სოფელ ახოში დამწვარი სახლის მცხოვრებლებმა ნათესავს შეაფარეს თავი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში, ჩეტკიძეების უბანში, ხანძრის შედეგად დიასამიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხანძარი გაუჩნდა ნახევრად კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს, სადაც ექვსი წევრი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოჯახი იმავე სოფელში ნათესავთან იმყოფება. ოჯახის დახმარებისთვის კი მერია ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით ხვალ მიმართავს.

ლევან გორგილაძის თქმით, ვიდრე ოჯახს თანხით დაეხმარებიან, საჭიროების შემთხვევაში, ქედის მერია დაზარალებულ ოჯახს საცხოვრებელ ფართობს დაუქირავებს.

მთლიანად დაიწვა საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, რომელიც ხისა იყო. სახლი საცხოვრებლად აღარ გამოდგება.

ხანძარი სოფელ ახოში. ბადრი ბოლქვაძის ფოტო

ქობულეთის მერიაში შესაძლოა შტატები შემცირდეს

ქობულეთის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო. მერიის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შემდეგ გამოჩნდება არის თუ არა მერიაში შტატები შესამცირებელი. ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, პირველ ეტაპზე მომზადდება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები და შემუშავდება ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტი, ხოლო ამის შემდეგ არის გაწერილი „რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენი შტატის შემცირება იგეგმება რეორგანიზაციის შემდეგ? – ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე, ამბობს, რომ  რეორგანიზაცია მაინც და მაინც შტატების გაუქმებას არ გულისხმობს. თუმცა დასძენს, რომ რეორგანიზაციის პროცესში გაირკვევა, გაუქმდება თუ არა რომელიმე სამსახური.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი სამსახური სხვა სახით ჩამოყალიბდეს ან რამდენიმე სამსახური გაერთიანდეს. შესაძლებელია, შესწავლის შემდეგ აღმოჩნდეს ისეთი სამსახური, რომლის არსებობა მუნიციპალიტეტის მერიაში გამართლებული არ არის,“ – ამბობს ის.

რეორგანიზაციის ეტაპების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა 14 თებერვლამდე გახდება ცნობილი.

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში დღეს 178 საცხოვრებელი ობიექტია, ხოლო ბათუმის მერიის საკუთრებაში – 30 საცხოვრებელი ბინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს, ასევე მერიას, სხვადასხვა ხელშეკრულების მიხედვით, დეველოპერული კომპანიებისაგან დამატებით აქვთ მისაღები საცხოვრებელი ბინები, ჯამში 7 550 კვ/მ.

აუდიტის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება საცხოვრებელი ობიექტების რაოდენობა, ერთიანი სტრატეგია, თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული აღნიშნული ქონება, არც მერიას აქვს განსაზღვრული და არც სამინისტროს.

„სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ძირითადად, საცხოვრებელი ობიექტები დაკავებულია თვითნებურად, გარეშე პირების მიერ, თუმცა უწყებას არ აქვს იდენტიფიცირებული სრულად, კონკრეტულად რომელი საკადასტრო ერთეულებია და ვის მიერ არის დაკავებული,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში „იაფი სახლის“ პროექტიც მოხვდა: „ბათუმის მერიამ დაგეგმა და დაიწყო პროექტის განხორციელება იმ პირობებში, როდესაც არ ჰქონდა განსაზღვრული კონკრეტული სამიზნე ჯგუფები და პროგრამაზე მოთხოვნის დონე. არ ჰქონდა განსაზღვრული სამშენებლო პროექტის შესაბამისობა პროგრამის მოთხოვნებთან, საერთო ჯამში პროექტი ვერ განხორციელდა“.

მერიამ ბათუმში, ჯავახიშვილის #78ა-ში, ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის იანვარში ხელახლა გამოაცხადა, თუმცა კრიტერიუმები ამჯერადაც გაასაიდუმლოვა. ეს ტენდერი არ შედგა.

სახელმწიფო აუდიტი თავის ანგარიშში ეკომიგრანტების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის პროგრამასაც შეეხო.

ანგარიშის მიხედვით, ეკომიგრანტების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესში არ ხორციელდება მათი მსყიდველუნარიანობისა და საცხოვრებელი ფართობის სულადობასთან შესაბამისობის შეფასება, ამასთან, არათანასწორი პრინციპებით მიმდინარეობს ბინების განაწილება. მაგალითად:

[crosslist]

  • 2016-2017 წლებში, მოქალაქეთა მიერ 64 შემთხვევაში შეირჩა ისეთი საცხოვრისები, რომელთა ღირებულება მნიშვნელოვნად [რიგ შემთხვევაში 2-ჯერ და მეტად] აჭარბებდა დახმარების სახით მიღებულ საბიუჯეტო დაფინანსებას. ისეთი ბინების შეძენა, რომლებიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მოითხოვს პროგრამის ბენეფიციარების მხრიდან მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციას, რისი საშუალებაც მათ არ გააჩნიათ;
  • 2016 წელს დაფინანსებული 96 ბენეფიციარიდან, 18%-მა შეისყიდა საცხოვრისი, რომელთა ფართობი არ არის თანაფარდობითი ოჯახის სულადობასთან მიმართებით;
  • 2016 წელს შესყიდული ალტერნატიული ფართობების მიუხედავად, ბენეფიციართა 47%-მა ვერ დატოვა სტიქიის ზონა და კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში;
  • ბინების განაწილების პროცესი ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციართა მიმართ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას.

[/crosslist]

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია ასევე:

ბენეფიციართა გარკვეულმა ჯგუფებმა 18 შემთხვევაში გამყიდველს ქონება უკან დაუბრუნეს და სხვა ალტერნატიული ფართობის შესყიდვა არ განუხორციელებიათ.

„2016-2017 წლებში შესყიდული ქონებების დეტალური შესწავლით ფიქსირდება 18 შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარის მიერ ქონების შესყიდვის შემდეგ, ერთი წლის შუალედში, ხდება ქონების უკან მიყიდვა/ჩუქება იმავე გამყიდველზე, რომლისგანაც იქნა შესყიდული ან ამავე გამყიდველის დაზე, ძმაზე და ა.შ. დაკავშირებულ მხარეზე. თუ განვიხილავთ ოპერაციის შინაარსს, 25 000 ლარი ჩარიცხა სამინისტრომ, დარჩენილი თანხა გადაიხადა ბენეფიციარმა. თუ ბენეფიციარმა უკან დააბრუნა (მიყიდვა/ჩუქება) ქონება, სავარაუდოდ, გადახდილი თანხა სრულად ან ნაკლულად დაუბრუნდება ბენეფიციარს. აღნიშნული 18 შემთხვევიდან, ქონების უფლებამონაცვლეობის შემდეგ, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მათ მიერ სხვა ალტერნატიული ფართობის შესყიდვა არ ფიქსირდება. აღნიშნული ბენეფიციარების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად სულ გაიხარჯა 440 017 ლარი“.

15 შემთხვევაში შესყიდვა განახორციელეს ახლო ნათესაური კავშირის მქონე პირებიდან, მათ შორის, 2016 წლის ბენეფიციარებიდან 9 ოჯახი კვლავ განაგრძობს ცხოვრებას ძველ საცხოვრებელ სახლში.

„აუდიტის ჯგუფის მიერ შეფასდა რისკჯგუფები, მოკვლევისათვის შეირჩა 712 ბენეფიციარი და, სავარაუდოდ, მათთან დაკავშირებული 164 მხარე. შედეგად დადგინდა, რომ 15 შემთხვევაში ბენეფიციარებმა ახლო ნათესაური კავშირის მქონე პირებისაგან შეისყიდეს საკუთრება. აღნიშნული ბენეფიცირებიდან 2016 წლის პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 11-მა ოჯახმა, რომელთაგან 9 ისევ ძველ საცხოვრისში ცხოვრობს და არ დაუტოვებიათ სტიქიური განვითარების ზონა. აღნიშნული ბენეფიციარების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად სულ გაიხარჯა 300 000 ლარი“.

„აღნიშნული ოპერაციებით შესაძლოა, ბენეფიციარებმა მიიღეს სამინისტროს მიერ გადარიცხული არა უმეტეს 25 000 ლარი და მისი თავისუფალი გამოყენების უფლება. საბიუჯეტო ასიგნება კი ითვალისწინებდა მათთვის უსაფრთხო საცხოვრებელი ობიექტის შესყიდვას, რათა ისინი გაეყვანათ სტიქიის განვითარების ზონიდან. აღნიშნულ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნები ვერ იქნა მიღწეული.

წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მაღალია რისკი იმისა, რომ ბენეფიციარებმა ვერ შეძლონ სრულად ქონების შეძენა და სტიქიური განვითარების ზონიდან ადგილმონაცვლეობა, ვინაიდან შერჩეული ქონებების ღირებულებები ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაცილებით მეტია საბიუჯეტო ასიგნებით გამოყოფილი თანხის ოდენობაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საშუალოდ 4-სულიანი ოჯახი სარგებლობს არანაკლებ 48 კვ.მ ფართობის საცხოვრისით. აჭარის შემთხვევაში კი 5, 6, 8, 9 და 16-სულიანი ოჯახების მიერ შესყიდული საშუალოდ 50 კვ.მ ფართობის საცხოვრისი არასაკმარისია ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, რაც აბრკოლებს ბენეფიციარ ოჯახს, დატოვოს სტიქიის ზონა.

აჭარაში საცხოვრებელი ობიექტების მართვა-განკარგვის ეფექტიანობის აუდიტი, მოიცავს 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2017 წლის 1-ელ დეკემბრამდე პერიოდს.

აჭარაში სოციალურ პროექტებში მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტრო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ხოლო არსებული საბინაო ფონდებს მართავს ფინანსთა სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია. ოთხივე უწყებას აუდიტის სამსახური თავის ანგარიშში აძლევს რეკომენდაციას სახელმწიფო პროგრამებისა თუ საბინაო ფონდის ეფექტურად განკარგვის მიზნით.

ამავე თემაზე

https://netgazeti.ge/news/39831/

ქედის მერია სოფლებისთვის სანაგვე ურნებს იყიდის

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ქედის მერია 70 ურნას შეისყიდის და სოფლებში განათავსებს. ურნების შესაძენად ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარია გამოყოფილი.

440 კილოგრამის ტევადობის 70 ფოლადის ურნაზე სახელმწიფო შესყიდვა 7 თებერვალს გამოცხადდა.

ქედის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქედის მერიის ბალანსზე არსებულ შპს „ქედის კომუნალურსერვისს“ გააქვს კვირაში ორჯერ ბათუმის ნაგავსაყრელზე გადააქვს.

სოფლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სამართავად ქედის მერიამ კონტეინერების განთავსება გასულ წელს დაიწყო.

ურნები ძირითადად სოფლისა და უბნის ცენტრებშია განთავსებული.

ტენდერი 16 თებერვალს დასრულდება.

 

ავთანდილ ბერიძისა და სხვების თანამდებობრივ დეკლარაციებს გადაამოწმებენ

უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე, ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ქონებრივი დეკლარაციის სიზუსტეს საჯარო სამსახურის ბიურო დაადგენს. საჯარო სამსახურის ბიურომ იმ თანამდებობის პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ქონებრივ დეკლარაციას ყოველწლიურად ავსებენ და რომელთა დეკლარაციაც გადამოწმდება. სიაში სულ 290 პირია. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, თანამდებობის პირებს დააჯარიმებენ.

აჭარის რეგიონიდან სულ 16 ადამიანის ქონებრივ დეკლარაციას გადაამოწმებენ:

ირაკლი პატარიძე, 2017 წლიდან ბათუმის საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე. იგი ამავდროულად ბიზნესსაქმიანობას ეწევა;
ლევან მაისურაძე – აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი;
დავით მაკარაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
ლევან გელოვანი – მოსამართლე;
ნათია კაპანაძე – აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი;
ასლან ქათამაძე – ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის უფროსი;
ალეკო თევზაძე – ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსი;
სულიკო სურმანიძე – ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;
მირზა ბახტაძე – ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
დურსუნ ჩხეიძე – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი;
თემურ დუმბაძე – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი [ენმ];
თამაზ მურადიშვილი – ხელვაჩაურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი;
ზაზა ზოიძე – შუახევის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი;
სოსლან ზოიძე – შუახევის საკრებულოს წევრი[ენმ];
ირაკლი ჯორბენაძე – ხულოს საკრებულოს წევრი[ენმ].

რის მიხედვით შეარჩია ბიურომ ადამიანები, ვის ქონებრივ დეკლარაციებსაც გადაამოწმებს? – ბიუროში გვითხრეს, რომ თანამდებობის პირები სისტემამ შეარჩია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

ელგუჯა მაკალათია, საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ თანამდებობის პირების დასახელება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეეძლოთ, მაგრამ მესამე სექტორმა ეს შანსი წელს არ გამოიყენა.

„წელს მთლიანად სისტემამ შეარჩია და ამას აკვირდებოდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მესამე სექტორს აკადემიურ წრეებთან ერთად შეუძლია კომისიის შექმნა და თანამდებობის პირების დასახელება, ვის მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ან რისკი. ასეთი კომისია წელს არ შექმნილა,“ – გვითხრა ელგუჯა მაკალათიამ.

თანამდებობის პირის დასახელება, ვისი დეკლარაციაც უნდა გადამოწმდეს, მოქალაქესაც შეუძლია. დასაბუთების შემთხვევაში, მოქალაქის მიმართვას ასევე საჯარო სამსახურის ბიუროში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს.

რატომ არ დასრულდა შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად შუახევში ადგილობრივმა ხელისუფლებამ  გასულ წელს 161 393 ლარი  გამოყო.

შუახევის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 8 აგვისტოს  შპს „ლ გრუპ“ – მა გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 118 555 ლარზე გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით  კომპანიას შენობის რეაბილიტაცია 2017 წლის 3 ნოემბრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა სარემონტო სამუშაოები ამ დღემდე არ დასრულებულა. უფრო მეტიც, პროექტში,  რომლითაც სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა მოეწყოს,  ცვლილებები ოთხ დეკემბერს შევიდა და  კომპანიას სახელშეკრულებო თანხა 10 986 ლარითა და 95 თეთრით შეუმცირდა.

შუახევის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ედნარ შარაშიძე განმარტავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროება  მშენებლობის პროცესში გამოვლინდა.

„პროექტის მიხედვით, საქვაბე შენობის გარეთ უნდა მოწყობილიყო, ცვლილების შემდეგ კი საქვაბის მოწყობა შენობაში დაიგეგმა, რამაც თანხის შემცირება გამოიწვია,“- ამბობს ედნარ შარაშიძე. მისივე თქმით, სახელშეკრულებო თანხით შენობის ინვენტარით აღჭურვა არ არის გათვალისწინებული.

„ინვენტარის  შესაძენად თანხა ბიუჯეტშია გაწერილი. მას შემდეგ, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, ინვენტარის შესაძენად ტენდერს გამოვაცხადებთ,“-ამბობს შარაშიძე.

შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა შუახევში 2017 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.

 

პროკურორი: ბავშვის ცემის ფაქტზე იუსტიციის საბჭოს მდივანი დაკითხულია

საქმე, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს – გიორგი მიქაუტაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, დღეს, 12 თებერვალს განიხილავდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [იმ დროს გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო].

ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმ დღეს კიდევ ერთი ამბავი მოხდა – არასრულწლოვნის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააპატიმრეს.

მოგვიანებით პროკურატურამ ხელახლა დაიწყო გამოძიება მოზარდის ცემის ფაქტზე, მაგრამ პროკურატურამ ძიება ვერ დაასრულა. არასრულწლოვანს, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნით სხეულის დაზიანება ჰქონდა, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს. დაზარალებულის სტატუსი გიორგი მიქაუტაძეს მიანიჭეს, რომელმაც გამოძიებას უთხრა, რომ ბავშვის მშობლები მას გონიოს პლაჟზე ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ.

„რა ეტაპზეა 2016 წელს ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ პროკურორ დავით ხარძეიშვილს დაუსვა.

„მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ რამდენიმე უწყება და თხოვნა გავუგზავნეთ, რომ ჩამოსულიყო და მიეცა ჩვენება, მაგრამ, როგორც ჩანს, თავს არიდებს,“ – გვითხრა პროკურორმა.

დავით ხარძეიშვილს ასევე ვკითხეთ, დაიკითხა თუ არა ამ საქმეზე გიორგი მიქაუტაძე. ამ შეკითხვას პროკურორმა ორი სიტყვით უპასუხა: „კი, დაკითხულია“.

დღევანდელ სასამართლო სხდომას არც გიორგი მიქაუტაძე დასწრებია და არც მოსამართლის მუქარაში ბრალდებული ცოლ-ქმარი.

არასრულწლოვნის მშობლებს – თამარ ხაჭაპურიძესა და კახაბერ ხაჩიძეს თავდაპირველად, წინასწარი პატიმრობა, ასევე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა შეუფარდა. მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თქვა, რომ ამ კონკრეტულმა მოსამართლემ – ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

გასაჩივრების შემდეგ წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეიცვალა და ცოლ-ქმარი გაათავისუფლეს. ამჟამად ოჯახი დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე სამედიცინო დაწესებულებაში ჩაწერის ცნობები წარმოადგინეს იმის დასადასტურებლად, რომ სხდომებს ოჯახი საპატიო მიზეზით ვერ ესწრება. ერთ-ერთი ცნობით, კახაბერ ხაჩიძეს 12 თებერვალს ჰქონდა ჩანიშნული ვიზიტი ექიმთან ლონდონში.

„თუ საპატიოა გამოუცხადებლობა, მაშინ როგორ გავაგრძელოთ სხდომა? მათ აქვთ სხდომაზე დასწრების უფლება,“ – აღნიშნა მოსამართლემ.

„ეს თარიღების დამთხვევა ხდება პროცესის გაჭიანურების მიზნით. თუ თავს არიდებენ გამოცხადებას, შესაძლოა, ვიმსჯელოთ აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე,“ – თქვა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკვე მეექვსე შემთხვევაა, როცა ლონდონში მყოფი თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის მოტივით არ ცხადდებიან სასამართლოში.

„ამის მიუხედავად კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ შანსი. ამ ეტაპზე სასამართლო თავს შეიკავებს სხვა შეფასებისგან,“ – დასძინა მოსამართლემ.

მორიგი სხდომა 23 თებერვალს გაიმართება. მომავალ სხდომაზე ხვიჩა კიკილაშვილისთვის ცნობილი გახდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი მიქაუტაძე მის დანიშვნაზე. მოსამართლე უკვე მონაწილეობდა მოსამართლეების კონკურსში. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ხვიჩა კიკილაშვილი, რომელსაც მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა ერთ წელში ეწურება, უვადოდ დაინიშნება. ამის შესახებ გადაწვეტილება გიორგი მიქაუტაძემაც უნდა მიიღოს.

„ხომ არ აწყობდა სხდომის გადადება თავად მოსამართლეს, რადგან რამდენიმე დღეში მისი უფლებამოსილების საკითხი გაირკვევა?“ – ეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტს, პაატა დიასამიძეს ვკითხეთ. ის სასამართლოში თამარ ხაჭაპურიძის ინტერესებს იცავს.

„სასამართლომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, მას ამის უფლებამოსილება ჰქონდა. თამარ ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი იყო სამედიცინო ცნობები. მისი სურვილი იყო ის, რომ გამოუცხადებლობა ჩათვლოდათ საპატიოდ,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

პროკურორთან გასაუბრების შემდეგ „ბათუმელებმა“ ადვოკატებს ჰკითხა: რატომ არ მისცა ჩვენება არასრულწლოვანმა გამოძიებას ცემის საქმეზე? – ადვოკატი სულხან კაპანაძე ამბობს, რომ არასრუწლოვანი მკურნალობის კურსს ბრიტანეთში გადის, თუმცა ვიდრე ის ქვეყნიდან გაემგზავრებოდა, პროკურატურას გამოკითხვისთვის რამდენიმე თვე ჰქონდა.

„ამის მიუხედავად, ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, არსებობს გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ  სცემს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე არასრულწლოვანს. ეს ხელს არ უშლის საქმის დასრულებას,“ – განმარტავს კახაბერ ხაჩიძის ინტერესების დამცველი, სულხან კაპანაძე.

 

 

 

 

ვაკანსია სახალხო დამცველის აჭარის ოფისში

სახალხო დამცველი აჭარაში რეგიონული წარმომადგენლის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. გამარჯვებული სამი თვის გამოსაცდელი ვადით იმუშავებს, თანამდებობრივი სარგო კი, შეთანხმებით განისაზღვრება.

კონკურსის მოთხოვნების მიხედვით, კონკურსანტი უნდა იყოს უმაღლესი განათლებით, სამუშაო გამოცდილება ერთი წელი, პროფესიით იურისტი.

სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენელს ევალება:

  • აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლობა; სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ან სახალხო დამცველის ინიციატივით დაწყებული, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული საქმის შესწავლა და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტის მომზადება;
  • აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის კუთხით მდგომარეობის შესწავლა, ძირითადი ტენდენციების გამოკვეთა და სპეციფიკური მახასიათებლების შესაბამის ანგარიშებში ასახვა;
  • საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიების/ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შესაბამის პირებთან შეხვედრა და მათგან შესაბამისი ახსნა–განმარტების მიღება;
  • რეგიონული დეპარტამენტისა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსებისათვის წინადადებების წარდგენა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
  • სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი;
  • შესასწავლ საქმესთან დაკავშირებული გამოთხოვილი ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და ფორმით მოწოდებაზე მონიტორინგი;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ განსახილველ/განხილულ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისათვის;
  • სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის მოადგილის/დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში, რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სხვა თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება;
  • რეგიონული დეპარტამენტისა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსების იმ დავალებების შესრულება, რომელიც გამომდინარეობს მისი საქმიანობიდან და ძირითადი მოვალეობებიდან.
  • დამატებითი ინფორმაციაიხილეთ  აქ. 

ბობოყვათში საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ავარიაში მოყვა

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში, საპატრულო პოლიციისა და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ოთხი მოქალაქე დაშავდა, რომლებსაც საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებულები ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

სამსახური, სადაც მუშაობის დასაწყებად უძრავი ქონება გჭირდება

დასაქმების ვებგვერდებზე სადისტრიბუციო კომპანიების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს თუ გადახედავთ, უმრავლეს შემთხვევაში განაცხადში იპოვით მოთხოვნას იმის შესახებ, რომ კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს „იპოთეკური ვალდებულებებისგან თავისუფალი უძრავი ქონება (ბინა ან მიწის ნაკვეთი)“.

ხშირად კომპანიები, რომლებიც პრისელერებს ან დისტრიბუტორებს ეძებენ, ასევე განსაზღვრავენ, რომ სამუშაოს მაძიებელი, რომელსაც დაასაქმებენ, აუცილებლად უნდა იყოს მამრობითი სქესის.

დასაქმების ცნობილ ვებგვერდზე, hr.ge-ზე, ამ დრომდე აქტიურია სადისტრიბუციო “კომპანია ორბიტას” და კომპანია „ორიენტის“ განცხადებები. ორივე კომპანია სამუშაოს მაძიებელს კომპანიაში დასაქმების ერთ-ერთ პირობად უძრავი ქონების გარანტად ჩადებას სთხოვს.

რატომ ითხოვს კომპანია უძრავ ქონებას დასაქმებულებიდან?

„იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ფულთან აქვს შეხება [დისტრიბუტორს], არის რისკები. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა დისტრიბუტორს „შეუჭამია“ კომპანიის კუთვნილი თანხა. ამით კომპანია იზღვევს თავის თანხას თავის თანამშრომელთან,“ – ამბობს გიორგი თურმანიძე, კომპანია „ორბიტას“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.

რატომ არ სარგებლობს კომპანია სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით და რატომ არ აზღვევს რისკებს, რაც შეიძლება სამუშაო პროცესში გაჩნდეს? „ორბიტაში“ ამბობენ, რომ ეს სერვისი  ძვირია. ამასთან, რაც უფრო დიდია რისკები, სადაზღვევოები მით უფრო მაღალ პროცენტს ითხოვენ.

„არიან სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც აზღვევენ ამ თანხებს, მაგრამ ისეთი ძვირია ეს მომსახურება, რომ, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა კომპანია იყენებს ასეთ დაზღვევას. მეორეც, როდესაც პრისელერს არანაირი ვალდებულება არ აქვს, გარდა შრომითი ხელშეკრულებისა და როცა იცის, რომ კომპანიას თანხა აქვს დაზღვეული სადაზღვევო კომპანიაში, ის მაინც გულგრილად ექცევა. პასუხისმგებლობას აღარ იღებენ და ცოტა გულგრილად იქცევიან ვიდრე, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მას უზრუნველყოფა აქვს ჩადებული და ვალდებულებები გააჩნია,“ – ამბობს გიორგი თურმანიძე.

„ორბიტას“ განაცხადში ასევე მითითებულია, რომ სამუშაოს მაძიებელი აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცი. კითხვაზე, თუ რატომ არის ვაკანსია გენდერული თვალსაზრისით შეზღუდული, გიორგი თურმანიძე პასუხობს, რომ ქალები ამ ტიპის სამუშაოს არაჯეროვნად ასრულებენ.

„კომპანიაში ყოფილა პრისელერად მანდილოსანი შერჩეული, მაგრამ არ ვიცი რისგან გამომდინარე, მამაკაცს უფრო შედეგი ჰქონია, ვიდრე ქალბატონს. საიდან მოდის ეს, ვერ გეტყვით. უფრო კაცური სამსახურია, მე ვფიქრობ,“ – ამბობს გიორგი თურმანიძე. მისი თქმით, ბოლო 4 წელიწადში  კომპანიაში სულ 10 ქალი პრისელერი და ორი ქალი სუპერვაიზერი მუშაობდა.

კიდევ ერთი კომპანია, შპს „ორიენტი“, სადაც პრისელერის შრომის ანაზღაურება ფიქსირებული 750-1750 ლარის ფარგლებშია, ხოლო დისტრიბუტორის  550-დან 1200 ლარამდე, აუცილებელ მოთხოვნებში წერს, რომ კანდიდატს უნდა გააჩნდეს ბინა ან მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც საშუალოდ 40 ათასი ლარი იქნება. „ბათუმელები“ შეეცადა კომპანიის მენეჯმენტთან გასაუბრებას, მაგრამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლებისთვის კითხვების დასმა ვერ შევძელით.

7 ათასი ლარი ერთი სახელოვნებო პროექტისთვის

ბათუმის მერია თეატრალური და სახვითი ხელოვნების სფეროში მომუშავე პირებს ერთ პროექტს დაუფინანსებს. მერიის ინფორმაციით, დაფინანსდება მინიმუმ ხუთი პროექტი. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 35 ათასი ლარია.

კონკურსის პირობების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი პროექტი. „პროექტები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ან მათ მიერ შექმნილი იურიდიული პირებისა და თუ ორგანიზაციების მიერ, არ განიხილება,“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერია ერთ პროექტში 7 ათას ლარს გადაიხდის. კონკურსში მონაწილე პირებმა სხვა ოფიციალურ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი აუდიო-ვიზუალური მასალა CD სახით; ოფიციალური მოწვევა საერთაშორისო კულტურულ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად და სარეკომენდაციო წერილი ორგანიზაციისაგან ან კერძო პირისგან.

 

გამოიცანი სხვისი ხელფასი [არაეთიკური ტესტი]

„რამდენი გაქვს ხელფასი?” – ეს ერთ-ერთი ყველაზე არაეთიკური კითხვაა სხვა მრავალს შორის. თუმცა ჩინოვნიკებისა და საჯარო პირების ხელფასი, ვისაც შენ აფინანსებ, საიდუმლო არ არის და თუ ინტერესი გკლავს, ვის რამდენი აქვს ანაზღაურება, სულაც არ ხარ უტაქტო. რამდენი ადამიანის ანაზღაურების გამოცნობა შეგიძლია?  ტესტის საშუალებით გაიგე, ვის შეიძლება ჰქონდეს  მითითებული ანაზღაურება თვეში და მონიშნე ფოტოებზე სწორი პასუხი. თანხა მითითებულია ეროვნულ ვალუტაში. არასწორი პასუხის შემთხვევაში, ფოტო გაწითლდება და ტესტი მწვანედ გიჩვენებთ სწორ ვარიანტს.

წყარო: საჯარო სამსახურის ბიურო declaracion.ge
ასევე ნახეთ:

ძლიერი აფეთქება ოზურგეთში – „ჯერ ვერ ვიტყვით, ხელყუმბარა იყო თუ არა“ 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს დილით ოზურგეთში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქება ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს, შს სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ოზურგეთში ძლიერი აფეთქება ნამდვილად მოხდა.

უწყების პრესცენტრის განცხადებით, „გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. არავინ არ არის დაშავებული. პირველადი დათვალიერებით ჩამსხვრეულია მინები, ფანჯრები. მაღაზიიდან შეტყობინება ჩვენთან დღეს დილით შემოვიდა და ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც დაადგენენ რა იყო ზუსტად. ჯერ ვერ ვიტყვით, ხელყუმბარა იყო თუ არა, თუმცა ძლიერი აფეთქების ხმა იყო.“

ინვესტორი ქობულეთის მერიისგან პარკის ნაწილს ითხოვს – საპროტესტო აქცია

ამ წუთებში ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ მიმდებარედ, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანია „კრისტალ ბილდინგმა“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6 ათასი კვ.მეტრი პარკის ნაწილი თვითნებურად შემოღობა, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, როგორც ინვესტორი, ასევე ხელისუფლება ადგილობრივების უფლებებს არღვევს.

თვითნებურად შემოღობილი მიწის გვერდით, კომპანიას პარკის ნაწილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს 200-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობისთვის მიჰყიდა. ტერიტორიაზე მშენებლობა არ დაწყებულა.

ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორმა მიწის საფასური, დაახლოებით ერთი მილიონ 648 ათასი ლარი, ორ წელში უნდა გადაიხადოს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, „ამ ტერიტორიის გასხვისება პრობლემურია, რადგან აქ მცხოვრებლებს ზღვაზე გასასვლელს უკეტავს.“

„ამას ისიც დაემატა, რომ კომპანიამ დარჩენილი პარკის ნაწილიც შემოიღობა. ზღვისპირა ქალაქი პარკით და ბულვარით ფასობს, ჩვენ კი აღარც პარკი გვრჩება და აღარც ზღვაზე გადასასვლელი. გამოდის, მხოლოდ იმ ადამიანებზე ვზრუნავთ, ვინც სასტუმროში უნდა დაისვენოს. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენთან ჩამოსულმა დამსვენებელმა 300 კილომეტრი უნდა გაიაროს, რომ ზღვაში ჩავიდეს?

ხელისუფლება ჩვენს უფლებებს არღვევს. წარმოუდგენელია, ყველაფერი შემოღობო და აქ მცხოვრებ ადამიანებს პარკში ყოფნის უფლება არ მისცე“, – გვეუბნება ქობულეთის მცხოვრები, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მერაბ ბასილიძე.

ინვესტორმა თვითნებურად შემოღობა პარკის ნაწილი,თუ ხელისუფლებამ გაყიდა? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს. მერის თქმით, მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი.

„ინვესტორმა შემოღობა ის ნაწილი, რაზეც მას აქვს ნაბართვა გაცემული და რაზეც იწყებს მშენებლობას. უბრალოდ, ღობის ნაწილი გავლებულია იქედან გამომდინარე, რომ იყოს უსაფრთხოების ნორმები დაცული მშენებლობის დროს,“ – ამბობს ის.

ხომ არ აპირებს ქობულეთის მერია  პარკის დარჩენილი  ნაწილის ინვესტორზე გადაცემას, მირიან ქათამაძე ამბობს, რომ მერიას მიმართა ინვესტორმა ინიციატივით და საკითხი განხილვის რეჟიმშია.

„მე ვარ გარანტი იმის, რომ ყველა პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საინვესტიციო განვითარებასთან დაკავშირებით, გადაწყდეს კანონის დაცვით. ვცდილობთ, რომ  მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.

ეს აქცია არის არა მოსახლეობის, არამედ პოლიტიკურად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებული პროცესი, რომ წინ აღუდგეს განვითარებას,“ – ამბობს მერი.

მირიან ქათამაძის თქმით, სასტუმროს მშენებლობა ხელს არ შეუშლის მოსახლეობის და დამსვენებლების პარკში დასვენებას ან ზღვაზე გადასვლას.

 

ქობულეთის პარკის საკადასტრო რუკა.
პარკი, რომელიც ინვესტორს მშენებლობისთვის გადაეცა.

აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთია იმ 21 ობიექტიდან, რომელიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, მთავრობამ 2006 წელს გაასხვისა. 2016 წელს ამ ქონების ნაწილი, მათ შორის ეს ტერიტორიაც ქობულეთში, აჭარის მთავრობამ ახალი შეთანხმებით დაიბრუნა და შემდეგ „კრისტალ ბილდინგზე“ გაასხვისა.

 

 

 

ყოფილი პატრული: პოლიციელები ვერ სარგებლობენ შვებულებით და 24 საათი მუშაობენ

„პოლიციელებს საშუალებას არ აძლევენ, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შვებულებით. ასევე ირღვევა მათი სამუშაო დრო და ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. არის შემთხვევები, როცა მათ არც „სმენებს“ შორის ეძლევათ დასვენების შესაძლებლობა,“ – განაცხადა დღეს, 12 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გია ხალვაშმა, ბრიფინგზე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაასახელოს კონკრეტული ადამიანები, ვინც ვერ სარგებლობს შვებულებით ან არანორმირებული გრაფიკით მუშაობენ, გია ხალვაში ამბობს, რომ მათი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან ეს შესაძლებელია მათი სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი გახდეს.

„მე თითქმის ყოველდღე მხვდებიან კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ამ პრობლემაზე მიყვებიან. ვფიქრობთ, დაღლილი და უძინარი პოლიციელი ვერ დაიცავს მოქალაქეებს, რადგან მათი უფლებები დაუცველია,“ – ამბობს გია ხალვაში.

მისი თქმით, პოლიციელები ამ თემაზე ხმამაღლა სამსახურის დაკარგვის გამო ვერ საუბრობენ. „გადაღლა შრომისუნარიანობაზე მოქმედებს და, ბუნებრივია, გვექნება პრეტენზიები, რომ პოლიციელმა უფლებამოსილებას გადააჭარბა ან არასწორად მოიქცა და ა.შ. ნორმირებული სამუშაო დრო არის კვირაში 40 საათი, ანუ ხუთი დღე, გამოსასვლელი დღე ისედაც  არ არის პოლიციაში და ესეც უკვე ითვლება არანორმირებულად“, – ამბობს ხალვაში.

მისი თქმით, არანორმირებული სამუშაო გრაფიკით პოლიციელები მხოლოდ ბათუმში მუშაობენ და თბილისში ან სხვა რეგიონებში მსგავსი სიტუაცია არ არის:

„პოლიციის შესახებ კანონის 52-ე და 53-ე მუხლები ითვალისწინებს პოლიციის შვებულებას და სამუშაო დროს, თუმცა კანონი უხეშად ირღვევა. 24-საათიანი მუშაობის შემდეგ პოლიციელები ორი დღე ისვენებენ, მაგრამ ერთი დღე, ფაქტობრივად, მათ სრულიად გამოუყენებელი აქვთ, არ რჩებათ დრო ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ურთიერთობისთვის“.

გია ხალვაში ამბობს, რომ ენმ-მ უმაღლეს საბჭოში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პოლიციელის შვებულებით სარგებლობას და სავალდებულო დასვენების უზრუნველყოფას, თუმცა ეს კანონპროექტი უმრავლესობამ ჩააგდო.

პოლიცია ცენტრალურ მმართველობას დაქვემდებარებული ორგანოა და, შესაბამისად, კანონში ცვლილების შეტანა საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა.

გია ხალვაში საპატრულო პოლიციიდან 11-12 მარტის ბათუმის მოვლენების შემდეგ დაითხოვეს.

 

 

 

Iphone კრედიტი ტარების უფლებით – M Credit-მა ბათუმში პირველი ფილიალი გახსნა

10 თებერვალს ბათუმში, ჭავჭავაძის #31-ში სალომბარდე სესხების კომპანია „ემ-კრედიტის“  ფილიალი გაიხსნა. კომპანია ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა. განსხვავებული და მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებებით მალევე გახდა პოპულარული. თბილისის სხვადასხვა უბანში წარმოდგენილი ოთხი ფილიალის შემდეგ, მომხმარებელთა თხოვნით, გადაწყდა პირველი ქალაქი, სადაც კომპანია მომსახურების ცენტრს გახსნიდა ბათუმი ყოფილიყო და ამიერიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს „ემ კრედიტის“ 24-საათიანი, მრავალფეროვანი და კომფორტული მომსახურებით ისარგებლონ.

M Creditis ფილიალი ბათუმში გაიხსნა
M Crediti -ს ფილიალი ბათუმში გაიხსნა.

კომპანია გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს და ეხმარება მსესხებლებს კრედიტის მიღებაში. პირველად ბათუმში „ემ კრედიტი“ ახალი ტიპის სასესხო  პროდუქტებს გთავაზობთ:

[checklist]

  • iPhone კრედიტი ტარების უფლებით“ – ეს „ემ კრედიტის“ ინოვაციური პროდუქტია. ამ ტიპის სესხის მისაღებად საკმარისია იყოთ iPhone-ის მფლობელი. ითხოვთ თანხას კომპანიისგან და სანაცვლოდ ტოვებთ მხოლოდ მობილურის ყუთს. ტელეფონს კი თან ატარებთ. სესხი აიფონის ტარების უფლებით 1,5 %-იანია. 1,5%-იანი პრინციპი ვრცელდება ნებისმიერი ტექნიკის დალომბარდებით მიღებულ სესხზე.
  • „საყოველთაო სესხი“ – უმტკიცდება ყველას, ვისაც რაიმე სახის ფასეული სანივთო გარანტია აქვს. ეს შეიძლება იყოს: მანქანა, დანადგარები, ელექტრო ტექნიკა, ავეჯი, ანტიკვარი, საყოფაცხოვრებო ნივთი, სარბენი ბილიკიც კი და ყველაფერი, რაც სესხის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოდგეს. 
  • „ტექნიკის პორტირება“ – კონკურენტებთან შედარებით „ემ კრედიტში“ დაბალპროცენტიანი სესხები გაიცემა და ბევრს აქვს სურვილი „ემ კრედიტში“ მიღებული თანხის საშუალებით აქვე გადმოიტანოს ნივთი. ამისთვის კომპანია წინასწარ გასცემს თანხას, რომ კლიენტმა შეძლოს სხვა ლომბარდიდან ნივთის მათთან გადმოტანა.

[/checklist]

მოქნილი პირობებისა და პროფესიონალური მომსახურების გარდა, „ემ კრედიტის“ მომხმარებლები მუდმივად იღებენ საჩუქრებს კომპანიისგან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი „ემ კრედიტის“ მომსახურებით სარგებლობენ. თანხის დაბრუნების დროს შესაძლებელია ძირი თანხის შემცირება იმ შემთხვევაში, თუ პროცენტით განსაზღვრულ თანხაზე მეტის საშუალება გექნებათ. ამ შემთხვევაში, თქვენ უკვე დარჩენილი თანხის პროცენტის გადახდა მოგიწევთ და, შესაბამისად, ფინანსური ტვირთიც შეგიმსუბუქდებათ.

M Crediti -ს ფილიალი ბათუმში გაიხსნა.
M Crediti -ს ფილიალი ბათუმში გაიხსნა.

გარდა იმისა, რომ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ტექნიკის ლომბარდით, ავტოლომბარდით და იპოთეკური სესხით ყველაზე დაბალ პროცენტში, ასევე შეუძლია სწრაფად და მარტივად, ონლაინ ან სწრაფი გადახდის საშუალებით გაიხადონ.

კომპანიის საქმიანობის ხარისხი და პარტნიორთა საიმედოობის გარანტიის 100%-იანი უზრუნველყოფა განპირობებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც „ემ კრედიტში“ არიან დასაქმებულები. კომპანიაში ამჯერად 25-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ამზადებენ სტაჟიორებსაც.

ბათუმის შემდეგ, ერთ კვირაში, „ემ კრედიტის“ ფილიალი გაიხსნება რუსთავში. მომავალში ახალი ფილეალების გახსნა იგეგმება საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც.

„ემ კრედიტი“ მომავალშიც უამრავ სიურპრიზს, გრანდიოზულ საჩუქრებს და ბევრ ინოვაციურ პროდუქტს ჰპირდება ქართველ მომხმარებელს.

სიახლეებს თვალი ადევნეთ ფეისბუქ გვერდზე – „M credit • ემ კრედიტი“

ან დარეკეთ ტელ.: 0322 88 03 01; მობ.: 593 05 95 05.

 

ხანძარი სოფელ განთიადთან

ამ წუთებში ხანძარია ბათუმთან ახლოს. როგორც ბათუმის სახანძრო სამსახურში ამბობენ, მათი ინფორმაციით, სოფლების, განთიადისა და კაპრეშუმის მახლობლად ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია.

სახანძრო სამსახური გასულია შემთხვევის ადგილზე.

 

ძველ ბათუმში ორსართულიან სახლს 30 კვადრატ ფართობზე აშენებენ [ფოტო]

ძველ ბათუმში, კოსტავას ქუჩაზე, #22-ში, 30 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებენ. მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 26 სექტემბერსაა გაცემული ბათუმის მერიის მიერ. სახლის მშენებლობა 25 მაისამდე უნდა დასრულდეს.

ის, რომ ამ პატარა ფართობზე ნამდვილად საცხოვრებელ სახლს აშენებენ, მშენებლობაზე დასაქმებულებმაც დაგვიდასტურეს. კოსტავას 22-ში არსებული ფართობი შპს „საოჯახო სასტუმრო ძველი ბათუმის“ საკუთრებაა. როგორც ამ ჯგუფის წარმომადგენელმა განმარტა, მშენებლობა წესების სრული დაცვით მიმდინარეობს და ახალი ნაგებობა ძველი ბათუმის ურბანულ სივრცეში ჩაჯდება.

ადგილი, სადაც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება

“1209” – აუდიტორია 115 საპროტესტო აქციას ბათუმშიც გამართავს

14 თებერვალს, 19:00 საათზე, ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, “აუდიტორია 115” საპროტესტო აქციას გამართავს. სტუდენტები და ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფო შრომის უსაფრთხოებას არასათანადოდ იცავს, მთავრობის უმოქმედობას გააპროტესტებენ.

“2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნესელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის. მაშინ, როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი. ეს არ არის თავისუფლება. სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომლებიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს! მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას! სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა. წინააღმდეგობის დროა!” – ნათქვამია აუდიტორია 115-ის განცხადებაში.

9 თებერვალს თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან  ახალგაზრდა ბიჭი, 26 წლის ჯარჯი ჯანჯალაშვილი გადმოვარდა და დაიღუპა. დაღუპული მუშა 1209-ე იყო იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო მშენებლობაზე დაიღუპნენ.

აუდიტორია 115 სტუდენტების მიერ დაფუძნებული მემარცხენე მოძრაობაა.

 

 

შაგანე

28 დეკემბრის ღამეს ბათუმისთვის უჩვეულოდ დიდი თოვლი მოვიდა. ეს ის ღამეა, თოვლმა „რკინის თეატრი“ რომ დაანგრია. დილით ესენინმა ციგით მიაკითხა შაგანეს და სასეირნოდ წაიყვანა. აქ უკვე მასპინძლად გრძნობდა თავს ჩრდილოელი, თოვლით და ციგით სტუმარი აღარ ეთქმოდა. ძალიან მხიარული იყო, თითქმის მახინჯაურამდე ჩავიდნენ, მაგრამ დაიღალა, ციგაზე ჩამოუჯდა შაგანეს და დიდხანს და მძიმედ სუნთქავდა.

მერე შაგანე გახდა ავად და ესენინი უვლიდა. მანდარინის მურაბიან ჩაის ასმევდა და ლექსებს უკითხავდა.

იმავე კუთხეში შეხვდნენ ერთხელაც ერთმანეთს, სადაც პირველად. მოღრუბლული იყო და ზღვაზე შტორმი იწყებოდა. არ მიყვარს ასეთი ამინდი, უთხრა შაგანეს, მაგრამ ბულვარში წავიდეთო. შაგანეც გაჰყვა თოლიების სანახავად. ესენინმა ახალი ლექსი წაუკითხა. ლექსს „შაგანე, ჩემო შაგანე“ ერქვა და იქვე აჩუქა უჯრებიანი რვეულის ორ ფურცელზე დაწერილი და ხელმოწერილი ლექსი.

იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს მის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული მოსამართლე განიხილავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის – გიორგი მიქაუტაძეს საქმის განხილვას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი რამდენიმე დღეში დაიწყებს. ორი დღის წინ ხვიჩა კიკილაშვილი მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობდა. მას უვადოდ დანიშვნა სურს. ხვიჩა კიკილაშვილის გამწესებაზე გადაწყვეტილება გიორგი მიქაუტაძემაც უნდა მიიღოს.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით განაგრძო. იმ დღეს კიდევ ერთი ამბავი მოხდა – არასრულწლოვნის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააპატიმრეს.

ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი ასევე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა განიხილა ხელვაჩაურის სასამართლოში. მან ცოლ-ქმარს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თქვა, რომ ამ კონკრეტულმა მოსამართლემ – ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

მოგვიანებით პროკურატურამ გამოძიება ხელახლა დაიწყო არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე, თუმცა უცნობია რა შედეგზე გავიდა გამოძიება, ან დაიკითხა თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელსაც ბავშვის მშობლები ადანაშაულებენ.

გამოძიება დასრულდა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მუქარის საქმეზე. გასული წლის 24 ივნისს გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ლევან მურუსიძე ჩაანაცვლა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების გამწესებაზე იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის, ხვიჩა კიკილაშვილზე, რომელსაც მოსამართლეობის ვადა ერთ წელში ეწურება და ახლა საბჭოს გადაწყვეტილებას ელის.

არჩილ ჩოფიკაშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას და ასეთ დასკვნას აკეთებს:

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც საბჭოში განსხვავებული აზრი არ ისმის, თუ მოსამართლეს კარიერის გაგრძელება სურს, უნდა მოიპოვოს საბჭოს კეთილგანწყობა.“

არჩილ ჩოფიკაშვილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იმ ნორმას გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ არ უნდა განიხილოს საქმე, თუკი „არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას“. იურისტი განმარტავს, რომ თუკი ხელვაჩაურის სასამართლოში უვადოდ გამწესებული მოსამართლე არ არის, ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა გადაწყვიტოს, პირველი ინსტანციის რომელმა სასამართლომ განიხილოს საქმე.

თამარ ხაჭაპურიძე, რომელსაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებიან, გიორგი მიქაუტაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს:

„ძნელად სარწმუნოა, რომ კიკილაშვილი იქნება ობიექტური, რადგან მომავალში მისი მოსამართლეობის ბედი აბსოლუტურად დამოკიდებულია ჩემს მოწინააღმდეგე მხარეზე, ანუ გიორგი მიქაუტაძეზე. ხვიჩა კიკილაშვილს ან სამუდამოდ გაუგრძელებენ მოსამართლეობის უფლებამოსილებას, ან შეუწყვეტენ. ცხადია, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. ცხადია, ამ გარემოებით ირღვევა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. მიქაუტაძე უნდა გადადგეს, რათა გავლენა არ მოახდინოს მართლმსაჯულების პროცესზე,“- გვითხრა თამარ ხაჭაპურიძემ.

 

 

 

 

 

პატარაძის შუამდგომლობა აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის ბიზნესის სასარგებლოდ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თითქმის იდენტური დასახელების ოთხ კომპანიას k2 კოეფიციენტის [სიმაღლეში ზრდა დასაშვებზე მეტად] გაზრდაზე ბათუმის მერიაში უშუამდგომლა. ეს კომპანიებია: „ეიჩ ბათუმი“, „ეიჩ გრუპი“, „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“ და „ეიჩ გრუპ ბათუმი“. ოთხივე მათგანის დამფუძნებლები პარტნიორულ ურთიერთობაში არიან აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსთან, ჯონი ბაკურიძესთან.

კომპანია „ეიჩ ბათუმი“ ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც მოახერხა ზურაბ პატარაძის მხარდაჭერის მოპოვება, სამშენებლო პროექტის სიმაღლეში გაზრდასთან დაკავშირებით. ეს კომპანია ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #67/69 /71/73 -ში მრავალფუნქციურ ობიექტს აშენებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე მიიჩნევს, რომ „საინვესტიციო ნაკვეთი მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად უბანში და ტურისტებისთვისაც ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია“.

ზურაბ პატარაძის შუამდგომლობის წერილის მიხედვით, რომელიც მან ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 2017 წლის 19 ოქტომბერს გადაუგზავნა, „საინვესტიციო ტერიტორიაზე მდებარეობს ორსართულიანი უსახური შენობები და ბაღჩა-ბოსტნები. მთავრობის თავმჯდომარის მოსაზრებით, თუ ამ ყველაფერს 25-სართულიანი თანამედროვე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი ჩაანაცვლებს, ეს ხელს შეუწყობს როგორც იქ მცხოვრებთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ასევე ქალაქის ამ უბნის განვითარებასა და კეთილმოწყობას“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიის დამფუძნებელი და 60 პროცენტის მფლობელი რუსუდან ბერიძეა, თანამფლობელები არიან ზურაბ ველიაძე [30%] და რაულ გოგიტიძე [10%] კომპანია 2017 წლის ივლისშია დაფუძნებული.

იმავე ქუჩაზე, ტბელ აბუსერიძისა  და ფიროსმანის კვეთაში, 25-სართულიან მრავალფუნქციურ სახლს კომპანია „ეიჩ გრუპი“ აშენებს. ზურაბ პატარაძეს ამ კომპანიისთვისაც აქვს მშენებლობის სიმაღლეში გაზრდის შუამდგომლობა [k2 კოეფიციენტი] გაცემული. კომპანიის დირექტორი „ეიჩ ბათუმის“ მფლობელი რუსუდან ბერიძეა, ერთ-ერთი თანამფლობელი კი აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ჯონი ბაკურიძე.

მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე „კომპანია არანაკლებ 60-ნომრიან სასტუმროს, საზოგადოებრივ-კომერციულ ობიექტებს, ფიტნესს, აპარტამენტებს, ავტოპარკინგს და კაზინოს აშენებს.“ მისივე ინფორმაციით, შენობის საორიენტაციო სიმაღლე 110 მეტრია. მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „პროექტი მნიშვნელოვანია ქალაქმშენებლობითი, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტის კუთხითაც“.

კომპანია 2016 წლის აგვისტოშია დაფუძნებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, დაფუძნების დღიდან ამ კომპანიის 80% აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, ჯონი ბაკურიძეს ეკუთვნოდა. დარჩენილი 20%-ი კი ზურაბ ველიაძის საკუთრება იყო.

დღეის მდგომარეობით, „ეიჩ გრუპს“ შვიდი პარტნიორი იყოფს, კომპანიის თანამესაკუთრეები არიან: ჯონი ბაკურიძე [15%] , ნუგზარ ბაკურიძე [ 15%] და ზურაბ ველიაძე, რომელიც თავის 20 პროცენტს დღემდე ინარჩუნებს, ასევე ამირან ფაღავა [5 %], უკრაინის ორი მოქალაქე [30%],  და რუსეთის მოქალაქე მაგომედ ჩაბიევი [15].

რუსეთის მოქალაქის – მაგომედ ჩაბიევის სახელი და გვარი ასლან აბაშიძის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიებშიც ჩანს. მაგომედ ჩაბიევსა და ენვერ ცეცხლაძეს, რომელიც სოსო გოგიტიძის დისშვილია [ასლან აბაშიძის ცოლის ძმა და მისივე მთავრობის უშიშროების მინისტრი, რომლის მიმართაც საქართველოში სისიხლის სამართლის კოდექსით გამოძიება მიმდინარეობდა] ერთობლივად დაფუძნებული აქვთ კომპანია „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“, რომელიც 35-სართულიანი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას აპირებს ახალ ბულვარში.

ზურაბ პატარაძემ k2 კოეფიციენტის გაზრდაზე ამ კომპანიასაც უშუამდგომლა.  

კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია – „ეიჩ გრუპ ბათუმი“ კი ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური ტურისტული ობიექტის მშენებლობას გეგმავს. k2-ის [განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის] გაზრდაზე ჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ამ კომპანიასაც უშუამდგომლა ბათუმის მერიაში.

მერისთვის გაგზავნილ შუამდგომლობის წერილში ზურაბ პატარაძე წერს, რომ „პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ამ უბანში ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით“.  გარდა ამისა, მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, პროექტი ხუთი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებასა და საქართველოს 100 მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „ეიჩ გრუპ ბათუმი“ 2017 წლის ოქტომბერში სოფელ წინსვლაში რეგისტრირებულმა პირმა, გიორგი შერვაშიძემ დააფუძნა.

აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი კიდევ ერთი კომპანიის თანამესაკუთრეა, რომელიც ბათუმში მაღალსართულიან სახლებს აშენებს და რომელსაც ასევე ზურაბ პატარაძე  შუამდგომლობს: „ლამინი ჯგუფს“ ჯონი ბაკურიძე [60%] და ზურაბ ველიაძე [40%] იყოფენ, ხოლო კომპანიის დირექტორი „ეიჩ ბათუმის“ მფლობელი რუსუდან ბერიძეა. კომპანია 2013 წელსა დაფუძნებული, მას შემდეგ, რაც ჯონი ბაკურიძემ თანამდებობა ჟურნალისტთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ დატოვა. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი, რუსუდან ბერიძის და ზურაბ ველიაძის თანამშრომლობა სამშენებლო ბიზნესში.

 

 

 

 

 

 

ბათუმში სმენის არმქონე პირს ტელეფონი წაართვეს

ბათუმში სმენის უნარის დარღვევის მქონე პირს მობილური ტელეფონი წაართვეს. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით დღის პირველ საათზე, ბათუმის ავტოსადგურში მოხდა. მომხდარის შესახებ პოლიცია ინფორმირებულია.

ჟესტების ენის სპეციალისტი, გულო ამაღლობელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზარალებულს პოლიციასთან კომუნიკაციაში დაეხმარა. „როგორც ზაზამ მითხრა, გადახდის აპარატთან იყო და თანხის გადარიცხვას ცდილობდა, როცა მას ერთი ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა და დასარეკად ტელეფონი სთხოვა.

საუბრის დროს ის გარკვეულ მანძილზე გავიდა. ამ დროს მასთან სხვა ბიჭი მივიდა და გამოელაპარაკა. როცა უკან მოიხედა, მეორე მამაკაცი, ვისაც ტელეფონი ათხოვა, იქ აღარ იყო. გაეკიდა, მაგრამ ვერსად იპოვა.

ძლივს მოახერხა ერთ-ერთი მძღოლისთვის აეხსნა, თუ რა შეემთხვა და მან პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა,“ – გვიყვება ამბის დეტალებს გულო. მისი თქმით, პოლიციამ ჩასარიცხი აპარატის ახლოს არსებული ვიდეოთვალები გადაამოწმა, რითაც დაზარალებულის მონათხრობი დადასტურდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თაღლითობას გულისხმობს.

აჭარის მთავრობა უსახლკაროთა პრობლემის მოსაგვარებლად ფორმულას ეძებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ  უსახლკარო ოჯახების პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლება ფორმულას ეძებს. მისი თქმით,  განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის ბინების მშენებლობაც.

„ეკომიგრანტების ძალიან მცირე ნაწილი იქნა ჩვენ მიერ დაკმაყოფილებული. არა იმიტომ, რომ ისინი თვითნებურად იყვნენ ჩასახლებული, არამედ რიგითობის მიხედვით მოუწიათ პროგრამაში ჩართვა. რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, ვმუშაობთ ვერსიებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი პრობლემის მოგვარება და ამ ვერსიებს უახლოეს პერიოდში გავაჟღერებთ,“-ამბობს რამაზ ჯინჭარაძე.

რა დროს მოიცავს მათ მიერ დასახელებული „უახლოესი პერიოდი“? – რამაზ ჯინჭარაძე კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს.

„ჩვენ განვიხილავთ ბინების მშენებლობების ვერსიაც, ბიზნესთან ურთიერთობების ვერსიასაც და ა.შ  არიან ოჯახები, რომლებიც მერიას ჰყავს აღრიცხვაზე და ცხოვრობენ ქირით, მათ არ დაურღვევიათ კანონი და არ შესახლებულან სადმე უკანონოდ. იმიტომ გაიწელა ეს პროცესი ამდენი ხანი, რომ მოსაძებნია ფორმულა, რომელიც მოერგება იმ ოჯახებს, რომლებიც არ არღვევენ კანონს და არიან საცხოვრებლის მიღების მოლოდინში. რაც მთავარია, არც ერთი ოჯახის მიმართ არ უნდა დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი,“-ამბობს მინისტრის მოადგილე.

დღეს, 10 თებერვალს, ე.წ „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას მათთვის საცხოვრებელი კორპუსების აშენებას სთხოვენ.

 

აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ირაკლი თავბერიძეს ნიშნავენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელს, ირაკლი თავბერიძეს, აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ნიშნავენ. მის შემცვლელად კი შუახევის ყოფილ გამგებელს, ტარიელ ებრალიძეს განიხილავენ.

ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნას არ ადასტურებს, თუმცა არ უარყოფს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ამ თემაზე იყო საუბარი, თუმცა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ანუ ბრძანება ჩემი დანიშვნის შესახებ, არ ყოფილა,“ – ამბობს ებრალიძე.

განათლების სამინისტროში დანიშვნის ფაქტს არც ირაკლი თავბერიძე ადასტურებს, თუმცა არც ის უარყოფს, რომ მისი შესაძლო დაწინაურება განიხილება.

„რაღაც საუბრები არის, მაგრამ ჯერჯერობით ფონდში ვმუშაობ, აქ ვარ. მოდით, დაველოდოთ მოვლენებს“, – ამბობს ირაკლი თავბერიძე.

აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ირაკლი თავბერიძის „დანიშვნის ბრძანება კანცელარიაში ჯერჯერობით არ დევს“.

”ბათუმელების” ინფორმაციით კი, ირაკლი თავბერიძეს განათლების ფონდის თანამშრომლებმა გამოსამშვიდობებელი ვახშამი უკვე გაუმართეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თანამდებობებზე დანიშნული პირები იმის გამო, რომ ამის შესახებ საჯაროდ არ უთქვამს ზურაბ პატარაძეს, თანამდებობებზე დანიშვნას არ ადასტურებენ.  ასე მოიქცა ბაგრატ მანველიძე. ,,ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, – უთხრა მან ”ბათუმელებს”, როცა განათლების სამინისტროში მისი დანიშვნის შესახებ ვკითხეთ. ამ სიტყვებიდან მეორე დღეს კი ის სამინისტროში გამოცხადდა მინისტრის მოადგილის რანგში.

ირაკლი თავბერიძე  განათლების ფონდს 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. ფონდში მუშაობამდე ის რამდენიმე კერძო კომპანიაში მუშაობდა იურისტად, მანამდე კი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ იურისტი იყო უმაღლეს საბჭოში.

შუახევის ყოფილი გამგებელი, ტარიელ ებრალიძე, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არსად მუშაობს. 6 თებერვალს მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შაბათობით ხიჭაურის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, მაგრამ ელოდება, რომ მთავრობა თანამდებობაზე დანიშნავს.

ტარიელ ებრალიძე

„ვითხოვთ, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას“ – მიმართვა მთავრობას

ამ წუთებში ე.წ „ოცნების ქალაქში“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ ამბობენ,  რომ აქციაში დაახლოებით ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. ისინი აჭარისა და საქართველოს მთავრობას მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და შექმნილ მდგომარეობაზე რეაგირებას სთხოვენ.

„ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, მარინე ბერიძეს  ესაუბრა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის და კიდევ სხვა ადგილებში ლოკალურად ჩასახლებული ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი კორპუსების აშენებას ითხოვენ.

„ჩვენ უკვე წლებია ველოდებით ხელისუფლების ნაბიჯებს, მაგრამ ჩვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არც ერთმა ხელისუფლებამ ნაბიჯი არ გადადგა. ახლა ვითხოვთ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეკომიგრანტები და სხვა სოციალურად დაუცველი ოჯახები ვართ ჩასახლებული, მთავრობამ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყოს და დაგვაკმაყოფილოს საცხოვრებელი ბინებით.

დღეს ჩვენ, აქციის მონაწილეები, ოფიციალურ წერილს ვუგზავნით ქვეყნის ხელისუფლებას, – პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და ვითხოვთ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს დავიწყებთ, ჩვენი უფლებების დასაცავად,“ -ამბობს მარინა ბერიძე.

ე.წ „ოცნების ქალაქში“ დაახლოებით 3 ათასი ოჯახია ჩასახლებული. სხვადასხვა ლოკაციაზე მთლიანობაში 5 ათასამდე ოჯახია, რომლებიც მათ მიერვე აშენებულ ხის ქოხებში ცხოვრობენ. ბევრმა მათგანმა ბეტონის სახლები აიშენა. ჩასახლებულ ტერიტორიაზე არ არსებობს ინფრასტრუქტურა, მოქალაქეებს კომპანიებისგან არ მიეწოდებათ წყალი, ხოლო ელექტროენერგიას საერთო მრიცხველიდან იღებენ.

აქციის მონაწილეები აანონსებენ მარტის თვიდან საპროტესტო აქციების გაგრძელებას აჭარის მთავრობის სახლის წინ.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის დაწყებას მოითხოვენ.
ფოტო: როინ გუნდაძე
აქციის მონაწილეები მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის დაწყებას მოითხოვენ.
ფოტო: როინ გუნდაძე

 

 

როგორ რეგულირდება გერმანიაში საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვა

არის თუ არა შეზღუდვები საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვაზე ევროკავშირის ქვეყნებში? „ბათუმელები“ მაკა გოგიბერიძეს ესაუბრა, რომელიც 20 წელია გერმანიაში, დიუსელდორფში ცხოვრობს.

მაკა ამბობს, რომ გერმანიაში საახალწლო პიროტექნიკა იყიდება, ოღონდ კატეგორიების მიხედვით და რეგულაციების დაცვით:

„მაგალითად, არასაშიში შუშხუნები, ხმის გარეშე, რომელსაც დაბადების დღეებზე და ახალ წელსაც იყენებენ, იყიდება მთელი წლის მანძილზე. ამ შუშხუნების ყიდვა შეუძლიათ ბავშვებსაც, მხოლოდ 12 წლის ასაკის შემდეგ.

მეორე კატეგორიის – საახალწლო შუშხუნები, რომლებმაც შესაძლოა რაღაც საფრთხე შეუქმნას ადამიანს, იყიდება მხოლოდ საახალწლოდ და გარკვეულ მაღაზიებს აქვთ მისი გაყიდვის უფლება. მათი ყიდვა შეუძლიათ 18 წლის ადამიანებს. ასეთი შუშხუნის შეძენისას აუცილებლად მოგთხოვენ მაღაზიაში პირადობის მოწმობას, თუ ეეჭვებათ, რომ 18 წლის არ ხარ“.

მაკა ამბობს, რომ ახალი წლის ღამეს გერმანიაშიც ისევე ისვრიან შუშხუნებს, როგორც საქართველოში, თუმცა წესების დაცვით. აკრძალულია აივნიდან ან სახლიდან ფეირვერკის მოწყობა. გარემო, სადაც შუშხუნას ისვრიან, უნდა იყოს თავისუფალი, რომ ირგვლივ არაფერი დაზიანდეს.

მიუხედავად რეგულაციებისა, საახალწლო პიროტექნიკასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები გერმანიაშიც ხდება. მაკა ყვება, რომ გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წელს გერმანიაში 57 ადამიანი დაშავდა და ორი დაიღუპა საახალწლო პიროტექნიკით მიღებული დაზიანებების გამო. ძირითადად, ეს არალეგალურად შეძენილი ან კუსტარულად დამზადებული პიროტექნიკური ნაწარმი იყო, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შემოწმება.

მიუხედავად იმისა, რომ წელს, საახალწლო პიროტექნიკით, საქართველოში 111 ადამიანი დაშავდა, მიღებული დაზიანებების გამო 45 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მათგან 21 ბავშვი იყო, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში ამ დრომდე არ განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პიროტექნიკაზე რაიმე ტიპის რეგულაციის დაწესებას ისახავს მიზნად.

დღემდე საქართველოში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე, არ არსებობს რეგულაცია, რომელიც შეზღუდავდა პიროტექნიკის გაყიდვის ადგილს ან მყიდველთა ასაკს.  ე.წ. „მაშხალების“, „ხლაპუშკების“ და „ბომბაჩკების“ ყიდვა შეიძლება ყველგან, მათ შორის სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან. ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია და შეძენა შეუძლიათ ბავშვებსაც.

_____________________

წაიკითხეთ ვრცლად ამ თემაზე: 111 დაშავებული და არც ერთი რეგულაცია – „რას ველოდებით?“  

ასევე: 2017 წელს საქართველოში 4 მილიონ 21 ათასი დოლარის პიროტექნიკა შემოვიდა 

რა სჭირდებათ მუსლიმ ქალებს – კვლევა აჭარაში

„მუსლიმ ქალთა საჭიროებები“- ეს არის კვლევა, რომელიც აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ხულოში, შუახევსა და ქედაში, ასევე ბათუმში ჩაატარდა. კვლევა „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ჩაატარა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. კვლევის პრეზენტაცია დღეს, 9 თებერვალს, ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გაიმართა.

კვლევაში სულ 44 მუსლიმი ქალი მონაწილეობდა. კვლევის ავტორის, ლელა ჯავახიშვილის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, მათ შორის გენდერული ნიშნით ჩაგვრის, დასაქმებისა და პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვის მხრივ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრებ მუსლიმ ქალებს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვის, გართობისა და დასაქმების.

„მუსლიმ ქალთა საჭიროებები“-კვლევის პრეზენტაცია ბათუმში

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“  წარმომადგენლის, მაკო ღავთაძის თქმით, მსგავსი პრობლემის წინაშე შესაძლებელია იდგეს არამუსლიმი ქალიც. „თუ დაინახეთ ის, რომ მუსლიმი ქალებისთვის არის განსაკუთრებულად ხელმიუწვდომელი გარემო?“ – ჰკითხა მან კვლევის ავტორს.

ლელა ჯავახიშვილის თქმით, კვლევაში მონაწილე ქალები არ საუბრობენ იმაზე, რომ რელიგიაა მათთვის შემაფერხებელი.

„მათი პერსპექტივიდან ჩანს ისე, რომ რელიგიური ნიშნით მათი სოციალური ცხოვრება არ იზღუდება და მათ ისევე შეუძლიათ სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა, როგორც მართლმადიდებელმა ქალებმა, ძირითადი პრობლემა სოციალური მდგომარეობიდან მოდის, ამიტომ ყურადღება არ გავამახვილე რელიგიის საკითხზე,“ – აღნიშნა ლელა ჯავახიშვილმა.

მისი თქმით, განსხვავება ქალაქსა და სოფელში მცხოვრებ ქალებში უფროა, რადგან სოფლად მცხოვრებლებს არ აქვთ ხელმისაწვდომი გარემო.

შემდეგი კითხვა სკოლებში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებას შეეხებოდა.  ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად სკოლაში რელიგიური თანასწორობისა და ნეიტრალიტეტის დაცვა აუცილებელია, მაგრამ კანონი ამავდროულად მხარს უჭერს რელიგიურ ინდივიდუალიზმს: „თავსაფარი მუსლიმებისთვის რელიგიური ინდივიდუალიზმის გამოხატულებაა, ამის გამო კი მათ პრობლემები ექმნებათ,“ – ამბობს მკვლევარი.

„მუსლიმ ქალთა საჭიროებები“ -კვლევის პრეზენტაცია ბათუმში

კვლევაში საუბარი იყო იმაზე, რომ  რელიგიური ნიშნით ჩაგვრა ძირითადად მართლმადიდებელი მოსწავლეების მხრიდან ხორციელდება.

„ბათუმელების“ კითხვაზე, კონკრეტულად რა ფორმით ხდება ჩაგვრა და თუ არსებობს კვლევაში კონკრეტული მაგალითები, ლელა ჯავახიშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ მაგალითებზე ქალები არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ იმას, რომ არის ქილიკისა და მცირე დაპირისპირებების შემთხვევები.

კვლევამ გამოკითხული ქალების თვითდისკრიმინაციაც აჩვენა: „ისინი თვითშეზღუდვას ავლენენ. თვითონ უკრძალავენ თავიანთ თავს ბევრ რამეს, თუმცა ამას არ უკავშირებენ რელიგიას,“ – ამბობს ჯავახიშვილი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, კვლევის მიხედვით, რა არის დაბალი თვითშეფასების მოტივი – კულტურული სტიგმები თუ განათლების ნაკლებობა? ლელა ჯავახიშვილი პასუხობს:

„თვითდისკრიმინაცია შეიძლება არა ერთ ფაქტორს მიეწეროს, მათ შორის რელიგიურ ფაქტორსაც. ეს ქალები რელიგიაში პრობლემას ვერ ხედავენ,  მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ნამდვილად ასეა. თვითდისკრიმინაციის საფუძველი შეიძლება იყოს საზოგადოებიდან წამოსული რეაქცია, ოჯახში არსებული სიტუაცია, ქალების პერსონალური მდგომარეობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება თვითონ არიან საკუთარ თავში ჩაკეტილები. შესაძლებელია ეს განპირობებული იყოს  იმით, რომ კონკრეტულ ეტაპზე, რაღაც შემთხვევის გამო, ისინი საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტენ.

ზოგჯერ თვითგამორკვევაც ვერ ხდება, ვერ გაურკვევიათ, რატომ ვერ დგამენ ამ ნაბიჯს, მაგრამ ჩემი აზრით, ისინი მაინც საზოგადოებრივ აზრს უწევენ ანგარიშს“.

კვლევაში აღნიშნულია, რომ დასაქმების დროს უპირატესობა ენიჭებათ მართლმადიდებელ კაცებს და შემდეგ მუსლიმებს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა ფორმით მოხდა ამის დადგენა, ჯავახიშვილი ამბობს, რომ  ამაზე  გამოკითხული პირები საუბრობენ.

„დასაქმება პრობლემაა თავსაფრიანი ქალებისთვის, რადგან თავსაფარი არის გამოხატული რელიგიურობის ნიშანი. იმ მუსლიმ ქალებს, რომლებიც არ ატარებენ თავსაფარს, დასაქმების ისეთივე შანსი აქვთ, როგორც მართლამდიდებელ ქალებს“.

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ აჩვენეს დოკუმენტური ფილმი სამი მუსლიმი ქალის ცხოვრებასა და ღირებულებებზე.

ივანიშვილის ხეების გადატანით დაზარალებული მოქალაქე: კომპენსაციას არ მიხდიან

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს გვერდით მცხოვრებ თამაზ არძენაძეს ხეების გადატანა პრობლემებს უქმნის. ყოველ ჯერზე, როცა ივანიშვილის ბაღისთვის შერჩეული გიგანტური ხე ჩაქვს ტოვებს, თამაზ არძენაძის ეზოში აურზაურია – გზის პირას მდებარე რკინის ღობეები იხსნება და მძიმეწონიანი მანქანები მის ეზოში მოძრაობენ. მოქალაქე ამბობს, რომ დაპირებულ კომპენსაციას არავინ უხდის, სახლის კედლები და ახალგაკეთებული მესერი დაიბზარა.

გასული წლის გაზაფხულზე თამაზ არძენაძის ოჯახში ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები მისულან. მას შემდეგ აქაურობა გადათხრილია. თამაზ არძენაძის ეზოს გავლით ბიძინა ივანიშვილის ბაღში სულ მალე კიდევ ერთ ხეს წაიღებენ, რომელსაც ძირი უკვე გამოთხრილი აქვს.

„გზის გაფართოებაა საჭირო, ამ გზაზე ხე ვერ გაივლისო,“ – გვიყვება თამაზ არძენაძე მასთან ივანიშვილის სტუმრობის დეტალებს. – „ისე შევთანხმდით, რომ ხელშეკრულება არც გაგვიფორმებია. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, აქ მოსახლეობას ვინმემ გული არ ატკინოთო. მიწის ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ თანხა მაშინვე ჩამირიცხეს, მაგრამ შემოდგომაზე ისევ მოვიდა „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენელი, ბესო დემეტრაშვილი. გზა ისევ ვიწროა და დროებით თქვენი ეზოთი ვისარგებლებთ, როცა ხე იქნება ჩამოსატარებელიო.

ჩემ წინ მამუკა მიქელაძე აშენებს სახლს, იმან არ დაუთმო მიწა და ამიტომ დარჩა საჭირო ეს. შევთანხმდით, რომ კომპენსაციას მივიღებდი, თანხის რაოდენობაზე არ შევთანხმებულვართ, მაგრამ საერთოდ არაფერს მაძლევენ. თვეში ერთხელ მაინც ღობეს ხსნიან და ჩემი ეზოდან გააქვთ მძიმეწონიან მანქანებს ხეები“.

თამაზ არძენაძემ ეზოში მესერი გვაჩვენა, ასევე სახლის კედელი, რომელიც დაბზარულია. მისი თქმით, ბზარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხეების გადატანის პროცესი დაიწყეს. რატომ გაჩნდა ბზარები, ექსპერტებს არ შეუსწავლიათ. თამაზ არძენაძე არც სასამართლოს მიმართავს. ამბობს, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან სურს შეხვედრა.

„ვფიქრობ, შუამავალი ხალხი ქმნის პრობლემას. აგერ, ეს ელექტროგადამცემი ბოძიც ნახევრად წაქცეულია. ხის ჩატარების დროს ბოძზე მავთულებს ხსნიან და მერე ხელახლა აერთებენ, მაგრამ საშინელ დღეშია. პრობლემაა სანიაღვრე სისტემაც, რომელიც უნდა მოეწყოთ, რადგან როცა გზა გაფართოვდა, ჩემი სახლის ეზოზე მაღალი გამოვიდა და ახლა მთელი ნიაღვარი წვიმის დროს ჩემთან ჩამოდის, მეზობლებსაც ვაზარალებ,“ – გვითხრა თამაზ არძენაძემ.

„ბათუმელებმა“ სცადა, „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენელთან, ბესო დემეტრაშვილთან დაკავშირება, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

რამდენიმე დღის წინ თამაზ არძენაძემ წერილით აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა. ის დახმარებას თუ შუამდგომლობას სთხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. რა მოიმოქმედა მოქალაქის უფლების აღსადგენად უმაღლესმა საბჭო? – ვკითხეთ უწყებას. „მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრეს უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში.

თამაზ არძენაძის სახლი ჩაქვში/ 09.02.2018/ გურამ მურვანიძის ფოტოები
ელექტროგადამცემი ბოძი თამაზ არძენაძის სახლთან/ გურამ მურვანიძის ფოტო

 

მორიგი ხე, რომელიც ჩაქვიდან ბიძინა ივანიშვილს მიაქვს / 09.02.2018/ გურამ მურვანიძის ფოტო

უსარგებლო საბავშვო ატრაქციონი [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება საბავშვო ატრაქციონი შუახევში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის შენობის გვერდითაა დამონტაჟებული.

ეკა ბარამიძის ფოტო

შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ არსებული ატრაქციონების რეაბილიტაცია წელს არ იგეგმება. რაც შეეხება ახალ ატრაქციონებს, ინფრასქტრუქტურის სამსახურის უფროსის, ედნარ შარაშიძის თქმით, მერია უახლოეს დღეებში შუახევის განვითარების გეგმის პროექტზე სახელმწიფო შესყიდვას გამოაცხადებს და „გენგეგმის პროექტის დამუშავების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება ინფრასტრუქტურის გამართვა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება“.

ეკა ბარამიძის ფოტო

 

 

სოფელ საციხურში მეწყრული პროცესი განვითარდა

ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ღორჯომის ხეობაში, სოფელ საციხურში, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყრული პროცესი განვითარდა. მისივე თქმით, ხულოს მერიამ ადგილის შესწავლის თხოვნით გეოლოგებს წერილით უკვე მიმართა.

ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, საფრთხის დიდი რისკები არ არის და ამ დროისთვის არც ოჯახების განსახლებაა საჭირო.

„მერიაში შემოვიდა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ნაპრალი გაჩნდა, შეტყობინებისთანავე მერიის თანამშრომლები გავიდნენ ადგილზე და ვიზუალურად დაათვალიერეს. ნაპრალი ოთხ საცხოვრებელ სახლთანაა გაჩენილი, მათგან ერთი სახლი შედარებით ახლოსაა, ნაპრალი არ არის დიდი, თუმცა გეოლოგიურ სამსახურს მივმართეთ, რომ რაც შეიძლება ოპერატიულად ამოვიდნენ და მოხდეს ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა. მერია გეოლოგიური დასკვნის შესაბამის ღონისძიებას გაატარებს,“ – ამბობს მერის მოადგილე.

2017 წელს საქართველოში 4 მილიონ 21 ათასი დოლარის პიროტექნიკა შემოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 4 მილიონ 21 ათასი დოლარის პიროტექნიკური ნაწარმი შემოვიდა, მათ შორის ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები და სხვა. ყველაზე მეტი – მილიონ 982 ათასი დოლარის საქონელი, წლის მეოთხე კვარტალშია შემოტანილი.

ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული პიროტექნიკური ნაწარმის ყველაზე დიდი რაოდენობაა. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 3 მილიონ 922 ათასი დოლარის პიროტექნიკური ნაწარმი შემოვიდა, 2016 წელს – 3 მილიონ 662 ათასი დოლარის, თუმცა ყველაზე მეტი – 4 მილიონ 145 ათასი დოლარის ღირებულების პიროტექნიკური ნაწარმი ქართულ ბაზარზე  2013 წელს შემოვიდა.

საქართველოში შემოტანილი პიროტექნიკის მზარდი სტატისტიკის კვალდაკვალ იზრდება პიროტექნიკური ნაწარმით ახალი წლის დღეებში დაზიანების შემთხვევები, თუმცა პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციაზე არ ვრცელდება არც ერთი რეგულაცია, მისი გაყიდვა შეიძლება ყველგან და არ არის შეზღუდული მყიდველთა ასაკი.

ამავე თემაზე: „ათთეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი“ – რატომ უნდა აიკრძალოს ასაფეთქებლები 

წელს საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართეს – გაკონტროლდეს პიროტექნიკის გაყიდვა, თუმცა ჯერჯერობით, პიროტექნიკასთან დაკავშირებულ რეგულაციას მთავრობა არ განიხილავს.

ამავე თემაზე: 111 დაშავებული და არც ერთი რეგულაცია – „რას ველოდებით?“

კიდევ ერთი ახალი სამშენებლო პროექტი ბათუმში, რომელმაც ქალაქს ტროტუარი წაართვა [ფოტოამბავი]

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, წრიულთან,  სამი მაღალსართულიანი სახლის წინ კიდევ ერთ მაღალსართულიან კორპუსს აშენებენ. სამშენებლო ღობის შიგნითაა მოქცეული როგორც ტროტუარი, ასევე სამანქანო გზის ნაწილი.

 

მშენებარე სახლის წინ, ე.წ. „ვოქსის ცხრიანში“ მცხოვრებნი შიშობენ, რომ ახალი პროექტი მათ ბინებს კიდევ უფრო დააბნელებს.

მშენებლობის ნებართვა ბათუმის  ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, 2017 წლის 16 ოქტომბერს გასცა.

ამ სახლის დასრულების შემდეგ წრიულის ოთხივე მხარეს მაღალსართულიანი სახლები იქნება, სამანქანო გზა კი, სავარაუდოდ, შევიწროვდება.

ადგილზე მომუშავეები ამბობენ, რომ სახლს მიწისქვეშა პარკინგი ექნება. პროექტთან დაკავშირებულ სხვა დატალებზე მათ არ ისაუბრეს.

პროექტის რენდერი

პროექტებთან დაკავშირებული დეტალები კომპანიაში ვერ დავაზუსტეთ, რადგან საინფორმაციო ბანერზე მითითებული ტელეფონის ნომერი გამორთულია.

მშენებელი კომპანია შპს „გრანდ სითია“. კომპანიის მესაკუთრეები თურქეთის მოქალაქეები არიან.

ამავე თემაზე: როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები 

სამი მერიის მიერ დახარჯული საწვავი ერთ თვეში

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტი ავტომობილი შუახევის მერიას ემსახურება, შესაბამისად, ყველაზე მეტი ოდენობის საწვავსაც შუახევის მერია ხარჯავს.

შუახევის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ანზორ ცეცხლაძის ინფორმაციით, მერიის ბალანსზე არსებული 14 ავტომობილიდან გამართულ მდგომარეობაში ათი ავტომობილია, სახელმწიფო ავტომობილები აქ მერს, მერის ორ მოადგილეს და ყველა სამსახურს ემსახურება. რაც შეეხება საწვავის ლიმიტს, თვის განმავლობაში შუახევის მერიის თანამშრომლებისთვის 1950 ლიტრი საწვავია გაწერილი.

შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე, თვეში 550 ლიტრ საწვავს მოიხმარს, მერის ორი მოადგილე – 300, შიდა აუდიტის სამსახური – 100, განათლებისა და შესყიდვის სამსახური – 50, სხვა სამსახურები კი – 150 ლიტრ საწვავს ხარჯავენ ყოველთვიურად.

შუახევის მერიისგან განსხვავებით, ქედის მერია 150 ლიტრით ნაკლებ საწვავს ხარჯავს.

ქედის მერიას რვა ავტომობილი ემსახურება – მერს, ლევან გორგილაძეს, მერის ორ მოადგილეს, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და სამხედრო სამსახურებს. შუახევის მერისგან განსხვავებით, ქედის მერი, ლევან გორგილაძე, თვეში 50 ლიტრით მეტ საწვავს ხარჯავს. რაც შეეხება მოადგილეებს, ქედის მერის პირველი მოადგილისთვის – 300, მოადგილესთვის – 250 ლიტრი საწვავია გაწერილი, ჯანდაცვისა და ზედამხედველობის სამსახურისთვის თვეში – 150, არქიტექტურის სამსახურისთვის – 250 და სამხედრო სამსახურისთვის 100 ლიტრი.

რაც შეეხება ხულოს მერიას, ხულოს მერიის ბალანსზე ათი ავტომობილია. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, ათი ავტომობილიდან ცხრა ავტომობილია გამართულ მდგომარეობაში. რაც შეეხება საწვავს, მისივე ინფორმაციით, გასულ თვეში საწვავის ლიმიტი მხოლოდ ხუთ ავტომობილზე გაიცა.

ამ დროისთვის ხულოს მერიაში ავტომობილი მერს, გოჩა მელაძეს, მერის მოადგილეს, მერიის ზედამხედველობის, ინფრასტრუქტურისა და სამხედრო სამსახურს ემსახურება. მერი ერთ თვეში 750 ლიტრ საწვავის ლიმიტს იღებს, მოადგილე – 350-ს, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებზე 100 ლიტრი საწვავია გაწერილი, სამხედრო სამსახურისთვის კი, 180 ლიტრია გათვალისწინებული.

მთავარი ფოტო: ქედიის მერიის ავტომანქანა

ვისთვის არის სავალდებული აცრა – წითელას 149 შემთხვევა აჭარაში

ბოლო მონაცემებით წელს აჭარაში წითელას 149 შემთხვევა აღირიცხა. მონაცემები მზარდია და შემთხვევათა რაოდენობა კლებისკენ არ მიდის – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ცენტრის დირექტორი, ნინო ნიჟარაძე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას:

„აცრა შესაძლებელია პოლიკლინიკებში. ვისაც არ ახსოვს და არ არის დარწმუნებული, გაკეთებული აქვს თუ არა, აუცილებლად უნდა გაიკეთოს აცრა.“

წითელას აცრა კეთდება ერთი და ხუთი წლის ასაკში. წითელა 100-პროცენტიანი გადამდებობით ხასიათდება და დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილს შეადგენენ ის ბავშვები, ვისაც აცრა გამოტოვებული აქვს ან მოზრდილი მოსახლეობა, რომელსაც თავის დროზე აცრა არ ჩაუტარებია, ან კიდევ 0-დან ერთ წლამდე ბავშვები, ვინც ჯერ ვერ მოასწრო წითელას საწინააღმდეგო აცრის ჩატარება და კონტაქტის გამო მოხდა დაავადების გადადება.

ბავშვების და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია უფასოა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრში ამბობენ, რომ აცრა არა მარტო 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის უფასოა: „თუმცა თუ პაციენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ჩვენთან არ არის რეგისტრირებული ან კერძო დაზღვევა აქვს, სასურველია მიმართოს მისი ოჯახის ექიმს, იმ დაწესებულებას, სადაც არის რეგისტრირებული და იქ ჩაიტაროს აცრა. სხვა პოლიკლინიკაში მისთვის უბრალოდ კონსულტაციაა ფასიანი, აცრა კი ყველასთვის უფასოა,“ – გვითხრა დალი დავითაძემ, ცენტრის დირექტორმა.

აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების,  გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან აუცრელი ორსული ქალები.

წითელას სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და მთელ სხეულზე.

წითელა ჰაერწვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.

დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

ამავე თემაზე: რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან 

 

Exit mobile version