მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭო 8 ათას ლარს საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად დახარჯავს

20.04.2018 • 1561
უმაღლესი საბჭო 8 ათას ლარს საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად დახარჯავს

„სპეციალური კავშირგაბმულობა“ – უმაღლესი საბჭო წელს ამ მომსახურებაში 8 ათას ლარს დახარჯავს. ამას ემატება 4 ცალი რაციის აპარატი – 480 ლარად.

სპეციალური კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის უფლება უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მიიღო. სააგენტოსთვის მიწერილ წერილში უმაღლესი საბჭო წერს, რომ ეს მომსახურება „სახელმწიფო ორგანოებთან უწყვეტი და დაცული კავშირის უზრუნველსაყოფად“ არის საჭირო.

„ჩვენ ამაზე მივიღეთ თანხმობა და ხელშეკრულება გაფორმდა სსიო „სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოსთან“. კანონის მიხედვით, მხოლოდ ამ ორგანოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება განახორციელოს სპეციალური კავშირგაბმულობის მომსახურება,“ – გვითხრა ილია თურმანიძემ, უმაღლესი საბჭოს აპარატის ლოჯისტიკის და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

რატომ სჭირდება უმაღლეს საბჭოს „სპეციალური კავშირები“? – ამ უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ მომსახურებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი სარგებლობს.

„ასე იყო ადრეც. ეს არის ე.წ. სამთავრობო ხაზი და გამოიყენება უწყებათა შორის საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადასაცემად“, – აცხადებენ უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში. აქ მთავრობის დადგენილებაც გვაჩვენეს, სადაც განმარტებულია:

„საქართველოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებასა და კერძო ორგანიზაციაში, სადაც ხორციელდება საიდუმლო საქმისწარმოება, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის (გარდა ტაქტიკური დანიშნულების დახურული რადიო და რადიოსარელეო კავშირების საშუალებით, აგრეთვე, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის ფარგლებში გადაცემული საიდუმლო ინფორმაციისა) შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებებით უწყებათაშორისი მიმოცვლისათვის (სატელეფონო, ვიდეო-აუდიო და ტექსტური ფორმატით) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემა. აღნიშნულ დაწესებულებებში დაუშვებელია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებებით გაცვლისთვის სხვა სატელეფონო და მონაცემთა გადაცემის სისტემების გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“

რაც შეეხება რაციების აპარატებს – უმაღლესმა საბჭომ 4 ცალი პორტატული ხელის რაცია საორგანიზაციო განყოფილებისთვის შეიძინა. პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება შპს „რაცია.ჯი“-სთან გაფორმდა.

„საორგანიზაციო განყოფილებამ ითხოვა რაციის აპარატების შეძენა. მათ ეს მოქალაქეთა რეგულირებისთვის დასჭირდათ, წერილი 6 მარტს შემოვიდა და განხორციელდა შესყიდვა,“ – გვითხრა ილია თურმანიძემ, უმაღლესი საბჭოს აპარატის ლოჯისტიკის და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

რაციის აპარატების შეძენაზე ხელშეკრულება 4 აპრილს გაფორმდა. კომპანიამ უმაღლეს საბჭოს რაციის აპარატები 25 აპრილამდე უნდა მიაწოდოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: