მთავარი,სიახლეები

თურქეთის პირველი ქალი კონსული ბათუმში – ჩვენ სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე თვალი არ გვიჭირავს

06.04.2018 • 5788
თურქეთის პირველი ქალი კონსული ბათუმში – ჩვენ სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე თვალი არ გვიჭირავს

რა გეგმები აქვს თურქეთს საქართველოში და რა უნდა გააკეთოს ორმა ქვეყანამ ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. როგორია ორი ქვეყნის დიპლომატიური მომავალი ანტითურქული კამპანიის ფონზე და რატომ გააკეთა კონსულმა ბათუმზე არჩევანი. ამ თემებზე „ბათუმელები“ ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს, მაქბულე ქოჩაკს ესაუბრა.

ქალბატონო მაქბულე, როგორც ვიცი, თქვენ პირველი ქალი კონსული ხართ ბათუმში, წელს საქართველოში თურქეთის ელჩიც ქალია. როგორც ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს გენდერული ცვლილებები თურქულ პოლიტიკაში?

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო პირველი ქალი გენერალური კონსული. თუმცა, თბილისში ადრე მოღვაწეობდა ქალი კონსული დიჟლე ქოფუზი. ბოლო პერიოდში თურქეთში ქალების პოლიტიკაში ჩართულობა  უფრო აქტიურია. განსაკუთრებით, მართლმსაჯულების, განათლების და დიპლომატიის სფეროშია ქალების მაღალი ჩართულობა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც 40 პროცენტი ქალია დასაქმებული. ქალი ელჩები მსოფლიოს 51 ქვეყანაში  წარმოადგენენ თურქეთს.

ზოგადად მიჩნეულია, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალების გააქტიურება სამშვიდობო პროცესებში?

რა თქმა უნდა, მე, როგორც ქალს, მსურს, რომ ვიხილო მეტი ქალი პოლიტიკაში და ცხოვრების სხვა ასპექტშიც. ამისთვის კი თანაბარი პირობების შექმნაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა კარგი, ხარისხიანი განათლება მიიღონ. როცა ეს იქნება უზრუნველყოფილი, ქალიც დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ყველა სფეროში.

საქართველოში ჩამოსვლამდე რომელ ქვეყნებში მუშაობდით. შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ ვითარდებოდა თქვენი დიპლომატიური კარიერა?

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2001 წლიდან ვმუშაობ. ვიყავი კოპენჰაგენის საელჩოში თურქეთის წარმომადგენელი. ასევე  იტალიაში, რომის საელჩოში ვმუშაობდი, ბოლოს კი, ბაქოში ვმუშაობდი. ყველა საქმიანობა სხვადასხვა გამოცდილებას მანიჭებს, ყველა ადგილი განსხვავებულია და საკუთარი წვლილი შეაქვს პროფესიულ საქმიანობაში.

ბაქოში მუშაობის პერიოდში მქონდა შესაძლებლობა თვალყური მედევნებინა საქართველოსთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები ჩემი ბაქოში მუშაობის პერიოდში ხორციელდებოდა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აქ ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მქონდა პატივი დავსწრებოდი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნას, რომელშიც სამივე ქვეყნის მეთაურები მონაწილეობდნენ. ბათუმში ჩამოსვლა ჩემი სურვილი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

რატომ გინდოდათ საქართველოში ჩამოსვლა?

ეს რეგიონი ცნობილი იყო ჩემთვის, პოზიტიური დინამიკა იგრძნობოდა და ჩემთვის ნაცნობი გარემო იყო. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი დადებითი, სასარგებლო საქმეების მოგვარება შეგვიძლია ერთად.

როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით სჭირდება საქართველო-თურქეთს მეტი თანამშრომლობა და თუ ხედავთ რაიმე ტიპის პრობლემებს დღეს, რომელიც უნდა მოგვარდეს?

ჩვენ თითქმის ყველა სფეროში გაგვაჩნია თანამშრომლობა და ურთიერთობები. საქართველოს სიძლიერე და კეთილდღეობა არის თურქეთის სიძლიერეც. ჩვენ ასე მივიჩნევთ. მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების შენარჩუნება და დაცვა. ბათუმში ინვესტიციების 70 პროცენტი თურქულია. ჩვენ 20-ათასამდე ადამიანი გვყავს  დასაქმებული. ტექსტილის საწარმოები განსაკუთრებით ქალების დასაქმებას უწყობს ხელს.

სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება ერთობლივი წარმოების განვითარება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების საფუძველზე ერთობლივად წარმოებული ნაწარმის მესამე ქვეყნის ბაზარზე გატანა, ტურიზმის სფეროშიც უნდა გაიზარდოს თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია ისეთი ტურისტული პაკეტების შემუშავება, რომელიც ადამიანებს სამი ქვეყნის – საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მონახულების საშუალებას მისცემს.

სარფის გამშვებ პუნქტზეც მინდა გკითხოთ. მოქალაქეები საუბრობენ თურქი მებაჟეების მხრიდან არაკორექტულ მოპყრობაზე. თქვენი აზრით, რა არის შესაცვლელი ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ეს სერვისი?

სარფის გამშვები პუნქტი ყველაზე დატვირთული გამტარი პუნქტია. ყოველწლიურად ამ საზღვარს 7 მილიონამდე ადამიანი კვეთს. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები, რაც ბუნებრივია აფერხებს მომსახურებას. თუმცა ეს არ ამართლებს მებაჟეების ქცევას და ცუდ მოპყრობას.

როცა ჩვენამდე მოდის მოქალაქეების საჩივარი, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას და შესაბამისი უწყებები იწყებენ საკითხის მოკვლევას, შედეგებსაც გვაწვდიან. კამერების ჩანაწერებსაც ვსწავლობთ და მოთხოვნის შემთხვევაში ვაწვდით ქართულ მხარესაც.

ჩვენი პრიორიტეტია ორივე ქვეყნის მოქალაქეების კომფორტული მგზავრობა, ტურიზმისა და სავაჭრო ურთიერთობის ხელშეწყობა. ჩვენ ვმუშაობთ მარადიდის გამშვები პუნქტის გახსნაზეც. როცა ის გაიხსნება, ვფიქრობ, სარფის დატვირთვა შემცირდება.

იყო საუბარი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული რეგულაციების შეცვლაზე. რას უკავშირდება ეს და თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს ცვლილება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე?

ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება. შეჩერებულია. ქართველი მეგობრებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ ცვლილებამ უარყოფითად იმოქმედა საქართველოს მოქალაქეებზე და ეს რეგულაცია შეჩერდა. კომპეტენტურ უწყებებს შორის გრძელდება კონსულტაციები და მანამ, სანამ არ იქნება მოძიებული ისეთი მეთოდი, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის ინტერესები,  შენარჩუნდება ძველი პრაქტიკა.

ახალი რეგულაციების მიზანი კი კონტრაბანდასთან ბრძოლა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში ძალიან დიდია თურქული ინვესტიციების წილი და ეს კიდევ უნდა გაიზარდოს. შეგიძლიათ დაასახელოთ ციფრი, რამდენ ბიზნესმენს მოუმართავს თავისი უფლებების დაცვის მიზნით?

არის შემთხვევები, როცა საგადასახადოს კუთხით შექმნიათ ინვესტორებს პრობლემები, მაგრამ ეს არ არის ახალი შემთხვევები. საკმაოდ ძველი ამბებია და ამ საქმეების განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. ახალ შემთხვევას რაც შეეხება, უკმაყოფილება იყო იმის გამო, რომ გართულდა ბინადრობის მოპოვება. ჩვენ კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს მთავრობასთან და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ვაგვარებთ ამ საკითხებს. თურქული ინვესტიციების მიზანი აჭარაში არის ერთობლივად მოპოვება, მოგება და გაძლიერება.

ბოლო პერიოდში გაჩნდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ანტითურქული განწყობების გაძლიერებას ქვეყანაში. საქართველოში ამას რუსეთის რბილი ძალის გავლენას უკავშირებენ. თქვენ თუ ხედავთ ამ პრობლემას და როგორი უნდა იყოს ამ პრობლემის მოგვარების გზები?

დიახ, მეც შევამჩნიე, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილში არსებობს შეშფოთება ამ კუთხით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თურქეთის პოზიცია, მიდგომა ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ყველაზე კარგი პასუხი ამაზე იქნება ჩვენი მეგობრობის და თანამშრომლობის ყოველდღიური განმტკიცება. ჩვენი ქვეყნის მაღალი რანგის პირებს შორის ძალიან მაღალი მეგობრული ურთიერთობები არსებობს და ვფიქრობ, ხალხებს შორისაც უნდა გავაძლიეროთ ისეთი აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ადამიანების უკეთ გაცნობისკენ.

ვფიქრობ, ეს შეშფოთება და სტერეოტიპები უკავშირდება იმას, რომ ჩვენ საკმარისად არ ვიცნობთ ერთმანეთსა, არ გვესმის ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, ვისწავლოთ ერთმანეთის ენა, კულტურა, ამით შევძლებთ უკეთ გაგებას.

23 აპრილს თურქეთში  ბავშვთა დღე აღინიშნება, თურქეთში ქართველი ბავშვების ჯგუფები გაემგზავრებიან, რომლებიც ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ და გაუზიარებენ  მათ ქართულ კულტურას. თურქეთის 5 უნივერსიტეტში ისწავლება ქართული ენა. მეც ვსწავლობ ქართულს.

მინდა აღვნიშნო, რომ პირადად მე ღია ვიქნები კომუნიკაციისთვის და ნებისმიერს შეეძლება ჩემთან მოსვლა და მოსაზრების გაზიარება. ამით შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი შფოთვა.

საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად წერენ იმაზე, რომ თურქეთში თავისუფალი პროფესიის ადამიანების – ჟურნალისტების, ადვოკატების დევნა მიმდინარეობს და ეს ხდება ტერორიზმთან ბრძოლის სახელით. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ამის შეფასებისას უნდა გადავხედოთ თურქეთში და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ვინ აკეთებს, ვინ ავრცელებს ამას, რომ თურქეთში შეიზღუდა დემოკრატია? ამას ის ადამიანები ავრცელებენ, ვისაც არ სურთ თურქეთის განვითარება.

მე მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები მყავს მხედველობაში…

ვიცი და მეც სწორედ მათ ვგულისხმობ. იმიტომ, რომ თურქეთის წინააღმდეგ ახლა შავი პიარკამპანია მიმდინარეობს. ის ადამიანები  რეალურად არ არიან ჟურნალისტები, მათთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მათ ქვეყნის თითქმის ყველა სასიცოცხლო არტერიაში შეაღწიეს საქველმოქმედო ორგანიზაციების სახელით და ამით ცდილობენ დაფარონ ტერორისტული მიზნები.

იმის გამო, რომ თავის დროზე საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გადადგა საჭირო ნაბიჯები, უამრავმა სირიელმა დაკარგა საცხოვრებელი და სიცოცხლე. ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ სამოქალაქო საზოგადოება. თურქეთს არც ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე არ უჭირავს თვალი, ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენს უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ.

როგორ ფიქრობთ, რითი დაამახსოვრებთ ბათუმს თავს. რა იქნება თქვენი პრიორიტეტები, კონკრეტულად რის შეცვლას აპირებთ?

რა თქმა უნდა, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ მე მინდა ვახსოვდე საზოგადოებას ისეთ ადამიანად, რომელმაც შეძლო ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის არებული ურთიერთობების ერთი ნაბიჯით წინ წაწევა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: