შუახევის ყოფილი გამგებელი აჭარის განათლების ფონდის დირექტორად

აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელად შუახევის ყოფილი გამგებელი, ტარიელ ებრალიძე დაინიშნა. განათლების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი თავბერიძე კი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

ახალი დირექტორი ფონდის თანამშრომლებს აჭარის განათლების მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა, 22 თებერვალს წარუდგინა.

ტარიელ ებრალიძე 2013-2017 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მოსახლეობის 72.9-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

იგი პროფესიით ისტორიკოსია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 1995-2010 წლებში იყო გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, 2003 წლიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელი, 2011-2013 წლებში – სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2009 წლიდან დღემდე ხიჭაურის წმ.ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომელია.

„ბათუმელები“ ებრალიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 10 თებერვალსაც წერდა.

პროექტი ეკვილიბრიუმი: გიორგი კეკელიძე სკოლა ევრო 2000-ს ესტუმრა  

2018 წლის 22 თებერვალს სკოლა ევრო-2000-ს ეწვია ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან დღემდე), ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკის lib.ge დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.

გიორგი კეკელიძე სტუმრად სკოლა ევრო-2000-ში.
გიორგი კეკელიძე სტუმრად სკოლა ევრო-2000-ში.

პროექტმა #ეკვილიბრიუმი თითქმის მთელი საქართველო მოიცვა, არ დარჩენილა ალბათ არც ერთი პატარა კუთხეც კი, ამ შესანიშნავი პროექტის შუქს რომ არ შეეღწია და ახალ წიგნებთან ერთად, განათლების შუქი არ მიეტანა…

წიგნიერებაზე ზრუნვა პროექტის მთავარი მიზანია და ის უფრო სასიხარულოა, რომ პროექტს მოსწავლეები უერთდებიან: ისინი თანატოლებისთვის წიგნებს ყიდულობენ და აგზავნიან აჭარის მაღალმთიანეთში. ამჯერადაც ახალი წიგნებით ხელდამშვენებულები შეხვდნენ კერძო სკოლა ევრო-2000 მოსწავლეები გიორგი კეკელიძეს. ეს უკვე მეორედ, ერთხელ ხომ ქობულეთის რაიონის სოფელ  ხუცუბნის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას გადაუგზავნეს წიგნები…

პროექტ ეკვილიბრიუმს სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეები შეუერდნენ.
პროექტ ეკვილიბრიუმს სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეები შეუერთდნენ.

სწორედ ასეთ დღეებს მოჰყვება სიკეთე და მოყვასის სიყვარული, სიხარული, რაღაც ახლის შეცნობისა… იმ ახლისა, რომელზეც გიორგი კეკელიძე ესაუბრებოდა მოსწავლეებს სკოლის ბიბლიოთეკაში. დიალოგის თემა წიგნი და თანამედროვე ლიტერატურა გახლდათ. საუბარი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ჩამოვარდა და სწორედ მაშინ სიამაყით აჩუქა ქალბატონმა მარინა ცივაძემ სოფია სკიბას და სოფია ანთიას  მიერ დაწერილი ზღაპრის  გამარჯვებული წიგნი, რომელიც 2018 წლის ფრანკფურტის ბაზრობაზე წარსდგება.

მოსწავლეების მიერ ნაჩუქარი წიგნები ქედის რაიონის ორი საჯარო სკოლის – დოლოგნისა და მახუნცეთის ბიბლიოთეკებს გადაეცა.

ინგა გოგიბერიძე, მწერალი.

ქობულეთის საკრებულოს რიგითი წევრის ანაზღაურება გაიზარდა

ქობულეთის საკრებულოს წევრის ყოველთვიური ანაზღაურება 128 ლარით გაიზარდა. ცვლილება ეხება საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც საკრებულოში თანამდებობაზე არ მუშაობენ.

საკრებულოს მიერ მიმდინარე წლის 21 თებერვალს მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია:

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალებების შესასრულებლად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 525 ლარის ოდენობით“.

საკრებულოს არათანამდებობის მქონე წევრის ყოველთვიური ანაზღაურება ამ დრომდე 397 ლარი იყო.

ამავე თემაზე:

ბათუმის საკრებულოს რიგითი წევრი 200 ლარით მეტს მიიღებს

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

21 თებერვალს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ს.ჰ-ს  კუთვნილი ხელჩანთისა და ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნაკეთობათა წონა  69,8 გრამია, საქონლის  საბაჟო ღირებულებამ კი 4299.6 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4299.6 ლარის ოდენობით შეეფარდა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ძირითადად – უნალექოდ.

„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 9-14, ღამით – 2-7, მთაში – 3-8 გრადუსი სითბო, ღამით – 0-3 გრადუსი ყინვა.  იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში.

მომდევნო ორ დღეს შენარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი,“  – უთხრეს „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ზღვის წყლის ტემპერატურა ამ დროისათვის 8 გრადუსია.

ამინდის უფრო გრძელვადიან პროგნოზს აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო. ამინდის 10-დღიან პროგნოზში მითითებულია, რომ ორშაბათიდან ბათუმში ძირითადად წვიმიანი და მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ ჯამბულ ხოზრევანიძე დაინიშნა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ავთანდილ მესხიძის მოადგილედ ჯამბულ ხოზრევანიძე დაინიშნა. იგი  2014-2017 წლებში ხულოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა.

სამინისტროს ცნობით, ჯამბულ ხოზრევანიძე პროფესიით ინჟინერია. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება გლეხთა საკრედიტო კავშირის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარედ, 2004-2005 წლებში იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე.

2016 წელს, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს ჯამბულ ხოზრევანიძემ „ქართული ოცნებიდან“ ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარობის კანდიდატად პარლამენტში ანზორ ბოლქვაძის ოფიციალურად წარდგენა გააპროტესტა. ჯამბულ ხორევანიძემ მაშინ ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომ „ოცნებაში პორტირებული ნაციონალების ზეიმია“ და ანზორ ბოლქვაძემ კონკრეტულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. იმავე დღეს მან ფეისბუქზე სტატუსი წაშალა, „ბათუმელებთან“ მან არ დააკონკრეტა, ვისგან მიიღო მითითება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის წაშლის შესახებ.

„ბათუმელები“ მაშინ ანზორ ბოლქვაძესაც ესაუბარა, რომელმაც განაცხადა, რომ ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის უკმაყოფილების მიზეზი ის იყო, რომ მას თავად სურდა აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი გამხდარიყო.

____________

მთავარ ფოტოზე: ჯამბულ ხოზრევანიძე და ავთანდილ მესხიძე. ფოტო: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 

მოსამართლე ირაკლი შავაძეს უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრეს

მოსამართლე ირაკლი შავაძეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს დღეს, 22 თებერვალს უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი შავაძე დაპირისპირებული იყო მოსამართლეების ე.წ. გავლენიან ჯგუფთან.

ირაკლი შავაძე 2016 წლის 4 იანვარს გამოსაცდელი ვადით დანიშნეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. უფლებამოსილებას ვადა მას მომავალ წელს ეწურება. კანონმდებლობის მიხედვით, მას ხელახლა შეუძლია მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობის მიღება.

„შერჩევა ამჯერადაც იყო სუბიექტური და არ იყო დასაბუთებული,“ – ამბობს საია-ს იურისტი ეკა ციმაკურიძე, რომელიც მოსამართლეების შერჩევის პროცესს აკვირდებოდა.

მოსამართლეების კონკურსში ამჯერად 50 კანდიდატი მონაწილეობდა. საბჭომ 7 კანდიდატს უთხრა უარი უვადოდ გამწესებაზე.

 

მოსამართლე, რომელიც იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს, უვადოდ დანიშნეს

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე – ხვიჩა კიკილაშვილი უვადო მოსამართლედ დანიშნეს. ეს მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს. მოსამართლე ირაკლი შავაძე კი, რომელიც მოსამართლეების ე.წ. გავლენიან ჯგუფთან არის დაპირისპირებული, ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლო სისტემის მიღმა დარჩება. მოსამართლეების კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს ხვალისთვის აქვს ჩანიშნული საქმის განხილვა, სადაც დაზარალებულად ცნობილი გიორგი მიქაუტაძეა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქმე მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ეხება.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმ დღეს კიდევ ერთი ამბავი მოხდა – არასრულწლოვნის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააპატიმრეს. არასრულწლოვნის მშობლებს – თამარ ხაჭაპურიძესა და კახაბერ ხაჩიძეს თავდაპირველად, წინასწარი პატიმრობა, ასევე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა შეუფარდა. მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თქვა, რომ ამ კონკრეტულმა მოსამართლემ – ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ დანიშვნა გიორგი მიქაუტაძეზეც იყო დამოკიდებული. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ გასაუბრება ისე შედგა, რომ აცილების საკითხი არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დაუსვამს და არც ხვიჩა კიკილაშვილს. საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი გიორგი მიქაუტაძემ გუშინ გადაცემა „არჩევანში“ გააჟღერა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე შეახსენეს, რომ ხვიჩა კიკილაშვილთან გასაუბრებაში მას მონაწილეობა არ უნდა მიეღო, რადგან სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. გიორგი მიქაუტაძემ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი, თუ ამ საქმეს ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა.

„ეს განცხადება, რაც გიორგი მიქაუტაძემ თქვა პირდაპირ ეთერში, არადამაჯერებელია და ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალდებული იყო სცოდნოდა ვინ განიხილავდა საქმეს, სადაც მას დაზარალებულის სტატუსი აქვს. საბოლოოდ მან კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საინტერესოა, თავიდან რატომ არ აიცილა? არ იცოდა, რომ უნდა აეცილებინა, თუ არ აპირებდა ამას, თუ ეს ამბავი არ გახმაურდებოდა? რადგან აიცილა ხვიჩა კიკილაშვილისთვის ხმის მიცემა გიორგი მიქაუტაძემ, ეს ადასტურებს იმას, რომ მას არც გასაუბრების და არც შეფასების პროცესში არ უნდა მიეღო მონაწილეობა,“ – ამბობს ეკა ციმაკურიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომას აკვირდებოდა.

ეკა ციმაკურიძე თვლის, რომ სამომავლოდაც იქნება კითხვის ნიშნები ხვიჩა კიკილაშვილის, როგორც მიუკერძოებელი მოსამართლის მიმართ. „ამ ფორმით გამწესება  მას ცალსახად უკარგავს სანდოობას,“ – ამბობს ის.

დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 50 კანდიდატს უყარა კენჭი, აქედან 7 მოსამართლეს უთხრეს უარი უვადოდ გამწესებაზე. უვადოდ გაამწესეს ხელვაჩაურის სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე – ნუგზარ მგელაძე, რომელიც სამოქალაქო საქმეებს განიხილავს.

 

ბსუ-ს ახალ კორპუსს ჩინური კომპანია 2,6 მილიონ ლარად ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინური კომპანიის საქართველოს ფილიალს შორის, უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაზე ხელშეკრულება გუშინ, 21 თებერვალს გაფორმდა. ხელშეკრულების თანხა 2 660 543 ლარი და 18 თეთრია. კომპანიამ ბათუმში, ლეონიძის ქუჩა #15-ში ახალი სასწავლო კორპუსი 2018 წლის 21 დეკემბრამდე უნდა ააშენოს.

სამშენებლო სამუშაოებზე ბსუ-ს 2 მილიონ 957 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. ტენდერში 8 კომპანია მონაწილეობდა. სატენდერო კომპანიამ გამარჯვებულად ჩინური კომპანია [შპს ჩაინა ენერჯი ენჯინერინგ გრუპ ნორთვესტ პოვერ კონსტრაქშენ ენჯინერინგ კო-ს საქართველოს ფილიალი] გამოავლინა, რომელმაც თავისი ფილიალი საქართველოში ტენდერამდე 6 თვით ადრე, გასული წლის ივლისში დაარეგისტრირა.

არსებული პროექტის მიხედვით, ახალი სასწავლო კორპუსი სამსართულიანი იქნება; შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს რკინა-ბეტონის კარკასულ შენობას; მასში 27 აუდიტორია, კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზი განთავსდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, რომელშიც გათვალისწინებულია პანდუსი, სველი წერტილები, ლიფტი.

ბსუ ბათუმში, ლეონიძის 15-ში, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელსაც აშენებს, რისთვისაც ხელშკრულება შპს „ვექტორთან“ 2 359 000 ლარზეა გაფორმებული; ბსუ-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელი ფაკულტეტები განთავსდება ახალ კორპუსში. ლეონიძის 15-ში საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება.

ქობულეთში კი, კაიკაციშვილის ქუჩის №1-ის მიმდებარედ, ბსუ-ს კვლევითი ინსტიტუტის შენობა აშენდება.

ბსუ-ს ახალი კორპუსის ესკიზი / ბათუმი, ლეონიძის 15 / ფოტო პროექტიდან

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს ასაკობრივი შეზღუდვა აღარ შეაწუხებს

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც ასაკობრივ შეზღუდვას ადგენდა მეცნიერებათა აკადემიაში ხელმძღვანელი პოზიციის დაკავების დროს. მოქალაქეები გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე და ელიზბარ ჯაველიძე პარლამენტის წინააღმდეგ დაობდნენ. დავის საგანი „მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა იყო, სადაც ეწერა, რომ აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება.

მოსარჩელე მხარის მითითებით, 70 წელს გადაცილებულ ქმედუნარიან, ჯანსაღი ფსიქიკისა და გონებრივი მონაცემების მქონე აკადემიკოსებს, მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე ეზღუდებოდათ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების უფლება. ეს იწვევდა მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. მოპასუხე მხარე კი აღნიშნავდა, რომ ასაკობრივი ზღვარის დაწესება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სადავო ნორმა ემსახურება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, უზრუნველყოფილი იყოს ამა თუ იმ სახელმწიფო ფუნქციის სათანადოდ განხორციელება. თუმცა, იმავდროულად, მნიშვნელოვანია ასაკოვანი პირების დაცვა დისკრიმინაციისაგან.

„ფაქტი, რომ, ზოგადად, ასაკის მატების თანმდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად ვერ გახდება ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვის დაწესების საფუძველი… საკონსტიტუციო სასამართლომ აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობების განხორციელებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ ამ თანამდებობებზე საქმიანობის განხორციელება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ფიზიკურ მოთხოვნებთან. მეტიც, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასახელებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც ასაკის მატებასთან ერთად დაგროვებული ცოდნა, გამოცდილება თუ ინსტიტუციური მეხსიერება,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შავი ზღვის ბინადრები ახლო ხედით [ვიდეო]

გინახავთ ზღვის ფინია სფინქსი,  შენიღბვის ოსტატი ქამბალა ან ზღვის ფსკერზე მფრინავი კუდხანჯალა სკაროსი?  იცით, რომ კოლხური ზუთხი წყლის ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორია და რომ მამრი ცხენთევზა საკუთარ ნაშიერებს სხეულში არსებულ სპეციალურ კამერაში ზრდის? იცოდით, რომ ქვის კიბორჩხალას საყვარელი კერძი მიდიები, თევზის ლეში და რაპანები იყო?

გარემოს ეროვნული სააგენტო დოკუმენტურ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც შავი ზღვის ბინადრების ნახვა შეგიძლიათ. ვიდეოში ასევე ნახავთ შავი ზღვის ყველაზე შხამიან თევზს, ზღვის ურჩხულს და იმას, თუ როგორ უყვართ ერთმანეთი მცურავ კიბორჩხლებს.

NEA: შავი ზღვის ბინადრები

გარდა ცოცხალი ორგანიზმებისა, შავ ზღვაში ადამიანების მიერ ზღვისთვის უხვად მიძღვნილი ნაგავიც “ბინადრობს”.  წინასწარი პროგნოზით, თუ ადამიანები გარემოს დანაგვიანებას ამ ტემპით გააგრძელებენ, შესაძლოა  2050 წლისთვის ზღვებსა და ოკეანეებში  უფრო მეტი პლასტიკი იყოს, ვიდრე თევზი.

 

რეპროდუქციული ასაკის ქალებში მოიმატა უეცარი სიკვდილის შემთხვევებმა – კვლევის შედეგები

დალი ტრაპაიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, წლების განმავლობაში აკვირდება რეპროდუქციული ასაკის ქალთა ავადობისა და სიკვდილიანობის მონაცემებს საქართველოში და მათ შორის, აჭარაშიც. 2018 წლის თებერვალში მან ქობულეთში გამართულ კონფერენციაზე წარადგინა კვლევა – „რეპროდუქციული ასაკის ქალთა ავადობისა და სიკვდილობის მონაცემები აჭარის პოპულაციაში“. „ბათუმელები“ მას კვლევის შედეგების შესახებ ესაუბრა.

ქალბატონო დალი, კონკრეტულად რა მონაცემები გაქვთ, რა ტიპის დაავადებებზეა საუბარი?

რეპროდუქციულ ქალთა ასაკი მოიცავს 15-49 წელს. ეს განსაკუთრებული რისკის ჯგუფია, რადგან ამ ასაკის ქალებს აქვთ ფიზიოლოგიური სტრეს-ფაქტორები, ესაა: ორსულობა, მშობიარობა, ლოგინობის ხანა და ასე შემდეგ.

საქართველოში ყოველწლიურად რეპროდუქციული ასაკის 900-მდე ქალი კვდება. პირველ ადგილას, სიკვდილიანობის მიზეზის თვალსაზრისით, არის ონკოლოგიური დაავადებები, მეორე ადგილას – ე.წ. გარეგანი მიზეზები, ესაა ტრავმა, სუიციდი და ა.შ. მესამე ადგილას არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ეს მონაცემებია როგორც აჭარაში, ისე მთელს საქართველოში.

შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ ციფრებზე?

სიკვდილის მიზეზებს შორის 45 პროცენტამდეა ონკოლოგიური დაავადებები, მეორე ადგილზეა გარეგანი მიზეზები, ტრავმები და ა.შ. ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები 13 პროცენტია რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის კვლევაში.

ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც არის ავადობისა და სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი. წლების განმავლობაში იყო მითი, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლება (ეს არის თავის ტვინის ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია) არის მამაკაცების დაავადება და არა ქალების, მაგრამ ბოლო წლებმა ეს მითი დაამსხვრია, რადგან ნომერ პირველი მკვლელი როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში არის სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ბოლო მონაცემების გაანალიზებისას ცხადი გახდა, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალებში მოიმატა ე.წ. უეცარი სიკვდილის შემთხვევებმა, როცა ქალი მოკვდა ძილში, დილას იპოვა მეუღლემ გარდაცვლილი და ა.შ. უეცრად გარდაცვლილ ქალებს, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ სიმპტომი და დადგა სიკვდილი რისკის შეფასების გარეშე. ამიტომ ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ხშირად სიმპტომი შეიძლება იყოს არადიფერენცირებული ჩივილი, დაღლა, გაუცნობიერებელი ჩივილი… ასეთ დროს ქალი ფიქრობს, რომ ეს გულს არ უკავშირდება. საჭიროა პრევენციული ხასიათის ვიზიტი ექიმთან, საქართველოში კი სიმპტომის გარეშე ადამიანი ექიმთან არ მიდის. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურად დადგა კვლევის შედეგების გაანალიზებისას.

რა არის ამის მიზეზი?

ამის პირველი მიზეზი გახლავთ გათვიცნობიერების დეფიციტი მოსახლეობაში. ქალებში ეს არის გამოწვეული იმ მითით, რომ თითქოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან თრომბოემბოლია ქალებს არ ემართებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალებში გულსისხლძარღვთა დაავადებები განსაკუთრებით სპეციფიკურად მიმდინარეობს, ხშირად არადიაგნოსტირებულია და მკურნალობის გარეშე რჩება.

ასევე, ხშირია შემთხვევა, როცა ქალს აქვს ჰიპერტენზია, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს დროებითი და სიტუაციური მოვლენაა, ანუ კავშირშია რაღაც სტრესთან და ა.შ. როცა აუწევთ წნევა, მაშინ იღებენ წამალს და ხანგრძლივი მკურნალობის სარგებელი არ არის გაცნობიერებული. ეს გახლავთ ყველაზე არასწორი მკურნალობა. თანამედროვე წნევის დამწევ, სისხლძარღვების დამცავ პრეპარატებს აქვთ ასეთი თვისება – ისინი მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით ათი დღის შემდეგ, ასე ვთქვათ, იკრებენ ძალას, ხოლო როცა პაციენტი ეპიზოდურად იღებს მედიკამენტს, პრეპარატი ყოველ ჯერზე თავიდან „იქოქება“ და სასურველი ეფექტი არ დგება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „წნევა რომ ამიწევს, მაშინ დავლევ“ – არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა.

ერთ კვირაში რომ არ აქვს ეფექტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მედიკამენტს ეფექტი არა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ან დოზის გაზრდაა საჭირო, ან კომბინირებული მკურნალობა. ძალიან აქტუალური და მტკივნეული საკითხია ჩვენთან, რომ მოსახლეობამ ნაკლებად იცის ხანგრძლივი მკურნალობის სარგებელი.

არის მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც უკავშირდება პრევენციას. ქალმა, რომელიც შედის რისკჯგუფში, მაგალითად, მოიხმარს თამბაქოს, აქვს ჭარბი წონა, ჰიპერტენზია რომ არ დაემართოს, კორექცია უნდა გაუკეთოს რისკფაქტორებს, მავნე ჩვევებზე უარი თქვას, სუფრის მარილისადმი დამოკიდებულება შეცვალოს და ა.შ. ყველაფრის სათავე არის გაცნობიერება, სწორი ინფორმაციის ქონა. ჩუმ მკვლელს უწოდებენ ჰიპერტენზიას, რადგან სანამ ისეთ სამიზნე ორგანოებს არ დააზიანებს, როგორიცაა თავის ტვინი და გული, მანამდე ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ამიტომაც, ყველაზე სასარგებლო და ეფექტური მკურნალობისას, როგორც ქალებში, ისევე მამაკაცებში, არის პირველადი ჯანდაცვა, ამ რგოლის კარგი მუშაობის გარეშე არაფერი გამოვა.

როგორია მამაკაცთა შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებელი ქალებთან შედარებით?

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები „პრიორიტეტად“ რჩება მამაკაცთა შორის, მაგრამ არის პათოლოგიები, რაშიც ქალები „ვლიდერობთ“. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ასევე მოციმციმე არითმია უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, თუმცა მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები მამაკაცებში უფრო ხშირია. არის გარკვეული ასაკი მენოპაუზამდე, როცა მამაკაცებში ეს დაავადებები უფრო ჭარბობს, მაგრამ მენოპაუზის შემდეგ, დამცველობითი ფაქტორი ქალისა, აღარ არსებობს.

საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში განსხვავებული მდგომარეობა არის რეპროდუქციული ასაკის ქალთა ავადობის თვალსაზრისით?

განსაკუთრებული თავისებურება ქრონიკული დაავადებების მხრივ არის ის, რომ იკვეთება მეტაბოლური ხასიათის დაავადებები, რაც კავშირშია რეგიონში კვების თავისებურებასთან, რაციონში შემავალი ცხიმის სიჭარბით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო წლებში შაქრიანი დიაბეტის გავრცელების თვალსაზრისით აჭარა უპირატეს ჯგუფში აღმოჩნდა, შემთხვევებმა იმატა. რაც შეეხება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, აჭარაში განსაკუთრებული რეგიონული მახასიათებელი არ იკვეთება.

უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია, ქრონიკული დაავადებები არ იკურნება, მაგრამ წარმატებულად კონტროლდება, რაც მკვეთრად ამცირებს სისხლძარღვოვანი გართულებების რისკს.

_____________

მთავარ ფოტოზე: დალი ტრაპაიძე 

მახუნცეთის ჩანჩქერთან პარკინგი ფასიანი გახდება

მახუნცეთში, ღვინის სახლისა და ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ავტოსადგომებზე დისტანციური, პულტით მართვადი ბარიერები მოეწყობა და პარკინგიც ოფიციალურად ფასიანი გახდება.

პულტით მართვადი ვერტიკალური ბარიერების მოსაწყობად ქედის მერიამ სახელმწიფო შესყიდვა 25 000 ლარზე უკვე გამოაცხადა.

ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მერია მახუნცეთში ავტოსადგომებზე პულტით მართვად ხელოვნურ ბარიერებს მოაწყობს, პარკინგი სამართავად მერიის ბალანსზე არსებულ შპს „ქედის კომუნალურსერვისს“ გადაეცემა.

რაც შეეხება პარკინგის ტარიფს, მერის მოადგილის თქმით, ჯერ საფასური განსაზღვრული არ არის.

„მახუნცეთი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია, ბევრი ვიზიტორი ჰყავს, შესაბამისად, რომ არ იყოს ქაოტური მოძრაობა, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა მოაწყოს პარკინგი. დაიხაზება ტერიტორია, დაყენდება ხელოვნური ბარიერები და ასევე განთავსდება სალარო აპარატი, რომლითაც პარკინგით მოსარგებლე შეძლებს გადაიხადოს საფასური. პარკინგი სამართავად ქედის კომუნალურსერვისს გადაეცემა, მოსაკრებელსაც თვითონ აიღებს. რაც შეეხება მომხმარებლებისთვის პარკინგის გადასახადს, ამ დროისთვის ტარიფი დაზუსტებული არ არის,“ – ამბობს როლანდ ბერიძე.

სახელმწიფო შესყიდვით, ქედის მერია ხელოვნური ბარიერებისთვის სულ 20 პულტს შეისყიდის.

აჭარის პროკურატურას ქალი პირველად უხელმძღვანელებს

აჭარის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. იგი აქამდე საპროკურორო საბჭოს წევრი იყო და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსი. აჭარის პროკურატურას აქამდე ლევან პაქსაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლა კახეთის პროკურორად დანიშნეს.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა, დასავლეთ საქართველოს  პროკურორად – შოთა ტყეშელაშვილი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად – ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, სამცხე-ჯავახეთის პროკურორად – შოთა რიჟამაძე.

39 წლის ნათია სონღულაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდების მხარეს წარმოადგენდა. ამ სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი იყო მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისადა ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად – 7 994,84 ლარი.

2009-2013 წლებში ნათია სონღულაშვილი მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის პოზიციაზე;

20013-2014 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი;

საქართველოს პროკურატურაში სულ 17 შიდა საკადრო ცვლილება განხორციელდა.

ათი რჩევა აუზის შერჩევისას

ჯანსაღი ცხოვრების წესს რომ მივყვეთ, ყველაზე მარტივი და სახალისო აუზზე სიარულია. თუმცა, როცა დღის წესრიგში აუზის შერჩევის საკითხი დგება, გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს. ეს იმიტომ ხდება, რომ აუზების შესახებ ინფორმაცია მწირია და მომხმარებელმაც ნაკლებად იცის, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩიოს აუზი. ამიტომაც გთავაზობთ აუზის შერჩევისას გასათვალისწინებელ აუცილებელ მახასიათებლებს:

#1 აუზის ზომა

ვისაც ცურვა გიყვართ, დამეთანხმებით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია აუზის სიგრძე და ბილიკების რაოდენობა. სასურველია აუზი პასუხობდეს ოლიმპიურ სტანდარტებს. ეს ნიშნავს რომ: აუზის სიგრძე 50 მეტრია, სიგანე – 25 მ, ხოლო სიღრმე – 2 მეტრი. აუზი დაყოფილი უნდა იყოს ბილიკებად, რომლებიც ერთმანეთისგან ბაგირებითაა გამოყოფილი. ასე მოცურავეები ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან ცურვის დროს. დასაწყისსა და დაბოლოებაში ხუთ-ხუთი მეტრით ბაგირები წითელი ფერისაა, რომ მოცურავეს შეეძლოს მარტივად განსაზღვროს თუ როდის უახლოვდება აუზის ჯებირს და თავიდან აიცილოს შეჯახება.

#2 სისუფთავე და ჰიგიენური ნორმების დაცვა

უმნიშვნელოვანესია აუზის წყლისა და მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავის და ხარისხის შენარჩუნება. აუზში წყალი სისტემატიურად უნდა გაიწმინდოს. ოლიმპიურ აუზში წყალი იფილტრება სილის ფილტრებით – წყალში არსებული მექანიკური მინარევები ილექება სილაში, ხოლო ფილტრაციაში განთავსებულია ულტრა იისფერი სხივებით შესაძლებელია წყლის ბაქტერიციდური დამუშავება. აუზის ფსკერსა და კედლებს მყვინთავი ასუფთავებს, რათა აუზში არ გაჩნდეს ნადები და ხავსი. ამის შემდეგ აუზი საბოლოოდ უნდა დასუფთავდეს სპეციალური ტექნიკით (რობოტით).

#3 ვენტილაცია და ბუნებრივი პირობები

აუზს უნდა ჰქონდეს გამართული ვენტილაცია და გამწოვი სისტემა. ოლიმპიური აუზის შემთხვევაში გამწოვი სისტემა საათში 3500 კუბ/მ ჰაერს აწვდის აუზის ტერიტორიას, რომელიც ინარჩუნებს ჰაერის ტემპერატურას 29-30 გრადუსზე და ჰაერის ფარდობით ტენიანობას (აუზის ტერიტორიაზე დასაშვები ტენიანობა არის 60-65 %). სასურველია დახურულ აუზს ჰქონდეს ტრანსფორმირებადი (გადასახსნელი) გამჭვირვალე სახურავი. ეს შესაძლებლობას იძლევა, წლის ნებისმიერ დროს, კარგი ამინდის შემთხვევაში მომხმარებელმა მიიღოს მზის აბაზანები და ბუნებრივი ატმოსფერული ჰაერი.

#4 აუზის წყლის ტემპერატურა

ზამთრის პერიოდში წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 28 გრადუსი, ხოლო ზაფხულში 26-27 გრადუსი. აუზის ზომებიდან გამომდინარე წყლის სარკის ყოველი ერთი მეტრიდან დღე-ღამეში დაახლოებით 400 მლ. ლიტრი წყალი ორთქლდება. შესაბამისად, აუზს ახალი წყლი ემატება ყოველდღიურად. ამ გზით, წელიწადში დაახლოებით 2-ჯერ, აუზის წყალი მთლიანად იცვლება.

#5 უსაფრთხოების ნორმების დაცვა

აუზსა თუ ზღვაში ცურვისას მნიშვნელოვანია თავს უსაფრთხოდ გრძნობდეთ. ცურვის დროს ხშირია ფეხის გაკავება, კუნთის გაფსკვნა და სხვა მრავალი მიზეზი, რამაც თქვენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. სწორედ ამიტომაც აუცილებელია აუზს ემსახურებოდეს პროფესიონალ მაშველთა ჯგუფი. მათ თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე უნდა იზრუნონ.

#6 სამედიცინო შემოწმება

აუცილებელია აუზში ჩასვლამდე ყველა მომხმარებელმა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ჯანმრთელობისთვის მავნე მიკრობების აუზზე მოხვედრა. თუ თქვენ შემოწმებას გთხოვენ, ეს ნიშნავს, რომ სტანდარტები დაცულია და აუზის მენეჯმენტი ზრუნავს როგორც თქვენი, ისე სხვა ნებისმიერი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე.

#7 ფიტნესი ინსტრუქტორის ზედამხედველობით

აუზთან არსებულ ფიტნეს დარბაზებში ხშირად დამოუკიდებლად გიწევთ ვარჯიში, რამაც შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს. კარგი იქნება თუ ისეთ ფიტნეს დარბაზში ივარჯიშებთ, სადაც ინსტრუქტორები დაგეხმარებიან ვარჯიშების შერჩევასა და დატვირთვაზე.

#8 ჯაკუზი

აუზიდან ამოსვლის შემდეგ ჯაკუზით სარგებლობა განტვირთვისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. პირადი ჰიგიენის თვალსაზრისით არ არის რეკომენდებული ქალები და კაცები ერთიანი ჯაკუზით სარგებლობდნენ, ამიტომაც დააკვირდით აუზზე თუ არის ჯაკუზები გამიჯნული ერთმანეთისგან. ჯაკუზიში სისტემატიურად უნდა ხდებოდეს წყლის ცირკულაცია (წყლის განახლება) და დასუფთავდეს იგივე პრინციპით, როგორც აუზის წყალი. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 35-37 გრადუსს.

#9 ფინური საუნა

სასურველია აუზზე დამატებითი სერვისები არსებობდეს, მათ შორის ფინური საუნა, სადაც იქმნება სპეციალური მიკრო კლიმატი ტემპერატურით 90-100 გრადუსამდე. ეს ხელს უწყობს ოფლდენას. საუნაში სიარული რეკომენდებულია პროფილაქტიკისა და გაჯანსაღების მიზნით. საუნას გამოყენება დაგეხმარებათ შრომის უნარიანობის აღდგენაში, განსაკუთრებით მძიმე ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის შემდეგ. საუნა აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს. საუნას ზეგავლენით კლებულობს ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ქრება დაღლილობის შეგრძნება.

#10 დამატებითი სერვისები

სასურველია აუზზე დამატებითი სერვისები არსებობდეს, როგორიცაა ქალებისთვის აკვა აერობიკა. ეს არის ვარჯიშის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სასარგებლოა წონის კორექციისთვის, კუნთების გამკვრივებისა და ჯანმრთელობისთვის. წყალში ვარჯიში უსაფრთხოა და არ აქვს უკუჩვენება. ის სასარგებლოა ხერხემლის სხვადასხვა დაავადებისთვის, ვარიკოზისთვის, სისხლის მიმოქცევისთვის და, რა თქმა უნდა, წონის კორექციისთვის.

წყალში კუნთები ორმაგად არის დატვირთული და შედეგი უფრო ეფექტურია. ვარჯიში სასურველია კვირაში 3-ჯერ, დღეში 45 წუთი.

ყველა ამ კრიტერიუმს დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ერთი აუზი აკმაყოფილებს – “მარდი პლაზა”. პლაზას ოლიმპიური აუზი სხვადასხვა ასაკის, დატვირთვის და ფინანსური შესაძლებლობის ადამიანებს სთავაზობს მათზე მორგებულ სერვისებსა და პაკეტებს.

დაგვიკავშირდით: 0422 29 44 01 ; fb.com/mardiplaza ;  Mardiplaza.ge

„გვირაბთან გზას ბიუჯეტის ხარჯზე ივანიშვილის ხეებისთვის აკეთებენ“ – ენმ პროკურატურას მიმართავს

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი უკანონო და დანაშაულებრივ ხელშეკრულებას აფორმებს და საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე. მან დღეს პროკურატურას წერილობით მიმართა და მახინჯაურის გვირაბთან ახლოს გამავალი ახალი გზის მოწყობით დაინტერესება მოითხოვა. გია აბულაძე ირწმუნება, რომ ახალ გზას ბიძინა ივანიშვილისთვის აკეთებენ, რომელსაც ამ ტერიტორიიდან ხეები გააქვს.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოსაწყობად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2,5 მილიონი ლარი გამოყო და გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით ხელშეკრულება შპს „გზა“-სთან ტენდერის გარეშე გააფორმა. სამუშაოები 2017 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

„ამ ტერიტორიიდან, სადაც შენდება გზა, ბიძინა ივანიშვილს გადააქვს ხეები, უკვე გადათხრილია ტერიტორია და გამზადებულია ხეები გადასატანად. საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამარტივებული შესყიდვით უფორმებს ხელშეკრულებას შპს ,,გზას“, რომელიც არის ხეების გადამტანი კომპანია. გამოდის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 2,5 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანისთვის. აღნიშნული გზების მშენებლობის საჭიროება არ არსებობს, მითუმეტეს არ არსებობს იმის საჭიროება, რომ დაჩქარებული წესით განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვა. ზემოაღნიშნული სახელმწიფო შესყიდვები აჩენს ეჭვებს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს უკანონო და დანაშაულებრივი ხელშეკრულების გაფორმებას და საბიუჯეტო თანხას არამიზნობრივ ხარჯვას,“ – აღნიშნავს გია აბულაძე.

ხელშეკრულების გაფორმებამდე, გასული წლის ივლისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი პირდაპირ შესყიდვას ასე ასაბუთებდა:

„სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვა, დოკუმენტაციის დამუშავება და გზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პროცედურები მოითხოვს დროის საკმაოდ დიდ პერიოდს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემულ მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომების გაზრდის უზუნველსაყოფად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აღნიშნული სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, რათა სამუშაოები დასრულდეს შემჭიდროვებულ ვადებში…“

ამ თემაზე:

მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა გადაიწევს

აჭარის სოფლებიდან რძის გასატანად სამინისტრო სპეცტექნიკას შეისყიდის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლებიდან ნედლი რძის მიმღებ პუნქტებამდე ტრანსპორტირებისთვის სპეციალურ ავტომობილს შეისყიდის. ერთი სპეცავტომობილისა და ბიდონების შესასყიდად სამინისტროს 143 500 ლარი აქვს გამოყოფილი.

სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორის, ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებისმიერი ოდენობის რძე ამ ავტომობილით გადაიტანონ. მისივე თქმით, სპეცტექნიკის შესაძენად სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვას უახლოეს დღეებში განახორციელებს.

„ის ფერმერები, რომლებიც რძეს დიდი ოდენობით არ აწარმოებენ, არ უღირთ 5-10 ლიტრი რძის გადამამუშავებელ საწარმოებამდე მიტანა, ხოლო რძის დიდი მწარმოებლები ტრანსპორტირებისას ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ იცავენ. ნედლი რძე მიღებიდან ორი საათის შემდეგ უნდა გადამუშავდეს. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ მცირე წარმოებას, ამავდროულად, ნელ-ნელა დავნერგოთ სტანდარტები და შევაჩვიოთ მოსახლეობა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას,“ – ამბობს ჯემალ აბულაძე.

ავტომობილი, რომლის შეძენაც დაგეგმილია ბიდონებთან ერთად, მცირე ლაბორატორიული ხელსაწყოთი იქნება აღჭურვილი და რძის ვარგისიანობას ადგილზე შეამოწმებენ, იქნება 20 და 40- ლიტრიანი ჭურჭლები, მთლიანობაში, 3-4 ტონა რძის გადატანა შეეძლება ავტომობილს.

„პირველ ეტაპზე ერთ ავტომობილს შევისყიდით, გვინდა ასეთი ექვსი ავტომობილი გვქონდეს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს  ვახორციელებთ დონორ ორგანიზაციებთან, რომ მსგავსი ტექნიკა-დანადგარები მათი ფინანსური მხარდაჭერით შევიძინოთ. რაც შეეხება ფერმერს, რომელიც რძეს ამ ტრანსპორტით გადაიტანს, ის მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯს გადაიხდის,“ – ამბობს ჯამბულ აბულაძე.

კულტურის სამინისტრო სამი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას დააფინანსებს

საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი – „დილა“, ლიტერატურული ჟურნალები: „არილი“ და „ახალი საუნჯე“ – სამი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს.

მწერალთა სახლმა ლიტერატურული ჟურნალების დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსი 2018 წლის 31 იანვარს გამოაცხადა. კონკურსზე სულ 5 ჟურნალი იყო წარდგენილი: „დილა“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ცისკარი“, „ახალი საუნჯე“ და „არილი“.

კონკურსში გამარჯვებული გამოცემები 21 თებერვალს მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე, ლევან ბერძენიშვილი, რატი ამაღლობელი, ზვიად კვარაცხელია, ბესო ხვედელიძე და თინა მამულაშვილი.

წყარო: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ქედის თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ქედა სპორტული აქტივობებით რომ გამორჩეული მუნიციპალიტეტია, ამას სპორტსმენთა მიღწევები მოწმობს. იმისთვის, რომ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით იყვნენ დაკავებულნი, მერია წლის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან პროგრამასა თუ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტულ სექტორებსა და ჯგუფებში ჩართვის, სპორტის მასობრივი და ინდივიდუალური სახეობების განვითარების, წარმატებულ სპორტსმენთა გამოვლენის და სპორტის სახეობების პოპულარიზაციის  მიზნით, მიმდინარე წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 401 900 ლარია გათვალისწინებული, რომლის ფარგლებში ფინანსდება მერიის 29 მიზნობრივი სპორტული პროგრამა, საფეხბურთო და სარაგბო კლუბები, სასპორტო სკოლის სექციები, სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

მაგალითისთვის, მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სოფლად მცხოვრები მოზარდები აქტიურად ითხოვენ. სწორედ, მათი სურვილების გათვალისწინებით, გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუთს, ხოლო აშენდა 3 ახალი მინი სპორტული მოედანი, მათ შორის ქვედა მახუნცეთში, თანამედროვე ტიპის, გენ-გემით გათვალისწინებული პროექტების შესაბამისი.

პროგრამა წელსაც გაგრძელდება და დაგეგმილია 6-მდე სოფელში არსებული მინი მოედნების რეაბილიტაცია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება.

რეაბილიტირებული მინი სპორტული მოედნები კი, საშუალებას მისცემს ადგილობრივ ახალგაზრდებს ჩამოაყალიბონ ფეხბურთის სამოყვარულო გუნდი ან რაიმე სახის სპორტული აქტივობები დაგეგმონ.

სოფელი ჩანჩახლო გვირაბის აშენების შემდეგ [ფოტო]

აჭარაში, განსაკუთრებით მთიან მუნიციპალიტეტებში, გეოლოგიური პროცესები გაზაფხულის მოსვლასთან ერთად აქტიურდება. ერთ-ერთი გეოლოგიურად აქტიური სოფელი ჩანჩხალოა, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს.

ადგილობრივების თქმით, გეოლოგიური პროცესების გააქტიურება სოფელში დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო, პიკს კი მაშინ მიაღწია, როდესაც სოფელში გვირაბის გასაყვანად ბურღვა-აფეთქებები განხორციელდა.

აფეთქების პარალელურად სოფლის მოსახლეობა აქ აქციებს მართავდა და გვირაბის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდა. სოფელში გვირაბი მაინც ააშენეს.

სოფლის ცენტრალური საავტომობილო გზა, ჩანჩხალოს გადასახვევიდან რამდენიმე მეტრში წყდება, მთის ფერდობიდან ჩამოყრილი მიწის მასა და ლოდები გზის სავალ ნაწილზე ერთი წელია ყრია. დაბზარულია გზის სხვა მონაკვეთებიც.

სოფლის პირველი უბანი, სადაც ახლა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ყველაზე ცხელი წერტილია ჩანჩხალოში. ამ უბანს დღემდე მხოლოდ ოთხი ოჯახი შემორჩა. ადგილობრივების თქმით, ოთხიდან სამმა განსახლების პროგრამით 25 000 ლარი მიიღო, ერთი კი კომპენსაციის მისაღებად დოკუმენტაციას აგროვებს. ეკომიგრანტები, რომლებმაც სახელმწიფოსგან განსახლების მიზნით 25 ათასი ლარი მიიღეს, დღემდე ჩანჩხალოში რჩებიან და ცხოვრებას კვლავ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში აგრძელებენ.

შუქრი დიასამიძე ამბობს, რომ ბინის შესაძენად საჭირო თანხის ნაწილი კრედიტით გამოიტანა, ბანკის ვალის დასაფარად კი სოფელში თამბაქო მოჰყავს.

„20 000 დოლარად  ერთოთახიანი ბინა ვიყიდე. თანხა, რომელიც სახელმწიფოსგან მივიღე არასაკმარისი კი იყო, მაგრამ დანარჩენი ბანკიდან გამოვიტანე, ბანკს გადახდა ხომ უნდა? ქალაქში რომ გადავიდე იქ რა ვიმუშაო? 56 წლის კაცი ასფალტზე ქურდობას ვერ დავიწყებ, აქ თამბაქო, კარტოფილი მომყავს, ვყიდი, ოჯახს ვარჩენ და ბანკშიც შემაქვს კრედიტის გადასახადი, აქ ცხოვრება საშიში კი არის, მაგრამ ისეთი საშიში არ მგონია იყოს, რომ რამე ვერ გავასწროთ“, – ამბობს შუქრი დიასამიძე.

განსახლების პროგრამით 25 000 ლარი შუქრის მეზობლად მცხოვრებმა მურად დუმბაძემაც მიიღო, მაგრამ დუმბაძეებიც დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში აგრძელებენ ცხოვრებას.

„მადლობელი ვართ ხელისუფლების, მაგრამ წასვლა გამოსავალი არ არის, აქ მანამდე ვაპირებთ დავრჩეთ, ვიდრე შესაძლებელი იქნება და ვიდრე ბანკის ვალებს არ დავფარავთ. ამ უბანს წითელ უბანს ეძახიან, ცხელი წერტილია, მიწა ნელ-ნელა იწევს, ნაპრალებიც ჩნდება“, – ამბობს მურადი.

ოჯახები, რომლებმაც კომპენსაცია სახლების გასამაგრებლად მიიღეს, ამბობენ, რომ მათი პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, რადგან საცხოვრებელ სახლებზე ბზარები ყოველწლიურად იზრდება და ახალი ბზარებიც ჩნდება.

„ჩვენს სახლზე ბზარები მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც გვირაბის მშენებლობა დაიწყო, სახლის გასამაგრებლად 4 000 ლარი ჩაგვირიცხეს, თუმცა სახლის გამაგრებამ პრობლემა ვერ მოაგვარა, ახალი ბზარები გაჩნდა და ყოველწლიურად მატულობს, არც გზა გვაქვს ნორმალური, ხანძარი რომ გაჩნდეს სოფელში სახანძროს ავტომობილი ვერ შემოვა. მთავარი გზა თითქმის ერთი წელია ჩახერგილია, შემოვლითი გზა კი ვიწროა. ჩვენი მოთხოვნა განსახლებაა, სოფელი განსასახლებელი რომაა, ამას ის ნაპრალებიც ადასტურებს, რომლებიც ყველგანაა“, – ამბობს ციური მახარაძე.

სახლის გასამაგრებლად თანხა მავილე მიქელაძის ოჯახმაც მიიღო, თუმცა როგორც გვიყვება, სახლის გამაგრება ვერ შეძლო: „სახლის გამაგრებისთვის კომპენსაცია ორი წლის წინ მოგვცეს, მაგრამ ვერ გავამაგრეთ, მოხელეებმა, რომლებიც მოვიყვანეთ, გვითხრეს საყრდენი კედლებია დაბზარული და ამ სახლის გამაგრება შეუძლებელიაო. რაც დრო გადის სახლს ბზარები ემატება, ნაპრალები იზრდება, ბზარებს ვავსებთ,  სახლში ქვეწარმავალი რომ არ შემოძვრეს“.

 

რატომ არ უნდა გეშინოდეთ აცრის

მაშინ, როცა აჭარაში წითელას ეპიდემიაა და დაავადების ახალი შემთხვევები მატულობს საქართველოს სხვა კუთხეებშიც, ფეისბუქის ჯგუფებში მცირეწლოვანი ბავშვების დედები აცრებს კვლავ ეჭვით უყურებენ.

წითელათი დაავადების 300-მდე შემთხვევიდან 222 შემთხვევა აჭარაშია რეგისტრირებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი იმუნოპროფილაქტიკისა და ეპიდზედამხედველობის დარგში ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ შემთხვევები, როცა მშობლები კატეგორიულ უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე იშვიათია, თუმცა დღემდე არსებობს:

„ერთეულები რჩებიან კვლავ, ვინც სასტიკად წინააღმდეგია აცრის. ახლა, ეპიდემიის დროს, ასეთი მშობელი აცხადებს, რომ მის შვილს ნამდვილად გადატანილი აქვს წითელა. საქმე ის არის, რომ წითელა და წითურა იმდენად ჰგავს ერთმანეთს, თუ ლაბორატორიული კვლევა არ ხდება, ძალიან რთულია ამის დიფერენცირება დღეს”, – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.

FB კომენტარები წითელაზე აცრის შესახებ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ წითელათი დაავადებული პაციენტების 50 პროცენტი ერთ წლამდე და 16 წლის ასაკის ზემოთ ადამიანები არიან.

„ფაქტია, იმუნური ფონი არსებობს საქართველოში, რომ ყოფილიყო მისი დეფიციტი, უფრო მძიმედ წავიდოდა ეს დაავადება. წითელა ყოველთვის არ მიმდინარეობს მსუბუქად. წითელა იმით არის საშიში, რომ მას ძლიერი გართულება ახასიათებს სხვა მართვად დაავადებებთან შედარებით. წითელათი დაავადებულ 16 ადამიანს,  რომლებიც ახლა წვანან სტაციონარში, უმეტესად წითელას მსუბუქი ფორმა აქვთ, ძალიან ცოტას – საშუალო სიმძიმის ფორმა. იმუნური ფონი არსებობს, განსაკუთრებით 1-წლიდან 15-წლამდე ასაკის ადამიანებში იმიტომ, რომ ამ ასაკში [თუ აცრილია სრულყოფილად] დაავადებულები ფაქტობრივად არ არსებობენ, არ გვყავს”, – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.

წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5-წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. წითელას მყარი იმუნიტეტი ახასიათებს, ამიტომ იგი განმეორებით არ ემართება ადამიანს, მისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება კი აცრაა.

წითელა ცნობილ ინფექციურ დაავადებათაგან ერთ-ერთი ყველაზე გადამდებია. თითქმის ყველა, ვინც არ არის აცრილი წითელაზე, მასთან შეხების დროს – ავადდება. ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ წითელას ვირუსის შემოსვლისას, პირველ რიგში, ვირუსი ემართება აუცრელ ჯგუფს, მერე თუ ძალიან გავრცელდა – არასრულად (ანუ ორიდან მხოლოდ ერთხელ) აცრილ ჯგუფს და ასე ეტაპობრივად. “რა თქმა უნდა, ახლაც ასე იმიტომ გავრცელდა, რომ დახვდა აუცრელი ფონი. ჩვენთან რომ ყოფილიყო 90%-ი აცრილი, რა თქმა უნდა, არ გავრცელდებოდა ეს დაავადება”.

[gray_box]რატომ ეშინიათ აცრის?[/gray_box]

ნანა ჯინჭარაძე განმარტავს, რომ აცრასთან დაკავშირებული შიშები და ეჭვები მშობლებში, ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული. მისივე თქმით, ვაქცინაციის შემდეგ ყველაზე მძიმე რეაქცია რაც კი დადასტურებულა, ანაფილაქსიური შოკია [ალერგიული რეაქცია] და “ამ შოკიდან ბავშვის გამოყვანა შეიძლება. წითელას გართულების შემდეგ დატოვებული დაზიანება კი მთელი ცხოვრება მიჰყვება ბავშვს. თუ აცრა სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება, ბავშვი სრულიად დაზღვეულია“.

წითელა-წითურას ვაქცინა, რომელიც ჩვენთან გამოიყენება, ბელგიურია და მას არანაირი უკუჩვენება არ აქვს. ადრე გვქონდა ვაქცინა, რომელიც მცირე რაოდენობით კვერცხის ცილას შეიცავდა და ვისაც ალერგია ჰქონდა კვერცხზე, მასთან უკუჩვენება იყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გვინახავს არანაირი გართულება ამ აცრის შემდეგ”, – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.

[gray_box]როგორ მუშაობს ვაქცინა?[/gray_box]

ორგანიზმს აქვს ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი ბუნებრივი დაცვის – იმუნური სისტემა. იგი წარმოშობს ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს და იცავენ ორგანიზმს მათგან. თუმცა, არსებობს ინფექციური დაავადებები, რომლებსაც ბავშვის ორგანიზმი ბუნებრივი გზით ადვილად ვერ უმკლავდება, მათი გართულებები კი სიცოცხლისათვის საშიშია. სწორედ ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად ტარდება იმუნიზაცია [იმუნიტეტის გაძლიერება აცრების გზით].

ისევე როგორც წითელას გადატანის შემდეგ გამომუშავდება ანტისხეულები, რომელსაც ახასიათებს მუდმივი იმუნიტეტი, ასევეა ვაქცინაც – ორგანიზმში შედის ვაქცინა ანტიგენით [ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერება], მის საწინააღმდეგოდ ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომელიც მთელი ცხოვრება რჩება ორგანიზმში „და მომავალში ვირუსთან კონტაქტისას, თუ ანტისხეული აქვს ადამიანს ორგანიზმში, იგი იგნორს უკეთებს ანტიგენს და დაავადება აღარ იწყება“, – განმარტავს სპეციალისტი.

ასოციაცია „გენეზისი“: ვაქცინები იმუნობიოლოგიური პრეპარატებია, რომლებიც შეიცავენ ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიის ან ვირუსის ცოცხალ ან დახოცილ ფორმებს ან იმ ნივთიერების მცირე ნაწილს, რომელსაც ბაქტერია ან ვირუსი გამოიმუშავებს (ანატოქსინს). ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ორგანიზმში გარედან ხელოვნურად შეყვანილ, იმუნური რეაქციის გამომწვევ, ამ ფაქტორებს ანტიგენები ეწოდება. ვაქცინა აიძულებს ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას გამოიმუშავოს ანტისხეულები – ნივთიერება, რომლებიც ებრძვის ინფექციას. თუ ბავშვის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება, ვაქცინაციის შედეგად უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები ამოიცნობენ მას და ბავშვის ორგანიზმს დაიცავენ დაავადებისაგან.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ბოლო 10 წლის განმავლობაში იმუნიზაციის მხრივ, საქართველოს კარგი მაჩვენებელი ჰქონდა. კარგ მაჩვენებლად ითვლება 95%. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წითელას მასობრივ გავრცელებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ყოველწლიურად აცრის გარეშე დარჩენილმა იმ 5%-მა და იმუნიზაციის მხრივ გაურკვეველი სტატუსის მქონე 40 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობამ (ადრე მხოლოდ მონოვაქცინა იყო წითელა) შეიტანა.

ჯანმოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც წითელას ელიმინაციას ცდილობს, ანუ შემთხვევების ნულამდე დაყვანას. „როცა არ იქნება წითელა, აღარ იქნება ვაქცინა საჭირო, ისევე როგორც გაქრა „ყვავილი“, აღარ გვაქვს ყვავილის შემთხვევები. საქართველოს პოლიტიკა არის პოლიომილიტის და წითელას ვირუსების აღმოფხვრა. წითელას ელიმინაცია ბევრად უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, გაგვიგრძელდა. როცა წითელას შემთხვევები ნულამდე დავა, შეგვეძლება წითელას ვაქცინა ამოვიღოთ, ამას ალბათ კიდევ 10 წელი დასჭირდება”, – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.

ახლახან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [ჯანმო] ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2017 წელს წითელას შემთხვევები ევროპაში ოთხჯერ გაიზარდა, წინა წელთან შედარებით, კერძოდ:

ჯანმო:  2017 წელს წითელას 21 315 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 35 ლეტალური შედეგით დასრულდა. მაშინ, როცა 2016 წელს რეგისტრირებული იყო ამ დაავადების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი – 5273 შემთხვევა.

ჯანმოს ცნობით, წითელას შემთხვევების მკვეთრი ზრდა ევროპის რეგიონის ყოველ მეოთხე ქვეყანას შეეხო. შემთხვევების მკვეთრი ზრდა, მათ შორის ეპიდაფეთქებები [100-ზე მეტი შემთხვევა], რეგიონის 53 წევრი-ქვეყნიდან 15-ში დაფიქსირდა. ყველაზე მეტად რუმინეთი დაზარალდა [5 562 შემთხვევა], შემდეგ იტალია [5 006 შემთხვევა] და უკრაინა [4 767 შემთხვევა].

ჯანმოს ცნობით ამის მიზეზი, საყოველთაო გეგმიურ იმუნიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. მათივე ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად ბოლო წლის მაჩვენებლისა, წითელას შემთხვევების შემცირების მხრივ, მთლიანობაში პროგრესი მაინც შეინიშნება.

ამავე თემაზე:

რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

აჭარაში წითელას შემთხვევებმა იმატა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს

 

ბათუმის მერია ისტორიული სახლების გამოსყიდვაზე

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირველ წარმატებულ მაგალითად დაასახელა, როცა ბათუმის მერიამ მოახერხა მესაკუთრეებთან შეთანხმება მათ საკუთრებაში არსებული ბინების ალტენატიულ ბინებში გაცვლასთან დაკავშირებით.

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ამ სახლს დაახლოებით ხუთი წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და სახლის შიდა ნაწილი დაიწვა, რის შემდეგაც მესაკუთრებმა მისი აღდგენა ვერ შეძლეს.

ბათუმის მერის ინფორმაციით, სახლის ცხრავე მესაკუთრესთან მიღწეულია შეთანხმება და მათ მერია ბათუმის საბინაო ფონდიდან ალტერნატიულ ფართობებს მას შემდეგ გადასცემს, რაც საკითხზე საკრებულო იმსჯელებს და დაამტკიცებს. ამის შემდეგ კი მერია შეიმუშავებს ისტორიული სახლის რეაბილიტაციის პროექტს, რომელსაც ინვესტორს შესთავაზებს.

ძველ ბათუმში ისტორიული სახლების მესაკუთრეებისთვის ალტენატიული ფართობების შეთავაზებითა და ამ სახლების შემდეგ კომერციულ ობიექტებად ქცევის პროექტი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. ბევრი ამ იდეას ეჭვის თვალითაც უყურებს, თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ კერძო სექტორიდან ინტერესი არის. მერიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რომელმა კომპანიებმა გამოთქვეს პროექტში ჩართვის სურვილი.

იდეის შესახებ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე, მათ მიმდებარე ფონური ნაგებობების [საწყის ეტაპზე ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში] ეტაპობრივად გამოსყიდვას, მცხოვრებლებისთვის ალტერნატიული ფართობის შეთავაზების გზით ლაშა კომახიძემ პირველ თებერვალს სასტუმრო „რადისონში“ გამართულ შეხვედრაზე გაახმოვანა. მერის ინფორმაციით, შენობების გამოსყიდვის შემდეგ ეტაპზე შეიმუშავებენ ამ შენობების რეაბილიტაციის პროექტებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით და ინვესტორებს პირობიან საინვესტიციო წინადადებებს შესთავაზებენ.

ბათუმი, ზვიად გამსახურდიას N11 / 21.02.2018 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე

 

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი კომპანია იფრენს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს ორი ახალი ავიაკომპანია შეასრულებს. პოლონური Small Planet Airlains-ი ვარშავის მიმართულებით, რუსული UTV Aereo კი ყაზანის მიმართულებით იფრენს. Small Planet Airlains-ი გასულ წელს ბათუმის აეროპორტში ჩარტერულ რეისებს ასრულებდა, 2018 წლიდან კი რეგულარულ ფრენებს განახორციელებს.

ჯამში ბათუმიდან მსოფლიოს 19 ქალაქში 19 ავიაკომპანია იფრენს. გეგმის მიხედვით, Fly Dubai აპირებს ავიარეისების სიხშირე გაზარდოს და ყოველდღიური გახადოს. ზაფხულში ასევე გაიზრდება ჩარტერული რეისების რაოდენობაც.

როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, წლის განმავლობაში არსებული განრიგი შეიძლება შეიცვალოს და   რეისები დაემატოს.

2018 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის ცვლილებების წელი იქნება. აეროპორტის მენეჯმენტი გეგმავს თვითმფრინავებისთვის ხუთი ახალი სადგომის დამატებას. ასევე, დაემატება სარეგისტრაციო მაგიდებიც.

სამინისტრო ძველ ბათუმში ძეგლს 1,72 მილიონ ლარად ყიდის

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, N40-ში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობასა და მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის.

1128 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და 664,8 კვ/მ შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 720 ათასი ლარია, ბიჯი – 35 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი მიმდინარე წლის 21 თებერვალს დაიწყო და 9 მარტს დასრულდება.

შენობა, რომელიც აუქციონზე იყიდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველს ევალება:

[checklist]

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან  3 თვის ვადაში;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე [ძეგლის] მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა სამინისტროში;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის საჭირო შენობა-ნაგებობის სარემონტო სამუშაოების დაწყება, 24 თვის ვადაში დასრულება, ამოქმედება და ამოქმედებიდან არანაკლებ საქართველოს 25  მოქალაქის დასაქმება [პროფილის ვადით];
  • აღნიშნულ პროექტში 24 თვის ვადაში არანაკლებ 1 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 20 წლის ვადით პროფილის შენარჩუნება;
  • აკრძალულია საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე [ძეგლზე] რაიმე სამუშაოების ჩატარება [შენობის ფართობის, მოცულობის და სიმაღლის გაზრდა] „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობის გარეშე.

[/checklist]

შენობის გასაყიდად ადრეც რამდენჯერმე გამოცხადდა აუქციონი, თუმცა არ გაიყიდა. აღნიშნული ქონება ბოლოს აუქციონზე გაცილებით ძვირად – 2 მილიონ 200 ათას აშშ დოლარად იყო გამოტანილი. პირობებს შორის იყო საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მოწყობა და ამოქმედება; აღნიშნულ პროექტში კი არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

„ბათუმელებს“ დაახლოებით ორი წლის წინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, რომ შენობას, „ვინაიდან სტატუსი აქვს, მყიდველმა უნდა მოახდინოს რეკონსტრუქცია და პირვანდელ მდგომარეობაში აღადგინოს შენობა, გააფორმოს ხელშეკრულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან – ეს არის აუცილებელი ვალდებულება. თუ სტატუსი მოეხსნა, უფრო დიდი ინტერესი იქნება აქ, ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. შეისწავლონ უნდა სპეციალისტებმა და თუ დაკარგული აქვს ღირებულება ძეგლის, უნდა მოეხსნას სტატუსი, ინვესტორებიც გამოჩნდება და შედეგიც აუცილებლად დადგება.“

შენობა რამდენიმე წელია უფუნქციოდაა და პირვანდელი სახეც დაკარგული აქვს, თუმცა დღემდე ძეგლის სტატუსი მისთვის არ მოუხსნიათ. დაავალდებულებენ თუ არა მომავალ ინვესტორს შენობისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას? – ამ კითხვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ მყიდველს ევალება მხოლოდ იმ პირობების შესრულება, რაც აუქციონითაა მოთხოვნილი. „ამ პირობებით კი ძეგლი მაქსიმალურად არის დაცული, ვინაიდან შენობაზე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით უნდა ჩატარდეს“, – განაცხადეს სამინისტროში.

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი N40 / ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, აუქციონზე იყიდება / ფოტო არქივიდან

„ბათუმელების“ არქივიდან:

ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას

 

შეიარაღებული მასწავლებლები სკოლებში – ტრამპის იდეა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეიარაღებულ მასწავლებლებს შეუძლიათ სკოლაში ისეთი ფაქტების აღკვეთა, როგორსაც ფლორიდაში წინა კვირას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეიარაღებული მასწავლებლები შეძლებენ თავიდანვე სწრაფად აღკვეთონ სკოლებში თავდასხმები.

ინფორმაცია BBC-მ ოთხი საათის წინ გაავრცელა.

ტრაგედიას გადარჩენილები კი იარაღზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ ფლორიდის კანონმდებლებისგან.

„ჩვენ გავამკაცრებთ კონტროლს იარაღზე და მივაქცევთ ყურადღებას ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში სკოლის მოსწავლეების მიღებაზე.

ტრამპი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ  შეიარაღებული მასწავლებლების საკითხი სერიოზულად იქნება განხილული.

„თქვენ რომ გყავდეთ მასწავლებლები, რომლებიც დახელოვნებულები იქნებიან ცეცხლსასროლი იარაღის სროლაში, ისინი ძალიან სწრაფად და მარტივად შეძლებენ თავდასხმის აღკვეთას,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპი მიიჩნევს, რომ შესაბამისი უნარების გამოსამუშავებლად მასწავლებლებმა სპეციალური მომზადება უნდა გაიარონ და ისწავლონ ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარება.

აშშ-ის ათამდე შტატში უკვე დასაშვებად მიიჩნევენ კოლეჯებში მასწავლებლების მიერ იარაღის ფარულად ტარებას, თუმცა ეს ჯერ დაუშვებელია ფლორიდაში, ტრაგედიის ადგილას.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ხაზგასმით  ეწინააღმდეგებოდა სკოლაში იარაღის ტარების დაშვებას.

ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტს იარაღის ტარების უფლების რეფორმა ოფიციალურად სთხოვეს სტუდენტებმა და მასწავლებლებმა.

სტუდენტებსა და მოსწავლეებთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე დამსწრეთა ერთმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა ტრამპის იდეას  მასწავლებლების შეიარაღების შესახებ.

თუმცა გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც: მარკ ბარდენმა, მაგალითად, ვისი შვილიც 2012 წელს კონექტიკუტის შტატში, სენდი ჰუკის სკოლაში მოკლეს, განაცხადა, რომ იარაღი პრობლემას ვერ მოაგვარებს. ,,სკოლის მასწავლებლებს სიკვდილის მომტანი იარაღის ტარებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები აქვთ, არავის სურს სკოლებში სროლები ,“- მიიჩნევს ის.

წყარო: BBC

შსს: საპატრულოს სამხრე ვიდეოკამერების უმეტესობას ეწურება სასიცოცხლო ციკლი

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციისთვის 5 მილიონ 80 ათას ლარად სამხრე ვიდეოკამერების სისტემის განახლებას გეგმავს. კამერების შეძენას სამინისტრო ტენდერის გარეშე აპირებს. შსს აცხადებს, რომ „საპატრულო პოლიციაში არსებული სამხრე კამერები წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე მყარ და უტყუარ მტკიცებულებას“, თუმცა „კამერები მე-5 წელია ხმარებაშია და უმეტესობას ეწურება სასიცოცხლო ციკლი, რის გამოც ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში ვერ ხდება ჩანაწერის მოძიება და შესწავლა“.

„საზოგადოების დაკვეთაა მაქსიმალურად იქნას დაცული როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების, ასევე მოქალაქეების უდანაშაულობის პრეზუმცია,“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ამჟამად სარგებლობს ჩინური წარმოების AEE ბრენდის სამხრე ვიდეოკამერებით. „ისინი, დღეის მდგომარეობით, მოძველებულია და ხშირია ჩაწერილი ფაილების ტექნიკური წუნი“.

სამინისტროს მიერ შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთულ განაცხადში აღნიშნულია, რომ „ბაზრის კვლევის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ერთი შემოთავაზება – ,,AXON”-ის ბრენდის ,,AXON BODY 2″ სამხრე კამერა. შემოთავაზებული სამხრე კამერა ტექნიკური მახასიათებლებით სრულად აკმაყოფილებს საპატრულო პოლიციის მოთხოვნებს“.

„შემოთავაზებული ვიდეოკამერების სისტემა წარმატებით არის დანერგილი და ექსპლუატაციაშია შემდეგ ქვეყნებში: ავსტრალია, ავსტრია, კანადა, დანია, დუბაის საამირო, ინგლისი, საფრანგეთი, ჰონკონგი, ინდონეზია, ირლანდია, იტალია, ისრაელი, ლატვია, მაკედონია, მოროკო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, სინგაპური, შვედეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამასთან, ზემოაღნიშნულ სისტემას ამჟამად მოიხმარენ სხვადასხვა ქვეყნების შემდეგი უწყებები: ლონდონის მეტროპოლიტენი, ჩიკაგოს პოლიცია, ლოს ანჯელესის პოლიცია, მანჩესტერის პოლიცია, ბრიტანეთის ტრანსპორტის პოლიცია, ფილადელფიის პოლიცია, ლას ვეგასის პოლიცია, ვიქტორიას (ავსტრალია) პოლიცია და სხვა“, – აცხადებს შსს.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სატენდერო პროცედურები არ იძლევა საშუალებას „კონკრეტულად იქნას მითითებული შესყიდვის ობიექტის მახასიათებლები და შერჩევისას გათვალისწინებული იქნას წამყვანი ქვეყნების გამოცდილება და ვინაიდან საუბარია სახელმწიფო და საზოგადო მნიშვნელობის პროექტზე, მიზანშეწონილია შესყიდვა განხორციელდეს დროის უმოკლეს ვადებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“.

პროექტის განხორციელება [სამხრე ვიდეოკამერების სისტემის განახლება] დაგეგმილია 2018 წელს, კერძოდ, სამხრე კამერების, სერვერული ინფრასტრუქტურის, პროგრამული უზრუნველყოფის, დამტენი და ინფორმაციის შემნახველი სადგურების მოწოდება/გამართვა უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 2018 წლის მაისის თვისა.

შესყიდვის ობიექტების ჩამონათვალი და ოდენობა:

[checklist]

  • ოფიცრის სამკერდე კამერა კომპლექტში (1 ცალი USB A TO 2.5MM კაბელი და 2 ცალი მაგნიტური სამაგრი) – 2280 კომპლექტი;
  • ე.წ. “დოკი” (დამტენი და ინფორმაციის წამკითხველი სადგური) კომპლექტში: 2280 კამერის შესაბამისი;
  • ადმინისტრატორის მუდმივი ლიცენზია – 5 ცალი;
  • კამერის მუდმივი ლიცენზია – 2280 ცალი;
  • სერვერები – 3 ცალი;
  • მონაცემთა შესანახი ბაზა – 1 ცალი.

[/checklist]

მთავარი ფოტო: პატრული / ფოტო: შსს

 

 

ავარია ქობულეთის ცენტრში

21 თებერვალს, საღამოს, ქობულეთის ცენტრში ავტოავარია მოხდა – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ტოიოტას მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავარია ქობულეთში. არჩილ კახაძის ფოტო
ავარია ქობულეთში. არჩილ კახაძის ფოტო
ავარია ქობულეთში. არჩილ კახაძის ფოტო
ავარია ქობულეთში. არჩილ კახაძის ფოტო

ერთი ოჯახის სამი პატიმარი – ცხოვრება თავისუფლების შემდეგ

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში 700-მდე კომლი ცხოვრობს. ამავე სოფელში ჯიქიების ოჯახს (გვარი შეცვლილია) რკინის საამქრო აქვს, სადაც ოჯახიდან სამი მამაკაცი – მამა და ორი შვილი მუშაობს.

„რკინაზე მუშაობა რთულია, მძიმე მასალაა და დასამუშავებლადაც არ არის მარტივი, მამაჩემი დიდი ხანია ამ საქმეს აკეთებს: თითქმის მთელი სოფლის ღობეები, ღუმელები და წყლის ავზები მისი გაკეთებულია. ხელობა ჩვენც გვასწავლა და შეძლებისდაგვარად მე და ჩემი ძმაც ვეხმარებით“, – ამბობს გიორგი (სახელი შეცვლილია) ჯიქიების ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

31 წლის გიორგი ყოფილი პატიმარია, გათავისუფლების შემდეგ ფილების დაგება ისწავლა, რკინის საამქროში მამას ეხმარება და კერძო შეკვეთებსაც იღებენ. ყოფილი პატიმარია გიორგის მამაც და ძმაც. ოჯახის წევრები ერთდროულად აღმოჩნდნენ საპატიმროში და ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმე იყო სოფელში მარტო დარჩენილი, უმუშევარი დედისთვის. მძიმე წლები მას ახლობლებისა და ნათესავების ხელშეწყობამ გადაატანინა.

გიორგი გვიამბობს სირთულეების პირად მაგალითზე, რაც მას და მთელ ოჯახს გათავისუფლების შემდეგ ჰქონდა გადასალახი: „რკინის საამქრო მამაჩემს დაპატიმრებამდეც ჰქონდა, ჰყავდა მუდმივი კლიენტები, რომლებიც ჩვენი პატიმრობის შემდეგ სხვა ხელოსნებთან წავიდნენ. ერთად დაგვიჭირეს და გათავისუფლებითაც ერთად გავთავისუფლდით. სამივე ცალ-ცალკე ვცდილობდით სამსახურის მოძებნას, მაგრამ ამაოდ. საამქრო ამუშავება გაგვიჭირდა, საჭირო იყო დაკარგული კლიენტების თავიდან მოზიდვა, აღარ გვქონდა სამუშაო იარაღები და მასალა, რაც იაფი არ ღირს. ამ ყველაფრის შეძენაში ორგანიზაცია „თანაზიარი“ დაგვეხმარა, ყველაფერი თავიდან დავიწყეთ“.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში მამამ და შვილებმა ბიზნესის მართვის ტრენინგიც გაიარეს და მიტოვებულ საქმეს მიუბრუნდნენ.

როგორც გიორგი გვეუბნება ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და ფონდი „თანაზიარი“ მამას და შვილებს ოფიციალურად შუამდგომლობს, რომ სამუშაოებში ყოფილი პატიმრებიც ჩაერთონ დამატებით სარჩოს გამოსამუშავებლად.

ისევე როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში, შამგონაშიც ძირითადი სარეალიზაციო პროდუქტი, თხილი, ფაროსანამ სრულად გაანადგურა, რამაც ოჯახს წელს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა. კერძო შეკვეთებიც ჯიქიების ოჯახის საამქროს რეგულარულად არ აქვს. მათი ფინანსური სიძლიერე მომავალ წელს იმაზე იქნება დამოკიდებული, სწორად შეწამლავენ თუ არა მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატით თხილის პლანტაციას. მხოლოდ საამქროს შეკვეთები თვიდან თვემდე ოჯახის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.

გიორგის დედას ოფიციალური სამსახური არ აქვს, თუმცა მევენახეობითაა გატაცებული და ამ საქმეს სხვას არავის ანდობს. გიორგი ამბობს, რომ ქალები განსაკუთრებულად გემრიელ ღვინოს აყენებენ, დიდი ვენახი არ აქვთ, მაგრამ რაც აქვთ ოჯახისთვის ჰყოფნით. ძირითადად „მესხიას“ ჯიშის წითელ ღვინოს აყენებენ.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

ბათუმელმა მოსწავლემ ამერიკულ უნივერსიტეტში $1 მილიონის დაფინანსება მიიღო

ბათუმელი მეთორმეტეკლასელი დავით ჯინჭარაძე, ნიუ იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომელიც ქალაქ აბუ-დაბიში მდებარეობს და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში შედის. მან უნივერსიტეტისგან სრული დაფინანსება მიიღო, რაც ჯამში 1 მილიონზე მეტი დოლარია. დათო ამჟამად კერძო სკოლა „გიმნაზია 21 საუკუნეში“ სწავლობს. აბუ-დაბიში კი სკოლის დასრულების შემდეგ წავა სწავლის გასაგრძელებლად.

რამდენიმე კვირის წინ დათო უნივერსიტეტის მიწვევით აბუ-დაბიში გასაუბრებაზეც იმყოფებოდა. უნივერსიტეტმა მისი გასაუბრებაზე ჩასვლის ხარჯებიც აანაზღაურა.

„ნახევარი წელია, რაც ამერიკიდან ჩამოვედი, „ფლექსის“ პროგრამით ვიყავი ფლორიდაში და ვფიქრობ, რომ ამერიკული ცხოვრებით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სწავლა ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, რადგან ქართული უნივერსიტეტებისგან ვერ მივიღებდი იმას, რისი მოლოდინიც მაქვს,“ – გვეუბნება დათო.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რესურსების ძებნა დაიწყო, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებოდა.

„მოხდა ისე, რომ გავიცანი არასამთავრობო ორგანიზაცია Education USA, რომელიც საქართველოშიც არსებობს და უსასყიდლოდ ეხმარება მოსწავლეებს კონსულტაციაში. როგორც მითხრეს, მე მქონდა იმის პოტენციალი, რომ  კარგ უნივერსიტეტებში გამეკეთებინა განაცხადი.  

ძალიან მინდოდა სკანდინავიაში ცხოვრება, მაგრამ არაბეთის საემირატოში აღმოვჩნდი. ჯერ ფლორიდაში გამიჭირდა 40 გრადუსზე ცხოვრება, ახლა კი არაბეთში 45 გრადუსში ვიცხოვრებ, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა ამარჩია,“ – გვიყვება დათო.

როგორც დათო გვეუბნება, აბუ-დაბიში ნიუ იორკის უნივერსიტეტი  ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილი უნივერსიტეტია.

„მილიარდობით დოლარი იხარჯება, სტუდენტებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სწავლისა და განვითარებისთვის. ლექტორები და სტუდენტები, ფაქტობრივად, თანაბარ პირობებში ცხოვრობენ კამპუსში.

უნივერსიტეტი ყველა ხარჯს ფარავს. ძალიან მცირე შანსია, რომ ამ უნივერსიტეტში მოხვდე. ათი ათასი აპლიკანტიდან 150 შეგვარჩიეს მთელი მსოფლიოდან,“ – გვეუბნება დათო.

როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთეს თქვენზე არჩევანი? – ვეკითხებით მას. დათოს აზრით, განსაკუთრებულობა უნივერსიტეტის პოლიტიკაშია, რადგან დიდ ყურადღებას აქცევს პიროვნულ თვისებებს და არა მხოლოდ ქულებს. 

„ტესტებში საშუალოზე ოდნავ მაღალი ქულა მქონდა და ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო გადამწყვეტი. მათ აინტერესებთ ვინ ხარ, როგორი პიროვნება ხარ, რა ინტერესები გაქვს. ვფიქრობ, ამას მიაქციეს ყურადღება“, – ამბობს დათო და თავის გამოცდილებაზე საუბარს აგრძელებს. – „ამაში ამერიკული გამოცდილებაც დამეხმარა. პირველ რიგში, მაჩვენა რა არის ჩვენი განათლების ნაკლი. მაჩვენა, რომ განათლებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრების გაზეპირება, არამედ ფაქტების ანალიზი.

ვინ იყო ირანის სულთანი მე-10 საუკუნეში, ცალკე აღებული ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას, როდის მოხდა დიდგორის ბრძოლა. ამ ყველაფრის ცოდნას მნიშვნელობას სძენს გლობალური კონტექსტი, რომელსაც ჩვენ თითქმის არ ვიაზრებთ. ისტორიის ცოდნა კი ნიშნავს აანალიზებდე მოვლენებს.

გარდა ამისა, წელს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროექტში მივიღე მონაწილეობა, სადაც რამდენიმე სიუჟეტი გავაკეთე, რამდენიმე სტატია დავწერე „ჯორჯია თუდეიშიც“ მოხალისეობრივ საწყისებზე და ვწერდი ბლოგებს ინგლისურ ენაზე საქართველოსა და მსოფლიოს შესახებ. მივხვდი, რომ წერა და, ზოგადად, ჟურნალისტიკა ძალიან მომწონდა. თუ გინდა, რომ რაღაც შეცვალო შენ გარშემო, ამისთვის კარგ შესაძლებლობას გაძლევს მედია. 

გარდა ამისა, უნივერსიტეტში პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვისწავლი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დამეხმარება იმაში, რომ ჩემს ქვეყანაში რაღაც შევცვალო უკეთესობისკენ“.

ამის თქმის საფუძველს დათო ჯინჭარაძეს ის აძლევს, რომ აბუ-დაბის უნივერსიტეტეში მსოფილოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყველაზე კვალიფიციური პროფესორები მუშაობენ. 

„ლექციებს ძალიან გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები კითხულობენ. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო საბერძნეთის პარლამენტის წევრი და ევროკავშირის ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი, რომელმაც გასაუბრების დროს ჩაგვიტარა ლექცია,“ – გვეუბნება დათო.

მისი დაკვირვებით, გასაუბრების დროს მნიშვნელოვანია ბუნებრიობა და უშუალო ურთიერთობის უნარი.

„ჩემი მთავარი პრინციპია და ეს აპლიკაციაშიც მივუთითე, რომ მე არ მივდივარ აბუ-დაბიში იმისთვის, რომ შემდეგ იქ დავრჩე. ლოგიკურია, რომ თუ ჩემს ქვეყანას არ გამოვადექი, სხვა ქვეყანას როგორ უნდა გამოვადგე? ამ უნივერსიტეტში ქართველები საკმაოდ იშვიათად სწავლობენ, მაგრამ წარმატებასაც აღწევენ. არიან წარმოშობით ქართველები, რომლებიც შემდეგ სხვა ქვეყნის სახელით რეალიზდებიან. ერთ ქართველს საკუთარი გვერდიც აქვს ვიკიპედიაზე გახსნილი, სადაც უწერია, რომ ცნობილი რუსი დიზაინერია. როცა ეს ვნახე, უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ სხვა სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი ოკუპანტი სახელმწიფოს სახელით არ ვაკეთო საქმე, არამედ ჩემი ქვეყნის სახელით და ეს არის ჩემი ბუნებრივი არჩევანი.“

როგორ ფიქრობთ, რა არის ამ უნივერსიტეტის მოტივაცია, როცა ის ამხელა ფინანსურ რესურსს დებს სტუდენტების განვითარებაში? ხომ არ არის გარკვეული ვალდებულებებიც უნივერსიტეტის წინაშე? – ვეკითხებით მას.

„ფინანსური რესურსი მართლაც დიდია, წელიწადში 80 ათასი დოლარი მხოლოდ ერთი სტუდენტის სწავლაზე იხარჯება, ამას ემატება მოგზაურობის ხარჯები, ცხოვრება, კვება, საერთო ჯამში უნივერსიტეტში მილიონობით დოლარია ჩადებული. ამ ყველაფერს არაბთა გაერთიანებული საემირო იმ პირობით აფინანსებს, რომ სტუდენტების 15 პროცენტი ემირატებიდან უნდა იყვნენ.

ნიუ იორკის უნივერსიტეტს კი აქვს გლობალური ხედვა და ყველა იაზრებს იმას, რომ თუკი რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობ, ამისთვის, პირველ რიგში, განათლების განვითარებაა საჭირო. არაბებიც მიხვდნენ, რომ მხოლოდ ნავთობი არ არის მთავარი და ცდილობენ ქვეყანა კულტურულადაც საინტერესო გახადონ. ყველაზე ძველი შენობა, რომელიც აბუ-დაბიში ვნახე, 1971 წელსაა აგებული. ერთადერთი ადგილი, სადაც ძველი არაბული კულტურის კვალი იგრძნობა, უდაბნოა, რომელსაც დღეს კულტურული დატვირთვა აქვს.“

დათო მაგისტრატურაში სწავლასაც უცხოეთში აპირებს. „მაგრამ ჩემი საბოლოო წერტილი მაინც საქართველოა“, – ამბობს ის. მანამდე კი, გეგმავს ბევრი იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო.

ნიუ იორკის უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი აბუ-დაბიში 2010 წელს მიიღო. დავით ჯინჭარაძე ერთადერთია, რომელიც ამ უნივერსიტეტში წელს საქართველოდან ჩაირიცხა.

გაუთქმელობის ვალდებულება – დეკანოზი გიორგი მამალაძე პარლამენტის წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზე უკვე განიხილა გიორგი მამალაძის, გიორგი ფანცულაიას და მია ზოიძის სარჩელი. ეს სარჩელი საერთო სასამართლოებში ე.წ. „ციანიდის საქმის“ განხილვის შემდეგ შევიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, განიხილავს თუ არა არსებითად გიორგი მამალაძის სარჩელს.

დავის საგანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის მუხლია, რომლის მიხედვითაც „პროკურორი, გამომძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო.“ ამ მიზნით გამოძიება უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

„გაუთქმელობის წესი“ შესაძლოა გავრცელდეს დაზარალებულზე, ასევე მოწმეზე, ადვოკატზე, თარჯიმანზე, ექსპერტზე. კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით, ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონის ეს მოთხოვნა არაკონსტიტუციურია:

„იკვეთება, რომ პროკურორი და გამომძიებელი, დისკრეციის საფუძველზე, სასამართლო კონტროლის გარეშე, უფლებამოსილნი არიან, პროცესის მონაწილეს შეუზღუდონ გამოხატვის თავისუფლება იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა არ გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული და გამოძიებასთან დაკავშირებული კონკრეტული ტიპის ინფორმაცია… ბუნდოვანია, როდის, როგორ, რა ნორმატიული საფუძვლით და რა პირობების შემთხვევაში ხდება ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული გამოძიების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება, ისევე როგორც, არც სადავო ნორმაში და არც კანონმდებლობაში ზოგადად, არ არის გაწერილი ის სტანდარტი, ტესტი, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული პროცესის მონაწილის გამოხატვის თავისუფლების ან/და სხვა უფლებების შესაზღუდად,“ – აღნიშნულია კონსტიტუციურ სარჩელში.

გიორგი მამალაძის, გიორგი ფანცულაიას და მია ზოიძის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

 

ვისთან ატარებთ დიდ დროს? – ამერიკელი ნეირობიოლოგის რჩევები

აქვს თუ არა ჩვენს ტვინს უნარი, დაუკავშირდეს გვერდით მყოფი ადამიანის ტვინს ისე, რომ ჩვენ ეს ვერ შევნიშნოთ? შესაძლებელია, თუკი დავუჯერებთ სხვადასხვა ადამიანის ტვინის სინქრონული ნეიროიმპულსების შესახებ კვლევის შედეგებს. მკვლევარი, ილინოისის შტატის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირობიოლოგი მორან სერფია, რომელმაც კვლევის შედეგებზე  BBC-სთან ისაუბრა.

მორან სერფმა ტვინის სკანირების მეთოდი გამოიყენა, რომლის დროსაც ეკრანზე ინთებოდა ტვინის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა გამღიზიანებელზე.

მკვლევარი სკანირების მეთოდით დააკვირდა იმ ადამიანების ტვინებს, რომლებიც დროს დიდხანს ატარებდნენ ერთად და დააგინა, რომ ასეთი ადამიანების თავის ტვინის ნეირონების აქტიურობის ხარისხი თანდათან ერთმანეთს ემსგავსება ან სულაც იდენტური ხდება.

კვლევის მიხედვით, თუ დიდ დროს ატარებთ ვინმესთან, ორივეს ტვინი სინქრონულად იწყებს მუშაობას.

ერთ-ერთი კვლევის დროს ერთდროულად დააკვირდნენ ორი ადამიანის ტვინს, რომლებიც იმ მომენტში ერთსა და იმავე ვიდეორგოლს უყურებდნენ და მათი ტვინის აქტივობის ხასიათი იყო სრულიად იდენტური. კვლევის ავტორებმა ამ პროცესს  ელექტრონული სინქრონიზაცია უწოდეს, ეს მსგავსება კარგად ჩანდა კომპიუტერის ეკრანზე.

„მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ერთი და იმავე ფილმების ყურებით, წიგნების კითხვით, მსგავს ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩენით და მხოლოდ ერთმანეთთან საუბრით ადამიანები იწყებენ ერთნაირი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებას, განიცდიან ერთნაირ ემოციებს და უჩნდებათ სხვადასხვა საკითხზე მსგავსი ხედვა“, – ამბობს პროფესორი სერფი BBC-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მთავარი რამ, რაც უნდა განვსაზღვროთ, ეს არის სწორად გათვლა – ვისთან ერთად ვატარებთ დროს. ახლობლები გარკვეულწილად გავლენას ახდენენ რეალობის ჩვენეულ აღქმაზე და ძალიან რთულია ზუსტად შევნიშნოთ ან ავხსნათ ეს გავლენები, – ამბობს მორან სერფი.

„თუ შეუფერებელ ან ცუდ პარტნიორს აირჩევთ და მასთან ერთად 10 წელს გაატარებთ, ეს პერიოდი თქვენზე ძალიან დიდ და ცუდ გავლენას მოახდენს,“- ირწმუნება მკვლევარი.

სერფი დააკვირდა, რომ ადამიანები კონკრეტულ მომენტში იღებენ რაღაც გადაწყვეტილებებს და ჰგონიათ, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ხვდებიან, რომ ესა თუ ის ნაბიჯი სინამდვილეში სხვების გავლენით გადადგეს. ეს არ არის მაინცადამაინც სასიამოვნო შეგრძნება და ნეირობიოლოგის თქმით, ბევრ ადამიანს აქვს უნარი წარსულის ამბების გამოგონების, საკუთარი თავის დარწმუნების, რომ გადაწყვეტილება სწორად მიიღო.

მკვლევარის აზრით, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მძიმე ტრავმები გადაიტანეს და მიუხედავად ამისა, ტვინს აიძულებენ მოახდინოს მოვლენების რეინტერპრეტაცია და განცდილის შემსუბუქება. ეს არის ერთგვარი ხერხი ნანახისა და განცდილის გარემომცველ სამყაროსთან ბუნებრივად შერწყმისა.

„რეალობის ინტერპრეტაცია საკმაოდ რთულია, თუ ეს მეთოდი აქამდე არასდროს გიცდიათ, ამისთვის შეგიძლიათ დრო იმ ადამიანებთან გაატაროთ, რომლებსაც მსგავსი უნარი გააჩნიათ.

თუ ასეთი ადამიანების გარემოცვაში საკმარის დროს გაატარებთ, გაცილებით მეტ კმაყოფილებას იგრძნობთ ცხოვრებისგან და ეს მოხდება თავისთავად, ძალდატანების გარეშე, რადგან ბუნებრივად ამოქმედდება სხვადასხვა ადამიანის ტვინის სინქრონიზაციის წესი,“ – მიიჩნევს მორან სერფი.

 წყარო: BBC

საინიციატივო ჯგუფი ქედის მერიას მახუნცეთში მონუმენტის განთავსებას სთხოვს

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა ქედის მერიას მახუნცეთში, აკვედუკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მონუმენტის განთავსების მოთხოვნით წერილობით მიმართა და ესკიზიც წარუდგინა.

მონუმენტი, სახელწოდებით „საქართველოს სადარაჯოზე“, რომლის განთავსებასაც საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, დავით სვანიძის მიერ დამუშავებული ესკიზით დამზადდება.

ქედის მერი, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ მოწონების შემთხვევაში მონუმენტი იმ ადგილზე განთავსდება, სადაც მახუნცეთის განაშენიანების გეგმით კემპინგი უნდა მოეწყოს.

„ესკიზი მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე განვათავსეთ, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს და  გამოთქვას თავისი მოსაზრება, თუმცა ამ ეტაპზე მონუმენტის განთავსებასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობა დადებითია.

მონუმენტის განთავსებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ.  მე იდეაც მომწონს, ამასთანავე ფინანსურადაც უზრუნველყოფილია და მახუნცეთში მოსულ ვიზიტორს მეტის ნახვის შესაძლებლობას მისცემს,“ – ამბობს ლევან გორგილაძე.

ლევან გორგილაძის ინფორმაციით, მონუმენტი, რომლის დამზადებასა და განთავსებას საინიციატივო ჯგუფი საკუთარი ფინანსური რესურსით ითხოვს, დაახლოებით 3 მეტრი და 20 სანტიმეტრი იქნება.

მონუმენტის ესკიზი

 

რომელი პროგრამების აკრედიტაციაზე უთხრეს უარი უნივერსიტეტებს – მენეჯერების განმარტება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ სხდომის ოქმია განთავსებული, რომელიც აკრედიტაციის საბჭომ გამართა. საბჭომ სულ 38 პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განიხილა, 19 პროგრამას სრული აკრედიტაცია მიანიჭა, 7 პროგრამას პირობითი აკრედიტაცია მისცა, 12 პროგრამას კი უარი უთხრა აკრედიტაციაზე.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრედიტაციაზე უარი ეთქვა შემდეგი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიამცოდნეობის სამაგისტრო პროგრამას, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო  პროგრამას, წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამას, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო  პროგრამას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო  პროგრამას, საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამას, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას.

აკრედიტაციაზე უარი ეთქვა ზემოთ ჩამოთვლილ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებს და არა უნივერსიტეტებს.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ განმარტავს, რომ ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ახალი იყო და უნივერსიტეტს ამ პროგრამაზე სტუდენტები არ ჰყავდა.

„სეუ-ში მოქმედი 16-ვე პროგრამა აკრედიტებულია. 16-დან  11 საბაკალავროა და 5 სამაგისტრო. ვიმატებდით ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან  საბაკალავრო და სამაგისტრო ორ ახალ პროგრამას ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის. აქედან ერთზე, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე, მოგვცეს აკრედიტაცია, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა კი ხარვეზების გამო ვერ დავიმატეთ. ეს არ ნიშნავს არსებული პროგრამის გაუქმებას, ეს არის უარი არარსებულ პროგრამაზე. ამ ორ პროგრამაზე სტუდენტები არასდროს გვყოლია. სამაგისტრო პროგრამა ხელახლა გვაქვს შეტანილი აკრედიტაციისათვის და ამჟამად წარმოებაშია. ასე, რომ ჩვენ ეს არაფერში არ გვიშლის ხელს სტუდენტთა მიღებაში“, – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნონა ზუმბაძემ.

ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამა ახალი იყო წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისთვისაც. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ფერაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აკრედიტაციის საბჭოსგან  შენიშვნები მიიღეს. უნივერსიტეტი პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭებაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განმეორებით მიმართავს.

განმეორებით გეგმავს უმაღლესის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოსთვის მიმართვას სპორტის უნივერსიტეტიც.

„ახალი პროგრამა გვქონდა – სპორტის მენეჯმენტი. იყო რაღაც ხარვეზები და გამოვასწორეთ. ერთ თვეში ისევ შევიტანთ ხელახლა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სპორტის უნივერსიტეტის რექტორი, ჯემალ ძაგანია.

აკრედიტაციაზე უარი ეთქვა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამას. GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი მიიჩნევს, რომ შესაძლოა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესს განათლების სისტემა იყენებდეს, როგორც კონტროლის ინსტრუმენტს და საშუალებას უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის შესამცირებლად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განმარტებით, მაგისტატურის საგანმანათლებლო პროგრამა „კავკასიოლოგია“ ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობის განმავლობაში 2017 წლის 2 ივნისს პირველად დამტკიცდა.

„პროგრამა იყო ახალი და ამ მიმართულებით უნივერსიტეტს სტუდენტები არ ჰყოლია. მხოლოდ ამ ერთმა პროგრამამ ვერ გაიარა აკრედიტაცია, თუმცა ის მოდიფიცირდა და 2017 წლის 30 ივნისს განმეორებით იქნა შეტანილი განაცხადი. პროგრამამ „კავკასიათმცოდნეობა“ ისევ ვერ გაიარა აკრედიტაცია. აქვე მოგახსენებთ პროგრამის დაწუნების მიზეზს: პროგრამა დაამუშავა მოწვეულმა პროფესორმა, რომელმაც კონსულტაციები გაიარა ექსპერტებთან. ექსპერტების მოსაზრება ორად გაიყო, ნაწილი მიიჩნევდა, რომ პროგრამაში არ უნდა ყოფილიყო რუსული ლიტერატურა, რაც გაითვალისწინა პროგრამის ავტორმა. საბჭოზე წარდგენისას, საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ კავკასიოლოგიაში სწორედ რუსული ლიტერატურაა წამყვანი და დაშვების წინაპირობაც კი რუსული ლიტერატურა უნდა ყოფილიყო. ვინაიდან რუსული ლიტერატურა არ იყო შეტანილი პროგრამაში, ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ პროგრამამ აკრედიტაცია ვერ გაიარა. ამდენად, ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ ერთი პროგრამის არარსებობით არანაირი საფრთხე არ ემუქრება. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (საიდანაც იყო წარდგენილი პროგრამა „კავკასიოლოგია“) 17 აკრედიტებული პროგრამაა, რომელსაც 2021 წლამდე აქვს აკრედიტაციის ვადა“.

აკრედიტაცია გაუუქმდა ბსუ-ს ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო პროგრამას.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, მერაბ ხალვაშის თქმით, ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე მესამე და მეოთხე კურსზე სულ 8 სტუდენტი სწავლობდა. პირველი-მეორე კურსი უნივერსიტეტს ამ მიმართულებაზე არ ჰყავს.

„ჩვენ შევთანხმდით და ისინი გადავიდნენ მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით, რადგან მისანიჭებელი კვალიფიკაცია ზუსტად ერთი და იგივე იყო. აქაც ენიჭებოდათ მათემატიკის აკადემიური ბაკალავრის ხარისხი და იქაც. ჩვეულებრივად გააგრძელებენ სტუდენტები სწავლას,” – განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

ძველ ბათუმში, ირაკლი აბაშიძის #3-ში ძეგლზე უნებართვო სამუშაოები შეაჩერეს

ძველ ბათუმში, ირაკლი აბაშიძის #3-ში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაახლოებით ერთი საათის წინ სამშენებლო მასალები შეიტანეს. ადგილზე მუშებმა „ბათუმელებს“ ვერ უპასუხეს კითხვაზე, გაცემულია თუ არა მშენებლობის ნებართვა: „მოვა მეპატრონე, ჩვენ არაფერი ვიცით“.

შენობა მე-19 საუკუნეშია აშენებული. ეს სახლი იმ კუთხითაცაა გამორჩეული, რომ სადარბაზო შემონახულია იმ სახით, როგორც ის მე-19 საუკუნეში მოუპირკეთებიათ.

ბათუმი, ირაკლი აბაშიძის #3
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

გაცემულია თუ არა ნებართვა სამუშაოების ჩასატარებლად? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს მიმართა. სამსახური რეაგირებისთვის ადგილზე გავიდა. მოგვიანებით პრესსამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობდა და შეჩერებულია.

ძეგლზე უკანონო სამუშაოები ისჯება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით, ხოლო ძეგლზე განზრახ იმგვარი ზემოქმედება, რის გამოც ძეგლს ემუქრება გამოუსწორებელი დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბათუმი. ირაკლი აბაშიძის #3, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სადარბაზოს იატაკი

 

ფოტოზე ჩანს, რომ უკვე ნაწილობრივ მოშლილია აივნის მოაჯირი

მერიამ შპს საკუთრების შემოღობვისთვის დააჯარიმა – კომპანიის საჩივარი

კომპანია „ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი“ [ყოფილი „სტარ“] ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის იმ წერილის გაუქმებას ითხოვს, რომელიც კომპანიის განცხადებით, „არ არის მართებული“. მერის უარი კომპანიამ ბათუმში, გოგებაშვილის 62-ში, მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის შემოღობვის ნებართვაზე მიიღო. კომპანიაში  აცხადებენ, რომ მერის უარი დაუსაბუთებელია.

გოგებაშვილის ქუჩაზე, 62-ში მდებარე 6200 კვ/მ ტერიტორია [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ, პორტის ადმინისტრაციული შენობის წინ] 2017 წლის ნოემბრიდან, რეესტრის მიხედვით, კომპანია „სტარს“ ეკუთვნის, რომლის 100% წილის მფლობელი არის თურქეთის მოქალაქე ომერ ილდიზი.

ამ დროისთვის ტერიტორია ლითონის კონსტრუქციითაა შემოღობილი, რის გამოც კომპანია მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რამდენჯერმე დააჯარიმა. მერია ღობის დემონტაჟს ითხოვს.

ბათუმის მერის წერილი კომპანიას

„არსებული ტერიტორიის შემოღობვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიუღებელია“, – აღნიშნულია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის წერილში.

რატომ არის მიუღებელი ბათუმის მერიისთვის ის, რომ კერძო კომპანიამ თავისი საკუთრება შემოღობოს? – ამ კითხვაზე პასუხი მერის წერილში არ არის.

„ბათუმელებმა“ მერიისგან წერილობით გამოითხოვა დოკუმენტაცია, თუ რის საფუძველზე უთხრეს კომპანიას საკუთარი ტერიტორიის შემოღობვაზე უარი? – კითხვაზე პასუხი მერიისგან მიღებულ ამ დოკუმენტებშიც არ არის.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის თქმით, სამსახურმა კომპანია უკანონო მშენებლობისთვის ჯერ 3 000 ლარით დააჯარიმა, მოგვიანებით კი დამატებით 1 000 ლარით, რადგან სამუშაოები არ შეაჩერა. მისივე თქმით, მესაკუთრეს ღობის მშენებლობაზე ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურისგან უნდა ჰქონოდა.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, მესაკუთრემ მათ ნებართვისთვის დაახლოებით სამი კვირის წინ მიმართა, თუმცა შემოღობვაზე უარი უთხრეს. რის საფუძველზე უთხრეს უარი მესაკუთრეს საკუთრებაში არსებული ტერიტორიის შემოღობვაზე? – მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მირიან მეტრეველის თქმით, „ეს არის გამწვანებული ტერიტორია, ფაქტობრივად სკვერი, დამონტაჟებულია ატრაქციონები და არ უნდა შემოიღობოს“.

ტერიტორიას გოგებაშვილის 62-ში 2007 წლიდან ფლობდნენ შპს „რაკიინ დეველოპმენტი“, შემდეგ არაბული კომპანია „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ , შემდეგ „პრომეტკო ჯორჯია“, შემდეგ კი – „ბლექ სი ფროფერთისი“. შესაბამისად, ბათუმის მერიას ვკითხეთ, რატომ განათავსა თავის დროზე ატრაქციონები მერიამ სხვის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე? – მერიისგან პასუხი ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ.

„რატომ უნდა დაჯარიმდეს კომპანია… იმიტომ, რომ უნებართვოდ მოახდინა ღობის მონტაჟი? ამ ნაწილში კომპანიამ შესაბამისი პროექტი წარადგინა მერიაში, თუმცა დასაბუთებული უარი აღნიშნულთან დაკავშირებით არ მიუღია. მერის წერილის თანახმად, მერიას პროექტის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია, უბრალოდ, ხსენებული ტერიტორიის შემოღობვა მერიისთვის მიუღებელია, რაც არასწორია – სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლით. შესაბამისად, თუ მერიას წარდგენილი პროექტის მიმართ შენიშვნები არ გააჩნდა, ხოლო ღობის აღმართვის უფლება დადგენილია კანონით, მერიის მოსაზრებით ნიშნავს, რომ ადგილი აქვს ფორმალურ, არაარსებით დარღვევას – ღობის მონტაჟის ნებართვის არარსებობას, რომელიც ვფიქრობთ ისედაც არ ესაჭიროებოდა კომპანიას, რადგან იგი ხსენებულ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობას არ უკავშირდებოდა“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ მერიაში გაგზავნილ ადმინისტრაციულ საჩივარში.

ამავე საჩივარში წერია: „მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს უფლება აქვს აღმართოს სასაზღვრო მიჯნა, უფრო მეტიც უფლება აქვს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება სასაზღვრო მიჯნის [ღობის] აღმართვაში – სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლი, შესაბამისად, ვთვლით, რომ სასაზღვრო მიჯნის აღმართვაზე უარი [ბათუმის მერის წერილი] არ არის მართებული და იგი უნდა გაუქმდეს.“

კომპანია ამ და სხვა არგუმენტებზე დაყრდნობით, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის იმ დადგენილების შეჩერებას და ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც კომპანია დააჯარიმეს და ღობის დემონტაჟი მოსთხოვეს.

მიმდინარე წლის 22 იანვარს კომპანიის საფირმო სახელწოდება შეიცვალა. მესაკუთრის გადაწყვეტილებით, კომპანიის ახალი სახელია – „ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი“.

„ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკუთრებაშია აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი საზღვაო ბანკის შენობა, სადაც, „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანია საგანმანათლებლო დაწესებულების [ევრაზიის უნივერსიტეტის] გახსნას გეგმავს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანიას ვერ დავუკავშირდით.

კომპანიას მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის შემოღობვის ნებართვას არ აძლევს ბათუმის მერია და ამ უარს, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, არც ასაბუთებს. „გამწვანებული ადგილია“, აცხადებენ მერიაში, თუმცა უახლოეს წარსულში იყო ფაქტები, როცა ქალაქის მერიამ და აჭარის მთავრობამ ბათუმში სკვერის ნაწილიც გაასხვისა, ტროტუარიც და ქუჩაც კი. მოსახლეობის პროტესტის გამო ლორთქიფანიძის ქუჩის ნაწილი დარჩა ქუჩად, ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერის ნაწილი განადგურდა და იქ მრავალსართულიანი კორპუსი შენდება. მშენებლობა დაიწყო ფიროსმანის ქუჩაზეც, სადაც ტროტუარი გადაკეტილია.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებულია ქალი, მას შეჯახების შედეგად დაუზიანდა  ზედა კიდური და სავარაუდოდ აქვს ტვინის შერყევა. დაზარალებული გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Exit mobile version