მთავარი,სიახლეები

აუქციონები გონიო-კვარიათის პლაჟზე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად

09.06.2017 • 6962
აუქციონები გონიო-კვარიათის პლაჟზე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად

ბათუმის მერიამ გონიოსა და კვარიათის დასახლებებში ზღვისპირა ზოლში მდებარე 9 ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე გამოიტანა. მერია ნაკვეთებს იჯარის უფლებით გასცემს. აუქციონში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ნაკვეთები „თვითნებურად დაკავებულია მესამე პირების მიერ და იქ განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობები“.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გონიო-კვარიათში მდებარე ნაკვეთები მათ აუქციონზე წელს პირველად გაიტანეს. გასულ წელს კი ეს ნაკვეთები იჯარით „ბათუმის ბულვარს“ ჰქონდა გატანილი.

„ის კონსტრუქციები, რაც შარშან იყო ამ ადგილებზე, წელს აღებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არ არის. აუქციონში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია, მათ შორის ყოფილ მოიჯარესაც, თუმცა, თუ ის აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, ტერიტორია უნდა გაათავისუფლოს,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

აუქციონში გამარჯვებულს [ანუ მომავალ მოიჯარეს], აუქციონის პირობის თანახმად, უფლება ექნება „იჯარი სარგებლობაში მიღებულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობა, გართობისა და კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით, რომელიც მყარად არ იქნება დაკავშირებული მიწასთან. აუქციონში გამარჯვებულს ეკრძალება მიწის ნაკვეთზე განათავსოს სხვა დანიშნულების ნაგებობა გარდა მითითებულისა“.

აუქციონებზე გატანილი 9 ნაკვეთის საერთო ფართობი 1665 კვ/მეტრია, საწყისი საიჯარო ღირებულება კი ჯამში – 33 300 ლარი. თითოეული ნაკვეთის მოიჯარეს ქონება სარგებლობაში გადაეცემა 2017 წლის პირველი ივლისიდან 2017 წლის  31 ოქტომბრამდე პერიოდში.

აუქციონში გამარჯვებული [მოიჯარე] ვალდებულია:

[checklist]

  • აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან [აუქციონის დასრულებიდან] 15 კალენდარული დღის ვადაში ბათუმის მერიასთან გააფორმოს შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულება;
  • სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ;
  • სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის ესკიზი შეათანხმოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან;
  • განახორციელოს მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება;
  • ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, 20 კალენდარული დღის განმავლობაში  მოახდინოს სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ განთავსებული ობიექტის დემონტაჟი და სანაპირო ზოლიდან გატანა. თუ მითითებულ ვადაში მოიჯარე არ განახორციელებს ობიექტის დემონტაჟს, მერია იტოვებს უფლებას, მუნიციპალიტეტის ქონებაზე [მიწის ნაკვეთი] არსებული ყველა გაუმჯობესება აღრიცხოს  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ამასთანავე მოიჯარეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები.

[/checklist]


ბათუმის მერიას ზღვისპირა ზოლში მიწის ნაკვეთები გრძელვადიანი იჯარითაც აქვს გაცემული. გასულ წელს „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა რა შემოსავალი რჩებოდა ქალაქ ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან. როგორც აღმოჩნდა, კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის.

გონიო-კვარიათის პლაჟი / მანანა ქველიაშვილის ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან

გონიო-კვარიათის პლაჟი / მანანა ქველიაშვილის ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: