის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დანიშნული სასჯელის ფარგლებში,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გიგი უგულავას სარჩელი დაუსაბუთებელია. „მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულირება ზღუდავს ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლების ცალკეულ ასპექტებს,“ – განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლო.

გიგი უგულავა 2015 წლის 18 სექტემბერს სასამართლომ დამნაშავედ სცნო  თბილსერვისისა და ტელეიმედის „ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემასთან“ დაკავშირებულ საქმეზე. 

ამავე თემაზე: გიგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოში 13 ნორმას ასაჩივრებს

 

 

ბათუმის მერია 77 975 ლარის დროშებს შეიძენს

ბათუმის მერიას 77 975 ლარი აქვს გათვალისწინებული 2018 წლისთვის დროშების შესაძენად. მერია სხვადასხვა ზომის 3736 ალამსა და დროშას თანმდევი მომსახურებით [მონტაჟი, დემონტაჟი, ფლაგშტოკების შეღებვა, დროშის ასაწევი ბაგირების გამოცვლა] შეიძენს.

დროშებსა და შესაბამის მომსახურებას მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:

[checklist]

  • ალმების ტარებით [ზომა 0,9 სმ] დამზადება ატლასის ნაჭრით, ზომა 0,7X0,5 მ-ზე. მოხდება სადღესასწაულო დღეებში გამოფენა, შემდგომი დემონტაჟი;
  • სტანდარტული სახელმწიფო დროშები შეიკერება ატლასის ნაჭრისაგან ზომით 1,5X1,0 მ-ზე სამაგრი საყურეებით. მოხდება ფლაგშტოკებზე მონტაჟი, ღონისძიებების დამთავრების შემდეგ დემონტაჟი და დასაწყობება;
  • წრიულების მრგვალი სადგარებისათვის [დროშის ტარის ზომა: 3,4 სმ] არასტანდარტული სახელმწიფო დროშები შეიკერება ატლასის ნაჭრისაგან ზომით [2,0X1,0] მ-ზე. მოხდება შეკერილი დროშების არსებული ლითონის ტარებზე დაყენება და ადგილებზე გამოფენა. მოხდება ღონისძიებების დამთავრების შემდეგ დემონტაჟი და დასაწყობება;
  • დიდი ზომის სახელმწიფო დროშები შეიკერება ნავმისადგომთან არსებული მაღლივი ფლაგშტოკებისათვის ატლასის ნაჭრისაგან ზომით 9,0X6,0მ-ზე. მოხდება ადგილზე მონტაჟი, მთელი წლის განმავლობაში სამჯერ;
  • ქალაქში არსებული სტაციონარული ფლაგშტოკების [ჭადრაკის სახლი, იუნკერების სკვერი, საზღვაო ნავსადგური] შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით [ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასთან];
  • გოგებაშვილის ქუჩა N3-ში მდებარე სტაციონარულ ანძებზე დროშების ასაწევი ბაგირის შეცვლა;
  • გაუთვალისწინებელ შემთხვევებში [დღესასწაულები, საზეიმო ღონისძიებები და ა.შ.] მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ხელშეკრულების ფასის ფარგლებში შემსყიდველის დაკვეთიდან არაუმეტეს 24-48 საათის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და ანალოგიური სახის დამატებითი სამუშაოები, არაუმეტეს 6 შემთხვევისა.

[/checklist]

2017 წლისთვის 2190 დროშის შეძენაზე [მონტაჟითა და დემონტაჟით] ინდმეწარმე გიორგი ასათიანთან ხელშეკრულება ბათუმის მერიამ 59 570 ლარზე გასულ წელს გააფორმა.

ბათუმის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ორ მილიონამდე ლარს დახარჯავს

სატრანსპორტო  სერვისების განვითარებისთვის ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტში ცხრა მილიონ  347 ათას 500 ლარი გაითვალისწინა. აქედან 6,5 მილიონი მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 1 მილიონ 891 ათას 500 ლარი კი ახალი ავტობუსების შესაძენად დაიხარჯება. დარჩენილი თანხით მერიამ პარკირებისა და საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მართვა უნდა უზრუნველყოს.

ბიუჯეტის პროექტის განხილვისას არაერთხელ გამოთქვეს შენიშვნა, რომ საგზაო მოძრაობის ორგანიზების მიზნით და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, სასურველია გადაიხედოს სამარშუტო ხაზები.

ბათუმის მერის განმარტებით, გაეროს განვითარების პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში შემუშავებულია ბათუმის საზოგადოებრივი  ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციის გეგმა: „ამ გეგმის საფუძველზე დაწყებულია მუშაობა და მერია ეტაპობრივად განახორციელებს კონკრეტულ პროექტს.“  – განაცხადა ლაშა კომახიძემ საკრებულოს სხდომაზე.

ქობულეთში ფესტივალისთვის შექმნილი ციტრუსის ფიგურა დააზიანეს [ფოტო]

ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ, „ფეისბუქზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ასახულია დაზიანებული მანდარინის ფიგურა  – ის საგანგებოდ ციტრუსის ფესტივალისთვის დადგეს ქობულეთში.

“ჩვენ უმოკლეს დროში ვუზრუნველყოფთ აღდგენას, მაგრამ სირცხვილია,” – წერს მირიან ქათამაძე.

ქობულეთში ციტრუსის ფესტივალი 27 დეკემბერს გაიხსნა. ღონისძიება „აგროსერვის ცენტრის“ ორგანიზებით იმართება და მასში რეგიონში მოქმედი 40-მდე კომპანია და ფერმერი მონაწილეობს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო: მერიამ ჩვენი შენიშვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა

ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტში საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შენიშვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ, თეონა დიასამიძემ, საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის დამტკიცებამდე განაცხადა. საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ, მას უპასუხა, რომ ასეთი შენიშვნები მერიაში არ მიუღიათ.

თეონა დიასამიძის თქმით, გარდა იმისა, რომ შენიშვნები „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ წერილობით პირადად მერს, ლაშა კომახიძეს გადაუგზავნა, საბჭოს წევრებმა საკუთარი მოსაზრებები, როგორც ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე, ასევე კომისიების სხდომებზე დააფიქსირეს. ამიტომაც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის პასუხი მისთვის გასაკვირია: „კომისიურ და საჯარო განხილვაზე წარდგენილი ზეპირი შენიშვნები და რეკომენდაციები უნდა ჩაინიშნონ და მოგვაწოდონ არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ არ გაითვალისწინებენ მას. ეს არის საჯარო განხილვებისა და შეხვედრების მიზანი.“

საბჭოში მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის უკვე დამტკიცებული პროექტით გათვალისწინებული პროგრამების აღწერა და შინაარსი უმეტეს წილად ზოგადი ხასიათისაა – არ არის დეტალურად გაწერილი და დასაბუთებული ის ღონისძიებები, რისთვისაც გამოყოფილია საბიუჯეტო სახსრები, ასევე გაერთიანებულია დაფინანსების კომპონენტები, განსაკუთრებით ეს კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ პროგამებს ეხება.

ხშირ შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრების ხარჯი და შედეგი არ არის რელევანტური ერთმანეთთან, მაშინ, როცა საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, პროგრამული ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროგრამების, ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ, ასევე ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.

„თუ ჩვენ გავაკეთებთ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის პროგრამების ანალიზს, დავინახავთ, რომ პროგრამების უმეტეს ნაწილში არ არის დეტალურიად გაწერილი, თუ რა შედეგს გვინდა მივაღწიოთ და როგორ შევაფასებთ ამ შედეგს,“ – ამბობს თეონა დიასამიძე.

საბჭოს მიერ მერისთვის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებები არ ასახავს ქალაქის წინაშე არსებულ პრობლემებს. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება მთელი რიგი პროგრამების განხორციელების აქტუალობისა და მიზნობრიობის საკითხი. მაგალითად, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა, მწვანე სივრცეები და ა.შ.

ამონარიდი საბჭოს წერილიდან კონკრეტულ სფეროებთან მიმართებაში [შემოკლებული ვარიანტი]

[checklist]

  • ეკოლოგიური მდგომარეობა და სარეკრეაციო ზონა

[/checklist]

წელს ქალაქში არც ერთი სკვერის განაშენიანება გათვალისწინებული არ არის.  რამდენიმე უბანში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სკვერის მოწყობა, ეს უბნებია: ბონი-გოროდოკი, სამრწეველო ზონა და კახაბერი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია ბათუმის ბულვარისთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერა და საჭიროებს დეტალიზაციას.

[checklist]

  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა

[/checklist]

„ბათუმის კორპუსმა“ უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების შემცირება. ასევე მნიშვნელოვანია მრავალსართულიანი სახლების ენერგოეფექტურობისა და ადაპტირებული საცხოვრისის პროგრამებზე მუშაობის დაწყება – საწყის ეტაპზე მოკვლევითი და პროგრამის შემუშავებისთვის საჭირო თანხის გათვალისწინება.

[checklist]

  • სკოლამდელი აღზრდა და განათლება

[/checklist]

საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია წარმოადგენს თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. ქალაქი განიცდის ბაღების დეფიციტს. რეკომენდებულია ამ მხრივ თანხის დამატება. გამოვყოფდით: ჯავახიშვილის, რუსთაველისა და თამარის უბნებს.

[checklist]

  • ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა

[/checklist]

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ნებაყოფლობით უფლებამოსილებას, შესაბამისად, აუცილებელია გვქონდეს კონკრეტული, მიზნობრივი სამოქმედო გეგმა, რომელიც მორგებული იქნება ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე. ვფიქრობთ, აუცილებელია 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებისთვის ფინანსური მხარდაჭერა და ასევე, უკვე მოქმედი პროგრამების შეფასებისთვის გარე ორგანიზაციის მოწვევა.

ახალგაზრდული ცენტრი საჭიროებს პროფესიული წრეებისა და ახალგაზრდების მიზნობრივ ჩართულობას. შესაბამისად, უნდა გაიწეროს ცენტრისა და პროგრამის სტრატეგია. საჭიროა პროცესის ჯანსაღი და მიზნობრივი ფასილიტაცია.

ასევე, დაუსაბუთებელია პროექტ „ეტალონის“ მხარდაჭერა, მისი მიზნობრიობა არ იკითხება პროგრამულ ბიუჯეტში.

[checklist]

  • სიახლე

[/checklist]

ბიუჯეტის პროექტში არის პოზიტიური სიახლე მოქალაქეთა მონაწილეობისა და ეკონომიკური გაძლიერებს პროგრამების დამატების  კუთხით. თუმცა ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში არ არის ჩაშლილი ხარჯვითი ნაწილი. ასევე, დაუსაბუთებელია შინაარსობრივი მხარე. მაგალითად, მერია ამბობს, რომ მოქალაქეთა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩართულობა არ არის ეფექტური და გვთავაზობს ახალ ვერსიას. თუმცა პროგრამა არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არის ეს ალტერნატივა უკეთესი.

იგივე ითქმის ეკონომიკური პროფილის გაძლიერების პროგრამაზე: მერია გვთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნების მხარდაჭერას ე.წ. ბიზნესცენტრის შექმნას. თუმცა რითი განსხვავდება ეს ცენტრი წლების წინ UNDP-ის მიერ მხარდაჭერილი ბიზნესინკუბატორისგან, ვერ მივიღეთ პასუხი. ცენტრისთვის 50 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არ მოიცავს ყველა იმ უფლებამოსილებას, რომლებიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. მაშინ, როცა საბიუჯეტო სახსრები შემცირებულია, ვფიქრობთ, ქალაქ ბათუმის მერიამ და საკრებულომ უნდა უზრუნველყოს პრიორიტეტების უფრო მეტად დაკონკრეტება.

გვესმის თვითმმართველობის სურვილი ისევ გააგრძელოს წლების წინ დანერგილი პოლიტიკა, მაგრამ საჭიროა გასულ წლებში განხორციელებული პროექტების ეფექტურობისა  და მიზნობრიობის შეფასება. საბჭო მიიჩნევს, რომ თვითმმართველობამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და შენარჩუნებას.

ქალაქის წინაშე დგას ახალშემოერთებული ტერიტორიების, ავარიული სახლების, ეკოლოგიური, სატრასპორტო ინფრასრუქტურის თუ სოციალური (განსაკუთრებით შშმპ) ხასიათის წლობით დაგროვილი პრობლემები. თვითმმართველობამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ბათომი“ ქალაქის მერს ისტორიული უბნების დამცავი რეჟიმების დადგენას სთხოვს

საზოგადოება „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღია წერილით მიმართავს და ისტორიულ უბნებზე დამცავი ზონების საზღვრებისა და რეჟიმის დადგენას სთხოვს:

„ისტორიული ქალაქებისა და ისტორიული უბნების ურბანული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ზოგადი დაცვითი ზონების დამტკიცება, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. კანონის მიხედვით, ზოგადი დამცავი ზონის დამტკიცების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, თუმცა შესაძლებელია, რომ საყრდენი გეგმის დამტკიცებას წინ უსწრებდეს გარკვეულ ტერიტორიებზე დამცავი ზონების საზღვრებისა და რეჟიმის დადგენა.

ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის დამუშავებასა და მისი ცალკეული შემადგენელი ნაწილების განახლებაზე (2007, 2015, 2017 წლები) სახელმწიფოს მიერ დახარჯულია ასობით ათასი ლარი, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე არა მხოლოდ ამ დოკუმენტაციის რეალიზაცია არ დამდგარა დღის წესრიგში, არამედ მათი განხილვაც კი არ მომხდარა. მსგავსი შინაარსისა და მოცულობის დოკუმენტაციის სათანადო წესით მომზადებას დიდი დრო სჭირდება (სავარაუდოდ 1,5-2 წელი); იქამდე კი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, სასწრაფო  ზომებია მისაღები კულტურული (მათ შორის, ურბანული) მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების მიზნით.

სულ ახლახან, 2017 წლის ნოემბრის თვეში, ბათუმის მერიას ჩაჰბარდა მერიის დაკვეთით შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების შესახებ. განსხვავებით ამავე ორგანიზაციის მიერ რვა წლის წინ შედგენილი ანალოგიური დოკუმენტაციისაგან, ამჯერად დგინდება მხოლოდ დამცავი ზონების საზღვრები და არ არის შემოთავაზებული კონკრეტულ პარამეტრებში გამოსახული დაცვის რეჟიმები; უფრო ზუსტად – დაცვითი რეჟიმის შინაარსი იმდენად ზოგადია, რომ პრაქტიკულად იმეორებს “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”კანონის ცალკეულ მითითებებს.

ჩვენს ქალაქსა და რეგიონში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში პრაქტიკაში დანერგილი არასწორი მიდგომების გათვალისწინებით ასეთი არაკონკრეტული ჩანაწერები ზრდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესების საწინააღმდეგოდ სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეს, რაც ძალიან სერიოზულ საშიშროებას უქმნის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას.

ვფიქრობთ, რომ მხარს დაუჭერთ ჩვენს პოზიციას, რაც გამოიხატება შემდეგში: აუცილებელია ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციაში დაბრუნდეს ჩანაწერი დაცვითი რეჟიმის კონკრეტული პარამეტრების შესახებ (იხ. 2007 წლის გეოგრაფიკის მიერ შესრულებული „ქ.ბათუმის ისტორიული ნაწილის დაცვის, რეაბილიტაციის და პერსპექტიული განვითარების ხედვის“ 3.5.4 პარაგრაფი) და მერიამ ამ სახით ჩაიბაროს დოკუმენტი. ამის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების (პროფესიული, ფართო საზოგადოების) ჩართულობით მოხდეს საჯარო მსჯელობა ყოველი კონკრეტული პარამეტრის შესახებ მანამ, ვიდრე ის წარედგინება ბათუმის საკრებულოს დამტკიცებისთვის; საბოლოო შედეგად კი დაფიქსირდეს შეთანხმების შედეგად მიღწეული პარამეტრები.”

აშენდება თუ არა ბათუმში ახალი საჯარო სკოლა

„ქალაქ ბათუმში ახალი სკოლის ასაშენებლად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები,“ – აღშნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში.

სად აშენდება ბათუმში ახალი სკოლა? – რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ახალი სკოლისთვის ბათუმში ჯერ ადგილი შერჩეული არ არის.

„განიხილება რამდენიმე ვარიანტი. ამ ეტაპზე აჭარის განათლებისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება კონკრეტული ტერიტორიის შერჩევა-გადმოცემასთან დაკავშირებით,“ – გვითხრეს აჭარის განათლების სამინისტროში, თუმცა რომელი ტერიტორიები განიხილება ახალი სკოლის ასაშენებლად, არ დააკონკრეტეს.

ის, რომ „ბათუმში აუცილებელია ახალი სკოლების მშენებლობა, თამარის  დასახლებაში და ცენტრალურ ნაწილში ორი სკოლა,“ – აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობისას შენიშვნის სახით „შეახსენა“ ოპოზიციამ, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტში ბათუმში ახალი სკოლის არც პროექტირების და მითუმეტეს ასაშენებლად, თანხა არ არის გათვალისწინებული.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამა ითვალისწინებს დამატებითი კორპუსის აშენებას ბათუმის N6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. ამავე პროგრამით შეისყიდიან შენობის პროექტს მე-15 სკოლის ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს. ამ პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით თითქმის 3 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 2018 წელს 8 მილიონითაა განსაზღვრული.

„მიზანშეწონილია პროგრამას დაემატოს მიმდინარე რემონტის კომპონენტი და 2018 წლიდან გაცემულ იქნას დაფინანსება მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად იმ სკოლებში, რომლებიც დაფინანსების სიმწირის გამო ვერ ახერხებენ რემონტის ჩატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომში უფრო მასშტაბური და კაპიტალური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი,“ – მიუთითეს უმაღლესი საბჭოდან აჭარის მთავრობას.

„რაც შეეხება სკოლებისათვის დაფინანსების გაზრდას, აღნიშნული არ წარმოადგენს წინამდებარე პროგრამის მიზანს და სკოლების დაფინანსების საკითხი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეროგატივაა,“ – ასეთია რეგიონის მთავრობის პასუხი.

„განიხილება ბათუმის N4 სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი კორპუსის მშენებლობის საკითხიც.  რაც შეეხება თამარის დასახლებას, მიმდინარეობს მოლაპარაკება ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან, რომელმაც უნდა განახორციელოს N18 სკოლის სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, სამინისტრო შეისყიდის ამავე სკოლის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს. შესაძლებელია კომპლექსი მოიცავდეს საკლასო ოთახებსაც და სხვა დანიშნულების სათავსოებს, რაც გადაწყდება პროექტირების დროს,“ – აცხადებს აჭარის მთავრობა.

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე N6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსისა და ძველის რეაბილიტაციის პროექტს შპს „აჭარკაპმშენი“ 15 ათას ლარად მოამზადებს. ახალი კორპუსი, როგორც სკოლის დირექციაში გვითხრეს, არსებულის წინ აშენდება, ძველი კორპუსის უკან კი, სტადიონი გაკეთდება.

მთავარი ფოტო: ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ეზო / ფოტო: სკოლის ფეისბუქგვერდიდან

კომპანია: მშენებლობაზე ამწედან მოწვეული ექსპერტი ჩამოვარდა

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩა #4-ში მშენებლობიდან ახალგაზრდა კაცი ჩამოვარდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს თავის არეში ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა და იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ სამსახურში ასევე გვითხრეს, რომ დაშავებული კონტაქტური იყო, თუმცა მომხდარი არ ახსოვდა.

მშენებლობას კაჩინსკების ქუჩაზე კომპანია „ანაგი“ აწარმოებს. სამუშაოთა მწარმოებელმა, მერაბ ჩხიკვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამწეკრანიდან დაქირავებული ექსპერტი ჩამოვარდა დაახლოებით ოთხი სართულის სიმაღლიდან.

„ჩვენ დავიქირავეთ ამწეკრანი, რომელიც შპს „ჯეო ამწეს“ ეკუთვნის. ამ კომპანიამ დაიქირავა ექსპერტი, რომელსაც უნდა შეემოწმებინა მდგრადობა, ენერგოგამართულობა. ექსპერტი დღეს მოვიდა, ახალი ასული იყო კრანზე, როცა ფეხი დაუსხლტა და ჩამოვარდა… დამცავი მოწყობილობა ამწეს აქვს, მაგრამ მას დაუცდა ფეხი სავარაუდოდ და კიბეზე შუაში ჩამოსრიალდა,“ – ამბობს მერაბ ჩხიკვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მშენებლობის წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ქობულეთში ციტრუსის ფესტივალი დაიწყო

ქობულეთში ციტრუსის ფესტივალი დღეს, 27 დეკემბერს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა გახსნეს. ღონისძიება „აგროსერვის ცენტრის“ ორგანიზებით იმართება და მასში რეგიონში მოქმედი 40-მდე კომპანია და ფერმერი მონაწილეობს.

დღის განმავლობაში ისინი საკუთარ პროდუქციას მომხმარებლებს გააცნობენ და რეკლამირებას გაუწევენ. ფესტივალზე წარმოდგენილია ციტრუსისგან აწყობილი სხვადასხვა სკულპტურა.

ღონისძიებაზე დააჯილდოებენ გამოცდილ და ახალგაზრდა მეციტრუსე ფერმერებს, ასევე საუკეთესო ციტრუსის ბაღების მფლობელებს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

მერია 2018 წელს „სიმაღლის გადასახადიდან“ მილიონის ამოღებას გეგმავს

ბათუმის მერია მომავალ წელს „სიმაღლის გადასახადის“ სახით მილიონ 200 000 ლარის ამოღებას გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის კონკრეტულ უბნებში უკვე დადგენილ პარამეტრებზე მაღალი შენობები ისევ აშენდება. სპეციალური ზონალური მოსაკრებელი  კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე, სიმაღლეზე გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს.

ასეთი შეთანხმების დადების შემდეგ მშენებელი სამშენებლო მოედანს მაქსიმალურად იყენებს და ადგილი პარკინგისა და გამწვანებისთვის ან საერთოდ არ რჩება, ან ძალიან მცირეა. ამას ემატება ისიც, რომ მშენებლები, ძირითადად, ქალაქის ცენტრით ინტერესდებიან, სადაც  ბევრ ქუჩაზე სახლები ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა, რომ როგორც მზის სხივის გავრცელების, ასევე ჰაერის გადანაწილების პრობლემებიც იქმნება.

კ2-განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რაც შენობის სიმაღლის განსაზღვრავს. ბათუმის კონკრეტულ ზონაში კონკრეტული კოეფიციენტია დადგენილი. რეგულაცია, რომელიც ბათუმის საკრებულომ 2013 წელს დაამტკიცა, კონკრეტულ ზონაში დადგენილ ნორმებს გარეთ მშენებლობისთვის ორი ტარიფის გადასახადს ითვალისწინებს: საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე 315 ლარის გადახდას, ხოლო საცხოვრებელ ზონაში 143 ლარის გადახდას გულისხმობს.

სპეციალური ზონალური შეთანხმება გულისხმობს კ2-ის გაზრდაზე გარკვეულ მოლაპარაკებას მერიასა და მშენებელს შორის, რომ მერიამ მშენებელს თანხმობა მისცეს უფრო მაღალი შენობა ააშენოს, ვიდრე იმ კონკრეტულ ზონაშია დაშვებული.

2017 წლის 8 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე, წინასაარჩევნო პერიოდში დაგეგმილ დისკუსიებში მონაწილეობისას ბათუმის უკვე არჩეული მერი, ლაშა კომახიძე არ უარყოფდა, რომ  ბათუმს განაშენიანების თვალსაზრისით პრობლემები აქვს, საჭიროა პარკინგის პრობლემის მოგვარება და ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვაც.

დღეს ამ საკითხზე მერის განმარტება „ბათუმელებმა“, ჯერჯერობით, ვერ მიიღო.

აჭარის მთავრობა k2-ზე შუამდგომლობის ხშირად გაცემისა და ბათუმში კასკადური მშენებლობების მომრავლების გამო აჭარის წინა მთავრობის თავმჯდომარეს საყვედურობდა.

2017 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა, მერია ზონალური შეთანხმების მოსაკრებლიდან შემოსავლის სახით ექვს თვეში 376 000 ლარის ამოღებას ვარაუდობდა, მაგრამ შემოსავალმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა [667 500 ლარი].

 

დარბაზი და მომღერლები უფასოდ – „მადლიერების საღამო“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს

ქობულეთის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მუნიციპალიტეტის პირველი პირების რესტორანში გადაღებულ ფოტოებს ნახავთ. ფოტოები გუშინ, 26 დეკემბერს, რესტორან „მეგრულ-ლაზურშია“ გადაღებული. რესტორანში ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით მჭედლიშვილს „მადლიერების საღამო“ გაუმართეს.

დავით მჭედლიშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირის – საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიკავა. მანამდე, 22 წლის განმავლობაში, იგი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის – „ახალი ტალღას“ დირექტორი იყო. „მადლიერების საღამო“ მას კოლეჯის თანამშრომლებმა მოუწყვეს, თუმცა ქობულეთის კულტურის სახლის შენობის გამოყენებაში თანხა არავის გადაუხდია. კოლეჯი საქართველოს განათლების სამინისტროს ექვემდებარება.

ქობულეთის კულტურის სახლი ქობულეთის მერიას ეკუთვნის. ასევე ქობულეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება ანსამბლი „ქობულეთი“, რომელმაც საკრებულს თავმჯდომარეს წუხელ უფასოდ უმღერა. კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კახა ბოლქვაძე ამბობს, რომ მომღერლებმა უფასოდ „საკუთარი სურვილით იმღერეს“.

„რაც შეეხება დარბაზს, ჩვენ გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი თანამშრომლობაზე ქობულეთის მერიასთან. ღონისძიებების მენეჯმენტის სპეციალობისთვის ვსარგებლობთ ქობულეთის კულტურის სახლით. შესაბამისად, ამ მემორანდუმის საფუძველზე ორი საათით გამოვიყენეთ კულტურის სახლის დარბაზი,“ – განმარტა კახა ბოლქვაძემ.

კულტურის სახლში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა რესტორან „მეგრულ-ლაზურში“ გადაინაცვლეს. კოლეჯ „ახალი ტალღის“ ხელმძღვანელის, კახა ბოლქვაძის თქმით, რესტორანში გადასახდელი თანხა კოლეჯის თანამშრომლებმა შეაგროვეს და დავით მჭედლიშვილთან ერთად სხვა თანამდებობის პირებიც თვითონ დაპატიჟეს.

„მადლიერების საღამოს“ ვახშამს ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მერი – მირიან ქათამაძე, ქობულეთის საკრებულოს წევრები.

რა დაჯდა „მადლიერების საღამო“ რესტორან „მეგრულ-ლაზურში“? – თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა კახა ბოლქვაძემ იმ მოტივით, რომ „ამის დასახელება უხერხულია“.

„მადლიერების საღამოს“ შესახებ ინფორმაცია ქობულეთის მერის – მირიან ქათამაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეც გავრცელდა:

„ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ ყოფილი დირექტორის, დავით მჭედლიშვილის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოს დაესწრო. ქობულეთის მერმა კოლეჯის ყოფილ დირექტორს და ამჟამინდელ საკრებულოს თავმჯდომარეს თავის გამოსვლაში გაბედული ადამიანი უწოდა. „დავით მჭედლიშვილი არის გაბედული ადამიანი გაბედული იდეებით, რომელთან ერთადაც ჩვენი თანამოქალაქეების უკეთეს მომავალზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია. მიზანია, რომ 2018 წლიდან ჩვენს გვერდით ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელსაც ერთმანეთის გვერდში დგომით დიდ წარმატებად ვაქცევთ“.

საღამოზე სტუმრებმა დავით მჭედლიშვილის მოღვაწეობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს მისი „ფასდაუდებელი როლი საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ განვითარებაში… საღამო შემოქმედებითად კულტურის ცენტრთან არსებულმა ვოკალურ-ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ქობულეთმა“ და N1 საჯარო სკოლის პედკოლექტივმა გაამრავალფეროვნეს…“

„მადლიერების საღამო“ ქობულეთში / 27.12.2017/ ფოტოები ქობულეთის საკრებულოს ფეისბუქგვერდიდან

ექსპრეს კრედიტი – ფინანსური პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზა

ექსპრეს კრედიტი. კრედიტის თანხა 500-დან 3000 ლარამდეა, ხოლო სესხის დაფარვა 12 თვის განმავლობაში შეგიძლიათ. ასეთი ტიპის კრედიტს საქართველოში არაერთი კომპანია გასცემს. ამ სტატიაში ვეცდებით გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სესხის აღებისას უნდა გაითვალისწინოთ.

ექსპრეს სესხის უპირატესობები

ექსპრესს სესხის აღება ონლაინ, აპლიკაციის მეშვეობით 15 წუთში არის  შესაძლებელი. თქვენ აღარ გიწევთ დოკუმენტების შეგროვება, ბანკის დამღლელ რიგში დგომა, სესხის მიზნობრიობის მტკიცება. სესხის შესახებ განაცხადს ინტერნეთთან მიერთებული ნებისმიერი მოწყობილობიდან შეძლებთ, იქნება ეს მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, თუ პლანშეტი.

განაცხადის გასაკეთებლად მარტივი სარეგისტრაციო ფორმას ავსებთ:

  • საიტზე რეგისტრაციისას საკონტაქტო ინფორმაციის მითითება (მობილურის ნომერი, ელ.ფოსტა)
  • ტელეფონის ნომერის დადასტურება (SMS შეტყობინება)
  • პირადი ინფორმაციის მითითება
  • განაცხადის დადასტურება, ხოლო მისი განხილვის შემდეგ სესხის მიღება
  • თავდებობა –  სესხის აღებას არ ჭირდება თავდებობა.
როგორ შევარჩიოთ კომპანია

სანდოობა – ექსპრესს სესხების გამცემი ონლაინ პლატფორმების დიდი ნაწილის საქმიანობას სახელმწიფო არ აკონტროლებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია აირჩიოთ საერთაშორისო კომპანია, რომელიც სანდოობით სარგებლობს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი აქვს. ასეთი კომპანიების საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკი უწევს ზედამხედველობას. მსგავსი ინფორმაცია ყველა კომპანიის საიტზე შეგიძლიათ იხილოთ.

დაბალი % – პროცენტისა და დასაბრუნებელი თანხის ზუსტი ოდენობის გასაგებად ვიყენებთ კომპანიის სესხის კალკულატორს.   შედიხართ ვებ-საიტზე, უთითებთ სასურველ თანხას და მისი დაბრუნების ვადას და კალკულატორი, ავტომატურ რეჟიმში დაიანგარიშებს.

პირგასამტეხლო – აარჩიეთ ისეთი კომპანია, რომელსაც ხელშეკრულებაში გარკვევით უწერია რა ვალდებულება გეკისრებათ და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი თანხის დროულად დაფარვას ვერ შეძლებთ.

რას გთავაზობთ კომპანია “სოლვა”

ექსპრეს კრედიტს  ყველაზე მისაღებ პროცენტში   ახალი თაობის ფინანსური კომპანია “სოლვა” გთვაზოთ  500-დან 3000 ლარამდე ესქპრესს სესხს 12 თვემდე ვადით. ეს ყველაფერი  სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.  მომხმარებელს პირველივე ჯერზე შეუძლია ისესხოს მაქსიმალური თანხა – 3000 ლარი სასურველი ვადით.  ექსპრეს კრედიტის სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი დანიშნულებითა და მიზნობრიობით. სოლვა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ აიღოს ექსპრეს კრედიტი უშუალოდ მასზე მორგებული გრაფიკითა და სასურველი ვადით. Solva-ში არ ხდება თანხის გადავადება, მაგრამ გრაფიკი მომხმარებლის გადახდიასუნარიანობაზე მაქსიმალურად მორგებულია.

შპს “სოლვა” წარმოადგენს “აი დი ფაინანსი” – ს ჯგუფის ნაწილს  და მის საქმიანობას ეროვნული ბანკი აკონტროლებს.

შპს “სოლვა” 2016 ივლისიდან მოღვაწეობს და სთავაზობს ბაზარს სტაბილურ ფინანსურ პროდუქტს, რომელიც  გადახდისუნარიან მომხმარებელს სწრაფი სამომხმარებლო სესხის მოხერხებულად, სახლიდან გაუსვლელად მიღებას და მათთვის მისაღები გრაფიკით, მცირე შენატანებით დაფარვას გულისხმობს. კომპანიის ახალი აუდიტორია საინტერესოა გადამხდელუნარიანობით და შედარებით დაბალი რისკით.

“აი დი ფაინანსი” არის სწრაფად მზარდი ფინანსური ტექნოლოგიების მქონე კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მონაცემთა დამუშავებაში, საკრედიტო ქულისმინიჭებასა და ონლაინ დაკრედიტებაში განვითარებად და განვითარებულ ბაზრებზე. ახალი ტექნოლოგია უკეთესად აფასებს მომხმარებლების ფინანსურ შესაძლებლობებსდა რისკებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირიდით სოლვას ქოლცენტრს: +995 322 50 00 22  მიწერეთ Facebook-ზე: www.facebook.com/SolvaGeo. ან ესტუმრეთ მის ვებ–გვერდს: www.solva.ge

მოგზაურობა ილუსტრაციებით

იტალიელი მხატვრისა და ილუსტრატორის ფედერიკო ბაბინას  ახალი სერია INKONICITY მსოფლიოს გარშემო გამოგზაურებთ. მხატვარი ამა თუ იმ ქალაქის კულტურის ძირითად სიმბოლოებს აჩვენებს და ვიზუალურად გადმოგვცემს ქალაქების განსხვავებულ მახასიათებლებს.  ფედერიკო ბაბინას ახალი ილუსტრაციები მსოფლიოს 21 ქალაქზეა.

ბაბინას სხვა პროექტებიდან  ჩანს, რომ რთული თემები მხატვარს შეუძლია მარტივი და ადვილად აღსაქმელი ილუსტრაციებით გადმოსცეს. დეპრესიის, შიზოფრენიის და  ალცჰაიმერის შესახებაც კი მინიმალისტური ილუსტრაციებით აჩვენებს დაავადებების არსს. ბაბინა ნახატებს ხშირად აცოცხლებს და მეტი ეფექტისთვის მათ ანიმაციურ კლიპებად აქცევს.

დახარჯული მილიონი და დაბზარული შენობა – ვის დააკისრებს პასუხისმგებლობას მერია

საბავშვო ბაღის შენობა, რომლის მშენებლობაზე ერთი მილიონ 32 769 ლარი დაიხარჯა, საფრთხის შემცველია. ფაქტი საკრებულოს სხდომაზე ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმაც დაადასტურა. დაბზარულკედლებიან შენობაში ყოველდღე 300-მდე ბავშვი დადის. შენობა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს.

ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ განცხადების შემდეგ მან 27-ე საბავშვო ბაღის შენობა მოინახულა.

„კედლებზე ბზარი მანამდე იყო, თუმცა რამდენიმე ადგილას ბზარები მომატებულია. საბავშვო ბაღებში 22 იანვრამდე საშობაო არდადეგებია. ამ პერიოდში ჩვენ მივმართავთ სამხარაულის ექსპერტიზას და დაველოდებით მათ დასკვნებს. ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად უსაფრთხოა შენობა, ექვემდებარება თუ არა გამაგრებას,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

მისი თქმით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ 27-ე ბაღის აღსაზრდელები მშობლების სურვილის მიხედვით ახლომდებარე საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.

ლელა სურმანიძის თქმით, საბავშვო ბაღი 2013 წელს აშენდა. „ახალი შენობაა, პროექტი კარგია, სტანდარტული. მაგრამ როცა პირველად გაჩნდა ბზარები, მაშინ ითქვა, რომ გრუნტის პრობლემა იყო და შენობა გაამაგრეს. ამის შემდეგ ბაღის ირგვლივ ბევრი ახალი სახლი აშენდა და, როგორც ჩანს, ისევ გაჩნდა გრუნტის პრობლემა,“ – ამბობს სურმანიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ მშენებლობამდე არასათანადოდ შეისწავლეს გრუნტი და ამის გამო დაზიანდა შენობა, დადგება თუ არა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლების პასუხისმგებელნი იყვნენ მშენებლობის ხარისხზე? ლელა სურმანიძე ამბობს, რომ ჯერ დაელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას და შემდეგ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

„თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, დადგება პასუხისმგებლობის საკითხიც,“ – ამბობს ის.

ამ საბავშვო ბაღის შენობიდან აღსაზრდელები 2015 წელსაც გაიყვანეს. მაშინ ბაღის მშენებელი კომპანია „მტმ“-ი, „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ახალაშენებულ შენობაზე ბზარების გაჩენაში კომპანიის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.

კომპანიის ხელმძღვანელი მევლუდ გეწაძე ამბობდა, რომ  პასუხისმგებლობა შესაძლოა გეოლოგიური და საპროექტო სამუშაოების შემსრულებელს  დაეკისროს. ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნატალია ზაქარეიშვილი კი ამბობდა, რომ ექსპერტიზის დასკვნას დაელოდებოდა.

ნატალია ზაქარეიშვილი ამჯერად „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ 2015 წელს დასკვნა ორჯერ გააკეთებინეს სამხარაულის ეროვნულ ბიუროს. დასკვნაში წერია, რომ ბზარების გაჩენა „არასწორი ტკეპნის გამო  მოხდა და ეს დასკვნები ჩვენ მაშინ მივაწოდეთ მერიას.“

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ბზარების გამო ის კიდევ მიმართავს სამხარაულის ბიუროს, ექსპერტიზის ჩასატარებლად.

 

 

„შუახევიჰესი“ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ

აგვისტოში „შუახევიჰესის“ სამი გვირაბიდან ერთ-ერთი ჩამოიშალა. სამი თვის შემდეგ ჰესის მფლობელ კომპანიაში, „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ თქვეს, რომ მეწყრული პროცესებით აქტიურ მაღალმთიანეთში, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა „არამყარმა ქანებმა“ განაპირობა და საქმე გვაქვს „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესთან“.

გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა, წყალსაცავთან ახლოს, რომელიც წყლისგან ახლა სრულიად დაცლილია. ამ ადგილას მოსახლეობა სამი წლის წინ საპროტესტო აქციებს მართავდა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მაშინ ექსპერტებმაც ღიად თქვეს, რომ ჰესი შესაბამისი გეოლოგიური დასკვნების გარეშე შენდებოდა და საფრთხეს არაფერი გამორიცხავდა. ჰესის მშენებელი კომპანია კი ახლაც ირწმუნება, რომ დასკვნები არსებობდა. მოსახლეობის ეს საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს. ჩახშობილი პროტესტის შემდეგ აშენებული გვირაბი ჩამოიშალა, როგორც კი შიგ ჰესის ექსპლუატაციის სატესტო რეჟიმის დროს წყალი გაუშვეს.

„შუახევიჰესი“ არ არის პირველი ჰიდროელექტროსადგური, სადაც გვირაბი ჩამოიშალა. სხვადასხვა ფორმით ჰესებზე რამდენიმე გვირაბი დაზიანდა. რატომ იშლება ახალაშენებული ჰესები? – პასუხი არ აქვს არც ერთ სამთავრობო უწყებას. მთავრობა მხოლოდ ზარალს ითვლის და ჰესების მშენებელი კომპანიების ნაცვლად, დიდი თუ მცირე მასშტაბის ზარალის ანაზღაურებას ცდილობს.

ჩამოშლილი გვირაბის შესასვლელი დიდაჭარის წყალსაცავთან. გვირაბი შესასვლელიდან 170-ე მეტრზეა ჩამოშლილი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

რა მოხდა „შუახევიჰესის“ გვირაბში

„აგვისტოს შუა რიცხვებში მივხვდით, რომ სხალთა-დიდაჭარის გვირაბში იყო პრობლემა – გვირაბმა წყალი არ გაატარა… დავცალეთ გვირაბი წყლისგან, რომ გვენახა რა მოხდა, სად იყო პრობლემური ადგილები. პრობლემა დიდაჭარის წყალსაცავთან ახლოს აღმოვაჩინეთ, გვირაბის შესასვლელიდან 170 მეტრში,“ – გვიყვება კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პროექტის დირექტორის მოადგილე, ჯოშ ჯერარდი.

რის გამო ჩამოიშალა გვირაბი? – კომპანიაში ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ. განმარტავენ, რომ დათვალიერება ამ დრომდე გრძელდება, გვირაბში ჩამოსული მასა უნდა გაიბურღოს და ლაბორატორიული ექსპერტიზა ჩატარდეს.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გვირაბი ჩამოიშალა და არ ჩამონგრეულა. ჯერ ზუსტი მიზეზი არ დაგვიდგენია, მაგრამ შესაძლებელია, რომ გაუთვალისწინებელი გეოლოგიური პროცესი განვითარდა. გეოლოგიური დასკვნა, რა თქმა უნდა, არსებობდა მშენებლობის დაწყებამდე, მაგრამ გეოლოგიაში ყველაფერს ვერ გათვლი,“ – აღნიშნავს ჯოშ ჯერარდი.

„დეტალური გეოლოგიური კვლევები არ ჩატარებულა, ეს არის ტყუილი,“ – ამბობს დავით ჭიპაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი. იგი 2013 წელს ორგანიზაციის მიერ წერილობითი ფორმით გასაჯაროვებულ შენიშვნებს გვაჩვენებს, სადაც წერია, რომ დეტალური კვლევის გარეშე დაიწყო ჰესის მშენებლობა. დავით ჭიპაშვილის თქმით, მოგვიანებით კომპანიამ წარმოადგინა გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ აეროდათვალიერება ჩატარდა.

„ასე არ არის, ჩვენ დეტალური კვლევები ჩავატარეთ,“ – ამბობს ჯოშ ჯერარდი, – „გვირაბის გაყვანის დროს პარალელურ რეჟიმში მუშაობდნენ გეოლოგები. ისინი ყოველი სამი მეტრის გაყვანის შემდეგ სწავლობდნენ მიწის ქანებს და ჩანაწერებს აკეთებდნენ. ჩვენ მათი დასკვნების მიხედვით ვიღებდით გადაწყვეტილებას. თუკი ისინი იტყოდნენ, რომ რთულ ქანებთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში გამოვიყენებდით გვირაბის ჩამოცემენტების მეთოდს, ან ლითონის კონსტრუქციებს და ისე გავამყარებდით გვირაბს, მაგრამ ამის აუცილებლობა გეოლოგებს არ დაუნახავთ“.

დავით ჭიპაშვილი: „თან ბურღავდე გვირაბს, აფეთქებდე და თან დეტალურ გეოლოგიურ კვლევას ატარებდე, ასე არ ხდება, ეს მინიმუმ არასერიოზულია. დეტალური კვლევა ასე არ კეთდება. ჯერ ტარდება გეოლოგიური კვლევა, პრობლემური ადგილების გამოკვეთა, შესაბამისი ღონისძიებების გატარება და მერე – ნებართვის მიღება. ჩვენ 2013 წელს ვამბობდით, რომ ასე არ შეიძლებოდა და არსებობდა საფრთხე. კომპანიამაც და სამთავრობო უწყებებმაც მაშინ გვითხრეს, თქვენ არაფერი იცით, ჩვენ ვიცითო. ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 10 წელი სჭირდება ჰესის მშენებელ კომპანიას ნებართვის მისაღებად“.

რატომ ვერ დადგინდა სამ თვეში გვირაბის ჩამოშლის ზუსტი მიზეზი? – ჯოშ ჯერარდი ამბობს, რომ გვირაბის ჩამოშლის დროს ჰესის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებული იყო და მათ ხელახლა მოუხდათ ინფრასტრუქტურის აღდგენა, ელექტროხაზების გაყვანა, ვენტილაციის სისტემის შექმნა, წყლის ამოტუმბვა.

„ახლა ვცდილობთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის შეიქმნას გვირაბში უსაფრთხო გარემო. თავდაპირველად უნდა გაიბურღოს ეს ჩამოსული მასა, რომ გავიდეთ მეორე მხარეს. ჩვენ არ ვიცით რამდენ ნაწილად არის ჩამოსული მიწის მასა. გრუნტის მასალა გაიგზავნება ლაბორატორიაში, დაიდება დასკვნები და შემდეგ განისაზღვრება, რა უნდა გაკეთდეს,“ – დასძენს ჯოშ ჯერარდი, „შუახევიჰესის“ პროექტის დირექტორის მოადგილე.

ჯოშ ჯერარდი დაფაზე გვიხატავს, რა ფორმით ჩამოიშალა გვირაბი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

„შუახევიჰესს“ სამი კომპანია აშენებს: ნორვეგიული Clean Energy Invest-ი, ინდური კომპანია Tata Power-ი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი IFC-ი. ამ კომპანიებმა შუახევში ჰესის ასაშენებელად 400 მილიონი აშშ დოლარი ჩადეს. ჰესის მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გაიცა. ოფიციალური დოკუმენტებით, „შუახევიჰესი“ 2018 წლის 9 იანვრიდან უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, თუმცა ჯოშ ჯერარდი ამბობს, რომ ექსპლუატაციის დაწყების ვადა მინიმუმ ექვსი თვით გადაიწევს.

საიდან დაასკვნა კომპანიამ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

2 ნოემბერს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „დათვალიერების ფაზის დასრულების შემდგომ შესაძლებელი გახდება ტესტირების ჩატარება დაზიანებების მიზეზის დასადგენად… ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება“.

ჯოშ ჯერარდს ვკითხეთ, რის საფუძველზე დაამშვიდა კომპანიამ მოსახლეობა, როცა არავის დაუდგენია ჩამოშლის ზუსტი მიზეზი და შესაძლო რისკები. „შეუძლებელია ამ ჩამოშლამ საფრთხე გამოიწვიოს მოსახლეობისთვის,“ – ეს ფრაზა რამდენჯერმე ახსენა ჩვენთან ინტერვიუს დროს ჰესის მფლობელი კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. ჯოშ ჯერარდმა ვერ გვითხრა, მხოლოდ ზეპირ განაცხადს რატომ უნდა ენდოს მოსახლეობა. ის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რის გამოც მიიჩნევს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება:

„გვირაბში ჩამოსული მასა არ ჩანს იმდენი, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. თვითონ გვირაბის თავზე საცხოვრებელი სახლები არ არის და არც ვინმეს განცხადება შემოსულა, რომ მიწამ დაიწია, ან რამე საფრთხე შეექმნა,“ – ამბობს ჯოშ ჯერარდი.

„მიწა არ ჩაწეულა, მაგრამ სახლებს ისევ უჩნდება ბზარები, წყაროები, მათ შორის, სამკურნალო წყლები დაიკარგა, მეტი რაღა უნდა მოხდეს?“ – ამბობს სოფელ ღურტას მცხოვრები ზურაბ გელაძე. მას სამი წლის წინ გამართულ აქციაზეც ვკითხეთ, რომელიც ხელისუფლებამ დაშალა. მაშინ ღურტელებმა წერილი თითქმის ყველა სამთავრობო უწყებას მისწერეს, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. ღურტელები ამბობენ, რომ მათ არავინ გამოეხმაურა.

დიდაჭარის გვირაბის დათვალიერებაზე კომპანიამ უარი გვითხრა უსაფრთხოების მიზეზით. „გვირაბში სამუშაოები მიმდინარეობს, იქ საკუთარ თანამშრომლებსაც არ ვუშვებთ“, – დასძინა ჯოშ ჯერარდმა.

ბათუმი-ახალციხის დაზიანებული გზა დიდაჭარის წყალსაცავთან. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

დიდაჭარის გვირაბთან „ბათუმელებს“ არავინ დახვედრია. გვირაბის შესასვლელთან მძიმე ტექნიკაა გაჩერებული, დიდაჭარის წყალსაცავი წყლისგან სრულიად დაცლილია. აგვისტოში შევსებული წყალსაცავის კვალი ეტყობა ტყის პირს, სადაც რამდენიმე თვის წინ წყალი აღწევდა.

გორხანაული წყლით იჟღინთება

შუახევში, სოფელ გორხანაულში, წყალი მიწიდან მიმდინარე წლის ივლისში ამოვიდა. წყლით გაიჟღინთა ფერდობები, საკარმიდამო ნაკვეთები, გზები… მიწიდან წყლის ამოსვლამდე, „შუახევიჰესის“ მშენებლობის დროს, სოფელში წყალი დაშრა. ამ სოფელში თითქმის ყველა სახლთან შენიშნავთ წყლის ლურჯ ავზს. წყლის დაშრობის დროს სოფელში ავზები დადგა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“. სასმელი წყლით ჰესის მფლობელი კომპანია ამარაგებს სოფელს. ჰესის ერთ-ერთი გვირაბი სოფელ გორხანაულის თავზე გადის.

„წყალი არასდროს ყოფილა პრობლემა ჩვენს სოფელში. პრობლემა მას მერე დაიწყო, რაც ჰესი შენდება,“ – გვიყვება გორხანაულში მცხოვრები მადონა თავდგირიძე და თან მიწიდან რამდენიმე ადგილას ამომავალ წყალს გვაჩვენებს. – „ჯერ წყალი დაშრა, ახლა პირიქითაა, წყალმა უნდა წაგვიღოს, მგონი. წყალი ივლისში გამოვიდა, ვიდრე გვირაბი ჩამოიშლებოდა. მახსოვს, პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, ჰესი ამუშავდაო და ჩემი ქმარიც ესწრებოდა მაგას. მეორე თუ მესამე დღე იყო, ბოსტანი წყლისგან გაჟღენთილი დამხვდა“.

„გვირაბის ჩამოშლის შემდეგ ჩვენ წყლისგან დავცალეთ ყველა გვირაბი. ეს აჩვენებს იმას, რომ ამ სოფელში წყლის მიწიდან ამოსვლა ჰესს არ უკავშირდება. ასევე ამ სოფელში ბევრად უფრო ადრე ამოვიდა წყალი, ვიდრე სხალთა-დიდაჭარის გვირაბი ჩამოიშლებოდა,“ – გვითხრა თავდაპირველად „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალურ და მიწის საკითხთა დირექტორმა, ზვიად დიასამიძემ.

„იქნებ თვითონ ვერ შენიშნეს, რომ გვირაბი იყო ჩამოშლილი? დაგვიმტკიცონ მაშინ, რომ არ უკავშირდება ეს პრობლემა ჰესის მშენებლობას. გვეუბნებიან, არ მტკიცდება და თქვენ დადეთ ექსპერტიზაო. ჩვენ საიდან უნდა ჩავატაროთ ექსპერტიზა?“ – კითხულობს მადონა თავდგირიძე სოფელ გორხანაულიდან.

სოფელ გორხანაულში მიწიდან წყლის ამოსვლაზე გეოლოგიური დასკვნა 2017 წლის 19 სექტემბერს მოამზადა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ. მანამდე გორხანაულში აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ ჩაატარა კვლევა. დასკვნების მიხედვით, გეოლოგებმა 10 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი შეისწავლეს და კონკრეტულად ლელა პლატონაძის ოჯახის შემთხვევაში ადგილმონაცვლეობის საჭიროება დაადგინეს.

„სახლი იმყოფება მეწყრული პროცესების შესაძლო განვითარების ზონაში, საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს და უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია შენობის გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანა… აქვე აღვნიშნავთ, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია,“ – ვკითხულობთ გეოლოგიურ დასკვნაში, რომელიც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ მოამზადა.

რატომ ამოდის სოფელში წყალი მიწიდან? – გარემოს დაცვის სააგენტოს გეოლოგიურ დასკვნაში წყლის გააქტიურების შესახებ ეს წერია:

„ცალსახაა, რომ „შუახევიჰესის“ ექსპლუატაციაში საცდელი გაშვების შემდეგ მოიმატა გრუნტის წყლების დებიტმა. თუ გავითვალისწინებთ გრუნტის წყლების გაზრდილ დებიტს და მათ გამოსვლებს, რომლებიც უსისტემოდ მიედინება იქ მცხოვრები მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთებში, აუცილებელია გრუნტის წყლების რეგულირება – დრენაჟი შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით“.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჰესის მშენებლობას უკავშირდება სოფელში წყლის ამოსვლა? – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, მერაბ გაფრინდაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამის დადასტურებას ჰიდროგეოლოგიური დასკვნა სჭირდება, რომელიც ძვირადღირებულია და ამის რესურსი სააგენტოს არ გააჩნია. სააგენტოში გვითხრეს, რომ ჰესის მფლობელ კომპანიას აქვს ვალდებულება, ჰიდროგეოლოგიური კვლევა ჩაატაროს.

შუახევში, სოფელ გორხანაულში, წყალი მიწიდან მიმდინარე წლის ივლისში ამოვიდა. წყლით გაიჟღინთა ფერდობები, საკარმიდამო ნაკვეთები, გზები… მიწიდან წყლის ამოსვლამდე, „შუახევიჰესის“ მშენებლობის დროს, სოფელში წყალი დაშრა. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

„ჰიდროგეოლოგია სწავლობს მიწისქვეშა წყლებს, ადგენს როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრივ რეჟიმს. ჰიდროგეოლოგიური კვლევის ჩატარების ვალდებულება, როგორც ვიცი, აქვს ჰესის მშენებელ კომპანიას. ეს გათვალისწინებულია ნებართვაში, რაც კომპანიას მიეცა მშენებლობის დაწყებამდე. საჭიროების შემთხვევაში, კომპანიამ უნდა ჩაატაროს მსგავსი კვლევა, როგორც მშენებლობის, ასევე ჰესის ექსპლუატაციის დროს,“ – ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის გაგზავნილ დასკვნაში ჩაწერა, რომ ჰიდროგეოლოგიური დასკვნის გაკეთება გამგეობამ კომპანიას უნდა მოსთხოვოს. შუახევის გამგეობაში კომპანიისთვის მიმართვის ნაცვლად ბიუჯეტის ფულის დახარჯვა არჩიეს.

„ოჯახს, რომლის ადგილმონაცვლეობის საჭიროება დაადგინეს გეოლოგებმა, შევთავაზეთ, რომ ჩავრთავთ 25-ათასლარიან პროგრამაში. ამ ოჯახს შეუძლია მიიღოს 25 ათასი ლარი, როგორც ეკომიგრანტმა,“ – ეს ზაზა ზოიძემ გვითხრა, შუახევის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა.

კითხვაზე, რატომ უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტის ფული, თუკი კერძო კომპანიის გამო ზიანდება მოქალაქე, ზაზა ზოიძემ გვიპასუხა, რომ „კომპანიას პირდაპირ ვერაფერს დაავალებს გამგეობა“. საბოლოოდ შუახევის გამგეობამ ჩვენთან საუბრის დროს ეს გამოსავალი იპოვა: „თუ მოქალაქეს პრეტენზია აქვს, სასამართლოს მიმართოს“.

„მიუხედავად იმისა, რომ არ დადგენილა ის, რომ ჩვენ გამო ამოდის იქ წყალი, მზად ვიყავით მოგვეწყო სადრენაჟო სისტემა. ამაზეც უარი გვითხრეს,“ – აღნიშნავს ზვიად დიასამიძე, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალურ და მიწის საკითხთა დირექტორი.

კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯოშ ჯერარდი ხაზს უსვამს იმას, რომ სოფელი გორხანაული დაახლოებით 20 კილომეტრითაა დაშორებული დიდაჭარის წყალსაცავს, ანუ იმ ადგილს, სადაც გვირაბი ჩამოიშალა. ჯოშ ჯერარდი რუკაზე გვაჩვენებს, რომ სოფელ გორხანაულის თავზე გამავალი გვირაბი არ უკავშირდება დიდაჭარასთან ჩამოშლილ გვირაბს.

მადონა თავდგირიძე, სოფელი გორხანაული: „ჩვენც არ ვიცით, არის თუ არა ეს წყალი გვირაბიდან გამოსული. ფაქტი არის ერთი, რომ ჰესის მშენებლობის შემდეგ წყალმა შეიცვალა მიმართულება, ჯერ წყალი გაქრა, ახლა ყველგან წყალი მოდის.“

მადონა თავდგირიძე მეზობელია გასახლებას დაქვემდებარებული ლელა პლატონაძის, რომელიც სახლში არ დაგვხვდა. მადონა ადასტურებს, რომ სადრენაჟო სისტემის მოწყობაზე მართლაც უარი თქვეს მეზობლებმა, რადგან კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ მისცეს იმის გარანტია, რომ ეს მოაგვარებდა პრობლემას.

რით ადასტურებს კომპანია, რომ სადრენაჟო სისტემის მოწყობით, მაგალითად, ლელა პლატონაძეს გასახლება აღარ დასჭირდება? გეოლოგიურ დასკვნაში არ წერია, რომ სადრენაჟო სისტემის მოწყობა უზრუნველყოფს ამას. „ჩვენი ტექნიკური გუნდის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი აღნიშნული პრობლემა და სადრენაჟო სისტემის მოწყობა სწორედ მათი გამოცდილებიდან და პრობლემის სპეციფიკიდან იყო რეკომენდებული“, – გვიპასუხეს „აჭარისწყალ ჯორჯიაში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰიდროგეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად კომპანია მზად იყო, მაგრამ მოქალაქე ლელა პლატონაძემ მათ ამის უფლება არ მისცა. კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ გვაჩვენეს ლელა პლატონაძის წერილი და მასზე გაცემული პასუხი. წერილში მოქალაქე არსად ახსენებს, რომ ჰიდროგეოლოგიური კვლევების წინააღმდეგია. პირიქით, ამბობს, რომ კომპანიამ ვერ დაარწმუნა სადრენაჟო სისტემის მოწყობის ეფექტურობაში და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

„თქვენი შემოთავაზება რიგი სამუშაოების განხორციელების თაობაზე არ არის ადეკვატური მოყენებული ზარალისა და შემოთავაზებული სამუშაოები, განხორციელების შემთხვევაშიც კი, არ უზრუნველყოფს სახლში უსაფრთხო ცხოვრებას…“ – წერს მოქალაქე 5 ოქტომბრის წერილში.

ლელა პლატონაძეს კომპანიამ პასუხი 12 ოქტომბერს გასცა, სადაც ასევე არ არის საუბარი ჰიდროგეოლოგიურ კვლევებზე. ამჯერადაც კომპანია ცდილობს დაარწმუნოს მოქალაქე, რომ სადრენაჟო სისტემის მოწყობაა ეფექტური.

ამავე წერილში კომპანია პასუხობს მოქალაქეს ზარალის ანაზღაურების საკითხზეც და ბიუჯეტისკენ მიუთითებს. კომპანია ლელა პლატონაძეს ახსენებს, რომ მას შუახევის გამგეობამ 25-ათასლარიანი პროგრამით სარგებლობა შესთავაზა.

გორხანაული. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გზების დეპარტამენტი: გვირაბიდან გამოტანილმა გრუნტის მასამ დააჩქარა გამორეცხვის პროცესი

დიდაჭარის გვირაბის ჩამოშლის შემდეგ, მაღალმთიანეთში კიდევ ერთ პროექტზე იხარჯება ბიუჯეტიდან თანხა – ხულოს ჩამორეცხილი გასასვლელის აღსადგენად. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი სახელმწიფო უწყება ღიად ამბობს, რომ ზარალი ჰესის მშენებლობის გამო დადგა.

რამდენიმე დღის წინ საავტომობილო გზის დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა ხულოს გასასვლელის აღდგენაზე. სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ:

„ნიადაგის გამორეცხვას ხელი შეუწყო იმან, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტში და ხევში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას მშენებელი ორგანიზაციის მიერ მოწყობილი იქნა გვირაბიდან გამოტანილი გრუნტის მასების ყრილი, რამაც გაამრუდა მდინარის დინება კალაპოტში და დააჩქარა გამორეცხვის პროცესი,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

გზის დაზიანებას უარყოფენ „აჭარისწყალ ჯორჯიაში“. აქ განმარტავენ, რომ გრუნტის დაყრაზე კომპანია თავდაპირველად დააჯარიმეს, მაგრამ 2016 წელს ნებართვა აიღეს და შემდეგი ინსპექტირების დროს პრობლემა არ დაფიქსირებულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ხულოს გასასვლელის აღდგენას დაახლოებით მილიონ 800 ათასი ლარი დასჭირდება, რასაც ამ დროისთვის გზების დეპარტამენტი აფინანსებს.

„რადგან საკამათოა ეს საკითხი, მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზას, რომელიც დადებს დასკვნას, გამორეცხვა გამოიწვია თუ არა ჰესის მშენებლობამ. ჩვენ რაც თვალით დავინახეთ, ის ჩავწერეთ სატენდერო დოკუმენტში. თუ დადგინდება, რომ ჰესთან ეს კავშირშია, კომპენსაციას მოვთხოვთ კომპანიას, მაგრამ ახლა კრიტიკული სიტუაციაა და გზის აღსადგენად ფული ბიუჯეტიდან იხარჯება, ტენდერით კონკრეტული სამუშაოს შესყიდვა ხდება,“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

სახელმწიფო კონტროლი არ მუშაობს

„შუახევიჰესის გვირაბზე სააგენტო ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს“ – მოგვწერეს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან. ეს უწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება და მისი ვალდებულებაა ჰესებზე სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების კონტროლი.

რა მოიაზრება „მუდმივ მონიტორინგში“? – სააგენტომ მოგვწერა, რომ: „იღებს ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენლებისგან, ასევე უწევს მათ კონსულტაციებს საჭიროებისამებრ. გვირაბზე სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები მოცემულ მომენტში არ მიმდინარეობს. შესაბამისად, სააგენტო არ უწევს მას ამ ეტაპზე ზედამხედველობას. ამ ეტაპზე კომპანიაში მიმდინარეობს საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება გაწმენდითი სამუშაოების მეთოდოლოგიის შესარჩევად – რა გზით უნდა მოხდეს გვირაბის გამოთავისუფლება ჩამოქცეული მასებისგან. აღნიშნული მასებისგან გვირაბის გაწმენდის შემდეგ, კომპანია განახორციელებს გვირაბის სრულ ინსპექტირებას და დაადგენს გრუნტის ჩამოშლის მიზეზებს… მშენებლობის დაწყების შემდეგ სააგენტო განახორციელებს ზედამხედველობას“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

რა ქმნის მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გარანტიას, ან რატომ არ სცადა აქამდე სააგენტომ გვირაბის დათვალიერება და მისი ჩამოშლის მიზეზის დამოუკიდებლად დადგენა? – სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათი ინფორმაციით, გვირაბში შესვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. პრესსამსახურის წარმომადგენელს, თამარ თოდუას ვუთხარით, რომ გვირაბში შესვლა ფიზიკურად შესაძლებელია.

ამ საუბრის შემდეგ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან მოგვწერეს: „გრუნტის ჩამოშლის მიზეზების დადგენა, კანონმდებლობის მიხედვით, არ შედის სააგენტოს კომპეტენციაში“. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ გვირაბის ჩამოშლის მიზეზები კომპანიის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ და კვლევები ჩაატარონ, სააგენტო კი, კვლევის შედეგს განიხილავს.

რატომ ვერ დააფიქსირა სააგენტომ ხარვეზები გვირაბში, ვიდრე იქ წყალს გაუშვებდნენ? – სააგენტოდან გვიპასუხეს, რომ ექსპლუატაციამდე გვირაბის ინსპექტირების დროს ვიზუალური ხარვეზები არ დაფიქსირებულა. სააგენტოში ადასტურებენ, რომ ჰესის მშენებლობის დროს, რომელიც განსაკუთრებით რთული კატეგორიის მშენებლობაა, ზედამხედველობა მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას და დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს.

„სააგენტოს კომპეტენციაა ზედამხედველობა გაუწიოს მშენებლობის დროს მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობას სააგენტოს მიერ ნებართვაგაცემულ პროექტებთან მიმართებაში. ეს არ გულისხმობს ყოველდღიურ ზედამხედველობას მშენებლობის დროს მიმდინარე ყველა ტექნოლოგიურ პროცესზე,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან მივიღეთ.

„საზოგადოების კონსტიტუციური უფლებაა იცოდეს, არის თუ არა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხო,“ – მიიჩნევს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსგავს სიტუაციაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო რესპონდენტის როლში კი არ უნდა იყოს, არამედ თავად აწვდიდეს ინფორმაციას მოსახლეობას.

„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობაზე კონტროლი. ამ უწყებამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება, თუ რა საფრთხის მატარებელია მიმდინარე პროცესები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დრომდე სააგენტო არის დამკვირვებლის როლში და ცდილობს ვითარება შეაფასოს შორიდან, რაც ცალსახად დაუშვებელია. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ თანახმად, ის არის ერთადერთი უწყება, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოებაზე,“ – აღნიშნავს გიორგი ხიმშიაშვილი.

დავით ჭიპაშვილი ორგანიზაციიდან „მწვანე ალტერნატივა“ ვერ ხედავს სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობის შედეგს.

„თუკი არსებობს კონტროლი, სად არის? პირველი შემთხვევა ხომ არ არის გვირაბის ჩამოშლა „შუახევიჰესზე?“ რა დაადგინა სახელმწიფომ კინტრიშზე, ან „ბახვი ჰესზე“, „დარიალი ჰესზე“? რამდენი გაკვეთილი უნდა ვნახოთ, რომ რამე ვისწავლოთ? ჩვენთან მთავრობა ფიქრობს, რომ ნებართვის აღებამდე თუკი ინვესტორს მოსთხოვს დეტალურ შესწავლას, ეს პროცესს შეაფერხებს და დააფრთხობს ინვესტორს. კონტროლზეც ამავე მიზეზით ამბობს ხელისუფლება უარს, როგორც ჩანს,“ – დასძენს დავით ჭიპაშვილი.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, მუშაობს თუ არა „კინტრიში ჰესი“, რომელიც ოფიციალურად ექსპლუატაციაში შესულია. გასული წლის დეკემბერში ამ ჰესზე გვირაბის შესასვლელი ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩამოანგრია. აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გვირაბი აღდგენილია, თუმცა ექსპლუატაციაში შესული ჰესი ამ დროისთვის ისევ არ მუშაობს.

„დადგინდა, რომ გვირაბის დაზიანება გამოიწვია მეწყერმა. კომპანიამ დაზიანებების აღსადგენად შეიმუშავა ახალი პროექტი, რომელიც დამტკიცებულია ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ სააგენტოს თანამშრომლებმა შეისწავლეს მშენებლობა და ელექტროსადგური მიიღეს ექსპლუატაციაში. ახლა სხვა ადგილას ვატარებთ სარემონტო სამუშაოებს, ეს გვირაბს არ უკავშირდება. დაახლოებით ერთ თვეში ჰესი ისევ ამუშავდება,“ – გვითხრა დავით ტავლალაშვილმა, „კინტრიში ჰესის“ დირექტორმა.

„სამი წლის წინ, როცა ჰესის მშენებლობა დაიწყო, მოსახლეობა იხსენებდა მეწყრისგან წაღებულ სახლებს, გეოლოგები და ექსპერტები საუბრობდნენ საფრთხეებზე. მაშინ კომპანია ირწმუნებოდა, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული. რა გამორიცხავს იმას, რომ ისევ არ მოგვიწევს ჟურნალისტებს იმავე კითხვების დასმა თქვენთვის?“ – ეს შეკითხვა კომპანიის წარმომადგენელს „ბათუმელებმა“ დაუსვა. ჯოშ ჯერარდმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა აღარ მოუწევდა, თუმცა ვიდრე დაგვემშვიდობებოდა, გვითხრა: „გამორიცხული არაფერია“.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

საცხოვრებელ სახლს, სადაც გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა, დაანგრევენ

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბათუმში ახვლედიანის ქუჩის N12-ში მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლს დაანგრევენ. საცხოვრებელი სახლი, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 10 დეკემბერს აფეთქება მოხდა, „ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, საჭიროებს დაუყოვნებლივ დემონტაჟს. „აჭარსპეცპროექტის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვით, დემონტაჟისთვის 120 ათასამდე ლარია საჭირო.

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, „შენობა საფრთხის შემცველია უეცარი ნგრევის საშიშროების მაღალი რისკის გამო. შენობის დაზიანებული ნაწილის 60/70% მთლიანად დასანგრევია, ხოლო ნაკლებდაზიანებული ნაწილი თავის დროზეც ყოველგვარი პროექტის გარეშე სეისმური ნორმების დარღვევითაა აშენებული. რეკონსტრუქციის შემთხვევაში ამ ნაწილში აუცილებელი იქნება სეისმურობის ასამაღლებელი სამუშაოები… შესაბამისად, შენობაზე აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების ჩატარება არარენტაბელურია, მიზანშეწონილია მისი დემონტაჟი და ახლის მშენებლობა“.

„ბათუმის კორპუსში“ აცხადებენ, რომ ჯერ არ ჰყავთ შერჩეული კომპანია, რომელიც შენობის დემონტაჟს მოახდენს. სამუშაოების პირდაპირ შესყიდვაზე „ბათუმის კორპუსი“ შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თანხმობას 30 დეკემბრამდე ელოდება. თანხმობის მიღების შემდეგ შეირჩევა კომპანია, რომელმაც შენობის დემონტაჟი მაქსიმუმ 30-40 დღეში უნდა მოახდინოს.

ამ კორპუსში, ბათუმის მერიის ინფორმაციით, 9 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც ბინები ბათუმის მერიამ უქირავა. ქირით გვერდით კორპუსში მცხოვრები კიდევ ერთი ოჯახია გაყვანილი. მერიის მუდმივმოქმედი კომისიის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, „პირველადი პირობების შექმნის მიზნით“ მატერიალური დახმარება 1000-1000 ლარის ოდენობით 10 ოჯახზე გაიცა.

„ბათუმის კორპუსში“ აცხადებენ, რომ განიხილება რამდენიმე სცენარი, თუ რა მოხდება შენობის დემონტაჟის შემდეგ, თუმცა გადაწყვეტილი არ არის ახალი შენობის აშენების საკითხი. სავარაუდოდ, შესასწავლი იქნება რამდენად უსაფრთხოა გვერდით [ახვლედიანის N14-ში] მდგომი კორპუსიც.

„ბათუმის კორპუსი“ შეაკეთებს ახვლედიანის N15-ში მდებარე შენობის სახურავსაც, რომელიც აფეთქების შედეგად დაზიანდა. სახურავის შეკეთებაში ბათუმის ბიუჯეტიდან 42 ათასი ლარი დაიხარჯება. „ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, სამუშაოებს შპს „ნამი +“ შეასრულებს. ამ სახლში მცხოვრებმა ორმა ოჯახმა სახურავის შეკეთების პერიოდში საკუთარი ბინები დროებით უნდა დატოვოს. მათ ერთი თვით ბინის ქირაობისთვის 700-700 ლარს გადაუხდიან.

ახვლედიანის ქუჩა, მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის, აფეთქების დღიდან ამ დრომდე გადაკეტილია

მთავარი ფოტო: აფეთქება ბათუმში, ახვლედიანის 12-ში / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ამავე თემაზე:

ბათუმში აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი დასანგრევია

ექსპერტი: უკეთესია, აფეთქებული სახლის დემონტაჟი მოხდეს

 

 

Exit mobile version