მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი წიგნია, რომელიც ციხეში დაიწერა, მათ შორის ბევრია ისეთი, ყველას თუ არ წაუკითხავს – გაუგია მაინც.
დონ კიხოტი – მიგელ დე სერვანტესი
ესპანელი მწერალი, მიგელ დე სერვანტესი სამეფო არმიაში ინტერდანტად მსახურობდა, რაც ჯარის ნაწილების სურსათით, ტანისამოსითა და სხვა საჭირო ნივთებით მომარაგებას გულისხმობდა. ამ ყველაფრის შესაძენი ფული მან ბანკირს ანდო, რომელიც ჯარისთვის განკუთვნილ ფულთან ერთად გაუჩინარდა და 1597 წელს სერვანტესი სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. აქ დაიწყო მან „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელის“ წერა. წიგნი 1605 წელს გაიცნო მკითხველმა და ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა.
სოდომის 120 დღე – მარკიზ დე სადი
მარკიზ დე სადი სექსუალური სკანდალებით იყო ცნობილი, ორგიების გამო, რაც მკაცრად ისჯებოდა XVIII საუკუნის საფრანგეთში, სადი ციხეში ჩასვეს. მას ბრალად ედებოდა არაერთი გაუპატიურება, ძალადობა და ორგიების მოწყობა. თავიდან მისი სიკვდილით დასჯის საკითხიც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ ბასტილიის ციხეში გამოკეტეს.
ციხეში გატარებული შვიდი წლის განმავლობაში მარკიზ დე სადმა რამდენიმე პორნოგრაფიული რომანი და მოთხრობა დაწერა, მათ შორის ცნობილი „სოდომის 120 დღე ანუ გარყვნილების სკოლა“. ამ რომანს დე სადი ყველაზე ბინძურ ისტორიებს უწოდებდა, რაც კი ოდესმე ვინმეს დაუწერია.
1789 წლის 4 ივლისს მარკიზ დე სადი ციხიდან შარანტონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 14 ივლისს კი ბასტილიის ციხე ამბოხებულმა ფრანგებმა აიღეს. ყველა, მათ შორის მარკიზ დე სადის საპყრობილეშიც ბრბო შეიჭრა და განადგურდა მისი ყველა ხელნაწერი გარდა რომანისა – „სოდომის 120 დღე“, რომელიც ავტორს საგულდაგულოდ ჰქონდა დამალული ქვის კედლებში.
რომანი თავიდან მარკიზ ვილნევ ტრანთან აღმოჩნდა და ერთ საუკუნეზე მეტხანს ინახებოდა მის ოჯახში, შემდეგ კი ხელნაწერი გერმანელ ექიმსა და სექსოლოგს, ივან ბლოხს ჩაუვარდა ხელში, რომელმაც რომანი 1904 წელს გამოსცა.
მარკო პოლოს წიგნები
ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ იტალიელმა მოგზაურმა, მარკო პოლომ მონაწილეობა მიიღო გენუისა და ვენეციის ომში, ტყვედ ჩავარდა და ციხეში აღმოჩნდა. მარკო პოლო სარაინდო რომანების ავტორ რუსტიჩანოსთან ერთად დაატუსაღეს, რომელსაც აზიის ეგზოტიკურ ქვეყნებში საკუთარი მოგზაურობის შესახებ უამბობდა. რუსტიჩანოზე მარკო პოლოს მონათხრობმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გადაწყვიტა ყველაფერი დაეწერა.
რუსტიჩანოს ხელნაწერები აქამდე არ მოღწეულა, თუმცა, მოაღწია გადამწერების მიერ შექმნილმა უამრავმა ხელნაწერმა, რაც შემთხვევითი არ არის, რადგან შუა საუკუნეებში ეს წიგნები ძალიან პოპულარული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრის მონათხრობში ბევრი ფაქტობრივი შეცდომა და გამონაგონია, „მარკო პოლოს წიგნები“ უკვე 700 წელზე მეტია იპყრობს მკითხველების ყურადღებას მთელ მსოფლიოში.
ნოტრ დამ დე ფლერი – ჟან ჟენე
ჟან ჟენემ სკანდალური რომანი ციხეში, ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში დაწერა. საპყრობილეში უცნაური მიზეზით აღმოჩნდა: პრუსტის ტომი მოიპარა წიგნების მაღაზიიდან. ჟენეს „ნოტრ დამ დე ფლერი“ საფრანგეთის იატაკქვეშა სტამბაში დაიბეჭდა 1943 წელს, გამოიცა მხოლოდ 350 ეგზემპლარი.
„ნოტრ დამ დე ფლერი“ (ხშირად თარგმნიან სხვაგვარადაც: „ყვავილების ღვთისმშობელი“) ტუბერკულოზით დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი ტრანსგენდერის ამბავია. წიგნში ჟან-ჟენეს არაერთი პირადი ისტორიაა მოთხრობილი.
მზის ქალაქი – ტომაზო კამპანელა
უტოპიური რომანი „მზის ქალაქი“ ერესში ბრალდებულმა იტალიელმა ფილოსოფოსმა, ტომაზო კამპანელამ დაწერა. ფილოსოფოსი ინკვიზიციამ მიწისქვეშა საპყრობილეში მარტო გამოკეტა 1602 წელს. სენტ-ელმოს მიწისქვეშა ციხეში კამპანელამ 16 წელი გაატარა კედელს მიჯაჭვულმა.
ფილოსოფოსისადმი დამოკიდებულება მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა. ფილოსოფოსი კასტელ დელ ოვოს ციხე-სიმაგრეში გადაიყვანეს და წერა-კითხვის, ჰოროსკოპების შედგენისა და მნახველთა მიღების ნებაც კი დართეს. ამ დროს დაწერა მან სოციალური უტოპია „მზის ქალაქი“, რამაც მას საშუალება მისცა თავი წერით გადაერჩინა მარტოობისა და სიგიჟისგან.
ტომაზო კამპანელა 1629 წელს გაათავისუფლეს. ციხეში მან 30 წელი გაატარა.
De Profundis – ოსკარ უაილდი
ირლანდიური წარმოშობის ინგლისელ მწერალს ოსკარ უაილდს 1895 წელს საჯაროდ დასდეს ბრალი ჰომოსექსუალიზმში და დააპატიმრეს. თეატრებში აიკრძალა მისი პიესების დადგმა, აღარსად იყიდებოდა მისი წიგნები, ყველა მეგობარი უფრთხოდა მისი სახელის ხსენებასაც კი. მწერლის ერთადერთი მეგობარი ითხოვდა ინგლისის ხელისუფლებისგან მის შეწყალებას, ბერნარდ შოუ, თუმცა უშედეგოდ.
რედინგის ციხეში გატარებულმა წლებმა საშინლად შეარყია მწერლის ჯანმრთელობა. გათავისუფლების შემდეგ მშობლიური ინგლისიდან, რომელმაც გარიყა, ის საფრანგეთში გადადის საცხოვრებლად, სადაც მარტოობაში გარდაიცვალა 1900 წელს.
რედინგის ციხეში ოსკარ უაილდმა 1897 წელს წერილი-აღსარება De Profundis დაწერა და შეყვარებულს, ლორდ ალფრედ დუგლასს მიუძღვნა. ამ ტექსტს დიდხანს საგულდაგულოდ მალავდა მაშინდელი ინგლისური საზოგადოება და პირველად 1904 წელს გამოიცა გერმანულ ენაზე. ინგლისურად De Profundis-ის სრული ტექსტი დაწერიდან 58 წლის შემდეგ, 1962 წელს დაიბეჭდა.
შანტარამი – გრეგორ დევიდ რობერტსი
გრეგორ დევიდ რობერტსი თანამედროვე ავსტრიელი მწერალია, მისი რომანი „შანტარამი“ 2003 წელს გამოიცა. ყოფილმა ნარკომანმა და მძარცველმა ორჯერ მოიხადა ციხეში სასჯელი და შემდეგ საკუთარი ისტორიების მოყოლა წიგნის საშუალებით გადაწყვიტა. „შანტარამი“ 2003 წელს გამოიცა, ხელნაწერი, როგორც ავტორისგანაა ცნობილი ორჯერ ჩამოართვეს ციხის ზედამხედველებმა, გრეგორ დევიდ რობერტსი 10 წელი ემალებოდა სამართალდამცავებს ინდოეთში. წიგნი მისი ცხოვრების სწორედ ამ პერიოდს აღწერს.
არტურის სიკვდილი – ტომას მელორი
შუასაუკუნეების ინგლისელი მწერლის, ტომას მელორის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ რაინდი იყო და გრაფ იორიკის მხარეს იბრძოდა ინგლისის თეთრი და ალისფერი ვარდების ომში. ჰერცოგ ბეკინგემის სამფლობელოზე თავდასხმის გამო ტომას მელორი მაკსტოკის ციხეში ჩასვეს, საიდანაც, გაიქცა, მაგრამ ისევ დააკავეს.
სიცოცხლის დარჩენილი 20 წელი ტყვეობაში გაატარა. ამ პერიოდში დაამუშავა კელტური მითები, ხალხური ლეგენდები, რაინდული რომანები და დაწერა „არტურის სიკვდილი“. ტომას მელორმა მეფე არტურისა და მრგვალი მაგიდის რაინდების ყველაზე სრული კრებული შექმნა ციხეში ყოფნის პერიოდში. „არტურის სიკვდილი“ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული.
წყარო: senscritique.com eksmo