მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია ტროტუარს ყიდის

02.06.2017 • 4512
ბათუმის მერია ტროტუარს ყიდის

ბათუმის მერია ტროტუარის ნაწილს მასზე მშენებლობის უფლების პერსპექტივით ყიდის.

ბათუმში, ფიროსმანის ქ. N5ბ-ს მიმდებარედ 212 კვ/მ მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზეა გატანილი. აღნიშნული ნაკვეთი, ძირითადად, ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ მდებარე ტროტუარი და იქვე მოწყობილი ღია ავტოსადგომია.

ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია; ბიჯი – 2000 ლარი. აუქციონი გუშინ, პირველ ივნისს, დაიწყო და 14 ივნისს უნდა დასრულდეს.

აუქციონზე გატანილი ტროტუარი, ფიროსმანის ქუჩა, ბათუმი / 2.06.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო

აუქციონზე გატანილი ტროტუარი, ფიროსმანის ქუჩა, ბათუმი / 2.06.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო

რაში დასჭირდა მერიას აღნიშნული მართკუთხა ფორმის [ვიწრო ზოლის] ნაკვეთის აუქციონზე გატანა, რომელსაც მყიდველი ვერაფერში გამოიყენებს, თუ მას მომიჯნავე ნაკვეთთან არ გააერთიანებს? – ამ კითხვაზე ბათუმის მერიისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

აუქციონის ერთ-ერთი პირობა კი სწორედ ის არის, რომ ამ ნაკვეთზე [ბათუმის უნივერსიტეტის კუთვნილი შენობის, ყოფილი „გეპეის“ მოპირდაპირედ] მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მომიჯნავე ნაკვეთთან, ან ნაკვეთებთან გააერთიანებენ.

quCa

წითელი ხაზით შემოსაზღვრულია აუქციონზე გატანილი ტერიტორია

გასაყიდი ტროტუარის გვერდით არსებული 5144 კვ/მ ფართობის ნაკვეთი შპს „ბათმშენის“ საკუთრებაშია 2016 წლის მაისიდან. გამოდის, თუ აუქციონზე გატანილ ნაკვეთს „ბათმშენი“ იყიდის, ამ მონაკვეთში ფიროსმანის ქუჩა ტროტუარისა და ავტოსადგომის გარეშე დარჩება. უკეთეს შემთხვევაში კომპანია ტროტუარს თავის საკუთრებაში მოაქცევს.

ამ ადგილზე, რაც ქალაქის ბიუჯეტის ფულით კეთილმოეწყო, სწორედ ფიროსმანის ქუჩაა თავისი ტროტუარით და ავტოსადგომით.

trot

გასაყიდი ტროტუარი და ავტოსადგომი ფიროსმანის ქუჩაზე ბათუმში / ფოტო ელაუქციონის დოკუმენტებიდან

ბათუმის მერიას მუნიციპალიტეტის ქონება აუქციონზე გააქვს როგორც უშუალოდ თავისი ინიციატივით, ასევე ქონების შესყიდვით დაინტერესებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზეც.

მერიაში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქონების შეძენით კონკრეტული კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა რომელი, ვერ დაასახელეს. ბათუმის მერიაში დაგვიდასტურეს ისიც, რომ აუქციონზე ტროტუარის ნაწილი იყიდება.

„კომპანიას ვერ გეტყვით, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა მერიამ ამ ტერიტორიის [მათ შორის ტროტუარის ნაწილის – ავტ.] გასხვისება,“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. „ბათუმელებმა“ მერიაში ვერც იმის გარკვევა შეძლო, რა „საზოგადოებრივი ინტერესების“ გამო გახდა აუცილებელი ტროტუარის გაყიდვა.

აუქციონზე გატანილი ტროტუარი და ავტოსადგომი მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად. ფიროსმანის ქუჩა, ბათუმი / 2.05.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო

აუქციონზე გატანილი ტროტუარი და ავტოსადგომი მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად. ფიროსმანის ქუჩა, ბათუმი / 2.06.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო

მთლიანობაში 18084 კვ/მ [1,8 ჰექტარი] ფართობის მიწის ნაკვეთებს [ფიროსმანის ქუჩიდან, ანუ უნივერსიტეტის შენობიდან შსს აჭარის მთავარ სამმართველომდე არსებული ტერიტორია] აქ შპს „ალლიანსი“ ფლობს 2011 წლიდან.

როგორც „ალლიანსში“ გვითხრეს, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ არსებული 5144 კვ/მ ფართობის ნაკვეთი შპს „ბათმშენს“ მათ მიჰყიდეს, თავად კი, თავის დროზე მთელი ეს ტერიტორია, სხვა კერძო კომპანიისგან შეისყიდეს ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე.

„რას აპირებს „ბათმშენი“, ან რას ყიდის მერია, არ გვაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება ჩვენს კუთვნილ ტერიტორიას, განვიხილავთ დიდ პროექტს, რომლის დეტალებს ახლა ვერ გავახმოვანებთ,“ – გვითხრეს კომპანია „ალლიანსში“.

„აღნიშნულ ნაკვეთებზე მესაკუთრეების მხრიდან რაიმე ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე ჩვენთან არ ფიქსირდება, თუმცა მაინც გადავამოწმებთ,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

ამ ტერიტორიაზე რაიმე მშენებლობა არ მიმდინარეობს და ის წლებია უფუნქციოდაა. ამ უფუნქციო ტერიტორიაზე კი 2966 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

„ბათუმელები“ კომპანია „ბათმშენს“ ვერ დაუკავშირდა.

აუქციონზე გამოტანილი ტროტუარის გაგრძელებაზე, ფიროსმანის ქუჩისა და გმირთა ხეივნის კვეთაში, მსხვილ სასტუმრო კომპლექსს შპს „DAR BUILDING“-იც აშენებს. 


ქალაქი შენი ფანჯრიდან

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

ქუჩა და სკვერი, რომელიც მთავრობამ გაყიდა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: