მთავარი,სიახლეები

ყოფილი პატიმარი სამუშაო შეკვეთებს ელოდება

28.12.2017 • 1732
ყოფილი პატიმარი სამუშაო შეკვეთებს ელოდება

36 წლის ოგანეს კირბაშიანი  მშენებელია. თუმცა ოზურგეთში, სადაც ის ცხოვრობს, ახალ სახლს იშვიათად აშენებენ. ხანდახან თუ დასჭირდება ვინმეს რემონტი: შელესვა, შპალერის გაკვრა ან მეტლახის დაგება.

„ეს საუკეთესო შემთხვევაა, 100-200 ლარის საქმე რომ გამოჩნდეს ხანდახან, მაგრამ ოზურგეთი პატარა რაიონია, ყველა ყველას იცნობს, ყველა ახლობელია. თითქმის არასდროს აქვთ ხოლმე კლიენტებს სრული თანხა და ნაწილ-ნაწილ მიხდიან, ან ნახევარს დასაწყისში და ნახევარს – რამდენიმე თვის შემდეგ. ხელობაზე დამოკიდებული ვერ იქნები, არადა, სხვა არაფერი ვიცი, საპატიმროში მოხვედრამდე და მას მერეც მეტი არაფერი მიკეთებია,“ – გვიყვება ყოფილი პატიმარი, რომელმაც ჩაკეტილ სისტემაში 4 წელი გაატარა და 2010 წელს გაათავისუფლეს.

„იცი, რა გრძნობაა ციხიდან გამოსვლა? თითქოს თავიდან დაიბადე, ჩვილივით პირველად აახილე თვალი და დაინახე სამყარო. თავისუფლების ფასს და მნიშვნელობას ამ დროს ყველაზე მძაფრად გრძნობ,“ – ამბობს ოგანეს კირბაშიანი.

ნანატრ თავისუფლებამდე იყო ციხის მძიმე პირობებში გატარებული წლები და ტუბერკულოზი. დაავადება საპყრობილეში სხვისგან გადაედო. საერთო სისუსტეს და სხეულის მუდმივად მაღალ ტემპერატურას ვერ გაუძლო და ციხის ექიმებს მიმართა დასახმარებლად, რის შემდეგაც მალევე გადაიყვანეს ტუბერკულოზის ცენტრში და სასწრაფო მკურნალობის კურსი ჩაუტარეს. საბოლოოდ ოგანესი სრულად გამოჯანმრთელდა.

2017 წლის ზაფხულში თურქეთში გადაწყვიტა წასვლა ჩაის პლანტაციაში სამუშაოდ, მაგრამ იქ ჩასულს რთული პირობები დახვდა: იმაზე ბევრად მძიმე ტომრები უნდა ეზიდა, ვიდრე თავად იწონის. 8 დღე გაძლო. მერე გაუჭირდა და უკან დაბრუნდა.

ხელსაწყოები, რითაც ოგანესი სარემონტო სამუშაოებს ატარებდა, გაცვდა და დაძველდა. შესაბამისად, აღარ შეეძლო შეკვეთების მიღება და მცირე თანხის გამომუშავება.

ოგანესის დედა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ორგანიზაციის, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში დამლაგებლად მუშაობს. მას ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის შესახებ შეიტყო და ოგანესმაც ბიზნესპროექტი შეადგინა ხელსაწყოების შესაძენად. ახლა მას უკვე შეუძლია კერძო შეკვეთების მიღება და ოჯახის მარჩენალ დედასაც ტვირთი შედარებით შეუმსუბუქდება.

ოგანეს კირბაშიანს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და დედ-მამა ჰყავს.

ოჯახის მთავარი შემოსავალი დედის ხელფასი და ოგანესის არარეგულარული, სარემონტო შეკვეთებიდან შემოსული თანხაა, რაც იშვიათად ჰყოფნით თვიდან თვემდე.

„არც მიწის ნაკვეთი გვაქვს“, – ამბობს ყოფილი პატიმარი. – „ოზურგეთში, ბინაში ვცხოვრობთ, ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული რომ მოგვყავდეს, შეღავათი იქნებოდა, მაგრამ აბა სად? მიწა არ გვაქვს. მწვანილიდან დაწყებული ყველაფერს ვყიდულობ.“

ოგანესი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამაშიცაა ჩართული, რომლის ფარგლებშიც პერიოდულად გამოკვლევები უტარდება და საჭირო მედიკამენტებსაც უფასოდ იღებს.

ახალი წელი მოდის. გურიის ახალგაზრდული ცენტრი ყოფილი პატიმრების ოჯახებზეც ზრუნავს და ოგანესი ამბობს, რომ დიდი სიხარული იყო მათთვის, როცა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საახალწლო ზეიმზე მიიწვიეს.

„გაერთნენ ბავშვები, საჩუქრები მიიღეს თოვლის ბაბუისგან, დღესასწაული მოუწყო ჩემს შვილებს რესურსცენტრმა, ლამაზი დღე იყო,“ – ამბობს ის და ახალ შეკვეთებს ელოდება, რომ ბავშვებს არაფერი მოაკლოს, დედის ხელფასის მომლოდინე არ იყოს, მხოლოდ სიტყვა „თავისუფლების“ ამარა არ დარჩეს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: