მთავარი,სიახლეები

ყოფილი პატიმარი მოსამართლეს: თუ სამართალია სადმე, მეც მინდა

05.04.2018 • 3341
ყოფილი პატიმარი მოსამართლეს: თუ სამართალია სადმე, მეც მინდა

„იქ, ციხეში, უფლება არ ჰქონდა ვინმეს, უფროსისთვის თვალებში შეეხედა… მე ახლა ვუყურებ მას თვალებში. ბატონო ზაზა, გაქვთ თქვენ უფლება, რომ თვალებში მიყურებდეთ?“ – ასე ერთ-ერთმა მოწმემ მიმართა ბათუმის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს – ზაზა ჯიქიას. ყოფილმა ხუთმა პატიმარმა დღეს, 5 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა.

მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს, როგორ სცემდნენ ისე, რომ არ იცოდნენ მათგან რა უნდოდათ, როგორ ითხოვდნენ ექიმს, ან წამალს, სანაცვლოდ კი, რეზინის ხელკეტს იღებდნენ რომელიმე მედიკამენტის წარწერით. მოწმეები მოყვნენ, რატომ არ წერდნენ საჩივრებს, როგორ სტკიოდათ ჩამტვრეული ნეკნები, ან ვეღარ გრძნობდნენ ტკივილს, როგორ ესმოდათ, ან აღარ ჰქონდათ შეგრძნება, როცა მეზობელი საკნიდან რომელიმე პატიმრის განწირული კივილის ხმა ესმოდათ…

ყოფილი პატიმრების ისტორიები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, თუმცა თითოეულ მათგანს თავისი სიმართლე ჰქონდა. თითოეულ მათგანს სურდა, ბოლომდე მოესმინა მისთვის მოსამართლეს.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი „ციხის ყოფილი უფროსების“ საქმის განხილვას განაგრძობს. პროკურატურა ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ციხეში. ამ საქმის განხილვა სასამართლომ 2014 წლის 4 მარტს დაიწყო. წლის ბოლომდე სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ბატონო მოსამართლევ, თუ სამართალი არსებობს სადმე, მე მინდა ეს სიმართლე,“ – უთხრა სასამართლოს მოწმე გელა ა.-მ. ის ბათუმის ციხეში 2009 წელს მოხვდა და იქ 9 თვე დარჩა. გელას თქმით, მას თითქმის ყველა დღეს სცემდნენ:

„არ ვიცი, რატომ გვცემდნენ… ამბობდნენ ბუზის გაფრენის ხმაც უნდა ისმოდესო. როცა ამიყვანეს ციხეში, იმ დღესაც მცემეს. გამაშიშვლეს და 4 საათი ისე მამყოფეს, დამცინოდნენ… მერე მცემეს ხელით, ფეხით, ხელკეტით, გონება დავკარგე. კარცერში წამიღეს. ექიმი მოვითხოვე და ეს ორი მოვიდა, ჩვენ ვართ შენი ექიმებიო. მაგინეს… ერთხელ, საუზმის დროს საჭმლიანი თეფშით გამოვდიოდი. ამან გამომართვა თეფში და გამომიქნია სახეში. ვიკითხე, რა გინდათ, ასე ცხოველს არ ექცევიან-მეთქი. კითხვის დასმა დანაშაული იყო, ისევ მცემეს. ერთხელ საჩივრის დაწერა ვცადე, თავზე გადამახიეს“, – თქვა გელა ა.-მ.

მოწმეს ბრალდებულის ადვოკატებმა უთხრეს, რომ წლების წინ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მას არ აქვს დასახელებული ციხის უფროსების კონკრეტული გვარები და იქნებ შემდეგ უთხრეს, რომ ბრალდებულების გვარები უნდა ეთქვა სასამართლოსთვის.

„შესაძლოა მაშინ არ ვთქვი გვარები, რადგან ვერ გავიხსენე. ისე ვიყავი ნაცემი, მეხსირების პრობლემა მქონდა… გვერდით რომ გიზით, მაგას ჰკითხეთ და მოგიყვებათ,“ – უპასუხა ადვოკატს მოწმემ.

„სამჯერ, ზუსტად სამჯერ მცემა ზაზა ჯიქიამ,“ – თქვა მოწმე ვაჟა ო.-მ. ამ ყოფილი პატიმრის თქმითაც, პატიმრებს გამუდმებით სცემდნენ და ამცირებდნენ. ვაჟა ო.-ს თქმით, პატიმრების ცემის პროცესს რეჟიმის უფროსი – ზაზა ჯიქია ხელმძღვანელობდა.

„თავიდან რომ მივედი, მოსაცდელ ოთახში ამიარ-ჩამიარა ჯიქიამ. მერე ჩემ წინ გაჩერდა და მითხრა, ამ ხნის კაცი როგორ გაგლახოო. ვიფიქრე, გადავრჩი-მეთქი და დამარტყა ამასობაში. ორი ნეკნი მაქვს ჩამტვრეული, აი, აქ… 35 კაცი ერთად ვიყავით კამერაში, ფეხზე ეძინა ხალხს. ყველა დღე ვუყურებდი ადამიანების ცემას…ჯიქია იყო „კამანდირი“, ვეკუა მე არ მახოვს დიდად,“ – მოჰყვა მოწმემ.

მოწმე ვაჟა ო.-ს ადვოკატებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ დაწერა საჩივარი. კითხვის საპასუხოდ მაშინვე კითხვა დაუბრუნა ადვოკატებს მოწმემ: „ვინ დაგაწერიებდა საჩივარს?“

„ექიმს თუ მიმართეთ და დადასტურდა თუ არა დაზიანებები?“ – ადვოკატების მორიგ კითხვასაც იმავე პათოსით უპასუხა ვაჟა ო.-მ:

„ვინ გამოგაძახებიებდა ექიმს? ექიმს დეიძახებდი და ჩათვალე, მაგარი ნაცემი იყავი“.

ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა – ორივე ბრალდებული ცემაში დაადანაშაულა მოწმე – ზაზა ნ.-მ. მოწმე მინდია ჩ.-მ კი, მოსამართლეს მოუყვა, რა ხდებოდა მაშინ, როცა პატიმარი ექიმის დახმარებას ითხოვდა:

„ექიმს როცა მოითხოვდი, მიიღებდი რეზინის ხელკეტს. ერთს ანალგინი ეწერა, მეორეს დიმედროლი და ასე შემდეგ. შეგეკითხებოდნენ, აირჩიე, რომელი გჭირდებაო…“ – აღნიშნა მინდია ჩ.-მ. მისი თქმით, პატიმრებს ძირითადად ე.წ. გასეირნების დროს სცემდნენ.

„გვცემდნენ ალბათ იმიტომ, რომ შეშინებული და დამცირებული ვყოფილიყავით. მიზეზი არასდროს უთქვამთ, რატომ გვცემდნენ… მე მეშვიდე საკანში ვიყავი. იქ მისვლამდე სხვა ოთახებისთვის უნდა ჩაგევლო. ხშირად მესმოდა პატიმრების განწირული კივილის ხმა. აი, ეს ადამიანები აკეთებდნენ ამას,“ – მოყვა მოწმემ და ბრალდებულებისკენ გაიშვირა ხელი.

სასამართლოში დაბარებული კიდევ ერთი მოწმის დაკითხვა იმ მიზეზით გადაიდო, რომ მას თარჯიმანი დასჭირდა. მოწმე გ.-მ სასამართლო დარბაზის დატოვებამდე თავი ვერ შეიკავა და აღელვებულმა ბრალდებულებს მიმართა:

„ყველას დავპატიჟებ აქ, ყველა მოვა და ისინი იტყვიან, რასაც მიკეთებდით თქვენ“.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: