შსს: ბათუმის ცენტრალურ პარკში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი იარაღით არ არის დაჭრილი

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ინფორმაციით, ბათუმის ცენტრალურ პარკში ნაპოვნ გარდაცვლილ ქალს თავის არეში ჭრილობა ჰქონდა. სასწრაფოში აცხადებენ, რომ მათ ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა და არ შეუძლიათ იმის თქმა, ჭრილობა დაცემამ გამოიწვია თუ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქალს ჭრილობა არც ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და არც ცივი იარაღით. უწყების ინფორმაციით, დაზიანება, სავარაუდოდ, დაცემამ გამოიწვია.

შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

პარკში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი 55 წლის იყო.

ბათუმში საქველმოქმედო ნახევარმარათონი იმართება [ფოტო]

დღეს, 19:30 საათიდან, ბათუმში, საერთაშორისო ნახევარმარათონი – THE GREAT BATUMI NIGHT RACE იმართება. საერთაშორისო ნახევარმარათონის ფარგლებში ბათუმს 32 ქვეყნიდან 700-მდე სტუმარი ეწვია. მარათონი ჯერ კიდევ გრძელდება.

ბათუმში ნახევარმარათონი წელს პირველად ტარდება. მონაწილეებს შორის არიან მსოფლიო დონის სპორტსმენები, საერთაშორისო მარათონების მონაწილეები გერმანიიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან.

მარათონის გამო საღამოს 19:00 საათიდან ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე შეზღუდული იყო. ნახევარმარათონის გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ – პირველ ადგილზე გასულს 2000-2000 ევრო, მეორე ადგილზე – 1500 ევრო, მესამე ადგილზე გასულს კი – 1000 ევრო.

 

 

ხვალ ქვეყნის მასშტაბით გარემოსდაცვითი ახალი კამპანია იწყება

ხვალ, 22 აპრილს, დედამიწის დღეზე ქვეყნის მასშტაბით იწყება კამპანია – „გარემოს გულისთვის“, რომლის მიზნია წაახალისოს ადამიანები, მონაწილეობა მიიღონ თავიანთი უბნების გალამაზებაში.

პროგრამას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით. კამპანიის ორგანიზატორები მოუწოდებენ კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს, მხარი დაუჭირონ მათ მწვანე აქტივობების განხორციელებაში.

„კამპანიასთან თანამშრომლობის მსურველ კომპანიებს, ორგანიზაციებს და ცალკეულ პირებს შეუძლიათ აირჩიოთ სპეციფიკური ადგილი, როგორიცაა: გზის განაპირა უბანი, სალაშქრო ბილიკი და ა.შ. აიღონ პასუხისმგებლობა სამი წლის განმავლობაში მის მოვლაზე.

CENN-ის მხარდაჭერით მოხდება ტერიტორიის პირველადი დასუფთავება, რის შემდეგაც მასზე დაიდგმება „საინფორმაციო ნიშანი“, რომელიც საზოგადოებას ამცნობს ამა თუ ორგანიზაციის ან ცალკეული პირის მიერ ტერიტორიის „შვილების“ შესახებ, რაც ტერიტორიის სულ მცირე, თვეში ერთხელ დასუფთავებაში გამოიხატება“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნულ კამპანია შთაგონებულია 1953 წელს აშშ-ში წამოწყებული კამპანიის – „შეინარჩუნე ამერიკის სილამაზე“, რომელმაც მილიონობით მოხალისის მობილიზება შეძლო.

კამპანიის – „ჩვენ გარემოსთვის“ ამოცანებია: სოციალური გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლება, დანაგვიანების აღმოფხვრა, გადამუშავების პრაქტიკის პოპულარიზაცია, საქართველოს ტერიტორიების გალამაზება.

 

 

 

რა ელით გამოცდაჩაბარებულ, მაგრამ სკოლის გარეთ დარჩენილ პედაგოგებს

პედაგოგიური განათლების მქონე რამდენი პირი ელოდება სკოლაში მუშაობის დაწყებას? – ჰკითხრა „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს.

სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციით,  გამოცდაჩაბარებულ 118 პირს სურდა 2016 წელს სკოლაში მუშაობის დაწყება. შარშან კი ეს რიცხვი გაიზარდა  198-მდე.

ეს პირები „არ არიან დაფიქსირებულები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში“, – მოგვწერეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პედაგოგებს საგნობრივი გამოცდა ჩაბარებული აქვთ, მაგრამ სკოლაში არ მუშაობენ.

განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ ასახავს სინამდვილეს.

„პედაგოგობის 198 მსურველი – ეს ციფრი არ შეიძლება იყოს რეალური, რადგან სხვადასხვა კვლევის მიხედვით, დაახლოებით 2000-მდე ადამიანია, ვისაც დადასტურებული აქვს კომპეტენცია, მაგრამ ვერ საქმდება საჯარო სკოლაში“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელები“ ასევე დაინტერესდა, ფლობს თუ არა განათლების სამინისტრო სრულ მონაცემებს იმის შესახებ,  განათლებით რამდენ პედაგოგს სურს პროფესიაში შესვლა. აღმოჩნდა, რომ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

უნდა ჰქონდეს თუ არა სამინისტროს ზუსტი ინფორმაცია სკოლაში შესვლის მსურველების შესახებ, ვისაც დადასტურებული აქვთ მასწავლებლის კომპეტენცია? – ჯანაშია ამბობს, რომ ასეთი ბაზა უნდა არსებობდეს, მაგრამ ხშირად, რამდენი მასწავლებელი მუშაობს დღეს სკოლაში, ეს მონაცემიც კი არ ემთხვევა ერთმანეთს.

„სამინისტროს მონაცემი არის სხვა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის – სხვა. ვერ გეტყვით, რატომ არ მუშაობს სამინისტრო ზუსტი ბაზების შედგენაზე. ალბათ არ უნდა გამოჩნდეს, რამდენი ადამიანია მასწავლებლობით დაინტერესებული“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელები“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა. ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ადამიანია დღეს სკოლის გარეთ, ვისაც ჩაბარებული აქვს საგნობრივი გამოცდა და დადასტურებული აქვს კომპეტენცია, არც მათ მოეპოვებათ.

„დაახლოებით ათასამდე პირი დარეგისტრირდა წელს საგნობრივ გამოცდაზე, ვისაც სურს სკოლაში შესვლა“, – გვითხრეს ცენტრში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი გვეუბნებიან, რომ საგნობრივ გამოცდაზე წელს, მთლიანობაში, 21 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა. აქედან რამდენია პრაქტიკოსი პედაგოგი და რამდენი – მასწავლებლობის მსურველი, ცენტრში ამ ინფორმაციას არ ფლობენ.

„პასუხი კითხვაზე, რომ, ვთქვათ, შეგვიძლია თუ არა, არაკვალიფიციურის უფრო კვალიფიციური პედაგოგებით ჩანაცვლება,  ამაზე არის. გარდა ამისა, არსებობს ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც განათლება აქვს მიღებული და შესაძლებლობის შემთხვევაში შეუძლია სკოლაში დასაქმება, მაგრამ არაფერს აკეთებენ ამისთვის, რადგან იციან, რომ ადგილები არ არის და მაინც ვერ შევლენ სკოლაში“, – გვეუბნება სიმონ ჯანაშია.

განათლების სპეციალისტის თქმით, ჩანაცვლების პრობლემა შეიძლება გაჩნდეს მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში, მაგრამ ქალაქის სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლებით ჩანაცვლების პრობლემა არ უნდა იყოს.

 

 

სამი ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს შშმ პირების შესახებ კანონპროექტის გასაჯაროებას სთხოვს

შშმ პირების უფლებებზე მომუშავე სამი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს. მათი მოთხოვნაა სამინისტრომ გაასაჯაროვოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

აღშფოთებას გამოვთქვამთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შექმნისა და დამუშავების პროცესის დახურულობის გამო. კანონპროექტს ამუშავებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და რამდენიმე, ძირითადად, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია. მათი პროექტები დიდწილად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, შესაბამისად, ისინი ორგანიზაციულად ამ სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული. ამასთან ჩართულნი არ არიან მკვლევარი და დამკვირვებელი ორგანიზაციები. კანონპროექტის სამუშაო ვერსია არ არის საჯაროდ მისაწვდომი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ინდივიდი აქტივისტებისთვის, რის გამოც მათ არ შეუძლიათ პოზიციის დაფიქსირება ან ახალი პრიორიტეტების ტექსტში შეტანაზე საუბარი.

მოქალაქეთა ჩართულობა და გამჭვირვალობა დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობის ფუნდამენტური პრინციპები და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ქვაკუთხედია. შშმ პირთა საყოველთაო, თანასწორობაზე დაფუძნებული და თავისუფალი ჩართულობა იმ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რომლებიც უშუალოდ მათ უფლებებს ეხება, გარანტირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წელს რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადამიანის უფლებების კონვენციით, ასევე ქართული კანონმდებლობით. სამოქალაქო ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს ევალება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულებებითაც.

მიგვაჩნია, რომ შშმ პირთა, მათი ორგანიზაციების, ასევე მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და ინდივიდი აქტივისტების თანასწორ საწყისებზე ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობა არ იქნა უზრუნველყოფილი იუსტიციის სამინისტროს მიერ.  კანონის ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე ფართო საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს არ მიეცათ საშუალება, წარმოედგინათ მოსაზრებები კანონპროექტის შინაარსთან, მასში შესატან პრიორიტეტულ საკითხთა თაობაზე.

შეშფოთებული ვართ, ვინაიდან დღესაც, კანონპროექტის ტექსტის სამუშაო ვერსიის ჩამოყალიბების შემდეგ ის არ ქვეყნდება და არც ამ ეტაპზე აქვთ დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს (პროცესში ჩართული რამდენიმე გამონაკლისი ორგანიზაციებისა და პირების გარდა) უკვე არსებულ ტექსტთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და რეკომენდაციების სახელმწიფო სტრუქტურებისთვის წარმოდგენის შესაძლებლობა. ვშიშობთ, რომ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ეტაპზე დაინტერესებული ფართო საზოგადოების/თემის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების განხილვა აღარ მოხდება კანონპროექტის შემუშავებაში რამდენიმე ორგანიზაციის ჩართულობისა და კანონის სწრაფად მიღების აუცილებლობის მოტივით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი ამავე კანონპროექტის ტექსტის სამუშაო ვერსიისა და განმარტებითი ბარათის თანახმად იქნება საქართველოში შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ჩარჩო, ანუ პრინციპების განმსაზღვრელი, ღირებულებათა მატარებელი კანონი. შესაბამისად, აუცილებელია მასში გაიწეროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების დაცვის საბჭოების, როგორც ჩართულობის ერთ–ერთი ოფიციალური ფორმის, არსებობა, მათი დაკომპლექტების ზოგადი პრინციპები, მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტის აღმომფხვრელი მექანიზმები და საბჭოების ფუნქციონირების ზოგადი პრინციპები.

ზემოთაღწერილი საგანგაშო ვითარებიდან გამომდინარე ვთვლით, რომ რაც არ უნდა მსხვილი და ავტორიტეტული ორგანიზაციები იყოს ჩართული პროცესში, ის ვერ ჩაითვლება ჩართულობად, თუ მასში მონაწილეობა არ არის მისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის:

  1. მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ოფიციალური წესით გამოაქვეყნოს კანონპროექტის ტექსტის ამ მომენტისთვის არსებული უახლესი ვერსია და პერიოდულად განაახლოს საჯაროდ მისაწვდომი ვერსია მასში ცვლილებების შეტანის პარალელურად.
  2. მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე კანონპროექტის ტექსტის შემუშავებაში ჩართულ სხვა უწყებებს, გაეცნონ, განიხილონ და გაითვალისწინონ და ასახონ კანონპროექტის სამუშაო ვერსიაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები. კონკრეტული რეკომენდაციების ასახვის შეუძლებლობის შემთხვევაში კი აღნიშნული დაასაბუთონ.
  3. ვთხოვთ საქართველოს სახალხო დამცველს, მოახდინოს სათანადო რეაგირება და მიმართოს საჯარო სტრუქტურებს პროცესის გასაჯაროებისკენ.
  4. ვთხოვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და ცალკეულ მოქალაქეებს, შეუერთდნენ ამ განცხადებას, ხელი შეუწყონ მის გავრცელებას მისი გაზიარებითა და გამოქვეყნებით.

ექსკლუზიური ინკლუზია არ გამოდის!

ხელმომწერი ორგანიზაციები:

შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფი „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისათვის“

„მარიანი“

„ქალი და რეალობა“

ბათუმში სავალუტო ჯიხური გაქურდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, ბათუმში, თბილისის მოედანზე ერთ-ერთი სავალუტო ჯიხური გაქურდეს.

დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

„რატომ ნატო“ – ესეების კონკურსის გამარჯვებული შუახევიდან

ანა ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ დღვანის მე-11 კლასში სწავლობს. ის პირველი ადგილის მფლობელი გახდა ესეების კონკურსში, – „რატომ ნატო“.

„კონკურსში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის თემა საინტერესოა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ევროინტეგრაციაში არის საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება.

შესაბამისად, ამ კონკურსმა მომცა შესაძლებლობა წარმომეჩინა ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

მე ვიცი, რომ ამ ნატოს მიზანი არის არა თავდასხმა, არამედ თავდაცვა. საქართველოსაც თავისი ისტორიის მანძილზე, მუდმივად უწევდა თავის დაცვა. დღესაც იგივე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, რადგან რუსული ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამბობს ანა.

ანა ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა  ევროკავშირის და ნატოს წინააღმდეგ, საკმაოდ ძლიერია და ამის შედეგებთან ბრძოლა ისევ გვიწევს.

„ჩემი თაობის ადამიანებშიც კი არის ამ პროპაგანდის გავლენა და მათგანაც მსმენია, რომ თუ ნატოში შევა საქართველო, დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დაიბრუნებს.

ან ის, რომ ნატო ჩვენ არ მიგვიღებს და ეს არის უიმედო მოლოდინი და მსგავსი მოსაზრებები. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ასე და ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა ყოველდღიურად ვითარდება.

რუსული პროპაგანდის შედეგია, როცა ადამიანების გარკვეული ნაწილი ისევ საუბრობს იმაზე, რომ  ევროკავშირი გვართმევს ეროვნულ ღირებულებებს, რყვნის ახალგაზრდობას და ასე შემდეგ.  მაგრამ რეალობაა, რომ სწორედ ევროკავშირთან ახლოს ყოფნით შეგვიძლია ვიყოთ უფრო ლიბერალური, განვითარებული და ჯანსაღად მოაზროვნე სახელმწიფო“, – ამბობს ანა.

ანას აზრით, მითები საკმაოდ საშიშია და მასთან ბრძოლა ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა როგორც ანა ამბობს, დღეს, ყალბ ინფორმაციასთან ერთად  ხელმისაწვდომია ობიექტური ინფორმაციაც და „თუ ადამიანი მოისურვებს სიმართლის გაგებას, ამასაც შეძლებს“.

„მეც ვყოფილვარ მითების გავლენის ქვეშ, მაგრამ როცა მოვისმინე ალტერნატიული ინფორმაცია, ვკითხულობდი, ვერთვებოდი სხვადასხვა სახის საინფორმაციო აქტივობაში, სემინარებში, გავთავისუფლდი ამ მითების გავლენისგან და დღეს უკვე შემიძლია არგუმენტირებულად ვესაუბრო იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება ევროპულ ღირებულებებში.

ვიცი, რომ ევროკავშირი და ნატო კი არ არის ქართული ღირებულებების მტერი, არამედ პირიქით, ეს ორგანიზაციები არის საშუალება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და კეთილდღეობა“, -გვეუბნება ის.

ესეების კონკურსი სულ 15 საუკეთესო კონკურსანტი შეირჩა. აქედან სამი, საპრიზო ადგილზე გავიდა.

ანა ამბობს, რომ უყვარს წიგნების კითხვა, მომავალში ფსიქოლოგობას აპირებს. „ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა წიგნების ვაუჩერით დამასაჩუქრეს“, – გვეუბნება ის.

ესეების კონკურსი აჭარის განათლების სამინისტროს და საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით მოეწყო, რომელიც ნატოს დღეების ფარგლებში ჩატარდა.

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებს თავიანთ ნაშრომებში ეჩვენებინათ, თუ როგორ ესმით მათ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, რას უნდა ველოდოთ ნატოსთან ინტეგრირების შედეგად და რას გულისხმობს მის სტანდარტებთან დაახლოება.

ავარია მსხვერპლით – მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ პოლიციაში თავად გამოცხადდა

გუშინ, 19 აპრილს, ავტოავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა – შემთხვევა ქობულეთში მოხდა. გარდაცვლილი ქალის ერთ-ერთი კოლეგის თქმით, მძღოლი ავარიის ადგილს შეუჩერებლად გაეცალა – დაზარალებული განსაცდელში მიატოვა. იგივე პირის თქმით, ავტომანქანა მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა.

„ბათუმელებმა“ შს სამინისტროში გადაამოწმა, დადგენილია თუ არა მძღოლის ვინაობა. უწყებაში გვითხრეს, რომ მძღოლი წუხელ საღამოს თავად გამოცხადდა პოლიციაშია. მძღოლი არ დაუკავებიათ.

„ვიდრე ექსპერტიზის პასუხი არ იქნება მას არ დააკავებენ“, – გვითხრეს სამინისტროში.

ფაქტს პოლიცია  იძიებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი 47 წლის იყო.

ბათუმში „ქართული ოცნების“ ახალი ხელმძღვანელი ლაშა კომახიძე იქნება

ორშაბათს, 23 აპრილს ბათუმში „ქართული ოცნების“ ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიონ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში ქართულ ოცნებას“ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს.

მმართველი პარტიის ყრილობას, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. შეხვედრა სასტუმრო „შერატონშია“ დაგეგმილი.

ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი იყო. მას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა.

 

 

გამოიცანი სვანური სიტყვები [ტესტი]

სვანური ენა ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. სვანურად მოსაუბრეთა რაოდენობა თანდათან  იკლებს და ეს ენა გაქრობის საშიშროების წინაშე დგას.სვანურ ენას სხვადასხვა დიალექტი აქვს: ზემოსვანურს მიეკუთვნება: ბალსზემოური და ბალსქვემოური, ქვემოსვანურს, კი – ლაშხური, ლენტეხური და ჩოლურული. შეავსეთ ტესტი და გამოიცანით, რას ნიშნავს ქვემოთ მოცემული სვანური სიტყვები.

მოისმინეთ, როგორ ჟღერს სვანური ენა:
https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2018/04/svanuri-ena.m4a?_=1

 

მეტი სვანეთის შესახებ

„დეცე ლახვრა” – ცის ფანჯარა კავკასიონზე

საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა

დღეს ბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხის ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმა ისე დაამტკიცა, საკრებულოს არც ერთ წევრს კითხვა არ დაუსვამს. მათ მხოლოდ ის დააზუსტეს, რომ საკითხი ეხებოდა მწვანე კონცხის ტერიტორიას და ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იდგა რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის „ძეგლის ნანგრევი“. ამაზე მათ საკრებულოს თავმჯდომარემ განუმარტა, რომ „არსებული იერსახის შენარჩუნება“ მოთხოვნებში იყო  ჩადებული.

„აჭარის კურორტების“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები, რომელთა განაშენიანების გეგმაც დღეს დამტკიცდა, ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფსა“ და მის პარტნიორებს. 

საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, მათ სხდომა ცოტა ხნით ადრე პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომას არც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი რაულ თავართქილაძე ესწრებოდა.

საკრებულოს დადგენილების დანართის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია მოიცავს ექვს საკადასტრო ერთეულს, რომელიც პირობითად სამ ზონადაა დაყოფილი. მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი კი 38 484 კვადრატული მეტრია.

ამ საკადასტრო ნაკვეთებზე განთავსებულია ძველი შენობები, რომლებსაც წარსულში სასტუმროსა და საცხოვრებლის ფუნქცია ჰქონდათ, მათ შორის რამდენიმეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რამდენიმეც ფონური ნაგებობაა.

საუბარია XIX-XX საუკუნის ნაგებობებზე, რომელთა უმეტესობაც, სპეციალისტების შეფასებით, ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია და აღდგენას საჭიროებს. მათ შორისაა: დასასვენებელი სახლი “მწვანე კონცხი” [ყოფილი ბარტინსკის სახლი] და სანატორიუმი “აჭარა” [ყოფილი რატიშვილის სასახლე]. მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა ასევე ყოფილი “პიონერთა ბანაკის” შენობაც.

უკვე დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით, არსებული შენობების რეაბილიტაციასთან ერთად, ტერიტორიის განვითარების კონცეფცია გულისხმობს დასასვენებელი კომპლექსის მოწყობას.

პროექტის მიხედვით, პირველ ზონაში განლაგებული იქნება “თაუნჰაუსის” ტიპის შენობები, გასაქირავებელი სეზონური სახლები და სასტუმრო. მეორე ზონის პროექტი ითვალისწინებს არსებული შენობის რეაბილიტაციას, რომელიც დაიბრუნებს სასტუმროს ფუნქციას. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება დამხმარე ნაგებობები, ადმინისტრაციული შენობა და ღია აუზი [სპა ].

მესამე ზონა მოიცავს აპარტოტელის, სასტუმროს, გასაქირავებელი სახლების, რესტორნისა და აუზის კომპლექსს, სადაც გათვალისწინებულია ნაკვეთზე არსებული ორი შენობის რეაბილიტაცია და სასტუმროს ფუნქციით დატვირთვა.

გენგემაში ასევე ნათქვამია, რომ რელიეფი და გამწვანება მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული.

პროექტების მიხედვით, შენობების უმეტესობა „წარმოადგენს ტერასულად განლაგებულ სართულებს გამწვანებული სახურავებითა და გახსნილი ხედებით. შენობების სართულიანობა მერყეობს 2-დან 4 სართულამდე.“

გათვალისწინებულია მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები, რომელთა რაოდენობაც შესაძლოა დაზუსტდეს კონკრეტული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე.

გენგეგმაში ნათქვამია, რომ მწვანე კონცხის ამ არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა ადგილობრივი ბუნებრივი პოტენციალის გამოყენებას და არსებული ნაგებობების გაცოცხლებას გულისხმობს.

ექვსივე ნაკვეთი იმ ქონების [21 ობიექტი] ნაწილია, სადაც ე.წ. „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ.

21 ობიექტი, ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას მიჰყიდა. ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციის განხორციელების სურვილი მაშინ „სილქ როუდ ჯგუფმა“ გამოთქვა, მიზანი აჭარაში ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წელს ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. „სილქ როუდმა“ გადაცემული ქონების ნაწილი სახელმწიფოს დაუბრუნა, ნაწილი კი დაიტოვა საკუთრებაში, მათ შორის ეს 6 ნაკვეთიც.

2016 წელს, სამინისტროსთან ახალი შეთანხმების გაფორმების შემდეგ, „სილქ როუდ ჯგუფმა“ განაცხადა, რომ ბათუმში 2006 წელს მისთვის გადაცემულ ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ დაფინანსებით „სილქ თაუერს“ ააშენებს. მანამდე ამ ტერიტორიაზე „ტრამპ თაუერის“ აშენება იგეგმებოდა, თუმცა ეს მშენებლობა „სილქ როუდ ჯგუფმა“ დამოუკიდებლად ვერ წამოიწყო.

 

 

მოსწავლის გარეშე დარჩენილი სკოლა [ფოტოამბავი]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კანტაურის დაწყებითი სკოლის კარი 2017- 2018 სასწავლო წელს ჩაირაზა – სკოლას მოსწავლე აღარ ჰყავს.

წლების წინ ამ სოფელში სრულ საბაზო განათლებას იღებდნენ, შემდეგ სკოლა დაწყებითი, საბოლოოდ კი, მოსწავლის გარეშე, უფუნქციოდ დარჩა.

სკოლის შესასვლელში ახლა ძაფზე აკინძული თამბაქოს ფოთლებია გაკიდული.

ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო

მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ეს სკოლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით გაარემონტა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კანტაურში 76 ადამიანი ცხოვრობს. 2002 წელს ამ სოფელში 276 ადამიანი ცხოვრობდა.

ახალი სახელმძღვანელო აჭარის საჯარო სკოლებისთვის

დღეს, 20 აპრილს, რესურსცენტრებს აჭარის საჯარო სკოლებისთვის გადასაცემი ახალი სახელმძღვანელოები გადასცეს. სახელმძღვანელო დამატებითი სასწავლო რესურსია სკოლებისთვის. სასწავლო მოდული კონსერვაციული განათლების შესახებ აჭარის სკოლებისთვის  არის მომზადებული.

ოფიციალური ინფორმაციით, სასწავლო რესურსის მთავარი მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაა ადამიანისა და გარეული ცხოველების ურთიერთდამოკიდებულებაზე. ასევე, ველური ბუნების უმნიშვნელოვანეს როლზე ეკოსისტემების ფუნქციონირებისთვის, მის რეკრეაციულ, ესთეტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობასა და კონსერვაციის აუცილებლობაზე.

„სახელმძღვანელო „შავი ზღვის ეკოაკადემიის“ ექსპერტთა მიერ არის მომზადებული და ეფუძნება მათ მიერვე 2015 წელს აჭარაში ჩატარებულ „ადამიანისა და გარეული ცხოველების საბაზისო კვლევას,“ – ნათქვამია განათლების სამინისტროს ოფიციალურ განმარტებაში.

აღნიშნული კვლევა და სასწავლო მოდული „შავი ზღვის ეკოაკადემიამ“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) დაკვეთით მოამზადა.

როგორც განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, ამ მიმართულებით ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ საჯარო სკოლების 200 გეოგრაფიის პედაგოგიც გადაამზადა.

სულ დაიბეჭდა 700 სახელმძღვანელო, რომელიც გეოგრაფიის პედაგოგებსა და რესურსცენტრებს გადაეცემა, „შემდეგ კი სკოლის ბიბლიოთეკებში შევა,“ – გვითხრეს სამინისტროში.

„სასწავლო მოდული ხელს შეუწყობს მაღალმთიან აჭარაში გარეული ცხოველების მიერ შინაურ ცხოველებზე თავდასხმების რისკის შემცირებას შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების სწავლებით,“ – ნათქვამია განმარტებაში.

 

 

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, 17-20 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

ღონისძიებების ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, ააიპ დღის ცენტრ ,,იალქანის’’ ბენეფიციარებისათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (პეტრას ციხე, ოქროპილაურას ციხე, მახუნცეთის თაღოვანი ხიდი, ახალციხის ისტორიული ციხე-კომპლექსი, გელათის მონასტერი) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მათთვის ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: ,,ჩემი მემკვიდრეობა’’.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის რაობის, კლასიფიკაციის, მნიშვნელობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.

კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობების მიზანი იყო აჭარის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ცნობიერების გაზრდა.

ეს დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.

ლევან გორგილაძის საინფორმაციო შეხვედრა მშობლიურ სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე

ნატოს დღეების ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან გორგილაძე, დღეს პროექტში „დაბრუნება სკოლაში“ /Back to school – ჩაერთო და მშობლიურ ვაიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს ლევან გორგილაძე, ირმა გაბინაშვილი და ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი პასუხობდნენ
მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს ლევან გორგილაძე, ირმა გაბინაშვილი და ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი პასუხობდნენ.

ლევან გორგილაძე ახალგაზრდებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა ჰარმონიზაციისა და მითების საკითხს და მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მიღების სწრაფვისკენ მოუწოდა. საუბრისას მოიშველია მაგალითები, თუ როგორ შეძლო ჩაებარებინა წლების წინ ვაიოს სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში და როგორი გახლავთ მისი წარმატების გზა.

შეხვედრას ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი ესწრებოდა, რომელმაც მუნიციპალიტეტის მერი პროექტში აქტიურად ჩართვისთვის სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვა.

ლევან გორგილაძე ახალგაზრდებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა
ლევან გორგილაძე ახალგაზრდებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

პროექტის მიზანია საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეების ინფორმირება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული აქტივობების საშუალებით, ახალგაზრდები მეტ ინფორმაციას იღებენ ნატოს ფუნქციების, მიზნების, პრინციპების შესახებ, აგრეთვე ნატო – საქართველოს ურთიერთობისა და ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.

მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს ლევან გორგილაძე, ირმა გაბინაშვილი და ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი პასუხობდნენ.

ნატოს დღეები საქართველოში საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

წელს ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება.

უმაღლესი საბჭო 8 ათას ლარს საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად დახარჯავს

„სპეციალური კავშირგაბმულობა“ – უმაღლესი საბჭო წელს ამ მომსახურებაში 8 ათას ლარს დახარჯავს. ამას ემატება 4 ცალი რაციის აპარატი – 480 ლარად.

სპეციალური კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის უფლება უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მიიღო. სააგენტოსთვის მიწერილ წერილში უმაღლესი საბჭო წერს, რომ ეს მომსახურება „სახელმწიფო ორგანოებთან უწყვეტი და დაცული კავშირის უზრუნველსაყოფად“ არის საჭირო.

„ჩვენ ამაზე მივიღეთ თანხმობა და ხელშეკრულება გაფორმდა სსიო „სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოსთან“. კანონის მიხედვით, მხოლოდ ამ ორგანოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება განახორციელოს სპეციალური კავშირგაბმულობის მომსახურება,“ – გვითხრა ილია თურმანიძემ, უმაღლესი საბჭოს აპარატის ლოჯისტიკის და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

რატომ სჭირდება უმაღლეს საბჭოს „სპეციალური კავშირები“? – ამ უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ მომსახურებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი სარგებლობს.

„ასე იყო ადრეც. ეს არის ე.წ. სამთავრობო ხაზი და გამოიყენება უწყებათა შორის საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადასაცემად“, – აცხადებენ უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში. აქ მთავრობის დადგენილებაც გვაჩვენეს, სადაც განმარტებულია:

„საქართველოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებასა და კერძო ორგანიზაციაში, სადაც ხორციელდება საიდუმლო საქმისწარმოება, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის (გარდა ტაქტიკური დანიშნულების დახურული რადიო და რადიოსარელეო კავშირების საშუალებით, აგრეთვე, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის ფარგლებში გადაცემული საიდუმლო ინფორმაციისა) შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებებით უწყებათაშორისი მიმოცვლისათვის (სატელეფონო, ვიდეო-აუდიო და ტექსტური ფორმატით) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემა. აღნიშნულ დაწესებულებებში დაუშვებელია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებებით გაცვლისთვის სხვა სატელეფონო და მონაცემთა გადაცემის სისტემების გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“

რაც შეეხება რაციების აპარატებს – უმაღლესმა საბჭომ 4 ცალი პორტატული ხელის რაცია საორგანიზაციო განყოფილებისთვის შეიძინა. პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება შპს „რაცია.ჯი“-სთან გაფორმდა.

„საორგანიზაციო განყოფილებამ ითხოვა რაციის აპარატების შეძენა. მათ ეს მოქალაქეთა რეგულირებისთვის დასჭირდათ, წერილი 6 მარტს შემოვიდა და განხორციელდა შესყიდვა,“ – გვითხრა ილია თურმანიძემ, უმაღლესი საბჭოს აპარატის ლოჯისტიკის და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

რაციის აპარატების შეძენაზე ხელშეკრულება 4 აპრილს გაფორმდა. კომპანიამ უმაღლეს საბჭოს რაციის აპარატები 25 აპრილამდე უნდა მიაწოდოს.

სოფელ ხალაში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს [ფოტოამბავი]

სოფელ ხალაში მოსახლეობის მიერ ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, სატყეო სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, 15 აპრილს პარკის ტერიტორიაზე გაუშვეს.

მსგავსი შემთხვევები აჭარაში პერიოდულად ხდება. გასულ წელს მოსახლეობამ ახალშენში იპოვა შველი, რომელიც შემდეგ თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს2017 წლის გაზაფხულზე აჭარაში მურა დათვის ბელიც იპოვეს. 

ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

 

40 ათასი კილომეტრი 26 ქვეყანაში – ქედელი ველოსიპედისტის მოგზაურობა

ქედელი ველოსიპედისტის, ნოდარ ბერიძის ველომოგზაურობა 2014 წელს დაიწყო, როდესაც უკრაინაში მსოფლიოს არაერთგზის რეკორდსმენის, ცნობილი ველომოგზაურის, ჯუმბერ ლეჟავას თხოვნით ველოტური მოაწყო. ამბობს, რომ დღეს მისი დევიზი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან ერთად, მსოფლიო ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის  პროპაგანდაა და ამ მისიით 2014 წლიდან დღემდე 26 ქვეყანაში 40 000 კილომეტრი  ველოსიპედით გაიარა.

„2014 წელს ჯუმბერ ლეჟავას უკრაინაში ველოტური ჰქონდა დაგეგმილი, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მისი თხოვნით, პროექტი უკრაინაში მე განვახორციელე. ორ თვე-ნახევარში „უკრაინის ველოტურში“ 5 000 კილომეტრზე მეტი გავიარე და როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მითხრეს, თუ შეგიძლია, ნუ გაჩერდებიო და მეც აღარ გავჩერებულვარ.

უკრაინის ტურს რამდენიმე ტური მოჰყვა. ბოლო, მეშვიდე ველოტურის -„საქართველო მშვიდობისათვის“  ფარგლებში 2016 წლის 22 იანვარს თბილისიდან ავიღე სტარტი, გავიარე რამდენიმე ქვეყანა: აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი, პორტუგალია, საფრანგეთი….“ – ჰყვება ნოდარი.

ფოტო: ნოდარ ბერიძის ფეისბუქგვერდიდან
ფოტო: ნოდარ ბერიძის ფეისბუქგვერდიდან

ამბობს, რომ პროფესიონალი ველოსიპედისტი არ არის, პროფესიონალი ველოსიპედისტები დღეში 250-400 კილომეტრს გადიან, ჩემი მაჩვენებელი 150 კილომეტრია, ეს ჩემთვის ნორმაა და არც ვცდილობ მაჩვენებელი გავზარდო, ჩემი მთავარი მიზანი მაინც ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებააო – აღნიშნავს.

47 წლის ქედელი ველომოგზაური პროფესიით მშენებელია.  მას სპონსორი არ ჰყავს, ამბობს, რომ ბანკიდან აღებული სესხით მოგზაურობს.

„რომელ ქვეყანაშიც შევდივარ, წინასწარ მოგვარებული მაქვს საკითხები. ვმოგზაურობ ველოსიპედით, რომელიც დღემდე არც კი გამომიცვლია. რა თქმა უნდა, მოგზაურობა და თან ევროპაში,  ძვირი სიამოვნებაა, მინიმუმ ერთი დღე 30 ევრო მიჯდებოდა, თუმცა ეს საკითხებიც მოგვარებადია“.

ამსტერდამში. ფოტო: ნოდარ ბერიძის ფეისბუქგვერდიდან

მოგზაურობის რამდენიმეწლიან ისტორიაში პირადი რეკორდი საფრანგეთში, 36 საათში გავლილი 310 კილომეტრია. ამბობს, რომ ჩვეულებრივ, კვირაში ექვს დღეს მოგზაურობს, დღეში კი 150 კილომეტრს გადის. გვიყვება, რომ არც კარავი აქვს, თუმცა არ გვეუბნება, ღამეს სად ათევს:

„მე არ მაქვს ის დრო, კერძები მოვამზადო, არ მაქვს კარავი, არც ქუჩასა და მინდორში ვიძინებ…  ჩემი მისიაა ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე ჯანსაღ ცხოვრებაზე, მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის პროპაგანდაზე ვისაუბრო. ენის პრობლემა არ მქონია, ვსაუბრობ რუსულად, მეტ-ნაკლებად – თურქულად, სამწუხაროდ არ ვიცი ინგლისური, თუმცა სიტყვის მარაგი მაქვს და იმედი მაქვს, ამ ენასაც მალე ვისწავლი, ესპანური ენის შესწავლაც მინდა…ჯერ ყველაფერი წინ არის…“ – ამბობს ნოდარი.

ფოტო: ნოდარ ბერიძის ფეისბუქგვერდიდან

მისი სამომავლო გეგმები ისევ მოგზაურობას უკავშირდება. გეგმავს საერთაშორისო პროექტი  – „მშვიდობის გზა“ განახორციელოს, სტარტი 21 სექტემბერს აიღოს და მინიმუმ ორ წელიწადში 50 ქვეყანაში 50 000 კილომეტრი დაფაროს.

ეს იქნება მუდმივი ტურისტული ველომარშრუტი, შემეცნებითი, გამაჯანსაღებელი. ნებისმიერი მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ ტურში. ჩვენი საშუალო სიჩქარე 10-20 კილომეტრი იქნება საათში, მაგრამ სიჩქარე მაინც ადგილსა და გზის რელიეფზეა დამოკიდებული.“ – ამბობს ნოდარი.

ფოტო: ნოდარ ბერიძის ფეისბუქგვერდიდან

ყოფილი პატიმარი: შეიძლება დედის სახე დამავიწყდეს, მაგრამ მათი – არასოდეს

„აი, ეს არის“, – თქვა ყოფილმა პატიმარმა და ადვოკატის გვერდით გაიშვირა ხელი, სადაც ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები: ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა ისხდნენ. ადვოკატმა მას ჰკითხა, შეეძლო თუ არა უშუალოდ გიორგი ვეკუას ამოცნობა.

„შეიძლება, საკუთარი დედის და მამის სახე დამავიწყდეს, მაგრამ ამათი სახე არასდროს დამავიწყდება,“ – თქვა ყოფილმა პატიმარმა, რომელმაც დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჩვენება მისცა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი „ციხის ყოფილი უფროსების“ საქმის განხილვას განაგრძობს. პროკურატურა ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ისინი ციხეში. ამ საქმის განხილვა სასამართლომ 2014 წლის 4 მარტს დაიწყო. წლის ბოლომდე სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ყოფილი პატიმრის, ვარკეს ა.-ს თქმით, აღარ ახსოვს, რამდენჯერ სცემეს მას ბათუმის ციხეში, როცა იგი 2010 წელს წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

„რომ შემიყვანეს, მას შემდეგ მცემდნენ. მიზეზი არ ვიცი, რატომ. როცა მოუნდებოდათ, მაშინ გვცემდნენ… თავი მქონდა გატეხილი. ექიმმა მნახა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ექიმის მოთხოვნაზე ისევ გცემდნენ. ზაზა ჯიქია უშუალოდ მცემდა. გიორგი ვეკუა პირადად არ იღებდა ცემაში მონაწილეობას, მაგრამ ორჯერ დავინახე, იქვე იდგა, არაფერზე არ რეაგირებდა. მეტი რა გითხრათ? აღდგომა არ იცოდნენ ამ უჯიშოებმა და ახალი წელი. აღდგომასაც სცემეს იმ დღეს მოყვანილი პატიმრები“, – თქვა ვარკეს ა.-მ. მას მოსამართლემ მოუწოდა, თავი შეეკავებინა შეურაცხყოფისგან.

„არა, ეს არაა შეურაცხყოფა,“ – აღნიშნა მოწმემ.

„ესენი სასჯელს უნდა იხდიდნენ ახლა და მიყურებენ. აგერ არიან და ვკითხოთ – რის გულისთვის მირტყამდი?“ – ეს შეკითხვა ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს –  ზაზა ჯიქიას ყოფილმა პატიმარმა ალექსი ბ.-მ დაუსვა. ბრალდებულებს კითხვისთვის პასუხი არ გაუციათ. უხერხული დუმილი ისევ ყოფილმა პატიმარმა დაარღვია:

„ღამით ხშირად მაღვიძებს ცოლი, ვბოდავ… ვერ ვივიწყებ ამ ყველაფერს. მე მოვითხოვ, რომ ესენი უმკაცრესად დაისაჯონ, ბატონო მოსამართლევ,“ – აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა.

ამ ეპიზოდამდე პროკურორი რამაზ შავაძე ცდილობდა გარკვევას, რის გამო სცემდნენ პატიმრებს. „იყო თუ არა თქვენთვის ცნობილი, რის გამო გირტყამდნენ, რის გამო გამცირებდნენ?“ – იკითხა პროკურორმა.

ყოფილმა პატიმრებმა ცემასა და დამამცირებელ მოპყრობაში ძირითადად რეჟიმის ყოფილი უფროსი – ზაზა ჯიქია დაადანაშაულეს. ციხის ყოფილი უფროსის, გიორგი ვეკუას შესახებ კი თქვეს, რომ მასთან უშუალო შეხება არ ჰქონიათ.

„უშუალო შეხება არ გვქონია, მაგრამ გიორგი ვეკუა იყო უფროსი, მის გარეშე როგორ გაკეთდებოდა რამე?“ – იკითხა ალექსი ბ.-მ.

„ეს თქვენი დასკვნაა, თუ მოისმინეთ სადმე, რომ გიორგი ვეკუა ზაზა ჯიქიას დავალებებს აძლევდა?“ – იკითხა ადვოკატმა.

„ჩემი დასკვნაა ეს,“ – თქვა ყოფილმა პატიმარმა.

კიდევ ერთმა ყოფილმა პატიმარმა, ლევან ს.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ ციხეში მრავალჯერ ცემის შედეგად მხედველობა დაუქვეითდა.

„არასდროს მიმიმართავს ვინმესთვის, რომ მცემეს… რა აზრი ჰქონდა. ვხედავდი, ვინც რამე თქვა, ხელახლა სცემეს. გვცემდნენ ხელკეტებით, ფეხებით, ხელებით. გვცემდნენ ისე, რომ არ ვიცოდით, რა უნდოდათ ჩვენგან.

პირველად ზაზა ჯიქიამ მცემა. არ ვიცოდი, ვინ იყო. საკანში რომ ავედი, აღვწერე მისი გარეგნობა და მითხრეს, „ნინძა“ იქნებოდაო. ასე ეძახდნენ თურმე ზედმეტსახელად ზაზა ჯიქიას.

თვალებში ვეღარ ვიხედები ახლა… თავს ვეღარ ვაკონტროლებ, ნერვები მეშლება უკვე ყველაფერზე,“ – აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი დღევანდელ სხდომაზე კიდევ რამდენიმე ყოფილი პატიმრის ისტორიას მოისმენს.

რა სიახლეები იქნება სექტემბრიდან სკოლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართული ენის გაკვეთილებისთვის ცალკე საათები გამოიყოფა.

ახალი საათობრივი ბადის მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურას ყველაზე მეტი საათი აქვს დათმობილი. ანუ ეს საგანი კვირაში ხუთჯერ არის ჩასმული. ლია გიგაურის თქმით, სკოლებს უფლება აქვთ, თვითონ გადაწყვიტონ, აქედან რამდენ საათს დაუთმობენ ენის კომპონენტს (გრამატიკას) და რამდენ საათს ლიტერატურას.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, უცხო ენის (ინგლისურის) სწავლება პირველი კლასიდან დაიწყება. „არა წერა-კითხვის შესწავლით, არამედ ზეპირი მეტყველებით, თამაშით მოხდება ენის შესწავლა,“- გვეუბნება მინისტრის მოადგილე.

ახალი სასწავლო წლდან სიახლე იქნება ის, რომ დაწყებით საფეხურზე გაკვეთილის ხანგრძლივობა 5 წუთით შემცირდა. ასევე, ახალი გეგმის მიხედვით, მოსწავლეები პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, ე.წ. ნიშნებით აღარ შეფასდებიან.

დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ  ფიზიკურ აღზრდას და სახელოვნებო საგნებს საათები არ მოაკლდება. „სკოლებს ამ საგნებში საათების შემცირების უფლება არ ექნებათ,“-ამბობს ლია გიგაური.

ბათუმში, სარდაფში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე შენობის სარდაფში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს, პირველადი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

შავ ზღვაში მესამე საზღვაო ექსპედიცია დასრულდა – კვლევის შედეგები თვის ბოლომდე გამოქვეყნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა მესამე საზღვაო ექსპედიცია დაასრულა.

თევზჭერა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე – თევზსაჭერი ბადის გამოყენებით განხორციელდა.  სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით მოხდა არსებული რესურსების სკანირება.

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

სპეციალისტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე, შავ ზღვაში თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შესახებ  ინფორმაცია დამუშავდა. ასევე, დააკვირდნენ ზღვის ძუძუმწოვრებს. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღებული მასალა და სინჯების დამუშავება უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის და საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, სანაპიროს ბიოლოგიური მონიტორონგი დაიწყო. მონიტორინგი წელს პილოტური ხასიათისაა, 2019 წლიდან კი კვლევა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.

ბიოლოგიური მონიტორინგი მოიცავს ყველა ჰიდრობიოლოგიური ფრაქციის ანუ ზღვაში არსებული ბაქტერიების, წყალში არსებული მცენარეებისა და ზოოპლანქტონის გამოკვლევას.

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის პირველი ბიულეტენი აპრილში მომზადდება.

როდის გამოცხადდება აუქციონები ბათუმსა და კვარიათში პლაჟებზე

ბათუმის სანაპირო ზოლში – მწვანე კონცხიდან გონიო-კვარიათის ჩათვლით პლაჟებზე – საპლაჟო ინფრასტრუქტურის, ასევე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად აუქციონებს ბათუმის მერია და „ბათუმის ბულვარი“ [ბულვარის გასწვრივ პლაჟზე]  აცხადებს. პლაჟები იყოფა სექტორებად და გაიცემა გარკვეული დროით იჯარით, პირობიანი აუქციონის წესით. აუქციონში მონაწილეობა კი კონკრეტული ნაკვეთის როგორც ყოფილ მოიჯარეს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ბათუმის მერია მიმდინარე წელს აუქციონებს გამოაცხადებს მახინჯაურისა და გონიო-კვარიათის პლაჟებზე.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიების დაგეგმარება, სექტორებად დაყოფა, რაზედაც ქალაქის არქიტექტურის სამსახური უკვე მუშაობს. დაგეგმარება დაახლოებით 10 დღეში დასრულდება და აუქციონები ამის შემდეგ სექტორების მიხედვით, ეტაპობრივად გამოცხადდება,“ – განაცხადეს ბათუმის მერიაში.

„ბათუმის ბულვარმა“ კი ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ბულვარში სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადება 16 აპრილს დაიწყო.

რაც შეეხება უშუალოდ პლაჟს, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად ფაქტობრივად მთელი პლაჟი [სექტორების მიხედვით] სამწლიანი იჯარით 2017 წელს გაიცა.

„დარჩენილია პლაჟის მონაკვეთი ანბანის კოშკის მიმდებარედ, სადაც საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე აუქციონებს მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში გამოვაცხადებთ,“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

ამავე თემაზე:

მერია: თუ მოქალაქე კვარიათის პლაჟზე დაყრილ მიწას არ გაიტანს, სასამართლოს მივმართავთ

აუქციონები გონიო-კვარიათის პლაჟზე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად

„ანრი“ მზადაა სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად

ეროვნულ გამოცდებამდე შეგიძლია შეცვალო შენი არჩევანი – აირჩიე 156.

ავტორიზებული, აკრედიტებული ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟირნო სასწავლებელი „ანრი“, სარეგისტრაციო ნომრით 156, აცხადებს მიღებას ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საზღვაო ნავიგაციისა და გემის მექანიკის საბაკალავრო პროგრამებზე.

შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ბუსსს ანრის რექტორი ანზორ დიასამიძე
შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბუსსს „ანრის“ რექტორი ანზორ დიასამიძე

ავტორიზაცია და აკრედიტაცია, სტატუსი და სახელმწიფო საგრანტო მხარდაჭერა ჩვენთვის ყოველთვის პირველი რიგის ამოცანაა. ამდენად, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ არის ავტორიზებული, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საზღვაო სწავლების საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს.

კაპიტნის ხიდურის სიმულატორი
კაპიტნის ხიდურის სიმულატორი

საზღვაო განათლება სპეციფიკურია. სტუდენტებმა ჯერ სასწავლებლის აუდიტორიებში უნდა გაიარონ ყველა  ის სიტუაცია,რომელიც ღია ზღვებსა და ოკეანეებში, პორტებსა და სრუტეებში  გემით მანევრირებისას  შეიძლება წარმოიქმნას. ამისათვის ბუსსს „ანრის“ აქვს  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველა სიმულატორი.

ხანძარსაწინააღმდეგო ტრენაჟორი
ხანძარსაწინააღმდეგო ტრენაჟორი

გემის რეალური მოდელი ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგისთვის არის განკუთვნილი. უსაფრთხოების ნორმების დაცვა და სიცოცხლის გადარჩენა გემზე უპირველესი ამოცანაა და სასწავლებელმა სწორედ რეალურ მოდელზე უნდა უზრუნველყოს თეორიული მომზადების პრაქტიკაში გამოცდა.

საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი/ხარისხის მართვის სისტემის მენეჯერი რუსუდან დიასამიძე
საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი/ხარისხის მართვის სისტემის მენეჯერი, რუსუდან დიასამიძე

განათლების ხარისხის კონტროლი, სახელმწოფო სტანდარტების დაცვა, საერთაშორისო მოთხოვნების უზრუნველყოფა მხოლოდ ყოველდღიური მუშაობითა და ტრენინგებით მიიღწევა. ჩვენ ვმონაწილეობთ სხვადასხვა მიმართულების სასწავლო-საგანმანათლებლო და პროფესიულ ტრენინგ-კურსებში. ეს გვეხმარება სასწავლებელში სიახლეების დანერგვაში. ვიყოთ თანამედროვე უმაღლესი სკოლა – ეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა.

შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ასისტენტ-პროფესორი აკაკი ესანჯია
შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ასისტენტ-პროფესორი აკაკი ესანჯია

„ანრის“ პედაგოგიურ გუნდს შორეული ნაოსნობის კაპიტნები,  უფროსი მექანიკოსები, ტექნიკური მეცნიერებების გამორჩეული სპეციალისტები, მეცნიერებათა კანდიდატები და დოქტორები  შეადგენენ.

ინგლისურის, როგორც საერთაშორისო საზღვაო ენის სრულყოფილად დაუფლება სასწავლებლის პრიორიტეტია.
ინგლისურის, როგორც საერთაშორისო საზღვაო ენის სრულყოფილად დაუფლება სასწავლებლის პრიორიტეტია.

თეორია, სიმულაცია და რეალური პრაქტიკა – ანრი მზადაა სამივე გამოწვევისთვის.

სასწავლო გემი „კაპიტანი ოთარ ჩახვაძე“ ზღვაში გადის. ბორტზე კადეტები მონაცვლეობით ადიან და კაპიტნის მითითებით ზღვაში მანევრირებენ.

სასწავლო გემი“კაპიტანი ო. ჩახვაძე“
სასწავლო გემი „კაპიტანი ო. ჩახვაძე“

ტარიელ ნაკაიძე: მერის შემოთავაზება დისკრიმინაციულია და აშკარა ლუსტრაცია იყო

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერის მიერ ინიცირებული მოლაპარაკების პროცესს აფასებს. განცხადებაში, რომელიც დღეს, 20 აპრილს, საინიციატივო ჯგუფმა გაავრცელა, ნათქვამია:

„ჩვენ დასაწყისშივე მივესალმებით ახლადარჩეული მერის მიერ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას და ინიციატივას ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო დავის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის თაობაზე.

მუსლიმი მრევლის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნაბართვის გაცემაზე ქალაქის წინა მერის უარი აშკარად დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული იყო, რამაც მუსლიმი საზოგადოების უკმაყოფილება და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მათი ინტერესების და საჭიროებების სრული უგულებელყოფის ძლიერი განცდა გამოიწვია. ვიფიქრეთ, რომ ახალი მერის ინიციატივა ქალაქის წინა ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული სერიოზული პოლიტიკური შეცდომის გამოსწორებისა და დავის სამართლიანი გადაწყვეტის ინტერესით  იყო განპირობებული.

თუმცა, სამწუხაროდ, 2018 წლის 3 აპრილს ბათუმის მერიაში გამართულ პირველ  შეხვედრაზე ბატონი ლაშა კომახიძის მიერ გაზიარებული მოლაპარაკების პირობები და ულტიმატუმი ჩვენთვის ცალხასად მიუღებელი აღმოჩნდა.

მერმა იმავე მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ, ჩვენ სასამართლოდან სარჩელის გამოხმობა და მუსლიმი მრევლის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის“ საკუთრების უფლებით გადაცემა მოგვთხოვა.

მერის განმარტებით, სწორედ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო არის ის რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოსგან დაფინანსებასა და სხვა პროგრამულ დახმარებას იღებს, მას გადაეცემა მეჩეთები სარგებლობის უფლებით და იმის გამო, რომ სახელმწიფოსთან სამართლებრივ ურთიერთობაში სწორედ მუსლიმთა სამმართველო არის შესული, მშენებლობის ნებართვის გაცემაც მხოლოდ მისთვის უნდა მომხდარიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე ვკუთხულობთ, რომ „მერის მიერ წამოყენებული პირობა, რომ ამავე მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობა დასაშვები იქნებოდა სხვა ორგანიზაციისთვის, მაგრამ არა ჩვენთვის, ხელისუფლების დისკრიმინაციული მიდგომის ღია და აშკარა ლუსტრაცია იყო“.

საინიციატივო ჯგუფი მათი, როგორც დაინტერესებული მხარის უგულებელყოფას აფასებს, როგორც „შეურაცხმყოფელს“ და „საზოგადოებრივი ინტერესების იგნორირების ნიშანს“.

წერილში, რომელსაც ხელს აწერს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, მერთან შეხვედრის სხვა დეტალებზეც არის საუბარი: „შეხვედრის ფარგლებში ბატონ მერს წამოყენებული პირობების მიმართ ჩვენი უკმაყოფილება მაშინვე გავუზიარეთ და გადავეცით ფონდის საერთო კრების ოქმი, სადაც ნათლად იყო გამოკვეთილი ორგანიზაციის წევრების ნება, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესზე ხელმძღვანელობა სწორედ ფონდს უნდა ჰქონოდა“.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ვერ დაუშვებენ „ხალხის მიერ კარდაკარ მთელი წლის განმავლობაში შეგროვებული რესურსით შეძენილი მიწის ნაკვეთის სხვა ორგანიზაციისთვის  გადაცემა… ეს რესურსი ჩვენთვის გადმოცემული ამანათია, რომელსაც ჩვენი, როგორც ნდობით აღჭურვილი პირების გაფრთხილება სჭირდება და მისი დაცვა ჩვენი რელიგიური ვალდებულებაა“.

განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, თუ რატომ ვერ სარგებლობს მუსლიმ თემში დიდი ნდობით „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“: „საზოგადოებრივი ნდობის პრობლემა არსებითად სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციაზე კონტროლის გზით მის ინსტრუმენტალიზებას ახდენს. ამგვარი ჩარევის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო 2014 წელს სამმართველოს მიერ ახალი მეჩეთის მშენებლობის ალტერნატივად საკუთარი რეზიდენციისა და მედრესეს შენობის მოთხოვნა, რომელიც ამ დრომდე არც კი ფუნქციონირებს… ჩვენი კრიტიკიული პოზიცია მიემართება არა იმ მუსლიმებს, რომლებიც სამმართველოში მუშაობენ და მასთან არიან აფილირებულნი, არამედ ხელისუფლებას, რომლის არასეკულარულმა და დისკრიმინაციულმა პოლიტიკამ,  მუსლიმ თემში მსგავსი ტიპის პრობლემები და მუსლიმი საზოგადოებისთვის ისეთი კონსენსუსის მქონე ისტორიულ საკითხთანაც კი, როგორიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაა, დაძაბულობა გააჩინა“.

მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი წერილში მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას „არ დაუშვან აღნიშნული პროცესის როგორც სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირება“.

წერილში ასევე საუბარია „მუსლიმთა სამმართველოს“ განწყობაზეც:

„სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ხალხის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა ან ინიციატივა ჩვენს წინაშე არასდროს დაუყენებია და შეხვედრაზე სამმართველოს ნაცვლად და მისი სახელით ხელისუფლება ლაპარაკობდა. მერის მიერ წაყენებული პირობა, ხელისუფლების მიერ მუსლიმთა სამმართველოს ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლებას ხალხის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ხალხისვე სამართლებრივი კონტროლის წართმევით, საბოლოოდ მეჩეთის მშენებლობის პროცესის გაჭიანურება და შეფერხება სურს.  მით უმეტეს, რომ ჩვენ ნაკლებად გვახსენდება მუსლიმი თემის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევების სახელმწიფოს მიერ სამართლიანი გადაწყვეტის მაგალითები. მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩანდა ხელისუფლების ინტერესი ხელი შეეშალა და არ დაეშვა ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესი ბათუმში“.

განცხადების ავტორს მიაჩნია, რომ „ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი მხოლოდ ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე არ წყდება. აქ არსებითად დგება ცენტალური ხელისუფლების პასუხისმგებლობის და მონაწილეობის საკითხი“.

წერილის დასასრულს კი ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, სასამართლო განხილვისა და მისი კონტროლის ფარგლებში გააგრძელოს მორიგების პროცესი. „ხელისუფლების მიერ ამ პროცესის აღიარება და მხარდაჭერა ასევე სახელმწიფოს დემოკრატიულობის ნიშანი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის მერს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკების თაობაზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უწყებაში ამბობენ, რომ საუბარს პროცესის დასრულებამდე არ აპირებენ.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია: მერი მოგვენატრა

დღეს, 20 აპრილს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის დასწრებას მოითხოვდნენ. „მერი მოგვენატრა“ – განაცხადა ოპოზიციამ  და შესვენების გამოცხადება და ლაშა კომახიძის სხდომაზე დასწრება ითხოვა.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის განცხადებით, მათ ლაშა კომახიძესთან ბიუჯეტთან დაკავშირებული კითხვები აქვთ, რადგან საკრებულოზე საკითხის მომხსენებელი არჩილ ვანაძე პოლიტიკოსი არ არის და პოლიტიკურ კითხვებს ვერ უპასუხებს.

შესვენება გამოცხადდა, თუმცა არც ქალაქის მერი და არც ვიცე-მერი სხდომაზე არ გამოჩენილან. საკრებულოში განმარტეს, რომ მერი და ვიცე-მერიც დაკავებულნი არიან და სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებენ.

ამ განმარტებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პროტესტი გამოიწვია. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მერს არ სცალია, მაშინ როცა მიიცალა სადღობელაშვილთან და პრორუსულ ძალასთან შესახვედრად…“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ. ოპოზიციამ საკითხის გადადება მოითხოვა, თუმცა საკრებულოს უმრავლესობამ ეს წინადადება არ გაიზიარა, ამიტომაც ენმ-ის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას „მწვავე კითხვები არ ჰქონდა“ და ეს გახდა სხდომის დატოვების მიზეზი.

სხდომა ბათუმის საკრებულოში

ბათუმში 280 აბონენტს შუქი გუშინ საღამოს შემდეგ არ მიეწოდება

ბათუმში, გორგილაძის ქუჩისა [NN27-33] და მის მიმდებარედ, 280 აბონენტს ელექტროენერგია გუშინ, 19 აპრილის საღამოს 10 საათის შემდეგ არ მიეწოდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში „ბათუმელებს“ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად „სერიოზული დაზიანება“ დაუსახელეს.

„დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და აბონენტებს დენის მიწოდება დღეს, დაახლოებით დღის 3 საათზე აღუდგებათ.“ – განაცხადეს კომპანიაში.

მერია დრამატულ თეატრთან სკვერში გაზონებს შეღობავს

ბათუმში, ახმეტელის ქ. N1-3-5 საცხოვრებელი სახლებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერში ქალაქის მერია გაზონებს დეკორატიული ღობით შეღობავს. სკვერის დეკორატიული ღობით მოწყობის სამუშაოებისთვის ბათუმის მერიას 18 ათამდე ლარი აქვს გამოყოფილი.

ახმეტელის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსებისა და დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერში გამწვანების ზოლების გასწვრივ მოეწყობა ლითონის დეკორატიული ღობე, სიმაღლით 40სმ, შესასვლელებში კი დაყენდება ბოძკინტები.

მერიის ინფორმაციით, ბოძკინტები 2 ტიპის – დემონტირებადი და სტაციონალური იქნება. დემონტირებადი ბოძკინტები მოეწყობა იმ ადგილებში, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სპეცავტომობილების შეყვანა.

სატენდერო პირობის მიხედვით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, მერიის მხრიდან ტექნიკურ ზედამხედველსა და მიმწოდებელს შორის შესაძლებელია დაზუსტდეს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, რაც არ გამოიწვევს ხელშეკრულებაში დამატებით ცვლილებას, გარდა სამუშაოების დასრულების ვადისა. ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 30 აპრილს დაიწყება და 2 მაისს დასრულდება. გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში კი სამუშაოები უნდა დასრულდეს.

სკვერი ბათუმის დრამატულ თეატრთან და ღობის ესკიზი

რომელ ქუჩებზე აიკრძალება ავტომანქანით მოძრაობა 21 აპრილს, საღამოს, ბათუმში

21 აპრილს ბათუმშ, მარათონი – THE GREAT BATUMI NIGHT RACE გაიმართება, რასთან დაკავშირებითაც 21 აპრილს ბათუმში,19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე აიკრძალება. შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოძრაობა დაშვებული არ იქნება:

  • შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი;
  • შოთა რუსთაველის გამზირი;
  • გოგებაშვილის ქუჩა (საპორტო რკინიგზის ლიანდაგამდე);
  • პორტის შესახვევი;
  • ზვიად გამსახურდიას ქუჩა (პორტის შესახვევიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე);
  • მერაბ კოსტავას ქუჩა (ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ბოლომდე);
  • კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (მერაბ კოსტავას ქუჩიდან რევაზ კომახიძის ქუჩის კვეთამდე);
  • რევაზ კომახიძის ქუჩა (კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე);
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (რევაზ კომახიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე);
  • ზურაბ გორგილაძის ქუჩა (ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთამდე);
  • ვაჟა ფშაველას ქუჩა (ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირის კვეთამდე);
  • მემედ აბაშიძის გამზირი (ვაჟა ფშაველას ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე);
  • კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა ( მემედ აბაშიძის გამზირიდან რუსთაველის გამზირამდე) ;
  • გმირთა ხეივანი (იუსტიციის სახლიდან ტბელ აბუსერიძის გზატკეცილამდე);
  • ტბელ აბუსერიძის ქუჩა (შეიხის წრიულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე);
  • აეროპორტის გზატკეცილი (ტბელ აბუსერიძის წრიულიდან აეროპორტის წრიულამდე);
  • ახალი გზა (აეროპორტის წრიულიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე).
მარათონის მარშრუტი რუკაზე

________________

საერთაშორისო ნახევარმარათონის, Great Batumi Night Race-ის ფარგლებში ბათუმს 32 ქვეყნიდან 700-მდე სტუმარი ეწვევა.

ბათუმში ნახევარმარათონი წელს პირველად ტარდება. მონაწილეებს შორის იქნებიან მსოფლიო დონის სპორტსმენები, საერთაშორისო მარათონების მონაწილეები გერმანიიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან.

ბათუმის ღამის ნახევარმარათონი მხარს უჭერს საქველმოქმედო ფონდს – „ჩვენ განსხვავებულები ვართ“. მარათონიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება პროექტს „სარესურსო კლასი“, რომელიც მიზნად ისახავს ექსპერიმენტალური კლასის გახსნას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის.

ნახევარმარათონი (21,1 კმ) სასტუმრო „კოლიზეუმ მარინასთან“ შაბათს, 19:30 წუთზე აიღებს სტარტს. მხიარული გარბენი (10 კმ) კი – 19:10 წუთზე.  რეგისტრაცია ფასიანია.

წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე: 

საქველმოქმედო ნახევარმარათონი ბათუმში – პრიზი 1000, 1500 და 2000 ევრო

 

11:1 ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მესამე თამაშიც მოიგო

კეიპტაუნში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში მესამე დივიზიონის გუნდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა ცოტა ხნის წინ ჰონგ-კონგის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით – 11:1. ეს მათი მესამე გამარჯვებაა  მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში. საქართველოს ნაკრებმა 17 აპრილს ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 5:3,  16 აპრილს კი თურქეთის ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 6:2.

საქართველო 20 აპრილს – სამხრეთ აფრიკას, 22 აპრილს კი – ტაიპეის ნაკრებს ხვდება.  ტურნირის გამარჯვებული გაისად მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონში ითამაშებს.

Ice Hockey World Champs Division 3 Game 8

ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტრატეგიული გეგმის განხილვა

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიებმა დღეს საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის (სტრატეგიული გეგმა) დამტკიცებას ითვალისწინებს.

კომისიის სხდომა
კომისიის სხდომა

800-გვერდიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც მოიცავს თავად სტრატეგულ გეგმას და სექტორულ სცენარებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, პარკირების, ველო ინფრასტრუქტურის და ელექტრო მობილობის მიმართულებით, ასევე, ავტობუსისათვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლების, მგზავრთა გადასასხდომი კვანძების, პარკირების ქუჩის მიღმა სივრცეების კონცეპტუალურ დიზაინს და სხვა დამატებთ კვლევებს, საკრებულოს წევრებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ წარუდგინა.

როგორც მან აღნიშნა, გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო პროექტის – „მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისთვის“ – ფარგლებში: „აღნიშნული პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ ფინანსდება და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ხორციელდება. განმახორციელებელი პარტნიორები კი არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქ ბათუმში მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებულ დაგეგმვას, საპილოტე ღონისძიებების გახორციელებას და ბათუმის გადაქცევას მდგრადი ურბანული გადაადგილების წარმატებულ მაგალითად“.

პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველო ქსელი და ფეხით გადაადგილება - სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია
პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველო ქსელი და ფეხით გადაადგილება – სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია

ემზარ ქავჟარაძის განცხადებით, ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმა წარმოადგენს საერთაშორისო და თვითმმართველობების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული კვლევების, ანალიზის, მოდელირებისა, შეფასებების და დაგეგმვის შედეგს.

დოკუმენტის მიხედვით, ყველა მოქალაქისთვის უნდა მოხდეს ისეთი სატრანსპორტო სისტემის შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს:  დანიშნულების ძირითად ადგილებთან და მომსახურებასთან წვდომას; გააუმჯობესებს ურბანული ტრანსპორტის უსაფრთხოებას; შეამცირებს ჰაერისა და ხმაურით დაბინძურებას, სითბური აირების ემისიების და ენერგო მოხმარებას; გააუმჯობესებს მგზავრთა და ტვირთის ტრანსპორტირების ეფექტიანობასა და შეამცირებს შესაბამის ხარჯებს; გაზრდის ბათუმის ურბანული გარემოს მიმზიდველობასა და ხარისხს.

განკარგულების პროექტზე ბათუმის საკრებულო ხვალ მორიგ სხდომაზე იმსჯელებს
განკარგულების პროექტზე ბათუმის საკრებულო ხვალ მორიგ სხდომაზე იმსჯელებს

დოკუმენტში შემოთავაზებული მდგრადი ურბანული გადაადგილების სხვადასხვა ღონისძიება შეფასებულია ექვსი სხვადასხვა ინდიკატორის გამოყენებით, ასევე, მოცემულია ბათუმის ისტორიაში პირველად განხორციელებული ურბანული გადაადგილების მასშტაბური კვლევის შედეგები. გამოკვლეული და გაანალიზებულია ბათუმის ურბანული გადაადგილების სისტემის განვითარების კონკრეტული შესაძლო სცენარები. დოკუმენტი მოიცავს ბათუმში ურბანული გადაადგილების განვითარების ჩარჩო სამოქმედო გეგმას შესაბამისი ღონისძიებებით, უფლებამოსილებებს, დაფინანსებისა და შეფასების გეგმას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების გეგმა, არის ერთადერთი მსგავსი სახის გეგმა საქართველოს მასშტაბით, რომელიც ეყრდნობა შემოთავაზებული ღონისძიებების და სამომავლო სცენარების ქალაქის ტრანსპორტის მოდელში სიმულაციის გამოყენებით შეფასებას და შერჩევას. პროექტის – „მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისთვის“ – ფარგლებში ქალაქ ბათუმისათვის შემუშავდა ქალაქის სატრანსპორტო მოდელი, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა ბათუმის მერიას და დღეს ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელსაც გააჩნია ურბანული ტრანსპორტის ანალიზის და დაგეგმვის ეს მძლავრი ინსტრუმენტი.

პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველო ქსელი და ფეხით გადაადგილება –  სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ისეთ დამატებით საკითხებთან ერთად, როგორიცაა ელექტრო-მობილობა, ურბანული ლოგისტიკა, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები, გადაადგილების მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ცნობიერების ამაღლება.

ბათუმის საკრებულო
ბათუმის საკრებულო

ემზარ ქავჟარაძის განცხადებით, პარკირების ზონირება და საათობრივი გადასახადი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაცია, მათ შორის ავტობუსებისათვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლები, ტრანსფორმაციულ გავლენას მოახდენს ქალაქში კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზებაზე, ხოლო ველო ქსელის გაუმჯობესება და მისი შემდგომი განვითარება, ასევე, ქვეითთა პირობების გაუმჯობესება, ბათუმში მდგრად გადაადგილებაზე საუკეთესო  გავლენას გვპირდება:

„მეორადი დადებითი ეფექტებია მოსალოდნელი ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების გამოყენების შედეგად, ვინაიდან მას შეუძლია ხელი შეუწყოს კერძო ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზებასა და თავისუფალ ნაკადებს. საკვანძო საკითხებია გადაადგილების მართვა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, რადგან ინფორმირებისა და განმარტების გარეშე სატრანსპორტო სისტემისა და ურბანული გადაადგილების ტრანსფორმაციის წარმატება ნაკლებად სავარაუდოა. ინტელექტუალურ სატრანსპორტო სისტემებს შეუძლიათ უზრუნველყონ ტრანსპორტისა და მობილობის ერთიანი სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირების ეფექტური მართვა, რაც განაპირობებს კერძო ტრანსპორტის, პარკირებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც“.

განკარგულების პროექტის მიხედვით, სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება გახორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, პროექტის „მწვანე ქალაქების“ იმ საბიუჯეტო რესურსიდან, რომელიც განკუთვნილია მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საპილოტე ღონისძიებების თანადაფინანსებისათვის, ასევე, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების დახმარებით.

როგორც სხდომაზე ითქვა, ბათუმის მერიაში აღნიშნული სტრატეგიული გეგმის ფარგლებში უკვე შექმნილია მდგრადი ურბანული გადაადგილების ღონისძიებების განხორციელების სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი პროექტთან ერთად მუშაობს იმ საპილოტე და გადაუდებელი ღონისძიებების ტექნიკურ დეტალებზე, რომელთა განხორციელებაც ქალაქის თვითმმართველობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად უახლოს პერიოდში უნდა დაიწყოს პარკირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველო-ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით, რათა სტრატეგიული გეგმის დამტკიცებიდან უმოკლეს ვადებში დაიწყოს მისი პრაქტიკული განხორციელება და დანერგვა.

აღნიშნული განკარგულების პროექტს  ბათუმის საკრებულო ხვალ, 20 აპრილს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.

საკუთრებად ყველაზე მეტი მიწა სახელმწიფო პროგრამით ხელვაჩაურში დარეგისტრირდა

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის მასშტაბით, ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით 2016 წლის აგვისტოდან დღემდე აქ სულ 2 994 საკუთრებაა დარეგისტრირებული. საკუთრების რეგისტრაციის ოდენობით, ხელვაჩაურის შემდეგ ქობულეთისა და ბათუმის  მუნიციპალიტეტები მოდის. 19 აპრილის მონაცემებით, ქობულეთში – 2 952,  ბათუმში კი 1847 საკუთრებაა დარეგისტრირებული.

რაც შეეხება მთიან აჭარას, აქ სახელმწიფო სპორადულ რეგისტრაციასთან [როდესაც სახელმწიფო მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე არეგისტრირებს საკუთრებას] ერთად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სისტემურად უნდა დაარეგისტრიროს. სისტემურად მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცეული ნაკვეთები დარეგისტრირდება, თუმცა ვიდრე სახელმწიფო მოსახლეობის სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებდა, ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტომ სულ 922 საკუთრება დაარეგისტრირა.

აჭარის მთიანეთში ყველაზე მეტი საკუთრება ამ დროისთვის პროგრამულად ქედაშია დარეგისტრირებული, სულ – 1 312, ხულოში კი მხოლოდ – 965.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2018 წლის პირველ ივლისს დასრულდება, შესაბამისად, სახელმწიფო მანამდე მოქალაქეებს, მიმართვის საფუძველზე, საკუთრებას გამარტივებული წესით დაურეგისტრირებს – მოქალაქე არ არის ვალდებული რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები თვითონ მოიძიოს, თუმცა, თუ 2018 წლამდე აზომვითი ნახაზები ფინანსდებოდა, 2018 წლიდან ნახაზების დაფინანსება შეწყდა.

აზომვითი ნახაზების სუბსიდირებას ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო ახორციელებდა. სააგენტოში განმარტავენ, რომ დაფინანსების პერიოდი წინასწარ იყო განსაზღვრული. აქვე იმასაც დასძენენ, რომ ის ნახაზებიც დაფინანსდება, რომლებიც დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში 2018 წლამდე შევიდა.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წლის 3 აგვისტოდან 2017 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ  490 ამზომველის მიერ შესრულებული 259 540  ნახაზი დაფინანსდა, ნახაზების სუბსიდირებამ კი  20 მილიონ 660 ათას 638 ლარი შეადგინა.

ამავე თემაზე:

გადავა თუ არა მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული მიწები სახელმწიფოს საკუთრებაში

რამდენი ადამიანი დაჯარიმდა დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევის გამო 388 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა – 283 ადამიანი, 7 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 5 – ნიშანში დგომისთვის, 10 – ტროტუარზე დგომისთვის, 2 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო, 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.

ზურაბ პატარაძე „ბათომს“: „არ ინერვიულონ, შეირჩევა პროფესიონალი“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, დღეს  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში დაგეგმილ ხსოვნის ღონიძიებაზე მედიასთან  ორგანიზაცია „ბათომის“ მიმართვას უპასუხა. „ბათომმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდა, არ შეარჩიოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსულტაციების გარეშე. ეს თანამდებობა ვაკანტური 17 აპრილს, მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ პატარაძემ გათავისუფლების თაობაზე ყოფილი ხელმძღვანელის [მოვალეობის შემსრულებლის] განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა.

ზურაბ პატარაძის  კომენტარს ამ საკითხზე მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს:

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ჩვენ სკრუპულოზურად ვუდგებით ამ საკითხს და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ნამდვილად იქნება შერჩეული ღირსეული კადრი, დარგის სპეციალისტი, ადამიანი – ვისაც გული შესტკივა ქალაქის განვითარებაზე და ქალაქის მომავალზე. ჩვენ მზად ვართ და არ გვაქვს შეზღუდვა კონსულტაციების თვალსაზრისით, მათ შორის საზოგადოება ,,ბათომთან“. მე მიკვირს რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს. პირიქით, ჩვენ არაერთგზის შეხვედრა გვქონდა მათთან. საზოგადოება ,,ბათომი“ საქმის კურსშია, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში – ძველ ბათუმში ზედა ზღვარი ჩვენ დავწიეთ 12 მეტრამდე.  ჯეოგრაფიკის მიერ შედგენილი დოკუმენტის განმტკიცება მოხდა და მათი ჩართულობაც იყო ამ პროცესებში. ასევე, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო საზოგადოების ზონალური საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლის და მიმდინარეობს რეორგანიზაცია, საბჭოში წარმოდგენილია ახალი სახეები.  შეუძლიათ არ ინერვიულონ ,,ბათომის“ წევრებმა, შეირჩევა პროფესიონალი ადამიანი, ვისაც მართლა უყვარს თავისი ქალაქი და ფიქრობს ქალაქის სწორ განვითარებას”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, ლაშა ასლანიშვილმა თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაწერა.

საქველმოქმედო ნახევარმარათონი ბათუმში – პრიზი 1000, 1500 და 2000 ევრო

21 აპრილს ბათუმში საერთაშორისო ნახევარმარათონი „Great Batumi Night Race”-ი ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში რეგიონს  32 ქვეყნიდან 700-მდე სტუმარი ეწვევა.

ბათუმში ნახევარმარათონი წელს პირველად ტარდება. მონაწილეებს შორის იქნებიან მსოფლიო დონის სპორტსმენები, საერთაშორისო მარათონების მონაწილეები გერმანიიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან.

ბათუმის ღამის ნახევარმარათონი მხარს უჭერს საქველმოქმედო ფონდს „ჩვენ განსხვავებულები ვართ“. მარათონიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება პროექტს „სარესურსო კლასი“, რომელიც მიზნად ისახავს ექსპერიმენტალური კლასის გახსნას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის.

ნახევარმარათონი (21,1 კმ) სასტუმრო „კოლიზეუმ მარინასთან“ შაბათს, 19:30 წუთზე აიღებს სტარტს. მხიარული გარბენი (10 კმ) კი – 19:10 წუთზე.  რეგისტრაცია ფასიანია:

ნახევარმარათონში მონაწილეობისთვის რესგისტრაციის თანხა:

გარდა ამისა, ჩატარდება ორი ბავშვთა გარბენი, რომლებში მონაწილეობაც უფასოა. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს დარეგისტრირება ბათუმის ჩოგბურთის კორტებთან შეეძლებათ დღეიდან შაბათამდე (4 საათამდე).

გარბენის მარშრუტები მთლიანად გაივლის ქალაქის ყველა ტურისტულად მიმზიდველ ადგილს. ყოველ 5 კილომეტრში განთავსდება ძალის აღსადგენი ადგილები.
სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი იქნება მარშრუტსა და START-FINISH-თან.

შაბათს, საღამოს ექვსი საათიდან, ეტაპობრივად გადაიკეტება ყველა ის ქუჩა, სადაც ნახევარმარათონის სარბენი მარშრუტი გადის.

პირველ ადგილზე გასულს 2000-2000 ევრო, მეორე ადგილზე – 1500 ევრო, მესამე ადგილზე გასულს კი 1000 ევრო გადაეცემა. გარდა ამისა, იქნება სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები.

ნახევარმარათონი სასტუმრო „კოლიზეუმ მარინასთან“ ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობას“ კონცერტით დასრულდება. ბათუმის ღამის ნახევარმარათონი ტრადიციული იქნება და ის აჭარაში ყოველწლიურად ჩატარდება. ნახევარმარათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საიტზე: batumi-marathon.com.

„მოგეხსენებათ, 15 აპრილი სიყვარულის დღეა“ – პოლიციელის ჩვენება ორი პირის დაკავებაზე

„ეს შემთხვევა 2016 წლის 15 აპრილს მოხდა. 15 აპრილი სიყვარულის დღეა, მოგეხსენებათ, ბატონო მოსამართლევ…“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენების მიცემა ბათუმის მე-3 განყოფილების პოლიციელმა, ზაურ კეკელიძემ. მან აღწერა, როგორ გაუწია წინააღმდეგობა და თავს დაესხა 2 ნასვამი პირი 9 პოლიციელს.

ირაკლი ჯაში და ირაკლი ბჟალავა 2016 წლის 15 აპრილის ღამეს ყოფილი სასტუმრო „ლეო გრანდის“ წინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს. რამდენიმე დღეში მათ სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი სსკ-ის 353-ე მუხლის შესაბამისად. ეს გულისხმობს „წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ“.

ეს დაკავება საზოგადოებისთვის აქტუალური მას შემდეგ გახდა, როცა ადვოკატებმა სასტუმროს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მოიპოვეს. კადრებში ჩანს, რომ ბრალდებულები მხოლოდ სიტყვიერად უპირისპირდებიან პოლიციელებს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში კი პოლიციელებმა თქვეს, რომ ჯაშმა და ბჟალავამ მათ აგინეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

ფიზიკური დაზიანებები ჰქონდათ დაკავებულებსაც – ირაკლი ჯაშს და ირაკლი ბჟალავას. ორივე მათგანის სხეულზე, რამდენიმე ადგილას, ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა.

„მე გეტყვით, საიდან მიიღეს დაზიანებები,“ – თქვა პოლიციელმა ზაურ კეკელიძემ, – „პოლიციის განყოფილებაში რომ მივიყვანეთ, გამოკითხვის დროს ირაკლი ჯაშმა მოულოდნელად მაგიდას შეგნებულად თავი დაარტყა. ირაკლი ბჟალავამ კი ტუალეტში გასვლა ითხოვა. მე გავყევი. ტუალეტში მისვლამდე სამზარეულოა. სამზარეულოს მინას მიარტყა თავი ბჟალავამ. ის მინა ახლაც გატეხილია…“ – თქვა მოწმემ.

„ეს თუ ასე იყო, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში რატომ არ აღნიშნეთ?“ – მიმართა პოლიციელს ბრალდებულმა ირაკლი ბჟალავამ.

„აღარ მახსოვს ახლა, აღვნიშნე თუ არა, მას მერე ორი წელი გავიდა,“ – უპასუხა ბრალდებულს მოწმემ.

დაცვის მხარის ვერსიით, ყოფილ სასტუმრო „ლეო გრანდიდან“ რამდენიმე ახალგაზრდა ხმამაღალი შეძახილით გამოვიდა გარეთ. პოლიციელებმა მათ „სახლში წასვლისკენ მოუწოდეს“, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ადვოკატ რამინ პაპიძის თქმით, სიტყვიერი შეპასუხებისთვის დააკავეს ირაკლი ბჟალავა და ირაკლი ჯაში, რომლებსაც იმავე ღამეს პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

პოლიციელის თქმით კი, სასტუმროდან გამოსული ახალგაზრდები თავდაპირველად ერთმანეთს აგინებდნენ, მოგვიანებით კი პოლიციელებს დაუწყეს გინება, როცა სამართალდამცველებმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდეს. პოლიციელ ზაურ კეკელიძის თქმით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მისი კოლეგა დავით გოხიძე ფიზიკურად შეურაცხყო. „დავინახე, როგორ სდიოდა სისხლი… რუსლან თებიძეს კი მაისური ჩამოახიეს“, – თქვა მან.

„თქვენ ნორმატივებს ხომ აბარებთ?… ახლა 9 პოლიციელი ჩამოთვალეთ, ვინც იქ იყო. ცხრა პოლიციელს გაუჭირდა ორი ბიჭის დაკავება?“ – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი.

„გაგვიჭირდა, ჰო… მაგრამ საბოლოოდ რომ არ დაგვეკავებია, გაიქცეოდნენ. მე მოვკიდე ხელი ირაკლი ჯაშს, მაგრამ ხელბორკილის დადება ვერ მოვახერხეთ, გვეჭიდავებოდა, საკმაოდ ტანადი იყო,“ – თქვა პოლიციელმა ზაურ კეკელიძემ.

მოწმე პოლიციელის თქმით, ადგილზე განყოფილების ხელმძღვანელი – ჯონი ტაკიძეც იმყოფებოდა. „იმ საღამოს, სიყვარულის დღეს რაღაც ღონისძიება იყო სასტუმროში, ხალხის მოძრაობა და სამი პოლიციელი ვიყავით, რომ წესრიგი არ დარღვეულიყო, ვაკონტროლებდით სიტუაციას… ღამის საათებში მანქანით გამოგვიარა ბატონმა ჯონიმ. აინტერესებდა, თუ ვიყავით ადგილებზე და რამე ხომ არ ხდებოდა. ამ დროს გამოვიდნენ სასტუმროდან ეს ახალგაზრდები…“, – თქვა ზაურ კეკელიძემ. მისივე თქმით, თავდაპირველად სასტუმროდან 20-მდე პირი გამოვიდა ერთდროულად, ისინი ერთმანეთს აგინებდნენ, მაგრამ თანდათან დაიშალნენ და ტაქსებით წავიდნენ.

„როცა ირაკლი ჯაში და ირაკლი ბჟალავა ჩვენს მოთხოვნას არ დაემორჩილა, არ ჩუმდებოდნენ, დამატებითი ჯგუფი გამოვიძახეთ. დაახლოებით 5 კაცი მოვიდა კიდევ. ვუთხარით, რომ ადმინისტრაციული წესით ვაკავებდით, მაგრამ გაგვიჭირდა…“ – დასძინა პოლიციელმა.

„ოთხმა კაცმა თუ ერთ ადამიანს ხელები გაუკავეთ, როგორ გაგიჭირდათ მისი დაკავება?“ – ჩაეკითხა პოლიციელს ადვოკატი.

„თუ გინდა, ინსცენირება მოვაწყოთ,“ – მიმართა ადვოკატს პოლიციელმა. -„გამიკავონ ხელები და ნახეთ, თავს ვამოძრავებ… ისიც ასე იყო, ხან თავი დაარტყა პოლიციელს, ხან – ხელი გაითავისუფლა და დაარტყა,“ – უპასუხა ადვოკატს პოლიციელმა.

„სახეზე, თვალის ბუდეში ჰქონდა სისხლჩაქცევები და ჩალურჯებები ირაკლი ჯაშს. საიდან მიიღო მან ეს დაზიანებები?“ – იკითხა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ.

პოლიციელი, ზაურ კეკელიძე: „მაგი იმდენს დახტოდა, რა ვიცი…“

ადვოკატი დავით ჯაფარიძე: „პოლიციის განყოფილების უფროსმა, ჯონი ტაკიძემ მიმართა თუ არა უხეშად, სახლში წადითო?“

პოლიციელი, ზაურ კეკელიძე: „არ მახოვს, რომ ასეთი რამ ეთქვას…“

პოლიციელებზე თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევის საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. შემდეგ სხდომაზე პროკურატურა კიდევ რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს და ამით ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები. მათგან ერთ-ერთი, ირაკლი ჯაში მეზღვაურია და იგი სასამართლო პროცესს არ ესწრება.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იკითხა, ხომ არ მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება. ორივე მხარემ მოსამართლეს უთხრა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ადვოკატ რამინ პაპიძის თქმით, ირაკლი ჯაში იმ შემთხვევაში დასთანხმდება საპროცესო შეთანხმებას, თუკი სასჯელის სახით მას მხოლოდ ჯარიმას შეუფარდებენ.

„ის არის მეზღვაური და პირობითი მსჯავრი არ აწყობს, რადგან ქვეყნიდან გასვლის უფლება არ ექნება. პროკურატურის შეთავაზებაა, ერთწლიანი პირობითი მსჯავრი და 2000 ლარი ჯარიმა,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ბრალდებულებმა ბრალი უნდა აღიარონ.

რა გაირკვა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კუთხით? – ადვოკატების თქმით, ირაკლი ჯაშის და ირაკლი ბჟალავას ცემის ფაქტზე აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა რამდენიმე თვის წინ გამოძიება დაიწყო, თუმცა კონკრეტული შედეგი არ ჩანს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ირაკლი ჯაშსა და ირაკლი ბჟალავას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

 

Exit mobile version