მთავარი,სიახლეები

სასტუმრო „ველმონდი“ და კაზინო „ლეოგრანდი“ ამ სეზონზე გაიხსნება

06.04.2018
სასტუმრო „ველმონდი“ და კაზინო „ლეოგრანდი“ ამ სეზონზე გაიხსნება

სასტუმრო „ლეოგრანდი“ ფუნქციონირებას ახალი სახელით – „ველმონდი“  – გააგრძელებს, თუმცა სამორინეს ძველი სახელი – „ლეოგრანდი“ შეუნარჩუნდება.

სასტუმროს შენობაში ხანძრის გაჩენის გამო დაწყებული საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია. სასტუმროს შენობაზე ახალი ლოგო ჯერ განთავსებული არ არის. შენობაში დღეს ახალი აპარატურა, სავარაუდოდ, სათამაშო აპარატები შეაქვთ.

„დიდი ალბათობით კაზინო კვლავ „ლეოგრანდის“ სახელით დაიწყებს ფუნქციონირებას, ვინაიდან სახელის შეცვლა კაზინოსთვის საკმაოდ რთული პროცედურაა,  დაკავშირებულია ლიცენზიასთან, ამასთან საკმაოდ ძვირიცაა,“ – გვითხრა კომპანიის ერთ-ერთმა ადვოკატმა, კახა წერეთელმა – „ნაბიჯ-ნაბიჯ რა ხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ აწესრიგებენ ორგანიზაციულ საკითხებს. პარალელურად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამოწმებს შენობას და კონკრეტულ რეკომენდაციებს იძლევიან სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით… ყველა ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას, გასწორდეს და შემდეგ დადგება ფუნქციონირების საკითხი დღის წესრიგში. ცდილობენ, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე გახსნან“.

2018 წლის 23 მარტს, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ორი პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

25 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ორივე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მორიგი სასამართლო სხდომა 2018 წლის 16 მაისსაა ჩანიშნული.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

ყოფილი „ლეოგრანდის“ შენობაში, სადაც სასტუმრო „ველმონდი“ და კაზინო ამ სეზონისთვის უნდა გაიხსნას, ახალი ინვენტარი შეაქვთ / 6.04.2018 / გურამ მურვანიძის ფოტო

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/118905/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: