კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

მოქალაქე ძველ ბათუმში, ისტორიულ სახლზე, დაშენების უფლებას ითხოვს

06.04.2018 • 3245
მოქალაქე ძველ ბათუმში, ისტორიულ სახლზე, დაშენების უფლებას ითხოვს

ბათუმში, ჟორდანიას #9-ში, ორსართულიან სახლზე დაშენების პროექტი ზონალურ საბჭოს გუშინ, 5 აპრილს წარუდგინეს. სხდომის თავმჯდომარემ, ლაშა ასლანიშვილმა, დღის წესრიგით განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთ ყველაზე რთულად გადასაწყვეტად ეს საკითხი დაასახელა.

ორსართულიანი, ისტორიული სახლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია და ძეგლის ფონურ ნაგებობას წარმოადგენს. პროექტი ზონალური საბჭოს სხდომაზე მეორედ გავიდა. პირველად მოქალაქე ხასან გორგაძე ამ სახლზე ორი სართულის დაშენებას ითხოვდა. მას უარი უთხრეს „სიმაღლის გამო“, ახლა კი ერთი სართულის დაშენების პროექტით მიმართა სააგენტოს.

სპეციალისტების შეფასებით, ამ უბნის არქიტექტურის დღევანდელი სახე, ძირითადად, ინარჩუნებს ავთენტურობას და განაშენიანების ისტორიულ კონტექსტს. გარდა იმისა, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, მასზე შემორჩენილია ძველი მასკარონები [ქვაზე გამოსახული ადამიანების სახეები], ქუჩას კი შენარჩუნებული აქვს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი სიმწყობრე.

პროექტის განმარტებით ბარათში, რომელსაც არქიტექტორი გრიგოლ გარუჩავა აწერს ხელს, ყურადღება გამახვილებულია საპროექტო ტერიტორიის გვერდით, ჟორდანიასა და ქუთაისის ქუჩების  გადაკვეთაზე მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„…მას ჩაუტარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაშენდა სართულები, ხუთსართულიანი სახლი წარმოადგენს სამ სართულს, მანსარდსა და მანსარდულ სართულზე მოწყობილ კიდევ ერთ სართულს. წარმოდგენილი საპროექტო წინადადება კი [ჟორდანიას 9-ში] ითვალისწინებს ერთი სართულის დაშენებას და მისი ნიშნული გაუსწორდება არსებული ხუთსართულიანი სახლის იატაკის დონეს, რომელიც წინასწარი აზომვითი ნახაზებით წარმოადგენს ტროტუარიდან 11,5 სანტიმეტრს. შენობის სართულიანობის სიმაღლის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია არსებული განაშენიანების სპეციფიკა. ქუჩის მხატვრული იერსახე და რიტმი. “

იმაზე, რომ მენაშენეები ნიშნულს იღებენ არა ფონური ნაგებობების სიმაღლიდან, არამედ კვარტალში არსებული ყველაზე მაღალი შენობიდან, სხდომაზე ლაშა ასლანიშვილი საუბრობდა. მისივე თქმით, მოქალაქეების კითხვებს და პროტესტს იწვევს უარი სიმაღლეზე, როცა გვერდით მდებარე შენობებს არც ისე შორეულ წარსულში დაშენების საშუალება მიეცათ. სააგენტოს დირექტორის თქმით, რამდენიმე ასეთი საქმე სასართლომ სააგენტოს უკან დაუბრუნა და მისი ხელახლა განხილვა დაავალდებულა.

კმდს-ის ზონალურ საბჭოს ამ პროექტზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სააგენტოს დირექტორი რეკომენდაციებისთვის პროექტის გადაგზავნას ჩუბინაშვილის „ძეგლთა კვლევის ცენტრში“ გეგმავს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: