ნეტგაზეთი • RU

რა სიახლეები იქნება სექტემბრიდან სკოლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართული ენის გაკვეთილებისთვის ცალკე საათები გამოიყოფა.

ახალი საათობრივი ბადის მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურას ყველაზე მეტი საათი აქვს დათმობილი. ანუ ეს საგანი კვირაში ხუთჯერ არის ჩასმული. ლია გიგაურის თქმით, სკოლებს უფლება აქვთ, თვითონ გადაწყვიტონ, აქედან რამდენ საათს დაუთმობენ ენის კომპონენტს (გრამატიკას) და რამდენ საათს ლიტერატურას.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, უცხო ენის (ინგლისურის) სწავლება პირველი კლასიდან დაიწყება. „არა წერა-კითხვის შესწავლით, არამედ ზეპირი მეტყველებით, თამაშით მოხდება ენის შესწავლა,“- გვეუბნება მინისტრის მოადგილე.

ახალი სასწავლო წლდან სიახლე იქნება ის, რომ დაწყებით საფეხურზე გაკვეთილის ხანგრძლივობა 5 წუთით შემცირდა. ასევე, ახალი გეგმის მიხედვით, მოსწავლეები პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, ე.წ. ნიშნებით აღარ შეფასდებიან.

დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ  ფიზიკურ აღზრდას და სახელოვნებო საგნებს საათები არ მოაკლდება. „სკოლებს ამ საგნებში საათების შემცირების უფლება არ ექნებათ,“-ამბობს ლია გიგაური.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com