აჭარის მაღალმთიანეთში მიმავალი ნებისმიერი მგზავრი, რომელსაც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წონიარისის ცენტრში ერთხელ მაინც გაუვლია, კვარცხლბეკზე შემოდგმულ ტანკს აუცილებლად შენიშნავდა. ტანკი წონიარისის თემის ცენტრში 1983 წლიდან დგას. მანამდე სოფელს „დიდი ბელადის“ – სტალინის წერილი მიუღია, რომელიც1945 წლის 18 აპრილით არის დათარიღებული.
სტალინის წერილს კონკრეტული ადრესატი ჰყავდა – ჯელილ ბერიძე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქედის რაიონის ვარჯანისის თემში კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. ისტორიკოსი შალვა აბაშიძე წერს, რომ „1943 წლის იანვარში ვარჯანისის კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ჯელილ ბერიძემ, სატანკო კოლონის ასაგებად 50 000 მანეთი შეიტანა“. სწორედ ამიტომ მიუღია მას სამადლობელო წერილი მოსკოვიდან.
„გმადლობთ თქვენ, ამხანაგო ბერიძე, თქვენი მზრუნველობისათვის წითელი არმიის ჯავშანსატანკო ძალებზე. მიიღეთ ჩემი სალამი და წითელი არმიის მადლობა“, – ამ შინაარსის წერილ/სიგელის ქართულ ვერსიას ჯელილ ბერიძის შთამომავლები – შვილები და შვილიშვილები, რომლებიც წონიარისში ცხოვრობენ, დღემდე ინახავენ. აქ ამბობენ, რომ სიგელის დედანი, ანუ რუსული ვერსია, მუზეუმში უნდა იყოს დაცული.
ვარჯანისის კოლმეურნეობა საბჭოთა რეჟიმმა 1928 წელს შექმნა. ჯელილ ბერიძე ამ კოლმეურნეობის თავმჯდომარედ 1939 წელს დაუნიშნიათ. დადგენილება, რომლის საფუძველზე კოლმეურნეობამ თანხა შეაგროვა სატანკო ნაწილისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის 18 სექტემბერს მიუღიათ, კოლმეურნეობის საერთო კრებაზე.
სამადლობელო წერილიდან თითქმის 40 წლის გასვლის შემდეგ, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მოსკოვში ჯელილ ბერიძე და სოფელ წონიარისს ტანკი მიუყვანეს. ჯელილ ბერიძე მაშინ ცოცხალი ყოფილა და ტანკის გასაჩერებელი ადგილიც პირადად მას შეურჩევია – წონიარისის თემის ცენტრი, რომელიც მაშინ ვარჯანისის კოლმეურნეობის შემადგენლობაში იყო.
სოფელს ერთი წლით ადრე – 1982 წელს დაუწყია ტანკის მისაღებად სამზადისი. მოამზადეს კვარცხლბეკი, რომელზეც ამოუტვიფრავთ ტანკზე არსებული წარწერები, საბჭოთა სიმბოლოები და მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე 20 დღით ადრე გამოგზავნილი „დიდი ბელადის“ წერილის ტექსტი.
დღეს წარწერები აღარ იკითხება – ორი წლის წინ აქ ერთგვარი რეაბილიტაცია ჩაუტარებიათ და ყველა წარწერა საღებავით არის დაფარული.
აქ მცხოვრებთა თქმით, ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო – ტანკი, როდესაც სოფელში აიყვანეს, მუშა მდგომარეობაში იყო. ამ ტანკს ნაცისტური სიმბოლო – სვასტიკა ჰქონია გამოსახული. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ტანკი ფაშისტური გერმანიის ჯარის კუთვნილება უნდა ყოფილიყო და ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა არმიას ნადავლის სახით უნდა წამოეღო.
წონიარისის თემის რწმუნებული ამირან წულუკიძე იხსენებს, თუ როგორ ზარზეიმით შეხვდა სოფლის მოსახლეობა ტანკის სოფელში აყვანას.
„იმ დროს 7-8 კლასში ვიქნებოდი. მთელი წონიარისის მოსახლეობა და სკოლის 300 მოსწავლე ვიყავით შეკრებილი, ყველა ტანკის შემოყვანას ელოდა, გაიმართა კონცერტი, გრანდიოზული გახსნა იყო… მახუნცეთამდე თავისით ამოსულა ტანკი, სოფელ პირველ მაისში გაფუჭებულა და იქედან ბუქსირით ამოიყვანეს. ტანკის ამოყვანამდე, ერთი წლით ადრე კი საგანგებოდ მოაპირკეთეს ის ადგილი, სადაც ახლა ტანკია განთავსებული“, – იხსენებს ამირანი.
წონიარისის ტანკი მხოლოდ ორ ტანკისტზე ყოფილა გათვლილი.