აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

მანუჩარ კაციტაძე აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსია. ინფორმაციას ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრძანება მის დანიშვნაზე უკვე ხელმოწერილია.

მანუჩარ კაციტაძე აქამდე თბილისის საპატრულო პოლიციაში მუშაობდა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო. თანამდებობრივი დეკლარაციის მიხედვით, მანუჩარ კაციტაძეს 2016 წელს მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა, ხოლო მანამდე შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტი იანვარში ლევან მაისურაძემ დატოვა. ის ამ თანამდებობაზე რვა თვეს მუშაობდა.

„ფერმერებს შეეძლებათ პროდუქციის ჩაბარება ან შეფუთვა“ – როგორ იმუშავებს ლოჯისტიკური ცენტრი

აჭარის მთავრობა მუნიციპალიტეტებში აგრომომსახურების ცენტრების მოსაწყობად 3 მილიონ-ნახევარზე მეტ თანხას ხარჯავს. ლოჯისტიკური ცენტრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. რა ეტაპზეა სამუშაოები და როდის შევა ექსპლუატაციაში ლოჯისტიკური ცენტრები? – „ბათუმელების“ შეკითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორი, ჯამბულ აბულაძე პასუხობს.

ბატონო ჯამბულ, რამდენი ლოჯისტიკური ცენტრი მოეწყობა აჭარის მასშტაბით და რა ეტაპზეა სამუშაოები?

ლოჯისტიკური ცენტრი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. მუნიციპალური ლოჯისტიკური ცენტრების გარდა, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე იქნება რეგიონული მასშტაბის ლოჯისტიკური ცენტრი. იმავე შენობაში განთავსდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ლოჯისტიკური ცენტრიც.

რაც შეეხება სამუშაოებს, ქობულეთში მშენებლობა ათ დღეში დასრულდება, ქედაში  – ერთი თვე დასჭირდება სამუშაოების დასრულებას, შუახევსა და ხელვაჩაურში კი მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, ტერიტორიაზე, სადაც ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა დაიგეგმა, სასამართლო დავა მიმდინარეობს. რომ არ დაგვიანებულიყო მშენებლობა, ცენტრისათვის სხვა ტერიტორია გამოვნახეთ, უახლოეს დღეებში მომზადდება დოკუმენტაცია და დაიწყება მშენებლობა.

შენობებში დანადგარები განთავსდება, რომელმაც ადგილზე მოწეული პროდუქციის დახარისხება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოს, ასევე  იქნება მშრალი და სამაცივრე მეურნეობა. ლოჯისტიკური ცენტრებისთვის შვიდი სპეცტექნიკა შევისყიდეთ, აქედან ექვსი სატვირთოა, ერთიც – მაცივრით აღჭურვილი ავტომობილი. ასევე, შევისყიდეთ ელექტროტვირთამწეები, სასწორები, ურიკები… მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში შევა ყველა ცენტრი.

კონკრეტულად რა ფუნქცია ექნებათ ცენტრებს?

აგრომომსახურების ცენტრის მიზანი პროდუქციის მიღება, შეფუთვა და რეალიზაციაა. ეს ცენტრები პროდუქციის ადგილზე დიდხანს დასაწყობებისთვის არ არის გათვალისწინებული, გამტარი ფუნქციით უნდა იყოს დატვირთული. პროდუქციის შეფუთვის დასრულების შემდეგ მაქსიმუმ ორი დღით დასაწყობდება და შემდეგ ცენტრალურ ლოჯისტიკურ ცენტრში მოხდება მისი ტრანსპორტირება, საიდანაც სარეალიზაციოდ ქსელში ჩაეშვება.

ვის გადაეცემა სამართავად? სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, თუ რომელიმე ორგანიზაციის?

სხვადასხვა კოოპერატივის მიერ ჩამოყალიბებულ, საერთო სასოფლო – სამეურნეო გაერთიანებას გადაეცემა, რომელიც გააკონტროლებს ლოჯისტიკური ცენტრების მუშაობას, თუმცა, ვიდრე მოხდება მსგავსი გაერთიანების ფორმირება, ვფიქრობთ, მანამდე აგროპროექტების მართვის ცენტრის დაქვემდებარებაში იქნება.

თანამშრომლების აყვანას თუ გეგმავთ?  

ვფიქრობთ. თითოეულ ცენტრში ექვსი თანამშრომელი ავიყვანოთ. თანამშრომლებს კონკურსის წესით შევარჩევთ.

ფერმერისთვის, რომელმაც სარგებელი უნდა ნახოს ამ ცენტრით, მომსახურება ფასიანი იქნება?

ფერმერს პროდუქცია ძირითადად ბათუმში ჩამოაქვს გასაყიდად, პროდუქციის ტრანსპორტირებისას არც ტრანსპორტირების ნორმებია დაცული და ვერც რეალურ ფასში ჰყიდიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. გლეხს ბაზარზე წვდომა არ აქვს, ამიტომაც ხშირად პროდუქციას გადამყიდველებს არარეალურ ფასში სთავაზობენ, სისტემის დანერგვის შემდეგ, გლეხი რეალურ ფასში გაყიდის პროდუქციას, მაგალითად, თუ ცენტრი გლეხის მოწეულ პროდუქტს ერთ ლარად გაყიდის, ამ თანხიდან 10-15 თეთრი დარჩება ცენტრს.

როდესაც ცენტრი პროდუქციის გაყიდის იმავე დღეს ფერმერს გაყიდული პროდუქციის მთლიან თანხას დაუბრუნებს, საიდანაც, შემდეგ ფერმერმა უნდა გადაუხადოს ცენტრს მომსახურების საფასური. დაახლოებით ერთი კვირის ვადაში მოხდება გაყიდული პროდუქციის თანხის ანაზღაურება ფერმერებისთვის.

ფერმერს შესაძლებლობა ექნება ცენტრში სურვილისამებრ მხოლოდ შეაფუთინოს საკუთარი პროდუქცია, რეალიზაცია კი თვითონ გაუწიოს. ასეთ დროს ფერმერი ცენტრს მხოლოდ შეფუთვის მომსახურების თანხას გადაუხდის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფერმერებთან გქონდათ თუ არა კონსულტაცია? რას ფიქრობენ ფერმერები?

ფერმერებს არაერთხელ შევხვდით, გვქონდა საუბარი, ისინი მთავარ პრობლემად პროდუქციის რეალიზაციას ასახელებენ და ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, რის გადაჭრასაც ცენტრების გახსნაში ვხედავთ.

რას ფიქრობთ, რეალიზაციის პრობლემა ხომ არ შეექმნება ცენტრებს?

ჩვენი დაკვირვებებისა და ანალიზის საფუძველზე მივედით იმ დასკვნამდე, რომ არ არის თავისუფალი კონკურენტული საბაზრო გარემო, ცენტრების გახსნა კი კონკურენტული გარემოს შექმნას ემსახურება. ცენტრი სტანდარტის შესაბამისი იქნება და პროდუქციის რეალიზაციის პრობლემაც არ უნდა შეიქმნას, თუმდაც ექსპორტზე გასატანად.

 

ზამთარი ჩერნობილში

ამ ფოტოების ავტორი კადრების გადასაღებად უკაცრიელ ჩერნობილში გაემგზავრა და ინფრაწითელი კამერით გადაიღო ატომური ელექტროსადგურის შემოგარენი. ადგილიდან, სადაც 30 წლის წინ კატასტროფული აფეთქება მოხდა, ხალხი ცდილობს შორს დასახლდეს, თუმცა მცენარეთა და ცხოველთა სამყარო მიტოვებულ ქალაქში ისევ ცოცხლობს. კამერის ეფექტი ფოტოებს მელანქოლიურ ელფერს სძენს და წლების წინ მომხდარ ტრაგედიას გვახსენებს.
წყარო: mymodernmet.com

ყინულის ლომები ბათუმიდან

სინქრონული ფიგურული სრიალის გუნდი ბათუმიდან, Ice Lions Batumi, ეინდჰოვენში, ლუმიერების თასზე, სინქრონული ციგურაობის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. მოციგურავეები კონკურსისთვის ბათუმის ყინულის სასახლეში ემზადებიან. კონკურსი ეინდჰოვენში წელს მეორედ ტარდება.

„გუნდში ყველას წარმატების მიღწევის იმედი გვაქვს. საპრიზო ადგილი ნამდვილად გვინდა. არც ერთი სპორტსმენი არ მიემგზავრება იმ შემართებით, რომ უნდა დამარცხდეს. ბუნებრივია, გვაქვს პრეტენზია საკუთარ თავთან, რომ უნდა გავიმარჯვოთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ Ice Lions Batumi-ს კაპიტანი ტატიანა ჯოჯუა.

„Ice Lions Batumi“ საქართველოში სინქრონულ მოციგურავეთა პირველი და ერთადერთი გუნდია. 2007 წელს ბათუმში ყინულის სასახლის გახსნისთვის შეკრებილი მოყვარული მოციგურავეები თავიდან მხოლოდ შოუებზე გამოდიოდნენ, როგორც დასი. დასის ყველა წევრი მცირეწლოვანი იყო, რადგან მანამდე ბათუმში ფიგურული სრიალის განვითარებისთვის არანაირი საშუალება არ არსებობდა.

მოგვიანებით დასი სპორტულ გუნდად იქცა და Ice Lions Batumi [თარგმანში – ყინულის ლომები ბათუმი] დაირქვა. პირველი წარმატება მოციგურავეებს 2015 წელს ჰქონდათ, როდესაც საერთაშორისო კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავეს. 2016 წელს კი, უნგრეთში გამართულ ბუდაპეშტის თასზე, შერეულ ასაკში, მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი აიღეს. ამ გამარჯვებამ გუნდს საშუალება მისცა უმაღლეს, ეგრეთ წოდებულ სენიორების კატეგორიაში ეასპარეზა. ბათუმელი მოციგურავეები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს ეჯიბრებოდნენ. კონკურსზე მეშვიდე ადგილი დაიკავეს. მთავარი მიღწევა – 65,5 სალიცენზიო ქულის მოპოვება იყო.

2017 წელს გუნდმა ძველი წარმატება ვეღარ გაიმეორა, რადგან დაშლის პირას იყო მისული და 7 თვის მანძილზე ვარჯიშიც კი არ ჩაუტარებია. Ice Lions Batumi-ს კაპიტანი, ტატიანა ჯოჯუა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მიზეზი მოციგურავეთა პირადი ამბები იყო.

„პრობლემების წინაშე ვიდექით, რომელიც ყველა ახალგაზრდა გუნდს უდგას ხოლმე. ჩვენი გუნდიდან ზოგი აბიტურიენტია, ზოგი ახლა გახდა სტუდენტი, ზოგიც ამთავრებს… თან საქართველოში ძალიან ცოტა მოციგურავეა. ამ წუთას გუნდში 15 მოციგურავე ვართ და შემცვლელი არ გვყავს. ეს არის მაქსიმუმი. გარკვეულ ასაკს, 15 წელს უნდა მიაღწიო, რომ გუნდში იციგურავო. 15 წლის მოციგურავეები ძალიან ცოტაა, მით უმეტეს ჩვენს ქალაქში. შარშან დავიმატეთ ერთი გოგონა ზუგდიდიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ჩვენ უმაღლეს კატეგორიაში არ ვციგურაობთ და გამოვდივართ შერეული ასაკის კატეგორიაში, არის ის, რომ ვართ 15 მოციგურავე. სენიორების კატეგორიაში რომ იასპარეზო, მინიმალური მოთხოვნაა გუნდს ჰყავდეს 16 მოციგურავე,“ – ამბობს ტატიანა.

Ice Lions Batumi-ს დღეისათვის 14 გოგო და ერთი ბიჭი მოციგურავე ჰყავს. ზინაიდა აკოფოვა, ლინდა ბოლქვაძე, ანა ჩაკვეტაძე, გურამ ჩაკვეტაძე, მეგი დოლიძე, ანა ესებიძე, ანა ჯიქია, ტატიანა ჯოჯუა, ხატია კომახიძე, ქეთევან კოპალიანი, თამუნა ლომაძე, მილენა მურადიანი, მაგდა ნაკაშიძე, ანა შაქარიშვილი და ტატიანა შირ-ოღლი – ასეთია გუნდის შემადგენლობა.

ტატიანა ჯოჯუას თქმით, Ice Lions Batumi ევროპაში საკმაოდ კონკურენტუნარიან და პერსპექტიულ გუნდად აღიქმება. მიზეზი საერთაშორისო ასპარეზობაზე გამოჩენისთანავე მიღწეული წარმატებაა იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ფიგურული სრიალის პროფესიონალი მსაჯი არ ჰყავს.

„როდესაც მსაჯი არ გყავს, რთულია. გერმანია როდესაც მოდის, 7-8 მსაჯი მოყვება მხოლოდ ერთ გუნდს. ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ მათი გუნდები დაამარცხო“.

ტატიანა და გუნდის სხვა წევრებიც იმედოვნებენ, რომ ლუმიერების თასზე წარმატებას მიაღწევენ, რაც ბელგიისკენ გაუხსნით გზას Kempen Trophy-ს საერთაშორისო სინქრონული ციგურაობის კონკურსისკენ. ამ კონკურსში არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უძლიერესი გუნდები მონაწილეობენ.

2017 Budapest Cup   Team Ice Lions Batumi Senior Free Skating

მასალაში გამოყენებული ფოტოები გამოქვეყნებულია Ice Lions Batumi-ის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

საკრებულოს წევრი, რომელიც ბათუმის მერიის ტენდერებს იგებს: „ისტორიაში შევედი“ 

ირაკლი პატარიძე ბათუმის ბიუჯეტიდან ხელფასსაც იღებს და მოგებასაც. იგი ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ამავდროულად ბიზნესმენიცაა. ირაკლი პატარიძე 50-პროცენტიან წილს ფლობს კომპანიებში – „თრეიდინგ სერვისი“ და TRADING SERVICE . ამ კომპანიასთან ტენდერის გარეშე პირდაპირ შესყიდვის ხელშეკრულებას მერიას დაქვემდებარებული უწყებები აფორმებენ.

საკრებულოში შესვლამდე ირაკლი პატარიძე მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში 2014 წლიდან. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს მისი კომპანიები მაშინაც იგებდა.

17 იანვარი – ოთხი კონტრაქტი ერთ დღეში

2018 წლის 17 იანვარს ირაკლი პატარიძის „თრეიდინგ სერვისთან“ ოთხი კონტრაქტი ზედიზედ გააფორმა ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებულმა შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა“. „თრეიდინგ სერვისი“ ძირითადად ჰიგიენური ნივთების მიწოდებაზე მუშაობს. როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია ტენდერს არ აცხადებს და პირდაპირ უფორმებს ხელშეკრულებას მისთვის სასურველ კომპანიას, ამ დროს შესყიდვის ღირებულება 5 ათას ლარს არ უნდა აჭარბებდეს. ოთხი კონტრაქტის ჯამი 13 935 ლარია.

„სხვადასხვა კლასიფიკაციის კოდით განხორციელდა შესყიდვა,“ – განმარტავს დავით ლეკვეიშვილი, „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი. მისი თქმით, ამ კომპანიასთან პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულების დადება ლოჯისტიკის სამსახურმა ურჩია, „რომელიც ბაზარს სწავლობს“.

ხომ არ უკავშირდება ერთ დღეში ოთხი ხელშეკრულების გაფორმება იმას, რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი ბათუმის საკრებულოს წევრია? – დავით ლეკვეიშვილი ირწმუნება, რომ ეს არაფერ შუაშია.

მერიის მიერ დაფუძნებულმა ამ ორგანიზაციამ ჰიგიენური ნივთების ნაწილზე ტენდერიც გამოაცხადა. ტენდერი აქაც „თრეიდინგ სერვისს“ მოუგია. საკრებულოს წევრის კომპანია ამ დროისთვის ორი ხელშეკრულების გაფორმებას ელოდება „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი ცენტრისგან“. ერთი ხელშეკრულების ფასი 9850 ლარია, მეორეს – 4140.

მერიის მიერ დაფუძნებული სხვა ორგანიზაციების ფავორიტიც საკრებულოს წევრის ბიზნესკომპანიაა. მაგალითად, ააიპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ“ მიმდინარე წლის 24 იანვარს 13 111 ლარზე გაუფორმა პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება „თრეიდინგ სერვისს“.

„სულ ორი კომპანიაა, რომელსაც შეუძლია ერთიანად ამ ნივთების მოწოდება. ეგ ყველაფერი ცალ-ცალკე მაღაზიებში რომ ვიყიდოთ, არ გამოვა, თან უმეტესობა არ მუშაობს ხელშეკრულებებზე. ჩვენთან მწირი ბაზარია ყველა მიმართულებით… სხვა კომპანიებისგანაც მივიღეთ ფასების ცხრილი. ეს ყველაზე კარგი არჩევანი იყო და დაინტერესების შემთხვევაში, გაჩვენებთ დოკუმენტებს. ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის სრული დაცვით. სულ 7 კლასიფიკატორი იყო ამ შესყიდვაში და არც ერთი მათგანი არ აჭარბებს 5 ათას ლარს,“ – გვითხრა „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ შესყიდვების სამსახურის უფროსმა, მალხაზ მახარაძემ.

2018 წელს „თრეიდინგ სერვისთან“ პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულებები ასევე გააფორმეს: სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ 1670 ლარზე, ბათუმის სპორტულმა ცენტრმა – 1142 ლარზე, აჭარის უმაღლესმა საბჭომ – 2402 ლარზე.

სამი კონტრაქტი ერთ დღეში, შემოსავალი – 63 147 ლარი

 

სამი კონტრაქტი ერთ დღეში „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ გაუფორმებია ირაკლი პატარიძის კომპანიასთან. ეს 2015 წლის 20 თებერვლის ამბავია. ამ დროს ირაკლი პატარიძე ბათუმის მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის უბანში. მერის წარმომადგენლის კომპანიამ მერიის ბიუჯეტიდან ამ დღეს, ტენდერის მოგების შედეგად, ჯამში 63 147 ლარი მიიღო.

2015 წელს „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა კიდევ ორი ხელშეკრულება გააფორმა TRADING SERVICE-სთან. 2015 წლის 9 ივლისს ირაკლი პატარიძის კომპანიამ „ბათუმის ბაღების გაერთიანების“ მორიგი ტენდერი ჰიგიენური ნივთების შეძენაზე 32 441 ლარად მოიგო, 30 ივლისს კი – 45 322 ლარად.

TRADING SERVICE-ს კიდევ ერთი დამფუძნებელი გოჩა აბუსელიძეა. ამ კომპანიას მერიისა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების არაერთი ტენდერი აქვს მოგებული იმ პერიოდში, როცა ირაკლი პატარიძე ბათუმის მერიაში მუშაობდა.

ირაკლი პატარიძე: ისტორიაში შევიდა ჩემი სახელი და გვარი…

„ირღვევა კანონი რამენაირად? პრობლემას რატომ უნდა ვხედავდე. რა მნიშვნელობა აქვს, მე მუნიციპალიტეტში ვმუშაობ თუ არა,“ – ასეთი იყო საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის რეაქცია, როცა მას ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ: ხედავთ თუ არა ინტერესთა კონფლიქტს, როცა თქვენს ბიზნესკომპანიასთან მერიის ორგანიზაციები პირდაპირ შესყიდვებს აფორმებენ.

„კომპანიას ჰყავს თავისი დირექტორი და მუშაობს თავისთვის. ჩემი მხრიდან ჩარევა და გავლენა გამორიცხულია. უბრალოდ, მე ვარ ამ კომპანიის დამფუძნებელი და მეტი არაფერი,“ – გვითხრა ირაკლი პატარიძემ.

რატომ წავიდა ირაკლი პატარიძე ბიზნესიდან საჯარო სამსახურში, როცა საჯარო მოხელეები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დაბალი ჯამაგირის შემთხვევაში, ხალხი კერძო სექტორში გადავა?

ირაკლი პატარიძე: „თქვენ თუ ასეთი დაინტერესებული ხართ ჩემი ცხოვრებით და ჩემი მომავლით, მოდით და მოგცემთ ვრცელ ინტერვიუს. ხომ შეიძლება პირისპირ შეგხვდეთ და თვალებში ჩაგხედოთ?“

საკრებულოს წევრს განვუმარტეთ, რომ მისგან მხოლოდ განმარტების მიღება გვსურდა და არა ინტერვიუს ჩაწერა. ირაკლი პატარიძემ ბიზნესიდან მერიაში გადასვლა ასე ახსნა:

„მე ერთი ვარ მხოლოდ, ვინც ბიზნესიდან საჯარო სივრცეში გადავიდა? დრო მოდის და რაღაც გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი. შეიძლება, ავდგე და ისევ ბიზნესში წავიდე. ჩემმა ცხოვრებამ განაპირობა ისე, რომ გადავწყვიტე, ვყოფილიყავი მერის წარმომადგენელი იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობ. ისტორიაში შევიდა ჩემი სახელი და გვარი იმიტომ, რომ ერთი აგური მეც დავდე ჩემი უბნისა და ქალაქის განვითარებისთვის.“

 

სოფელ ხინოს სახელი შეეცვალა – პრემიერ-მინისტრის დადგენილება

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოს გადაერქვას სახელწოდება და ეწოდოს ხინოწმინდა“ – დადგენილება, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აწერს,  2018 წლის წლის 2 თებერვლითაა დათარიღებული. ხინოწმინდა სოფელ ხინოს ძველი დასახელებაა, რომელიც სოფელში მდებარე ეკლესიას უკავშირდებოდა.

ამავე დადგენილებით, სახელი შეეცვალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშს და მას ალერტკარი ეწოდა.

სოფელი ხინოწმინდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჭახათის თემში მდებარეობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, სოფელში მხოლოდ ერთი მოსახლე ცხოვრობს.

ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია სავარაუდოდ,  IX საუკუნეშია აშენებული. ისტორიული ცნობები ხინოს შესახებ პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება.

არსებობდა ხინოწმინდის საეპისკოპოსოც. მისი დაარსების შესახებ ორი მოსაზრება არსებობს: ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას მოსაზრების თანახმად, მე-9 საუკუნეში პეტრას ბერძნული საეპისკოპოსოს გაუქმების შემდგომ, მაშინ, როდესაც აფხაზეთის სამეფო გაძლიერდა და ბიზანტიური გავლენა შესუსტდა, საეპისკოპოსო ცენტრი პეტრადან ხინოწმინდაში უნდა გადმოეტანათ, თუმცა, ამ ფაქტის დამადასტურებელი ისტორიული საბუთი შემორჩენილი არ არის. მე-17 საუკუნის მეორე ნახევრამდე წყაროებში აქ მოღვაწე მღვდელმთავართა სახელებიც კი არ არის შემორჩენილი. პირველი ხინოწმინდელი ეპისკოპოსი, რომლის სახელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის მაქსიმე I.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია მე-18 საუკუნეში ოსმალების შემოსვლის შემდგომ უნდა დანგრეულიყო, ნაწილობრივ დანგრეულ ეკლესიას მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მიწისძვრაც დაემატა. ასეთ მდგომარეობაში მოვიდა ტაძარი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე.

გასულ წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო. აღდგენითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 99 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

ბათუმის მერი: როდის უნდა აღინიშნოს ,,ბათუმობის” დღესასწაული?

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, სახალხო დღესასწაულის „ბათუმობის“ აპრილში ჩატარების ინიციატივა სოციალურ ქსელში გააჟღერა. იდეის შეფასებას ის საზოგადოებას სოციალურ ქსელშივე სთხოვს:

„ბათუმობა ყოველი სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება. თარიღი დაკავშირებულია ბათუმში 1888 წლის 25 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ჩატარებულ ხმოსანთა პირველ არჩევნებთან.

აღსანიშნავია, რომ 1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

გვსურს გავიგოთ მოსახლეობის აზრი ,,ბათუმობის“ დღესასწაულის ქალაქის სტატუსის მინიჭების დღეს აღნიშვნასთან დაკავშირებით.
,,ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნა უფრო მეტ ხალისს შესძენს ამ დღესასწაულს, რადგან გაზაფხული სიცოცხლესთან, სიახლესთან და სინათლესთან ასოცირდება.

გამოხატეთ თქვენი აზრი ,,ბათუმობის“ აღნიშვნის თარიღის გადატანასთან დაკავშირებით. განსხვავებული შეხედულების შემთხვევაში, გთხოვთ დატოვოთ თქვენი მოსაზრება კომენტარის სახით.

თქვენი აზრით, როდის უნდა აღინიშნოს ,,ბათუმობის” დღესასწაული?“ –  წერს ლაშა კომახიძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

 

ნიჟარებისა და ბამბუკის სუვენირების ოსტატი ციხისძირიდან

 

შუახევის მერიის უკანა ეზო [ფოტოამბავი]

ამ ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მოსაწყობად გასულ წელს 126 ათასი ლარი გამოიყო. ტენდერში შპს „მარეთი 777“-მა გაიმარჯვა – ხელშეკრულება 100 047 ლარსა და 7 თეთრზე გაფორმდა.

დამცავი კედელი კომპანიას გასული წლის 31 ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა, შემდეგ ვადა 20 დეკემბრამდე გაუგრძელეს.

„სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, სანიაღვრე არხი დარჩა მოსაწყობი, ცუდი ამინდების გამო ვერ დასრულდა მშენებლობა… როდესაც დასრულდება მშენებლობა, მოხდება მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება და გამწვანება“, – ამბობს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე.

მერის ინფორმაციით, ტერიტორიის მოსაპირკეთებლად და გასამწვანებლად თანხა ბიუჯეტში გაწერილი არ არის.

შუახევის მუნიციპალიტეტი

ბათუმის მერია: ანგისის ბაზა სტანდარტებს აკმაყოფილებს

ბათუმის მერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს.  ბათუმის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძის განცხადებით  მერიამ ანგისის სპორტული ბაზა მშენებლობის დასრულებამდე ჩაიბარა. ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ ანგისის ბაზაზე სამუშაოები დასრულებულია.

„ანგისის ბაზა ჩაბარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2017 წლის 25 დეკემბერს. აკმაყოფილებს სტანდარტებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც,“ – განაცხადა ჯემალ დევაძემ,  ბათუმის  მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა.

მისივე განმარტებით, სპორტული ბაზის პირველ სართულზე სამუშაოები იმის გამო არ არის დასრულებული, რომ იქ კომერციული ფართობისთვისაა ადგილი გამოყოფილი და მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ამ ადგილას სამუშაოების ჩატარებას.

„მას შემდეგ, რაც  ანგისის ბაზა საკუთრებაში  გადაეცემა ბათუმის დინამოს, ის თავად განაგებს მის [კომერციული ფართობის] ბედს და გამოიყენებს დანიშნულებისამებრ. რაც შეეხება შენობაში შიდა სამუშაოებს, კი, ნამდვილად მიმდინარეობს. ჩვენ მოვლა-პატრონობისთვის გადავეცით საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“. ჰოდა, რატომ დაიწყეს შიდა სამუშაოები, ამაზე ბათუმის „დინამოს“ხელმძღვანელობა გაგცემთ პასუხს,“ – განაცხადა ჯემალ დევაძემ.

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა შპს „ენერგოსექტორმშენმა“ დაიწყო, რომელთანაც ბათუმის მერიამ ხელშეკრულება, აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ქალაქის მერიას 2 მილიონი ლარი ავანსად ჰქონდა ჩარიცხული კომპანიისთვის. ამ ხელშეკრულების მიხედვით, სპორტული ბაზა 2016 წლის 17 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.  ახალი ხელშეკრულება 4 116 170 ლარზე „მონოლითი 2005“-თან ბათუმის მერიამ 2017 წლის 29 მარტს გააფორმა.

ამავე თემაზე:

„ნაციონალური მოძრაობა“: მერიამ სპორტული ბაზა მშენებლობის დასრულებამდე ჩაიბარა

ტენდერი ოთხჯერ – ანგისის სპორტული ბაზის ასაშენებლად

ხიდი სახლიდან ბოსლამდე [ვიდეო]

აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები მოსახლეობა მესაქონლეობასა და მეკარტოფილეობას მისდევს. ოჯახებს, რომლებიც მესაქონლეობას ეწევიან, საქონელი გამოსაკვებად მთაში გადაჰყავთ და ის მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე რჩებიან. ზამთრის პირას მემთეურები სახლში ბრუნდებიან და საქონელს ბოსელში კვებავენ, მთაში დამზადებულ ყველსა და კარაქს კი ბათუმში ბითუმად ჰყიდიან.

ეს ვიდეო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი წყალსაყარშია გადაღებული. სოფელი ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს დაახლოებით 17 კილომეტრითაა დაშორებული. აქ მცხოვრები ოჯახები თავს ძირითადად მესაქონლეობით ირჩენენ. შუახევში მკაცრი ზამთარი იცის, საქონლის მოვლა რომ გაუადვილდეთ და  უამინდობაში გადაადგილება მოსახერხებელი იყოს, საცხოვრებელი სახლები ბოსელთან დახურული კიბითაა დაკავშირებული.

მურმან ქათამაძე ცოლთან, ეთერ მჟავანაძესთან ერთად, ფერმერულ მეურნეობას წლებია ეწევა.

ვიდეო: ეკა ბარამიძე, ია ფრანგიშვილი

„იაფი სახლი“ ბათუმში – ტენდერი ისევ არ შედგა

ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ხელმისაწვდომ საცხოვრისთან, ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, არ შედგა.  ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავარაუდოდ არც ერთი კომპანია არ დარეგისტრირდა – მერიას ე.წ. „ნატ ტენდერი“ ჰქონდა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესის საბოლოოდ დასრულებამდე სრული ინფორმაცია კონკურენტებსა და მათ მიერ დაფიქსირებულ ფასებზე არ გამოჩნდება. ამ დროისთვის ტენდერს უკვე მინიჭებული აქვს სტატუსი – „არ შედგა“, ხოლო შედეგებში მონაწილე კომპანიების ან დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

ბათუმში, ჯავახიშვილის #78ა-ში, სადაც ე.წ. „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო, მერიამ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ახალი ტენდერი 11 იანვარს გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 478 000 ლარი იყო. ტენდერის მიხედვით ჩანდა, რომ ამ თანხაში მერია ითხოვდა როგორც ორივე სახლის, ასევე ეზოს კეთილმოწყობას.

ბათუმის მერიის შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, ჯავახიშვილის #78-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთში სამომავლოდ  კიდევ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაა გათვალისწინებული.

„იაფი სახლის“ ტენდერში გამარჯვებული კომპანია აქამდეც ჰყავდა ბათუმის მერიას, თუმცა „კონვენტ ჯორჯია“, რომელსაც „იაფი სახლი“ უნდა აეშენებინა, მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა. მშენებლობის დაწყებამდე მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მერია ამ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს. 

გვინდა ნიშნები მხოლოდ შემაჯამებელ გაკვეთილში იწერებოდეს – ინტერვიუ თამარ ჯაყელთან

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც სექტემბერში უნდა ამოქმედდეს, მასწავლებელს შინაარსიანი გაკვეთილების ჩატარებას ავალდებულებს. საუბარია იმაზეც, რომ უნდა შეიცვალოს მოსწავლის შეფასების დღეს არსებული მოდელი და მოსწავლე შეფასდეს არა ყოველდღიურად, არამედ შემაჯამებელი ნიშნების მიხედვით.

ამ თემაზე „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ჯაყელი ესაუბრა.

ქალბატონო თამარ, ითქვა, რომ ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით მასწავლებელი აღარ იქნება ვალდებული ყოველდღე დაწეროს ნიშანი. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია? 

გადაწყვეტილება ნიშნებთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის, ამჟამად საბაზო საფეხურის სასწავლო გეგმის რევიზია მიმდინარეობს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ შეფასების სისტემა უნდა შეიცვალოს.

ცვლილების შემთხვევაში რა კრიტერიუმით შეაფასებენ მოსწავლეს?

ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით გვაქვს ორი ტიპის შეფასება. ერთი გულისხმობს მიმდინარე შეფასებას, მეორე კი -შემაჯამებელს. ახალ სასწავლო გეგმაში დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ წინ წამოიწიოს შინაარსიანი კონტექსტი. ისეთი დავალებები, რაც რაღაც ასპექტით კავშირშია ცხოვრებასთან.

მაგალითად, თუ ბავშვს ვეტყვით, რომ დაიმახსოვრე ეს ლექსიკური ერთეულები, მხოლოდ ამის გამო რატომ დაიმახსოვრებს? მაგრამ თუ ვეტყვით, რომ წერილი მისწეროს თანატოლს, ან დაწეროს ოჯახის შესახებ, მას ინტერესი გაუჩნდება. როცა ბავშვს ეუბნები, რომ გაესაუბრები წყლის აგრეგატულ მდგომარეობაზე, ეს ბავშვს არაფერს ეუბნება. მაგრამ თუ ვეტყვით – როგორ ფიქრობთ, რატომ მოდის წვიმა? ეს უკვე სხვაგვარად აინტერესებს მას. ამ ტიპის დავალებები მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას იწვევს.

დაახლოებით რამდენი შემაჯამებელი ნიშანი უნდა დაიწეროს სემესტრში ერთ მოსწავლეზე, რომ ის საბოლოოდ შეაფასონ?  

გააჩნია საგანს, მაგრამ ერთ თემაში მინიმუმ ერთი შემაჯამებელი გაკვეთილი აუცილებელია. სემესტრში ეს შეიძლება იყოს 3-4 ან მეტიც.

დღეს, ფაქტობრივად, სკოლაში განმავითარებელი გაკვეთილები არ ტარდება – ერთი მხრივ, არის სრულიად გადატვირთული პროგრამები, სხვადასხვა მოთხოვნა და მასწავლებლებსაც ურჩევნიათ ის დავალებები გააკეთონ, რაც მათი და სკოლის ბედს წყვეტს. ახალი სასწავლო გეგმით კი ძალიან განტვირთულია პროგრამა და წინ შინაარსიანი დავალებებია წამოწეული.

დღეს ბავშვების შესაფასებლად იწერება ნიშნები. ჩვენ გვინდა, რომ ოფიციალური ნიშნები იწერებოდეს მხოლოდ შემაჯამებელ დავალებებში.

განათლების სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ დღევანდელი გაკვეთილები, ფაქტობრივად, არ არის ორიენტირებული განვითარებაზე. ახალი სასწავლო გეგმა რას შეცვლის ამ მიმართულებით?

ამიტომ ვამბობთ, რომ  შემაჯამებელი დავალებები აუცილებლად უნდა იყოს შინაარსიანი. არის კატეგორია შეფასების, რომელიც ბავშვის განვითარებაზეა ორიენტირებული და არის განმსაზღვრელი, საერთო მოთხოვნებთან მიმართებაში, სად დგას ეს ბავშვი. შემაჯამებელი დავალება შეიძლება მოიცავდეს განმავითარებელ შეფასებასაც და მიმდინარესაც, ანუ კომპლექსური უნდა იყოს.

რამდენად მზად არიან პედაგოგები სისტემური ცვლილებისთვის?

როგორ უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს დროში სასწავლო გეგმები, აქამდე ასეთი ინსტრუმენტი არ იყო, ახლა ეს ინსტრუმენტი გვაქვს და ეს დაეხმარება მასწავლებლებს მიზნის მიღწევაში. მათ მიეწოდებათ კომპლექსური დავალებების იდეები, წლიური პროგრამებით შედგენილი გზამკვლევები, სადაც დეტალურად იქნება ყველაფერი მოცემული.

ამ კომპლექსური დავალებების შესრულება სავალდებულო იქნება, თუ პედაგოგს შეუძლია არ გამოიყენოს და ძველი მეთოდებით გააგრძელოს მუშაობა?

ჩვენ ვფიქრობთ არა განსჯაზე, არამედ შეფასება-დახმარებაზე. სადაც ვერ გაკეთდება, ვნახავთ რატომ ვერ კეთდება. იმისათვის, რომ დღეს არსებული სიტუაცია შეიცვალოს. თუ სკოლაში შინაარსიანი კონტენტი არ შევიდა, მთლიანად დაიკარგება სწავლის მოტივაცია. ის, რა აქტივობაც დღეს კეთდება სკოლაში, ხშირად სკოლის კედლებს იქეთ საჭირო არ არის. ამიტომ ვამბობთ, რომ სიახლეების დანერგვის პროცესი ცალმხრივი არ არის. მასწავლებელს შეუძლია გაჰყვეს ჩვენ მიერ შექმნილ ინსტრუმენტებს და გაკვეთილის გეგმადაც კი გამოიყენოს.

ინსტრუმენტები იმიტომ კეთდება, რომ მასწავლებლებს გაუადვილდეთ მუშაობა. გზამკვლევებს უნდა მოჰყვეს ტრენინგებიც. ოღონდ აქამდე არსებულისგან ეს ტრენინგები იმით იქნება განსხვავებული, რომ არ იქნება ზოგადი ხასიათის – ადრე ტრენინგები ტარდებოდა ზოგადი ხასიათის და [ახლა] იქნება იმაზე ორიენტირებული, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა.

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც სკოლებში სახელდება, არის ის, რომ მასწავლებლების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ ახერხებს საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართვას. ახალი სასწავლო გეგმით ამის შეცვლა თუ იქნება შესაძლებელი?

სასწავლო გეგმა არ არის ჯადოსნური ჯოხი. ვფიქრობთ, ბავშვები  პროცესებში რომ ჩავრთოთ, ამ მხრივ სასიკეთო სიახლეები გვაქვს. სამინისტროში გვყავს მასწავლებლები, ვისაც მიაქვთ სკოლებში ჩვენი შედგენილი დავალებები და ვცდით. ერთი დავალება იყო ასეთი, მეშვიდეკლასელ მოსწავლეებს უნდა დაეწერათ ზღაპარი პირველკლასელებისთვის, მაგრამ სანამ ამას შეადგენდნენ, პატარა კითხვარი უნდა ჩაეტარებინათ და გაერკვიათ, რა ინტერესები ჰქონდათ პირველკლასელებს. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა ბავშვებში. იმის თქმა მინდა, რომ შინაარსიანი დავალება ეს არის მოსწავლის აქტიურობისთვის მოტივაცია.

კიდევ რა შეიცვალა ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებითი?

გარდა იმისა, რაზეც ვისაუბრეთ, სასწავლო გეგმას დაემატა თემა. იყო შიშები, საბჭოთა მოდელს ხომ არ ემსგავსება, მაგრამ ასე არ არის. თემას ჩვენ ვიღებთ როგორც შინაარსიან კონტექტს, რომლითაც უნდა დამუშავდეს ახალი სასწავლო მასალა.

თუ ბავშვმა ვერ დაინახა კავშირი სხვადსახვა ინფორმაციას შორის, მის მეხსიერებაში სტრუქტურული ცოდნა ვერ ყალიბდება. სიახლეა ასევე ის, რომ მეშვიდე-მეცხრე კლასებში გვაქვს გრძელვადიანი სასწავლო მიზნები. თუ აქამდე იყო ყოველწლიური, ახლა გვექნება საფეხურებრივი სტანდარტი.

 

 

უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში და Geverse Development-ის შემოთავაზება

უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში

გასულ წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რიცხვმა ექვს მილიონს გადააჭარბა. ერთ-ერთი დარგი, რაზეც ტურიზმის განვითარება დიდ გავლენას ახდენს, მშენებლობის სფერო და ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარია. განსაკუთრებული სამშენებლო ბუმი ტურისტულად აქტიურ ქალაქებშია და მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი ქალაქი ბათუმია.

ბათუმს განვითარების ტემპიდან გამომდინარე საცხოვრებლადაც ბევრი ადამიანი ირჩევს, შესაბამისად, ძირითადად ეკონომკლასის ტიპის საცხოვრებელ სახლებს აშენებენ, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარულია აპარტოტელის ტიპის , ე.წ „ელიტ“ და „კომფორტკლასის“ ტიპის საცხოვრებელიც.

Geverse Development - ბათუმში მშენებარე კოპმლექსის ვიდეო პრეზენტაცია

მისი შეძენა მომხმარებლისთვის ორმაგად მომგებიანია: პირველი ის, რომ საცხოვრებლად კომფორტულია და მეორე, მსგავსი ტიპის საცხოვრებელი ბინების გაქირავების ფასი თითქმის ორმაგია „ეკონომკლასის“ ბინებთან შედარებით.

„Geverse Development“-ი ლიდერია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც საცხოვრებელ კომპლექსებს აშენებენ „კომფორტკლასის“ სეგმენტში. ამ ტიპის საცხოვრებელი გამოირჩევა ორიგინალური პროექტით; საერთო სარგებლობაში არსებული ფართობი (სადარბაზო, ეზო) კეთილმოწყობილია: აქვს პარკინგი, საბავშვო გასართობი ზონა, მოვლილი ეზო, უძრავი ქონების პრესტიჟული ადგილმდებარეობა; აქვს ხელმისაწვდომი ფასი და მშენებლობის მაღალი ხარისხი.

„Geverse Development“-ის ბათუმში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების დაცვის გარდა, ზუსტად არის გათვალისწინებული მომავალი მფლობელის საჭიროებები: საცხოვრებელი ისეა დაპროექტებული, რომ შესაძლებელია ფართობის მაქსიმალურად ათვისება. ყველა სართულზე განლაგებულია განიავებადი ტექნიკური ზონა, კონდიციონერების, ბოილერებისა და ელექტროგაყვანილობებისთვის. სადარბაზოში ფუნქციონირებს მისაღები – მობინადრეს, ნებისმიერ დროს შეუძლია დაუკავშირდეს ტელეფონით. ეს ყველაფერი კი მიმზიდველი პირობაა საცხოვრებლის შემძენთათვის.

საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში შედგება ორი ბლოკისგან და მშენებლობა, უკვე დაწყებულია. „ა“ ბლოკის მშენებლობა 2018 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს, „ბ“ ბლოკის კი – 2020 წელს.

მშენებარე ბინები ბათუმში  “Geverse Development”-ისაგან უკვე ხელმისაწვდომია და ნებისმიერს შეუძლია გახდეს მათი მფლობელი!

დაგვირეკეთ დღესვე: 514 11 44 11

მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

სანაპირო რაიონებში ტემპერატურა დღისით 8-13, ღამით კი 2-7 გრადუსი იქნება.

მთაში დღისით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, ღამით – 0-5 გრადუსი ყინვა.

10 თებერვალს ღამით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა, თუმცა მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი,“  – განაცხადეს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ზღვის წყლის ტემპერატურა ამ დროისათვის 8 გრადუსია.

მთავარი ფოტო: სულხან სალაძე

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი კოლეგა კანონს არღვევს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის განცხადებით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწევა, რისი უფლებაც მას კანონით არ აქვს.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მირდატ ქამადაძე ერთი კვირის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა. „მირდატ ქამადაძის მხრიდან ფიქსირდება მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტები. როგორც ცნობილია, ის წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და ირკვევა, რომ ბატონი მირდატი, როგორც საკრებულოს მოქმედი თანამდებობის პირი, კვლავაც აგრძელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას“, – ამბობს სულიკო თებიძე.

მისი განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის, ასევე ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირს არ აქვს უფლება ეწეოდეს კერძო საადვოკატო საქმიანობას, მიუხედავად იმისა, ის ამ საქმიანობაში იღებს თუ არა ანაზღაურებას.

სულიკო თებიძის თქმით, „აქედან გამომდინარე, ივარაუდება, რომ მირდატ ქამადაძემ ან არ იცის კანონმდებლობა, ან როგორც მისი წინამორბედი პოლიტიკური სუბიექტები, თვითონაც მიჩვეულია კანონმდებლობის დარღვევას.“

სულიკო თებიძე ამბობს, რომ საკრებულო აღნიშნული ფაქტის შესახებ ოფიციალურად მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას და სხვა უფლებამოსილ პირებს. „თავად პროფესიით იურისტ მირდატ ქამადაძეს მოვუწოდებთ, რომ კარგად გაერკვეს კანონმდებლობაში, ან დარჩეს პოლიტიკური თანამდებობის პირის პოზიციაზე, ან გააგრძელოს საადვოკატო საქმიანობა. ორივე საქმიანობის ერთდროული განხორციელება არის მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა“, -აცხადებს ის.

სულიკო თებიძემ ამ საკითხზე დღეს, 8 თებერვალს, საკრებულოში  ბრიფინგი გამართა.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის მირდატ ქამადაძესაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ერთი კვირის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მართლაც იმყოფებოდა, მათი პარტიის წევრის – პაატა აციმბას სასამართლო პროცესზე და ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს თვითონ ესაუბრა.

მირდატ ქამადაძე: „სულიკო თებიძე არის ოროსანი, რადგან მე არ ვეწევი კერძო ანაზღაურებად საქმიანობას. მე ვიმყოფებოდი პაატა აციმბას სასამართლო პროცესზე, რომელიც არის ჩემი მეგობარი და მისი ადვოკატი ვარ 2014 წლიდან ამ კონკრეტულ საქმეზე, რაზეც სასამართლო პროცესები მოვიგეთ.

ეს საკითხი, რაზეც დღეს სულიკო თებიძემ ბრიფინგი გააკეთა, თვითონ წამოვწიე საკრებულოში, რომ შემდეგ კითხვები არ გაჩენილიყო. კანონში ცალსახა ჩანაწერი არ არსებობს. განმარტება ვთხოვე საკრებულოს იურისტსაც და პირდაპირი პასუხი არც მას ჰქონდა. იმის ნაცვლად, რომ ამაზე პასუხი გაეცათ, ბრიფინგი გამართეს“.

მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ის საადვოკატო საქმიანობას არ ეწევა და საკრებულოს მხოლოდ ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ ესაუბრა.

სულიკო თებიძესა და მირდატ ქამადაძეს ურთიერთობა მას შემდეგ დაეძებათ, როცა  2018 წლის 18 თებერვლის სხდომაზე ერთმანეთს „კაცურ კაცობაზე“ მიუთითეს. მაშინ სულიკო თებიძემ სხდომა დატოვა.

 

საკრებულოს წევრი: ხეები ღამით გასხლეს, რომ ივანიშვილს ხეების გადატანაში ხელი არ შეეშალოს

ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძე ამბობს, რომ ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური გზის ციხისძირის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები გუშინ ღამით გასხლეს. ბონდო თედორაძის ინფორმაციით, გასხლულია 20 ძირი ფიჭვის ხე. „ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ივანიშვილს ხეების გადატანაში ხელი არ შეეშალოს,“ – აცხადებს ქობულეთის საკრებულოს წევრი.

„ხეები ღამით ჩვენ არ გაგვისხლავს. დღისით ჩავატარეთ გეგმიური სამუშაოები,“ – გვითხრა ქობულეთის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა, ზვიად რომანაძემ.

„რატომ არის საჭირო ხეების გასხვლა ამ სიმაღლეზე?“ – მალხაზ რომანაძე განმარტავს, რომ ტოტები გადმოწეული იყო და საფრთხეს უქმნიდა მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას. „ტრაილერებს და ასე შემდეგ უქმნიდა საფრთხეს, მეტი არაფერი,“ – ამბობს ის.

ამავე თემაზე: უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს

ქობულეთში ხეების გასხვლა გასულ კვირას დაიწყეს და შაბათს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციაც გამართა. გამწვანების სამსახურში ამბობენ, რომ სამუშაოები გეგმიურია და ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანასთან კავშირი არ აქვს.

ხეების გადატანა ივანიშვილის ბაღისთვის 2016 წლის ბოლოს დაიწყეს. გასულ, 2017 წელს, სწორედ თებერვალში ამოთხარეს ხეები და ქობულეთიდან შეკვეთილში გადაიტანეს, ხეების გადატანას შარშანაც წინ უძღოდა ხეების გასხლვა. სამუშაოებს გამწვანების სამსახური ატარებდა.

ამავე თემაზე: აჭარაში ამოთხრილი გიგანტური ხეების ახალი პარტია შეკვეთილში [ფოტო]

 

„ნაციონალური მოძრაობა“: მერიამ სპორტული ბაზა მშენებლობის დასრულებამდე ჩაიბარა

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ მერიამ ანგისის სპორტული ბაზა მშენებლობის დასრულებამდე ჩაიბარა. სპორტულ კომპლექსის მშენებლობაზე  კომპანია „მონოლითი 2005“-ი მუშაობდა.

„აღნიშნული ობიექტი [კომპანიას] უნდა ჩაებარებინა 2017 წლის 25 დეკემბრამდე. წარმოგიდგენთ კომპლექსის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლებითაც დასტურდება, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია და იგი მერიამ ჩაიბარა. თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ აქ სამუშაოები არ დასრულებულა და ახლაც მიმდინარეობს. თუ სამუშაოები არ დასრულებულა, მაშინ ჩნდება კითხვა, რა ჩაიბარა ბათუმის მერიამ? სტადიონზე არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, სპორტსმენის მხრიდან ტრავმის მიღების ალბათობა არის მაღალი. წვიმაში დგება წყალი და სხვა უამრავი პრობლემა არსებობს. თუმცა ბათუმის მერიამ აქ სამუშაოები შესრულებულად „ჩათვალა“. ეს მიუთითებს, რომ ადგილი გვაქვს კორუფციასთან,“ – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.

დუმბაძე სამართალდამცავებს მოუწოდებს, გამოიძიონ სპორტული ბაზის მშენებლობის საკითხი და ასევე ის, თუ რატომ ჩაიბარა კომპლექსი ბათუმის მერიამ ნაჩქარევად.

“ბათუმელები” კომენტარისთვის ბათუმის მერიას დაუკავშირდა. მერიაში გვითხრეს, რომ განმარტებას მალე გააკეთებენ.

ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან  4 116 170 ლარი გაიხარჯა.

 

ამავე თემაზე: ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობაზე ბათუმის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა

როდის დასრულდება ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა

მთავარი ფოტო: ანგისის სპორტული ბაზა სპორტული ბაზის ფეისბუქ გვერდიდან

ბარიერების გარეშე – ბათუმის მერია იუსტიციის სახლის მსგავსი მოდელის დანერგვას გეგმავს

ბათუმის მერიის შენობის შესასვლელში დამონტაჟებული ბარიერები მოხსნეს. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მერიის მუშაობის ღიაობისა და საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომობის მიზნით მიიღეს.

მერიის ცნობით, უახლოეს მომავალში მერიაში იგეგმება იუსტიციის სახლის მსგავსი მომსახურების მოდელის დანერგვა და მოქალაქეთა მიღების სივრცეების შექმნა. იქამდე კი, მერიის შენობაში გადასაადგილებლად საჭიროა საშვის აღება, რომელსაც მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში გასცემენ.

7 მილიონი ევრო 50-მდე ახალი ადაპტირებული ავტობუსისთვის ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 10 ელექტრო და 40 დიზელზე მომუშავე ახალ ავტობუსს EBRD-ის სესხით შეიძენს. ავტობუსებისთვის დაახლოებით 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. საერთაშორისო ტენდერი ოფიციალურად გამოცხადდა და სატენდერო წინადადებების მიღება წელს 15 მარტს დასრულდება. ახალი ავტობუსები ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ასევე უნდა ჰქონდეს კონდიციონერი.

ტენდერის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა EBRD-ის გვერდზე ხელმისაწვდომი.

„ტენდერი ტარდება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად. EBRD-ს აქვს თავისი წესები. ოფიციალური სატენდერო ენა არის ინგლისური. ჩვენ  ტენდერში მონაწილე კომპანიებს ვთხოვთ და მონაწილეობისთვის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ნებისმიერი  ოფიციალური  წერილი თუ შეკითხვა დაიწეროს მეილის სახით და აუცილებლად ინგლისურ ენაზე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის მენეჯერმა გიორგი კონცელიძემ.

მისივე თქმით, დაზუსტებულია, რომ „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 10 ელექტროავტობუსს შეიძენს. რაც შეეხება დიზელზე მომუშავე ავტობუსს, „გათვალისწინებულია 40 ავტობუსის შეძენა. ტენდერი როცა დამთავრდება და გამარჯვებული გამოვლინდება,  იმის მიხედვით ვიტყვით დაზუსტებით, რამდენ ავტობუსს მოგვაწოდებს ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული  კომპანია,“ – ამბობს გიორგი კონცელიძე.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა კომპანიებმა 200 ევრო უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა შეძლონ, წინადადებები მოამზადონ დოკუმენტების მისაღებად.

„ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტი 135-გვერდიანია. ტენდერში მონაწილეობისთვის, პირველ რიგში, აუცილებელი ტენდერის დოკუმენტაციების გამოსყიდვა. მსურველი კომპანია იხდის ამ თანხას,  ჩვენს ანგარიშზე თანხის ასახვის  შემდეგ სატენდერო დოკუმენტაციას ვუგზავნით ჩვენ,“ – ამბობს გიორგი კონცელიძე.

სატენდერო კომისიის სხდომა ბათუმში გაიმართება.  კომისიის წევრების ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ტენდერში გამარჯვებიდან ექვს თვეში შეიძინოს ახალი ავტობუსები.

ბათუმის მერია ავტობუსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით ყიდულობს. ხელისუფლება ჯერ კიდევ 2015 წელს აცხადებდა, რომ გეგმავდა ავტობუსების შეძენას ბათუმისთვის.

 

აჭარაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობა არ იკლებს

აჭარის რეგიონი საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების მიხედვით, თბილისთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან ერთად პირველ სამეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი” ავრცელებს.

[red_box] ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი: ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა. იგი ვრცელდება დაავადებული ბაცილგამომყოფი პირის მიერ საუბრის, ხველის, ცემინების დროს. ტუბერკულოზის გამომწვევის მოხვედრა სასუნთქ გზებში ყოველთვის არ იწვევს ინფიცირებას და დაავადებას. თუ გამომწვევი ფილტვის ქსოვილამდე მაინც მიაღწევს, მას ორგანიზმის დაცვითი ძალები აუვნებელყოფენ ან ბოჭავენ. ამ დროს ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ არა დაავადებული.

დაავადება ვითარდება მხოლოდ ორგანიზმის დასუსტებისას. ასე ხდება კვების, ყოფითი და შრომის პირობების გაუარესებისა და ხანგრძლივი დაავადებების გადატანის დროს, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას, განსაკუთრებით ასუსტებს იმუნიტეტს შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სიმსივნური და კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები. [/red_box]

დღეს ბათუმში, ტუბერკულოზის სახელმწიფო სტრატეგიის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხის ეგიდით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდმა” საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო. ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მაღრაძე ამბობს, რომ 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულოზით დაახლოებით 3000 ადამიანი მკურნალობს, რაც 2007 წლის მაჩვენებლის ნახევარია. თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულთა (არაიდენტიფიცირებული შემთხვევები) რიცხვი უფრო მეტია.

გიორგი მაღრაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, აჭარის რეგიონში ეს მაჩვენებელი არ იკლებს, თუმცა არც მატულობს.

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში დიმიტრი ცეცხლაძე ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წელია აჭარაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად 400-450-ია. ამის მთავარ მიზეზად იგი დაგვიანებულ მომართვიანობას და სტიგმას ასახელებს.

გიორგი მაღრაძეს მიაჩნია, რომ მოსახლეობაში ძალიან მწირია დაავადების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. იგი ამბობს, რომ პირველი ნაბიჯი ტუბერკულოზის ნიშნების აღმოჩენისას, ოჯახის ექიმისთვის მიმართვაა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს ტუბ-დაწესებულებაში გადაამისამართებს. ასეთი დაწესებულებები საქართველოს ყველა რეგიონშია, მათ შორის აჭარაშიც.

[red_box]სიმპტომები: ტუბერკულოზზე ეჭვი ჩნდება 2-3 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული ზოგადი სისუსტის, უმადობის, ოფლიანობის, ტემპერატურის მატებისა და წონაში კლებისას, როცა ამ სიმპტომების გამომწვევი სხვა მიზეზი არ დგინდება[/red_box]

საქართველოში ტუბერკულოზის გამოკვლევისა და მკურნალობის პროგრამებს, ყველა კატეგორიის პაციენტისთვის, სახელმწიფო აფინანსებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა წელსაც ძალიან აქტუალურია მსოფლიო მასშტაბით. მედიკამენტებისადმი მედეგობით ხასიათდება ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიაც, თუმცა გიორგი მაღრაძის თქმით, ტუბერკულოზის ასეთ ფორმას თანამედროვე მედიკამენტებით მკურნალობენ, ამიტომ მიუხედავად სირთულისა, დაავადების ეს ფორმაც განკურნებადია.

რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული ათეულობით პაციენტი, ყოველწლიურად ფიქსირდება აჭარაშიც.

ჩვეულებრივი ტუბერკულოზის გარდა, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო I რიგის წამლებისადმი მგრძნობიარე ბაქტერია, არსებობს რეზისტენტული ტუბერკულოზი, რომელსაც იწვევს – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებისადმი მდგრადი ბაქტერია. ასეთ ბაქტერიაზე I რიგის ერთი ან რამდენიმე წამალი არ მოქმედებს.

ტუბსაწინააღმდეგო წამალი დაავადების გამომწვევ ბაქტერიაზე აღარ მოქმედებს მაშინ, როცა ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი არასწორად მკურნალობდა ან შეწყვიტა მკურნალობა. ამიტომ ორგანიზმში დარჩა  ბაქტერიები, რომლებმაც ხელახლა დაიწყეს გამრავლება, გამოიწვიეს დაავადების გამწვავება და ამასთან, უკვე შეგუებულნი არიან მიღებულ წამლებს.

შესაძლებელია, რეზისტენტული ტუბერკულოზი გადაგედოთ ამ ფორმით დაავადებულთან კონტაქტისას. ამ შემთხვევაში ადამიანი თავიდანვე უკვე წამალმედეგი ბაქტერიებით, ანუ  თავიდანვე რეზისტენტული ფორმით ავადდება.

 

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა რთულია და ხანგრძლივი, მაგრამ შედეგიანი, რადგან რეზისტენტულ ბაქტერიაზე მოქმედებს სხვა, ე.წ II რიგის ტუბსაწინააღმდეგო წამლები. ეს წამლები უფრო ძვირადღირებულია, ახასიათებს მეტი გვერდითი მოვლენა, მაგრამ საქართველოში პროგრამის ფარგლებში რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, მკურნალობა, გვერდითი და ალერგიული მოვლენების მართვა უფასოა.

 

ამავე თემაზე:  ბათუმში ”ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება ნერგების გაცემაზე: კორუფცია გამორიცხულია

„მოდით, ასე შევხედოთ ამ საკითხს. არც ერთი ფერმერი არ დარჩება ნერგის გარეშე, ვინც მოწადინებულია. ნებისმიერ ფერმერს, რომელსაც მოწესრიგებული აქვს მიწის ნაკვეთი, შეუძლია ისარგებლოს სამინისტროს პროგრამით, ისინი ეტაპობრივად მიიღებენ ნერგებს,“ – აცხადებს მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

სამინისტრო უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის მიერ დღეს გაკეთებულ ბრიფინგს გამოეხმაურა. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ნერგები ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მისცეს და კორუფციული სქემა ტრიალებს, რითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. საუბარია ნერგებზე, რომლებიც სამინისტრომ გასცა 2015 და 2016 წლებში.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი გამორიცხავს კორუფციას. „ჩვენ ნერგები მივეცით ყველა იმ ფერმერს, ვისაც ჰქონდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ან მესაკუთრე იყო, ან ფლობდა მას. შესაბამისად ის, რომ ვიღაც ქალაქში ცხოვრობს, არ ნიშნავს იმას, რომ ის მიწის ნაკვეთს არ ფლობს და ფერმერი არ არის,“ – აღნიშნავს მამუკა თურმანიძე.

ელგუჯა ბაგრატიონი

ელგუჯა ბაგრატიონმა ამ თემაზე ბრიფინგი დღეს რუსთაველის 41-ში გამართა. სამინისტრომ კაკლის ნერგები ამ მისამართზე მცხოვრებ ჯემალ ზაქარაძეს 2015 წელს გადასცა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ მისამართზე ჯემალ ზაქარაძე არ ცხოვრობს. „ბათუმელებს“ რუსთაველის 41-ში მცხოვრებმა ადამიანებმაც უთხრეს, რომ აღნიშნული პირი კონკრეტულ კორპუსში არ ცხოვრობს.

„ჩვენს მონაცემებშიც ჩანს, რომ რუსთაველის 41-შია გადაცემული ნერგები ჯემალ ზაქარაძისთვის. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ადმინისტრირების დროს არის დაშვებული ტექნიკური შეცდომა,“ – გვითხრა მამუკა თურმანიძემ. ის შეხმიანებას დაგვპირდა, საკითხის გარკვევის შემთხვევაში.

დღევანდელ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა განაცხადა იმის შესახებაც, რომ ბიუჯეტის ფულით შეძენილი ნერგევი საკრებულოს წევრებსაც გადაეცათ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წელს ფერმერებისთვის ნერგების მიწოდების პროგრამისთვის 300 ათას ლარს დახარჯავს.

ბათუმში ხვალ 147 ოჯახი შუქის გარეშე დარჩება

ბათუმში მცხოვრებ 147 აბონენტს ხვალ, 8 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მონაცემებით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დილის 11 საათიდან 18 საათამდე შეუწყდება გრიბოედოვის, რუსთაველის, ხიმშიაშვილის ქუჩებზე მცხოვრებ ოჯახებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის გარეშე დარჩება ასევე ხულოში 1100 აბონენტი, შუახევსა და ქედაში – 1000, ქობულეთში – 636, ხოლო ხელვაჩაურში 540 აბონენტი.

 

ნერგები საკრებულოს წევრ ირაკლი მიქელაძეს ბიუჯეტის ხარჯზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაცემებით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ნერგები ბიუჯეტის ხარჯზე აჭარის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საკრებულოს წევრებმა მიიღეს, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი მიქელაძემ, ქობულეთის საკრებულოს წევრებმა: მანუჩარ ნიჟარაძემ და გელა გოგიტიძემ, საკრებულოს ყოფილმა წევრმა მალხაზ ლამპარაძემ, ასევე ხულოს საკრებულოს წევრმა იზოლდა სურმანიძემ.

მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს წევრმა, ირაკლი მიქელაძემ ნერგები შეღავათიან ფასად სამინისტროსგან 2015 წლის დეკემბერში მიიღო [იგი წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო და 2016 წლიდან საკრებულოს ახალი შემადგენლობის არჩევამდე – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე]. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მან 35 ცალ ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგში 105 ლარი გადაიხადა. ერთი ნერგის ღირებულება მაშინ 10 ლარი იყო.

რამდენად სამართლიანია, როცა ნერგს იღებს ბიუჯეტის ხარჯზე საკრებულოს წევრი და ამ დროს ფერმერი იმავე სიკეთით ვერ სარგებლობს? – ამ კითხვის დასმა ირაკლი მიქელაძისთვის გვინდოდა, მაგრამ მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა. მოგვიანებით, საკრებულოს პრესსამსახურის უფროსი, ლელა ნემსაძე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ კომენტარს ირაკლი მიქელაძე „აჭარის ტელევიზიას“ მისცემს და შეგვიძლია იქედან გავიგოთ დეპუტატის პოზიცია ნერგების მიღებაზე.

ამ საკითხზე „ბათუმელების“ შეკითხვას უპასუხა ქობულეთის საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გელა გოგიტიძემ. მან თქვა, რომ ხურმის და მოცვის ნერგების უმრავლესობა, რაც სამინისტროსგან მიიღო, გახმა.

„გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ამ ნერგებს ასი პროცენტით გაეხარათ. მიწის ნაკვეთზე თუ არ გავედით და პრაქტიკულად არ შევამოწმეთ, ასე ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა თურმანიძემ.

მისი განმარტებით, ნერგების გახარების მაჩვენებელი 2015 წელს დაბალი იყო, 2016 წლიდან კი ამ პროგრამას ორგანული სასუქებისა და სარწყავი სისტემის თანადაფინანსების ნაწილი დაემატა. „ასევე დავიწყეთ ექსტენციის პროგრამა, რომელიც ფერმერის პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებს. შესაბამისად, 2016 წლიდან ნერგების დაახლოებით 90 პროცენტი გახარებულია. ძირითადად, რასაც პრობლემა შეექმნა, იყო თხილი და ხურმა,“ – ამბობს ის.

როცა საკრებულოს წევრებმა მიიღეს ნერგები, იყვნენ თუ არა ნერგების მიმღებთა რიგში სხვა ფერმერები? – მამუკა თურმანიძის განცხადებით, ყველა ფერმერის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ ამის მიზეზი იყო არა ის, რომ ნერგი აღარ დარჩა საკმარისი, არამედ ის, რომ ზოგიერთ ფერმერს მიწის ნაკვეთი მზად არ ჰქონდა და სპეციალურმა კომისიამ ნერგების მიწოდება მიზანშეწონილად არ ჩათვალა.

„საკრებულოს წევრებს, ან სხვა თანამდებობის პირებს ფერმერობის სტატუსს ვერ წავართმევთ. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ნერგების მიწოდებას თანადაფინანსების პრინციპით,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მამუკა თურმანიძე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წელს ფერმერებისთვის ნერგების მიწოდების პროგრამაზე 300 ათას ლარს დახარჯავს.

 

სამინისტროს განმარტება მოსწავლის სავარაუდო ცემასთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლის მიერ მოსწავლის სავარაუდო ცემის ფაქტს გამოეხმაურა.

სამინისტროს განმარტებით, სკოლაში მომხდარი ინციდენტის დეტალებს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური იძიებს და დასკვნითი დოკუმენტი ხვალ, 8 თებერვალს, გადაეცემა სკოლის დისციპლინურ საბჭოს.

„აუდიტმა უნდა დაადგინოს, ნამდვილად იყო თუ არა ცემის ფაქტი. ამის შემდეგ დისციპლინური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – გვეუბნებიან სამინისტროს პრესსამსახურში.

ოფიციალური განმარტებით, მოსწავლის ცემა მასწავლებლის სამსახურიდან დათხოვის საფუძველია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სკოლის დისციპლინურმა საბჭომ უნდა მიიღოს.

საკრებულოს წევრი: გახმა სამინისტროს მიერ მოცემული ნერგები

„ნერგები სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სხვადასხვა საკრებულოს წევრს, პარტიულ აქტივისტებსა და ქალაქის მოსახლეობას მისცა. ახლა აქ, რუსთაველის ქუჩაზე მოცვის ბაღი უნდა იყოს გაშენებული,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი. მან დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები გაასაჯაროვა.

ერთ-ერთი საჯარო მოხელე, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ნერგები მიიღო, გელა გოგიტიძეა. იგი ამჟამად ქობულეთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. ნერგების მიღების დროს, 2015 წლის ბოლო, გელა გოგიტიძე ქობულეთის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი იყო, ასევე „ქართული ოცნების“ ქობულეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი. გელა გოგიტიძემ სახელმწიფოსგან 70-პროცენტიანი თანადაფინანსებით 100 ძირი სუბტროპიკული ხურმა მიიღო.

„არ გაამართლა, უმეტესობა აღარ არსებობს, გახმა,“ – გვითხრა ქობულეთის საკრებულოს წევრმა. გელა გოგიტიძემ გვითხრა, რომ სამინისტროსგან მოცვის ნერგებიც მიიღო და „იმანაც არ გაამართლა“.

„არ იყო მოთხოვნადი ეს ხურმა და ავიღე. ვინმე თუ ამით დაზარალდა, შემიძლია ავანაზღაურო. მე მაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწა და ვარ ფერმერების სიაში. მივიღე ნერგები და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ… სამინისტროს მივმართე კონსულტაციისთვის, რომ გამერკვია, რის გამო ვერ იხარა ამ ნერგებმა, მაგრამ ვერ გაირკვა,“ – აღნიშნა გელა გოგიტიძემ „ბათუმელებთან“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ნერგები მიიღეს ქობულეთის, ბათუმისა და ხულოს საკრებულოს სხვა წევრებმაც.

 

დირექტორის თქმით, მასწავლებელმა მეშვიდეკლასელს სცემა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მეშვიდეკლასელ მოსწავლეს სცემა. ფაქტს „ბათუმელებთან“ სკოლის დირექტორი ადასტურებს.

დირექტორის თქმით, მასწავლებელმა მოსწავლეს, სავარაუდოდ, მუსიკის ოთახში ფარდის ჩამოვარდნის გამო სცემა.

„მოხდა ასეთი რამ, რომ სხვა ბავშვის დასმენით, მასწავლებელმა გალახა ბავშვი, რომელიც იყო უდანაშაულო. ეს ამბავი დადგინდა, მშობლებიც მოვიდნენ სკოლაში და ბავშვმა თქვა, რომ მას მასწავლებელმა სცემა.

ინციდენტი მუსიკის ოთახში ფარდის ჩამოგდებას მოჰყვა, სადაც ბავშვებს ღონისძიება ჰქონდათ. ბიჭი მეშვიდეკლასელია, მასწავლებელი კი დამრიგებელია, ისე მათემატიკას ასწავლის“, – გვეუბნება დირექტორი.

სკოლა მასწავლებელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სკოლის შინაგანაწესის მიხედვით მიიღებს. „შინაგანაწესით დაუშვებელია მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობა, მაგრამ ყველა მასწავლებელს ეს არ ესმის. მე, პირადად, რამდენჯერმე მაქვს ეს მუხლი წაკითხული, სიტყვიერადაც ვეუბნები მასწავლებლებს, რომ ბავშვებს ხელი არ დააკაროთ, დაამყარეთ შესაბამისი კომუნიკაცია, მაგრამ არ გამიგონა ქალბატონმა“, – ამბობს დირექტორი.

მასწავლებლის საკითხი სკოლის დისციპლინურ კომიტეტზეა განსახილველად გადაცემული.

დატოვებს სკოლას თუ მიიღებს საყვედურს მათემატიკის მასწავლებელი, ამის თაობაზე გადაწყვეტილება დისციპლინურმა კომიტეტმა რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს.

როგორც დირექტორი გვეუბნება, შინაგანაწესის მიხედვით, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მასწავლებელი სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს. თუმცა, დირექტორი არ გამორიცხავს, რომ  საბჭო საყვედურით შემოიფარგლოს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს განათლების სამინისტროც. უწყების პოზიციას მალე შემოგთავაზებთ.

პეტიცია – მოქალაქე მთავრობას პიროტექნიკის კონტროლს სთხოვს

მოქალაქე დავით დარასელია პეტიციით საქართველოს მთავრობას პიროტექნიკის კონტროლს სთხოვს.

„საქართველოში პიროტექნიკა არ კონტროლდება და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ამის გამო ყოველწლიურად მატულობს უხარისხო და საშიში ჩინური პროდუქცია. ახალი წლის პერიოდში მუდმივად ფიქსირდება ათეულობით შემთხვევები, როდესაც ბავშვები (და არა მარტო) ღებულობენ სხვა და სხვა სახის მძიმე დაზიანებებს. უხარისხო პიროტექნიკის გამოყენება არ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე/ჯანმრთელობაზე კარგად და ასევე ხშირად ხდება მოსახლებას შორის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი. დროა შემოვიტანოთ რეგულაციები ამ ბაზარზე“ – აღნიშნულია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისათვის ხელს 50 მოქალაქე აწერს.

იმ შემთხვევაში, თუ პეტიციას 26 თებერვლამდე 10 000 ხელმომწერი ეყოლება, პეტიციაში დაყენებულ საკითხს მთავრობა განიხილავს. პეტიციაზე ხელის მოწერა შეუძლია ყველა მსურველს, ვინც ეთანხმება პეტიციის შინაარს. ხელმოსაწერად საჭიროა დარეგისტირება ვებგვერდზე.

მიუხედავად იმისა, რომ წელს, საახალწლო პიროტექნიკით, საქართველოში 111 ადამიანი დაშავდა, მიღებული დაზიანებების გამო 45 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მათგან 21 ბავშვი იყო, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში ამ დრომდე არ განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პიროტექნიკაზე რაიმე ტიპის რეგულაციის დაწესებას ისახავს მიზნად.

დღემდე საქართველოში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე, არ არსებობს რეგულაცია, რომელიც შეზღუდავდა პიროტექნიკის გაყიდვის ადგილს ან მყიდველთა ასაკს.  ე.წ. „მაშხალების“, „ხლაპუშკების“ და „ბომბაჩკების“ ყიდვა შეიძლება ყველგან, მათ შორის სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან. ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია და შეძენა შეუძლიათ ბავშვებსაც.

პეტიცია ახალ პორტალზე, მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალურ სამთავრობო პლატფორმაზე – ichange.gov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ პორტალის შექმნის ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით.

წაიკითხეთ სტატია ამ თემაზე: 111 დაშავებული და არც ერთი რეგულაცია – „რას ველოდებით?“ 

 

 

 

რატომ უჩერებენ უცხოელ სტუდენტებს სტატუსს 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს 3 700 უცხოელ სტუდენტს.

აქედან 1796 სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა. სტატუსის შეჩერების სხვა მიზეზებში ასევე ნახსენებია „სტატუსის შეჩერება საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო“ და „ავადმყოფობის გამო“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, სტატუსის შეჩერების მიზეზებს შორის არის თუ არა დასახელებული სტუდენტური ვიზის არქონა, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოგვწერეს, რომ ცენტრის რეესტრში ინფორმაცია სტუდენტების ვიზებთან დაკავშირებით, არ ინახება.

ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში 1087 უცხოელი აგრძელებს სწავლას.

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ინგლისურენოვან პროგრამებზე 413 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, ქართულენოვანზე კი – 30 სტუდენტი. როგორც უნივერსიტეტში გვეუბნებიან, უცხოელი სტუდენტები სწავლის საფასურს სემესტრის დასაწყისში მთლიანად იხდიან და მათ დავალიანება არ აქვთ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბსუ-ში არც ერთ უცხოელ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული არ აქვს.

 

ზურაბ პატარაძემ k2-ის გაზრდაზე უკვე 62 კომპანიას უშუამდგომლა

უფლებამოსილების სამ თვეში, რაც ის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან 11 წერილი მიიღო კონკრეტულ ზონაში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის დასაშვებზე მეტად გაზრდის თხოვნით. k2 -კოეფიციენტის გაზრდა, სამშენებლო ფართობის მაქსიმალურად ათვისების ხარჯზე, მშენებლობის სიმაღლეში ზრდასაც გულისხმობს. ამ მიზეზით ბათუმში ბევრი მრავალბინიანი სახლი აშენდა, ეზოს, პარკინგისა და გამწვანების გარეშე.

აჭარის მთავრობიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სიმაღლეში გასაზრდელი შენობების რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ზურაბ პატარაძის მიერ გაცემული შუამდგომლობების სტატისტიკა ბოლო პერიოდში სწრაფად იზრდება. მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნიდან 2017 წლის თებერვლამდე, ზურაბ პატარაძემ k2 კოეფიციენტის გაზრდაზე 13 კომპანიას უშუამდგომლა, 2017 წლის თებერვლიდან დღემდე კი, ეს რიცხვი 62-მდე გაიზარდა.

2017 წლის ივლისში ზურაბ პატარაძემ ბადრი და გელა ბერიძეებს ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის #109-ში უშუამდგომლა k2 კოეფიციენტის გაზრდაზე.

მერიისთვის მიწერილ წერილში ზურაბ პატარაძე წერს, რომ ამ მისამართზე ერთი და ორსართულიანი უსახური შენობების ნაცვლად თანამედროვე, კეთილმოწყობილი 10-სართულიანი სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელსაც ექნება ღია და დახურული პარკინგის ადგილი. გარდა ამისა, მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო ატრაქციონი.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, იმ მისამართის გასწვრივ, სადაც ზურაბ პატარაძემ ბერიძეებს 10-სართულიანი სახლის მშენებლობაზე მერიასთან უშუამდგომლა, ორსართულიანი სახლებია. აქ ახალი მრავალბინიანი სახლის ხუთი სართულის კარკასი უკვე აშენებულია, მშენებელს სამშენებლო ტერიტორია თითქმის ათვისებული აქვს, ამიტომ გაურკვეველია, სად იგეგმება საბავშვო ატრაქციონის განთავსება.

დემეტრე თავდადებულის #109, აქ არ არის ადგილი საბავშვო ატრაქციონისთვის.

საინფორმაციო ბანერზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ილია ბერიძემ გვიპასუხა. მან გვითხრა, რომ მშენებლობას მისი შვილები უძღვებიან. მან იცის, რომ სამშენებლო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთი ღია პარკინგი, დახურულ პარკინგზე მას არაფერი სმენია, მან არაფერი იცის არც საბავშვო ატრაქციონზეც: „გავარკვევ და ხვალ გადმოგირეკავთ“ .

როგორც გაირკვა, კომპანიას დახურული პარკინგისთვის პატარა ადგილი აქვს გათვალისწინებული, ბესიკის ქუჩის მხრიდან, მაგრამ სულ რამდენი ადგილია პარკინგისთვის 10-სართულიან სახლში, კომპანია „ბათუმელებთან“ არ აზუსტებს. კომპანიაში „ბათუმელებს“ ისიც დაუდასტურეს, რომ საერთოდ არ აქვთ გათვალისწინებული საბავშვო ატრაქციონი.

მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში, გორგილაძის #71/73-ში k2 კოეფიციენტის გაზრდაზე უშუამდგომლა ჯიმი დავითაძესაც. ამ მისამართზე კომპანია „ოლდ ბათუმმა“ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ჯიმი დავითაძე ამ ადგილზე უსახური შენობების დემონტაჟის ხარჯზე 12-სართულიანი ახალი სახლის მშენებლობას გეგმავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯიმი დავითაძე „ოლდ ბათუმში“ მხოლოდ 20 პროცენტს ფლობს, დანარჩენი 80 პროცენტი კი ჯემალ პატარიძის საკუთრებაა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას.

ლერმონტოვის ქუჩა #71/73

ზურაბ პატარაძემ კოეფიციენტის გაზრდაზე უშუამდგომლა ასევე სამშენებლო კომპანია „რეალ ბილდინგს“. პატარაძის ინფორმაციით, ეს კომპანია ასლან აბაშიძის ქუჩის #10-ში ერთი და ორსართულიანი უსახური შენობების ათვისების ხარჯზე 15-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

საერთო ჯამში, ზურაბ პატარაძესთან, მისი დანიშვნიდან დღემდე, შენობების სიმაღლეში გაზრდის რეკომენდაციის თხოვნით სულ 275 განცხადება შევიდა. აქედან, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, შუამდგომლობა პატარაძემ 62 კომპანიასა და ფიზიკურ პირს გაუწია.

ასლან აბაშიძის ქუჩა #10

2017 წლის თებერვლამდე პატარაძის მიერ გაცემულ შუამდგომლობებზე წაიკითხეთ აქ.  .

მათ შორისაა „ოცნების“ შემწირველის კომპანია . ეს კომპანია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

აჭარაში „ფეირისა“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა კუსტარულად მოწყობილ არარეგისტრირებულ საწარმოში, სხვისი სასაქონლო ნიშნით, უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფი მოწყობილ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, უკანონოდ ამზადებდა სარეცხ საშუალებებს – „ფეირსა“ და „დომესტოსს“. პროდუქციის წარმოებისთვის დაბალი ხარისხის იაფფასიან ნედლეულს იყენებდნენ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ინვენტარი, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2 000 ერთეულზე მეტი სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ვინ ავრცელებს ბეჭდურ პრესას ბათუმში

პრესა, ძირითადად, წიგნის მაღაზიებსა და ჯიხურებში იყიდება, თუმცა წვიმაში, ქარსა და თოვლში, ღია ცის ქვეშ გამოფენილი ჟურნალ-გაზეთების დახლებსაც ხშირად წააწყდებით ქუჩაში.
ლელა სოსელიას პრესის დახლი ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაშია, ვარდების ბაღთან ახლოს. 14 წელია ამ ადგილზე დგას და გაზეთებს ყიდის. ახალ ამბებს ლელას გაზეთებიდან ისინი იგებენ, ვინც ჯერ ინტერნეტს კარგად ვერ „დაუმეგობრდა“ და ჩვევად ისევ აქვს გაზეთის ყიდვა.

ლელა ამბობს, რომ გაზეთების მყიდველთა რიცხვი ნელ-ნელა იკლებს, მცირდება ბეჭდური გამოცემების რაოდენობაც და პერიოდულად ძვირდება პრესა, რომელიც ბეჭდური სახით ჯერ ისევ გამოდის.

„ინტერნეტი აზარალებს ჩემსავით გარეთ, ქუჩაში მდგარ პრესის გამყიდველებს, ყველა ეკრანშია შემძვრალი და ნელ-ნელა ჩემი კლიენტებიც ქრებიან. რას იზამ, ცხოვრება წინ მიდის, ჩემ თვალწინ იზრდება ჟურნალ-გაზეთების ფასიც, ერთადერთი, რაც არ იზრდება, ჩემი ხელფასია – 100 ლარი, რაც კომუნალური გადასახადებისთვისაც არ მეყოფოდა, და რომ არ მყავდეს და არ მეხმარებოდეს,“ – ამბობს ლელა.


საქმიანობა მემკვიდრეობით გააგრძელა, თავიდან ლელას დედა ყიდდა გაზეთებს – პენსიაში გასულს არ სურდა შინ უსაქმოდ მჯდარიყო. მერე, როცა დედა გარდაიცვალა, იგივე საქმე ლელამ გააგრძელა: თავიდან „ომეგას“ ჯიხურში მუშაობდა, სადაც 500 ლარს უხდიდნენ და კმაყოფილი იყო, მას შემდეგ კი, რაც ეს ჯიხურები დაიხურა, ღია ცის ქვეშ უწევს დგომა სამუშაო დღეებში.

„მე თვითონ არ მიწევს სიარული. ჩვენს ოფისში დიდი მანქანით ჩამოაქვთ პრესა თბილისიდან, მერე პატარა მანქანით ქალაქში ჩემნაირ დახლებთან მდგომებს გვინაწილებენ და ვყიდით მთელი კვირა. რაც არ იყიდება, იმ გაზეთებს ყოველ ორშაბათს უკან ვაბარებთ,“ – გვიყვება პრესის გამყიდველი.
ყოველდღიურად ერთსა და იმავე ადამიანებთან უწევს ძირითადად ურთიერთობა, კლიენტებს კარგად იცნობს და ზეპირად იცის, ვინ რომელ დღეს ან რომელი გამოცემის საყიდლად მოდის. მეგობრებიც, როგორც ლელა ამბობს, კლიენტებს შორის ჰყავს. 14-წლიანი შეჩვეული სამუშაო გარემოს შეცვლა არ სურს, ეს გარემო ქუჩისგან, ქალაქის ხმებისგან, უცნობი გამვლელებისა და ნაცნობი კლიენტებისგან შედგება, რომელთა რაოდენობაც სულ უფრო და უფრო მცირდება, მაგრამ ლელას სხვა საქმის კეთება ვერ წარმოუდგენია და მიაჩნია, რომ 50 წლის ასაკში რამის შეცვლა რთულია.

ბათუმში ახლა ისევ თბილა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტემპერატურა დაიწევს, ლელას ქუჩაში დგომა გაურთულდება. გაიჭირვებს და შემორჩენილ, ნაცნობ კლიენტებს მაინც დაელოდება შეჩვეულ ადგილზე, ვარდების ბაღთან ახლოს, ზუსტად ავტობუსის გაჩერების გვერდით.

 

სოკარი: ბუნებრივი აირი ქალაქის ყველა უბანში ჩართულია

„ბუნებრივი აირი ქალაქის ყველა უბანში ჩართულია,“ – აცხადებენ კომპანია „სოკარ გაზში“. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოქალაქეებს კომპანიის წარმომადგენლები აფრთხილებენ.

„ჩვენი წარმომადგენლები დადიან ქალაქის ქუჩებში, ხვდებიან მოქალაქეებს, აფრთხილებენ ინდივიდუალურად და ასევე მეგაფონებით, რომ გაზი ჩართულია და ფრთხილად ჩართონ, ფრთხილად მოეკიდონ ღიად დატოვებულ გაზის ონკანებს. ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში შეუძლიათ დაგვირეკონ ცხელ ხაზზე: 16 114“, – გვითხრეს „სოკარ გაზის“ პრესცენტრში.

„სოკარ გაზის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც.

ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ, 6 თებერვალს, დილის 9 საათიდან შეწყდა.

„სჯობს პიროტექნიკაზე იყოს რეგულაცია, ვიდრე ახალ წელს ვისმენდეთ, რომ ბავშვს თვალი დაუზიანდა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორს, არჩილ ხახუტაიშვილს „ბათუმელები“ საახალწლო პიროტექნიკასთან დაკავშირებული რეგულაციების საჭიროებაზე ესაუბრა. ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ გასულ წელს ბათუმის საკრებულოს პეტიციით მიმართა, შეეზღუდათ ქალაქის ტერიტორიაზე პიროტექნიკის გაყიდვის ადგილები, თუმცა ინიციატივამ ბათუმის საკრებულოს ყურადღება ვერ მიიქცია.  2018 წლის 2 იანვრის მონაცემებით, წელს საქართველოში 111 ადამიანი დაშავდა საახალწლო პიროტექნიკით, მათ შორის – ბავშვებიც.

ამავე თემაზე: „ათთეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი“ – რატომ უნდა აიკრძალოს ასაფეთქებლები

არჩილ ხახუტაიშვილი, იურისტი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი: 

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საახალწლო შუშხუნები არ არის აკრძალული, როგორც სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი. არ არის დაწესებული შეზღუდვა, როგორც მის შემოტანაზე, ასევე გაყიდვის არეალზეც. არ არის შეზღუდვა ასაკთან მიმართებაშიც, ანუ არის თავისუფალი მიმოქცევის ობიექტი, როგორც პური, მარილი, ხორცი და ასე შემდეგ. მეტიც, ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტს უფრო მეტი რეგულაცია ეხება, ვიდრე სადღესასწაულო პიროტექნიკას.

ჩვენ არ ვითხოვდით საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვის აკრძალვას, ამას მუნიციპალიტეტი ვერ აკრძალავს, არ არის მისი კომპეტენცია. საუბარი იყო გარევაჭრობის ადგილების შეზღუდვაზე, მუნიციპალიტეტის მზაობაზე, მის ნებაზე, რომ ხელი შეეწყო თუნდაც არასრულწლოვნების წვდომის შეზღუდვაზე, რომ არ შეიძლებოდეს პიროტექნიკის გაყიდვა ყველგან ისე, როგორც არ შეიძლება ყველგან გაყიდო ყველი, ხორცი და ბევრი სხვა პროდუქტი, თუ არ არის დაცული რაღაც წესები. ეს მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე გავრცელდებოდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო.

ერთი შეხედვით, აღნიშნული ასაფეთქებელი ნივთიერებები პრაქტიკაში ქმნის პრობლემას იმიტომ, რომ მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. მაშინ არც დანა უნდა იყიდებოდეს და არც რაიმე სხვა საგანი ან ნივთიერება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანს – ესაა არგუმენტი… მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს პრობლემა, ფაქტია, რომ ამას აქვს ცუდი შედეგები. კანონმდებლობა ხომ არ არის რაღაც უძრავი სისტემა?! კანონმდებლობა ადაპტირდება საზოგადობრივი პრიორიტეტების მიხედვით.

არ ვიცი, რას ველოდებით, იმას, რომ შემთხვევები გახშირდება და სიკვდილს გამოიწვევს?! საჭიროა პრევენციაზე მუშაობა მანამ, სანამ ეს მოხდება. მანამდე კი მოქალაქეს რჩება მხოლოდ ერთი რამ – საკუთარ თავზე ზრუნვა და სიფრთხილე.

ამავე თემაზე: 111 დაშავებული და არც ერთი რეგულაცია – „რას ველოდებით?“

მე მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ გარევაჭრობის დონეზე მაინც უნდა შეიზღუდოს. თუ ვინმე იტყვის, რომ ასე ბიზნესი შეიზღუდება, დიახ, სჯობს შეიზღუდოს ბიზნესი, დაწესდეს რეგულაციები, ვიდრე ყოველ ახალ წელს ვისმენდეთ, რომ ვიღაცას თვალი დაუზიანდა ან ხელის ამპუტაცია დასჭირდა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბავშვებს.“

 

ვინ მოჭრა ვაზი ბათუმის მეორე სკოლასთან? [ფოტოამბავი]

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, მეორე საჯარო სკოლასთან, ვაზი მოჭრეს. ბათუმის გამწვანების სამსახურში გვითხრეს, რომ ვაზი მათ არ მოუჭრიათ და მათ სამსახურში არც წერილობითი შეტყობინება შესულა ვაზის მოჭრაზე ნებართვის მისაღებად.

ვაზის უნებართვო ჭრაზე ინფორმაცია არც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიუღია. ორივე სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხით დაინტერესდებიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

ვაზის მოჭრაზე უკვე შეადგინეს სამართალდარღვევის აქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ უცნობია, ვინ მოჭრა ვაზი. ეს უწყება მუნიციპალიტეტის ინფორმაციას დაელოდება იმის გასარკვევად, არის თუ არა გაცემული შესაბამისი ნებართვა. ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ვაზის მოჭრის ფაქტზე შედგენილ აქტს რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნის.

 

 

მოქალაქემ საპატრიარქოსთან სასამართლო დავა წააგო – მიწის ნაკვეთი მისასვლელი გზის გარეშე

მოქალაქე შაქრო თურმანიძის სარჩელი საპატრიარქოს წინააღმდეგ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ არ დააკმაყოფილა. შაქრო თურმანიძეს მიწის ნაკვეთი ფერიის მთაზე აქვს. საკუთრებასთან მისასვლელი გზა კი ფერიის ეკლესიის გალავანს შიგნით მოექცა. მოქალაქე „სავალდებულო გზის“ გამოყოფას ითხოვს.

„თქვენ თუ მისასვლელი გჭირდებათ, ამას მიაღწევთ,“ – მიმართა მოსამართლემ შაქრო თურმანიძეს. მოსამართლემ განმარტა, რომ მიწაზე ამ დროისთვის არ მიმდინარეობს მშენებლობა და არც ნებართვაა გაცემული რაიმე ტიპის მშენებლობაზე. თუკი ნებართვის აღების შემდეგ შუქრი თურმანიძეს მისასვლელი გზა არ ექნება, ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს მან სასამართლოს.

„მშენებლობის ნებართვაზე მერიაში პროექტი არ შემიტანია, რადგან მითხრეს, თუ გზა არ გაქვს, ისე მშენებლობას რა აზრი აქვსო. სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ,“ – გვითხრა შაქრო თურმანიძემ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

ამ თემაზე: მოქალაქე ამბობს, რომ საპატრიარქომ მის მიწასთან მისასვლელი გზა წაართვა

Exit mobile version