კინოფილმი  „აღმოსავლეთი“ და ტყიბულის შახტაში დაღუპული ექვსი კაცი

ავტორი: ესმა გუმბერიძე

რამდენიმე კვირის წინ ჭიათურაში დაიღუპა მაღაროელი, დღეების წინ კი უკვე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ტყიბულშიც. ეს მხოლოდ იმ დროიდან ერთი თვის ვადაში, რაც სამოქალაქო საზოგადოების კვლევის ცენტრის პროექტით ვიყავი ჭიათურაში, რის შესახებაც დეტალური სტატია „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამდენი მცდელობის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამდენი მუშაობის მიუხედავად, ყველაფერი ძველებურად გრძელდება. ადამიანები ძველებურად იღუპებიან.

აქვე მახსენდება ფილმი „აღმოსავლეთი/the East”, სადაც ნაჩვენებია ჩვენი „ჯორჯიან მანგანეზისა“ და GIG-ჯგუფის მსგავსი კომპანია, რომელიც წარმოების შედეგად წარმოშობილ შხამიან წყალს პირდაპირ დასახლებაში არსებულ ღია ტბაში უშვებს. იმ დასახლებაში ბავშვები იღუპებიან კიბოსგან. სასმელ წყალს კი აწვდიდა თანამშრომლებს კომპანია, მაგრამ ბანაობა… ამ ბოროტებას დაუპირისპირდება კომპანიის მფლობელის შვილი, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდება.

ფილმი მთავრდება იმით, რომ მას პოლიცია მოკლავს, როცა ის თავისი მამის კოლეგას, კომპანიის თანადამფუძნებელ ქალს მოწამლულ ტბაში ჩასვლას აიძულებს, მამა კი იმ ქალის ნაცვლად აპირებს წყალში ჩასვლას. ეს, ვითომ კარგი დასასრული, სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. ის მამა, შვილი რომ დაეღუპა, მალევე დაივიწყებდა ერთწუთიანი მონანიების განცდას. დამნამუსებელი შვილი ხომ აღარ ეყოლებოდა.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ  მაღაროებში მომუშავე ინდუსტრიულ ზონებში მცხოვრები რიგითი ადამიანების სიცოცხლისთვის ბრძოლა საქართველოში ახლა იწყება. ამ პრობლემის გაჟღერებით ის კი არ ამოიწურება, არამედ მხოლოდ იწყება.

ჭიათურაში არსებული მდგომარეობის შესახებ „ბათუმელებში“ ჩემი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე დღეში „ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ელექტრონული ფოსტა მივიღე. მწერდნენ, რომ ჩემი სტატია მრავალ უზუსტობას შეიცავს, რომ ცალმხრივია. წუხდნენ, რომ მისი დაწერისას კომპანიას არ დავუკავშირდი და მისი პოზიციით არ დავინტერესდი. შემომთავაზეს ჩავსულიყავი რეგიონში. მპირდებოდნენ, რომ დამათვალიერებინებდნენ საწარმოს, უპასუხებდნენ ჩემს, მათ შორის კრიტიკულ კითხვებს. ვუპასუხე, რომ ის სტატია დავწერე, პირველ რიგში, საჯარო სივრცეზე, მედიაში საკუთარი პრობლემებისა და აზრის გაშუქების მისაწვდომობაზე „ჯორჯიან მანგანეზისნაირ“ მსხვილ კომპანიასა და ჭიათურის რიგით მოსახლეებს შორის არსებული უთანასწორობის დასაბალანსებლად.

რა თქმა უნდა, ვიზიტზეც დავთანხმდი იმ პირობით, რომ ვიდეო-ფოტოგადაღებისა და აუდიოჩაწერის უფლებას მომცემდნენ. ასევე მივუთითე, რომ საკითხისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და ჩემი უსინათლოობის გამო ჩავიდოდი საკითხზე სიღრმისეულად მომუშავე ადამიანებთან ერთად. ასევე გადავეცი „ბათუმელების“ შეთავაზება, დაეწერათ „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხები ჩემს სტატიაში გამოთქმულ საკითხებზე, რედაქცია განიხილავდა და საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნებდა კიდეც. „ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მომწერა, რომ მოგვიანებით დამიკავშირდებოდნენ. სამ კვირაზე მეტი გავიდა. არაფერი ისმის.

ბლოგის ბოლოს არ შემიძლია არ დავწერო, რომ ქართულ რეალობაში ხშირია დისონანსი/შეუსაბამობა არასამთავრობო ორგანიზაციის მიზნებს, ხედვასა და მისი წარმომადგენლების ქცევას, გარეგნობასა და იმ ფუფუნებას შორის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ ან მუშაობენ. ჭიათურაში რომ ვიყავით, იქ ერთმა პროფკავშირელმა აქტივისტმა იმაზე ილაპარაკა, რომ არ უნდა იმიჯნებოდეს ერთმანეთისგან პროფკავშირი და მისი წევრი დასაქმებულები. მან აღნიშნა, რომ პროფკავშირი მისი წევრების ერთგვარი თვითდახმარების ჯგუფია, დაბლიდან მაღლა და არა პირიქით. მისი თქმით, პროფკავშირი ჰორიზონტალურ/თანასწორ ურთიერთობებზეა დაფუძნებული.

და რამდენია ასეთი ორგანიზაცია, მათ შორის არასამთავრობო, რომლებიც ასევე „სათემოს“ სტატუსს ატარებენ. ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციაში ვიზიტის შესახებ ჩემი ერთი ნაცნობმა მოყვა. ის იმით იყო გაოგნებული, რომ ამ ორგანიზაციის ოფისში, ტყავის უძვირფასესი ავეჯით გაწყობილ დირექტორის კაბინეტში ამოყო თავი. ბიზნესისთვისაც კი შესაშური ფუფუნება სუფევდა.

სხვათა შორის, ჩემმა მშობლებმა ტელევიზორით ირაკლი პეტრიაშვილი [გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე] რომ ნახეს, ისიც ანტიკვარებით გაწყობილ კაბინეტში იჯდა, უფრო არისტოკრატის, ვიდრე უფლებადამცველის ატრიბუტიკა ჰქონდა გარშემო. ჰოდა ასეთი „უფლებადამცველების“ დაკავშირება ჩაგრულ ადამიანებსა და ჯგუფებთან, მათი ინტერესების დაცვასთან, ცოტა რთულია. რთულია მათი გაიგივება. რიგით ადამიანებს, ვის უფლებებს ეს ორგანიზაციები და პირები იცავენ ან რომელთა დაცვასაც იჩემებენ, უჭირთ თავისიანებად, თანასწორებად აღქმა. არასამთავრობო სექტორისადმი უნდობლობაც აქედან მოდის საზოგადოებაში.

გვიჭირს ამ ორგანიზაციათა/პირთა მორთულობა-გარეგნობასა და მათ გაცხადებულ მიზნებს შორის კავშირის დანახვა. ამ დისონანსის დასაძლევად ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს გასაწევი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს.

ავტორის შესახებ: 

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ესმა გუმბერიძე

როდის გაიზრდება აჭარის მთიანეთის ა(ა)იპ-ებში ხელფასი?

აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტების მერიაში ა(ა)იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით არაერთი წერილობითი მოთხოვნაა შესული. თანამდებობრივი სარგო აქ 150 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ხელფასი – 800 ლარი მხოლოდ ხულოს ა(ა)იპ-ის – „მუნიციპალური სერვისების“ დირექტორს აქვს.

დაბალი ანაზღაურება აქვთ საბავშვო ბაღის, წყალკანალის, ბაგირგზის თანამშრომლებსა და კულტურისა თუ სპორტის სფეროში მომუშავეებს.

გაიზრდება თუ არა  აიპის თანამშრომლების ხელფასი, რამდენი პროცენტით ან როდის? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს. აქ მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობენ და ხელფასის მატების საკითხი განიხილება, თუმცა როდის მიიღებენ გაზრდილ ხელფასს თანამშრომლები, არ იციან.

„საკითხი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ იდეაში არის მატება, ჩამოყალიბებული ვართ, რომ უნდა მოვუმატოთ ხელფასი, თუმცა რამდენი პროცენტით, როგორ და რანაირად შეიძლება ხელფასის მატება,  ამ საკითხზე ფინანსისტებთან ყოველდღიურად გავდივართ, დაახლოებით ოთხი თვეა საუბარია ხელფასების გაზრდაზე,“  –  ამბობს შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე და დასძენს, რომ ყველა ა(ა)იპ-ში ხელფასები ერთდროულად გაიზრდება.

„პროცესი მიმდინარეობს, ვერ გეტყვით დეტალებს, საკითხი დიდი ხანია დაწყებულია, შედეგებს ველოდებით – ხელფასი მოიმატებს,“ – აცხადებს ხულოს მერი, გოჩა მელაძე. კითხვაზე, რატომ ვერ ხდება ხელფასის გაზრდა და რა ქმნის პრობლემას? – მერი პასუხობს, რომ ხელფასის გაზრდის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს აქამდე არ ჰქონდა.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ „აიპების“ თანამშრომლებისთვის გაზრდილი ხელფასის გაცემას მაისში გეგმავენ, თუმცა არც აქ არის დაზუსტებული, რამდენით გაიზრდება ხელფასი – 30 თუ 50 პროცენტით. 

„დეტალები ზუსტდება, არ მინდა ვინმეს იმედები გავუცრუო და წინასწარ ვისაუბრო დეტალებზე, 99% – ით გადაწყვეტილია ხელფასის გაზრდა,“ – ამბობს ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე.

შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში, X-XI საუკუნეების ქვევრი აღმოაჩინეს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეებში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ,  ქვევრი აღმოაჩინეს. ქვევრი ადგილობრივმა შალვა გოგიტიძემ საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებისას მიწაში იპოვა.

შუახევის მერის მოადგილის, რუსუდან შავაძის ინფორმაციით, ქვევრი მხოლოდ მცირედით მაშინ დაზიანდა, როდესაც შალვა გოგიტიძე ტალავერის მოსაწყობად, ბოძებისთვის ბარით მიწას ამუშავებდა, ნატეხები კი, რომელიც ქვევრს  ჩამოტყდა, ბათუმში ჩამოიტანეს და შესასწავლად აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს, ამირან კახიძეს გადასცეს.

პირველადი ინფორმაციით, ქვევრი X-XI საუკუნეებს მიაკუთვნეს.

“ვითხოვთ, დაპატიმრებული ჟურნალისტებისა და ადვოკატების გათავისუფლებას” – აქცია სტამბოლში

4 აპრილს სტამბოლში, ერთ-ერთი სასამართლოს წინ აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა განცხადება გაავრცელეს, რომელიც თურქეთში დაპატიმრებულ ჟურნალისტებსა და ადვოკატებს შეეხებოდა.

განცხადება სასამართლოს წინ ჟურნალისტმა პინარ გაიპმა წაიკითხა.

„ისინი ცდილობენ მოისყიდონ ყველა, ვისაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაუწერია ან უთქვამს სიმართლე, ვინ იყო ისტორიის მხარეს. მათ კი, ვისაც ვერ მოისყიდიან, აპატიმრებენ.

ყველა ბრალი, რომელიც ჩვენს მეგობრებს წაუყენეს, სიცრუეა. ისინი დაპატიმრებულნი არიან პროფესიული, ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა გაზეთ Cumhuriyet-ის შემთხვევაში. მოვითხოვთ პატიმრობაში მყოფი 170 ჟურნალისტის გათავისუფლებას.

მუშაობის მძიმე პირობების მიუხედავად, ადვოკატები, რომლებიც მოქალაქეთა უფლებებს იცავენ, ასევე ზეწოლის ქვეშ არიან. დაპატიმრებულია ათეულობით ადვოკატი. მთავრობა ადამიანებს ართმევს დაცვის უფლებას. თუ დაცვა არ იქნება, არ იქნება სამართლიანობაც. ხვალ, 5 აპრილს, იურისტების დღეა. ჩვენ გვინდა თავისუფლება ყველა ადვოკატისთვის, რომლებსაც თავისუფლება შეეზღუდათ პოლიტიკური მოტივებით.“

აქციის მონაწილეების განცხადება უპასუხოდ დარჩა.

ამავე თემაზე: 

თურქეთში ტელეკომპანია ТРТ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის სასამართლომ გერმანიაში მცხოვრები ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა

გაზეთი ზამანი: თურქეთის პოლიციამ სტამბოლში პრეს-ოფისები დაარბია

 

897 829 ლარი დიოკნისის სკოლის რემონტისთვის – განათლების სამინისტროს დავების საბჭოში უჩივლეს

სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის გამო აჭარის განათლების სამინისტროს დავების საბჭოში უჩივლეს. მომჩივანი – შპს „ელიტ-მშენი“ საჩივარში მიუთითებს, რომ  სატენდერო კომისიამ გამარჯვებული კანონდარღვევით გამოავლინა და შესაბამისი ოქმის გაუქმებას ითხოვს. სკოლის რეაბილიტაციისთვის 897 ათას 829 ლარია აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებული.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მიმდინარე წლის 31 იანვარს გამოაცხადა. სატენდერო კომისიამ გამარჯვებული 2 აპრილს გამოავლინა, თუმცა 11 აპრილამდე დოკუმენტაციის სრულად წარდგენა დაავალა.

ტენდერში გამარჯვებული შპს „მეფური“ განათლების სამინისტროს, სკოლის სრულ რეაბილიტაციას, 707 ათას 777 ლარად სთავაზობს. სამინისტრომ ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა, შესაბამისად, შესყიდვების გვერდზე არ გამოჩნდება ტენდერში მონაწილე პრეტედენტები, ვიდრე გამარჯვებულთან არ გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში შპს „ელიტ-მშენმა“ საჩივარი მიმდინარე წლის 3 აპრილს შეიტანა.

საჩივარში აღნიშნულია, რომ „2018 წლის 29 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სატენდერო კომისიამ N13/4 სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით დაადგინა, რომ პრეტენდენტის – შპს ,,მეფური“-ს მიერ წარდგენილი დაზუსტებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციას და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასს, რასაც, არ ვეთანხმებით. ასევე, მიგვაჩნია, რომ კომისიის მიერ 2018 წლის 02 აპრილის ოქმით არასწორად არის დადგენილი სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობა, რომლითაც პრეტენდენტი გამოვლენილია გამარჯვებულად“.

შპს „ელიტ-მშენი“ დავების საბჭოს სთხოვს, მისცეს „რეკომენდაცია შემსყიდველ ორგანიზაციას მოახდინოს შპს ,,მეფურის“ დისკვალიფიკაცია ელექტრონული ტენდერიდან“.

შპს ,,მეფური“, რომლის 100% წილის მფლობელი შოთა აროშიძეა, 2010 წელს ბათუმშია რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ირაკლი თავართქილაძეა.

ტენდერის პირობების თანახმად, დიოკნისის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, პროექტისა და გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სამუშაოს დაწყებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს. სამუშაოს დაწყება კი უკვე დავის საბოლოო გადაჭრაზეა დამოკიდებული.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში აღნიშნული დავის განხილვის თარიღად 2018 წლის 12 აპრილია ჩანიშნული.

ამონარიდი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2018 წლის 2 აპრილის ოქმიდან [N13/5]
ხულოს მუნიციპალიტეტის დიოკნისის სკოლის სარეაბილიტაციო პროექტიდან / მაკეტის ფოტო

“მინდა, რომ შვილებს მამა ჰყავდეთ, მინდა ჩემს მეუღლეს გული გადავუნერგოთ”

მე მარინა გოგრაჭაძე ვარ, დაბა ოჩხამურში, ქობულეთში ვცხოვრობ. ოთხი შვილი მყავს, უფროსი 9 წლისაა, ყველაზე პატარა – 4 წლის. ახლა თბილისში ვარ და საავადმყოფოში ვათენ-ვაღამებ, სადაც ჩემი მეუღლე წევს. მას ვჭირდები, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, წასასვლელი მაინც არსად მაქვს, ამ ქალაქში არც მეგობარი მყავს და არც ნათესავი.

ჩემი მეუღლე, მერაბ ზოიძე, უკვე წლებია ავადაა. 40 წლისაა და მძიმე დიაგნოზი აქვს – დელატაციული კარდიმიოპათია და გულის გადანერგვა ესაჭიროება.

ეს ოპერაცია საქართველოში არ კეთდება, თუმცა უცხოეთში, ბელორუსში გაკეთება შესაძლებელია. ეს ათიათასობით დოლარი ჯდება. ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ ვერ გვეხმარებიან, ამიტომაც მივმართავ საზოგადოებას.

ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია და თვიდან თვემდე თავი სოციალური შემწეობით გაგვაქვს. თანხის მოგროვება შეუძლებელია დამოუკიდებლად მოვახერხოთ. ერთადერთი, რაც გაგვაჩნია, ხის სახლია დაბა ოჩხამურში, რომელსაც ჩვენს საკუთრებაშიც არ არის ჯერ, ნაწილი თანხის გადახდილი გვაქვს, ნაწილს კი ჯერ ისევ ვიხდით.

მერაბს გული 2012 წლიდან აწუხებს, ბათუმში მკურნალობდა. სამი წლის წინ დეფიბრილატორი ჩაუსვეს, რაც სიკვდილისგან იცავს, მაგრამ მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და ამიტომ ჩამოვიყვანე თბილისში. დროდადრო იძახის, რომ მეტის ატანა აღარ შეუძლია, მეც ვერაფრით ვეხმარები და ამის ყურება ძალიან ძნელია.

მინდა, რომ შვილებს მამა ჰყავდეთ, მინდა ჩემს მეუღლეს გული გადავუნერგოთ,  სიცოცხლე რომ შეძლოს. ამისათვის ვითხოვ დახმარებას.

მარინა გოგრაჭაძის ანგარიშის ნომერი ბანკში

დახმარების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 557 67 68 50 – მარინა გოგრაჭაძე

მოხუცებმა წინასააღდგომოდ ქობულეთში საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ქობულეთში იმ მოხუცებმა მოაწყვეს, რომლებსაც ევროკავშირის დაფინანსებით მცირე გრანტი აქვთ მოპოვებული. ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფეციარები ამ გზით სოციალურად დაუცველ მოხუცებს საკვები პროდუქტით დაეხმარნენ.

„თითქმის ყველაფერი გაიყიდა და დაახლოებით 700 ლარი შეგროვდა. ამ თანხით 90 მოხუცს საკვები პროდუქტები გადავეცით,“ – ამბობს ნანა კალანდაძე, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი.

გამოფენა-გაყიდვაზე სუვენირებთან ერთად საკვები პროდუქტებიც იყო წარმოდგენილი, რასაც ხანდაზმულები აწარმოებენ. ნანა კალანდაძის თქმით, საკვები პროდუქტი მალევე გაიყიდა, მოხუცების მიერ დამზადებული სუვენირები კი ძირითადად ქველმოქმედმა ადამიანებმა შეიძინეს.

ფოტოები: ასოციაცია „ღირსეული სიბერე“

ჰიპერმარკეტები ვადის ამოწურვის მოტივით მზა საკვებს ყრიან

სუპერმარკეტში, მზა საკვები პროდუქტების დახლთან, ალბათ თქვენც გიკითხავთ, ახალია თუ არა სალათი, ან ღვეზელი. ზოგიერთ კონსულტანტს კი გულწრფელად უთქვამს, რომ სალათი, რომლის შეძენასაც აპირებდით, გუშინდელია.

ოფიციალურად სუპერმარკეტებსა თუ ჰიპერმარკეტებში აცხადებენ, რომ მზა პროდუქტების ვარგისობის ვადები მკაცრად კონტროლდება და „გუშინდელი“ არაფერი აქვთ.

სად მიაქვთ მზა საკვები პროდუქტები მაღაზიებს ვადის გასვლის შემდეგ და რატომ არ იზიარებენ ისინი სხვა ქვეყნების ბიზნესის პრაქტიკას – ევროპის ქვეყნებში ცნობილი ჰიპერმარკეტების დიდი ნაწილი მზა საკვები პროდუქტების ვარგისობის ვადის გასვლამდე სპეციალურ ფასდაკლებებს აცხადებენ. ამ გზით მორჩენილ და ჯერ კიდევ ჯანსაღ პროდუქტს სოციალურად შეჭირვებული კლიენტი ყიდულობს და მაღაზიებსაც საკვების სანაგვე ურნებში ჩაყრა აღარ უწევთ.

„ბათუმელები“ ამ თემაზე ოთხი ჰიპერმარკეტის წარმომადგენლებს ესაუბრა. ჰიპერმარკეტებმა კომენტარზე უარი გვითხრეს, თუმცა არც ერთ მათგანს არ დაუმალავს, რომ მორჩენილ მზა საკვებს ისინი, უბრალოდ, ანადგურებენ.

„განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები და ვადები“, – ამ სახელწოდებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება აწესრიგებს საკვები პროდუქტების შენახვის წესებს. სამართლებრივ აქტში დეტალურადაა გაწერილი ამა თუ იმ პროდუქტის შენახვის ვადა. მაგალითად, ცომეულის შენახვის ვადა 6 საათია, ქაბაბის და კატლეტის – 12 საათი. მაიონეზით შეკმაზული, თუ ზეთით მომზადებული სალათის ვარგისობის მაქსიმალური ვადა მხოლოდ 6 საათია.

წესები ჰიპერმარკეტებშიც იციან. ძირითადი მიზეზი, რის გამოც მარკეტები ფასდაკლებებზე ან სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის საკვების უფასოდ, ან შეღავათიან ფასად გადაცემაზე ამბობენ უარს, რისკია – სალათი ან ღვეზელი მალე ფუჭდება.

„ჩვენთან მკაცრად კონტროლდება თითოეული მზა საკვები პროდუქტის შენახვის ვადა. ვადის გასვლის შემდეგ საკვები პროდუქტის უტილიზაცია ხდება,“ – გვითხრა ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ერთ-ერთმა მენეჯერმა. აქ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელსაც გაგვასაუბრეს, რომელმაც დეტალურად განმარტა თითოეული საკვების შენახვის ვადა.

რატომ არ აცხადებს „გუდვილი“ ფასდაკლებას მზა საკვებ პროდუქტებზე, როცა ვადის გასვლამდე მცირე დრო რჩება? – ამ სხვა კითხვებზე „გუდვილის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გვიპასუხა, რომ ოფიციალური კომენტარის მოცემა მხოლოდ სამუშაო დღეს შეუძლიათ.

„გუდვილის“ თანამშრომლებმა გასაუბრების დროს ასევე აღნიშნეს, რომ გამოცდილების შესაბამისად ორგანიზაციას აქვს გათვლა და იმდენ პროდუქტს ამზადებს, რამდენიც იყიდება და მორჩენილი საკვების რაოდენობა ხშირად მცირეა. მალფუჭებადი პროდუქტებიდან ჰიპერმაკეტი ფასდაკლებას ხშირად ხილზე აკეთებს.

ჰიპერმარკეტში ასევე გვითხრეს, რომ ვადაგასულ პროდუქტებს ერთმანეთში ურევენ და ისე ყრიან სანაგვე ურნებში, ის საკვებად არავინ რომ გამოიყენოს.

„ფასდაკლებას ვაცხადებთ ძირითადად თევზსა და ხორცზე. ეს მაშინ ხდება, როცა შენახვის ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო რჩება. დანარჩენი მზა საკვები პროდუქტები ნადგურდება, ამის დოკუმენტაცია არსებობს და ეს კონტროლდება სხვა სამსახურების მიერ…“ – გვითხრა ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ერთ-ერთმა მენეჯერმა.

მზა საკვები პროდუქტს სთავაზობს კლიენტს „იალჩინ მარკეტიც“. ამ მარკეტის მენეჯერი მხოლოდ წერილობით დაგვპირდა პასუხის გაცემას. მარკეტის კონსულტანტების თქმით კი, ვადაგასულ მზა საკვებ პროდუქტებს, ძირითადად, ნაგავში ყრიან.

საღამოს 8-დან 12 საათამდე 50 %-იანი ფასდაკლებით მზა საკვების გაყიდვის გამოცდილება ბათუმში „ფუდმარტს“ აქვს. აქ გვითხრეს, რომ გასულ წლის მაისიდან შეჩერდა ეს აქცია. ორი წლის განმავლობაში იგი წარმატებით მიმდინარეობდა.

„წარმატებული იყო, მაგრამ ჩვენთან ისედაც კარგად იყიდება ყველაფერი. მენეჯერებმა ჩათვალეს, რომ ასეთი აქცია საჭირო აღარ იყო,“ – აღნიშნავს „ფუდმარტის“ თანამშრომელი. მისი თქმით, საღამოს რვიდან იმ პროდუქტებს ყიდდნენ, რომლებსაც ვადის გასვლამდე მცირე დრო ჰქონდა დარჩენილი. ფასდაკლების აქცია ამ ჰიპერმარკეტს თბილისში ახლაც აქვს.

 

 

 

როგორ გახდა ქართველი დევნილი გოგო იტალიელი მწერალი – წარმატების ისტორია 

გამომცემლობა „Corrimano”-მ მისი წიგნი „La tua presenza è come una citta” [შენი აქ ყოფნა როგორც ქალაქი] 2016 წლის ნოემბერში გამოსცა. წიგნის გამოცემის შემდეგ კრიტიკოსები ავტორს – რუსკა ჟორჟოლიანს „პერსპექტიულ მწერალს“ უწოდებენ. იტალიური პრესა როდესაც რუსკაზე წერს, ყოველთვის აღნიშნავს, რომ ეს არის დევნილი გოგოს წარმატების ისტორია, რომელიც იტალიაში ომს გამოექცა. რუსკა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში დაიბადა.

გალიდან დევნილ გოგოს ომის შემდეგ საკუთარი სახლი დიდხანს არ ჰქონდა. მოხდა ისე, რომ ხან იტალიაში ცხოვრობდა, ხან საქართველოში. ახლა ის იტალიაში ცხოვრობს და იტალიურად წერს, ხოლო ცნობილი იტალიური გამოცემები, ისეთები, როგორიცაა ლა სტამპა და ლა რეპუბლიკა, მის წიგნს დადებით რეცენზიებს უძღვნიან.

2016 წელსვე რომანი – „შენი აქ ყოფნა როგორც ქალაქი“, ჰერმან გეიგერის პრემიაზე წარადგინეს. წიგნმა “ნაწარმოების სიღრმის და მნიშვნელობისთვის” ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა [Menzione speciale] დაიმსახურა. საქართველოს წიგნის ცენტრის ნაწილობრივი დაფინანსებით რომანი ახლა გერმანულ ენაზე ითარგმნება და მკითხველისთვის ხელმისაწვდომი მაისში იქნება.

„ბრძოლა დიდი ხნის წინ წავაგეთ, ჩვენ, საზღვრისპირა ხალხმა, უფრო ადრე, ვიდრე საზღვრის, ბრძოლის, ბრძოლაში ჩაბმული საზღვრისპირა ხალხის მნიშვნელობას კარგად გავიაზრებდით“.

„ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერ“ – რუსკა ჟორჟოლიანი

რუსკა ჟორჟოლიანი – მწერალი, რომლის დებიუტი იტალიის ლიტერატურულ წრეებში დადებითად შეაფასეს

„ჩვენ დევნილები ვართ. ჩემი ოჯახი გალიდანაა, სოფელ ჭუბურხინჯიდან. 1994 წელს იძულებული გავხდით სახლიდან წამოვსულიყავით. ჯერ მესტიაში ვცხოვრობდი, შემდეგ თბილისში. 10 წლის ვიყავი, როცა პირველად წავედი იტალიაში. მშობლებმა გაიგეს, რომ რაღაც ასოციაცია არსებობდა, რომელიც ორგანიზებას უწევდა დევნილი ბავშვების სიცილიაზე გამგზავრებას. ეს ბავშვები სამი თვის მანძილზე ცხოვრობდნენ იტალიურ ოჯახებში. გადაწყვიტეს გამოვეშვი.

ძალიან განვიცადე. საშინლად არ მინდოდა წამოსვლა. ის პერიოდი ისედაც მუდმივი უსახლკარობის პერიოდი იყო. ხან სად ვცხოვრობდით, ხან სად. ერთხანს დეიდასთან, მერე ზუგდიდში ერთ ბებიასთან, მესტიაში მეორე ბებიასთან. თან სულ სკოლების გამოცვლა მიწევდა და არაფრით არ მინდოდა ამ შორეულ ქვეყანაში წამოსვლა, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი. დედაჩემმა დამსვა და მითხრა: შენი მომავლისთვის წასვლა შეიძლება უკეთესი იყოს, მერე ალბათ მადლობასაც გადაგვიხდიო.

მახსოვს სიცილიაზე ჩამოსვლა, აეროპორტში დაგვხვდნენ, საზეიმოდ, ალაფურშეტით, თბილად მიგვიღეს, მაგრამ მე მაინც საქართველოში მინდოდა, მეგონა, გული იქ დავტოვე.

თავდაპირველად ჩემსა და ოჯახს შორის, რომელთანაც ვცხოვრობდი, უზარმაზარი ბარიერი იყო – ენის ბარიერი. მახსოვს სულ ვტიროდი და არაფერს არ ვჭამდი. უამრავი საჭმელი იყო, ბანანი, ფორთოხალი, რომელიც მაშინ საშინლად ძვირი ღირდა საქართველოში, მე კი მიკარებაც არ შემეძლო. მთელი თვე მხოლოდ ბრინჯს ვჭამდი, ძვალი და ტყავი ვიყავი. მახსოვს პირველად როდის აღვიქვი ენა – ზღვაზე გამასეირნა მამობილმა. მანქანა რომ გააჩერა, გასაღები გამოიღო, ჩემ თვალწინ ააჩხრიალა და მითხრა, აი ეს არის „კიავე“ – გასაღები. სახე გამინათდა, რადგან გავიგე, მივხვდი.

ეს მომენტი მძაფრად მახსოვს – ზუსტად ამ მომენტიდან დავიწყე შეგუება იმ სიტუაციასთან, რომელშიც მიწევდა ცხოვრება.  სიტყვებს როცა გავუშინაურდი, დაიწყო ჩემი გაშინაურება ადამიანებთანაც. 2007 წლამდე პარალელურ რეჟიმში მომიწია ცხოვრება. ცხრა თვე საქართველოში ვიყავი, სამი თვე იტალიაში. ჯერ ქართულ სკოლაში ვსწავლობდი, ზაფხულობით კი იტალიურ სკოლაში ვაბარებდი ექსტერნად გამოცდებს. ჯავახიშვილი დავამთავრე. 2007 წელს საბოლოოდ გადავწყვიტე გადმოსვლა იტალიაში და პალერმოს უნივერსიტეტში ჩავირიცხე“.

„ვერ გაეგო, სად იმყოფებოდა. აღებდა ერთ კარს და მეორე კარი ხვდებოდა, მასაც აღებდა და მესამე ეფეთებოდა. ბოლოს, საწოლიდან წამოხტა. აქოშინებული და დაქანცული ფანჯრის გარეთ ზღვის ვიწრო ზოლს მიაშტერდა. დედის სიტყვები გაახსენდა, გამგზავრების წინა ღამით, ნავთის ლამფით განათებულ ოთახში რომ ეუბნებოდა: “იქ ასე არ ებნელება, აი, ნახავ”. მართალია, იმ ოთახს ბნელი არ ეთქმოდა, მაგრამ წვიმა ხმაურით ლამის ჰორიზონტალურად ასხამდა მინაზე, ღონივრად, გადაუღებლად და ფანჯარას ამუქებდა“.

„ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერ“

როგორ გავხდი მწერალი

სულ ვწერდი. ბავშვობაში ჩანახატებს ვაკეთებდი, დღიური მქონდა. მაშინ არ ვთვლიდი, რომ რამე საინტერესოს ვქმნიდი. 20 წლის ვიყავი, საერთოდ რომ მივატოვე წერა. იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ, იყო პერიოდი, ისეთ სულიერ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ თუ რამეს არ ვიღონებდი, მივხვდი, რაღაც უკიდურეს ზღვრამდე მიმიყვანდა ეს გადმოხვეწილობა და უსუსურობის შეგრძნება. ასე დავუბრუნდი წერას. საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ქართულად დავწერდი, მაგრამ როგორც ვიცით ხოლმე თქმა – ცხოვრებამ მოიტანა ასე. პირველი კონკურსისთვის, რომელშიც  გავიმარჯვე, სულ რაღაც ერთსტროფიანი ლექსი დავწერე. რომ არა ეს გამარჯვება, შეიძლება საერთოდ არ გამეგრძელებინა წერა, მაგრამ ამ მცირე აღიარებამ სტიმული მომცა, რაღაც უფრო დიდსა და მნიშვნელოვანს შევჭიდებოდი.

რუსკა ჟორჟოლიანის წიგნი – „შენი აქ ყოფნა როგორც ქალაქი“ იტალიურ ენაზე
„შენი აქ ყოფნა როგორც ქალაქი“

ჩემი წიგნის სათაური ბორის პასტერნაკის ერთი ლექსიდან ავიღე. რატომ პასტერნაკი? ის მნიშვნელოვანი ფიგურაა საქართველოსთან მიმართებაში. ჩავებღაუჭე იმას, რომ ის იყო რაღაცნაირი რგოლი ქართულ და რუსულ ლიტერატურას შორის. „ექიმი ჟივაგოს“ პირველი თავი ტიციან ტაბიძის სახლში დაწერა. საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა 30-იან წლებში მოღვაწე ქართველ მწერლებთან და პოეტებთან. მოგვიანებით კი მისი ბედი იტალიურ კულტურას დაუკავშირდა –  „ექიმი ჟივაგო“ პირველად სწორედ იტალიაში გამოაქვეყნა გამომცემლობა “ფელტრინელიმ”.

ჩემს წიგნში ამბავი საბჭოთა კავშირში ვითარდება, გამოგონილ ქალაქში. ერთგვარი გაშარჟებაა რუსული ლიტერატურის. ქართული ელემენტებიცაა გაბნეული (ერთ-ერთი თავი დადაშ გელოვვანის ამბავს ეხება), მთავარი თემა, სტალინური რეპრესიები, ერთსა თუ მეორე მხარეს დგომა და ადამიანების ბედზე ასეთი დგომის გავლენის გააზრებაა.

როცა ვწერდი, მინდოდა რაღაც უნივერსალური შემექმნა, “ფრჩხილებში ჩამესვა” ჩემი პირადი განცდები, პოლიტიკური შეხედულებები და რაღაც ზოგად ადამიანურზე მომეყოლა, განყენებული ლიტერატურული პოზიციიდან. ამ მხრივ, ჩემს “მასწავლებლებად” ტომ სტოპარდი და მარტინ ემისი მყავდნენ დასახული.

მე და ქართული ენა

ზოგჯერ არის ხოლმე ღამეები, გამომეღვიძება და ვხვდები, რომ ქართულად ვნახე სიზმარი. როდესაც ამ ჩემს პირველ რომანს ვწერდი იტალიურად, სულ ის შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცისთვის ვემზადებოდი, რომ ეს უფრო დიდი რაღაცის წინაპირობა იყო. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი რომანი ოდესმე ქართულად დავწერო.

თუ რაღაცაში ღრმად არ ხარ დარწმუნებული, არ ღირს მიიტანო შენი განცდები მკითხველის სამსჯავრომდე. დღემდე ვერ ვინელებ უარყოფით შეფასებებს. ქართველი მკითხველის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვინც არ წერს უცხო ენაზე, ალბათ ეს არ გამოუცდია.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ მკითხველს მე – უცხო ნიადაგზე გადანერგილი, მაგრამ მისი წიაღიდან აღმოცენებული, ვერაფერს გამოვაპარებ. მასთან ან ბოლომდე გულახდილი უნდა ვიყო, ანდა ჯობს, საერთოდ არ ამოვიღო ხმა და უსიტყვოდ გავანდო ჩემი წუხილი თუ სიხარული. მე შემიძლია უცხოელთან უფრო ვიკეკლუცო, უფრო მეტ ხელოვნურ ხერხს მივმართო სათქმელის გადმოსაცემად. ქართველ მკითხველთან ეს არ გამომივა.

ითარგმნება თუ არა ჩემი წიგნი ქართულად

ჯერჯერობით შემოთავაზება არ მქონია არც ერთი გამომცემლობისგან, მაგრამ რომც იყოს, არ ვიცი, დავთანხმდები თუ არა.

პირველია მაინც, გაჯერებული გამოუცდელი ავტორისთვის დამახასიათებელი რამდენიმე კარგი მიგნებით და იმდენივე ნაკლით. თან ყველა არ იზიარებს ჩემს არჩევანს – კონკრეტულად საქართველოში არ ყოფილიყო მოქმედება. რომში, წიგნის პრეზენტაციაზე, აქ მომუშავე რამდენიმე ქართველი ქალი იყო მოსული. გული გამითბო მათმა სტუმრობამ.

ძალიან დადებითი შეგრძნებაა, როცა შენიანი ინტერესდება, მოდის, გისმენს და თავის ძვირფას დროს გითმობს. თუმცა პრეზენტაციის შემდეგ შევატყვე გულნატკენები იყვნენ, ვერ გაეგოთ რომანი რატომ არ იყო საქართველოზე. “ისედაც ცოტანი ვართ, ისედაც არავინ გვიცნობსო”. არ ვიცოდი რა მეპასუხა.

მერე სასტუმროში დაბრუნებულმა ჩემი თავი საშინლად დავამუნათე – აი, როგორ დაგაბრმავა ლიტერატურის აბსტრაქტულმა სიყვარულმა, რომ ქართველი ემიგრანტების კონკრეტული გასაჭირი დაგავიწყა-მეთქი. თავის მართლება მიწევს შიგადაშიგ. ჩემ თავთანაც კი. მაინც ვფიქრობ, რომ ლიტერატურის ინტერესის დაცვა, ზოგადქართული ინტერესის დაცვაცაა და პირიქით. საქართველოს ცალყბად ტირაჟირება მაშინ, როცა არც ისტორიკოსი ვარ და არც სხვა ტიპის მკვლევარი, “ქართულ საქმეს” თუ არაფერს დააკლებდა, დიდად არც წინ წაწევდა. თუმცა, შეიძლება ვცდებოდე. ხშირად ვცდები ხოლმე.

ქართველი თუ იტალიელი მწერალი

როდესაც ჩემ თავს ვუსვამ ამ კითხვას, ცალსახა პასუხი არ მაქვს. ფიქრი მიწევს, სანამ პასუხს გავცემ. ჩემი ქართველობა იმდენად მნიშვნელოვანია, ამას ვერსად ვერ გავექცევი. მე ქართველად დავიბადე, გავიზარდე, მაგრამ ზრდის პროცესში იტალიური ელემენტებიც შემოვიდნენ. ვინაიდან მოხდა ისე, რომ ამ ქვეყნის ლიტერატურულ პროცესებში ვმონაწილეობ, ამ ენაზე ვწერ, ამიტომ იტალიელი მწერალი “გამოვდივარ”, ასე ვთქვათ. ეს პირველი პასუხია, რაც  თავში მომდის ამ კითხვაზე.

მაგრამ მერე ვეკითხები ჩემ თავს – მართლა? ნამდვილად ასეა? და ამაზე პასუხი უკვე აღარ ვიცი. თუმცა მაინც ვფიქრობ – მე ვარ ქართველი მწერალი, რომელიც შემთხვევითობის გამო იტალიურად წერს.

ახლახან ერთ-ერთმა იტალიურმა გამომცემლობამ მოგზაურობის დღიურების დაწერა შემომთავაზა საქართველოზე. ვფიქრობ, რომ დავთანხმდები. ჩემ გამო, ჩემი საქართველოს გამო.

„თეთრი ფურცლის შიში არა მაქვს, უკვე დაწერილი ფურცელი მაფრთხობს. ჩემი ხელით გამოყვანილ ყოველ ფრაზას ავიღებდი და ხელახლა დავწერდი, დროის უკიდურეს საზღვრამდე ვიწვალებდი, ამ საზღვარსაც უყოყმანოდ გადავცდებოდი, რადგან ერთადერთი, რაც მაღელვებს, უსაზღვროების, “ამის იქით რა იქნებას” ჭვრეტაა, როგორც წიგნში, რომელსაც თუ კიდევ ერთხელ გადაიკითხავ, სულ სხვა წიგნია; ისევე მეგობრებთან დროსტარებაში, რომელსაც აზრი მაშინ ეძლევა, თუ მეგობრები უკვე აღარ ხართ, ან წინანდელზე უფრო მეტად ხართ. თეთრი ფურცელი მუნჯია იმ ხალხივით, ვისთვისაც სიტყვებს აზრი არა აქვს, ან პირიქით, მეტისმეტი მნიშვნელობა აქვს, რაც ძალზე ხშირად ერთი და იგივეა. ამ ორივე შემთხვევაში გაბედულება არ გყოფნის, სიტყვებში ჩაება, როგორც ყველაზე უარეს სასიყვარულო ისტორიებში“.

 „ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერ“

www.gpih.ge – ჯიპიაი ჰოლდინგი                                                                                                                                                           რუსკა ჟორჟოლიანის ქართულ ენაზე ნათარგმნი ესეი შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ლინკზე:

Frammenti di un’autobiografia che non scriverò mai

 

 

მოქალაქე ძველ ბათუმში, ისტორიულ სახლზე, დაშენების უფლებას ითხოვს

ბათუმში, ჟორდანიას #9-ში, ორსართულიან სახლზე დაშენების პროექტი ზონალურ საბჭოს გუშინ, 5 აპრილს წარუდგინეს. სხდომის თავმჯდომარემ, ლაშა ასლანიშვილმა, დღის წესრიგით განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთ ყველაზე რთულად გადასაწყვეტად ეს საკითხი დაასახელა.

ორსართულიანი, ისტორიული სახლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია და ძეგლის ფონურ ნაგებობას წარმოადგენს. პროექტი ზონალური საბჭოს სხდომაზე მეორედ გავიდა. პირველად მოქალაქე ხასან გორგაძე ამ სახლზე ორი სართულის დაშენებას ითხოვდა. მას უარი უთხრეს „სიმაღლის გამო“, ახლა კი ერთი სართულის დაშენების პროექტით მიმართა სააგენტოს.

სპეციალისტების შეფასებით, ამ უბნის არქიტექტურის დღევანდელი სახე, ძირითადად, ინარჩუნებს ავთენტურობას და განაშენიანების ისტორიულ კონტექსტს. გარდა იმისა, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, მასზე შემორჩენილია ძველი მასკარონები [ქვაზე გამოსახული ადამიანების სახეები], ქუჩას კი შენარჩუნებული აქვს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი სიმწყობრე.

პროექტის განმარტებით ბარათში, რომელსაც არქიტექტორი გრიგოლ გარუჩავა აწერს ხელს, ყურადღება გამახვილებულია საპროექტო ტერიტორიის გვერდით, ჟორდანიასა და ქუთაისის ქუჩების  გადაკვეთაზე მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„…მას ჩაუტარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაშენდა სართულები, ხუთსართულიანი სახლი წარმოადგენს სამ სართულს, მანსარდსა და მანსარდულ სართულზე მოწყობილ კიდევ ერთ სართულს. წარმოდგენილი საპროექტო წინადადება კი [ჟორდანიას 9-ში] ითვალისწინებს ერთი სართულის დაშენებას და მისი ნიშნული გაუსწორდება არსებული ხუთსართულიანი სახლის იატაკის დონეს, რომელიც წინასწარი აზომვითი ნახაზებით წარმოადგენს ტროტუარიდან 11,5 სანტიმეტრს. შენობის სართულიანობის სიმაღლის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია არსებული განაშენიანების სპეციფიკა. ქუჩის მხატვრული იერსახე და რიტმი. “

იმაზე, რომ მენაშენეები ნიშნულს იღებენ არა ფონური ნაგებობების სიმაღლიდან, არამედ კვარტალში არსებული ყველაზე მაღალი შენობიდან, სხდომაზე ლაშა ასლანიშვილი საუბრობდა. მისივე თქმით, მოქალაქეების კითხვებს და პროტესტს იწვევს უარი სიმაღლეზე, როცა გვერდით მდებარე შენობებს არც ისე შორეულ წარსულში დაშენების საშუალება მიეცათ. სააგენტოს დირექტორის თქმით, რამდენიმე ასეთი საქმე სასართლომ სააგენტოს უკან დაუბრუნა და მისი ხელახლა განხილვა დაავალდებულა.

კმდს-ის ზონალურ საბჭოს ამ პროექტზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სააგენტოს დირექტორი რეკომენდაციებისთვის პროექტის გადაგზავნას ჩუბინაშვილის „ძეგლთა კვლევის ცენტრში“ გეგმავს.

 

 

 

თურქეთის პირველი ქალი კონსული ბათუმში – ჩვენ სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე თვალი არ გვიჭირავს

რა გეგმები აქვს თურქეთს საქართველოში და რა უნდა გააკეთოს ორმა ქვეყანამ ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. როგორია ორი ქვეყნის დიპლომატიური მომავალი ანტითურქული კამპანიის ფონზე და რატომ გააკეთა კონსულმა ბათუმზე არჩევანი. ამ თემებზე „ბათუმელები“ ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს, მაქბულე ქოჩაკს ესაუბრა.

ქალბატონო მაქბულე, როგორც ვიცი, თქვენ პირველი ქალი კონსული ხართ ბათუმში, წელს საქართველოში თურქეთის ელჩიც ქალია. როგორც ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს გენდერული ცვლილებები თურქულ პოლიტიკაში?

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო პირველი ქალი გენერალური კონსული. თუმცა, თბილისში ადრე მოღვაწეობდა ქალი კონსული დიჟლე ქოფუზი. ბოლო პერიოდში თურქეთში ქალების პოლიტიკაში ჩართულობა  უფრო აქტიურია. განსაკუთრებით, მართლმსაჯულების, განათლების და დიპლომატიის სფეროშია ქალების მაღალი ჩართულობა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც 40 პროცენტი ქალია დასაქმებული. ქალი ელჩები მსოფლიოს 51 ქვეყანაში  წარმოადგენენ თურქეთს.

ზოგადად მიჩნეულია, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალების გააქტიურება სამშვიდობო პროცესებში?

რა თქმა უნდა, მე, როგორც ქალს, მსურს, რომ ვიხილო მეტი ქალი პოლიტიკაში და ცხოვრების სხვა ასპექტშიც. ამისთვის კი თანაბარი პირობების შექმნაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა კარგი, ხარისხიანი განათლება მიიღონ. როცა ეს იქნება უზრუნველყოფილი, ქალიც დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ყველა სფეროში.

საქართველოში ჩამოსვლამდე რომელ ქვეყნებში მუშაობდით. შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ ვითარდებოდა თქვენი დიპლომატიური კარიერა?

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2001 წლიდან ვმუშაობ. ვიყავი კოპენჰაგენის საელჩოში თურქეთის წარმომადგენელი. ასევე  იტალიაში, რომის საელჩოში ვმუშაობდი, ბოლოს კი, ბაქოში ვმუშაობდი. ყველა საქმიანობა სხვადასხვა გამოცდილებას მანიჭებს, ყველა ადგილი განსხვავებულია და საკუთარი წვლილი შეაქვს პროფესიულ საქმიანობაში.

ბაქოში მუშაობის პერიოდში მქონდა შესაძლებლობა თვალყური მედევნებინა საქართველოსთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები ჩემი ბაქოში მუშაობის პერიოდში ხორციელდებოდა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აქ ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მქონდა პატივი დავსწრებოდი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნას, რომელშიც სამივე ქვეყნის მეთაურები მონაწილეობდნენ. ბათუმში ჩამოსვლა ჩემი სურვილი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

რატომ გინდოდათ საქართველოში ჩამოსვლა?

ეს რეგიონი ცნობილი იყო ჩემთვის, პოზიტიური დინამიკა იგრძნობოდა და ჩემთვის ნაცნობი გარემო იყო. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი დადებითი, სასარგებლო საქმეების მოგვარება შეგვიძლია ერთად.

როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით სჭირდება საქართველო-თურქეთს მეტი თანამშრომლობა და თუ ხედავთ რაიმე ტიპის პრობლემებს დღეს, რომელიც უნდა მოგვარდეს?

ჩვენ თითქმის ყველა სფეროში გაგვაჩნია თანამშრომლობა და ურთიერთობები. საქართველოს სიძლიერე და კეთილდღეობა არის თურქეთის სიძლიერეც. ჩვენ ასე მივიჩნევთ. მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების შენარჩუნება და დაცვა. ბათუმში ინვესტიციების 70 პროცენტი თურქულია. ჩვენ 20-ათასამდე ადამიანი გვყავს  დასაქმებული. ტექსტილის საწარმოები განსაკუთრებით ქალების დასაქმებას უწყობს ხელს.

სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება ერთობლივი წარმოების განვითარება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების საფუძველზე ერთობლივად წარმოებული ნაწარმის მესამე ქვეყნის ბაზარზე გატანა, ტურიზმის სფეროშიც უნდა გაიზარდოს თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია ისეთი ტურისტული პაკეტების შემუშავება, რომელიც ადამიანებს სამი ქვეყნის – საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მონახულების საშუალებას მისცემს.

სარფის გამშვებ პუნქტზეც მინდა გკითხოთ. მოქალაქეები საუბრობენ თურქი მებაჟეების მხრიდან არაკორექტულ მოპყრობაზე. თქვენი აზრით, რა არის შესაცვლელი ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ეს სერვისი?

სარფის გამშვები პუნქტი ყველაზე დატვირთული გამტარი პუნქტია. ყოველწლიურად ამ საზღვარს 7 მილიონამდე ადამიანი კვეთს. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები, რაც ბუნებრივია აფერხებს მომსახურებას. თუმცა ეს არ ამართლებს მებაჟეების ქცევას და ცუდ მოპყრობას.

როცა ჩვენამდე მოდის მოქალაქეების საჩივარი, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას და შესაბამისი უწყებები იწყებენ საკითხის მოკვლევას, შედეგებსაც გვაწვდიან. კამერების ჩანაწერებსაც ვსწავლობთ და მოთხოვნის შემთხვევაში ვაწვდით ქართულ მხარესაც.

ჩვენი პრიორიტეტია ორივე ქვეყნის მოქალაქეების კომფორტული მგზავრობა, ტურიზმისა და სავაჭრო ურთიერთობის ხელშეწყობა. ჩვენ ვმუშაობთ მარადიდის გამშვები პუნქტის გახსნაზეც. როცა ის გაიხსნება, ვფიქრობ, სარფის დატვირთვა შემცირდება.

იყო საუბარი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული რეგულაციების შეცვლაზე. რას უკავშირდება ეს და თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს ცვლილება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე?

ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება. შეჩერებულია. ქართველი მეგობრებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ ცვლილებამ უარყოფითად იმოქმედა საქართველოს მოქალაქეებზე და ეს რეგულაცია შეჩერდა. კომპეტენტურ უწყებებს შორის გრძელდება კონსულტაციები და მანამ, სანამ არ იქნება მოძიებული ისეთი მეთოდი, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის ინტერესები,  შენარჩუნდება ძველი პრაქტიკა.

ახალი რეგულაციების მიზანი კი კონტრაბანდასთან ბრძოლა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში ძალიან დიდია თურქული ინვესტიციების წილი და ეს კიდევ უნდა გაიზარდოს. შეგიძლიათ დაასახელოთ ციფრი, რამდენ ბიზნესმენს მოუმართავს თავისი უფლებების დაცვის მიზნით?

არის შემთხვევები, როცა საგადასახადოს კუთხით შექმნიათ ინვესტორებს პრობლემები, მაგრამ ეს არ არის ახალი შემთხვევები. საკმაოდ ძველი ამბებია და ამ საქმეების განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. ახალ შემთხვევას რაც შეეხება, უკმაყოფილება იყო იმის გამო, რომ გართულდა ბინადრობის მოპოვება. ჩვენ კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს მთავრობასთან და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ვაგვარებთ ამ საკითხებს. თურქული ინვესტიციების მიზანი აჭარაში არის ერთობლივად მოპოვება, მოგება და გაძლიერება.

ბოლო პერიოდში გაჩნდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ანტითურქული განწყობების გაძლიერებას ქვეყანაში. საქართველოში ამას რუსეთის რბილი ძალის გავლენას უკავშირებენ. თქვენ თუ ხედავთ ამ პრობლემას და როგორი უნდა იყოს ამ პრობლემის მოგვარების გზები?

დიახ, მეც შევამჩნიე, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილში არსებობს შეშფოთება ამ კუთხით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თურქეთის პოზიცია, მიდგომა ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ყველაზე კარგი პასუხი ამაზე იქნება ჩვენი მეგობრობის და თანამშრომლობის ყოველდღიური განმტკიცება. ჩვენი ქვეყნის მაღალი რანგის პირებს შორის ძალიან მაღალი მეგობრული ურთიერთობები არსებობს და ვფიქრობ, ხალხებს შორისაც უნდა გავაძლიეროთ ისეთი აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ადამიანების უკეთ გაცნობისკენ.

ვფიქრობ, ეს შეშფოთება და სტერეოტიპები უკავშირდება იმას, რომ ჩვენ საკმარისად არ ვიცნობთ ერთმანეთსა, არ გვესმის ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, ვისწავლოთ ერთმანეთის ენა, კულტურა, ამით შევძლებთ უკეთ გაგებას.

23 აპრილს თურქეთში  ბავშვთა დღე აღინიშნება, თურქეთში ქართველი ბავშვების ჯგუფები გაემგზავრებიან, რომლებიც ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ და გაუზიარებენ  მათ ქართულ კულტურას. თურქეთის 5 უნივერსიტეტში ისწავლება ქართული ენა. მეც ვსწავლობ ქართულს.

მინდა აღვნიშნო, რომ პირადად მე ღია ვიქნები კომუნიკაციისთვის და ნებისმიერს შეეძლება ჩემთან მოსვლა და მოსაზრების გაზიარება. ამით შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი შფოთვა.

საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად წერენ იმაზე, რომ თურქეთში თავისუფალი პროფესიის ადამიანების – ჟურნალისტების, ადვოკატების დევნა მიმდინარეობს და ეს ხდება ტერორიზმთან ბრძოლის სახელით. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ამის შეფასებისას უნდა გადავხედოთ თურქეთში და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ვინ აკეთებს, ვინ ავრცელებს ამას, რომ თურქეთში შეიზღუდა დემოკრატია? ამას ის ადამიანები ავრცელებენ, ვისაც არ სურთ თურქეთის განვითარება.

მე მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები მყავს მხედველობაში…

ვიცი და მეც სწორედ მათ ვგულისხმობ. იმიტომ, რომ თურქეთის წინააღმდეგ ახლა შავი პიარკამპანია მიმდინარეობს. ის ადამიანები  რეალურად არ არიან ჟურნალისტები, მათთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მათ ქვეყნის თითქმის ყველა სასიცოცხლო არტერიაში შეაღწიეს საქველმოქმედო ორგანიზაციების სახელით და ამით ცდილობენ დაფარონ ტერორისტული მიზნები.

იმის გამო, რომ თავის დროზე საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გადადგა საჭირო ნაბიჯები, უამრავმა სირიელმა დაკარგა საცხოვრებელი და სიცოცხლე. ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ სამოქალაქო საზოგადოება. თურქეთს არც ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე არ უჭირავს თვალი, ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენს უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ.

როგორ ფიქრობთ, რითი დაამახსოვრებთ ბათუმს თავს. რა იქნება თქვენი პრიორიტეტები, კონკრეტულად რის შეცვლას აპირებთ?

რა თქმა უნდა, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ მე მინდა ვახსოვდე საზოგადოებას ისეთ ადამიანად, რომელმაც შეძლო ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის არებული ურთიერთობების ერთი ნაბიჯით წინ წაწევა.

 

 

LUSSO-ს სააღდგომო ფასდაკლება საძინებლებზე

ავეჯის სახლი „ლუსსო“ 5-დან 15 აპრილის ჩათვლით გთავაზობთ სააღდგომო ფასდაკლებას ავსტრიული ლამინატის საძინებელზე.

2850 ლარი 3250 ლარის ნაცვლად, მატრასის გარეშე.
3300 ლარი 3700 ლარის ნაცვლად, ორთოპედიული 180/200 სმ მატრასით.

ორწლიანი გარანტია მექანიზმებზე და მომსახურების უფასო სერვისი.

LUSSO გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

მის.: ქ ბათუმი, ჭავჭავაძის 72
დაგვიკავშირდით: 551 888 040

ვრცლად LUSSO-ს შესახებ წაიკითხეთ აქ

ქობულეთში ერთი სილამაზის სალონი გაქურდეს, მეორე – გაძარცვეს

ქობულეთში ერთი სილამაზის სალონი გაქურდეს, მეორე – გაძარცვეს. შემთხვევა 5 აპრილს, დღისით მოხდა.

უცნობია, კონკრეტულად, რა წაიღეს სილამაზის სალონიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა) და 178-ე (ძარცვა) მუხლების შესაბამისად. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

მასწავლებელი ქალები ხულოდან | ფოტოისტორია

ამ ძველ ფოტოზე მასწავლებლები: მარო სურგულაძე და მინადორა თალაკვაძე არიან გამოსახული. ფოტო, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 30-იან წლებშია გადაღებული.

ფოტოს ციფრული ვერსია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ მატიანეში ინახება, ორიგინალი კი – ხულოში.

ძველ, საოჯახო ფოტოალბომში დაცული ეს ფოტო ხულოს კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო განყოფილების უფროსმა, ლია ბოლქვაძემ იპოვა და გააციფრულა:

„რელიქვიად ჰქონდათ შენახული ოჯახში. ვთხოვე, ამოვიღე და გავაფიცრულე, მე ჩავიტანე თბილისში.

ვიცით, რომ ფოტოზე არიან მასწავლებელი ქალები: მარო სურგულაძე და მინადორა თალაკვაძე, რომლებიც ხულოში მუშაობდნენ. ცნობილია, რომ ისინი სოფელ ყადიოღლებში, ახლანდელ განახლებაში ცხოვრობდნენ, ბოლქვაძეების ოჯახში და ხულოში ასწავლიდნენ.

რამდენ ხანს დარჩნენ ხულოში, სამწუხაროდ, არ ვიცით. ოჯახის ახალგაზრდა წევრებმა ეს დეტალები არ იციან.“

მინადორა სურგულაძე და მარო თალაკვაძე. ფოტოს ორიგინალი დაცულია ხულოს ბიბლიოთეკაში

ლია ბოლქვაძის აზრით, მარო და მინადორა, სავარაუდოდ, ხულოს ქალთა პედაგოგიურ ტექნიკუმში ასწავლიდნენ, რომელიც ხულოში 30-იან წლებში გაიხსნა. ეს ტექნიკუმი სტუდენტთა პირველმა გამოშვებამ 1934 წელს დაასრულა.

მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული ხულოში და მთიანი აჭარის სხვა რაიონებში, ძირითადად, ქალები ასწავლიდნენ.

კონკრეტულად ვინ იყო პირველი მასწავლებელი ქალი ხულოში, ამაზე ზუსტი ცნობების მოპოვება ვერ შევძელით, თუმცა, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ეკატერინე ქუთათელაძე, რომელიც ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე ხულოს სოფელ ზედა აგარის სკოლაში ასწავლიდა.

სასტუმრო „ველმონდი“ და კაზინო „ლეოგრანდი“ ამ სეზონზე გაიხსნება

სასტუმრო „ლეოგრანდი“ ფუნქციონირებას ახალი სახელით – „ველმონდი“  – გააგრძელებს, თუმცა სამორინეს ძველი სახელი – „ლეოგრანდი“ შეუნარჩუნდება.

სასტუმროს შენობაში ხანძრის გაჩენის გამო დაწყებული საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია. სასტუმროს შენობაზე ახალი ლოგო ჯერ განთავსებული არ არის. შენობაში დღეს ახალი აპარატურა, სავარაუდოდ, სათამაშო აპარატები შეაქვთ.

„დიდი ალბათობით კაზინო კვლავ „ლეოგრანდის“ სახელით დაიწყებს ფუნქციონირებას, ვინაიდან სახელის შეცვლა კაზინოსთვის საკმაოდ რთული პროცედურაა,  დაკავშირებულია ლიცენზიასთან, ამასთან საკმაოდ ძვირიცაა,“ – გვითხრა კომპანიის ერთ-ერთმა ადვოკატმა, კახა წერეთელმა – „ნაბიჯ-ნაბიჯ რა ხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ აწესრიგებენ ორგანიზაციულ საკითხებს. პარალელურად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამოწმებს შენობას და კონკრეტულ რეკომენდაციებს იძლევიან სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით… ყველა ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას, გასწორდეს და შემდეგ დადგება ფუნქციონირების საკითხი დღის წესრიგში. ცდილობენ, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე გახსნან“.

2018 წლის 23 მარტს, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ორი პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

25 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ორივე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მორიგი სასამართლო სხდომა 2018 წლის 16 მაისსაა ჩანიშნული.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

ყოფილი „ლეოგრანდის“ შენობაში, სადაც სასტუმრო „ველმონდი“ და კაზინო ამ სეზონისთვის უნდა გაიხსნას, ახალი ინვენტარი შეაქვთ / 6.04.2018 / გურამ მურვანიძის ფოტო

ამავე თემაზე:

„ლეოგრანდი“ სახელს იცვლის – სასტუმროში რემონტია

მერია: თუ მოქალაქე კვარიათის პლაჟზე დაყრილ მიწას არ გაიტანს, სასამართლოს მივმართავთ

კვარიათის პლაჟზე, სადაც, წესით, ამ ეტაპზე არანაირი სამუშაოები არ უნდა მიმდინარეობდეს, კერძო პირებს შეაქვთ გარკვეული კონსტრუქციები და დაყარეს მიწა, რითაც პლაჟი, მაგისტრალის გასწვრივ, ამაღლდა. ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მას მერია სეზონურად გასცემს იჯარით. გასულ წელს საიჯარო ხელშეკრულებებს ვადა ნოემბერში გაუვიდა. მერიამ ნაკვეთების იჯარით გაცემაზე მიმდინარე წელსაც უნდა გამოაცხადოს პირობიანი აუქციონი და პლაჟით მოსარგებლეებიც ამ გზით უნდა გამოვლინდეს.

რა ხდება კვარიათის პლაჟზე? – „ბათუმელები“ ქალაქის მერიას დაუკავშირდა.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის ინფორმაციით, პლაჟზე კერძო პირმა მიწა უნებართვოდ დაყარა: „კვარიათში სახლს აშენებს და ამოთხრილი მიწა დაყარა, ამბობს, არ ვიცოდიო. ჩვენმა სამსახურმა ის გააფრთხილა, დღეს და ხვალ მიწა უნდა გაიტანოს პლაჟიდან. თუ არ გაიტანს, გატარდება სანქცია მის მიმართ და მივმართავთ სასამართლოს“.

რაც შეეხება კონსტრუქციების შეტანას პლაჟზე, ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.

ტერიტორია, სადაც მიწა დაყარეს, ჯამში 18 301 კვ/მ-ია [ერთი საკადასტრო ერთეული]. ის 2016 წელს მთლიანად ბათუმის ბულვარზე იყო უზუფრუქტით გადაცემული. გასული წლის ივნისში კი ტერიტორია მერიამ რამდენიმე ნაკვეთად დაყო და პირობიანი აუქციონი ცალ-ცალკე გამოაცხადა.

აუქციონის პირობის მიხედვით გამარჯვებულს (მოიჯარეს) იჯარის უფლებით სარგებლობაში  მიღებულ  მიწის ნაკვეთზე უნდა განეთავსებინა მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობაგართობისა და კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით, რომელიც მყარად არ იქნებოდა დაკავშირებული მიწასთან. ზოგადად, აუქციონში გამარჯვებულს ეკრძალება მიწის ნაკვეთზე განათავსოს სხვა დანიშნულების ნაგებობა გარდა მითითებულისა.

აუქციონის პირობების მიხედვით, 2017 წელს იჯარის ვადა ზოგ ნაკვეთზე ივლისიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდი იყო, ზოგზე კი – 31 ოქტომბრამდე.

მოიჯარეები ვალდებულნი იყვნენ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, 20 კალენდარული დღის განმავლობაში მოეხდინათ სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მათ მიერ განთავსებული ობიექტის დემონტაჟი და სანაპირო ზოლიდან გატანა. გამოთავისუფლებულ ნაკვეთებზე კი მერია აუქციონს ხელახლა აცხადებს.

ამ დროისთვის მერიას აუქციონი გამოცხადებული არ აქვს.

თვითნებურად დაყრილი მიწა კვარიათის პლაჟზე

ამინდის პროგნოზი ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

შაბათს, 7 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა იქნება:

  • დღისით: 24 გრადუსი 
  • ღამით: 10 გრადუსი 

კვირას, 8 აპრილს მოსალოდნელია:

  • დღისით: 25 გრადუსი 
  • ღამით: 11 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 11 გრადუსია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ცნობით, ორშაბათს, 9 აპრილს, ჰაერის ტემპერატურა ბათუმში 27 გრადუსი იქნება.

ბათუმის პორტის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

ბათუმის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ რახიმმა, განცხადება დაწერა თანამდებობის დატოვების შესახებ.

ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს.

ადმინისტრაციის განმარტებით, ამის მიზეზი პორტის თანამშრომლების ჯანმრთელობის გაუარესება გახდა, რომლებმაც ოთხი დღის წინ დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი პორტში დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებდნენ.

როგორც პორტის ადმინისტრაცია იუწყება, თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია და შიმშილობა შეწყვიტეს.

 

პორტის დირექტორი გაფიცვაზე: ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის

ყოფილი პატიმარი მოსამართლეს: თუ სამართალია სადმე, მეც მინდა

„იქ, ციხეში, უფლება არ ჰქონდა ვინმეს, უფროსისთვის თვალებში შეეხედა… მე ახლა ვუყურებ მას თვალებში. ბატონო ზაზა, გაქვთ თქვენ უფლება, რომ თვალებში მიყურებდეთ?“ – ასე ერთ-ერთმა მოწმემ მიმართა ბათუმის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს – ზაზა ჯიქიას. ყოფილმა ხუთმა პატიმარმა დღეს, 5 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა.

მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს, როგორ სცემდნენ ისე, რომ არ იცოდნენ მათგან რა უნდოდათ, როგორ ითხოვდნენ ექიმს, ან წამალს, სანაცვლოდ კი, რეზინის ხელკეტს იღებდნენ რომელიმე მედიკამენტის წარწერით. მოწმეები მოყვნენ, რატომ არ წერდნენ საჩივრებს, როგორ სტკიოდათ ჩამტვრეული ნეკნები, ან ვეღარ გრძნობდნენ ტკივილს, როგორ ესმოდათ, ან აღარ ჰქონდათ შეგრძნება, როცა მეზობელი საკნიდან რომელიმე პატიმრის განწირული კივილის ხმა ესმოდათ…

ყოფილი პატიმრების ისტორიები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, თუმცა თითოეულ მათგანს თავისი სიმართლე ჰქონდა. თითოეულ მათგანს სურდა, ბოლომდე მოესმინა მისთვის მოსამართლეს.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი „ციხის ყოფილი უფროსების“ საქმის განხილვას განაგრძობს. პროკურატურა ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ციხეში. ამ საქმის განხილვა სასამართლომ 2014 წლის 4 მარტს დაიწყო. წლის ბოლომდე სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ბატონო მოსამართლევ, თუ სამართალი არსებობს სადმე, მე მინდა ეს სიმართლე,“ – უთხრა სასამართლოს მოწმე გელა ა.-მ. ის ბათუმის ციხეში 2009 წელს მოხვდა და იქ 9 თვე დარჩა. გელას თქმით, მას თითქმის ყველა დღეს სცემდნენ:

„არ ვიცი, რატომ გვცემდნენ… ამბობდნენ ბუზის გაფრენის ხმაც უნდა ისმოდესო. როცა ამიყვანეს ციხეში, იმ დღესაც მცემეს. გამაშიშვლეს და 4 საათი ისე მამყოფეს, დამცინოდნენ… მერე მცემეს ხელით, ფეხით, ხელკეტით, გონება დავკარგე. კარცერში წამიღეს. ექიმი მოვითხოვე და ეს ორი მოვიდა, ჩვენ ვართ შენი ექიმებიო. მაგინეს… ერთხელ, საუზმის დროს საჭმლიანი თეფშით გამოვდიოდი. ამან გამომართვა თეფში და გამომიქნია სახეში. ვიკითხე, რა გინდათ, ასე ცხოველს არ ექცევიან-მეთქი. კითხვის დასმა დანაშაული იყო, ისევ მცემეს. ერთხელ საჩივრის დაწერა ვცადე, თავზე გადამახიეს“, – თქვა გელა ა.-მ.

მოწმეს ბრალდებულის ადვოკატებმა უთხრეს, რომ წლების წინ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მას არ აქვს დასახელებული ციხის უფროსების კონკრეტული გვარები და იქნებ შემდეგ უთხრეს, რომ ბრალდებულების გვარები უნდა ეთქვა სასამართლოსთვის.

„შესაძლოა მაშინ არ ვთქვი გვარები, რადგან ვერ გავიხსენე. ისე ვიყავი ნაცემი, მეხსირების პრობლემა მქონდა… გვერდით რომ გიზით, მაგას ჰკითხეთ და მოგიყვებათ,“ – უპასუხა ადვოკატს მოწმემ.

„სამჯერ, ზუსტად სამჯერ მცემა ზაზა ჯიქიამ,“ – თქვა მოწმე ვაჟა ო.-მ. ამ ყოფილი პატიმრის თქმითაც, პატიმრებს გამუდმებით სცემდნენ და ამცირებდნენ. ვაჟა ო.-ს თქმით, პატიმრების ცემის პროცესს რეჟიმის უფროსი – ზაზა ჯიქია ხელმძღვანელობდა.

„თავიდან რომ მივედი, მოსაცდელ ოთახში ამიარ-ჩამიარა ჯიქიამ. მერე ჩემ წინ გაჩერდა და მითხრა, ამ ხნის კაცი როგორ გაგლახოო. ვიფიქრე, გადავრჩი-მეთქი და დამარტყა ამასობაში. ორი ნეკნი მაქვს ჩამტვრეული, აი, აქ… 35 კაცი ერთად ვიყავით კამერაში, ფეხზე ეძინა ხალხს. ყველა დღე ვუყურებდი ადამიანების ცემას…ჯიქია იყო „კამანდირი“, ვეკუა მე არ მახოვს დიდად,“ – მოჰყვა მოწმემ.

მოწმე ვაჟა ო.-ს ადვოკატებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ დაწერა საჩივარი. კითხვის საპასუხოდ მაშინვე კითხვა დაუბრუნა ადვოკატებს მოწმემ: „ვინ დაგაწერიებდა საჩივარს?“

„ექიმს თუ მიმართეთ და დადასტურდა თუ არა დაზიანებები?“ – ადვოკატების მორიგ კითხვასაც იმავე პათოსით უპასუხა ვაჟა ო.-მ:

„ვინ გამოგაძახებიებდა ექიმს? ექიმს დეიძახებდი და ჩათვალე, მაგარი ნაცემი იყავი“.

ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა – ორივე ბრალდებული ცემაში დაადანაშაულა მოწმე – ზაზა ნ.-მ. მოწმე მინდია ჩ.-მ კი, მოსამართლეს მოუყვა, რა ხდებოდა მაშინ, როცა პატიმარი ექიმის დახმარებას ითხოვდა:

„ექიმს როცა მოითხოვდი, მიიღებდი რეზინის ხელკეტს. ერთს ანალგინი ეწერა, მეორეს დიმედროლი და ასე შემდეგ. შეგეკითხებოდნენ, აირჩიე, რომელი გჭირდებაო…“ – აღნიშნა მინდია ჩ.-მ. მისი თქმით, პატიმრებს ძირითადად ე.წ. გასეირნების დროს სცემდნენ.

„გვცემდნენ ალბათ იმიტომ, რომ შეშინებული და დამცირებული ვყოფილიყავით. მიზეზი არასდროს უთქვამთ, რატომ გვცემდნენ… მე მეშვიდე საკანში ვიყავი. იქ მისვლამდე სხვა ოთახებისთვის უნდა ჩაგევლო. ხშირად მესმოდა პატიმრების განწირული კივილის ხმა. აი, ეს ადამიანები აკეთებდნენ ამას,“ – მოყვა მოწმემ და ბრალდებულებისკენ გაიშვირა ხელი.

სასამართლოში დაბარებული კიდევ ერთი მოწმის დაკითხვა იმ მიზეზით გადაიდო, რომ მას თარჯიმანი დასჭირდა. მოწმე გ.-მ სასამართლო დარბაზის დატოვებამდე თავი ვერ შეიკავა და აღელვებულმა ბრალდებულებს მიმართა:

„ყველას დავპატიჟებ აქ, ყველა მოვა და ისინი იტყვიან, რასაც მიკეთებდით თქვენ“.

 

 

 

 

366 ჯარიმა პარკირების წესების დარღვევისთვის – დღის სტატისტიკა ბათუმში [10 ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 366 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის:

316 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის,  1 ორმაგი პარკირებისთვის, 37 ნიშანში დგომის გამო, 7 ტროტუარზე დგომისთვის, 3 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 2 ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

ფოტოები გადაღებულია, ბოლო 10 დღის განმავლობაში.

ივანიშვილის ხეზე ასვლა და გზის ჩახერგვა – საქმე სასამართლოში

მერაბ მოწყობილი, პოლიციელი: “ის აძვრა ხეზე და აღარ ჩამოდიოდა… სულ ეს იყო. სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია”.

რეზო ხარაზი: “ხეზე ასვლა ჩემი თვითმიზანი არ იყო. ჩემი მიზანი იყო უკანონო პროცესის შეჩერება. ეს ხე მოპარული იყო”.

ეს კითხვა-პასუხი მოსამართლე სალიხ შაინიძემ მოისმინა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რეზო ხარაზი, სოლომონ ბაჯელიძესთან ერთად, გუშინ. 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მორიგი გიგანტური ხის გადატანის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

პოლიციელების – მერაბ მოწყობილისა და რამინ ადუაშვილის ვერსიით, სოლომონ ბაჯელიძემ ხესთან ავტომანქანით ჩახერგა გზა, რეზო ხარაზი – ხეზე აძვრა და ამით “პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა”.

“გარდა იმისა, რომ ხიდან არ ჩამოდიოდა, სხვა რა კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა რეზო ხარაზი?” – იკითხა მოსამართლემ.

პოლიციელებმა, რომლებმაც ადმინისტრაციული დაკავების ოქმი შეადგინეს, თქვეს, რომ რეზო ხარაზი ხიდან ჩამოსვლაზე აცხადებდა უარს, სოლომონ ბაჯელიძემ კი, ავტომანქანა არ გადააყენა.

“შესაბამისად, ჩაიხერგა გზა და მოქალაქეებს გადაადგილების უფლება შეეზღუდათ,” – დასძინა პოლიციელმა, რამინ ადუაშვილმა. მას არ უთქვამს, რომ ჩახერგილი გზით ხის გადატანის პრობლემა შეიქმნა.

“ჩვენ მოვითხოვეთ დოკუმენტაცია, რის საფუძველზე გადაჰქონდათ ხე, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები. ამ დოკუმენტებს ველოდით 4 საათი…” – აღნიშნა რეზო ხარაზმა.

“ეს მანქანა ელგუჯა ბაგრატიონის იყო, უმაღლესი საბჭოს დეპუტატის,” – თქვა სოლომონ ბაჯელიძემ.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ვიდეოკადრები ნახა. კადრებში ჩანს, რომ რეზო ხარაზი პოლიციელებს იძულებით ჩამოჰყავთ ხიდან. ავტომანქანის გადაყენებაზე კი ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს უარს. უმაღლესი საბჭოს წევრი კადრებში პოლიციელებს მიმართავს, რომ მანქანას არ გადააყენებს, ვიდრე არ დადასტურდება ის, რომ ხე მოპარული არ არის.

“არსად ჩანს, რომ დაკავებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობდა,” – აღნიშნა პაატა დიასამიძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა. ეს ორგანიზაცია ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ინტერესებს იცავდა.

“ეს კადრები ტელევიზიებითაც ნანახი მქონდა,” – დასძინა მოსამართლემ. მან საქმის განხილვა 18 აპრილისთვის გადადო, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან.

სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, რეზო ხარაზსა და სოლომონ ბაჯელიძეს დააჯარიმებენ 250 ლარიდან 2 ათას ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებენ – 15 დღით.

რატომ გადაიკეტა ბულვარში სასეირნო და ველო ბილიკები არდაგანის ტბასთან

ბათუმში, არდაგანის ტბასა და საცხოვრებელ კორპუს „მაგნოლიას“ შორის არსებული ტერიტორია სამშენებლო ღობით შემოიღობა. ღობის შიგნით მოექცა ბულვარში ფეხით მოსიარულეთა და ველო ბილიკების გარკვეული მონაკვეთიც. ტერიტორიაზე სატუმბი სადგურის მშენებლობა იწყება, რომელიც 2 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. გამორიცხული არაა ღობეც 2 წლის განმავლობაში დარჩეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღობეს იქამდე არ აიღებენ, ვიდრე ამის საჭიროება იქნება: „შესაძლოა სატუმბი სადგურის მშენებლობის რაღაც ეტაპზე ნაწილობრივ აიღონ… 2 წლის განმავლობაში სადგური უნდა აშენდეს და ტესტირებაც გაიაროს“.

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასეირნო ბილიკისა და ველობილიკის დროებით გადაკეტვის ნებართვა მათგან 2020 წლამდე ითხოვეს.

ამ ადგილზე, სადაც სატუმბი სადგური შენდება, თავს იყრის ნინოშვილის ქუჩიდან გამომავალი სანიაღვრე არხი და ასევე არხი ჯავახიშვილის ქუჩიდან, რომელსაც თავის მხრივ, „ჭაობის“ დასახლებაში უერთდება კიდევ ერთი ცენტრალური სანიაღვრე არხი [რომელიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან გამოდის]. როგორც მერიაში თავის დროზე გვითხრეს, ეს სანიაღვრეები უშუალოდ ტბას არ უერთდება, ზღვაში ჩადის, თუმცა არხს აქვს ე.წ. ფანჯარა, რომლიდანაც სანიაღვრე წყლები დიდი წვიმის დროს არდაგანის ტბაში გადადიოდა.

