განათლება,მთავარი,სიახლეები

სპეცმასწავლებლები სავარაუდოდ პედაგოგის სტატუსს მიიღებენ – რა ტრენინგებს გაივლიან ისინი

05.04.2018 • 12141
სპეცმასწავლებლები სავარაუდოდ პედაგოგის სტატუსს მიიღებენ – რა ტრენინგებს გაივლიან ისინი

სად და როგორ შეუძლიათ სპეციალურ მასწავლებლებს ტრენინგების გავლა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და როდის მიიღებენ სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლის სტატუსს სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მენეჯერს სალომე ჩარკვიანის ესაუბრა.

ქალბატონო სალომე, სპეციალურ მასწავლებლებს 2018 წელს რომელი ტრენინგ კურსის გავლა შეუძლიათ და როგორ უნდა ჩაერთონ ისინი ამ ტრენინგებში?

სპეცმასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს 120-საათიანი შესავალი კურსი სპეციალურ პედაგოგიკაში. ამ კურსის გავლა სპეცმასწავლებლებს წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ოღონდ სკოლამ უნდა მოგვმართოს. ეს წერილი ეგზავნება ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამას, შემდეგ კი ტრენინგების სამსახურში გადამისამართდება და ჩაეწერებიან სიაში.

რეგისტრაციიდან რამდენ ხა დროში შეუძლიათ მათ ტრენინგებში მონაწილეობა?

საქართველოში დაახლოებით 1 500 სპეცმასწავლებელია. ტრენინგ-ჯგუფში მინიმუმ 15-20 მასწავლებელი უნდა იყოს. თუმცა, გამონაკლისი შემთხვევაში, შესაძლებელია 10-12 ადამიანიც, თუკი ეს რეგიონებშია. რადგან მსურველი ბევრია, პედაგოგებს ხშირად უწევთ ლოდინი ჯგუფში მოსახვედრად.

გრაფიკი როგორ არის გაწერილი. ამ 120 საათს ეტაპობრივად გადიან თუ ინტენსიურად?

ეს არის ექვსმოდულიანი კურსი, სადაც შედგენილია ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, მოსწავლის ქცევის მართვის გეგმა, რთული ქცევის მართვა და ა.შ. ეს არის ის კურსი, რასაც ჩვენ კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს ვეძახით.

ძირითადად რა პროფესიის არიან სპეცმასწავლებლები?

იდეალურ შემთხვევაში კარგია, როცა სპეცმასწავლებელს რაღაც სპეციალური განათლება აქვს, რადგან  არსებობს ამის მიმართულებები. თუმცა, იმის გამო, რომ ასეთი მიმართულებიდან კადრების დეფიციტია, ჩვენ გვიწევს როგორც სკოლის მასწავლებლების გადამზადება, ასევე  ახალი კადრების შემოყვანა სკოლაში.

სპეციალურ მასწავლებელს სკოლაში არ აქვს მასწავლებლის სტატუსი და ის საქმდება როგორც ადმინისტრაციის წევრი. შესაბამისად, ეს ადამიანები არც მასწავლებლის პროფესიული და კარიერული  განვითარების სქემაში არიან ჩართული.

რატომ მოხდა ასე?

სპეცმასწავლებელს სკოლაში არ აქვს საათობრივი ანაზღაურება და, შესაბამისად, არც სქემით გათვალისწინებული აქტივობები მოეთხოვებათ. მათ აქვთ მოჭრილი ხელფასი. თუმცა, დღეს საუბარია იმაზე, რომ მათ უნდა მიენიჭოთ მასწავლებლის სტატუსი და მიეცეთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

გაზაფხულის სესიაზე ველოდებით, რომ სპეცმასწავლებლები მიიღებენ მასწავლებლის სტატუსს, შემდეგ კი განისაზღვრება კარიერული სქემაც და კომპეტენციაც. სტატუსის მიცემა მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან სპეცმასწავლებელს განვითარების შანსი ნაკლები აქვს და რომც ვითარდებოდეს, არ აისახება მის ანაზღაურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საათობრივად არ მუშაობენ, მათი შრომა არის ძალიან დიდი.

ტრენინგების დროს თბილისში უწევთ სპეცმასწავლებლებს ჩამოსვლა თუ თქვენ გადიხართ რეგიონებში?

როცა რეგიონის მასშტაბით გროვდებიან სპეცმასწავლებლები, ჩვენი რეგიონული კორდინაციის სამსახური უკავშირდება მათ, შეირჩევა ერთი კონკრეტული სკოლა და იქ ჩატარდება ტრენინგები.  თუმცა, როგორც აღვნიშნე, მინიმუმ 10 მასწავლებელი მაინც უნდა იყოს მსურველი, 2-3 მსურველის შემთხვევაში ტრენინგები ვერ ჩატარდება და მათ მოუწევთ ლოდინი.

თქვენ თქვით, რომ დაახლოებით 500-მდე ადამიანი გადამზადებული ამ მიმართულებით. როგორია ტრენინგების შედეგი?

სპეცკურსის გავლის ერთადერთი მიზანი არის მათივე სურვილი. ეს არ არის სავალდებულო ან კრედიტების მომტანი ტრენინგები, ეს ამ მასწავლებლების მოტივაცია. ამიტომ  ასეთი მოტივირებული ადამიანების შემთხვევაში ბევრად ადვილია მიზნის მიღწევა. ვფიქრობ, ეს ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული ჯგუფია განათლების სისტემაში.

არის შემთხვევები, როცა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ მაინც ვლინდება დისკრიმინაციის და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.რატომ ხდება ასე?

ინკლუზიური განათლება ჩვენი სისტემაში ჯერ კიდევ ახალია, გარდატეხა მოხდა, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. არსებობს სტიგმაც და არის კვალიფიკაციის ნაკლებობაც. უბრალოდ, როცა განსხვავებულ, რთულ ქეისებს აწყდებიან პედაგოგები, იქ იქმნება პრობლემა.

ტრენინგების დროს რამდენად რთულ  შემთხვევებს განიხილავთ?

ჩვენ გვაქვს პრაქტიკაზე დაფუძნებული კურსიც, რომელსაც რეგიონული სასწავლო ტური ჰქვია და ამ ტურის ფარგლებში ჩვენ ვამზადებთ დამატებით სპეცმასწავლებლებს. ისინი ჩამოგვყავს თბილისში, ერთი კვირა მუშაობენ უფრო მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლებთან და აკვირდებიან მათ ასეთი რთულ ქეისებზე მუშაობის დროს.

წელს თუ გაქვთ დაგეგმილი  ეს ტრენინგი და როდისთვის შეუძლიათ მსურველებს დარეგისტრირება?

120-კრედიტიან ტრენინგზე წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვმართონ და შევიყვანთ სიაში. პრაქტიკულ ტრენინგებს კი მაისისთვის ვაპირებთ, რეგისტრაცია მალე გამოცხადდება ჩვენს ვებგვერდზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: