მთავარი,სიახლეები

გამოსახლება – რა უნდა იცოდეთ, როცა სახლის დანგრევის სანაცვლოდ კორპუსის აშენებას გპირდებიან

31.05.2017 • 5358
გამოსახლება – რა უნდა იცოდეთ, როცა სახლის დანგრევის სანაცვლოდ კორპუსის აშენებას გპირდებიან

ანგისის ქუჩაზე სულიკო დიასამიძისა და რამაზ ბერიძის ოჯახებს ხვალ, პირველ ივნისს გამოასახლებენ. მათ უკვე მიუვიდათ აღმასრულებლის წერილი იმის შესახებ, რომ ნებაყოფლობით გამოსახლების დრო ამოიწურა. ამ ოჯახების გამოსახლებაზე სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს.

„ჩვენ ვართ თაღლითობის მსხვერპლი,“ – ამბობს ნუკრი დიასამიძე. ის ისტორიას გვიყვება, როგორ მივიდა მათთან ინვესტორის სახელით ვინმე რევაზ მიქელაძე და კერძო სახლების ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას დაჰპირდა. მხარეებმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, სადაც ეწერა, რომ მშენებელს ამ საცხოვრებელი სახლების იპოთეკით დატვირთვის უფლებაც ჰქონდა.

„ამას არ მივაქციეთ ყურადღება. მაშინ არც იურისტი გვყავდა და არც ადვოკატი. რევაზ მიქელაძემ ქალაქში სხვა მშენებლობებიც გვაჩვენა და ყველაფერი დამაჯერებელი ჩანდა,“ – ამბობს ნუკრი დიასამიძე.

ხელშეკრულება მხარეებს შორის 2010 წლის ბოლოს გაფორმდა. ანგისის ქუჩაზე მცხოვრებმა ოჯახებმა კი პროკურატურას გასული წლის ბოლოს მიმართეს, მას შემდეგ, როცა გაიგეს, რომ სახლები უკვე გაყიდული იყო და მათ გამოსახლება ელოდათ. ნუკრი დიასამიძის თქმით, მათ კომუნიკაცია ამ დრომდე ჰქონდათ რევაზ მიქელაძესთან, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ხსნიდა კორპუსის მშენებლობის გადადებას. დიასამიძეების ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება თაღლითობის მუხლით, თუმცა დაკავებული არავინაა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, მირზა მამულაძე ამბობს, რომ ოფისში არაერთი მოქალაქე მიდის მსგავსი პრობლემით, მაგრამ ხშირად ამ დროს გამოუვალი ვითარებაა. იურისტი მოქალაქეებს ურჩევს ხელშეკრულების გაფორმებამდე კონსულტაცია იურისტებთან გაიარონ.

„ხელშეკრულებით მხარეები თავად განსაზღვრავენ უფლებებსა და ვალდებულებებს. შემდეგ ისინი, შეიძლება ითქვას, ამ ხელშეკრულების მძევლები ხდებიან. ამიტომ მოქალაქეებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გამოიჩინონ წინდახედულება,“ – ამბობს მირზა მამულაძე.

იურისტი ასევე მიიჩნევს, რომ მსგავს ვითარებაში მოქალაქეებმა სამოქალაქო წესით სასამართლოს მიმართონ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. „მნიშვნელოვანია პროკურატურისთვის მიმართვაც, რადგან თუკი სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, დაზარალებულ მოქალაქეს სამოქალაქო დავის მოგების მეტი შანსი ექნება,“ – განმარტავს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

angisa 2

გადაბეჭდვის წესი


ასევე: