„ბათუმს“ – ასე ჰქვია ბათუმზე გადაღებულ კიდევ ერთ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ნიაზ დიასამიძეა.
2017 წელს აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების წარმოსაჩენად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჯამში 5 საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო. მათი ნაწილი BBC-ის, Euronews-სა და CNN-ის ეთერშიც იყო განთავსებული.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია „Look production“-მა გადაიღო. კლიპის ბიუჯეტი 30 ათასი ლარია.
სამშენებლო ბაზარი საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და მრავალფეროვანია. განსაკუთრებით შეგვიძლია ორი ქალაქის გამოყოფა – თბილისისა და ბათუმის, სადაც მშენებლობის ბუმია, ბაზარზე ერთდროულად ასეულზე მეტი სამშენებლო კომპანია ოპერირებს.
რაც შეეხება მომხმარებელს: ისინი არიან როგორც უცხოელები, ასევე ჩვენი ქვეყნიდან წასული ემიგრანტები. საკმაოდ დიდი წილი მოდის ადგილობრივ მოსახლეობაზეც.
ქართველი მომხმარებელი ბინას, ძირითადად, ყიდულობს დასრულებულ კორპუსში იპოთეკური სესხის გამოყენებით ან მშენებლობის საწყის ეტაპზე კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მიერ შეთავაზებული შიდა განვადებით.
მშენებლობის საწყის ეტაპზე შიდა განვადებით ბინის შეძენა განსაკუთრებით კომფორტული და პოპულარული გზაა, რადგან ამ დროს ქონების ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, ღირებულება არ იზრდება და შესაძლებელია ის თანხაც კი დაზოგოთ, მომავალში რემონტისთვის რომ დაგჭირდებათ.
მშენებლობის ამ ეტაპზე ბინის შეძენა გარკვეულ რისკებს შეიცავს, რადგან სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით, დაგეგმილზე გაცილებით დიდხანს შეიძლება მოგიწიოთ კუთვნილი ფართობის მისაღებად ლოდინი ან სულაც ვეღარ მიიღოთ. ამიტომ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებამდე:
[checklist]
გაარკვიეთ მშენებელი კომპანიის ისტორია
დაიტერესდით მის მიერ განხორციელებული და უკვე დასრულებული პროექტებით
ვიდრე ბინას შეიძენთ, კარგად შეისწავლეთ პროექტის დეტალები (რამდენ სართულიანია, ექნება თუ არა ეზო, საპარკინგე ადგილი, გამწვანება, სახანძრო კიბე, საკმარისი ზომის ლიფტი და ა.შ.)
რა თქმა უნდა, გულისყურით წაიკითხეთ ხელშეკრულება ან წააკითხეთ ისეთ პირს, ვინც კარგად ერკვევა იურიდიულ დეტალებში.
ფასთან ერთად მნიშვნელოვანია, შერჩეულ ბინაში მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეძლოთ გადასვლა, ან მისი კომერციული დანიშნულებით დატვირთვა [სურვილის შემთხვევაში], ინვესტირებული თანხა უკან, მოკლე დროში რომ დაიბრუნოთ.
[/checklist]
სახლი, რომელსაც შეიძენთ, თუ გსურთ იყოს სანდო მშენებლის მიერ აშენებული, ჩაგბარდეთ დროულად, გქონდეთ მყუდრო ეზო და ამავე დროს იყოს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გქონდეთ ზღვის ან მთის ხედი, სამშენელო კომპანია „ჩემი სახლი“ გთავაზობთ ბინების ფართო არჩევანს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე პროექტში.
“ჩემი სახლის” მიმდინარე პროექტის ცხრა სართული უკვე აშენებულია.
პროქტი უკვე დასრულებულ I, II და III ბლოკებში კვადრატული მეტრის ფასი 1250 ლარიდან იწყება, ხოლო მიმდინარე IV, V, VI ბლოკებში – 1100 ლარიდან.
მოქმედებს 30-თვიანი შიდა უპროცენტო განვადება. ბინების არჩევანს რაც შეეხება, გასაყიდი ფართობები 42 კვ/მ-დან იწყება.
მსურველს შესაძლებლობა აქვს შეარჩიოს ბინა, რომელიც გადაჰყურებს ჭავჭავაძის ქუჩას, ასევე , ს.თაყაიშვილის ან ს.ხიმშიაშვილის ქუჩებს.
პროექტის აშენებულ ნაწილში უკვე განთავსებულია საბავშვო ბაღი, ბანკი, სამედიცინო კლინიკა და რამდენიმე ბრენდული მაღაზია.
მშენებლობა აქტიურ ფასაშია პრექტის ყველა ბლოკზე
სამშენებლო კომპანია ,,ჩემი სახლი“ თითქმის 15 წელია სტაბილურად აშენებს ბათუმში. კომპანიას განხორციელებული აქვს პროექტები, რომელთა ნაწილი უკვე ასოცირდება ბათუმთან, მათ შორის:
კობალაძის ქუჩაზე 23-სართულიანი კორპუსი, რომლის ბოლო სართულზე ფუნქციონირებს რესტორანი VOX-ი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი რუსთაველის 35-ში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია თავისი არქიტექტურული იერსახით საქართველოში, 12-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი ვაჟა-ფშაველას 6-ში, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი რუსთაველის #22-ში, რომელიც 2014 წლის საუკეთესო არქიტექტორულ შენობებს შორის პირველ ადგილზე დაასახელეს.
ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი ქალი და ორი ბავშვი დაშავდა ე.წ. „ბომბაჩკების“ აფეთქების შედეგად. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც სასწრაფოში გვეუბნებიან, პირველ შემთხვევაში „ხლაფუშკა“ თვალთან მოხვდა ერთ-ერთი ბავშვის მშობელს და გადაიყვანეს საავადმყოფოში.
„პირველ შემთხვევაში ბავშვს შედარებით მსუბუქი დაზიანება აღმოაჩნდა, თუმცა მეორე შემთხვევა იყო მძიმე, ბავშვს ხელში აუფეთქდა „ბომბაჩკა“ და თითი მოაწყვიტა, შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. თუმცა, ეს ბავშვი ჩვენ არ გადაგვიყვანია, სასწრაფოს დახმარების მოსვლამდე გადაიყვანეს საავადმყოფოში“.
მსგავსი შემთხვევები იყო გასულ წელსაც.
შს სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდნონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს და გამოიყენონ ის ინსტრუქციის შესაბამისად – „პიროტექნიკას მოარიდონ არასრულწლოვანი პირები“.
„ფეისბუქში“ ვიდეოკლიპი გავრცელდა, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან. კლიპს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კლიპს სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი იწყებს, რომელიც სხდომათა დარბაზში მანტიით შედის. მოსამართლის მანტიით ჩნდებიან სხვა მოსამართლეებიც და სიმღერას იწყებენ. კლიპში სასამართლოს აპარატის თანამშრომლომლებიც მღერიან. სიმღერის მთავარი გზავნილებია: „ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „საქალაქო სასამართლო – უნდა გაამართლო“. სიმღერაში გარითმულია ფრაზა – საპროცესო გარიგება.
რისთვის ჩაწერეს ვიდეოკლიპი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებმა და რა დაჯდა მისი მომზადება – ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ამ საკითხზე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. სასამართლოს მენეჯერმა, ივერი აბაშიძემ გვითხრა, რომ კლიპი ძველია, როცა ის სასამართლოში არ მუშაობდა. მან ვერ დაგვიკონკრეტა, როდისაა ის გადაღებული. სასამართლოს მენეჯერმა ვერც ის გვითხრა, ვინ მოამზადა კლიპი და რატომ.
ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვიდეოკლიპი შიდა ჯგუფისთვის დაახლოებით ერთი წლის წინ იმ პირობით მოამზადეს, რომ არ გასაჯაროვდებოდა და დღეს „ფეისბუქში“ მისი დადება მოულოდნელი იყო. ამ პირის ინფორმაციით, კლიპის მომზადებისთვის ცალკე ფინანსური რესურსი არ დახარჯულა. „ჩვენით გადავიღეთ და დავამონტაჟეთ, მეტი არაფერი,“ – ამბობს ის.
კლიპში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12 მოსამართლიდან 4 არ ჩანს: ჯუმბერ ბეჟანიძე, ირაკლი შავაძე, ლევან გელოვანი და ლაშა თავართქილაძე.
დღეს ბათუმის მერიამ დაიწყო საქმის წარმოება მწვანე კონცხზე, ექვს მიწის ნაკვეთზე განაშენიანების გეგმის შესამუშავებლად და დასამტკიცებლად.
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის ინფორმაციით, საკითხი ეხება სააქციო საზოგადოება „საქართველოს კურორტების“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს. მისივე თქმით, ინვესტორი გეგმავს ამ ნაკვეთებზე არსებული ძველი შენობების ნაცვლად ახალი, დაბალსართულიანი [ორიდან ოთხამდე] „თაუნ ჰაუსის“ ტიპის შენობების აშენებას. ამ შენობებში განთავსდება სპა ცენტრი, ფიტნესის დარბაზი, საცურაო აუზები და დასასვენებელი სახლები დამხმარე ინფრასტრუქტურით.
ექვსივე ნაკვეთი იმ ქონების [21 ობიექტი] ნაწილია, სადაც ე.წ. „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო. ნაკვეთები მდებარეობს მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ.
ირაკლი ახალაძემ განმარტა, რომ ამჯერად ინვესტიციას განახორციელებს არა ყაზახური კომპანია, არამედ „საქართველოს კურორტები“, რომელიც კომპანია „სილქ როუდ ჯგუფთანაა“ დაკავშირებული.
21 ობიექტი, ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას მიჰყიდა. ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი კი მაშინ „სილქ როუდ ჯგუფმა“ გამოთქვა, მიზანი აჭარაში ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.
კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წელს ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. „სილქ როუდმა“ გადაცემული ქონების ნაწილი სახელმწიფოს დაუბრუნა, ნაწილი კი დაიტოვა საკუთრებაში, მათ შორის ეს 6 ნაკვეთიც.
ახალი შეთანხმებით, „სილქ როუდ ჯგუფმა“ არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა უნდა უზრუნველეყოს მწვანე კონცხზე არსებული ექვსი ობიექტის [ყოფილი სანატორიუმ „აჭარას“ სამი კორპუსი, დასასვენებელი სახლი, ტურბაზა და პიონერთა ბანაკი „მწვანე კონცხი“] განაშენიანების გეგმის შემუშავება; ამ ტერიტორიაზე კომპანიამ უნდა განახორციელოს არანაკლებ სამი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.
მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, რეგულირების გეგმის დამტკიცებისათვის უკვე დაწყებული საქმის წარმოება. ოცდღიანი პერიოდში მერია მიიღებს მომიჯნავე ტერიტორიების მფლობელებისა და ყველა დაინტერესებული პირის შენიშვნებს; შემდეგ იქნება ერთკვირიანი შემაჯამებელი პერიოდია, რის შემდეგაც მერიის არქიტექტურის სამსახური „საქართველოს კურორტების“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთების განაშენიანების გეგმას საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს.
დღევანდელი სხდომის დასაწყისში საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას საკრებულოს ოპოზიცია იმ მოტივით ითხოვდა, რომ საჭიროა ბათუმის ერთიანი განაშენიანების გეგმის მომზადება, „რაც იყო „ქართული ოცნების“ დაპირება“. ამის პასუხად ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განმარტა, რომ კონკრეტული ზონებისთვის განაშენიანების გეგმის ნაწილ-ნაწილ მომზადება ევროპაში მიღებული პრაქტიკაა. საკრებულოს უმრავლესობამ დღეს საკითხს მხარი დაუჭირა.
მწვანე კონცხზე, იმ ნაკვეთების მიმდებარედ, რომლებისთვისაც განაშენიანების ცალკე გეგმა უნდა მომზადდეს, მიწის ნაკვეთები ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც შეისყიდა [ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის და სხვა ტერიტორიები].
ერთ-ერთი ნაკვეთი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ აჭარის მთავრობამ მიჰყიდა მახინჯაურში, სს „აჭარის კურორტების“ საკუთრებაში იყო „ყაზახური ინვესტიციის“ განხორციელების პირობით. 2016 წელს ეს ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად დარეგისტრირდა [ახალი შეთანხმებით].
„აჭარის კურორტები“ და მისი ქონება „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის. „სილქ როუდ ჯგუფის“ კუთვნილ ტერიტორიაზე კი, ბათუმში, ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ დაფინანსებით „სილქ თაუერი“ აშენდება.
„აჭარის კურორტების“ საკუთრებაში არსებული 6 ნაკვეთი მწვანე კონცხზე [აღნიშნულია მწვანე ფერით]მწვანე კონცხი. ყოფილი სანატორიუმი „აჭარას“ ერთ-ერთი კორპუსი/ ფოტო ბათუმელების არქივიდან
ბათუმის ნაძვის ხის ბაზრობა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სავაჭრო ქსელ „კარფურთან“ ახლოსაა გამართული. ჩამოდიან ხულოდან, ქედიდან, ადიგენიდანაც კი და 31 დეკემბრამდე ელოდებიან ბოლო ნაძვის ხის გაყიდვას. ხეები, ძირითადად, ძელზე დამაგრებული ტოტებისგანაა აწყობილი. ტოტები უმრავლეს შემთხვევაში სოჭისაა, ნაძვისგან განსხვავებით მას უფრო დიდი წიწვები აქვს და აწყობილი ნაძვის ხეც შესახედად ნამდვილ ნაძვს არ ჩამოუვარდება.
ნაძვის უკანონო ჭრისთვის 200-დან 600-ლარამდე ჯარიმაა დაწესებული და სამართალდამრღვევს გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც აკისრებს. ბათუმის ნაძვის ბაზრობაზე, ძირითადად, ტოტებისგან აწყობილ ნაძვის ხეებს შეხვდებით, სხვადასხვა ზომის ხეს 15-დან 100-ლარამდე, ნებისმიერ ფასად შეიძენთ.
დათო ჯავახიძემ ნაძვის ხის ასაწყობი მასალა ხულოდან ჩამოიტანა და სხვებისგან განსხვავებით ნამდვილი ნაძვის ტოტებისგან სწორედ ის აწყობს ხეს. ნაძვის შეშის მოჭრისას, როცა დიდ მორებს გასხეპენ, ტოტებს ნაძვის ხის ასაწყობად გადადებენ. ცოცხალი, მოუჭრელი ხის გასხეპა არ შეიძლება. დათო სამი წელია ნაძვების გასაყიდად დადის ხულოდან ბათუმის ნაძვების ბაზრობაზე.
დათოსთვის ეს სეზონური ბიზნესია: „ხალხს არ აქვს ფული, მაგრამ მაინც ყიდულობენ ნაძვს საახალწლოდ. ამ ორმეტრიან ხეს 50 ლარად გავყიდი. სოფელში სამსახური არ მაქვს და სეზონურ სამუშაოებს ვასრულებ წლის სხვადასხვა დროს”.
დათო ჯავახიძე
გიორგი იაკობაშვილი ადიგენიდან ჩამოვიდა ბათუმის ბაზრობაზე ნაძვების გასაყიდად ამბობს, რომ მამა ადიგენში ტყის მცველად მუშაობდა 32 წელი და მას შემდეგ 12 წელი თვითონაც ტყეს იცავდა.
„ადიგენშივე რომ გავყიდო, არ გაიყიდება, დიდ ქალაქებში უფრო კარგად იყიდება ყველაფერი. სამი წელია, რაც ბათუმში ჩამომაქვს ნაძვები. საახალწლო ხარჯებისთვის საჭირო თანხის გამომუშავება შეიძლება ამ თანხით, მეტი არაფერი. ნაძვებს მე ვაწყობ, დიდი მანქანით ვართ ჩამოსულები. ტყის კაფვისას ვაგროვებთ ამ ტოტებს და ღირს ჩამოსვლა, თორემ ამაშიც რომ ფულს ვიხდიდეთ, არ ეღირება.
აწყობის პროცესი რთულია: ხის ძირითადი ძელი ბევრგან უნდა გახვრიტო ბურღით, რომ გაბუჩქული და ლამაზი ნაძვი გამოვიდეს, მერე სათითაოდ უნდა დაამაგრო ტოტები ნახვრეტებში და პროპორციებიც დაიცვა.
„ბაზრობა 31 დეკემბრამდე გრძელდება. წლის ბოლო დღეს ყველაფერი გაიყიდება, მე სამი წელია ნაძვი არ დამრჩენია,” – ამბობს 64 წლის გიორგი იაკობაშვილი.
გიორგი იაკობაშვილი
სინამდვილეში არ იშლება. უბრალოდ ასე ეხუმრებიან ერთმანეთის გვერდიგვერდ დაბანაკებული ნაძვების გამყიდველები.
ნაძვებთან ერთად ბაზრობაზე დიდი და პატარა ჩიჩილაკებიც იყიდება. ფასიც ნაძვთან შედარებით დაბალია.
ბათუმის საკრებულომ 17 ხმით ექვსის წინააღმდეგ ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი დაიწუნა და მის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ. შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, თეონა დიასამიძესაც, მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საბჭოს შენიშვნები არ გაიზიარეს. საკრებულოს მრჩეველთა საბჭო ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების თითო წევრისგან შედგება.
ბიუჯეტის საკითხის განხილვისას რამდენჯერმე ითხოვდა სიტყვას „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია ზოიძეს სიტყვა არ მისცა, რაც ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარისგან განსხვავებით, მას არ გაუპროტესტებია.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, რისი თქმა სურდა ნატალია ზოიძეს:
ოპოზიცია ითხოვს მათი ჩანაწერების საკრებულოს ვებგვერდზე გავრცელებას. მინდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამას ემსახურება და პარტიული ნიშნით არ ანაწილებს ინფორმაციებს. უბრალოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის ნებისმიერ განცხადებაში ახასიათებს პოპულისტური შტრიხების შეტანა, რომ ამითი უფრო დაამძიმონ და გაამძაფრონ [სიტუაცია]. ტანჯულებად გამოიყვანეს თავი.
ოპოზიციასთან ოპონიერებისას თქვენ მათ უთხარით, რომ იმ ცათამბჯენებს, რომლებიც ააშენეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მწვანე ბათუმი გერჩივნათ. ბათუმში სკვერების ადგილზე მშენებლობები გრძელდება „ოცნების ხელისუფლებაშიც“. რას იტყვით ამაზე?
დიახ, ამ ჩარევამ ბუნებრივ ლანდშაფტში გამოიწვია ის, რომ ინვესტორები ახალ ჩარჩოებში ვერ ხედავენ საკუთარი ინვესტიციის დაბანდების საშუალებას, ამიტომ უკვე ვერ სთავაზობ მათ ისეთ ზონას, სადაც მაღალი სართულების აშენება არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, ცუდი მემკვიდრეობის შედეგია ის, როგორც გაგრძელდა.
თქვენ ამბობთ, რომ ცუდი გაგრძელება ცუდი დასაწყისის შედეგია?
რა თქმა უნდა.
რატომ ვერ ახერხებთ, რომ ეს გაგრძელება არ იყოს?
ზუსტად მაგას ვამბობ ახლა. სამოქმედო გეგმის პირველ ნაბიჯად სწორედ ქალაქის დაგეგმარებაა მითითებული. იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ რაღაც ჩარჩოებში მოექცეს ეს ყველაფერი, თუნდაც აწი რომ განვითარდეს [ქალაქი] სწორად. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სართულებზე დაშვება მოხდეს, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ტენდენცია დარჩა. ოღონდ აუცილებლია ეს ყველაფერი მოექცეს იმ ჩარჩოებში, რომლებიც ჩვენი ქალაქის თვითმყოფადობას, სილამაზეს, თუნდაც გარემოს და ასე შემდეგ შეინარჩუნებს.
ფრაქციებად დაშლაზე მინდა გკითხოთ, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ჩაწერა, რომ ერთი პარტიის წარმომადგენლები შეიძლება გაერთიანდნენ ერთ ფრაქციაში. ეს იყო იმისთვის, რომ ფრაქციები არ შექმნილიყო ხელოვნურად და ბიუჯეტის თანხა არ განიავებულიყო. ახლა თქვენი ფრაქციიდან გადიან და ქმნიან ფრაქციებს. ეს რას ნიშნავს?
მოდით, ნუ ვიხმართ ამ სიტყვას – ხელოვნურად.
ვერ უქმნიდით სათანადო კომფორტს ამ ადამიანებს თქვენს ფრაქციაში სამუშაოდ?
ვერ დავეთანხმები, რომ ხელოვნურად იქმნება. ფრაქციებში უნდა იყვნენ გაერთიანებული ერთი პარტიის წევრები, რაც შეეხება უპარტიოებს… მაინც „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ არიან. მათ აქვთ სრული თავისუფლება. საკრებულოს წევრს აქვს უფლება, გაწევრიანდეს ან არ გაწევრიანდეს ფრაქციაში. მათ შეეძლოთ ემუშავათ „ქართული ოცნების“ ფრაქციაში, მაგრამ მათ გაუჩნდათ სურვილი… შინაარსობრივად ერთ ფრაქციაში ერთი პროფესიის ადამიანები არიან გაწევრიანებული.
საკრებულო ხომ კოლეგიალური ორგანოა. პროფესიული ნიშნით შეიძლება კომისიაში გაერთიანდნენ ადამიანები, ისინი პროფესიულ გამოცდილებას, ალბათ, თქვენს ფრაქციაში დარჩენის შემთხვევაშიც კარგად გამოიყენებდნენ. არა?
რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამით ვაძლიერებთ ჩვენ ერთმანეთს, ნებისმიერი ინიციატივა როდესაც მოდის წევრისგან, კომისიისგან ან ფრაქციისგან სამუშაო პროცესი მუშა ჯგუფზეც გადადის. ის, რომ სამი ადამიანი ვიწრო მიმართულებით იმსჯელებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ასე გადაწყვიტეს, ალბათ უნდოდათ. ჩვენ მაინც ერთი მიზანი და სტრატეგია გვაქვს და გვაერთიანებს ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა.
ახალი ფრაქციებისგან რაიმე განსხვავებულ ინიციატივებს მართლა ელით?
დიახ, მე ეს მოლოდინი მაქვს.
ამომრჩეველს მაინც ხომ არ დარჩება შთაბეჭდილება, რომ ფრაქციები ისევ ხელოვნურად იქმნება, მაღალი ხელფასებისთვის?
თუკი მასმედია ამაზე მუდმივად ისაუბრებს, ბუნებრივად იწვევს უკვე მეხსიერებაში დალექვას.
რეგლამენტი და მადლობა ის სიტყვებია, რომლებიც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ ყველაზე მეტჯერ გამოიყენა. ორივე სიტყვას ის საკრებულოს იმ წევრის გასაჩუმებლად იყენებდა, რომელმაც საუბარი ან ოპოზიციისთვის პასუხის გაცემის სურვილი გამოხატა. სულიკო თებიძე ძალისხმევას არ ზოგავდა, საკრებულოს წევრებს განსხვავებული პოზიციების გამოთქმის შემდეგ არ ეკამათათ.
„არ შევიდეთ პოლემიკაში“, „ნუ შევალთ პოლემიკაში“ – ამ წინადადებით და ამ მიზეზით მან დღეს საკრებულოს წევრებს „ქართული ოცნებიდან“ და ამ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს, ნატალია ზოიძეს, სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.
მოსაზრებით გამოსასვლელად, მომხსენებლისთვის კითხვის დასასმელად და რეპლიკის გამოხატვის მიზნით რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები სხდომის თავმჯდომარეს დღეს ოპოზიციამ რამდეჯერმე ხმადაბლა და რამდენჯერმე ხმამაღლაც შეახსენა. მითითებას მხოლოდ დიმიტრი ჭეიშვილი არ დაემორჩილა, მან საკრებულოს ოპოზიციას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დრო შეახსენა.
მიუხედავად თავმჯდომარის მცდელობისა, საკრებულოს წევრებმა ხმას რამდენჯერმე აუწიეს და მსჯელობა ხმამაღალ ყვირილსა და ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებშიც ბევრჯერ გადაიზარდა. პირველად ეს მოხდა მაშინ, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ, საუბარი დაიწყო „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ოთხი ტონა ბორჯომის შეძენაზე.
„დღეს წარმოდგენილი ბიუჯეტიც ამაზე მიუთითებს, რომ წარმომადგენლობით ხარჯებს ხელისუფლება არასწორად ხარჯავს. დღეს უმრავლესობა ამ ბიუჯეტს ყოველგვარი შენიშვნების გარეშე დაამტკიცებს. ფრაქციების შექმნაც ამაზე მიუთითებს, რომ „ოცნების“ მთავარი ამოსავალია საკუთარ კომფორტზე ზრუნვა… ღირსეული ქვეყანა ღირსეულად უნდა დახვდეს სტუმარს, მაგრამ როდესაც ოთხ ტონა ბორჯომში იხდით თანხას და ქვეყნის მესამე, ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს დევნით მხოლოდ იმიტომ, რომ…“ – ამ დროს მირდატ ქამადაძეს სიტყვა შეაწყვეტინა თავმჯდომარემ და რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლაზე მიუთითა.
მსჯელობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის კიდევ ერთი წევრი, ლევან ანთაძე ჩაერთო:
„პრეზიდენტზე გაგახსენდათ რეგლამენტი ბატონო სულიკო? თუ გაჟრიალებთ“.
„ეტყობა იმ პრეზიდენტზე საუბრობთ, რომელიც, თუ არ ვცდები, მესამე სართულის სახურავზე ღრუბელ–ღრუბელ ჩამალული რომ იყო“, – უპასუხა სულიკო თებიძემ.
„თქვენ რომ სკოლის დირექტორი იყავით, იმ დროინდელზე, ბატონო სულიკო. სახურავზე თქვენ გნახავთ ცოტა ხანში, თუ მასე გააგრძელებთ,“ – უპასუხა ისევ ლევან ანთაძემ.
სულიკო თებიძემ კი, ეს ყველაფერი შეაფასა, როგორც „ბრწყინვალე შოუ.“
ამის შემდეგ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციასთან რამდენჯერმე იკამათა იმაზე, თუ ვის რამდენჯერ აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება. ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარემ სულიკო თებიძეს რეგლამენტის წაკითხვა ურჩია. საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ რეგლამენტი კარგად იცის: „ვიცი და ნუ მაყენებთ შეურაცხყოფას“.
ამ ვითარებაში დღეს საკრებულოს სხდომაზე 2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის ჩათვლით 15 მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. არც ერთ საკითხთან მიმართებაში საკრებულოს თავმჯდომარეს საკუთარი მოსაზრება არ დაუფიქსირებია. კრიტიკული მოსაზრებები რომელიმე საკითხზე არც უმრავლესობის სხვა წევრებს გამოუთქვამთ. საკითხების უმრავლესობა დამტკიცდა 17 ხმით ექვსის წინააღმდეგ: მომხრე – „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, წინააღმდეგი – ოპოზიცია.
ბათუმში DCFTA საინფორმაციო ცენტრის ოფისმა დაიწყო ფუნქციონირება, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ ევროკავშირის ბაზრისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიხედვით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე მიიღონ ინფორმაცია. ცენტრის აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფისში ფუნქციონირებს და ის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი სერვისია.
DCFTA საინფორმაციო ცენტრის იდეის განხორციელებას საფუძველი 2016 წლის 28 ნოემბერს ჩაეყარა, როცა ევროკავშირსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტს – „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც საქართველოს ხუთ ქალაქში პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ოფისები გაიხსნა. ბათუმის ცენტრი სწორედ ამ პროექტის ნაწილია.
„DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბათუმის ოფისი ადგილობრივ მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთახნება საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია და მისი მარტივ ენაზე კონსულტაციის სახით გადმოცემა ექსპორტის პოტენციალის მქონე მეწარმეებს და არა მარტო მათ სირთულეებს თავს აარიდებს. გარდა ამისა, ცენტრში მათ სარეალიზაციო ბაზრების მოძიების კუთხითაც უწევენ კონსულტაციას“- აცხადებს DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვეკუა.
გიორგი ვეკუა
სერვისი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მუშაობს და მეწარმეთა მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს. მეწარმეთათვის ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად საინფორმაციო ცენტრში ექსპერტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ადგილზე კონსულტაციის ფარგლებში ნებისმიერ მეწარმეს, ვისაც სურს პროდუქტის ევროკავშირში ექსპორტი და DCFTA-ს პირობებით სარგებლობა, საკუთარი პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ან უბრალოდ აინტერესებს დეტალები ევროკავშირის რეგულაციების შესახებ, საშუალება აქვს მივიდეს და მიიღოს საკონსულტაციო მომსახურება საინფორმაციო ცენტრის ოფისში.
ექსპერტი სატელეფონო კონსულტაციის მეშვეობით სამუშაო დღის განმავლობაში (10:00-18:00) ინფორმაციას აწვდის ევროკავშირის ბაზრითა და რეგულაციებით დაინტერესებულ მეწარმეებს.ამასთანავე, მეწარმის დროისა და ენერგიის დასაზოგად ცენტრის ექსპერტი ყოველთვიურად გეგმავს და ატარებს გასვლით შეხვედრებს საწარმოებში, სადაც ადგილზე პასუხობს ბიზნეს სექტორის შეკითხვებს ევროპის ბაზრის შესახებ.
DCFTA საინფორმაციო ცენტრის პროექტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სისტემატურად გეგმავს და ატარებს ტრენინგებს ადგილობრივი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის ბაზარზე არსებული რეგულაციების შესახებ. ტრენინგის თემატიკის განსაზღვრა ხდება მეწარმეებთან ყოველდღიური შეხვედრებისა და კონსულტაციების, მათი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე. დაინტერესებული მეწარმეებისთვის ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა.
საქართველოში სესხის მიღების საშუალებებს შორის სწრაფი სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფულადი პროდუქტია. ამის მიზეზი მარტივია: სესხის აღება ონლაინ, აპლიკაციის მეშვეობით 15 წუთში არის შესაძლებელი. თქვენ აღარ გიწევთ სხვადასხვა დოკუმენტების შეგროვება, დამღლელი პროცედურების გავლა, ბანკის რიგში დგომა.
სწრაფი მინი კრედიტი იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ გაუთვალსიწინებელი ხარჯი გაქვთ, იქნება ეს ტექნიკის განახლება, ბიუჯეტური მოგზაურობა, სადღესასწაულო საჩუქრები, თუ სხვა.
რა უპირატესობა აქვს სწრაფ სესხს
ხელმისაწვდომობა – განაცხადის შევსება შესაძლებელია ინტერნეტთან მიერთებული ნებისმიერი მოწყობილობიდან.
განაცხადის განხილვის სისწრაფე – სწრაფი სესხის განაცხადი სულ რაღც 15 წუთში განიხილება და დამტკიცების შემდეგ თანხა დაუყონებლივ ირიცხება თქვენს ანგარიშზე.
უზრუნველყოფა – სწრაფი სესხი გირაოს გარეშე გაიცემა.
მიზნობრიობა – სესხის მისაღებად საჭირო არ არის თქვენი მიზნების მითითება.
სესხის კალკულატორი – დასაბრუნებელი თანხის გასაგებად შედიხართ ვებ-საიტზე, უთითებთ სასურველ თანხას და მისი დაბრუნების ვადას და კალკულატორი, ავტომატურ რეჟიმში დაიანგარიშებს.
თავდებობა – სესხის აღებას არ ჭირდება თავდებობა.
რა უნდა გაითვალისწინოთ კომპანიის შერჩევისას
სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების უმეტესობას ეროვნული ბანკი არ არ აკონტროლებს, რადგან ასეთ კომპანიებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი არ გააჩნიათ. სესხის აღებისას ისეთი კომპანია უნდა აარჩიოთ, რომლსი საქმიანობას ეროვნული ბანკი არეგულირებს. ასეთ კომპანიებს ხელშეკრულებაში გარკვევით უწერიათ რა ვალდებულება გეკისრებათ და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი თანხის დროულად დაფარვას ვერ შეძლებთ. ასევე, სასურველია საერთაშორისო კომპანია შეარჩიოთ.
რას გთავაზობთ კომპანია “სოლვა”
ახალი თაობის ფინანსური კომპანია “სოლვა” გთვაზოთ 500-დან 3000 ლარამდე სამომხმარებლო სესხს 12 თვემდე ვადით. ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.
შპს “სოლვა” წარმოადგენს “აი დი ფაინანსი” – ს ჯგუფის ნაწილს და მის საქმიანობას ეროვნული ბანკი აკონტროლებს.
შპს “სოლვა” 2016 ივლისიდან მოღვაწეობს და სთავაზობს ბაზარს სტაბილურ ფინანსურ პროდუქტს, რომელიც გადახდისუნარიან მომხმარებელს სწრაფი სამომხმარებლო სესხის მოხერხებულად, სახლიდან გაუსვლელად მიღებას და მათთვის მისაღები გრაფიკით, მცირე შენატანებით დაფარვას გულისხმობს. კომპანიის ახალი აუდიტორია საინტერესოა გადამხდელუნარიანობით და შედარებით დაბალი რისკით.
“აი დი ფაინანსი” არის სწრაფად მზარდი ფინანსური ტექნოლოგიების მქონე კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მონაცემთა დამუშავებაში, საკრედიტო ქულისმინიჭებასა და ონლაინ დაკრედიტებაში განვითარებად და განვითარებულ ბაზრებზე. ახალი ტექნოლოგია უკეთესად აფასებს მომხმარებლების ფინანსურ შესაძლებლობებსდა რისკებს.
ბათუმში, ევროპის მოედანზე, ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა, სადაც ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ღვინისა და ყველის დაგემოვნება და ყიდვა არის შესაძლებელი. პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებშია დამზადებული.
ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ საუკეთესო მეწარმეები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა. ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ ჯგუფი „ბანი“ და ანსამბლი ,,ელესა“.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და „აგროსერვისცენტრის” ორგანიზებით, ღვინისა და ყველის ფესტივალი 2 დღეს გაგრძელდება.
ღვინისა და ყველის ფესტივალი ბათუმში / 26.12.2017/ ფოტო: აჭარის მთავრობა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა.
ხულოს მერიის ინფორმაციით, დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საგანგებო მდგომარეობის დროს, მერიის ცხელ ხაზზე დარეკონ და პრობლემების შესახებ მერიას დღე-ღამის ნებისმიერ დროს აცნობონ.
საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა მელაძეა, წევრები კი არიან მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
ცხელ ხაზზე მოქალაქეებს, ძირითადად, მერის მოადგილეები უპასუხებენ.
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
უფასო სადილი ბათუმში 1.90 ლარი ჯდება, თბილისში – 1.18. ეს თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან ყოველდღიურად ერთი ადამიანის კვებისთვის ე.წ. უფასო სასადილოებში. ბათუმში უფასო სასადილოებს ააიპ „ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“ ემსახურება. თბილისში იგივე მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.
რატომ ჯდება უფასო სადილი ბათუმში ძვირი? – შეკითხვა ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ „ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელს დავუსვით. ბადრი გოგიძე ამბობს, რომ ერთი და იგივე მენიუს პირობებში ბათუმში უფასო სადილის სიძვირის მიზეზი ტენდერია.
„ჩვენ თავად ვახორციელებთ მომსახურებას იმისთვის, რომ ხარისხი იყოს უფრო მაღალი. ჩვენთან ტარდება ლაბორატორიული კვლევები, მოწმდება ყველაფერი… შეიძლება იქაც ტარდება ეს კვლევები, არ ვიცი, მაგრამ ტენდერით როცა ხორციელდებოდა მომსახურება ბათუმში, ვიცი, რომ არსებობდა პრობლემები, მაგალითად, ახალი ხორცის ნაცვლად, მოჰქონდათ გაყინული ხორცი და ასე შემდეგ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია დარღვევისთვის შეიძლება დააჯარიმო, ხოლო მე ვიცი, რომ თუკი რამე დარღვევა მექნება, სამსახურიდან გამათავისუფლებენ,“ – გვითხრა ბადრი გოგიძემ.
არსებობს თუ არა კვლევა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ტენდერით შესყიდულ მომსახურებას ჯობია მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მომსახურება? – ბადრი გოგიძემ გვითხრა, რომ მსგვასი კვლევის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს“ ბიუჯეტი 3 მილიონ 300 ათასი ლარია. ორგანიზაცია ბათუმში 6 სასადილოს მართავს და 4 829 ადამიანს ემსახურება. სააგენტოს ეკუთვნის ასევე ბათუმის ღამის თავშესაფარი.
ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე არ გამორიცხავს, რომ მერიაში დაგეგმილი „სტრუქტრურული გადალაგება“ და ოპტიმიზაცია შეეხოს „სოციალური სერვისების სააგენტოსაც“. მერის მოადგილე თვლის, რომ ცალკე ააიპ-ი უნდა ახორციელებდეს უფასო სადილის მომსახურებას.
„თბილისში იმიტომ არის დაბალი ფასი, რომ იქ ბევრია ბენეფიციარი, შესაბამისად, ტენდერში თანხა იზოგება. ჩემი აზრით, უმჯობესია ამ მომსახურებას ცალკე ორგანიზაცია ახორციელებდეს, ასე უფრო მეტი კონტროლის ბერკეტი არსებობს,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.
აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ ისე დაამტკიცა, გაურკვეველია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ანგარიშიდან მითვისებული 5 მილიონამდე ლარის საკითხი.
შპს „ჰიგიენა 2009“ ახორციელებს აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს, რისთვისაც აჭარის მთავრობას 3 მილიონი ევრო სესხის სახით აქვს აღებული. ამ კომპანიის ანგარიშიდან 5 მილიონამდე ლარის მითვისებაში კი სასამართლომ კომპანიის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე წლის 13 ნოემბერს წერილობით მივმართეთ. ვითხოვდით, კონკრეტულად რა ოდენობის თანხა მიითვისა შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილმა დირექტორმა [საუბარი იყო 5 მილიონ ლარზე] და დაბრუნდა თუ არა კომპანიის ანგარიშზე აღნიშნული თანხა ან თანხის ნაწილი, კონკრეტულად რამდენი]?
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კითხვაზე არ გვიპასუხა. მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ, პასუხის გაცემა „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორს, გიორგი ლომთათიძეს დაავალა:
„ჰიგიენა 2009“-ის დირექტორისგან მიმდინარე წლის 27 ნოემბერს მიღებული წერილით პასუხი კითხვაზე – დაბრუნდა თუ არა კომპანიის ანგარიშზე თანხა – ვერ მივიღეთ:
მითვისებული მილიონებით აჭარის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ დაინტერესდა, რაც ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებშიც აისახა: „მყარი ნარჩენების მართვის პროგრამისთვის გათვალისწინებული რა თანხა იქნა მითვისებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ბიუჯეტიდან და რამდენია უკან დაბრუნებული“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პასუხი არც უმაღლესი საბჭოს ოპოზიციურ ფრაქციას გასცა.
„შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორის მიერ (ირაკლი ცეცხლაძე) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 4 984 200 ლარის მითვისების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განაჩენი და ირაკლი ცეცხლაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ“, – აღნიშნული იყო [შენიშვნების პასუხად] აჭარის მთავრობის მიერ ბიუჯეტის პროექტის დამუშავებულ ვარიანტში.
იმავე ფრაქციის შეკითხვაზე – „რატომ შეფერხდა მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა, რომლის განხორციელებაც უნდა დაწყებულიყო 2016 წელს, და რომლის შეფერხებით დაწყების გამო ბიუჯეტიდან ფინანსდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები?“ – აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ასეთია:
„…2017 წლის 10 თებერვალს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის ვებგვერდზე გამოცხადდა ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისათვის – საერთაშორისო ტენდერი… ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა უპრეცენდენტოდ ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ, რაც ართულებდა სატენდერო პროცედურების წარმოებას. ამიტომ, დონორი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად შეიცვალა სატენდერო პირობები და ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისათვის საერთაშორისო ორეტაპიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.
ტენდერში მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 21 სექტემბერი. ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობის ტენდერში დაინტერესებული 8 კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა სატენდერო განაცხადები. შემოსული განაცხადების განხილვასა და შესწავლას ახდენს შპს „ჰიგიენა 2009“-ს სატენდერო კომისია, ასევე შპს ,,ჰიგიენა 2009“-ს მიერ შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი EBRD-ის შესყიდვების საერთაშორისო ექსპერტი, მშენებელ-ინჟინერი და პროექტის „მყარი ნარჩენების მართვა აჭარაში“ ფარგლებში ელექტრონული ტენდერით შერჩეული, ზედამხედველი კომპანია შპს „ფორმა 2-“ის ფილიალი საქართველოში“.
სატენდერო პროცესი, სავარაუდოდ, დასრულდება 2018 წლის თებერვლის დასაწყისში. შესაბამისად, საამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2018 წლის მარტიდან“.
„აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის“ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, სესხის აუთვისებელ ნაწილზე, 2010 წლიდან [სასესხო ხელშეკრულების გაფორმებიდან] დღემდე, აჭარის ბიუჯეტიდან მთავრობა იხდის ვალდებულების გადასახადს. აჭარის აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, „ყოველწლიურად, ეს გადასახადი აუთვისებელი თანხის 0,5%-ია… 2017 წლის 9 თვის მდგომარეობით, 2010-2017 წლებში ჯამურად გაწეულია 154,6 ათასი ევროს ხარჯი, მაშინ როდესაც პროექტის განსახორციელებლად საკრედიტო რესურსიდან თანხების მიმართვას ადგილი არ ჰქონია“.
სესხის აღებიდან თითქმის 8 წელია გასული. აუდიტის მონაცემებით, 3 მილიონი ევროდან 2,7 მილიონი ევრო აუთვისებელია.
აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი EBRD-ის და SIDA-ს მხარდაჭერით ხორციელდება და საერთო ინვესტიცია 7 მილიონი ევროა. ნაგავსაყრელის პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას სოფელ ცეცხლაურში, ასევე ბათუმისა და ქობულეთის მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას.
ყოფილი პატიმრების შესახებ მომდევნო ისტორიის მოსამზადებლად 32 წლის გიორგი უნგიაძე შევარჩიეთ. გიორგი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს, მაგრამ ინტერვიუს ჩაწერის დღეს დაემთხვა და ბათუმში აღმოჩნდა. მორიდებით და ხშირ-ხშირად დაჰყურებს საათს – ინტერვიუს შემდეგ ბუღალტერიის კურსებზე მიდის და არ უნდა დააგვიანდეს. კურსებზე დასასწრებად გიორგი ჩოხატაურიდან ბათუმში კვირაში რამდენჯერმე ჩამოდის.
მომავლის კონტურები გიორგისთვის უკვე გამოკვეთილია და თითქმის ყველა გეგმა მიწას, მეურნეობას, სოფლის გაძლიერებას უკავშირდება.
სამსახურის ძებნის დაუსრულებელი ამბავი, რომელსაც გიორგისგან ვისმენ, თითქოს არ განსხვავდება სხვა ყოფილი პატიმრების ამბებისგან: საზოგადოების უნდობლობა, დამსაქმებლები, რომლებიც მუდმივად ეჭვის თვალით უცქერენ სასჯელმოხდილებს და ა.შ.
„ყველგან ვცადე სამსახურის მოძებნა: გურიაში, ბათუმში, თბილისში, ქუთაისში… ნდობა დაკარგული აქვთ ადამიანებს ყოფილი პატიმრების მიმართ, კაციჭამიები ჰგონიათ ციხიდან გათავისუფლებულები. არ შეიძლება ადამიანების ასე გარიყვა საზოგადოებისგან. სადაც ვიზრდებოდი, იმ ხალხისთვისაც კი შემიმჩნევია, რომ სხვა თვალით მიყურებენ, არადა, ხომ ის ვარ, ვინც ადრე ვიყავი… არავინ იცის, ვის, როდის, რა ელოდება.
პროფესიით სტომატოლოგი ვარ, ლიცენზირებული, მაგრამ მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ორჯერ დამჭირდა ხერხემლის ოპერაცია, მიჭირს დიდხანს დგომა, რის გარეშეც პაციენტთან სტომატოლოგი ვერ იმუშავებს. იძულებული გავხდი, შავი ზღვის კოლეჯში ბუღალტრის კურსებზე მევლო და ახალი საქმე დამეწყო, ძირითადი პროფესიისგან განსხვავებული.
ყოფილი პატიმრებისთვის ეს დიდი პრობლემაა. თუ ადამიანს დასაქმება სურს და თან საპყრობილე აქვს ნანახი, შეუძლებელია მან არ იცოდეს, დროის და შრომის ფასი. გათავისუფლებულს შრომა თუ ჯერ კიდევ შეუძლია, ამაში ხელს არ უნდა ვუშლიდეთ, ხელშემწყობი უნდა იყოს საზოგადოება, რომ დაუბრუნდნენ ყოფილი პატიმრები ცხოვრების ჩვეულ რიტმს, საზოგადოებას.
ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მთავარია იმედი არ გაქრეს, ძალიან ცოდოა და ცოდოსაც რომ თავი დავანებოთ, საშიშია ადამიანი, რომელიც ყველაფერს მუქად, უიმედოდ ხედავს,“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.
სტაბილური სამსახური ვერ იპოვა, მაგრამ თვითდასაქმებაზე ფიქრობს. ამაში გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ეხმარება, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში გიორგიმ ამერიკული კაკლის ნერგები შეიძინა. გვეუბნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერა სტიმულია ყველა ნასამართლევისთვის, ვისაც რაიმე საქმის წამოწყება სურს და სამოქმედო გეგმა აქვს. გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებისა, გურიის ახალგაზრდულმა რესურცენტრმა გიორგი სამედიცინო მხარდაჭერის პროექტშიც ჩართო, რაც ექიმთან ვიზიტებს, ლაბორატორიულ კვლევებსა და მედიკამენტების შეძენას გულისხმობს.
ჯანმრთელობის პრობლემებს, ხერხემლის არაერთ ოპერაციას, გიორგისთვის ხელი არ შეუშლია მიწის დამუშავებასა და სამეურნეო სამუშაოებზე ეფიქრა: ამერიკული კაკლის ჯიშის, ჩანდლერის შესახებ ბუკლეტებიდან შეიტყო. ამერიკულ კაკალს თხელი ნაჭუჭი, სავსე გული და კარგი მოსავლიანობა აქვს – ერთი ძირი 150, 200 კგ-ს ისხამს ამერიკაში, საქართველოში – 80-დან 120 კგ-მდე ნაყოფი კარგ მოსავლად მიიჩნევა. ბაზარზე კაკლის ამ ჯიშზე მოთხოვნა მაღალია და 1 კგ. დარჩეული ნიგვზის ფასი სტაბილურად 21- 23 ლარია. კაკალი კი კილოგრამი 11-13 ლარი ღირს. შემოსავლიანია ასევე ამერიკული კაკლის ნერგების ბიზნესიც: თითო 20 ლარი ღირს და მოთხოვნა ნერგებზე მაღალია.
ამერიკული კაკალი „ჩანდლერი”
გიორგის 3 ჰექტარი მიწა აქვს, აქედან 1 ჰექტარზე თხილი აქვს გაშენებული, დანარჩენზე ამერიკული კაკლისა და ხეხილის ბაღის გაშენებას გეგმავს. როგორც თვითონ ამბობს, ნერგი ნიშანს დარგვიდან პირველსავე წელს იძლევა, სრულ მოსავლიანობას კი ექვს, შვიდ წელიწადში ელოდება.
ყოველწლიურად თხილის ტონა-ნახევარ მოსავალს იღებს, მაგრამ წელს ნახევარი ფაროსანამ გაუნადგურა. გიორგის დიდი იმედი აქვს, რომ სახელმწიფო ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებს მავნებლის გასანადგურებლად.
გიორგიმ ამერიკული კაკლის გაშენებამდე სოფელ ჯვარცხმის ნიადაგი შეისწავლა, თიხნარი, მცირეტენიანი ნიადაგი შესაფერისი აღმოჩნდა ახალი ჯიშისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა რეალურად საქმეს.
სამ ჰექტარ მიწაზე თხილისა და კაკლის გარდა გიორგი ყვავილების სათბურების მოწყობაზეც გვიამბობს:
„მინდა ყველაფერთან ერთად ყვავილების სასათბურე მეურნეობაც მქონდეს: მიხაკის, ტიტებისა და ვარდის სათბურები. პანაშვიდების, ქორწილებისა და დღესასწაულების დროს ხალხი ჩოხატაურში დადის ჩვენი სოფლიდან ყვავილების საყიდლად“.
ეს კიდევ არ არის ყველაფერი: აქტიურობით გამორჩეულ ყოფილ პატიმარს სოფელში სახლი და ეზო აქვს, სადაც სამომავლოდ საოჯახო სასტუმრო და „გურული ეზო“ უნდა მოაწყოს ტურისტებისთვის. სოფელი ჯვარცხმაში კურორტ ბახმაროსა და ნაბეღლავთან დამაკავშირებელი გზა გადის. გიორგი გვეუბნება, რომ აქაურობას ტურისტები არასდროს აკლია. მართალია, სახლი ჯერ არ არის კეთილმოწყობილი და ეზოც მოსაწესრიგებელია, მაგრამ ამერიკული კაკლის ბაღის მსგავსად, ის ამ იდეას აუცილებლად აქცევს რეალობად.
„მინივენი მყავს და როცა საოჯახო სასტუმროს მოვაწყობ, აუცილებლად დავგეგმავ ტურებსაც.
აქტიურობის გარდა სხვა გზა არ არის. მარტო სოფლის მეურნეობის იმედად ვერ იცხოვრებ, ახლა ფაროსანაა, ხვალ შეიძლება ხმალოსანა გამოჩნდეს და ასეა, ყველაფერს ვერ გათვლი. ამიტომაა საჭირო სტაბილური შემოსავალი, თუნდაც დაბალი ანაზღაურებით, რომელსაც ვერ ვპოულობ. ჩაკეტილმა სამყარომ ადამიანების ამოცნობა, დროის ფასი, დაფიქრება და წინდახედულება მასწავლა. პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე ვარ, რატომ ვერ ახერხებენ დამსაქმებლები წინასწარი განწყობები მოიშორონ, ჩემთვის გაუგებარია“.
გიორგის აზრით, სოფელს ნელ-ნელა დაედება ფასი, შესაბამისად, არ უჭირს საკუთარი მომავალი სოფლის მეურნეობაში დაინახოს. „ქალაქში ჩასულები მალე გახდებიან იძულებულები დაბრუნდნენ სოფელში და მიწას მიუბრუნდნენ. თუ ფერმერები, მეურნეები გაძლიერდებიან და გააქტიურდებიან, ბევრი რამ შეიცვლება უკეთესობისკენ,“ – ამბობს ყოფილი პატიმარი და განაგრძობს ბუღალტრის კურსებზე სიარულს, ახალგაშენებულ კაკლის ნერგებზე ზრუნვას და სოფლის სახლის სასტუმროდ ქცევაზე ფიქრს.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებსა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
ახალი ველოსიპედის შესაძენად ბათუმის ბიუჯეტიდან 2018 წელს არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება. პირიქით, ბათუმის მერია „ბათუმველოს“ სისტემაში არსებული ველოსიპედების შემცირებას და რამდენიმე ველოტერმინალის გაუქმებას აპირებს. „მოთხოვნა არის შემცირებული,“ – განმარტავენ მერიაში.
მოთხოვნის შემცირებას მერია არ უკავშირებს იმას, რომ 2012 წლის შემდეგ „ბათუმველოს“ პარკი არ განახლებულა და ხშირად მომხმარებელს გამართული ველოსიპედის შერჩევა უჭირს.
„ვუფრთხილდებით ბიუჯეტს,“ – გვითხრა ბადრი ფარტენაძემ, ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა. მას ვკითხეთ, რატომ არ მოითხოვა მერიამ ფული ახალი ველოსიპედების შესაძენად. მისი თქმით, 2018 წელს ქსელში არსებული ველოსიპედების შესაკეთებლად, ტერმინალების მოსაწესრიგებლად და ვიდეოთვალების შესაძენად 70 ათასი ლარი დაიხარჯება.
ბადრი ფარტენაძე მიიჩნევს, რომ „ბათუმველოს“ ოპტიმიზაცია არის საჭირო. „ბოლო წლებმა აჩვენა, რომ მოთხოვნა დაბალია,“ – ამბობს ის. ბათუმის მერია აპირებს, მომავალი წლიდან ამჟამად ქსელში არსებული ველოსიპედების რაოდენობა 370-დან 200-მდე შეამციროს, ხოლო ველოტერმინალების 23-დან 20-მდე. ოპტიმიზაციის შემდეგ ქსელში დარჩენილი ველოსიპედების შეკეთებას დაიწყებენ.
რის საფუძველზე მიიჩნია მერიამ, რომ ველოსიპედზე ქალაქში მოთხოვნა დაბალია? „კონკურენციაა მაღალი, ქალაქში რამდენიმე ადგილას ქირავდება ველოსიპედები,“ – გვიპასუხა ბადრი ფარტენაძემ.
რატომ არ უკავშირებს მერია მოთხოვნის შემცირებას იმას, რომ ხშირად გამართული ველოსიპედის პოვნა ტერმინალთან მისვლის დროს შეუძლებელია?
ბადრი ფარტენაძე: „არის ასეთი შემთხვევებიც, კი. შესაძლებელია, ვინმემ დააზიანა ველოსიპედი, დააბრუნა უკან და ალბათ, ის შეგხვდათ… მონიტორინგს სჭირდება დრო, სანამ გამოვლინდება, რომ დაზიანებულია, მერე ის უნდა შეკეთდეს…“
შემცირებული გასაჩერებელი ადგილები და ველოსიპედები ველოტერმინალზე / ბათუმი, ვარდების სკვერი / 26.12.2017
ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მიიჩნევს, რომ ბაღების დაფინანსების საკითხი გადასახედია. როგორც მერი ამბობს, „გადახედვაში“ გულისხმობს დაფინანსების სისტემაში ცვლილებას.
„ჩვენ რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ვარიანტზე, ვაუჩერიზაციაზე, ასევე, იმაზე, დავტოვოთ თუ არა ბაღები სრულიად უფასო ან თანადაფინანსებით მშობლების მხრიდან. სამივე ვარიანტი განხილვაშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლაშა კომახიძე.
„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია პირადად მერის პოზიცია, უნდა იყოს თუ არა საბავშვო ბაღები უფასო? ლაშა კომახიძე ამბობს, რომ არსებულ სოციალურ ფონს უნდა პასუხობდეს ის სისტემა, რასაც მერია შეიმუშავებს.
„არ მინდა ჩემი პირადი სიმპათიები გამოვხატო რომელიმე ვარიანტის მიმართ, თუმცა იმისათვის, რომ გამოვავლინოთ საუკეთესო, ამიტომ განვიხილავთ სამ ვარიანტს. უნდა ავირჩიოთ ის, რომელიც იქნება უფრო მისაღები.“
თუმცა ლაშა კომახიძე დასძენს, რომ ვაუჩერიზაცია ან თანადაფინანსება მშობლების მხრიდან – ეს ორი მოდელი უფრო სამართლიანია კერძო ბაღებთან მიმართებაში. „ აქ სახელმწიფო პოლიტიკას აქვს დიდი მნიშვნელობა. თუკი სახელმწიფო აირჩევს, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრული სოციალური მხარდაჭერა, ესეც შესაძლებელი იქნება,“-ამბობს ლაშა კომახიძე.
მერის თქმით, 2018 წელს საბავშვო ბაღები ფასიანი არ გახდება, მანამდე მერია დაფინანსების სისტემაზე იმსჯელებს.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, წლის განმავლობაში სახელმწიფო ერთ ბავშვზე 1200 ლარს ხარჯავს. ზაქარეიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ საბავშვო ბაღები ფასიანი გახდეს, ნაწილობრივ ეთანხმება.
„რას ვგულისხმობ ნაწილობრივში? სოციალურად დაუცველი ბავშვები, მარტოხელა დედების შვილები, ომში დაღუპული პირების შვილები, მრავალშვილიანი ოჯახები, დევნილები,- დღეს ეს კატეგორია არის პრიორიტეტული და ეს ბავშვები საბავშვო ბაღებში რიგის გარეშე ირიცხებიან.
ამიტომ, თუკი ბაღი ფასიანი გახდება, იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამას გაითვალისწინებს და ამ კატეგორიას ისევ სრულად დააფინანსებს,“-ამბობს ზაქარეიშვილი.
ნატალია ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი მშობელი დასაქმებულია, მან უნდა გადაიხადოს საბავშვო ბაღის საფასური.
„თუკი მე მაქვს იმის საშუალება, რომ 35-40 ლარი გადავუხადო, ვფიქრობ, ეს კარგი იქნება. თუმცა რამდენი უნდა იყოს ოჯახის საშუალო შემოსავალი, რომ მინიმუმი დადგინდეს, ეს არ ვიცი. რადგან არიან მრავალწევრიანი ოჯახები, სადაც ერთი ადამიანი მუშაობს და დანახარჯი მეტია, ვიდრე საშუალო შემოსავალი.
მაგრამ თუკი ადამიანი არის საჯარო სამსახურში და აქვს მაღალი ხელფასი, ალბათ ნაწილობრივ უნდა იხდიდეს. ეს სახელმწიფოსთვისაც კარგი იქნება, რადგან 1 200 ბავშვი დარჩა ბაღის გარეთ და ეს თანხები ახალი ბაღების მშენებლობას მოხმარდება,“-ამბობს ის.
2018 წლის ბიუჯეტში ბაღების დაფინანსების მუხლში 14 მილიონ 844 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამაში შედის როგორც კაპიტალური, ასევე ხელფასები და სხვა ხარჯები.
ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ბათუმში 31 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც ლიმიტით 7 825 ბავშვის მიღებაა განსაზღვრული.
საბავშვო ბაღები ფასიანი რომ უნდა გახდეს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 21 დეკემბერს განაცხადა. მისი თქმით, „კატასტროფულად იზრდება მოთხოვნა ფინანსურ რესურსზე მუნიციპალიტეტებში და ბიუჯეტი რთულად აუდის ამ მზარდ დანახარჯებს.“
პრემიერის თქმით, საბავშვო ბაღები უფასო უნდა იყოს მხოლოდ 70 ათასი ქულის და უფრო დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებისთვის, „მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ“, მათთვის ბაღი ფასიანი გახდება.
26-27 დეკემბერს, 12-დან 19 საათამდე, ევროპის მოედანზე ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიებაზე მოეწყობა ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცრებული დეგუსტატორები გამოფენაზე გამოავლენენ საუკეთესო ღვინოებსა და ყველს, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.
საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ ჯგუფი „ბანი“ და ანსამბლი „ელესა“. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა გასართობი პროგრამა.
ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისცენტრი.
ბათუმის საკრებულოს წევრის, ნოდარ დუმბაძის ინფორმაციით, სახიფათო მდგომარეობაა ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღში – შენობის კედლები დაბზარულია და იქ ყოფნა ბავშვებისთვის სახიფათოა. „ვიდრე იქ რაიმე მოხდება, მანამ მივიღოთ გადაწყვეტილება“, – მიმართა მან საკრებულოს თავმჯდომარეს.
ინფორმაცია დაადასტურა ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნატალია ზაქარეიშვილმა. მან თქვა, რომ ბაღის შენობის კედლები დაიბზარა ისე, რომ მუჭი შეეტევა ბზარებში: “ჩვენ ადრეც დაგვიდგა ეს პრობლემა და ჩავატარეთ ექსპერტიზა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თავის დროზე შენობა არასწორი ტკეპნით იყო აშენებული. შენობა გავარემონტეთ და გავაგრძელეთ სასწავლო პროცესი. დღეს ისევ მოვიდა ბაღის გამგე და მითხრა, რომ ისევ დაიბზარა შენობის კედლები”.
საკრებულოს სხდომაზე იმყოფება ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღესვე შეისწავლის საკითხს და თუ საფრთხე არსებობს, ბავშვებს სხვა ბაღებში გადაანაწილებენ.
ბათუმის საზღვაო აკადემიის 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა – „გემის მექანიკაზე“ ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაში ჩააბარებენ.
ცვლილებამდე ამ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი უცხო ენა აერჩიათ. უცხო ენის არჩევანის უფლება არც საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს აქვთ, ამ პროგრამაზე ცვლილება 2017 წელს შევიდა.
უცხო ენის მისაღებ გამოცდებთან ერთად ცვლილება ქულებსაც შეეხო. საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამაზე უცხო ენის მისაღებ გამოცდაზე შიდა ბარიერი დაწესდა. თუ დღემდე უცხო ენაში [ინგლისური] მისაღები მინიმალური ქულა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი იყო – 19, 2018 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ბარიერი ამ პროგრამაზე აღარ გავრცელდება და საზღვაო აკადემიის მიერ დაწესებული შიდა ბარიერით ინგლისურ ენაში აბიტურიენტმა მინიმუმ 28 ქულა უნდა დააგროვოს.
საციხურის თემის, სოფელ პანტნართან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც მეწყერმა ჩაკეტა, ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, 27 დეკემბერს გაიხსნება.
„უსაფრთხოებიდან გამომდინარე გზას მხოლოდ ერთი ტექნიკა წმენდს. მიწის საკმაოდ დიდი მასა ჩამოვიდა. მართალია, გაწმენდითი სამუშაოები გუშინ დავიწყეთ, მაგრამ რადგან მცოცავი მიწაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტექნიკა ნელა მუშაობს, სავარაუდოდ ხვალისთვის ველოდებით გზის გაწმენდის დასრულებას,“ – ამბობს მერი.
სოფელ პანტნართან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი, ფასანიძეების სახლის მიმდებარედ კვირას, 24 დეკემბერს განვითარდა. მერის ინფორმაციით, ფასანიძეებმა ადგილზე მისულ ტექნიკას გზის გაწმენდის საშუალება არ მისცეს და მეწყერულ კერასთან მერის მისვლა მოითხოვეს.
„გეოლოგებთან ერთად გუშინ ვიმყოფებოდი სოფელ პანტნარში, მოსახლეობასა და ფასანიძეების ოჯახსაც შევხვდი, ოჯახის მოთხოვნა იყო გეოლოგებს შეესწავლათ მიმდებარე ტერიტორია და შემთხვევის ადგილზე მეც მივსულიყავი. რაც შეეხება შემდგომ რეაგირებას, ველოდებით გეოლოგების დასკვნებს“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფასანიძეების ოჯახი ფიქრობს, რომ მიწის მასის გაწმენდა მეწყრის გამეორებას გამოიწვევს, რითაც შესაძლოა მათ საცხოვრებელ სახლს შეექმნას საფრთხე.
დამეწყრილი გზის გაწმენდა სოფელ პანტნარში / ხულოს მერიის ფოტოები
ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთები, როცა აცნობიერებ, რომ ამ ჯადოსნური ფუნჯით მოხატულ ვეებერთელა სამყაროში ერთი ციცქნა ადგილი გიკავია და მაინც ბედნიერი ხარ, რადგან იცი შენი საკეთებელი, საჭირო ხარ. თუმცა ძნელზე ძნელი მისია გაკისრია – მასწავლებელი ხარ და იცი, რომ შენ ხარ ჯაჭვის ის მნიშვნელოვანი რგოლი, რომელზეც თვალხატულა, სულანთებული გოგო-ბიჭების ბედია გადაჯაჭვული, შენ ხარ ის, ვინც სწორი ღირებულებები და ფასეულობები უნდა ჩაუნერგო მათ, უნდა შთააგონო ტოლერანტობის, კაცთმო ყვარეობის, თავისუფლების ფასი. შენ ხარ ის, ვინც უნდა ასწავლოს სიყვარული.
მალე შემოგვიღებს კარს ახალი წელი, რომლის ისტორია ადამიანებმა უნდა დავწეროთ. მასწავლებელი ვარ და უკვე ვიცი, რომ არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ნაოცნებარს აგვიხდენს, მაგრამ გულწრფელ სურვილებს დიდი ძალა აქვს: დაე, ისტორიის სუფთა ფურცელზე აღარ ჩაიწეროს სიტყვები: ძალადობა, მკვლელობა, დამცირება, შეურაცხყოფა და სიძულვილი.
ბედნიერება, ბევრი ღიმილი, მზისფერი სიხარული და იისფერი სიყვარული დაჰბედებოდეს ამ ახალ წელს ჩვენს ახალგაზრდობას, ქართველ ერს, ღვთითკურთხეულ ქვეყანას, მთელ სამყაროს!
ვულოცავთ სრულიად საქართველოს – ბარაქიანი, ხვავიანი, წარმატებული, სვებედნიერი ყოფილიყოს
2018 წელი, დღეგრძელობა და მზეგრძელობა არ მოგკლებოდეთ!
ჯადოსნურ ჯოხს არა, მაგრამ დიდი ძალა აქვს მასწავლებლის სიტყვას – საზოგადოებას, მშობლებს, მოსწავლეებს, ყველას, ყველას, ყველას მოგიწოდებთ: გავერთიანდეთ და ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს ნათელი მომავლისთვის!!!
გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ მეათე, დეკემბრის ნომერი. ჟურნალს დღეიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე.
ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ:
ფოკუსი თემაზე:2017 წლის ათი მთავარი ამბავი
პოლიტიკა: ის, რაც 2018 წელს მოხდება – ხუთი პოლიტიკური მოვლენა
ავტორი: დათო ქოქოშვილი
ჟურნალის ეს ნომერი ორ ნაწილად იყოფა. მეორე ნაწილი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ჩანართს ეთმობა, სადაც ბათუმში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე მომზადებულ სტატიებს წაიკითხავთ.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის სტუდიის მოსაწყობად, ახალაშენებულ, 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე 26-ე სართულს დააშენებს. მშენებლობისთვის მაუწყებელმა ტენდერი უკვე გამოაცხადა თანხით – 1 მილიონ 284 ლარი. იმ ფართობში გადახდილ თანხას კი, რომელზეც ახალი სართული უნდა დაშენდეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასაჯაროებს [მაუწყებელს საოფისე ფართობში მინიმუმ 250 ათასი და მაქსიმუმ 320 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეს გადახდილი].
კორპუსზე დაშენების ნებართვა მიმდინარე წლის აგვისტოშია გაცემული ბათუმის მაშინდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ.
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსში 492,2 კვ/მ ფართობის ტერასა [კორპუსის სხვენი] მაუწყებელმა ბათუმის სტუდიის მოსაწყობად მიმდინარე წლის აგვისტოში შეიძინა. შეძენილ უძრავ ქონებაზე ასაშენებელი რეგიონული ოფისის პროექტის შექმნაში მაუწყებელმა 23 600 ლარი გადაუხადა კორპუსის/შენობის პროექტის ავტორს – გიორგი გაბაშვილს. მაუწყებლის ოფისი ამ პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისის დაპროექტება ხდება ბათუმის ახალ უბანში შპს „რეალ პალასის“ 25-სართულიან შენობაში „ა“ კორპუსის 26-ე სართულზე ფიროსმანის ქუჩა #18-ში. შენობა ექსპლუატაციაში მიღებულია რამდენიმე თვის უკან. 25-ე სართულის სახურავზე ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისის დაშენება. სახურავზე ამოდის კიბის უჯრედი და ლიფტის ტექნიკური სართული,“ – აღნიშნულია პროექტში.
მშენებლობისთვის ამწეს განსათავსებლად და ღია საწყობის მოსაწყობად კორპუსებს შორის არსებული შიდა ეზო დროებით შემოიღობება.
შენობა, რომლის 25-ე სართულზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბათუმის ოფისი უნდა დაშენდეს. ფოტოები პროექტიდან
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბათუმის სტუდია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 185 დღეში უნდა აშენდეს. ტენდერი კი 2018 წლის 29 იანვარს დასრულდება.
პროექტი ითვალისწინებს ახალი სართულის აშენებას, გადახურვას, ვენტილაციის, წყლისა და ელექტროგაყვანილობის სისტემების მოწყობას, სატელევიზიო და სატელეფონო როზეტების დაყენებას, მეხამრიდის, ასევე სახანძრო კარადის [ცეცხლმაქრით] მონტაჟსა და სხვა სამშენებლო სამუშაოებს.
ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მაუწყებელმა ბათუმის სტუდიისთვის შეძენილ ქონებაში გახარჯული თანხის ოდენობა არ დაასახელა. მაუწყებლის მიერ „ბათუმელებისთვის“ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოგზავნილ წერილში, რომელსაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, დიმიტრი ბერძენიშვილი აწერს ხელს, მიგვითითეს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლშიც აღნიშნულია „ფართის სავარაუდო ოდენობა და 1 კვ.მ.-ის სავარაუდო ღირებულება“.
მითითებული წერილი გვამცნობს იმის თაობაზე, რომ მაუწყებლის დირექტორს მიეცა თანხმობა „რეგიონალური სტუდიის მოწყობის მიზნით ბათუმში, ცენტრალურ უბნებში, შეიძინოს დაახლოებით 500 კვ.მდე ფართის [+-10%] უძრავი ქონება მშენებლობის ნებართვით [1 კვ.მ.-ის ღირებულება სავარაუდოდ 200 აშშ დოლარი [ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში], რომელიც უნდა იყოს განთავსებული ქალაქის ცენტრის მაღალსართულიანი შენობის ზედა სართულზე, ოთხმხრივი ხედით ქალაქზე, საიდანაც მოხდება ქალაქის იერსახის მახასიათებელი ადგილების იდენტიფიცირება და ტელეკამერებს ექნებათ წვდომა ქალაქის ყველა მნიშვნელოვან წერტილთან“.
მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ მაშინ უთხრეს, რომ აღნიშნულ კორპუსში [სადაც ბათუმის სტუდია უნდა განთავსდეს] 1 კვ/მ ფართობი 500-დან 650 დოლარამდე ღირდა. შესაბამისად, მაუწყებელს საოფისე ფართობში მინიმუმ 250 ათასი და მაქსიმუმ 320 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეს გადახდილი.
„ოფიციალურად გაგზავნილი“ წერილით „ბათუმელებმა“ თანხის ოდენობასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სხვა ინფორმაციის მიღებაც ითხოვა:
როგორც ვიცით, აღნიშნულ ფართობში უნდა განთავსდეს მაუწყებლის რეგიონალური ოფისი/სტუდია. იყო თუ არა შესაძლებელი და თუ არა რატომ, მაუწყებლის ოფისი განთავსებულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარგებლობაში არსებულ შენობაში?
ხომ არ იგეგმება ბათუმში ახალშეძენილ ფართობში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განთავსება?
საქართველოს რომელ რეგიონებში [კონკრეტულად სად] იგეგმება მაუწყებლის რეგიონალური ოფისების გახსნა? რა თანხა აქვს ამისთვის გათვალისწინებული ჯამში მაუწყებელს?
ამ დროისთვის სად და რამდენად აქვს შეძენილი ქონება მაუწყებელს რეგიონალური ოფისებისთვის?
საზოგადოებრივ მაუწყებელმა არცერთ ამ კითხვას პასუხი არ გასცა, თუმცა „დამატებით გვაცნობა“, რომ „განმარტების გაკეთება ამა თუ იმ საკითხებზე და იმის შესახებ, თუ რას აპირებს და გეგმავს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი რეგიონალური სტუდიების მოწყობასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის კატეგორიას“.
დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ ახალ ფრაქციას ქმნის. ფრაქციის თავმჯდომარე იქნება ნატალია ძიძიგური. ფრაქციაში კიდევ ორი წევრი იქნება – ნერიმან ცინცაძე და მუხამედ ართმელაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საკრებულოში, მირდატ ქამადაძეს მიაჩნია, რომ ეს არის „ფორმალურად შექმნილი“ ფრაქცია. ნატალია ძიძიგური კი ამბობს, რომ ახალი ფრაქცია „მხოლოდ ერთმანეთის გასაძლიერებლად იქმნება“.
ნატალია ძიძიგურის თქმით, ახალ ფრაქციაში „პარტია კონსერვატორების“ წევრები ერთიანდებიან. ახალი ფრაქციის სახელწოდებაა – „ქართული ოცნება-კონსერვატორები“.
შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ბათუმის საკრებულოში, ჯერჯერობით, სამი ფრაქცია ჰყავს. ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ 19 წევრი შეიყვანა.
ახალი ფრაქციის შექმნა ნიშნავს ახალ დამატებით ხარჯებს. ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 2 ათასი ლარია.
როგორც მეორე ფრაქციის შექმნის შემდეგ საკრებულოში განმარტეს, ფრაქციას ეყოლება ერთი სპეციალისტი, რომლის ხელფასი 900 ლარი იქნება დარიცხვით.
დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომას უჩვეულოდ ბევრი მოქალაქე ესწრება. სხდომას ესწრება ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც.
დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე 21:00 საათზე აინთო. ნაძვის ხის ანთებამდე ბათუმელებს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე მიესალმა. საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში ბავშვებმა აანთეს.
სანტაკლაუსები ევროპის მოედანზე
მერის თქმით, 2017 წელი იყო ბევრი წარმატებისა და ასევე ტკივილის წელიც. ქალაქის მერის თხოვნით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას წუთიერი პატივი მიაგეს.
ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის მოედანზე „აკრობატი“ სანტაკლაუსების შოუ გაიმართა. რამდენიმეწუთიანი ფეიერვერკის შემდეგ ჯაზბენდის კონცერტი დაიწყო.
ევროპის მოედანზე ნაძვის ხე აინთონაძვის ხე ევროპის მოედანზე
დეკემბერში ჯიმ მორისონი 74 წლის გახდებოდა. მუსიკოსი ამერიკიდან პარიზში 1971 წელს გაიქცა. ანონიმურად მცხოვრები მორისონისთვის პარიზი წერისა და შთაგონების წყაროდ იქცა, რაც კარგად ჩანს მის იმდროინდელ ჩანაწერებში. დავათვალიეროთ ადგილები, სადაც სამოციანი წლების როკვარსკვლავმა სიცოცხლის ბოლო წელი გაატარა.
საცხოვრებელი სახლი ბოტრელის ქუჩა №17-ში, სადაც მორისონი გარდაცვლილი იპოვეს.
ფოტო: commons.wikimedia.org
ეს ჯიმ მორისონისა და მისი მეგობრის, პამელა კურსონის ბინა იყო, რომელიც მათ მანეკენ ელიზაბეტ ლარივიერისგან ჰქონდათ ნაქირავები. წყვილი სადარბაზოდან მარჯვნივ, მესამე სართულზე ცხოვრობდა. მორისონი დიდ დროს ატარებდა პარიზის ცენტრში მდებარე ბინაში, რომ ბევრი ეწერა. ის სწორედ ამ ბინის აბაზანაში იპოვა პამელა კურსონმა გარდაცვლილი 1971 წლის 3 ივლისის დილას. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულის გაჩერება იყო, არ ჩატარებულა აუტოფსია, რადგან საფრანგეთის იმდროინდელი კანონმდებლობა ამას არ მოითხოვდა.
სასტუმრო „George V”-ი
ფოტო: pariszigzag.fr
1970 წლის ზაფხულში პირველად ამ სასტუმროში გაჩერდა ჯიმ მორისონი. პამელა კურსონი აქ ელოდებოდა ამერიკიდან ჩამოსულ მორისონს, მაგრამ მათ მალევე დატოვეს იქაურობა და პარიზის ცენტრში გადავიდნენ. მორისონს არ უყვარდა ეს სასტუმრო და „წითელხალიჩებიან ბორდელს“ უწოდებდა მას.
ვოსგის მოედანი (La place des Vosges)
ფოტო: pariszigzag.fr
ვოსგის მოედანი ხალხისგან გაქცევის საუკეთესო ადგილი იყო მორისონისთვის (რასაც ვერასდროს ახერხებდა ამერიკაში). მოედანი ნაქირავები ბინიდან 5 წუთის სავალზე იყო. ჯიმ მორისონი ვოსგის ბაღში ისვენებდა და წერდა. მისი ბოლო პოემების დიდი ნაწილი, მაგალითად, „The American Night“-ი და „Wilderness“-ი ამ ბაღშია დაწერილი.
ღვინის სარდაფი „Vin des Pyrénées”-ი
ფოტო: .justacote.com
Doors -ის მთავარი წევრის საყვარელი ღვინის სარდაფი ბოტრეის ქუჩის 25 ნომერში მდებარე Vin des Pyrénées-ი იყო. მორისონი აქ ყიდულობდა ღვინოს და როგორც კაფეს ლეგენდა ამბობს, ძირითადად ბორდოს თეთრ ღვინოს არჩევდა ხოლმე.
ბოტრეილის რესტორანი (Le restaurant Beautreillis)
ფოტო: pariszigzag.fr
მორისონი ხშირად იყო სახლის წინ მდებარე ამ რესტორნის სტუმარი. აქაურობა მუსიკოსისა და მისი მეგობარი გოგოს გახშირებული კამათის მოწმე იყო. 1990 წელს, მომღერლის გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ, ფანებმა რესტორანი შეისყიდეს და ჯიმ მორისონისადმი მიძღვნილი სპეციალური დეკორაციებით გააფორმეს, თუმცა 1996 წელს ახალმა მფლობელმა ინტერიერი გადააკეთა და ახლა აქ მუსიკოსის პარიზულ ისტორიებზე ასოციაციები არ შეგექმნებათ. შეიცვალა რესტორნის სახელიც, ახლა „restaurant Beautreillis“-ის ნაცვლად აქ „Le dindon en laisse“ დგას.
პაბი „Mazet”-ი (Le pub „Mazet”)
ფოტო: pariszigzag.fr
პატარა ანგლოსაქსონური პაბი, პარიზის შუაგულის მეექვსე არონდისმანში ჯიმისთვის ინგლისურად სალაპარაკო და ალკოჰოლის მისაღები ადგილი იყო, აქაც თავის საყვარელ თეთრ ბორდოს შეექცეოდა და როგორც პაბის ლეგენდა ამბობს, მორისონი იმ დროს უკვე აღარ გავდა სექსსიმბოლოს, რომელიც Doors-ის ალბომების გარეკანზე იყო გამოსახული.
საფლავი
ფოტო: pariszigzag.fr
პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ჯიმ მორისონის საფლავს ყოველდღიურად უამრავი მნახველი ჰყავს. ფანების წყალობით აქ ყოველთვის ყვავილების სიმრავლეა. ზოგიერთი მარტო მოდის, ზოგიერთიც – მეგობრებთან ერთად მოსაწევად და ლუდის დასალევად. 46 წლის წინ გარდაცვლილი მუსიკოსის, პოეტისა და „კლუბ 27-ის“ წევრის, ჯიმ მორისონის საფლავი დღემდე მნიშვნელოვანი ადგილია პარიზში.
დღეს, 25 დეკემბერს, შპს „ნიუ პლაზმამ“ და საქველმოქმედო ფონდმა „იალქანი“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. „ნიუ პლაზმა“ ფონდის ბენეფიციარი ბავშვებისთვის სასწავლო პროცესს ერთი წლის განმავლობაში დააფინანსებს.
ფონდის ხელმძღვანელის, თეონა აბაშიძის ინფორმაციით, ფონდის სასწავლო ცენტრით სოციალურად დაუცველი ბავშვები და მოზარდები სარგებლობენ.
„ესენი არიან როგორც ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მოზარდები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ქუჩაში მომუშავე ბავშვები.
აქამდე ცენტრში გაკვეთილებს მოხალისე მასწავლებლები ატარებდნენ, რადგან ეს თანამშრომლობა სტაბილური არ იყო, „ნიუ პლაზმამ“ გადაწყვიტა, კლინიკის შემოსავლის 10%-ი საქველმოქმედო საქმიანობაში დახარჯოს და სასწავლო პროცესი დააფინანსოს,“ – ამბობს აბაშიძე.
ფონდის სასწავლო ცენტრით 50 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს.
დღეს, 25 დეკემბერს, მედიცინის მუშაკთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა და მედიცინის სფეროს 20 წარმომადგენელი დააჯილდოვა. მათი უმრავლესობა ექიმია.
დაჯილდოვდნენ:
გული ქიქავა, მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი;
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მცხოვრები 11 წლის გიორგის სანტასთვის მიწერილ წერილს, „ბათუმელები“ 21 დეკემბერს გამოეხმაურა. წერილში გიორგი დახმარებას ითხოვდა თავისი 4 წლის დის, მარიამისთვის. მარიამს ექვსი თვის წინ ძაღლმა ცხვირის ნესტო მოაჭამა. ოჯახმა მარიამს ოპერაცია ვერ გაუკეთა. „ბაღში ბავშვები დასცინიან ამის გამო“, – წერდა გიორგი.
დღეს, 25 დეკემბერს, მარიამი და მისი ოჯახი კლინიკა „მედცენტრის“ ექიმებმა მოინახულეს და ბავშვებს საშობაო საჩუქრები მიუტანეს. ოტოლარინგოლოგმა, ვენერა ცეცხლაძემ, მარიამს ცხვირის დაზიანებული ნაწილი დაუთვალიერა.
ექიმის თქმით, მარიამს პლასტიკური ოპერაცია სჭირდება. „მარცხენა მხარეს ხრტილი ფაქტობრივად არ არის, შესაბამისად, ეს დეფექტი უნდა დაიხუროს. თუ სახელმწიფო დაეხმარება, კარგი იქნება, რადგან პლასტიკური ქირურგია ძვირია.
თუმცა, არის კიდევ სხვა პრობლემაც – ბავშვი მოზარდია და ქსოვილიც იზრდება, ამიტომ ასაკს ასეთ დროს მნიშვნელობა აქვს. სხვა სპეციალისტებთან ერთად განვიხილავთ მდგომარეობას. ან უნდა დაველოდოთ ბავშვის გაზრდას, ან გავუკეთოთ ოპერაცია. შესაძლებელია, ზრდასრულ ასაკში მაინც დასჭირდეს განმეორებითი ოპერაცია“, – ამბობს ვენერა ცეცხლაძე.
ექიმი დაზიანებული ცხვირის ფოტოებს პლასტიკურ ქირურგს გადაუგზავნის, მოისმენს მის აზრს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„პლასტიკური ქირურგი, თემურ ქობულაშვილი თვეში ერთხელ ჩამოდის მოსკოვიდან. ჩვენ გავიტანთ ამ საკითხს კონსილიუმზე და ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – ამბობს მედცენტრის წარმომადგენელი, ნინო ართმელაძე.
„ბაღში დადის და როცა ქუჩაში მომყავს, ყველა მას უყურებს. ძალიან განვიცდი“, – გვეუბნება ოთხი წლის მარიამის დედა. მისი თქმით, ძაღლისგან დაკბენის შემდეგ ბავშვი ჩაიკეტა, ამიტომ „მედცენტრის“ წარმომადგენლებმა მას ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარებაც შესთავაზეს.
ოჯახში მარიამის გარდა კიდევ სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია.
დეპუტატი, რომელიც უმაღლესი საბჭოს პლენარულ ან კომისიის სხდომას გააცდენს, თანამდებობრივი სარგოს ერთი დღის ოდენობით დაჯარიმდება. ეს ჩანაწერი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში 2005 წლიდან არსებობს, მაგრამ „არების“ მქონე დეპუტატებს ვერ აჯარიმებდნენ. მიზეზი ამავე რეგლამენტის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც „ოჯახური პირობების გამო“ სხდომის გაცდენა საპატიო მიზეზად მიიჩნეოდა.
2018 წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ სატელეფონო ზარი და იმის თქმა, რომ „ოჯახური პირობების გამო“ ვერ დაესწრება სხდომას, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დეპუტატს გაცდენა საპატიოდ ჩაეთვალოს. შეცვლილი რეგლემენტის მიხედვით, ამ შემთხვევაში დეპუტატმა სატელეფონო შეტყობინების შემდეგ ოჯახის რომელიმე წევრის ავადმყოფობის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოს. „ოჯახურ პირობებში“ იგულისხმება ასევე ოჯახის წევრის გარდაცვალება.
დეპუტატისთვის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზია ასევე ავადმყოფობა, მივლინება, უბედური შემთხვევა.
„ჩვენ არ გვქონია კვორუმის პრობლემა პლენარულ ან ბიუროს სხდომაზე. პრობლემა იყო რეგლამენტის ზოგადი ჩანაწერი, რომელიც დავაკონკრეტეთ,“ – ამბობს ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ, საპროცედურო და საკონსტიტუციო საკითხების კომისიის თავმჯდომარე. იგი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად რეგლამენტში ცვლილების შეტანის ინიციატორი იყო.
ცვლილებას უმაღლესი საბჭოს უმრავლესობიდან მხარი არ დაუჭირა დავით ბაციკაძემ. „ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შესაძლებელი იყო ცვლილება შეხებოდა არასასესიო პერიოდსაც. რიგგარეშე სხდომაზეც დეპუტატს აქვს დასწრების ვალდებულება,“ – გვითხრა დავით ბაციკაძემ.
„რიგგარეშე სხდომა მაინც არის მოულოდნელი. შესაძლოა, საღამოს დაგირეკონ და დილის 12 საათზე იყო მისასვლელი. შესაბამისად, ამ მომენტში ვერ გამოვიყენებთ სანქციებს,“ – განმარტავს ნინო ჩხეტია.
აქამდე სხდომის გაცდენისთვის მხოლოდ ლევან ვარშალომიძე დაჯარიმებულა 100 ლარით. იგი უმაღლესი საბჭოს წევრი 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდა და თებერვალში დატოვა. ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში არც ერთ სხდომას არ დასწრებია.
სხდომებს ხშირად აცდენს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ოქუაშვილიც, თუმცა მისი დაჯარიმების შესახებ უმაღლეს საბჭოს აქამდე არ უმსჯელია. „განსხვავება არის ის, რომ ოქუაშვილი ყოველთვის აგზავნის შეტყობინებას, როცა სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებს. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მხოლოდ შეტყობინება, როგორც აღვნიშნე, საკმარისი არ იქნება,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ.
რამდენად ანგარიშგასაწევი იქნება დეპუტატებისთვის ჯარიმის ოდენობა? – უმაღლესი საბჭოს რიგითი წევრი სხდომის გაცდენის შემთხვევაში 71 ლარით დაჯარიმდება, კომისიის თავმჯდომარე – 86 ლარით, ხოლო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – 110 ლარით. ჯარიმა მხოლოდ დეპუტატების თანამდებობრივ სარგოს შეეხება და არა კომპენსაციას, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი იღებს და „თანამდებობრივი სარგოს“ თითქმის 100 პროცენტს შეადგენს.
„ეს არის დიდი ხვრელი და დასაქმების ბუდე „ქართული ოცნებისთვის“ – ეს ფრაზა დღევანდელ შეხვედრაზე ლევან ანთაძემ რამდენჯერმე თქვა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა, რომელიც ხვალ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ. ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ააიპ-ებია, სადაც 14.3 მილიონი ლარი მხოლოდ ხელფასებისთვის დაიხარჯება.
„არსებობს ააიპ-ები, სადაც ადმინისტრირებაში იმაზე მეტი იხარჯება, ვიდრე თავად მომსახურებაში, მაგალითად, ტურისტული მომსახურების სააგენტოში ხელფასებისთვის 65 პროცენტი დაიხარჯება, სოციალური სერვისების სააგენტოში კი, 3 მილიონიდან – მილიონზე მეტი ხელფასებს მოხმარდება. ააიპ-ების ოპტიმიზაცია არის აუცილებელი და ამ შემთხვევაში დაახლოებით 10 მილიონის დაზოგვა არის შესაძლებელი,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ლევან ანთაძე.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბათუმის სასადილოებში ერთი ადამიანის გამოკვება 1,90 ლარი ჯდება, როცა იგივე მენიუთი თბილისის სასადილოებში 1.18 ლარი იხარჯება. „ეს იმ პირობებში, როცა იქ ტენდერით ხდება მომსახურების შეძენა და არ არსებობს არავითარი ააიპ-ი“, – დასძინა საკრებულოს წევრმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გათვლებით, ბიუჯეტის პროექტის არსებულ ვარიანტში 26 მილიონის დაზოგვა არის შესაძლებელი. „ჩვენი აზრით, ეს თანხა უნდა მოხმარდეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და მათ უნდა დავუმატოთ, მაგალითად, თვეში 80 ლარი. საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებსაც 100 ათასამდე ქულა აქვთ,“ – თქვა ლევან ანთაძემ.
რატომ შეიძლება იყოს სოციალური შემწეობის გაცემა თვითმმართველობის ინტერესი და ხომ არ არის ეს ოპოზიციური პარტიის მხრიდან პოპულისტური შეთავაზება? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე საკრებულოს წევრებმა გვიპასუხეს, რომ „ღატაკი მოსახლეობა არის პრობლემა და ეს არ არის პოპულიზმი“.
„მერიის ბიუჯეტიდან მაინც იხარჯება თანხა სხვადასხვა სოციალურ პროგრამაზე, მაგალითად, C ჰეპატიტის დიაგნოსტირებაზე, რაშიც 100 ლარს აძლევენ მოქალაქეს, როცა დიაგნოსტირება 700 ღირს, ეს რას აძლევს მოქალაქეს? თუკი ადამიანს უფასო სადილს ვაწვდით, რა მოხდება, რომ ამ დაზოგილი თანხით უფასო ვახშამიც მივაწოდოთ?“ – კითხულობს საკრებულოს წევრი, მირდატ ქამადაძე. მისი თქმით, ამ ინიციატივის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უკვე ესაუბრა, მაგრამ მის გაზიარებაზე უარი უთხრეს.
ლევან ანთაძის კიდევ ერთი აქცენტი „ბათუმი ველოა“ – „ახალი ველოსიპედების შესაძენად ერთი თეთრიც არაა გამოყოფილი. „ბათუმი ველოს“ პარკი 2012 წლის შემდეგ არ განახლებულა. პრობლემაა „ბათუმის ავტოტრანსპორტიც,“ რომლის სუბსიდირება ისევ 8 მილიონი ლარია, ამაში არ შედის ავტობუსის შეძენის თანხა,“ – აღნიშნავს ლევან ანთაძე.
ენმ-ს შენიშვნები აქვს შემოსავლების ნაწილზეც. „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ისევ ვერც ერთ თეთრს ვერ მიიღებს ბათუმის მუნიციპალიტეტი მაშინ, როცა იგივე ფონდი თბილისს მომავალი წლისთვის 60 მილიონს აძლევს. ბათუმი მუნიციპალიტეტი არ არის, თუ რა ხდება?“ – კითხულობს ლევან ანთაძე.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მკვიდრ ემზარ ჩოგაძის ოჯახის წევრებს მთავრობის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ემზარ ჩოგაძეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაუდებელი ოპერაცია, სტენტირება სჭირდება. დღეს, 25 დეკემბერს, დაახლოებით ორი საათის წინ ოჯახის ახლობლები მთავრობის სახლთან იყვნენ შეკრებილები და პაციენტის ოპერაციისთვის დაფინანსებას ითხოვდნენ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტს სახელმწიფოს მხრიდან ყველა შესაძლო დახმარება გაეწია და მისი შუამდგომლობით, უკვე კლინიკის მფლობელთან მოლაპარაკების შემდგომ, ოჯახს მიეცა გარანტია, რომ კლინიკა წინასწარი ანაზღაურების გარეშე მოათავსებს პაციენტს საავადმყოფოში, გაუკეთებს ოპერაციას და შემდგომ გადაწყდება უკვე თანადაფინანსების საკითხი:
„კლინიკამ შემოგვთავაზა ფასდაკლება. 40 000 ლარის ღირებულების ოპერაციას აკეთებს 32 ათას ლარად და მადლობის ნიშნად ვიტყვი, რომ ეს იყო „ავერსის“ კლინიკა. ოპერაციის საერთო ღირებულება თავის სტენტიანად აჭარაში 25 000 ლარია, თუმცა პაციენტმა და მისი ოჯახის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გაკეთებულიყო ოპერაცია, სადაც შეიძლება ითქვას, ერთნახევარჯერ ძვირია ოპერაციის ღირებულება. ამ შემთხვევაშიც მოხდა მათი მოთხოვნის გათვალისწინება. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტის მოსარგებლეა, მაინც დაუფინანსდა ზღვრული ლიმიტი – 15 000 ლარი. მოვახერხეთ კომუნიკაცია საქართველოს ჯანდაცვის რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში და პროგრამულად მიეცა გარანტია 6000 ლარზე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა დაუმატა 1000 ლარი. ჯამში, ამ ერთი მოქალაქისთვის ხარჯების დაფარვა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა 22 000 ლარით,“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„საბა, აბა ხელები მიიტანე ერთმანეთთან“ – ეუბნება რვა წლის საბას მამა. საბა თითებს შლის და მონდომებით ცდილობს ორივე ხელის თითები ერთმანეთთან მიიტანოს, თუმცა არ გამოსდის.
რვა წლის საბას დიაგნოზი გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენაა – ასე უთხრეს მშობლებს, გურამსა და ლიას ექიმებმა თბილისსა და ანკარაში. თუ საბას სწორი მკურნალობა გაგრძელდება, იგი განვითარებას შეძლებს, თუ ვერა, მაშინ მისი მდგომარეობა გართულდება.
საბას ბრძოლა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის დაბადების პირველივე დღიდან დაიწყო. 2009 წელს საბა ბათუმის სამშობიარო სახლში დაიბადა, დღენაკლული, მაგრამ ჯანმრთელი.
„7 თვის და 10 დღის ფეხმძიმე ვიყავი, ნაადრევი მშობიარობა რომ დამეწყო. საკეისრო კვეთით დაიბადა საბა, 2 400 კგ იყო, სრულიად ჯანმრთელი. რადგან წონით დიდი იყო, არ ჩათვალეს საჭიროდ ინკუბატორში გაჩერება, მალე ამოიყვანეს. რადგან დღენაკლული იყო, საკმარისი ჟანგბადი ვერ მიეწოდა ტვინს ინკუბატორის გარეშე და ბავშვი კრუნჩხვებში ჩავარდა. მერე გადასხმები გაუკეთეს, როგორც შემდეგ გვითხრეს ექიმებმა, ბევრი გადასხმა არასწორად გაკეთდა, არც ზონდით კვებეს, წოვა კი თურმე არ შეიძლებოდა… დაბადებიდან მეოთხე დღეს მარჯვენა ფილტვის ანთება ჰქონდა უკვე და 1, 6 კგ გახდა ბავშვი. ეს პრობლემები აქედან დაიწყო“, – ყვება ლია, საბას დედა.
ბოლო რვა წელია საბას მშობლები, ლია და გურამი საბასთვის იბრძვიან.
გადარჩება? გაივლის? დაინახავს? – პირველ წლებში ამ კითხვაზე პასუხად ექიმები მხრებს იჩეჩავდნენ. არავინ იცოდა, შეძლებდა თუ არა საბა ოდესმე საუბარს, სიცილს, თამაშს. რვა თვის იყო, როცა შუქზე პირველი რეაქცია ჰქონდა, წლინახევრის ასაკში საბამ დაჯდომა შეძლო, მერე თანდათან ბგერები დააკავშირა ერთმანეთს და საუბარიც დაიწყო. ახლა საბა სკოლაში დადის. წერა და მაკრატლის გამოყენება უჭირს, ხანდახან გაკვეთილზეც იღლება, მაგრამ სკოლაში სიარული მოსწონს. ხათუნა მასწავლებელი გვასწავლის, ყველაზე მეტად ქართული და მათემატიკა მომწონსო – მეუბნება და მეგობრებს მითვლის: საბა იმნაძე, გიორგი გიორგაძე და გიო დუმბაძე.
წელს საბა მშობლებმა თურქეთში, ანკარაში წაიყვანეს გამოკვლევებზე.
„ექიმებიც გაოცებულნი იყვნენ. საბას დიაგნოზით ათასი ბავშვიდან 2-3 თუ ახერხებს ასეთი შედეგის მიღწევას. ჩვენ არაფერი დაგვიშურებია, საბასთვის გვინდოდა ყველაფერი. ყველაფერი მოვიკელით, უფროს ქალიშვილსაც ბევრი მივაკელით, გავყიდეთ ძვირფასი ნივთები, ავტომანქანაც, რაში მჭირდება რამე, თუ საბას ვერ დავეხმარებით“, – ხმა ებზარება გურამს, საბას მამას.
გურამი დაცვაში მუშაობს. მისი ხელფასი, 650 ლარი და საბას 180-ლარიანი პენსია ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. გურამის ხელფასიდან მნიშვნელოვანი თანხა ახლა უკვე კრედიტების დასაფარად იხარჯება და არა ოჯახისთვის.
„კრედიტი ავიღე, რომ საბა ანკარაში, კლინიკაში წაგვეყვანა. ძალიან მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაუტარეს, იანვარში ისევ უნდა წავიყვანოთ, რომ მკურნალობის კურსი დაუნიშნონ, მაგრამ უკვე ყველა რესურსი ამოვწურეთ… ვისაც დახმარება შეეძლო, ყველა დაგვეხმარა. აქამდე არც სახელმწიფოსთვის მითხოვია რამე, არც სხვა არ შემიწუხებია, ჩვენით ვაკეთებდით ყველაფერს, მაგრამ ახლა… ახლა აღარაფერი დაგვრჩა, არადა დაახლოებით რვა-ცრა ათასი ლარია საჭირო… საბაც განიცდის, გაიგონებს რამეს და მერე მთელი კვირა განიცდის, ასე რატომ თქვიო. არ ვიცი რა უნდა ვქნათ…“ – სივრცეს უყურებს გურამი.
ახლა საბა მკურნალობის პარალელურად მასაჟის კურსს გადის, რომელსაც სახელწიფო უფინანსებს. მისი სხეულის განვითარებისთვის მასაჟია აუცილებელი და კიდევ მეტი ინდივიდუალური ვარჯიში სჭირდება სპეციალისტთან, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. წამალი, რომელიც საბამ დღეში ორჯერ უნდა მიიღოს, დღეში 18 ლარი ჯდება და მშობლები ამბობენ, რომ კრედიტებთან ერთად სულ უფრო რთული ხდება ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება.
რა შეიძლება შეიცვალოს საბასთვის, თუ კი მკურნალობის გაგრძელებას ვერ შეძლებს?
„ექიმმა ორი პარალელური ხაზი გაავლო ფურცელზე, იმის საჩვენებლად, თუ რა მოხდება მკურნალობის გარეშე“, – მიყვება გურამი. „ერთი, აღმავალი ხაზი, ჩვეულებრივი 8 წლის ბავშვის გონებაა, მეორე ხაზი, ქვემოთ, საბასი, თუ მკურნალობა გაჩერდება, ზედა ხაზი აიწევს, საბა კი დარჩება ქვემოთ, ვერ შეძლებს განვითარებას.“
საბა იქვე, ტახტზე, დაბალ მაგიდასთან ზის და გვისმენს. შიგადაშიგ რეპლიკებით გვერთვება და სქელშუშიან სათვალეს ისწორებს. მაგიდაზე ფერადი ფანქრები და ფლომასტერები ყრია, უფრო ახლებიც მაქვსო – მეუბნება. მერე ტახტზე დგება და ნაწყვეტ-ნაწყვეტ, მაგრამ მონდომებით ყვება, თუ როგორი გასაფერადებლები ნახა ტელევიზორში. ტელევიზორში საახალწლო აქციის რეკლამა გადის, რამდენიმე დღეში ახალი წელია, მაგრამ ამ ოჯახში მთავარი საფიქრალი ის არის, როგორ უნდა იშოვონ ცხრა ათასი ლარი, რომ საბა იანვრის ბოლოს კლინიკაში წაიყვანონ, როცა ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, უკვე გაყიდეს.
„საბა მებრძოლია, ვიცი, რომ ეს მკურნალობა დაეხმარება, მაგრამ რა უნდა ვქნათ, არ ვიცი. ლია ვერ მუშაობს, საბას ვერ ტოვებს, მე კი მარტომ ვეღარ გავქაჩე უკვე, მე მეტი აღარ შემიძლია“, – ხელებს უყურებს გურამი.
ყოფილი პატიმრის ცოლი ამბობს, რომ 10 დღის წინ მის ფეისბუქგვერდზე გაჩნდა კომენტარი, რომელიც თავისი ქმრის შეურაცხმყოფელ ტექსტს შეიცავდა. ამის შემდე პირად ჩათში იმავე მისამართიდან მიიღეს შეტყობინება – უცნობი ადამიანი ფულს ითხოვდა, 1000 ლარს.
ქალი ამბობს, რომ პირველი შოკის შემდეგ უცნობს სთხოვეს წაეშალა საჯარო შეურაცხმყოფელი ტექსტები ფეისბუქში, რომელზეც ქალის ნათესავებიც ჰყავდა მონიშნული. „მოვშლი, თუ 1000 ლარს ჩამომირიცხავთ“, – იყო პასუხი.
ოჯახმა „ბათუმელებს“ მოაწოდა იმ ფეისბუქმისამართის პაროლი, რომელზეც უკავშირდებოდა გამომძალველი. ჩათის მიმოწერიდან ჩანს, რომ ოჯახი თავდაპირველად ვერ ჰპირდება თანხის გადახდას, რადგან „ამდენი ფული არ აქვთ“, რის შემდეგაც იღებენ შემდეგ შეტყობინებას – თუ 350 ლარს ხუთ დღეში ჩარიცხავ, დანარჩენ თანხას „გაპატიებთ“.
არც ამდენი ფული არ გვაქვს, მიწერეს გამომძალველს. „ცოლის მხრიდან აქვთ , ხო ვიცი და ნუ იტყუები, თორემ ისევ 1000 გავხდი. 300 სამასია და 5 დღეში არ იქნება და მაგ შენს ცოლის ნათესავებს მივწერ… ახლა მიდი და მოაქუჩეჩე“.
ოჯახი დასთანხმდა გამომძალველს, რომ თანხას გადაუხდიდა ხუთ დღეში.
შემდეგი დღეების განმავლობაში მიდიოდა კომუნიკაცია, თუ როგორ უნდა გადაეხადათ მოთხოვნილი თანხა. გამომძალველმა მოსწერა „კრისტალ ბეთის “ ანგარიში.
მიმოწერიდან ჩანს, თუ როგორ ცდილობს გამომძალველი მიუთითოს მსხვერპლს, სად წავიდეს და როგორ ჩარიცხოს თანხა.
ამის სანაცვლოდ ის შლის უხამსი კომენტარებს, რომელსაც ყოფილ პატიმარს უძღვნიდა.
დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, როცა თანხა ანგარიშზე არ აისახა, ყოფილი პატიმრის ცოლის ოჯახის წევრებს გამომძალველმა პირად ჩათში გაუგზავნა უხამს ტექსტები მათი სიძის შესახებ, რომელიც თითქოსდა პატიმრობაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება.
ცოლ-ქმარი ამბობს, რომ მათ არ იციან ვინ შეიძლება იყოს ამ შანტაჟის და გამოძალვის უკან. მიმოწერაში ჩანს, რომ ცოლ-ქმარი ცდილობს გაიგოს, რატომ ითხოვს თანხას. გამომძალველი ახსნებს სიტყვას „ვალი“, თუმცა, არ უმხელს ვინაობას.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიების დასაწყებად საჭიროა მხარემ მიმართოს შესაბამის განყოფილებას. „კონფიდენციალობა იქნება დაცული“, – აცხადებენ უწყებაში.