ახალი სადგურის აშენებით, რაც KFW-ის სესხისა და გრანტით კეთდება, სანიაღვრე არხებიდან წყალი ზღვაში გადაიტუმბება, რამაც ქალაქის დატბორვის რისკიც უნდა შეამციროს და ტბაშიც სანიაღვრე წყლები აღარ უნდა ჩავიდეს. პროექტის მთლიანი ღირებულება ჯამში 5,5 მილიონი ევროა. სამუშაოებს თურქული კომპანია „ეჯიტაში“ასრულებს.

ადგილი სადაც სატუმბი სადგური უნდა აშენდეს /ბათუმი / 4.04.2018

ამავე თემაზე:

რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

 

 

N11 ავტობუსი მგზავრებს 8-9 აპრილს უფასოდ მოემსახურება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2018 წლის 8 და 9 აპრილს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, N11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

N11 ავტობუსი, 12 წუთიანი ინტერვალით, სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მელიქიშვილის, ბარათაშვილისა და შავშეთის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს.

 

ბათუმის მერი ზოოკუთხის გადატანას ჩაქვში გეგმავს

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ფეისბუქში ბათუმის ზოოკუთხის გადატანის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ბათუმის ზოოკუთხე ბოტანიკურ ბაღთან ახლოს უნდა გადავიდეს. მერის მიერ ფეისბუქში გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ქალაქ ბათუმში ახალი ზოოპარკის მშენებლობის ტერიტორიის განსაზღვრისა და ზოოპარკის მშენებლობასთან დაკავშირებით, დაგეგმილია პროექტის წარდგენა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ზოოკუთხე, რომელსაც უჭირავს 16000,00 კვ.მ.-მდე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 2070 კვ.მ. 18 შენობა-ნაგებობით.

ზოოკუთხე საჭიროებს შემდგომ განვითარებასა და გაფართოებას, რისი პერსპექტივაც თავისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მას არ გააჩნია – ერთი მხრიდან ესაზღვრება საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები, მეორე მხრიდან ცენტრალურ პარკში არსებული ტბა. შესაბამისად, დგება ბათუმის ზოოკუთხის სხვა ტერიტორიაზე გადატანის, ახალი ზოოპარკის მშენებლობის, შესაბამისი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების საკითხი.

ახალი ზოოპარკის მშენებლობისათვის შერჩეული იქნა ჩაქვის მხრიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღის მომიჯნავედ მდებარე ტერიტორია, რომლის ფართობი სულ შეადგენს 173338 კვ.მ.-ს. აღნიშნული ტერიტორიის შერჩევა მოხდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი იძლევა ზოოპარკის გაფართოების, ბინადართა შემატების, მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესების საშუალებას. ბატანიკური ბაღის მომიჯნავე ტერიტორია ჩართული იქნება ბაღის დამთვალერებელთა მარშრუტში ერთიანი სერვისის მიწოდებით.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში არ მოიძებნება ზოოპარკის მშენებლობის დამპროექტებელი სპეციალისტები, რაც იწვევს უცხოელი სპეციალისტების ჩართვის აუცილებლობას. ამ მიმართულებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს დახმარებას უწევს ფონდი „ქართუ“, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. ფონდი „ქართუ“ ასევე მზადაა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტერიტორიის მომზადებისას დაიწყოს ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოები.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია თვლის, რომ უნდა განისაზღვროს ქალაქ ბათუმში ახალი ზოოპარკის მშენებლობის ტერიტორია და დროულად გატარდეს ზოოპარკის მშენებლობისათვის ტერიტორიის მომზადებასთან დაკავშირებული ღონისძიებები“.

ზოოკუთხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო წლებში ზოოკუთხეში 40-მდე ცხოველი დაიღუპა.

ვოლიერებში დაღუპული ცხოველები – ბათუმის მერი ზოოკუთხის მომავალზე

სპეცმასწავლებლები სავარაუდოდ პედაგოგის სტატუსს მიიღებენ – რა ტრენინგებს გაივლიან ისინი

სად და როგორ შეუძლიათ სპეციალურ მასწავლებლებს ტრენინგების გავლა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და როდის მიიღებენ სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლის სტატუსს სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მენეჯერს სალომე ჩარკვიანის ესაუბრა.

ქალბატონო სალომე, სპეციალურ მასწავლებლებს 2018 წელს რომელი ტრენინგ კურსის გავლა შეუძლიათ და როგორ უნდა ჩაერთონ ისინი ამ ტრენინგებში?

სპეცმასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს 120-საათიანი შესავალი კურსი სპეციალურ პედაგოგიკაში. ამ კურსის გავლა სპეცმასწავლებლებს წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ოღონდ სკოლამ უნდა მოგვმართოს. ეს წერილი ეგზავნება ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამას, შემდეგ კი ტრენინგების სამსახურში გადამისამართდება და ჩაეწერებიან სიაში.

რეგისტრაციიდან რამდენ ხა დროში შეუძლიათ მათ ტრენინგებში მონაწილეობა?

საქართველოში დაახლოებით 1 500 სპეცმასწავლებელია. ტრენინგ-ჯგუფში მინიმუმ 15-20 მასწავლებელი უნდა იყოს. თუმცა, გამონაკლისი შემთხვევაში, შესაძლებელია 10-12 ადამიანიც, თუკი ეს რეგიონებშია. რადგან მსურველი ბევრია, პედაგოგებს ხშირად უწევთ ლოდინი ჯგუფში მოსახვედრად.

გრაფიკი როგორ არის გაწერილი. ამ 120 საათს ეტაპობრივად გადიან თუ ინტენსიურად?

ეს არის ექვსმოდულიანი კურსი, სადაც შედგენილია ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, მოსწავლის ქცევის მართვის გეგმა, რთული ქცევის მართვა და ა.შ. ეს არის ის კურსი, რასაც ჩვენ კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს ვეძახით.

ძირითადად რა პროფესიის არიან სპეცმასწავლებლები?

იდეალურ შემთხვევაში კარგია, როცა სპეცმასწავლებელს რაღაც სპეციალური განათლება აქვს, რადგან  არსებობს ამის მიმართულებები. თუმცა, იმის გამო, რომ ასეთი მიმართულებიდან კადრების დეფიციტია, ჩვენ გვიწევს როგორც სკოლის მასწავლებლების გადამზადება, ასევე  ახალი კადრების შემოყვანა სკოლაში.

სპეციალურ მასწავლებელს სკოლაში არ აქვს მასწავლებლის სტატუსი და ის საქმდება როგორც ადმინისტრაციის წევრი. შესაბამისად, ეს ადამიანები არც მასწავლებლის პროფესიული და კარიერული  განვითარების სქემაში არიან ჩართული.

რატომ მოხდა ასე?

სპეცმასწავლებელს სკოლაში არ აქვს საათობრივი ანაზღაურება და, შესაბამისად, არც სქემით გათვალისწინებული აქტივობები მოეთხოვებათ. მათ აქვთ მოჭრილი ხელფასი. თუმცა, დღეს საუბარია იმაზე, რომ მათ უნდა მიენიჭოთ მასწავლებლის სტატუსი და მიეცეთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

გაზაფხულის სესიაზე ველოდებით, რომ სპეცმასწავლებლები მიიღებენ მასწავლებლის სტატუსს, შემდეგ კი განისაზღვრება კარიერული სქემაც და კომპეტენციაც. სტატუსის მიცემა მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან სპეცმასწავლებელს განვითარების შანსი ნაკლები აქვს და რომც ვითარდებოდეს, არ აისახება მის ანაზღაურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საათობრივად არ მუშაობენ, მათი შრომა არის ძალიან დიდი.

ტრენინგების დროს თბილისში უწევთ სპეცმასწავლებლებს ჩამოსვლა თუ თქვენ გადიხართ რეგიონებში?

როცა რეგიონის მასშტაბით გროვდებიან სპეცმასწავლებლები, ჩვენი რეგიონული კორდინაციის სამსახური უკავშირდება მათ, შეირჩევა ერთი კონკრეტული სკოლა და იქ ჩატარდება ტრენინგები.  თუმცა, როგორც აღვნიშნე, მინიმუმ 10 მასწავლებელი მაინც უნდა იყოს მსურველი, 2-3 მსურველის შემთხვევაში ტრენინგები ვერ ჩატარდება და მათ მოუწევთ ლოდინი.

თქვენ თქვით, რომ დაახლოებით 500-მდე ადამიანი გადამზადებული ამ მიმართულებით. როგორია ტრენინგების შედეგი?

სპეცკურსის გავლის ერთადერთი მიზანი არის მათივე სურვილი. ეს არ არის სავალდებულო ან კრედიტების მომტანი ტრენინგები, ეს ამ მასწავლებლების მოტივაცია. ამიტომ  ასეთი მოტივირებული ადამიანების შემთხვევაში ბევრად ადვილია მიზნის მიღწევა. ვფიქრობ, ეს ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული ჯგუფია განათლების სისტემაში.

არის შემთხვევები, როცა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ მაინც ვლინდება დისკრიმინაციის და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.რატომ ხდება ასე?

ინკლუზიური განათლება ჩვენი სისტემაში ჯერ კიდევ ახალია, გარდატეხა მოხდა, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. არსებობს სტიგმაც და არის კვალიფიკაციის ნაკლებობაც. უბრალოდ, როცა განსხვავებულ, რთულ ქეისებს აწყდებიან პედაგოგები, იქ იქმნება პრობლემა.

ტრენინგების დროს რამდენად რთულ  შემთხვევებს განიხილავთ?

ჩვენ გვაქვს პრაქტიკაზე დაფუძნებული კურსიც, რომელსაც რეგიონული სასწავლო ტური ჰქვია და ამ ტურის ფარგლებში ჩვენ ვამზადებთ დამატებით სპეცმასწავლებლებს. ისინი ჩამოგვყავს თბილისში, ერთი კვირა მუშაობენ უფრო მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლებთან და აკვირდებიან მათ ასეთი რთულ ქეისებზე მუშაობის დროს.

წელს თუ გაქვთ დაგეგმილი  ეს ტრენინგი და როდისთვის შეუძლიათ მსურველებს დარეგისტრირება?

120-კრედიტიან ტრენინგზე წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვმართონ და შევიყვანთ სიაში. პრაქტიკულ ტრენინგებს კი მაისისთვის ვაპირებთ, რეგისტრაცია მალე გამოცხადდება ჩვენს ვებგვერდზე.

 

ვინ ზედამხედველობს სტადიონის მშენებლობას? – აჭარის მთავრობა ინფორმაციას ასაიდუმლოებს

აჭარის მთავრობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ამ სამინისტროს შპს „სტადიონი“ ასაიდუმლოებენ, თუ ვინ უწევს ზედამხედველობას ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას. „ბათუმელები“ წერდა, რომ სტადიონი ტექნიკური ზედამხედველის გარეშე შენდებოდა, თუმცა აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ მშენებლობას, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, სამინისტროს მიერ გამოყოფილი 2 სპეციალისტი უწევდა ზედამხედველობას.

„ამ ეტაპისთვის ეს საკმარისია სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგისთვის“, – გვითხრეს მიმდინარე წლის 22 მარტს აჭარის მთავრობაში. ვინაიდან პროექტი არის მრავალმილიონიანი და მნიშვნელოვანი, „ბათუმელებმა“ მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წერილობით, 2018 წლის 23 მარტს გამოითხოვა, როგორც აჭარის მთავრობის აპარატიდან, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან და შპს „სტადიონისგან“.

აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ მათ ჩვენი წერილი ჩათვალეს, როგორც „ინფორმაციული ხასიათის“ და პასუხს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამზადებდა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ საკითხი ეხება სტადიონს და ვინაიდან „ბათუმელებმა“ მიმართა შპს „სტადიონს“, პასუხიც ამ კომპანიაში უნდა მოვითხოვოთ.

სამინისტროს დღეს, 5 აპრილს, ისიც ვკითხეთ, ხომ არ ამზადებდნენ დამატებით პასუხს ჩვენს წერილზე, თუმცა, დეტალების გასარკვევად „სტადიონის“ დირექტორთან გადაგვამისამართეს.

[red_box]„ბათუმელების“ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია:[/red_box]

[crosslist]

  • ვინ ახორციელებს/ახორციელებდა ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას, სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან დღემდე, 2018 წლის 23 მარტამდე, პერიოდში;
  • მოგვაწოდოთ ამ ზედამხედველ[ებ]ის CV/კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია;
  • მათთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ელექტრონული ასლები [რაც უკავშირდება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას];
  • მათ მიერ მომზადებული ყველა ანგარიშის/დასკვნის/აქტის/წერილის [რაც უკავშირდება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას აღნიშნულ პერიოდში] ელექტრონული ასლები.
  • ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის გეგმა-გრაფიკი;
  • ასევე ამ გეგმა-გრაფიკის მიხედვით მშენებელ კომპანიასთან, სამუშაოების დაწყებიდან დღემდე პერიოდში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ელექტრონული ასლები [რაც უკავშირდება მშენებლობის ეტაპებს].

[/crosslist]

შპს „სტადიონის“ პასუხი:

[checklist]

  • სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას სტადიონის სამშენებლოს სამუშაოების დაწყებიდან დღემდე ახორციელებს შპს „სტადიონის“ მაღალკვალიფიციური თანამშრომელი ინჟინერ-კონსტრუქტორი.
  • რაც შეეხება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ფინანსურ გეგმა-გრაფიკს, აღნიშნული შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

[/checklist]

ეს, ე.წ. პასუხი, შპს „სტადიონისგან“ დღეს, 5 აპრილს, ოფიციალურად, წერილობით მივიღეთ.

სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „სტადიონს“ 2 მილიონ 847 ათას ლარად სთავაზობს კომპანია, რომელიც სატენდერო კომისიას ჯერ ტენდერში გამარჯვებულად არ გამოუცხადებია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ინფორმაცია ადრეც დამალა. მან არ მოგვაწოდა დოკუმენტაცია, რომელიც აჭარის ყოფილი უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონების, გოგიტიძის ნათესავისთვის, ენვერ ცეცხლაძისთვის დაბრუნებას ეხებოდა. ამ ქონების დაბრუნება ხელისუფლებასა და ცეცხლაძეს შორის მორიგების საფუძველზე განხორციელდა.

„ბათუმელებმა“ ადმინისტრაციული საჩივრით სამინისტროს ზემდგომს, აჭარის მთავრობას მიმართა, რათა მან დაავალდებულოს სამინისტროს, გასცეს აღნიშნული ინფორმაცია. მთავრობა ჩვენს საჩივარს ამ დრომდე განიხილავს. პასუხის მიღებამდე კი, ის დოკუმენტაცია მოვიპოვეთ, რაც სამინისტრომ არ მოგვაწოდა.

რაც შეეხება სტადიონის მშენებლობაზე შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის 2017 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებას – სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია. თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობას საძირკველი მიმდინარე წლის 21 იანვარს ჩაუყარეს. თუმცა, მოსამზადებელი და სხვა სამუშაოები ტერიტორიაზე კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყო.

სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ანაგი“ დასახელდა

 

საოჯახო სასტუმრო და რამდენიმე თვით ადრე დაჯავშნილი ნომრები სოფელ გარეტყეში

აქტიურ ტურისტულ სეზონამდე რამდენიმე თვე დარჩა, მაგრამ მანანა დუმბაძე ტურისტების მენიუს შესადგენად თადარიგს უკვე იჭერს და ფხლის მწნილს ამზადებს. მანანა მეწარმე ქალია ქედის  შორეულ სოფელ გარეტყედან.

მანანა დუმბაძე

„იდეიდან წარმატებამდე“ – ასე იწყებს საუბარს მანანა. თურმანიძეების ოჯახი მცირე ბიზნესს წლებია ეწევა. საოჯახო სასტუმროს გახსნის იდეა მანანას მაშინ გაუჩნდა, როდესაც სოფელ გარეტყეში მცხოვრები, მათი მომღერალი ოჯახით უცხოელი ტურისტები დაინტერესდნენ. ტურისტებს, ძირითადად, აჭარული ფოლკლორი აინტერესებდათ და ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ, ამიტომაც თურმანიძეებმა საოჯახო სასტუმროს გახსნა გადაწყვიტეს.

„ქართული ფოლკლორის შესწავლით დაინტერესებული ვიზიტორები პირველად 2009 წელს გვეწვივნენ. ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობდა და გადავწყვიტეთ საოჯახო სასტუმრო მოგვეწყო და არამარტო ფოლკლორის შესწავლით დაინტერესებული მოყვარული მომღერლები მიგვეღო, არამედ ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი ტურისტი.

2016 წელს სახელმწიფოს დახმარებით სასტუმროს გახსნის იდეა რეალობად ვაქციეთ, ავაშენეთ ერთი დიდი კოტეჯი, სადაც ერთდროულად 25-მდე ტურისტის მიღება შეგვიძლია.

გასულ წელს რამდენიმე დღის განმავლობაში ერთდროულად 45 ვიზიტორი გვყავდა, თითქმის მთლიან ჯგუფს ადგილობრივი ფოლკლორის შესწავლა სურდა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა განთავსება, თუმცა მათგან წამოვიდა მოთხოვნა, რომ როგორმე ყველა მოგვეთავსებინა, ერთ ოთახში 5-6 და 8 ტურისტიც კი იყო.

ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, ყველაზე ხშირად ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან გვაკითხავენ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, თუმცა საერთო ინტერესი აერთიანებთ – შეისწავლონ ქართული ფოლკლორი.

წელს აგვისტოში ბევრ დამსვენებელს ველით, აგვისტოსთვის ადგილები რამდენიმე თვით ადრეც კი დაჯავშნეს, რამდენიმე ჯგუფი ჩამოდის სიმღერის შესასწავლად. ასევე წინასწარ დაჯავშნეს ადგილები ოქტომბრის ბოლოსთვის“, – ამბობს მანანა.

მანანა სტუმრებს საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი ბოსტნეულით უმასპინძლდება. ამბობს, რომ ტურისტებს, პოლიფონიურ მუსიკასთან ერთად, ქართული კერძებიც ძალიან მოსწონთ.

მანანა დუმბაძე იტალიელ ტურისტებთან ერთად

თურმანიძეების საოჯახო სასტუმროში ერთი დღით განთავსება სამჯერადი კვებით და სატრანსპორტო მომსახურებით 70 ლარი ღირს, სიმღერის შესწავლა კი ათწევრიანი ჯგუფისთვის 100 ევროა.

მანანას ბოსტნეული არამარტო ვიზიტორების გასამასპინძლებლად გამოჰყავს, არამედ ადგილობრივ ბაზარზეც კი ჰყიდის.

„ჩვენი ვიზიტორები ქედის ცენტრამდე ავტობუსებით ამოდიან, იქედან კი ჩვენ ამოგვყავს. არის ჯგუფები, რომლებიც მხოლოდ 3-5 დღით რჩებიან, ზოგი – ორი კვირით.

ტურისტები ერთ დღეს მდინარეზე გაგვყავს, მეორე დღეს მთაში… ღია ბუნებაში სიმღერის ვორქშოპი უტარდებათ, რაც ძალიან მოსწონთ. როცა ტყეში გაგვყავს, ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ეკოლოგიურად სუფთა საკვები ძალიან მოსწონთ. ურჩევნიათ საკუთარ ბოსტანში დაკრეფილი კიტრი-პომიდვრის სალათი მივართვა, ვიდრე ძეხვეული, ან ხორცეული.

ადგილზე, საკუთარ მეურნეობაში კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბულგარული…იმდენი ბოსტნეული მომყავს, რომ არამარტო ტურისტებს ჰყოფნით, არამედ ბაზარზეც კი ვყიდი. მართალია, რთულია ერთდროულად ამდენი საქმის კეთება, მაგრამ ვაკეთებ და ამ საქმეში არამარტო მე, მთელი ოჯახია ჩართული. ზაფხულობით არის დღეები, როცა თითქმის 24 საათი ვმუშაობ, ამავდროულად დამხმარეები ამყავს. მომგებიანი კი არის საოჯახო სასტუმრო, მაგრამ რადგანაც დამწყები ვარ, თანხას რასაც გამოვიმუშავებ, ბიზნესის გამართვაზე ვხარჯავ“, – ამბობს მანანა.

გარეტყე

მანანას საქმიანობაში ქმარი და შვილები ეხმარებიან, რომლებიც მერისში ჩასულ ვიზიტორებს სიმღერებს ასწავლიან:

„ჩვენთან საქმის გარჩევა არ ხდება, ვთქვათ, ეს ქალის საქმეა და ეს კაცის, თუ საქმეა გასაკეთებელი, ყველა ვაკეთებთ. უფროსი ბიჭი, რევაზი, ახლა იტალიაშია, წელს იანვარში წავიდა, მედიცინის მიმართულებით მაგისტრატურაზე სწავლობს, პარალელურად აქ დოქტორანტურაზე ჩააბარა. მეორე ბიჭი სწავლას ამთავრებს, გოგონა მე-8 კლასის მოსწავლეა,  ენის ბარიერი არ გვექმნება, რადგან ქმარმა და შვილებმა ინგლისური კარგად იციან“.

თურმანიძეების ოჯახი, რომელიც სცენაზე სამი თაობით გამოდის, 2016 წელს ფოლკლორის ფესტივალზე ნომინაცია „ოჯახების“ ლაურეატიც კი გახდა.

____________________________

ამავე თემაზე: თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა 20 ძველი მერისული სიმღერა აღადგინა 

ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას პატარაძემ 9456 კვ.მ მიწა პორტთან 1 ლარად გადასცა

ბათუმის ნავსადგურსა და „ალი და ნინოს“ ქანდაკებას შორის არსებული ტერიტორია [იახტკლუბი], აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ბრძანების საფუძველზე, 20 წლით სარგებლობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად გადაეცა. ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. ამის შესახებ ფონდმა თავად განაცხადა.

ზურაბ პატარაძემ, გუშინ, 4 აპრილს, „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა იგეგმებოდა „იახტკლუბთან“ დაკავშირებით, განაცხადა, რომ „იგეგემება მხოლოდ იჯარით გაცემა. ამას განვიხილავთ იმისთვის, რომ იახტკლუბი გახდეს ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვიდეს იახტები ჩვენს რეგიონში… რატომ უნდა ჩამოვიდე ბათუმში – ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა და ერთ-ერთი მიმართულება არის, რა თქმა უნდა, ეს“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რომელ კომპანიას გადაეცემა იჯარით და რა პირობებით? – მთავრობის თავჯდომარემ განაცხადა: „მე როგორც ვიცი, არის უკვე კონკრეტული კომპანია, განხორციელდება დიდი მოცულობის ინვესტიცია – 3 მილიონი დოლარი დაიხარჯება ჯამში. ეს ყველაფერი, პირობები იქნება ნათელი და თქვენ შეიძლება ეს პირობები გაიგოთ. ჯერ ზუსტად არ ვიცით, რამდენი წლით იქნება იჯარა, შესაძლებელია ეს იყოს 10 წლის ვადით. ჩვენ გამოვნახავთ ყველაზე კარგ ვარიანტს, რაც მისაღები იქნება ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის“.

მაშინ, როცა მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ზუსტად არ იცის რამდენი წლით იქნება იჯარა“, „ბათუმელებმა“ მოიპოვა ზურაბ პატარაძისავე ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორია მთავრობამ დაახლოებით 4 თვის წინ, 2017 წლის 12 დეკემბერს გასცა 20-წლიანი იჯარით. ქონების 1 ლარად იჯარით გაცემაზე ზურაბ პატარაძეს ბრძანება 2017 წლის 8 დეკემბერს აქვს გამოცემული.

ტერიტორია, რომელიც იჯარით გაიცა სასეირნო ზოლია. თუ არაფერი შეიცვალა, ბრძანებაში წერია, რომ იჯარით გაცემულ საფეხმავლო ბილიკებზე სეირნობა სხვა პირებს არ შეეზღუდებათ. იგივე ბრძანების მიხედვით, მოქალაქეებს  დაბრკოლება იჯარით გადაცემულ პლაჟზე წვდომის თვალსაზრისითაც არ უნდა შეექმნათ.

1 ლარად 20 წლით გასხვისებული ქონება და პირობები

აჭარის მთავრობამ 20 წლით, 1 ლარად გაასხვისა ბათუმის იახტკლუბთან არსებული 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8533 კვ/მ მიწის ნაკვეთი, მათ შორის საფეხმავლო ბილიკები, ნავმისადგომისა და პლაჟის [ე.წ. „პიშევიკებთან“] ნაწილი. ამ ტერიტორიაზე „სილქ როუდ ჯგუფი“ მთლიანობაში უკვე  63 939 კვ/მ მიწას ფლობს, აქედან 54 483 კვ/მ უშუალოდ მის საკუთრებაშია.

ამ ქონებას თუ 1 ლარად არ გაასხვისებდნენ, აჭარის მთავრობისვე შეფასებით, ტერიტორიის წლიური საიჯარო ქირა 380 094 ლარი იქნებოდა. ანუ ბიუჯეტში 7 მილიონ 601 ათას 880 ლარი შევიდოდა საიჯარო პერიოდში – 20 წლის განმავლობაში. ახლა, ამ პერიოდში, ქონებით სარგებლობისთვის მოიჯარე მხოლოდ 1 ლარს გადაიხდის და ვალდებული იქნება 2021 წლამდე ეტაპობრივად განახორციელოს 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებულ დოკუმეტით აჭარის მთავრობა მოიჯარე „რივიერას“ ჰპირდება, რომ 2037 წელს, თუ არ გამოჩნდება სხვა კომპანია ალტერნატიული და უკეთესი წინადადებით, „რივიერას“ გაუგრძელებენ საიჯარო ხელშეკრულებას.

„რივიერა“ ვალდებულია 2018 წლის სექტემბრამდე უზრუნველყოს იახტკლუბის განვითარების პროექტის შემუშავება და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი უნდა მოიცავდეს ნავსაყუდელს, იახტკლუბს რესტორნით, პლაჟს, მშრალ დოკს, სახელოსნოს, მცურავი საშუალებების ტიპებს [ნავი, იახტა და ა.შ.], მათ კლასსა და რაოდენობას.

„სილქ თაუერი“, „იახტკლუბი“ და „საპარტნიორო ფონდი“

შპს „რივიერა“ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, ვალდებულია 2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე „მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის – საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყება“.

ეს კი ის ტერიტორიაა, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ [შპს „რივიერას“] საკუთრებაშია და სადაც კომპანიამ ჯერ „ტრამპ თაუერის“, მოგვიანებით კი „სილქ თაუერის“ აშენება დააანონსა. „სილქ თაუერის“ მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდი“ დააფინანსებს. პროექტი მოიცავს „სილქ თაუერსა“ და „იახტკლუბის“ განვითარებას. ამ თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციაც საპარტნიორო ფონდმა თავად გაავრცელა.

„სილქ როუდ ჯგუფში“, გასულ წელს, ქონების იჯარით გადაცემამდე ერთი თვით ადრე, „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „პროექტი ხელს უწყობს რეგიონში იახტინგის/საწყალოსნო სპორტის განვითარებას, ასევე საზღვაო სფეროში განათლების მქონე პირების დასაქმებასა და დატრენინგებას, ხელს უწყობს რეგიონში განსხვავებული პროფილისა და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის ზრდას და იძლევა აღმოსავლეთ შავ ზღვაში პატარა, მაგრამ ხარისხიანი იახტ კლუბის სახით ტურიზმისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნის შესაძლებლობას“.

მოიაზრება თუ არა ამ პროექტის ფარგლებში ბათუმის ნავსადგურისა და პორტის ადგილზე იახტკლუბის გაფართოება? – ამ კითხვაზე პასუხად გასული წლის ნოემბერში „სილქ როუდ ჯგუფიდან“ მოგვწერეს რომ:

„არსებული გეგმით გათვალისწინებულია მხოლოდ იატხკლუბის მიმდებარე და მომიჯნავე ტერიტორიების განვითარება და მოქცევა ერთიანი პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი არ მოიცავს ბათუმის ნავსადგურისა და პორტის აკვატორიას“.

მათივე ინფორმაციით, „ამ ეტაპზე პროექტი მოსამზადებელ ფაზაშია, მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და არქიტექტურული კონცეფციის დაზუსტება. მშენებლობა 2018-ში დაიწყება და 2020-ში დასრულდება“.

მთავრობის ნაბიჯები „იახტკლუბის“ გასასხვისებლად

ბათუმის ე.წ. იახტკლუბს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“ მართავდა. 2017 წლის 13 სექტემბერს კი „ბათუმის ნავსაყუდელის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა ქონება და ის აჭარის საკუთრებად დარეგისტრირდა.

საუბარია ბულვარსა და ნავსადგურს შორის არსებულ 3211 კვ/მ ტერიტორიასა და ნავსაყუდელის ნაგებობაზე, რომელიც მთლიანობაში 923 კვ/მ-ია [რაც უკვე გაცემულია იჯარით „რივიერაზე“].

„იახტკლუბის“ მიმდებარედ 10 226 კვ/მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში უკვე აქვს შეტანილი [ჭაჭათაუერის მიმდებარე სკვერი]. ეს ტერიტორია, რეესტრის მიხედვით, ამ დროისთვის გასხვისებული არ არის.

2017 წლის 5 ოქტომბერს კი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში გადასცა 1736 კვ/მ ტერიტორია, უშუალოდ ნავმისადგომის ნაწილი „იახტკლუბთან“ [ესეც სარგებლობაში გადაეცა „რივიერას“].

მიწის ნაკვეთი „იახტკლუბის განვითარების მიზნით“ აჭარის მთავრობას გადასცა ბათუმის მერიამაც.

„იახტკლუბის მიმდებარედ მერიის საკუთრებაში არსებული მიწის მცირე ნაკვეთი გადავეცით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს [სამინისტრომ იჯარით გადასცა რივიერას – ავტ.]. რაც შეეხება ჭაჭის თაუერს, მისი გასხვისება არ იგეგმება“, – გვითხრეს გასულ წელს მერიის პრესსამსახურში.

ჭაჭის თაუერის გარდა, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, „იახტკლუბთან“ მერიის საკუთრებაშია 7 038 კვ/მ ტერიტორია, რომელიც თაუერსა და ნავსადგურის შენობას შორის მდებარეობს.

სხვა საიჯარო პირობები

მოიჯარემ პროექტით გათვალისწინებული ობიექტების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაასქმოს 20 [აქედან 90% საქართველოს] მოქალაქე და სარგებლობის ვადით უნდა შეინარჩუნოს იახტკლუბის პროფილი და დასაქმებულთა რაოდენობა;

მოიჯარემ 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს შპს „ნავსაყუდელი 2015“-ს მიერ გემთმფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების უცვლელად შენარჩუნება, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე კი ამ ხელშეკრულებების არანაკლებ 70%-ისთვის ვადის გაგრძელება, ხოლო 2021 წლის პირველ იანვრამდე „მოიჯარის“ დადგენილი ტარიფის შესაბამისად, ასევე 70%-თან, ხელშეკრულების გაფორმება.

თუმცა, მთავრობა ათავისუფლებს ამ ვალდებულებისგან მოიჯარეს იმ შემთხვევაში, თუ „ნავსაყუდელი 2015“-ის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილეები უარს იტყვიან ახალი მოსარგებლის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებაზე, ან/და ნავსაყუდელის რეაბილიტაციის პროცესში ეტაპობრივად წარმოიშობა მისი ნაწილობრივ ან მთლიანად დახურვის აუცილებლობა[შესაბამისი ვადით];

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარე თითოეულ დარღვევაზე გადაიხდის დაახლოებით 380 ლარს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

მოიჯარეს უფლება აქვს ქონება ან მისი ნაწილი გადასცეს სხვა ქვემოიჯარეს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით;

ამავე თემაზე:

რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით

ივანიშვილის ფონდის პარტნიორი მიწას ითხოვს ანბანის კოშკთან, სადაც „სილქ თაუერი“ უნდა აშენდეს

ბათუმის იახტკლუბი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაეცემა

შუახევში დამეწყრილ ადგილებს გეოლოგები სწავლობენ

გეოლოგიური შესწავლის მოთხოვნით მიმდინარე წელს შუახევის მერიას წერილობით 170- მა ოჯახმა მიმართა და საცხოვრებელი სახლისა თუ მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა სთხოვა.

მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მერიამ გეოლოგები ბათუმიდან მიიწვია და გეოლოგიური შესწავლა ერთი კვირის წინ დაიწყო. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, გეოლოგებმა ამ დროისთვის 120 ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს.

„სამი გეოლოგი იმყოფება შუახევში. ვფიქრობთ ამ კვირაში დავასრულებთ გეოლოგიურ შესწავლას და 20 აპრილის შემდეგ დაიდება გეოლოგიური დასკვნები,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

დარჩება თუ არა  მოსახლეობის განსახლება საჭირო, ეს გეოლოგიური დასკვნების შემდეგ გახდება ცნობილი. ზაზა ზოიძის თქმით, ვიზუალური შეფასებით, ვითარება წინა წლებთან შედარებით სტაბილურია.

ამ დროისთვის შუახევის მუნიციპალიტეტში განსახლებას 44 ოჯახი ექვემდებარება. მთავრობა მათ ძირითადად 25 000-ლარიანი პროგრამით სარგებლობას სთავაზობს.

ბათუმის პორტში მოშიმშილე ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის პორტში ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ერთ-ერთი მათგანი მაღალი არტერიული წნევის გამო გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მეორე მოშიმშილეს გადაყვანის მიზეზი გულის არეში ტკივილები გახდა.

ბათუმის პორტის თანამშრომლებმა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია, ოთხი დღის წინ დაიწყეს. ისინი პორტში დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.

პორტის თანამშრომლები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ

კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

პორტის დირექტორი გაფიცვაზე: ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის

 

წყლის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე წყალმომარაგების მილი დაზიანდა. მათივე ცნობით, დაზიანების შესაკეთებლად დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან, 14:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს.

ამავე თემაზე:

შეზღუდვები ბონის წყალმომარაგებაში

შეზღუდვები „ბონი-გოროდოკის“ წყალმომარაგებაში

ხულოში ხანდაზმულებისთვის კლუბი აშენდება

ვეტერანებისა და ხანდაზმულებისთვის კლუბის ასაშენებლად საჭირო პროექტს,  ხულოს მერიის დაკვეთით კომპანია „ანჩაუსი“ ამზადებს. პროექტი, რომელიც დაბაში, ცხრა აპრილის ხეივანში, ერთ სართულიანი ადაპტირებული შენობის მოწყობას გულისხმობს, კომპანიამ ხულოს მერიას ხვალ, 6 აპრილს უნდა წარუდგინოს. ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა აბულაძე ამბობს, რომ პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შემდეგ ეცოდინებათ რა თანხა დასჭირდება ერთსართულიანი კლუბის მოწყობას.

„9 აპრილის ხეივანში ამ დროისთვის ღია ფანჩატურია, სადაც ხანდაზმულები ხშირად იკრიბებიან, ჭადრაკსა და ნარდს თამაშობენ, მათგან წამოვიდა მოთხოვნა კლუბი აგვეშენებინა, რაც შესაძლებლობას მისცემდა ხანდაზმულებს, რომ ცივ და ცუდ ამინდებშიც შესძლებოდათ შეკრება და თამაში.

პირველ ეტაპზე, შენობის პროექტი შევისყიდეთ, დამპროექტებელმა კომპანიამ  ხვალ უნდა წარმოგვიდგინოს სამშენებლო პროექტი, შესაბამისად გვეცოდინება რა თანხა დასჭირდება აშენებას. პროექტი დაახლოებით 20 ადამიანზე გათვლილ, ადაპტირებულ და გათბობით უზრუნველყოფილ შენობის მოწყობას ითვალისწინებს. მშენებლობასთან ერთად შევიძენთ საჭირო მაგიდებსა და სკამებს. რაც შეეხება სათამაშო ინვენტარს, კულტურის ცენტრს აქვს ინვენტარი და მოხდება გადატანა. შენობა წელს მოეწყობა, მშენებლობისთვის საჭირო თანხებს კი მაისში, ბიუჯეტის კორექტირებისას გამოვყოფთ“ – ამბობს ზაზა აბულაძე

კუსტარულად დამზადებული ჯეკ დენიელსის რეალიზაციისთვის აჭარაში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ბრალდებული ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული, კუსტარულად დამზადებული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის – ვისკი ჯეკ დენიელსის რეალიზაციას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული 87 ბოთლი ვისკი და 93 ერთეული ყალბი აქციზური მარკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის და მე-200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

ქვეყნები ევროპაში, სადაც სექსში ფულის გადახდისთვის კლიენტს აჯარიმებენ 

პროსტიტუციის მოდელი, როცა სჯიან პირს, ვინც სექსში ფულს იხდის, პირველად შვედეთმა მიიღო 1999 წელს. შემდეგი იყო ნორვეგია და ისლანდია 2009 წელს, 2014 წელს – კანადა, 2015 წელს – ჩრდილოეთ ირლანდია. 2016 წელს – საფრანგეთი. ამ მოდელის მთავარი პრინციპი მარტივია: პროსტიტუცია ძალადობაა.

ახლა ამ მოდელის დამკვიდრებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განიხილავენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ პროსტიტუციის აკრძალვას თანაბრად ჰყავს მომხრე და მოწინააღმდეგე. მოდელს „სკანდინავიური“ უწოდეს, თუმცა სკანდინავიის ქვეყნებშიც ამ დრომდე დებატები არ დასრულებულა თემაზე: გამოიღო თუ არა დადებითი შედეგი პროსტიტუციის აკრძალვამ.

„ამ ქვეყნებმა აირჩიეს გზა, რომ დასაჯონ კლიენტი. აქ მიიჩნიეს, რომ პროსტიტუცია არის ქალზე ძალადობის ფორმა და არ აქვს მნიშვნელობა, პროსტიტუცია ხორციელდება ნებაყოფლობით თუ არა. კვლევების დიდი ნაწილი აჩვენებს, რომ ქალების უმრავლესობა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ერთვებიან სექსინდუსტრიაში და არა საკუთარი სურვილით. ამ ქვეყნებში პროსტიტუცია მიიჩნევა სტრუქტურული უთანასწორობის ფორმად, სადაც მამაკაცი პროსტიტუციას ექსპლუატაციის საშუალებად იყენებს. ამ მოდელს ფემინისტურ მოდელსაც უწოდებენ,“ – ამბობს თამარ დეკანოსიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

საია უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. საია საკონსტიტუციო სასამართლოში პროსტიტუციის დეპენალიზაციას მოითხოვს. ეს გულისხმობს იმას, რომ პროსტიტუციის გამო სექსმუშაკს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში პროსტიტუცია მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯება. კანონი მხოლოდ სექსმუშაკი ქალის დაჯარიმებას ითვალისწინებს, მაშინ როცა ამ აქტის მონაწილე მეორე მხარეს არავითარი სანქცია არ ემუქრება. სისხლის სამართლის წესით კი, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა და პროსტიტუციაში პირის იძულებით ჩართვაა დასჯადი.

როგორ იმუშავა „სკანდინავიურმა მოდელმა“ პროსტიტუციასთან მიმართებით? – თამარ დეკანოსიძის თქმით, ზუსტი პასუხი არ არსებობს და კვლევები, რომლებიც ამ თემაზე ტარდება, ურთიერთსაპირისპირო შედეგს აჩვენებს.

„შვედეთში მიიჩნევენ, რომ ამ მოდელმა წარმატებით იმუშავა და პროსტიტუცია მნიშვნელოვნად შემცირდა. საფრანგეთში ახლაც ცხარე დისკუსიის საგანია, რა შედეგი მოიტანა ამ მოდელმა. საერთოდ ყველა მოდელს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ამ მოდელის უარყოფით ფაქტორად ძირითადად ასახელებენ იმას, რომ კლიენტის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა არ იწვევს პროსტიტუიციის აკრძალვას, პირიქით, ეს მეტი საფრთხის წინაშე დააყენებს სექსმუშაკებს, რადგან მათ უწევთ ზრუნვა კლიენტის უსაფრთხოებაზე. თუ სექსმუშაკს უნდა, რომ ეს მომსახურება გასწიოს, უნდა გააკეთოს ეს ისეთ პირობებში, რომ კლიენტის იდენტიფიცირება არ მოხდეს, ის რომ არ დასაჯონ“, – აღნიშნავს თამარ დეკანოსიძე.

სასჯელის რა ფორმებს ითვალისწინებს პროსტიტუციის სკანდინავიური მოდელი? – საია-ს იურისტის თქმით, სასჯელის სახეებია ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

„2008 წლის მდგომარეობით ჩანდა, რომ სკანდინავიის ქვეყნებში სასჯელის სახედ, ძირითადად, ჯარიმა იყო გამოყენებული. რამდენად ხშირად დააჯარიმეს ადამიანები პროსტიტუციის მომსახურების მიღების გამო, ეს ინფორმაცია არ მაქვს. ამ ქვეყნებისთვის სახელმწიფოს პოლიტიკური ნების გაცხადებაა მთავარი, რომ პროსტიტუცია არის ქალზე ძალადობის ფორმა და არა ის, რომ პრაქტიკაში სანქცია მკაცრად გამოიყენონ ,“ – ამბობს თამარ დეკანოსიძე.

 

 

 

 

 

საიდუმლო დოკუმენტი აშშ-ის არქივიდან – “აფხაზეთის პირველი მდივანი გადაყენებულია”

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მალე 29 წელი შესრულდება.  საბჭოთა კავშირის სადამსჯელო საჯარისო ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 29 წლის წინ, გამთენიისას დაარბიეს.

აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს მოიცავს, ორი წლის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-მ გამოაქვეყნა.

1989 წლის 6 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაუგზავნიათ ანგარიში საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებულ არეულობაზე 7 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების მოსკოვის საელჩოს ანალიტიკოსები ამზადებენ კიდევ ერთ მოხსენებას, სახელწოდებით: აფხაზეთის პირველი მდივანი გადაყენებულია; თბილისში დემონსტრაციები გრძელდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წყარო წერს:

[red_box]აფხაზეთის პირველი მდივანი გადაყენებულია[/red_box]

3. 1989 წლის 6 აპრილს საოლქო კომიტეტმა აფხაზეთის პირველი მდივანი, ადლეიბა თანამდებობიდან მოხსნეს.

ადლეიბა გადააყენეს იმ პოლიტიკურ არეულობის ფონზე, რაც გამოიწვია იმან, რომ მან 15 მარტს ხელი მოაწერა პეტიციას აფხაზეთისთვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

მის შემცვლელად დანიშნეს ვ.ფ. ქიშბა, გარემოს დაცვისა და ტყის მართვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

“პრავდას” [გაზეთი] ადლეიბას გადაყენების მიზეზები  არ დაუსახელებია. პლენუმზე გამოვიდა ცეკას პირველი მდივანი პატიაშვილი.

აფხაზმა მწერალმა უთხრა დასავლელ კორესპონდენტს, რომ პატიაშვილმა გადაწყვიტა ადლეიბას გათავისუფლება, ადლეიბას მხრიდან აფხაზეთის გამოყოფის მხარდაჭერის გამო. იმავე წყაროზე დაყრდნობით ასამდე აფხაზმა, 7 აპრილს, სოხუმში საჯარო პროტესტი გამოხატა ადლეიბას გადაყენების გამო.

4. ადლეიბას გადაყენება დაემთხვა ქართველი რადიკალი დემონსტრანტი ლიდერების მოთხოვნებს თბილისში, რომლებიც ქართველებს აფხაზეთში მასობრივად შედინებისკენ მოუწოდებდნენ 9 აპრილისთვის, რათა გაეპროტესტებინათ გამოყოფა. მისი გათავისუფლება შეიძლება იყოს ეთნიკური დაძაბულობის შემცირების მცდელობის ნაწილი. 6 აპრილის მდგომარეობით, ტრანსპორტირებაში დასაქმებულები (როგორც იტყობინებიან უმეტესად არააფხაზები) სოხუმში, აფხაზეთის დედაქალაქში, კვლავაც საპროტესტო აქციებს აწყობენ, იუწყებიან ქართული დისიდენტური წყაროები.

5. მაშინ, როცა ადლეიბა იყო აფხაზეთის პირველი მდივანი 1978 წლიდან, ის არ ყოფილა არც ცენტრალური კომიტეტის წევრი, არც კანდიდატი ცენტრალური კომიტეტის წევრობაზე, თუმცა ის არჩეული იქნა სახალხო დეპუტატთა კონგრესზე.

[red_box]დემონსტრაციები თბილისში[/red_box]

6. ამავე დროს, 6 და 7 აპრილს, ფართო-მასშტაბიანი საპროტესტო აქციები გრძელდება თბილისის მთავრობის სახლთან. ქართული საინფორმაციო სააგენტოს, “გრუზინფორმის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა დემონსტრანტების რაოდენობა 100 000-ით განსაზღვრა. როგორც იუწყებიან, თბილისის ქარხნებისა და სკოლების უმეტესობა დახურულია. საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ – ჩერქეზიამ 4 აპრილს მიმართა დემონსტრანტებს და აფხაზეთში არსებული სიტუაცია შეაფასა – როგორც “საშიში საქართველოსთვის”. იუწყებიან ქართული დისიდენტური წყაროები.

[red_box]განხეთქილება დემონსტრაციების ლიდერებს შორის[/red_box]

7. დემონსტრაციების ქართველი ლიდერები გაიყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელოვნებისა და აფხაზეთის საკითხების თაობაზე.

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება და რუსთაველის საზოგადოება ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მობილიზებას აფხაზეთის საკითხებზე. მაშინ, როცა რადიკალებმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიიდან, რომლებიც ჩართულნი არიან დემონსტრაციების ორგანიზებაში, უარყვეს მოწვევა ქართველების მასობრივ შედინებაზე აფხაზეთში და კონცენტრირებული არიან საქართველოს დამოუკიდებლობაზე საბჭოთა კავშირისგან.

ქართველმა ნაციონალისტმა ზურაბ ჭავჭავაძემ 5 აპრილს დემონსტრანტებს მიმართა. როგორც იტყობინებიან, იგი მოუწოდებდა მათ ადლეიბას გადაყენებისკენ. 7 აპრილის საღამოს, მოშიმშილეთა რიცხვი მთავრობის სახლის წინ 170 იყო. გარდა ამისა, როგორც იუწყებიან, საპროტესტო აქციაზე გავიდნენ ქართული ტელევიზიის თანამშრომლებიც, რითაც შეიზღუდა სატელევიზიო გადაცემების გაშვება.

“ეროვნული მოძრაობა”; ფოტოს ავტორი: გივი ნახუცრიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე:

აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები აფხაზეთთან დაკავშირებულ არეულობაზე 

აშშ-ს საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 9 აპრილის შესახებ

Exit mobile version