აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელად შუახევის ყოფილი გამგებელი, ტარიელ ებრალიძე დაინიშნა. განათლების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი თავბერიძე კი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.
ახალი დირექტორი ფონდის თანამშრომლებს აჭარის განათლების მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა, 22 თებერვალს წარუდგინა.
ტარიელ ებრალიძე 2013-2017 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მოსახლეობის 72.9-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
იგი პროფესიით ისტორიკოსია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 1995-2010 წლებში იყო გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, 2003 წლიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელი, 2011-2013 წლებში – სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2009 წლიდან დღემდე ხიჭაურის წმ.ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომელია.
„ბათუმელები“ ებრალიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 10 თებერვალსაც წერდა.