მთავარი,სიახლეები

შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ თვითნებურად აიღო

21.09.2017 • 49988
შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ თვითნებურად აიღო
 მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ ფრიდონ ხალვაშის 322 ნომერში და ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში დამონტაჟებული ადაპტირებული ატრაქციონები თვითნებურად აიღო. მერია ამის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას, პატივი სცენ შშმ ბავშვების უფლებებს.

„სამწუხაროდ, მერიაში შემოვიდა მოთხოვნა აღნიშნული ატრაქციონების აღებასთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან კი დაფიქსირდა შშმ ბავშვთა ატრაქციონების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები.

მსგავსი ტიპის მოთხოვნა და დამოკიდებულება დისკრიმინაციულია შშმ ბავშვების მიმართ. ბათუმის მერია მოუწოდებს მშობლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილებს ატრაქციონებით სარგებლობისას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ატრაქციონების მიზნობრივად გამოყენება,“-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შშმ ბავშვებისთვის ატრაქციონების მონტაჟი ქალაქის 6 სკვერში მიმდინარეობს. „ე.წ აფხაზების უბანში, ასევე ჯავახიშვილისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში დამონტაჟებულ ატრაქციონების აღება მოითხოვეს მშობლებმა. ფრიდონ ხალვაშის 322, ინასარიძისა და კობალაძის კვეთაში კი თვითნებურად აიღეს.

ერთი მშობელი ამბობდა, რომ ამ ატრაქციონებზე მათი ბავშვები ჯდებიან და ზიანდებიან, მეორე კი ამბობდა, რომ მათ არ მოსწონთ, რომ  სკვერებში ადაპტირებული ატრაქციონები დგას,“-გვეუბნებიან მერიის პრესსამსახურში.

მერიის ინფორმაციით, ადაპტირებულ ატრაქციონებზე განთავსებულია სპეციალური ნიშანი, რითაც ხაზგასმულია, რომ ატრაქციონები განკუთვნილია შშმ ბავშვებისთვის. „ამის მიუხედავად, ატრაქციონის გამოყენება არამიზნობრივად ხდება. ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შშმ პირთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ერთად ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობას მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ცნობიერების ამაღლების მიზნით,“- ამბობენ  ბათუმის მერიაში.

პრესსამსახურის განცხადებით, მერია თვითნებურად აღებულ ადაპტირებულ ატრაქციონებს ხელმეორედ დაამონტაჟებს.

ადაპტირებული ატრაქციონები შშმ ბავშვებისთვის

ადაპტირებული ატრაქციონები შშმ ბავშვებისთვის

 

 

ამავე თემაზე: ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შსს არ მიმართავს

გადაბეჭდვის წესი