Batumelebi | მერია 2018 წელს „სიმაღლის გადასახადიდან“ მილიონის ამოღებას გეგმავს მერია 2018 წელს „სიმაღლის გადასახადიდან“ მილიონის ამოღებას გეგმავს – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

მერია 2018 წელს „სიმაღლის გადასახადიდან“ მილიონის ამოღებას გეგმავს

ბათუმის მერია მომავალ წელს „სიმაღლის გადასახადის“ სახით მილიონ 200 000 ლარის ამოღებას გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის კონკრეტულ უბნებში უკვე დადგენილ პარამეტრებზე მაღალი შენობები ისევ აშენდება. სპეციალური ზონალური მოსაკრებელი  კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე, სიმაღლეზე გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს.

ასეთი შეთანხმების დადების შემდეგ მშენებელი სამშენებლო მოედანს მაქსიმალურად იყენებს და ადგილი პარკინგისა და გამწვანებისთვის ან საერთოდ არ რჩება, ან ძალიან მცირეა. ამას ემატება ისიც, რომ მშენებლები, ძირითადად, ქალაქის ცენტრით ინტერესდებიან, სადაც  ბევრ ქუჩაზე სახლები ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა, რომ როგორც მზის სხივის გავრცელების, ასევე ჰაერის გადანაწილების პრობლემებიც იქმნება.

კ2-განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რაც შენობის სიმაღლის განსაზღვრავს. ბათუმის კონკრეტულ ზონაში კონკრეტული კოეფიციენტია დადგენილი. რეგულაცია, რომელიც ბათუმის საკრებულომ 2013 წელს დაამტკიცა, კონკრეტულ ზონაში დადგენილ ნორმებს გარეთ მშენებლობისთვის ორი ტარიფის გადასახადს ითვალისწინებს: საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე 315 ლარის გადახდას, ხოლო საცხოვრებელ ზონაში 143 ლარის გადახდას გულისხმობს.

სპეციალური ზონალური შეთანხმება გულისხმობს კ2-ის გაზრდაზე გარკვეულ მოლაპარაკებას მერიასა და მშენებელს შორის, რომ მერიამ მშენებელს თანხმობა მისცეს უფრო მაღალი შენობა ააშენოს, ვიდრე იმ კონკრეტულ ზონაშია დაშვებული.

2017 წლის 8 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე, წინასაარჩევნო პერიოდში დაგეგმილ დისკუსიებში მონაწილეობისას ბათუმის უკვე არჩეული მერი, ლაშა კომახიძე არ უარყოფდა, რომ  ბათუმს განაშენიანების თვალსაზრისით პრობლემები აქვს, საჭიროა პარკინგის პრობლემის მოგვარება და ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვაც.

დღეს ამ საკითხზე მერის განმარტება „ბათუმელებმა“, ჯერჯერობით, ვერ მიიღო.

აჭარის მთავრობა k2-ზე შუამდგომლობის ხშირად გაცემისა და ბათუმში კასკადური მშენებლობების მომრავლების გამო აჭარის წინა მთავრობის თავმჯდომარეს საყვედურობდა.

2017 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა, მერია ზონალური შეთანხმების მოსაკრებლიდან შემოსავლის სახით ექვს თვეში 376 000 ლარის ამოღებას ვარაუდობდა, მაგრამ შემოსავალმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა [667 500 ლარი].

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი