მთავარი,სიახლეები

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო: მერიამ ჩვენი შენიშვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა

27.12.2017 • 2347
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო: მერიამ ჩვენი შენიშვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა

ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტში საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შენიშვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ, თეონა დიასამიძემ, საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის დამტკიცებამდე განაცხადა. საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ, მას უპასუხა, რომ ასეთი შენიშვნები მერიაში არ მიუღიათ.

თეონა დიასამიძის თქმით, გარდა იმისა, რომ შენიშვნები „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ წერილობით პირადად მერს, ლაშა კომახიძეს გადაუგზავნა, საბჭოს წევრებმა საკუთარი მოსაზრებები, როგორც ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე, ასევე კომისიების სხდომებზე დააფიქსირეს. ამიტომაც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის პასუხი მისთვის გასაკვირია: „კომისიურ და საჯარო განხილვაზე წარდგენილი ზეპირი შენიშვნები და რეკომენდაციები უნდა ჩაინიშნონ და მოგვაწოდონ არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ არ გაითვალისწინებენ მას. ეს არის საჯარო განხილვებისა და შეხვედრების მიზანი.“

საბჭოში მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის უკვე დამტკიცებული პროექტით გათვალისწინებული პროგრამების აღწერა და შინაარსი უმეტეს წილად ზოგადი ხასიათისაა – არ არის დეტალურად გაწერილი და დასაბუთებული ის ღონისძიებები, რისთვისაც გამოყოფილია საბიუჯეტო სახსრები, ასევე გაერთიანებულია დაფინანსების კომპონენტები, განსაკუთრებით ეს კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ პროგამებს ეხება.

ხშირ შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრების ხარჯი და შედეგი არ არის რელევანტური ერთმანეთთან, მაშინ, როცა საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, პროგრამული ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროგრამების, ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ, ასევე ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.

„თუ ჩვენ გავაკეთებთ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის პროგრამების ანალიზს, დავინახავთ, რომ პროგრამების უმეტეს ნაწილში არ არის დეტალურიად გაწერილი, თუ რა შედეგს გვინდა მივაღწიოთ და როგორ შევაფასებთ ამ შედეგს,“ – ამბობს თეონა დიასამიძე.

საბჭოს მიერ მერისთვის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებები არ ასახავს ქალაქის წინაშე არსებულ პრობლემებს. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება მთელი რიგი პროგრამების განხორციელების აქტუალობისა და მიზნობრიობის საკითხი. მაგალითად, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა, მწვანე სივრცეები და ა.შ.

ამონარიდი საბჭოს წერილიდან კონკრეტულ სფეროებთან მიმართებაში [შემოკლებული ვარიანტი]

[checklist]

  • ეკოლოგიური მდგომარეობა და სარეკრეაციო ზონა

[/checklist]

წელს ქალაქში არც ერთი სკვერის განაშენიანება გათვალისწინებული არ არის.  რამდენიმე უბანში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სკვერის მოწყობა, ეს უბნებია: ბონი-გოროდოკი, სამრწეველო ზონა და კახაბერი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია ბათუმის ბულვარისთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერა და საჭიროებს დეტალიზაციას.

[checklist]

  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა

[/checklist]

„ბათუმის კორპუსმა“ უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების შემცირება. ასევე მნიშვნელოვანია მრავალსართულიანი სახლების ენერგოეფექტურობისა და ადაპტირებული საცხოვრისის პროგრამებზე მუშაობის დაწყება – საწყის ეტაპზე მოკვლევითი და პროგრამის შემუშავებისთვის საჭირო თანხის გათვალისწინება.

[checklist]

  • სკოლამდელი აღზრდა და განათლება

[/checklist]

საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია წარმოადგენს თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. ქალაქი განიცდის ბაღების დეფიციტს. რეკომენდებულია ამ მხრივ თანხის დამატება. გამოვყოფდით: ჯავახიშვილის, რუსთაველისა და თამარის უბნებს.

[checklist]

  • ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა

[/checklist]

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ნებაყოფლობით უფლებამოსილებას, შესაბამისად, აუცილებელია გვქონდეს კონკრეტული, მიზნობრივი სამოქმედო გეგმა, რომელიც მორგებული იქნება ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე. ვფიქრობთ, აუცილებელია 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებისთვის ფინანსური მხარდაჭერა და ასევე, უკვე მოქმედი პროგრამების შეფასებისთვის გარე ორგანიზაციის მოწვევა.

ახალგაზრდული ცენტრი საჭიროებს პროფესიული წრეებისა და ახალგაზრდების მიზნობრივ ჩართულობას. შესაბამისად, უნდა გაიწეროს ცენტრისა და პროგრამის სტრატეგია. საჭიროა პროცესის ჯანსაღი და მიზნობრივი ფასილიტაცია.

ასევე, დაუსაბუთებელია პროექტ „ეტალონის“ მხარდაჭერა, მისი მიზნობრიობა არ იკითხება პროგრამულ ბიუჯეტში.

[checklist]

  • სიახლე

[/checklist]

ბიუჯეტის პროექტში არის პოზიტიური სიახლე მოქალაქეთა მონაწილეობისა და ეკონომიკური გაძლიერებს პროგრამების დამატების  კუთხით. თუმცა ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში არ არის ჩაშლილი ხარჯვითი ნაწილი. ასევე, დაუსაბუთებელია შინაარსობრივი მხარე. მაგალითად, მერია ამბობს, რომ მოქალაქეთა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩართულობა არ არის ეფექტური და გვთავაზობს ახალ ვერსიას. თუმცა პროგრამა არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არის ეს ალტერნატივა უკეთესი.

იგივე ითქმის ეკონომიკური პროფილის გაძლიერების პროგრამაზე: მერია გვთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნების მხარდაჭერას ე.წ. ბიზნესცენტრის შექმნას. თუმცა რითი განსხვავდება ეს ცენტრი წლების წინ UNDP-ის მიერ მხარდაჭერილი ბიზნესინკუბატორისგან, ვერ მივიღეთ პასუხი. ცენტრისთვის 50 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არ მოიცავს ყველა იმ უფლებამოსილებას, რომლებიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. მაშინ, როცა საბიუჯეტო სახსრები შემცირებულია, ვფიქრობთ, ქალაქ ბათუმის მერიამ და საკრებულომ უნდა უზრუნველყოს პრიორიტეტების უფრო მეტად დაკონკრეტება.

გვესმის თვითმმართველობის სურვილი ისევ გააგრძელოს წლების წინ დანერგილი პოლიტიკა, მაგრამ საჭიროა გასულ წლებში განხორციელებული პროექტების ეფექტურობისა  და მიზნობრიობის შეფასება. საბჭო მიიჩნევს, რომ თვითმმართველობამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და შენარჩუნებას.

ქალაქის წინაშე დგას ახალშემოერთებული ტერიტორიების, ავარიული სახლების, ეკოლოგიური, სატრასპორტო ინფრასრუქტურის თუ სოციალური (განსაკუთრებით შშმპ) ხასიათის წლობით დაგროვილი პრობლემები. თვითმმართველობამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: