მთავარი,სიახლეები

აჭარის სოფელში მურა დათვის ბელი იპოვეს

21.04.2017
აჭარის სოფელში მურა დათვის ბელი იპოვეს

21 აპრილს კავკასიური მურა დათვის ბელი აჭარიდან თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, დათვის ბელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში იპოვეს გარემოსდამცველებმა, მას შემდეგ, რაც სოფლიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონულ სამმართველოში ზარი შევიდა. მოქალაქემ სამმართველოს შეატყობინა, რომ სავარაუდოდ, დათვის ბელის ხმა ისმოდა ტყიდან.

ადგილზე გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები გავიდნენ  და დაახლოებით 2 თვის,  კავკასიური მურა დათვის ბელი იპოვეს, რომელსაც არ აღენიშნებოდა დაზიანება. გარემოსდამცველებმა მურა დათვის ბელი ბათუმიდან თბილისში ჩაიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს, რადგან, ბელი ჯერ ისევ პატარაა და ველურ ბუნებაში მარტო დაიღუპებოდა.

ხელვაჩაურში ნაპოვნი დათვის ბელი.

ხელვაჩაურში ნაპოვნი დათვის ბელი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ოუწოდებს მოსახლეობას, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი დათვის ბელები.

„ადამიანებს მიჩვეული დათვების უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება, რთული პროცესია, რადგან ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების ინსტინქტი, ადამიანის შიში და ბუნებაში გაშვების შემთხვევაში, იგი პოტენციური თავდამსხმელი ხდება“ – აღნიშნულია სამინსიტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კავკასიური მურა დათვი წითელ ნუსხაშია და მას კანონი იცავს, თუმცა დათვზე ბრაკონიერობის შემთხვევები მაინც ფიქსირდება. სპეციალისტების თქმით, დათვის ბელი ადამიანთან ისე ვერ მოხვდება, თუ მას დედა არ მოუკლეს.

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში 1643 მურა დათვი ბინადრობს.

__________________________

ამავე თემაზე: 

უკანასკნელი დათვი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: